საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას უნდა ვენდოთ
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აგვისტო
    • იეჰოვას უნდა ვენდოთ

      „უფალი გიდგას მხარში“ (იგავნი 3:26).

      1. თუმცა მრავალი აცხადებს, რომ ღმერთს ენდობა, რა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ყოველთვის არ ავლენენ ამას?

      „ღმერთზე ვართ მინდობილი“ — ეს დევიზი ამერიკის შეერთებული შტატების ფულს აწერია. მაგრამ ამყარებენ იმედს ღმერთზე ამ ქვეყანაში ან სხვაგან, სადაც ამ ფულს იყენებენ? თუ ფულს უფრო მეტად ენდობიან? ფულისადმი ასეთი ნდობა ამ ან სხვა ქვეყანაში ვერ შეუთავსდება ნდობას ყოვლისშემძლე სიყვარულის ღვთისადმი, რომელიც არასოდეს იყენებს ძალას არასწორად და რომელიც ანგარი არაა. სინამდვილეში, ის აშკარად კიცხავს ანგარებას (ეფესელთა 5:5).

      2. რა თვალსაზრისი აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სიმდიდრის ძალაზე?

      2 ჭეშმარიტი ქრისტიანები ნდობას ღმერთზე ამყარებენ და არა სიმდიდრესა და მის ‘საცდურზე’ (მათე 13:22). მათ შეგნებული აქვთ, რომ ფულის ძალა ბედნიერებისთვის ხელის შესაწყობად და სიცოცხლის დასაცავად ძალიან მცირეა, რის თქმაც ყოვლისშემძლე ღვთის სიძლიერის შესახებ არ შეგვიძლია (სოფონია 1:18). ამიტომ რა გონივრულია ეს გაფრთხილება: «თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ » (ებრაელთა 13:5).

      3. როგორ ჰფენს ნათელს მეორე რჯულის 31:6 პავლეს მიერ ამ მუხლის ციტირებას?

      3 როდესაც მოციქულმა პავლემ ზემოხსენებული სიტყვები ებრაელ ქრისტიანებს მისწერა, სიკვდილის წინ მოსეს მიერ ისრაელებისთვის მიცემულ მითითებას ციტირებდა: „გამაგრდით და გამტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეუდრკებით მათ, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი მოდის შენთან ერთად, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს“ (მეორე რჯული 31:6). კონტექსტი აჩვენებს, რომ მოსე მოუწოდებდა იეჰოვაზე დანდობას არა მხოლოდ მატერიალური დახმარების საკითხში. როგორ?

      4. როგორ დაუმტკიცა იეჰოვამ ისრაელებს, რომ შეეძლოთ მას დანდობოდნენ?

      4 ორმოცი წლის განმავლობაში, როცა ისრაელები უდაბნოში დაეხეტებოდნენ, ღმერთი ერთგულად ამარაგებდა ყოველივე აუცილებლით (მეორე რჯული 2:7; 29:5). ის აგრეთვე უზრუნველყოფდა ხელმძღვანელობით. ეს დღისით ღრუბლით და ღამით ცეცხლით ვლინდებოდა, რომლებიც ისრაელებს მიუძღოდა ‘ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინებოდა თაფლი და რძე’ (გამოსვლა 3:8; 40:36–38). როდესაც აღთქმულ მიწაზე შესვლის დრო ნამდვილად დადგა, იეჰოვამ მოსეს საქმის გამგრძელებლად იესო ნავეს ძე აირჩია. მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყნის მცხოვრებლები წინააღმდეგობას გაუწევდნენ. მაგრამ ათწლეულების განმავლობაში იეჰოვა მიდიოდა თავის ხალხთან ერთად, ასე რომ, ისინი არ უნდა შეშინებულიყვნენ. ისრაელებს სამართლიანი მიზეზი ჰქონდათ, იეჰოვა ეცნოთ ღმერთად, რომელსაც შეიძლებოდა, დანდობოდნენ!

      5. რითი ჰგავს დღევანდელი ქრისტიანების მდგომარეობა იმ ისრაელების მდგომარეობას, რომლებიც აღთქმულ მიწას მიადგნენ?

      5 დღეს ქრისტიანები ბოროტი წუთისოფლის უდაბნოს გავლით მიდიან ღვთის ახალი ქვეყნიერებისკენ. ზოგი მათგანი ამ გზით 40 წელზე მეტია მიდის. ახლა ისინი ღვთის ახალი ქვეყნიერების საზღვარზე დგანან. მაგრამ მტრები კვლავაც ხელს უშლიან ყველას, ვინც ამ აღთქმულ ქვეყანაში შესვლას აპირებს, რომელიც უფრო დიდებული იქნება, ვიდრე ძველდროინდელი აღთქმული ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა. ასე რომ, ქრისტიანებისთვის დღეს მართლაც დროულია მოსეს სიტყვები, რომლებიც პავლემ გაიმეორა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. ყველას, ვინც მტკიცე, გაბედული, რწმენით სავსე და იეჰოვაზე მინდობილი რჩება, სჯერა, რომ ჯილდოს მიიღებენ.

      ცოდნასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ნდობა

      6, 7. ა) როგორ გამოიცადა იეჰოვასადმი აბრაამის ნდობა? ბ) რა გრძნობები შეიძლება ჰქონოდა აბრაამს, სანამ მივიდოდა ადგილამდე, სადაც ისაკი უნდა შეეწირა?

