-
რატომ არსებობს უნდობლობა?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აგვისტო
-
-
რატომ არსებობს უნდობლობა?
„ვის უნდა ენდოს დღეს კაცი?!“ — შეიძლება მოგისმენიათ ზოგიერთი იმედგაცრუებული პიროვნებისგან. ან იქნებ საკუთარი თავისთვისაც კი დაგისვამთ ეს კითხვა, როდესაც ცხოვრებაში მომხდარმა რაღაც მოვლენამ დაგამწუხრათ.
უეჭველია, რომ მსოფლიოში როგორც დაწესებულებების, ასევე ხალხის მიმართ უნდობლობაა გამეფებული. ხშირად ეს უნდობლობა გამართლებულია. მართლა მოელის ვინმე პოლიტიკოსთა უმეტესობისგან, რომ ისინი შეასრულებენ წინასაარჩევნო დაპირებებს? 1990 წელს გერმანიაში 1 000 სტუდენტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაშინ როდესაც მათგან 16,5% დარწმუნებული იყო, რომ პოლიტიკოსები გადაჭრიდნენ მსოფლიო პრობლემებს, მათზე ორჯერ მეტი დიდად დაეჭვებული იყო ამაში. უმრავლესობას არ სჯერა, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ პრობლემების გადაჭრას; ასევე არ სჯერათ, რომ მათ ამის სურვილი აქვთ.
„პოლიტიკოსების უმეტესობას, პირველ რიგში, თავისი ინტერესები აქვს, შემდეგ კი ამომრჩევლების“, — გამოთქმულია წუხილი ერთ-ერთ გაზეთში (Stuttgarter Nachrichten). სხვა ქვეყნებშიც ამ აზრის არიან. „პოლიტიკოსების მიმართ ახალგაზრდების ცინიზმი საფუძვლიანია, რასაც უფროსი თაობაც იზიარებს“, — ნათქვამია ერთი ქვეყნის შესახებ გაზეთში (The European). ის აღნიშნავს, რომ „ამომრჩევლები ყოველთვის ახალ პოლიტიკურ პარტიებს ირჩევენ“. გაზეთში შემდეგ ნათქვამია: „ნებისმიერი ადამიანი, ვისაც [აქ] ახალგაზრდებთან რამდენიმე ხანი ურთიერთობა ექნება, მალე შეამჩნევს მათ უნდობლობასა და გაურკვევლობას“. მაგრამ საზოგადოებრივი ნდობის გარეშე დემოკრატიული მთავრობა ბევრს ვერაფერს მიაღწევს. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ ერთხელ თქვა: „მთავრობის წარმატება საზოგადოებრივ ნდობაზეა დამოკიდებული“.
უეცარმა ეკონომიკურმა ცვლილებებმა და სწრაფად გამდიდრების გეგმების ჩაფუშვამ მსოფლიო საფინანსო სისტემებისადმი მრავალს ნდობა შეუსუსტა. როდესაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრები ძალიან არამდგრადი გახდა, 1997 წლის ოქტომბრის ერთ-ერთ ყოველკვირეულ ჟურნალში საუბარი იყო „უდიდესი, ზოგჯერ არაგონივრული უნდობლობისა“ და „გადამდები უნდობლობის“ შესახებ. მასში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ „[აზიის ერთ ქვეყანაში] ნდობა იმდენად დაიკარგა, რომ სახელმწიფო წყობას. . . როგორც ჩანს, საფრთხე ემუქრება“. რეზიუმეში ნათლად აღინიშნა: „ეკონომიკა ნდობაზეა დამოკიდებული“.
რელიგიასაც არ შეუძლია ნდობის შთანერგვა. ერთ-ერთ გერმანულ რელიგიურ ჟურნალში (Christ in der Gegenwart) გულისტკივილით არის ნათქვამი: „ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობა თანდათან იკარგება“. 1986—1992 წლებში გერმანელების რიცხვი, რომლებსაც დიდი ან საკმაო ნდობა ჰქონდათ ეკლესიის მიმართ, 40%-დან 33%-მდე შემცირდა. ფაქტობრივად, ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში ეს რიცხვი 20%-ზე დაბალია. ხოლო ადამიანების რიცხვი, რომლებსაც მცირე ან სულ არანაირი ნდობა ჰქონდა, ყოფილ დასავლეთ გერმანიაში 56%-დან 66%-მდე გაიზარდა, ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში კი — 71%-მდე.