      6 ისრაელების წინაპარს, აბრაამს, ებრძანა, თავისი ვაჟი ისაკი აღსავლენ მსხვერპლად შეეწირა (დაბადება 22:2). რა დაეხმარა ამ მოსიყვარულე მამას იეჰოვასადმი ასეთი ურყევი ნდობის გამოვლენაში, რომ მაშინვე დაემორჩილა? ებრაელთა 11:17–19 პასუხობს: «რწმენით იყო, რომ მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილს სწირავდა. რომელზეც ნათქვამი იყო: „ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა“. ვინაიდან მიიჩნია, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომ მიიღო იგი მაგალითის სახით».

      7 გაიხსენეთ, რომ აბრაამსა და ისაკს სამი დღე დასჭირდათ, რომ იმ ადგილზე მისულიყვნენ, სადაც შესაწირავი უნდა აღევლინათ (დაბადება 22:4). ეს საკმაოდ დიდი დრო იყო, რომ აბრაამი ხელახლა დაფიქრებულიყო იმაზე, რის გაკეთებაც მოეთხოვა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მისი გრძნობები? ისაკის დაბადება ხომ ასეთი მოულოდნელი სიხარული იყო. ამ ღვთიურმა ჩარევამ აბრაამსა და მის უშვილო ცოლს, სარას, ღვთისადმი სიყვარული განუმტკიცა. რასაკვირველია, ისინი იმ დროიდან, რაც შვილი ეყოლათ, ცხოვრობდნენ მოლოდინით, თუ რას მოუტანდა მომავალი ისაკსა და მის შთამომავლობას. მთავრდებოდა მათი ოცნებები უცბად იმის გამო, რაც ღმერთმა მოსთხოვა, როგორც შეიძლება ეს ჩანდა?

      8. როგორ გამოავლინა, რომ იეჰოვასადმი აბრაამის ნდობა იმ რწმენაზე მეტი იყო, რომ ის შეძლებდა ისაკის მკვდრეთით აღდგენას?

      8 მიუხედავად ამისა, აბრაამს ცოდნაზე დაფუძნებული ნდობა ჰქონდა, სწორედ ისეთი, როგორიც მეგობრებს აქვთ. როგორც „ღვთის მეგობარი“, აბრაამი „ერწმუნა. . . ღმერთს. ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა“ (იაკობი 2:23). იეჰოვასადმი აბრაამის ნდობა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ რწმენა, რომ ღმერთი აღადგენდა ისაკს. აბრაამი ასევე მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვას მოთხოვნა მართებული იყო, თუმცა ყველაფერი არ იცოდა. მას არ ჰქონდა იეჰოვას სამართლიანობაში დაეჭვების მიზეზი ამ მოთხოვნის გამო. მაშინ აბრაამის ნდობა გაძლიერდა, ვინაიდან იეჰოვას ანგელოზმა შეაჩერა, როდესაც ისაკის მოკვლა დააპირა (დაბადება 22:9–14).

      9, 10. ა) ადრე როდის გამოავლინა აბრაამმა იეჰოვასადმი ნდობა? ბ) რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი შეგვიძლია ვისწავლოთ აბრაამისგან?

      9 აბრაამმა იეჰოვას სამართლიანობის მიმართ მსგავსი ნდობა დაახლოებით 25 წლის წინ გამოავლინა. როცა აბრაამი გაფრთხილებულ იქნა, რომ სოდომი და გომორი განადგურდებოდა, ბუნებრივია, ის წუხდა იქ მცხოვრები სამართლიანი ხალხის, მათ შორის თავისი ძმისწულის ლოტის, კეთილდღეობაზე. აბრაამმა შემდეგი სიტყვებით მიმართა ღმერთს: „არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს“ (დაბადება 18:25).

      10 პატრიარქ აბრაამს მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვა არასდროს გააკეთებდა რაიმეს უსამართლოდ. ფსალმუნმომღერალმა მოგვიანებით დაწერა: „მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში“ (ფსალმუნი 144:17). კარგია, თუ ვეკითხებით საკუთარ თავს: „იმას, რასაც იეჰოვა უშვებს, რომ შემემთხვეს, ვიღებ ისე, რომ ეჭვი არ შევიტანო მის სამართლიანობაში? დარწმუნებული ვარ, რომ, რასაც ის უშვებს, ჩემთვის და სხვებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება?“ თუ ამ კითხვებზე დადებითად შეგვიძლია ვუპასუხოთ, აბრაამისგან კარგი გაკვეთილი მიგვიღია.

      იეჰოვას მიერ ამორჩეულებისადმი ნდობის გამოვლენა

      11, 12. ა) ვისადმი ნდობა იყო ღვთის მსახურებისთვის აუცილებელი? ბ) რა შეიძლება გვიჭირდეს ხანდახან?

      11 ისინი, რომლებიც იეჰოვას ნდობით უყურებენ, აგრეთვე იმ მამაკაცებისადმი ნდობას ავლენენ, რომლებიც იეჰოვამ ამოირჩია თავისი განზრახვების განსახორციელებლად. ისრაელებისთვის ეს ნიშნავდა მოსესადმი, მოგვიანებით კი მისი საქმის გამგრძელებლის, იესოსადმი, ნდობას. პირველი ქრისტიანებისთვის ეს ნიშნავდა მოციქულებისა და იერუსალიმის კრების უფროსი მამაკაცებისადმი ნდობის გამოვლენას. დღეს კი ჩვენთვის ეს ნიშნავს ნდობას ‘ერთგული და გონიერი მონისადმი’, რომელიც დანიშნულია, რომ მოგვცეს სულიერი ‘საზრდო დროულად’, და მათდამი, რომლებიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები არიან (მათე 24:45).

      12 ფაქტობრივად, ქრისტიანული კრების წინამძღოლებისადმი ნდობა ჩვენ სასარგებლოდაა. ბიბლია გვეუბნება: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის“ (ებრაელთა 13:17).

      მოერიდე იეჰოვას მიერ ამორჩეულების გაკრიტიკებას

      13. რის საფუძველზე შეგვიძლია ვენდოთ დანიშნულ წინამძღოლებს?

      13 ბიბლია გვეხმარება იეჰოვას ხალხში წინამძღოლებისადმი გაწონასწორებული ნდობის გამოვლენაში. შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: „ცდებოდა როდისმე მოსე? ყოველთვის ავლენდნენ მოციქულები ქრისტეს მსგავს თვალსაზრისს, როგორიც იესოს სურდა, რომ ჰქონოდათ?“ პასუხები ცხადია. იეჰოვამ თავისი ხალხის გასაძღოლად ამოირჩია ურყევად ერთგული და თავდადებული მამაკაცები, თუმცა ისინი არასრულყოფილები არიან. მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ უხუცესები დღეს არასრულყოფილები არიან, მაინც უნდა ვაღიაროთ ისინი როგორც ‘სულიწმიდის მიერ მეთვალყურეებად დაყენებული ღვთის კრების დასამწყესად’. ისინი ჩვენს მხარდაჭერასა და პატივისცემას იმსახურებენ (საქმეები 20:28).

      14. რა არის საყურადღებო იეჰოვას მიერ მოსეს წინამძღოლად არჩევაში და არა აარონისა და მირიამის?

      14 აარონი სამი წლით უფროსი იყო მოსეზე, ორივე კი თავიანთ დაზე, მირიამზე, უმცროსი იყო (გამოსვლა 2:3, 4; 7:7). რადგანაც აარონი მოსეზე გამართულად მეტყველებდა, დაინიშნა თავისი ძმის წარმომადგენლად (გამოსვლა 6:29—7:2). მაგრამ ისრაელების გამოსაყვანად იეჰოვამ ყველაზე უფროსი, მირიამი, ან უფრო მჭევრმეტყველი აარონი არ აირჩია. მოსეს ამორჩევისას მან აბსოლუტურად ყველა ფაქტი და იმ მომენტისთვის აუცილებელი საკითხები გაითვალისწინა. იმ პერიოდში, როცა ჯერ არ ესმოდათ ყველაფერი, აარონმა და მირიამმა დაიჩივლეს: „ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?“ მირიამი, როგორც ჩანს, მთავარი წამქეზებელი, დაისაჯა იეჰოვას მიერ ამორჩეულისადმი უპატივცემულობის გამო, რომელიც მას და აარონს ‘დედამიწის ზურგზე უთვინიერესს კაცად’ უნდა ეღიარებინათ (რიცხვნი 12:1–3, 9–15).

      15, 16. როგორ დაამტკიცა ქალებ იეფუნეს ძემ, რომ ენდობოდა იეჰოვას?

      15 როდესაც თორმეტი მზვერავი გაგზავნეს აღთქმული მიწის დასაზვერად, ათმა უარყოფითი ცნობა მოიტანა. მათ ისრაელებს ქანაანელებისადმი შიში ჩაუგდეს გულში შემდეგი სიტყვებით: „ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო“. ამის გამო მთელი ისრაელი „აუდრტვინდა მოსეს და აარონს“. მაგრამ ყველა მზვერავმა არ გამოავლინა მოსესა და იეჰოვასადმი უნდობლობა. ჩვენ ვკითხულობთ: „ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს, თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა“ (რიცხვნი 13:2, 25–33; 14:2). ქალებ იეფუნეს ძის მტკიცე პოზიციას იზიარებდა იესო ნავეს ძე, რომელიც მასთან ერთად იყო დასაზვერად. ორივემ იეჰოვასადმი ნდობა გამოავლინა შემდეგი სიტყვებით: „თუ ვუნდივართ უფალს, შეგვიყვანს მაგ ქვეყანაში და მოგვცემს მაგ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი დის. ოღონდ. . . მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ. . . უფალი. . . ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ!“ (რიცხვნი 14:6–9). იეჰოვასადმი ეს ნდობა დაჯილდოვდა. იმ დროს მცხოვრები ახალგაზრდა თაობიდან მხოლოდ ქალებ იეფუნეს ძეს, იესო ნავეს ძესა და რამდენიმე ლევიანს მიეცათ აღთქმულ მიწაზე შესვლის შესაძლებლობა.