ნდობის შემცირება არა მხოლოდ ადამიანთა საზოგადოების სამი ბოძის: პოლიტიკის, საფინანსო სისტემისა და რელიგიის მიმართ შეინიშნება, არამედ სხვა სფეროებშიც. ამის ერთ-ერთი მაგალითი კანონის გამოყენებაა. შეცდომები სისხლის სამართლის კოდექსებში, სიძნელეები მართლმსაჯულების აღსრულების საკითხში და საეჭვო სასამართლო გადაწყვეტილებები სერიოზულად არყევს ადამიანების რწმენას. ჟურნალ „ტაიმის“ თანახმად: „ქალაქის მცხოვრებლებისა და პოლიციის იმედგაცრუება გამოიწვია იმ სისტემისადმი უნდობლობა, რომელიც სისხლის სამართლის საშიშ დამნაშავეებს კვლავ ქუჩაში უშვებს“. პოლიციისადმიც კი დაიკარგა ნდობა კორუფციასა და დაუნდობელ სისასტიკეში ბრალდების გამო.
სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული შეთანხმებების დარღვევა ხაზს უსვამს საერთაშორისო პოლიტიკის უნდობლობას. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ბილ რიჩარდსონმა, მიუთითა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის მიღწევის მთავარ დამაბრკოლებელ ლოდზე, როცა უბრალოდ თქვა: „პრობლემა უნდობლობაშია“.
ამავე დროს, ბევრი არ ენდობა ახლო ნათესავებსა და მეგობრებსაც კი, მათ, ვისაც პრობლემებისას, ჩვეულებრივ, გაგებისა და ნუგეშისთვის მიმართავენ. ეს ძალიან ჰგავს ებრაელი წინასწარმეტყველის, მიქას, მიერ აღწერილს: „ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი“ (მიქა 7:5).
დროის ნიშანი
ახლახან ერთ გაზეთში მოყვანილი იყო გერმანელი ფსიქოლოგის, ართურ ფიშერის, სიტყვები: „ნდობა საზოგადოების განვითარებასა და ცალკეული პიროვნების მომავალში, ფაქტობრივად, საშინლად დაეცა ყველა სფეროში. ახალგაზრდები ეჭვობენ, რომ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შეუძლია მათი დახმარება. პოლიტიკის, რელიგიისა თუ სხვა ორგანიზაციების მიმართ მათი ნდობა ქრება“. გასაკვირი არ არის, რომ სოციოლოგი ულრიხ ბეკი საუბრობს დიდი ხნის ავტორიტეტების, ინსტიტუტებისა და სპეციალისტების მიმართ „ეჭვის კულტურაზე“.
ასეთი კულტურა ხალხს ხელს უწყობს გარიყვაში, ყველა ავტორიტეტის უკუგდებასა და საკუთრივ დადგენილი ნორმებით ცხოვრებაში, აგრეთვე სხვების რჩევის ან ხელმძღვანელობის გარეშე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში. საქმიანი ურთიერთობისას ზოგი ძალიან ეჭვიანი ხდება, შეიძლება უყურადღებოც კი, მათ მიმართ, ვისზეც ფიქრობენ, რომ სანდოები აღარ არიან. ასეთი სული ქმნის იმის მსგავს არაჯანსაღ ატმოსფეროს, როგორიც აღწერილია ბიბლიაში: „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ“ (2 ტიმოთე 3:1–5; იგავნი 18:1). დიახ, დღეს არსებული უნდობლობა დროის ნიშანია — ნიშანი ‘უკანასკნელი დღეებისა’.
მსოფლიოში, რომელშიც უნდობლობაა გამეფებული და რომელშიც ზემოხსენებული ხალხი ირევა, სინამდვილეში, შეუძლებელია მთლად ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ რეალურია იმაზე ფიქრი, რომ ცვლილებები მოხდება? დაბრუნდება ნდობა? თუ დიახ, როგორ და როდის?
-
-
ნდობის დაბრუნება შესაძლებელია!საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აგვისტო
-
-
ნდობის დაბრუნება შესაძლებელია!