      16 რამდენიმე წლის შემდეგ ქალებ იეფუნეს ძემ თქვა: „მე კი ბოლომდე ვუერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს. . . აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ. ჯერაც ისეთივე მაგარი ვარ, როგორც მაშინ, მოსე რომ მაგზავნიდა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს“ (იესო ნავეს ძე 14:6–11). ყურადღება მიაქციეთ ქალებ იეფუნეს ძის დადებით აზროვნებას, მის ერთგულებასა და ფიზიკურ შესაძლებლობას. მაგრამ იეჰოვას ის არ აურჩევია მოსეს საქმის გამგრძელებლად. ეს უპირატესობა იესო ნავეს ძეს ხვდა წილად. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას თავის არჩევნისთვის გარკვეული საფუძველი ჰქონდა და ეს საუკეთესო არჩევანი იყო.

      17. რის გამო შეიძლებოდა პეტრე პასუხისმგებლობისთვის შეუფერებელი ყოფილიყო?

      17 პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო თავისი მასწავლებელი. მან აგრეთვე სიფიცხე გამოავლინა, როცა თავის თავზე აიღო სიტუაციის მოგვარება, და მღვდელმთავრის მონას ყური ჩამოათალა (მათე 26:47–55, 69–75; იოანე 18:10, 11). ზოგმა შეიძლება თქვას, რომ პეტრე ძალიან მშიშარა, გაუწონასწორებელი და განსაკუთრებული უპირატესობისთვის შეუფერებელი პიროვნება იყო. მაგრამ ვის მიეცა სამეფოს გასაღებები და უპირატესობა, ზეციერი მოწოდების გზა გაეხსნა სამი ჯგუფისთვის? პეტრეს (საქმეები 2:1–41; 8:14–17; 10:1–48).

      18. იუდას მიერ მოხსენიებულ რა შეცდომას უნდა მოვერიდოთ?

      18 ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ გარეგნობის მიხედვით განსჯასთან დაკავშირებით. თუ იეჰოვას მივენდობით, არ დავეჭვდებით მის არჩევნებში. თუმცა მისი მიწიერი კრება შედგება არასრულყოფილი ადამიანებისგან, რომლებიც უშეცდომოები არ არიან, ის მათ იყენებს ასეთი დიდებული სახით. იუდამ, იესოს ნახევარძმამ, პირველი საუკუნის ქრისტიანები გააფრთხილა, რომ იქნებოდნენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც „უარყოფენ ბატონობას და გმობენ დიდებას“ (იუდა 8–10, აფ). არასოდეს უნდა დავემსგავსოთ მათ.

      19. რატომ არა გვაქვს იმის მიზეზი, რომ გავაკრიტიკოთ იეჰოვას მიერ ამორჩეულები?

      19 როგორც ჩანს, იეჰოვა ირჩევს განსაზღვრული პასუხისმგებლობებისთვის პიროვნებებს, რომლებსაც გარკვეული თვისებები აქვთ, რომ უხელმძღვანელონ მის ხალხს ისე, როგორც მას სურს ამ განსაკუთრებულ დროს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ამ ფაქტის აღიარებას და არ ვაკრიტიკოთ ღვთის არჩევანი, არამედ ვიყოთ კმაყოფილები და თავმდაბლურად ვემსახუროთ იეჰოვას იქ, სადაც დაგვნიშნა. ამგვარად, იეჰოვასადმი ნდობას გამოვავლენთ (ეფესელთა 4:11–16; ფილიპელთა 2:3).

      იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობის გამოვლენა

      20, 21. რა შეიძლება ვისწავლოთ მოსესადმი იეჰოვას მოპყრობიდან?

      20 თუ ხანდახან ჩვენს თავს დიდად ვენდობით და ძალიან მცირედ კი — იეჰოვას, მოდით, მოსესგან ვისწავლოთ. როდესაც ორმოცი წლის იყო, მოსემ თავისით მოინდომა ეგვიპტის ტყვეობიდან ისრაელების გათავისუფლება. მისი მცდელობები, უსათუოდ, კეთილი განზრახვით იყო, მაგრამ მან მაშინვე ვერ გაათავისუფლა ისრაელები და არც თავისი მდგომარეობა გააუმჯობესა; ფაქტობრივად, ის იძულებული იყო, გაქცეულიყო. მხოლოდ 40 წელი უცხო მიწაზე მძიმე წვრთნის შემდეგ მიიღო გამოცდილება, რომ ამორჩეული ყოფილიყო იმის გასაკეთებლად, რის გაკეთებაც ადრე სურდა. ამჯერად ის უნდა დანდობოდა იეჰოვას მხარდაჭერას, რადგანაც ახლა მოვლენები იეჰოვას ხელმძღვანელობით ვითარდებოდა და იმ დროს, რომელიც იეჰოვას მიერ იყო დაგეგმილი (გამოსვლა 2:11—3:10).

      21 თითოეული ჩვენგანი შეიძლება დაფიქრდეს შემდეგზე: „ვუსწრებ წინ ზოგჯერ იეჰოვას და კრებაში დანიშნულ უხუცესებს, ვცდილობ მოვლენების დაჩქარებას ან ვცდილობ რაიმეს გაკეთებას ჩემებურად? ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქრო, თითქოს გარკვეული უპირატესობისთვის მხედველობიდან გამომტოვეს, ხალისით ვეკიდები სწავლის პერიოდს?“ ვისწავლეთ მოსესგან მნიშვნელოვანი გაკვეთილი?

      22. რას ფიქრობდა მოსე იეჰოვას შესახებ, მიუხედავად დიდი უპირატესობის დაკარგვისა?

      22 გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია მოსესგან სხვა გაკვეთილიც ვისწავლოთ. რიცხვნის 20:7–13 მოგვითხრობს შეცდომაზე, რომელიც მან დაუშვა და რომელიც ძვირად დაუჯდა. მან დაკარგა უპირატესობა — შეეყვანა ისრაელები აღთქმულ მიწაზე. მიიღო მან ეს ისე, რომ იეჰოვას გადაწვეტილება არასამართლიანი იყო? განცალკევდა ის გაბრაზებული, რადგან ღმერთი მას ასე უსამართლოდ ექცეოდა? დაკარგა მოსემ იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობა? პასუხის პოვნა შეგვიძლია მოსეს სიტყვებში, რომლებიც სიკვდილის წინ ცოტათი ადრე უთხრა ისრაელს. იეჰოვას შესახებ მოსემ თქვა: „სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). რა თქმა უნდა, მოსემ იეჰოვასადმი ნდობა ბოლომდე შეინარჩუნა. რის თქმა შეიძლება ჩვენ შესახებ? ვაკეთებთ რამეს იეჰოვასა და მისი სამართლიანობისადმი ნდობის გასაძლიერებლად? როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მოდით ვნახოთ.

  • განვამტკიცოთ იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობა
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აგვისტო
    • განვამტკიცოთ იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობა

      ‘გასწავლი, რომ სასოება [„ნდობა“, აქ] გქონდეს უფალში’ (იგავნი 22:19).

      1, 2. ა) რატომ ავლენენ იეჰოვას მოწმეები იეჰოვასადმი ნდობას? (იგავნი 22:19). ბ) საიდან ჩანს, რომ ზოგი იეჰოვასადმი ნდობის გაძლიერებას საჭიროებს?

      ჭეშმარიტი ქრისტიანები კურთხეულები არიან იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ზუსტი შემეცნებით. „ერთგული და გონიერი მონა“ სიყვარულით ამარაგებს მათ სულიერი ‘საზრდოთი დროულად’ (მათე 24:45). შემეცნება, რომელსაც ისინი იღებენ, ქმნის მყარ საფუძველს, რომელიც ღვთისადმი ნდობის საყრდენია. ამიტომ იეჰოვას მოწმეები, როგორც ჯგუფი, იეჰოვასა და მისი სამართლიანობის მიმართ საოცარ ნდობას ავლენენ.

      2 მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ზოგი მოწმე საჭიროებს ნდობის განმტკიცებას. საზოგადოება ხანდახან ღებულობს წერილებს, რომლებშიც გამოთქმულია ეჭვი პუბლიკაციებში მოცემული ახსნის შესახებ. ეს ეჭვები, შეიძლება გამოიწვია გაგების შესწორებამ ან ისეთმა საკითხებმა, რომლებიც შეეხო მკითხველს, განსაკუთრებით კი მის ემოციურ მხარეს (შეადარეთ იოანე 6:60, 61).

      3. რა შეიძლება შეემთხვათ იეჰოვას ერთგულ მსახურებსაც კი და რატომ?

      3 იეჰოვას ჭეშმარიტმა მსახურებმაც კი საკუთარი გამოცდილებიდან იციან ეკლესიასტეს 9:11-ის ჭეშმარიტება: „ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“. როგორ შეიძლება გამართლდეს ეს ფართო ან სულიერი გაგებით? შეიძლება ვიცნობთ ქრისტიანებს, რომლებიც დაუყოვნებლივ იყენებდნენ ბიბლიურ რჩევას, ძლიერები იყვნენ ჭეშმარიტების დაცვაში, გონიერები — ბიბლიური პრინციპების გამოყენებაში და გულმოდგინეები — ზუსტი შემეცნების შეძენაში. მაგრამ, რადგანაც „დრო და შემთხვევა განაგებს“, შეიძლება ახლა ზოგი თავს შეზღუდულად გრძნობს უბედური შემთხვევისა თუ ხანდაზმულობის გამო. შეიძლება ისინი ეჭვობენ, რომ ცოცხლად გადავლენ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში.

      4, 5. რატომ არა აქვთ ქრისტიანებს იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობის დაკარგვის არანაირი მიზეზი?

      4 როდესაც ქრისტიანი კარგავს ცხოვრების თანამგზავრს, ტკივილი და დანაკარგის გრძნობა ძალიან მძიმეა. ისინი შეიძლება წლების ან ათწლეულების მანძილზე ერთად ემსახურებოდნენ იეჰოვას. დაქვრივებულმა მეუღლემ იცის, რომ სიკვდილმა გაწყვიტა ქორწინების კავშირიa (1 კორინთელთა 7:39). ამიტომ, ნდობა რომ არ შეუსუსტდეს, თავის გრძნობებს კონტროლი უნდა გაუწიოს (შეადარეთ მარკოზი 16:8).

      5 რამდენად გონივრულია, რომ მეუღლის, მშობლის, შვილის ან ქრისტიანი ახლო მეგობრის სიკვდილს ვუყუროთ, როგორც იეჰოვას სამართლიანობისადმი ნდობის გამოვლენის შესაძლებლობას! სიკვდილიც რომ გვემუქრებოდეს, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა უსამართლო არაა. ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ყველა, ვინც მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს — გადარჩენით თუ მკვდრეთით აღდგომით — ბედნიერი იქნება. ღვთის შესახებ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს. მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში. ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ“ (ფსალმუნი 144:16–19).