თუმცა დღეს არსებული უნდობლობა ‘უკანასკნელი დღეების’ ნიშანია, ის ათასობით წლის წინაც აშკარა იყო (2 ტიმოთე 3:1). პირველად ის გამოჩნდა ყველაზე წარმოუდგენელ ადგილას — სამოთხეში. ბიბლია ამ ადგილის შესახებ ამბობს: „ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა“ (დაბადება 2:8, 9).
მომდევნო მუხლები ნათელს ჰფენს, თუ რა საერთო აქვს ამას დღევანდელ უნდობლობასთან. ვკითხულობთ: „გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). ჰქონდა ადამს იეჰოვას ნათქვამში დაეჭვების რაიმე მიზეზი?
შემდეგ ვკითხულობთ: „გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა“ (დაბადება 3:1–6).
ღვთის ნათელი გაფრთხილების არაფრად ჩაგდებით ადამმა და ევამ იეჰოვასადმი უნდობლობა გამოავლინეს. მათ მიბაძეს ღვთის მოწინააღმდეგეს, სატანას, რომელიც გველის მეშვეობით დაელაპარაკა ევას. სატანა არ ენდობოდა იეჰოვას მმართველობას. უნდობლობის, სიამაყისა და პატივმოყვარეობის გამო ის აჯანყდა ღვთის წინააღმდეგ და ადამიანებიც იმავეს გასაკეთებლად აცდუნა. სატანამ მათ აფიქრებინა, რომ ღმერთი სანდო არ არის.
შედეგი? — დაძაბული ურთიერთობა
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ პიროვნებებს, რომლებიც სხვებს არ ენდობიან, მეგობრობა უჭირთ. ძვ. წ. I საუკუნეში რომაელმა მწერალმა პუბლილიუს სუერუსმა დაწერა: „ნდობა მეგობრობის ერთადერთი შემაკავშირებელი ჯაჭვია“. თავიანთი აჯანყებით ადამმა და ევამ გამოავლინეს ღვთისადმი უნდობლობა, რის შემდეგაც აღარც ღმერთს ჰქონდა საფუძველი, რომ დანდობოდა მათ. ნდობის დაკარგვის შედეგად პირველმა ადამიანებმა დაკარგეს ღვთის მეგობრობა. არ ჩანს, რომ აჯანყებისთვის მსჯავრდების შემდეგ იეჰოვა მათ ოდესმე კიდევ ელაპარაკა.
ადამსა და ევას შორისაც ურთიერთობა შეიცვალა. „ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“, — გააფრთხილა იეჰოვამ ევა (დაბადება 3:16). „იერუსალიმურ ბიბლიაში“ ნათქვამია: „ის შენი ბატონი იქნება“. იმის ნაცვლად, რომ ცოლისთვის მოსიყვარულე მეთაური ყოფილიყო, როგორც ღმერთს სურდა, ადამი ახლა მისი ბატონი, მბრძანებელი, გახდა.
როცა შესცოდეს, ადამმა სცადა ცოლისთვის გადაებრალებინა ეს. მისი აზრით, ევას ბრალი იყო, რომ ისინი გამოდევნეს სრულყოფილი ბაღიდან დაუმუშავებელ მიწაზე და რომ არასრულყოფილებას უნდა დამონებოდნენ, სანამ მტვერს დაუბრუნდებოდნენ (დაბადება 3:17–19). შეგვიძლია ნათლად წარმოვიდგინოთ, რომ ეს ამ ორ პიროვნებას შორის უთანხმოების წყარო იყო. ადამს შეიძლება მწვავე რეაგირება ჰქონდა და შეიძლება თქვა კიდეც, რომ ევას აღარასდროს მოუსმენდა. შესაძლებელია, მას ეგონა, რომ საფუძველი ჰქონდა ეთქვა ევასთვის: „დღეიდან მე ვარ უფროსი!“. თავის მხრივ, ევაც შეიძლება ხედავდა, რომ ადამი არ იყო ოჯახის კარგი მეთაური, რის შედეგადაც დაკარგა მისადმი ნდობა. ყოველ შემთხვევაში, ღვთის მიმართ უნდობლობის გამოვლენით ადამიანებმა დაკარგეს მასთან მეგობრობა და ზიანი მიაყენეს ერთმანეთთან ურთიერთობას.