      თუ ვფიქრობთ, რომ უმიზეზოდ დავიტანჯეთ

      6, 7. ა) რატომ შეიძლება ახლა სხვა გაგება ჰქონდეთ ქრისტიანებს, რომლებიც წარსულში დაიტანჯნენ? ბ) რატომ არ უნდა მივიჩნიოთ იეჰოვა უსამართლოდ იმის გამო, რომ წარსულში ასეთი ტანჯვა დაუშვა?

      6 წარსულში ზოგი ქრისტიანი დაიტანჯა ისეთ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო, რომელზეც სინდისი ახლა ნებას რთავს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს წლების წინ გაკეთებული არჩევანი გარკვეულ სამუშაოსთან დაკავშირებით. ძმა ახლა შეიძლება ფიქრობს, რომ შეუძლია კეთილსინდისიერად შეასრულოს ასეთი რამ, რითაც არ დაირღვევა ქრისტიანული ნეიტრალიტეტი.

      7 იყო თუ არა იეჰოვას მხრიდან უსამართლობა იმის დაშვება, რომ ის დასჯილიყო იმაზე უარის თქმის გამო, რასაც შეიძლება ახლა დასჯის გარეშე აკეთებს? უმეტესობა, ვისაც ასეთი შემთხვევა ჰქონდა, არ იფიქრებს ასე. ნაცვლად ამისა, ისინი ხარობენ, რომ შესაძლებლობა ჰქონდათ, საჯაროდ დაემტკიცებინათ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ მტკიცეები უზენაესი ხელისუფლების შესახებ საკამათო საკითხში (შეადარეთ იობი 27:5). რა მიზეზით უნდა ინანოს პიროვნებამ, რომ თავისი სინდისით მტკიცე დარჩა იეჰოვას მხარეზე? ქრისტიანული პრინციპების ერთგულად მიყოლით ისე, როგორც მათ ესმოდათ, ან სინდისის კარნახზე გამოხმაურებით მათ დაამტკიცეს, რომ იეჰოვას მეგობრად ყოფნის ღირსები არიან. რასაკვირველია, გონივრულია მოერიდო ისეთ მოქმედებას, რომლის გამოც სინდისი დაგქენჯნის ან რომელმაც შეიძლება სხვები დააბრკოლოს. ამ მხრივ, შეგვიძლია ვიფიქროთ მოციქულ პავლეს მიერ დატოვებულ მაგალითზე (1 კორინთელთა 8:12, 13; 10:31–33).

      8. რატომ არ ჰქონდათ იეჰოვას სამართლიანობაში დაეჭვების მიზეზი ებრაელ ქრისტიანებს, რომლებიც ადრე რჯულს იცავდნენ?

      8 იეჰოვა რომ ესიამოვნებინათ, იუდეველებს ათი მცნებისა და დაახლოებით 600 დამატებითი კანონის დაცვა მოეთხოვებოდათ. მოგვიანებით, ქრისტიანობის დროს, ამ კანონების შესრულება იეჰოვას მსახურებს, მათ შორის ებრაელებსაც კი, აღარ მოეთხოვებოდათ. კანონები აღარ შეიცავდა წინადაცვეთას, შაბათის დაცვას, ცხოველების შეწირვასა და კვებაში შეზღუდვას (1 კორინთელთა 7:19; 10:25; კოლასელთა 2:16, 17; ებრაელთა 10:1, 11–14). იუდეველები, მოციქულების ჩათვლით, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, გათავისუფლდნენ იმ კანონების დაცვის ვალდებულებისგან, რომელთა შესრულებაც მოეთხოვებოდათ, როდესაც რჯულის კავშირში იყვნენ. ჩიოდნენ ისინი, რომ ღვთის ღონისძიება უსამართლო იყო, როცა ადრე მათგან მოითხოვდა ისეთ რამეს, რაც ახლა საჭირო აღარ იყო? არა, მათ გაიხარეს იეჰოვას განზრახვების ფართო გაგებით (საქმეები 16:4, 5).

      9. რა გააკეთა ზოგმა ქრისტიანმა და რატომ არა აქვთ სინანულის მიზეზი?

      9 ჩვენს დროში ზოგ ქრისტიანს ძალიან მკაცრი შეხედულება ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებდნენ და რას არა. ამ მიზეზით ისინი უფრო მეტად დაიტანჯნენ, ვიდრე სხვები. მოგვიანებით შემეცნების გაზრდა მათ დაეხმარა საკითხების უფრო ფართოდ გაგებაში. მაგრამ მათ სინანულის მიზეზი არა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რაც თავიანთი სინდისის შესაბამისად გააკეთეს, მაშინაც კი, როცა ამას შეიძლება დამატებითი ტანჯვა მოჰყვა. ნამდვილად საქებარია, რომ მათ გამოავლინეს ტანჯვისთვის მზადყოფნა იეჰოვასადმი ერთგულებისთვის ‘ყოველივე ამის სახარებისთვის კეთებით’. იეჰოვა აკურთხებს ასეთ ერთგულებას (1 კორინთელთა 9:23; ებრაელთა 6:10). პეტრე მოციქულმა გააზრებულად დაწერა: „თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე“ (1 პეტრე 2:20).

      ვისწავლოთ იონასგან

      10, 11. როგორ გამოავლინა იონამ იეჰოვასადმი უნდობლობა: ა) როდესაც ნინევეში წასვლა დაევალა? ბ) როდესაც იეჰოვამ არ გაანადგურა ნინეველები?

      10 იონამ უმადურობა გამოავლინა, როდესაც იეჰოვა ენდო და ნინევეში წასვლა უბრძანა. საშინელი შემთხვევის შემდეგ, რომელიც მორჩილებასთან დაკავშირებით მისმა უხალისობამ გამოიწვია, იონა გონს მოეგო, მიხვდა თავის შეცდომას, დათანხმდა დავალებას — წასულიყო სხვა ქვეყანაში, და გააფრთხილა ნინეველები, რომ კარს განადგურება იყო მომდგარი. მოხდა მოულოდნელი რამ: რადგანაც ნინეველებმა მოინანიეს, იეჰოვამ არ გაანადგურა ეს ქალაქი (იონა 1:1—3:10).

      11 როგორი რეაქცია ჰქონდა იონას? გამწარებულმა, ღმერთს შესჩივლა ლოცვაში. მისი უკმაყოფილების არსი შემდეგი იყო: „ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. ამიტომ არ მინდოდა თავიდან ნინევეში წასვლა. ახლა კი ეს საქმე ასე დამთავრდა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც გადავიტანე: შიში და დამცირება, როცა დიდმა თევზმა გადამყლაპა; მძიმე შრომა, როცა ნინეველებს ვაფრთხილებდი მოახლოებულ განადგურებაზე! მთელი ჩემი შრომა და ტანჯვა ამაო იყო! ახლა ბარემ მომკალი!“ (იონა 4:1–3).

      12. რა შეგვიძლია ვისწავლოთ იონას მაგალითიდან?

      12 ჰქონდა იონას ჩივილის სამართლიანი მიზეზი? იყო იეჰოვა უსამართლო იმის გამო, რომ აპატია მომნანიებელ შემცოდველებს? ფაქტობრივად, იონას უნდა გახარებოდა, რომ ათიათასობით ადამიანი სიკვდილს გადაურჩა! (იონა 4:11). მაგრამ მისმა უპატივცემულობამ და უკმაყოფილებამ აჩვენა, რომ ის არ გამოხატავდა იეჰოვას სამართლიანობისადმი ღრმა ნდობას. ის თავის თავზე მეტისმეტად ზრუნავდა და სხვებზე კი — ძალიან ცოტას. მოდით ვისწავლოთ იონას შემთხვევიდან ჩვენი თავის და გრძნობების მეორე ადგილზე დაყენება. დაე დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვასადმი მორჩილება, ხელმძღვანელობის მიყოლა, რომელიც მისი ორგანიზაციის მეშვეობით გვეძლევა, და მის გადაწვეტილებების კეთილგანწყობილებით მიღება სწორი მოქმედებაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „მიეგებათ მადლი ღვთისმოსავთ“ (ეკლესიასტე 8:12).

      ახლა დროა, გავაძლიეროთ ჩვენი ნდობა!

      13. როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს იეჰოვასადმი ნდობის გაძლიერება?

      13 იეჰოვასადმი ნდობის გაძლიერება ბრძნულია (იგავნი 3:5–8). რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე მხოლოდ ვილოცოთ, რომ იეჰოვა დაგვეხმაროს — უფრო დამნდობები გავხდეთ. ნდობა ზუსტი შემეცნების საფუძველზე იზრდება, ასე რომ, ბიბლიის პირადი შესწავლა, ბიბლიისა და ბიბლიის ამხსნელი ლიტერატურის კითხვა ყოველდღიურ წესად უნდა გავიხადოთ. ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება მნიშვნელოვანია, ისევე როგორც კარგი მომზადება და შეძლებისდაგვარად მონაწილეობა. თუ ჩვეულებად გავიხდით სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარებას და ტაქტიანად გადავლახავთ წინააღმდეგობებს, იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი ნდობა გაგვიღრმავდება. ამგვარად ჩვენ ყოველდღიურად მასთან უფრო ახლო ვიქნებით.

      14. რატომ უნდა გამოავლინოს ღვთის ხალხმა მალე იეჰოვასადმი ნდობა ისე როგორც არასდროს?

      14 ახლო მომავალში კაცობრიობას მოულოდნელად თავს დაატყდება დიდი გასაჭირი, როგორიც არასოდეს ყოფილა (მათე 24:21). როცა ეს მოხდება, ღვთის მსახურებს ისე როგორც არასდროს დასჭირდებათ იეჰოვას სამართლიანობისა და მისი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ხელმძღვანელობისადმი ნდობის გამოვლენა. სიმბოლურად, ისინი მაშინ ნდობით დაემორჩილებიან ღვთის ბრძანებას: „წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“ (ესაია 26:20). ისინი უკვე შევიდნენ 232 ქვეყანაში არსებული 85 000-ზე მეტი კრების დამცველ ატმოსფეროში. შეიძლება მოწოდება — „შედით თქვენ-თქვენ ოთახებში“ — სხვა რამესაც შეიცავდეს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა დაგვეხმარება ამაში.

      15. როგორ არის ნდობა ხაზგასმული 1998 წელს და რატომ არის ეს მართებული?