ვის შეგვიძლია ვენდოთ?
როგორც ადამისა და ევას მაგალითიდან ვხედავთ, ყველა არ იმსახურებს ჩვენს ნდობას. როგორ გავიგოთ, ვინ იმსახურებს ჩვენს ნდობას და ვინ არა?
ფსალმუნის 145:3 გვირჩევს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“. იერემიას 17:5–7-ში კი ვკითხულობთ: „დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს“. ხოლო „კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი“.
ფაქტია, ადამიანებზე დანდობა ყოველთვის მცდარი არ არის. ამ მუხლებში, უბრალოდ, ხაზი ესმება აზრს, რომ ღმერთზე დანდობა არასოდეს გამტყუნდება, მაგრამ არასრულყოფილ ადამიანებზე დანდობა ზოგჯერ შეიძლება უბედურებამდე მივიდეს. მაგალითად, ხალხს, რომლებსაც სჯერათ, რომ ადამიანები მიაღწევენ იმას, რაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია, — გადარჩენას, სრულ მშვიდობასა და უშიშროებას — იმედი გაუცრუვდებათ (ფსალმუნი 45:10; 1 თესალონიკელთა 5:3).
ფაქტობრივად, ადამიანები და ადამიანთა ინსტიტუტები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსახურებენ ნდობას, თუ ღვთის განზრახვების თანახმად მოქმედებენ და ღვთიურ პრინციპებს ავლენენ. ამგვარად, თუ გვინდა, რომ სხვებს ჩვენდამი ნდობა ჰქონდეთ, სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, ვიყოთ პატიოსნები და სანდოები (იგავნი 12:19; ეფესელთა 4:25; ებრაელთა 13:18). მხოლოდ ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქცევით გავამართლებთ სხვების ნდობას და აღმოვჩნდებით ძალისა და გამხნევების წყარო.
ნდობის დაბრუნება
იეჰოვას მოწმეებს ღვთისადმი ნდობის ნამდვილი საფუძველი აქვთ და მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. იეჰოვა ერთგულია, რომელსაც ყოველთვის შეგვიძლია ვენდოთ. ის თავის ნათქვამს შეასრულებს, რადგანაც „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“. სიყვარულის ღმერთზე დანდობა არასოდეს გაგვიტეხავს გულს (ებრაელთა 6:18; ფსალმუნი 93:14; ესაია 46:9–11; 1 იოანე 4:8).
ადამიანები, რომლებიც გაერთიანებული არიან იეჰოვას მიმართ ნდობით და რომლებიც ცხოვრობენ მისი პრინციპებით, მთელი გულით არიან აღძრული, გამოავლინონ ერთმანეთისადმი ნდობა. რა სასიხარულოა, მსოფლიოში იპოვო სანდო ადამიანები, რომლებიც უნდობლობით იტანჯებიან! წარმოიდგინეთ, როგორი სხვანაირი იქნებოდა მსოფლიო, ყველას ნათქვამსა და საქმეზე სრულიად დანდობა რომ შეგვძლებოდა! მომავალ ახალ ქვეყნიერებაში, რომელსაც ღმერთი დაგვპირდა, ეს ასეც იქნება. მეტად აღარასოდეს იქნება უნდობლობა!
გსურთ იცხოვროთ იმ დროს? თუ დიახ, იეჰოვას მოწმეები გიწვევენ გააძლიეროთ ღვთისა და მისი დაპირებებისადმი ნდობა ცხოვრებასთან დაკავშირებული მისი მოთხოვნების შესახებ უფრო მეტის გაგებით. ბიბლიის შესწავლით დარწმუნდებით, რომ ღმერთი არსებობს, რომ ის დაინტერესებულია კაცობრიობის კეთილდღეობით და რომ თავისი სამეფოს მეშვეობით მალე გადაწყვეტს მსოფლიო პრობლემებს. მილიონებმა ისწავლეს ღვთისა და მისი სიტყვის, ბიბლიისადმი, ნდობა. იეჰოვას მოწმეები სიხარულით შემოგთავაზებენ ბიბლიის უფასო შესწავლას. ან მეტი ინფორმაციისთვის მისწერეთ ჟურნალის გამომცემლობას.
-