      15 აუცილებელია, რომ ჩვენი ნდობა გავაძლიეროთ ახლა. ქრისტიან ძმებზე, იეჰოვას ორგანიზაციასა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვით იეჰოვაზე დანდობის გარეშე გადარჩენა შეუძლებელი იქნება. ამიტომ რა დროულია, რომ 1998 წელს იეჰოვას მოწმეებს მთელ მსოფლიოში წლიური მუხლი გამუდმებით შეახსენებს, რომ «ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება!» (რომაელთა 10:13). ამის გამო უნდა განვაგრძოთ ნდობის გამოვლენა. თუ მასში უმნიშვნელო ეჭვსაც კი აღმოვაჩენთ, უნდა გამოვასწოროთ ის ახლა, დიახ, სწორედ დღეს.

      იეჰოვას სასამართლო სამართლიანი იქნება

      16. რა შეიძლება დაემართოს ნდობას, თუ არ განვავითარებთ, და როგორ შეგვიძლია ამას თავი ავარიდოთ?

      16 ებრაელთა 3:14-ში ცხებული ქრისტიანებისთვის რჩევაა მოცემული: «ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს [„ნდობას“, აქ] მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე». პრინციპში, ეს სიტყვები იმ ქრისტიანებსაც ეხება, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. პირველი ნდობა შეიძლება დაიკარგოს, თუ არ განვითარდება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძობთ ზუსტი ჭეშმარიტების მიყოლას და ამის საშუალებით ვაძლიერებთ საფუძველს, რომელზეც ჩვენი ნდობაა დაფუძნებული!

      17. რატომ შეგვიძლია ვენდოთ, რომ გადარჩენის საკითხში იესო სამართლიანი მოსამართლე იქნება?

      17 მალე ყოველი ერი გამოიცდება იესო ქრისტეს მიერ, ასე რომ, ის ხალხს „გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან“ (მათე 25:31–33). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო სამართლიანი მოსამართლე იქნება მათ მიმართ, ვინც გადარჩენის ღირსი აღმოჩნდება. იეჰოვამ მისცა მას სიბრძნე, გამჭრიახობა და სხვა აუცილებელი თვისებები ‘ქვეყნიერების სამართლით განსაკითხავად’ (საქმეები 17:30, 31). დაე ჩვენც აბრაამის მსგავსი რწმენა გვქონდეს, რომელმაც თქვა: „არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს“ (დაბადება 18:25).

      18. რატომ არ უნდა შევწუხდეთ ზედმეტად იმის შესახებ, რაც ამჟამად შეიძლება არ ვიცით?

      18 იეჰოვას სამართლიანობაში სრულიად დარწმუნებულებს, აღარ გვჭირდება შეწუხება შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად: „როგორ გასამართლდებიან თოთო და პატარა ბავშვები? შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უამრავ ხალხს არმაგედონამდე არ ექადაგოს კეთილი ცნობა? როგორ იქნება ფსიქიკურად დაავადებულების საქმე? როგორ იქნება. . .?“ ფაქტია, ამჟამად შეიძლება არ ვიცით, როგორ გადაწყვეტს იეჰოვა ამ საკითხებს. მაგრამ ის ყველაფერს სამართლიანად და მოწყალედ გააკეთებს. ამაში არასდროს უნდა დავეჭვდეთ. ფაქტობრივად, შეიძლება განგვაცვიფროს და აღგვაფრთოვანოს მისმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც აზრადაც არ მოგვივიდოდა (შეადარეთ იობი 42:3; ფსალმუნი 77:11–16; 135:4–9; მათე 15:31; ლუკა 2:47).

      19, 20. ა) რატომ არ არის მცდარი გონივრული კითხვების დასმა? ბ) როდის მოგვაწვდის იეჰოვა საჭირო პასუხებს?

      19 იეჰოვას ორგანიზაცია არ უგულებელყოფს აქტუალურ, გულწრფელ შეკითხვებს, როგორც ამას ზოგი მოწინააღმდეგე არასწორად აცხადებს (1 პეტრე 1:10–12). მაგრამ ბიბლია გვირჩევს, მოვერიდოთ სულელურ, სპეკულატიურ შეკითხვებს (ტიტე 3:9). კეთილგონივრული კითხვების დასმითა და ღვთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების გამოკვლევა ბიბლიური პასუხის საპოვნელად გაზრდის ჩვენს ზუსტ შემეცნებას და, ამგვარად, გაძლიერდება იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა. ორგანიზაცია იესოს მაგალითს მიჰყვება. ის თავს იკავებდა ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემისგან, რომლებზე პასუხის გაცემის დროც ჯერ არ იყო დამდგარი. მან თქვა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ“ (იოანე 16:12). მან აგრეთვე აღიარა, რომ ზოგი საკითხი იმ დროისთვის თვითონაც არ იცოდა (მათე 24:36).

      20 იეჰოვას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს ჩვენთვის გასამხელი. ამიტომ რა გონივრულია დაველოდოთ მას, დარწმუნებულებმა, რომ ღმერთი თავის განზრახვებს თავის დროზე გამოავლენს. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, როგორც კი ამის დრო დადგება, იეჰოვა დამატებით ცოდნას შეგვაძენინებს, რაც სიხარულის მომტანი იქნება. დიახ, დავჯილდოვდებით იმ შემთხვევაში, თუ სრულ ნდობას განვავითარებთ იეჰოვასადმი და ორგანიზაციისადმი, რომელსაც ის იყენებს. იგავნის 14:26 გვარწმუნებს: „უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება