-
მოუსმინეთ შინაგან ხმასსაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
-
-
მოუსმინეთ შინაგან ხმას
„უცხოტომელები, რომლებსაც [ღვთის] კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია“ (რომაელები 2:14).
1, 2. ა) რა გააკეთა ბევრმა სხვების საკეთილდღეოდ? ბ) რომელი ბიბლიური მაგალითები აჩვენებს, რომ ადამიანს აღელვებს სხვისი მდგომარეობა?
ოცი წლის ახალგაზრდას, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული, მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურში კრუნჩხვა დაემართა და ბაქნიდან გადავარდა. ეს რომ დაინახა იქვე მდგომმა მამაკაცმა, თავის ორ პატარა გოგონას ხელი გაუშვა და დასახმარებლად ბაქნიდან გადახტა. ეპილეფსიით დაავადებული რელსებს შორის ჩააწვინა და ზემოდან გადაეფარა. დამუხრუჭების შედეგად ინერციით მომავალი მატარებელი პირდაპირ მათ თავს ზემოთ გაჩერდა. ალბათ, ზოგი ეტყოდა, გმირი ხარო. თუმცა მამაკაცმა თავისი საქციელი შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „მთავარია სწორად მოიქცე. ამისკენ სიკეთის გაკეთების სურვილმა აღმძრა და არა იმან, რომ აღიარება მომეპოვებინა“.
2 შეიძლება თქვენც იცნობთ ისეთ ადამიანს, რომელსაც სხვისი გულისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაუგდია. მრავალი იქცეოდა ასე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც სრულიად უცხო ადამიანებს თავიანთ ჭერქვეშ იფარავდნენ. გავიხსენოთ აგრეთვე პავლე მოციქულის და გემზე მასთან ერთად მყოფი 275 კაცის შემთხვევა. გემი სიცილიის მახლობლად, მალტასთან დაიმსხვრა. იქაურმა მოსახლეობამ უცხო ადამიანების მიმართ „დიდი კაცთმოყვარეობა“ გამოავლინა (საქმეები 27:27—28:2). ერთმა ისრაელმა გოგონამ კი სიკეთე სირიელ მხედართმთავარს გაუკეთა, თუმცა საფრთხეში არ ჩაუგდია სიცოცხლე (2 მეფეები 5:1—4). გავიხსენოთ იესოს ცნობილი იგავი კეთილ სამარიელზე. მღვდელმა და ლევიანმა ცოცხალმკვდარ ებრაელს ყურადღება არ მიაქციეს, სამარიელმა კი ყველაფერი გააკეთა მის დასახმარებლად. ამ იგავს საუკუნეების განმავლობაში არაერთი ადამიანი დაუფიქრებია (ლუკა 10:29—37).
3, 4. რატომ ეწინააღმდეგება ალტრუიზმი ევოლუციის თეორიას?
3 დღეს მართლაც „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ; ადამიანთა უმრავლესობა ‘სასტიკი, კარგის მოძულეა’ (2 ტიმოთე 3:1—3). მიუხედავად ამისა, არაერთი კეთილი საქმე გვინახავს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ზოგს სხვების დახმარება სიცოცხლის ფასად უჯდება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს კაცთმოყვარეობა ახასიათებს.
4 ასეთი სულისკვეთება ყველა ერისთვის არის დამახასიათებელი, რაც ეწინააღმდეგება იმ მტკიცებას, რომ ადამიანი დღემდე ჯუნგლის კანონმა მოიყვანა ანუ „ბრძოლამ გადარჩენისთვის“. ამერიკის შეერთებული შტატების ადამიანის გენომის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, გენეტიკოსმა ფრანსის კოლინზმა აღნიშნა: „ალტრუიზმი (უანგარო ზრუნვა სხვების კეთილდღეობაზე) ევოლუციონისტებს დიდ თავსატეხს უჩენს . . . ალტრუიზმი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ გენებს გააჩნია ეგოისტური მიდრეკილება იმისკენ, რომ მუდმივად იარსებოს“. ფრანსის კოლინზი იმასაც ამბობს, რომ „ზოგიერთი დიდ მსხვერპლს იღებს მათთვის, ვისთანაც აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს. ასეთი მოქმედება ვერ აიხსნება დარვინის თეორიით“.
„სინდისის ხმა“
5. ხშირად რა აღძრავს ადამიანს მოქმედებისკენ?
5 ფრანსის კოლინზი ხაზს უსვამს ალტრუიზმის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშანს: „სინდისის ხმა აღგვძრავს, დავეხმაროთ სხვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სანაცვლოდ არაფერს მივიღებთ“a. კოლინზის სიტყვები პავლე მოციქულის სიტყვებს შეგვახსენებს: „როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“ (რომაელები 2:14, 15).
6. რატომ არის ყველა ადამიანი ღვთის წინაშე პასუხისმგებელი?
6 პავლე მოციქულის მიერ რომაელებისადმი მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ ადამიანი პასუხისმგებელია ღვთის წინაშე, რომლის არსებობა და თვისებები კარგად ჩანს „ქვეყნიერების შექმნიდან“ (რომაელები 1:18—20; ფსალმუნი 19:1—4). მიუხედავად ამისა, შემოქმედს მრავალი უარყოფს და უზნეო ცხოვრებას ეწევა. ღმერთს უნდა, რომ ადამიანებმა აღიარონ მისი სიმართლე და მოინანიონ (რომაელები 1:22—2:6). იუდეველები სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, რადგან მათ მოსეს მეშვეობით მიცემული ჰქონდათ ღვთის კანონი. იმ ხალხსაც კი, რომლებსაც არ ჰქონდათ „ღვთის წმინდა სიტყვები“, უნდა ეღიარებინათ ღმერთი (რომაელები 2:8—13; 3:2).
7, 8. რამდენად ბევრ ადამიანს აქვს სამართლიანობის გრძნობა, და რაზე მეტყველებს ეს?
7 ყველამ უნდა აღიაროს ღმერთი და მისი სიტყვების თანახმად იცხოვროს, რადგან ადამიანი შინაგანად გრძნობს, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. სამართლიანობის გრძნობა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს აქვს სინდისი. მოვიყვანოთ მაგალითი. ბავშვები საქანელასთან დგანან და ელოდებიან თავიანთ რიგს. ერთი ბავშვი ურიგოდ მიდის. დანარჩენები ეუბნებიან: „რატომ მიდიხარ ურიგოდ?“ როგორ ფიქრობთ, რატომ აქვთ ბავშვებსაც კი სამართლიანობის გრძნობა? ისინი გრძნობენ, რა არის სწორი და რა — არასწორი. პავლემ დაწერა: „როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია. . .“. პავლე არ ამბობს „თუ ოდესმე“, რაც იმას გულისხმობს, რომ რაღაც იშვიათად ხდება. ის იყენებს სიტყვას „როცა“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ხშირად ხდება. ადამიანები „თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია“; ეს იმას გულისხმობს, რომ ისინი გრძნობენ, რა არის სწორი და რა — არასწორი, და ღვთის კანონის თანახმად ცხოვრობენ.
8 ასეთი შინაგანი გრძნობა მრავალი ეროვნების ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა აღნიშნა, ბაბილონელები, ეგვიპტელები, ბერძნები, ასევე ავსტრალიელი აბორიგენები და ამერიკელი ინდიელები არ იწყნარებდნენ ჩაგვრას, მკვლელობას, ღალატს და სიცრუეს, ამავე დროს თბილად ექცეოდნენ მოხუცებულებს, ბავშვებსა და დაუძლურებულ ადამიანებს. ფრანსის კოლინზი აღნიშნავს: „როგორც ჩანს, სწორისა და არასწორის ცნება არც ერთი მოდგმისთვის არ ყოფილა უცხო“. ეს სიტყვები რომაელების 2:14-ში ჩაწერილ სიტყვებს გვახსენებს.
რას გკარნახობთ სინდისი?
9. რა არის სინდისი და რაში გვეხმარება?
9 ბიბლიის თანახმად, სინდისი საკუთარი მოქმედების შეფასების უნარია, როდესაც ადამიანის საქციელს შინაგანი ხმა ამართლებს ან განსჯის. პავლემ დაწერა „ჩემი სინდისი მემოწმება წმინდა სულში“ (რომაელები 9:1). მაგალითად, შინაგანმა ხმამ შეიძლება წინასწარ გიკარნახოს, რამდენად სწორი იქნება ესა თუ ის მოქმედება. სინდისმა შეიძლება წინასწარ დაგანახოს ამა თუ იმ მოქმედების შედეგი და შესაბამისად, ის, თუ რას იგრძნობდი.
10. ძირითადად როდის იწყებს სინდისი მოქმედებას?
10 უფრო ხშირად კი სინდისი მას შემდეგ იწყებს მოქმედებას, როდესაც ადამიანი რაღაცას გააკეთებს. ერთხელ დავითს, მეფე საულს რომ გაურბოდა, შესაძლებლობა მიეცა, უპატივცემულოდ მოპყრობოდა ღვთის ცხებულ მეფეს, და ასეც მოიქცა. მაგრამ შემდეგ „გული მსჯავრს სდებდა დავითს“ (1 სამუელი 24:1—5; ფსალმუნი 32:3, 5). მართალია ამ მუხლებში სიტყვა სინდისი არ არის ნახსენები, მაგრამ დავითი სწორედ სინდისმა შეაწუხა. სინდისის ქენჯნა ჩვენც გვიგრძნია, როდესაც რაღაც გაგვიკეთებია და შემდეგ გვინანია. მაგალითად, ზოგიერთი, ვინც გადასახადებს არ იხდიდა, იმდენად შეაწუხა სინდისმა, რომ ბოლოს მაინც გადაიხადა. ზოგი კი სინდისმა იმისკენ აღძრა, რომ მეუღლესთან ეღიარებინა ღალატი (ებრაელები 13:4). თუმცა, როდესაც ადამიანი სინდისის ხმას უსმენს, კმაყოფილებასა და შინაგან სიმშვიდეს განიცდის.
11. ყოველთვის სწორი მოქმედებისკენ აღგვძრავს სინდისის ხმა? მოიყვანეთ მაგალითი.
11 ყოველთვის სწორი მოქმედებისკენ აღგვძრავს სინდისის ხმა? კარგია, როდესაც სინდისის ხმას ვუსმენთ, მაგრამ შინაგანმა ხმამ შეიძლება შეგვაცდინოს კიდეც (2 კორინთელები 4:16). გავიხსენოთ ერთი შემთხვევა. ბიბლია მოგვითხრობს ქრისტეს ერთგული მიმდევრის, „მადლითა და ძალით სავსე“ სტეფანეს შესახებ. ერთხელ იუდეველებმა სტეფანე იერუსალიმიდან გაიყვანეს და ჩაქოლეს. სავლე, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც მოციქული პავლე, შორიახლოს იდგა და „იწონებდა მის მოკვლას“. როგორც ჩანს, იუდეველები იმდენად იყვნენ დარწმუნებულები, რომ სწორად იქცეოდნენ, სინდისი არ აწუხებდათ. ალბათ, ასევე ფიქრობდა პავლეც, რადგან სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ ის „ჯერ კიდევ ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს“. როგორც ვხედავთ, სინდისი პავლეს არასწორი მოქმედებისკენ აღძრავდა (საქმეები 6:8; 7:57—8:1; 9:1).
12. რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს სინდისზე?
12 რას შეიძლებოდა ემოქმედა სავლეს სინდისზე? სხვებთან ახლო ურთიერთობას. მაგალითად, ზოგჯერ ტელეფონით გვილაპარაკია ადამიანთან, რომლის ხმაც მამამისის ხმას წააგავს. შვილის ხმის ტემბრი გარკვეულწილად შეიძლება მემკვიდრეობითმა ფაქტორმა განაპირობოს, მაგრამ ის, რომ ბავშვი მამის მსგავსად ლაპარაკობს, ეს მამასთან ახლო ურთიერთობის შედეგია. როგორც ჩანს, სავლეზეც იმოქმედა იმ იუდეველებთან ახლო ურთიერთობამ, რომელთაც სძულდათ იესო და ეწინააღმდეგებოდნენ მის სწავლებებს (იოანე 11:47—50; 18:14; საქმეები 5:27, 28, 33). სწორედ ეს ახდენდა გავლენას სავლეს სინდისზე.
13. რა მხრივ შეიძლება იმოქმედოს გარემომ სინდისზე?
13 სინდისზე აგრეთვე შეიძლება იმოქმედოს იმ კულტურამ თუ გარემომ, სადაც ადამიანი ცხოვრობს, ისევე როგორც რომელიმე კუთხემ შეიძლება განაპირობოს ლაპარაკის ესა თუ ის კილო (მათე 26:73). მაგალითად, ძველი ასურეთი საომარი მოქმედებებით იყო ცნობილი, ამიტომ მათ ხელოვნების ნიმუშებზე ამოკვეთილია ტყვეების წამება (ნაუმი 2:11, 12; 3:1). იონას დროს მცხოვრებ ნინეველებზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ‘მარჯვენა ხელს მარცხენისგან ვერ არჩევდნენ’. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ არჩევდნენ, რა იყო სწორი იეჰოვას თვალში და რა — არასწორი. წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებდა ასეთი გარემო ნინევეში გაზრდილი ადამიანის სინდისზე (იონა 3:4, 5; 4:11). აქედან გამომდინარე, სინდისის ხმაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს მათმა განწყობამ, ვისთანაც ადამიანს ურთიერთობა აქვს.
როგორ გავაუმჯობესოთ შინაგანი ხმა
14. რა კავშირია სინდისსა და დაბადების 1:27-ში ჩაწერილ სიტყვებს შორის?
14 იეჰოვამ ადამსა და ევას მისცა სინდისი, რაც ჩვენც გადმოგვეცა მემკვიდრეობით. დაბადების 1:27-ში ვკითხულობთ, რომ ადამიანი ღვთის მსგავსებად არის შექმნილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთს გარეგნულად ვგავართ. ღმერთი სულია, ჩვენ კი ფიზიკური სხეული გვაქვს. ჩვენ ღვთის მსგავსებად იმ გაგებით ვართ შექმნილნი, რომ ჩვენში დევს ისეთივე თვისებები, როგორიც ღმერთს აქვს. ამავე დროს, შინაგანად ვგრძნობთ, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი, და სინდისიც შესაბამისად რეაგირებს. აქედან გამომდინარე, სინდისმა რომ სწორი მიმართულება მოგვცეს, საჭიროა მეტი გავიგოთ ჩვენი შემოქმედის შესახებ და უფრო დავუახლოვდეთ მას.
15. როგორ დავუახლოვდეთ ჩვენს ზეციერ მამას და რაში დაგვეხმარება ეს?
15 იეჰოვა, შეიძლება ითქვას, ყველა ჩვენგანის მამაა, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი (ესაია 64:8). ერთგულ ქრისტიანებს, ზეციერი ცხოვრების იმედი აქვთ თუ დედამიწაზე ცხოვრების, შეუძლიათ მიმართონ ღმერთს, როგორც მამას (მათე 6:9). ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს იმის სურვილი, რომ უფრო დავუახლოვდეთ მას და უკეთესად გავიგოთ მისი თვალსაზრისი და მოთხოვნები (იაკობი 4:8). უმრავლესობას ამის სურვილი არ გააჩნია. ისინი იმ იუდეველებს ჰგვანან, რომელთაც იესომ უთხრა: „თქვენ არც მისი ხმა მოგისმენიათ და არც ის გინახავთ. მისი სიტყვა არ რჩება თქვენში“ (იოანე 5:37, 38). ღვთის ხმა პირდაპირი გაგებით არც ჩვენ გვესმის, მაგრამ ბიბლიის შესწავლით შეგვიძლია დავუახლოვდეთ მას და ისეთივე აზროვნება გვქონდეს, როგორიც მას აქვს.
16. რატომაა მნიშვნელოვანი, რომ განვსწავლოთ და ყური დავუგდოთ სინდისის ხმას, როგორც ეს იოსების შემთხვევიდან გამოჩნდა?
16 გავიხსენოთ, თუ როგორ მოიქცა იოსები ფოტიფარის სახლში. ფოტიფარის ცოლი შეეცადა იოსების შეცდენას. იოსები იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც არც ათი მცნება არსებობდა და არც ბიბლიის რომელიმე წიგნი. მიუხედავად ამისა, მან ფოტიფარის ცოლს უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბადება 39:9). იოსები ასე იმიტომ როდი მოიქცა, რომ თავისი ოჯახი არ შეერცხვინა; ისინი შორს ცხოვრობდნენ. იოსებს უნდოდა, რომ ღმერთის გული გაეხარებინა. მან იცოდა ღვთის თვალსაზრისი, რომ კაცს ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს, ორნი „ერთი ხორცი“ უნდა იყვნენ. იოსებს აგრეთვე ეცოდინებოდა, როგორი რეაქცია ჰქონდა აბიმელექს, როდესაც გაიგო, რომ რებეკას ქმარი ჰყავდა. აბიმელექის აზრით, დიდი დანაშაული იქნებოდა, თუ ვინმე რებეკასთან დაწვებოდა. იეჰოვას წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა, საიდანაც გამოჩნდა, თუ რა შეხედულება აქვს იეჰოვას მრუშობაზე. იოსებმა იცოდა იეჰოვას თვალსაზრისი. ამიტომ სინდისმა ნება არ დართო, რომ უზნეობა ჩაედინა (დაბადება 2:24; 12:17—19; 20:1—18; 26:7—14).
17. რატომ ვართ ჩვენ იოსებზე უკეთეს მდგომარეობაში?
17 დღეს ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. გვაქვს ბიბლია, საიდანაც ვიცით, თუ რა შეხედულება აქვს ზეციერ მამას ამა თუ იმ საკითხზე, რას განიცდის, რას იწონებს და რას არ იწონებს. რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით ბიბლიას, მით მეტად დავუახლოვდებით ღმერთს და მივბაძავთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი სინდისი ღვთის ნების თანახმად იმოქმედებს (ეფესოელები 5:1—5).
18. წარსულის გავლენის მიუხედავად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სინდისმა უკეთესად იმოქმედოს?
18 კიდევ რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს სინდისზე? ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და იმ გარემომ, სადაც აღვიზარდეთ. სინდისმა შეიძლება არასწორად დაიწყოს მოქმედება, ისე როგორც გარშემომყოფთა სინდისი მოქმედებს. მართალია, წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია ისეთ ადამიანებთან გვქონდეს ურთიერთობა, რომლებიც ჩვენს სინდისზე დადებითად იმოქმედებენ, მაგალითად იმ ერთგულ ქრისტიანებთან, რომლებიც დიდი ხანია, რაც ზეციერ მამას ჰბაძავენ. ამისათვის საუკეთესო საშუალებაა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და კრებამდე და კრების შემდეგ და-ძმებთან ურთიერთობა. ჩვენ დავინახავთ მოწიფული ქრისტიანების აზროვნებას, რომლებიც უსმენენ ღვთის სიტყვით განსწავლული სინდისის ხმას. ეს კი დაგვეხმარება, რომ ჩვენმა სინდისმა ბიბლიური პრინციპების თანახმად იმოქმედოს, და უკეთესად მივბაძავთ ღმერთს. თუ ჩვენი შინაგანი ხმა ზეციერი მამის პრინციპების თანახმად მოქმედებს და თანაქრისტიანების მხრიდან დადებით გავლენას განიცდის, სწორ მიმართულებას მოგვცემს და სინდისის ხმას უფრო ადვილად მოვუსმენთ (ესაია 30:21).
19. სინდისთან დაკავშირებით კიდევ რა საკითხებს განვიხილავთ?
19 ზოგს უძნელდება, ყოველთვის მოუსმინოს სინდისის ხმას. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ სიტუაციებში აღმოჩენილან ქრისტიანები. ეს უკეთესად დაგვანახვებს, რა როლს თამაშობს სინდისი, როგორ განსხვავდება ერთის სინდისი მეორისგან და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სინდისის ხმამ უფრო და უფრო სწორი მიმართულება მოგვცეს (ებრაელები 6:11, 12).
[სქოლიო]
a ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრონომი ოუენ გინგრიჩი აღნიშნავს: „ალტრუიზმი წარმოშობს ისეთ შეკითხვას, რომელსაც არ მოეძებნება . . . მეცნიერული პასუხი ცხოველთა სამყაროზე დაკვირვებით. სარწმუნო პასუხს, ალბათ, ღვთისგან ბოძებული თვისებები, მათ შორის სინდისი, გასცემს“.
-
-
სინდისით ნაკარნახევი გადაწყვეტილებებისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
-
-
სინდისით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები
„სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა. წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა“ (ტიტე 1:15).
1. რა გააკეთა პავლემ კრეტის კრებებისთვის?
სამი მისიონერული მოგზაურობის შემდეგ პავლე მოციქული დააპატიმრეს და რომში გაგზავნეს, სადაც ორი წელი დაჰყო. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ის ტიტესთან ერთად კუნძულ კრეტას ესტუმრა. მოგვიანებით პავლემ ტიტეს მისწერა: „კრეტაში იმიტომ დაგტოვე, რომ გამოასწორო ნაკლოვანებები და ყოველ ქალაქში უხუცესები დანიშნო“ (ტიტე 1:5). ტიტეს საქმე ექნებოდა მათთან, რომელთაგან ზოგიერთის სინდისი სწორად მოქმედებდა, ზოგიერთის კი — არა.
2. რა პრობლემები უნდა გადაეჭრა ტიტეს კრეტაზე?
2 პავლემ ტიტეს მითითებები მისცა, თუ რა მოთხოვნების შესაბამისად უნდა დაენიშნა კრების უხუცესები. შემდეგ კი შეახსენა, რომ კრებაში ბევრი იყო „ურჩი, ყბედი და ცბიერი“. ისინი ‘იმას ასწავლიდნენ, რაც არ უნდა ესწავლებინათ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევდნენ’. ტიტეს ისინი უნდა შეეგონებინა (ტიტე 1:10—14; 1 ტიმოთე 4:7). პავლემ ისიც აღნიშნა, რომ მათ სინდისიც და გონებაც ‘წაბილწული ჰქონდათ’. „წაბილწვად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვას დალაქავების მნიშვნელობა აქვს (ტიტე 1:15). ზოგი კრეტელი შეიძლება იუდეველი იყო, რადგან ‘წინადაცვეთას იცავდნენ’. მართალია, დღეს კრებაში აღარ არიან წინადაცვეთის მომხრენი, მაგრამ პავლეს სიტყვებიდან სინდისთან დაკავშირებით ბევრ რამეს ვიგებთ.
წაბილწული სინდისი
3. რა მისწერა პავლემ ტიტეს კრეტელების სინდისთან დაკავშირებით?
3 ვნახოთ, რატომ თქვა პავლემ შემდეგი სიტყვები: „სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა. წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა, მათ გონებაც წაბილწული აქვთ და სინდისიც. ისინი ყველას წინაშე აღიარებენ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას“. როგორც ჩანს, ზოგიერთ მათგანს სერიოზული ცვლილებები უნდა მოეხდინა, რომ ‘რწმენაში ჯანსაღნი ყოფილიყვნენ’ (ტიტე 1:13, 15, 16). ისინი ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან სუფთასა და წაბილწულს, რაც მათ სინდისზე ახდენდა გავლენას.
4, 5. რას აკეთებდა კრეტის კრებების ზოგიერთი წევრი და როგორ იმოქმედა ამან მათზე?
4 დაახლოებით ათი წლით ადრე ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს აღარ მოეთხოვებოდა წინადაცვეთა, რის შესახებაც კრებებს შეატყობინეს (საქმეები 15:1, 2, 19—29). თუმცა ზოგიერთი კრეტელი კვლავაც ‘წინადაცვეთის დამცველი’ იყო. ისინი ხელმძღვანელი საბჭოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ‘ასწავლიდნენ იმას, რაც არ უნდა ესწავლებინათ’ (ტიტე 1:10, 11). დამახინჯებული აზროვნების გამო, შესაძლოა, ისინი იცავდნენ საკვების აკრძალვასთან დაკავშირებულ წესებს და განწმენდის რიტუალებს, და ამისკენ სხვებსაც მოუწოდებდნენ. წინამორბედთა მსგავსად, რომლებიც იესოს დროს ცხოვრობდნენ, ისინი კანონს შეიძლება თავიანთ წესებს უმატებდნენ, აგრეთვე იუდეველთა გადმოცემებსა და ადამიანთა მცნებებს ასწავლიდნენ (მარკოზი 7:2, 3, 5, 15; 1 ტიმოთე 4:3).
5 ასეთი აზროვნება უარყოფით გავლენას ახდენდა მათ განსჯის უნარსა და სინდისზე. პავლემ დაწერა: „წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა“. სინდისი იმდენად გაუუხეშდათ, რომ სიტუაციის შეფასების უნარი დაკარგეს და არასწორად დაიწყეს მოქმედება. გარდა ამისა, თანაქრისტიანებსაც განსჯიდნენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც პირადი გადასაწყვეტი იყო და როდესაც ორ ქრისტიანს შეიძლებოდა განსხვავებული გადაწყვეტილებები მიეღო. კრეტელები იმას მიიჩნევდნენ უწმინდურად, რაც სინამდვილეში არ იყო უწმინდური (რომაელები 14:17; კოლოსელები 2:16). ისინი ამბობდნენ, რომ იცნობდნენ ღმერთს, მაგრამ მათი საქმეები სხვა რამეზე მეტყველებდა (ტიტე 1:16).
„სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა“
6. რომელი ორი კატეგორიის ადამიანები ჰყავდა პავლეს მხედველობაში?
6 რას ვსწავლობთ პავლეს სიტყვებიდან? ვნახოთ, რა მკვეთრ განსხვავებას აკეთებს პავლე სუფთასა და წაბილწულს შორის: „სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა. წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა, მათ გონებაც წაბილწული აქვთ და სინდისიც“ (ტიტე 1:15). პავლე არ გულისხმობდა იმას, რომ ქრისტიანისთვის, რომელიც ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწევა, ყველაფერი სუფთა და დასაშვებია. ამაზე მეტყველებს პავლეს კიდევ ერთი წერილი, სადაც აღნიშნა, რომ მეძავები, კერპთაყვანისმცემლები და სპირიტიზმის მიმდევრები „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:19—21). როგორც ვხედავთ, პავლეს მხედველობაში ჰყავდა ორი კატეგორიის ადამიანები: ისინი, რომლებიც ზნეობრივად სუფთა ცხოვრებით ცხოვრობენ და რომლებიც არ ცხოვრობენ.
7. რა იკრძალება ებრაელების 13:4-ის თანახმად, და რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას?
7 მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანმა მხოლოდ ის არ უნდა გააკეთოს, რასაც ბიბლია პირდაპირ კრძალავს. მაგალითად, ბიბლია არაორაზროვნად ამბობს: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4). იმათაც კი, ვინც ქრისტიანი არ არის და ვინც საერთოდ არ იცნობს ბიბლიას, ეს მუხლი იმ დასკვნამდე მიიყვანს, რომ მრუშობას არანაირი გამართლება არა აქვს. სხვა ბიბლიური მუხლებიც აჩვენებს, რომ ღმერთი განსჯის კანონიერი მეუღლის გარდა სხვასთან სქესობრივ კავშირს. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას ორ დაუქორწინებელ ადამიანს შორის ორალურ სექსზე? ბევრი მოზარდი ამბობს, რომ ამაში არასწორი არაფერია, რადგან ორალური სექსი არ არის სქესობრივი კავშირი. მაგრამ შეიძლება ქრისტიანმა მოუძებნოს გამართლება ორალურ სექსს?
8. რით განსხვავდება ქრისტიანების თვალსაზრისი ქვეყნიერების თვალსაზრისისგან ორალურ სექსთან დაკავშირებით?
8 როგორც ებრაელების 13:4-დან და 1 კორინთელების 6:9-დან ვხედავთ, ღმერთი არ იწყნარებს არც მრუშობას და არც სიძვას (ბერძნულად პორნია). რას გულისხმობს პორნია? სასქესო ორგანოების ბუნებრივი თუ არაბუნებრივი გზით გამოყენებას გარყვნილების ჩასადენად. ამაში იგულისხმება ნებისმიერი სახის უკანონო სქესობრივი კავშირი, მათ შორის ორალური სექსი. თუმცა მოზარდების უმეტესობა დააჯერეს ან თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ორალური სექსი დასაშვებია. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იზიარებენ „ყბედებისა და ცბიერების“ თვალსაზრისს (ტიტე 1:10). ისინი ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ; არ ამართლებენ ორალურ სექსს, რადგან ბიბლიიდან იციან, რომ ეს არის სიძვა, პორნია, და სინდისსაც შესაბამისად განსწავლიანa (საქმეები 21:25; 1 კორინთელები 6:18; ეფესოელები 5:3).
სხვადასხვა სინდისი და სხვადასხვა გადაწყვეტილება
9. თუ „ყველაფერი სუფთაა“, რა როლი უნდა ითამაშოს სინდისმა?
9 რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში, როცა თქვა, სუფთასთვის ყველაფერი სუფთააო? პავლე იმ ქრისტიანებს გულისხმობდა, რომლებმაც თავიანთი აზროვნება და შინაგანი ხმა ღვთის თვალსაზრისს შეუსაბამეს. ასეთმა ქრისტიანებმა იციან, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ბიბლია პირდაპირ არაფერს ამბობს. ამიტომ მათ შეუძლიათ სხვადასხვანაირი გადაწყვეტილება მიიღონ. ისინი კრიტიკული თვალით კი არ უყურებენ იმას, რასაც ღმერთი არ განსჯის, არამედ „სუფთად“ მიიჩნევენ. ისინი არ მოელიან, რომ როგორც თავად თვლიან სწორად, სხვებიც ისე მოიქცევიან იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბიბლია პირდაპირ არაფერს ამბობს.
10. რა პრობლემა შეიძლება წარმოშვას საქორწილო ან დაკრძალვის ცერემონიალმა?
10 ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც მეუღლეთაგან ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანია, მეორე კი — არა (1 პეტრე 3:1; 4:3). ეს შეიძლება სხვადასხვა პრობლემის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნათესავის ქორწილს ან დაკრძალვას. დავუშვათ, ქმარი ბოლომდე არ იზიარებს ქრისტიანი ცოლის რწმენას. შესაძლოა ქმრის ნათესავი ქორწინდება და საქორწილო ცერემონიალი ეკლესიაში უნდა ჩატარდეს (ანდა მაგალითად, ქმრის მშობელი ან რომელიმე ნათესავი გარდაიცვალა და დაკრძალვის ცერემონიალიც ეკლესიაში ტარდება). ქმარს სურს, რომ ცოლი გვერდით ჰყავდეს. რას უკარნახებს ცოლს სინდისი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს? მოვიყვანოთ ორი შემთხვევა.
11. რას ითვალისწინებს ქრისტიანი ცოლი, როდესაც წყვეტს, დაესწროს თუ არა ეკლესიაში საქორწილო ცერემონიალს, და რა დასკვნამდე მიდის?
11 ვნახოთ პირველი შემთხვევა. ნინოს სერიოზულად აფიქრებს ერთი ბიბლიური მითითება: ‘გამოდით დიდი ბაბილონიდან’ ანუ ცრუ რელიგიური სამყაროდან (გამოცხადება 18:2, 4). ის ადრე იმ ეკლესიის მრევლის წევრი იყო, სადაც დაგეგმილი საქორწილო ცერემონიალი უნდა ჩატარდეს. ნინომ იცის, რომ ცერემონიალის დროს ყველა დამსწრემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ლოცვაში, გალობასა და სხვა რელიგიურ რიტუალებში. ამიტომ გადაწყვეტილებას იღებს, რომ მონაწილეობა არ მიიღოს და ჯობია, საერთოდ არ დაესწროს ცერემონიალს, რადგან ზეგავლენის გამო შეიძლება ერთგულება ვერ შეინარჩუნოს. ნინო პატივს სცემს ქმარს და უნდა, ყოველთვის ოჯახის მეთაურის გვერდით იყოს. მაგრამ არ სურს, რომ კომპრომისზე წავიდეს და რომელიმე ბიბლიური პრინციპი დაარღვიოს (საქმეები 5:29). ამიტომ ტაქტიანად უხსნის მეუღლეს, რომ ის რომც დაესწროს ცერემონიალს, თვითონ ვერ დაესწრება. ნინო ეუბნება ქმარს, რომ თუ დაესწრება ცერემონიალს, მაგრამ მონაწილეობას არ მიიღებს, ქმარმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს; ამიტომ უკეთესი იქნება, რომ ქმრის გულისთვის საერთოდ არ დაესწროს. ასეთი გადაწყვეტილებით ცოლი სუფთა სინდისს ინარჩუნებს.
12. რაზე უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი, ვიდრე გადაწყვეტს, დაესწროს თუ არა საქორწილო ცერემონიალს ეკლესიაში?
12 ახლა ვნახოთ მეორე შემთხვევა. ეკაც მსგავსი დილემის წინაშე დგას. ისიც პატივს სცემს მეუღლეს, ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებს და ბიბლიით განსწავლული სინდისით მოქმედებს. ეკაც აანალიზებს იმ საკითხებს, რაზეც ნინო ფიქრობდა. ამავე დროს კითხულობს „მკითხველთა შეკითხვებს“ (2002 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“). მას აგრეთვე ახსოვს სამი ებრაელის შემთხვევა, რომლებიც ბრძანებას დაემორჩილნენ და მივიდნენ იმ ადგილას, სადაც კერპი იყო აღმართული, მაგრამ კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობა არ მიუღიათ (დანიელი 3:15—18). ამიტომ ეკა გადაწყვეტილებას იღებს, წაჰყვეს ქმარს, მაგრამ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა არ მიიღოს. ასეთი გადაწყვეტილებით ეკა სუფთა სინდისს ინარჩუნებს. ის ტაქტიანად, მაგრამ გასაგებად უხსნის მეუღლეს, თუ რის ნებას რთავს სინდისი და რის ნებას — არა. ეკას იმედი აქვს, რომ მისი ქმარი დაინახავს სხვაობას ჭეშმარიტსა და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის (საქმეები 24:16).
13. რატომ არ უნდა გაგვაკვირვოს იმან, თუ ორი ქრისტიანი სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებს?
13 ვინაიდან ორივე ქრისტიანი სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებს, ნიშნავს ეს იმას, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქრისტიანი, ან ერთ-ერთ მათგანს რომ კარგად განსწავლული სინდისი არა აქვს? არა. სარიტუალო ნივთების დანახვა და საგალობლების მოსმენა ნინოსთვის შეიძლება საცდური აღმოჩნდეს. გარდა ამისა, მას ახსოვს ის შემთხვევები, როდესაც მეუღლე დაჟინებით სთხოვდა, მონაწილეობა მიეღო რელიგიურ რიტუალებში. შეიძლება ამანაც უარყოფითად იმოქმედოს ნინოს სინდისის ხმაზე. ამიტომ ნინო დარწმუნებულია, რომ ეს მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
14. რა უნდა ახსოვდეთ ქრისტიანებს, როდესაც საკითხი პირად გადაწყვეტილებას ეხება?
14 არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო ეკამ? ასეთი დასკვნის გაკეთება არ იქნებოდა სწორი. არავინ უნდა განსაჯოს ან გააკრიტიკოს ეკა იმისათვის, რომ გადაწყვიტა, დაესწროს საეკლესიო ცერემონიალს, მაგრამ არანაირი მონაწილეობა არ მიიღოს. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, როდესაც ვინმე პირადად წყვეტს, რა ჭამოს და რა არ ჭამოს: „ვინც ჭამს, ზემოდან ნუ დაუწყებს ყურებას იმას, ვინც არა ჭამს; და ვინც არა ჭამს, ნუ გაასამართლებს იმას, ვინც ჭამს . . . დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა. ის არ წაიქცევა, რადგან იეჰოვას წყალობით დგას“ (რომაელები 14:3, 4). რა თქმა უნდა, არც ერთ ქრისტიანს არ ენდომება, რომ ვინმეს სინდისის ხმის უგულებელყოფისკენ უბიძგოს. ასეთი საქციელი იმ სასიგნალო ხმის ჩახშობის ტოლფასი იქნება, რომელმაც ადამიანი შეიძლება საფრთხისგან იხსნას.
15. რატომ უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად სხვების სინდისსა და გრძნობებს?
15 განვაგრძოთ მსჯელობა. ორივე ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ის, თუ როგორ იმოქმედებს მიღებული გადაწყვეტილება სხვებზე. პავლე მოციქული გვირჩევს: „მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ძმას არ დავუდოთ დაბრკოლების ლოდი ან ფეხწამოსაკრავი“ (რომაელები 14:13). ნინოს შეიძლება ახსოვს, რომ მსგავსმა სიტუაციებმა კრებასა თუ ოჯახში დიდი გაუგებრობა გამოიწვია. თუ ის საეკლესიო რიტუალს დაესწრება, ამან შეიძლება მის ბავშვებზე უარყოფითად იმოქმედოს. ამისგან განსხვავებით, ეკამ იცის, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს არ მოჰყოლია უარყოფითი რეაქცია კრებასა თუ სამეზობლოში. როგორც ორივე ქრისტიან დას, ისე ჩვენც, უნდა გვესმოდეს, რომ სხვების გრძნობების გათვალისწინებაში სწორად განსწავლული სინდისი გვეხმარება. იესომ თქვა: „ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, იმისთვის უმჯობესია, კისერზე დოლაბი დაჰკიდონ და შუა ზღვაში ჩაძირონ“ (მათე 18:6). თუ ადამიანი ზერელედ ეკიდება სხვების დაბრკოლების საკითხს, ზოგიერთი კრეტელის მსგავსად მას შეიძლება სინდისი გაუუხეშდეს.
16. დროთა განმავლობაში რა უნდა შეიმჩნეოდეს ქრისტიანში?
16 ქრისტიანი ყოველთვის წინ უნდა მიიწევდეს სულიერად და უფრო და უფრო უნდა განსწავლიდეს თავის სინდისს. მაგალითად გიორგის, რომელიც ახლახან მოინათლა, სინდისი კარნახობს, რომ არაფერი გააკეთოს ისეთი, რაც ბიბლიას არ ეთანხმება, და რაშიც ადრე იღებდა მონაწილეობას. ეს შეიძლება ეხებოდეს კერპებს ან სისხლს (საქმეები 21:25). გიორგი იმასაც კი კატეგორიულად ერიდება, რაც რაღაცით ჰგავს იმას, რასაც ღმერთი კრძალავს. მაგრამ, მეორე მხრივ, უკვირს, რატომ არ აკეთებს ზოგიერთი იმას, რაც მისთვის მისაღებია. მაგალითად, რატომ არ უყურებენ გარკვეულ სატელევიზიო პროგრამებს.
17. ახსენით, როგორ არის შესაძლებელი, რომ ქრისტიანის სინდისსა და გადაწყვეტილებებზე დრომ და სულიერმა წინსვლამ იმოქმედოს.
17 რაც დრო გადის, გიორგი მეტ ცოდნას იძენს და ღმერთსაც უფრო და უფრო უახლოვდება (კოლოსელები 1:9, 10). გიორგის სინდისიც შესაბამისად უფრო და უფრო იწვრთნება და ახლა მეტად არის მიდრეკილი იმისკენ, რომ სინდისის ხმას მოუსმინოს და, ამავე დროს, გაითვალისწინოს ბიბლიური პრინციპები. ამის შედეგად გიორგი ხვდება, რომ ზოგი რამ, რასაც მანამდე კატეგორიულად ერიდებოდა, სინამდვილეში არ ეწინააღმდეგება ღვთის თვალსაზრისს. რაც მეტად ითვალისწინებს ბიბლიურ პრინციპებს და უსმენს კარგად განსწავლული სინდისის ხმას, მით მეტად არის აღძრული, მოერიდოს ისეთი გადაცემების ყურებას, რაც ადრე მისთვის მისაღები იყო. ასე დაიხვეწა გიორგის სინდისი (ფსალმუნი 37:31).
18. რატომაა სასიხარულო ის, რომ და-ძმები სულიერად იზრდებიან?
18 კრებებში არიან როგორც გამოცდილი, ისე ნაკლებად გამოცდილი ქრისტიანები. ზოგიერთი ახალია რწმენაში და ამიტომ ზოგ საკითხთან დაკავშირებით სინდისი მათ შეიძლება არაფერს ეუბნებოდეს, ზოგ საკითხთან დაკავშირებით კი განსაკუთრებით რეაგირებდეს. ასეთ და-ძმებს სჭირდებათ დრო და დახმარება, რათა მიჰყვნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას და მოუსმინონ განსწავლული სინდისის ხმას (ეფესოელები 4:14, 15). საბედნიეროდ, კრებებში ბევრნი არიან ისეთი და-ძმებიც, ვისაც ბიბლიური პრინციპების ღრმა ცოდნა და მათი გამოყენების გამოცდილება აქვს, და მათი სინდისიც ღვთის თვალსაზრისის თანახმად მოქმედებს. მართლაც სასიხარულოა, როდესაც ირგვლივ ასეთი ‘სუფთა ადამიანები’ გვყავს, რომელთათვისაც ზნეობრივი თუ სულიერი თვალსაზრისით სუფთაა ის, რაც უფლისთვის მოსაწონია (ეფესოელები 5:10). დაე, თითოეული ჩვენგანის მიზანი ის იყოს, რომ სულიერად გავიზარდოთ და შევინარჩუნოთ ისეთი სინდისი, რომელიც „ღვთისადმი ერთგულებითა“ და „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნით“ იქნება განსწავლული (ტიტე 1:1).
[სქოლიო]
a დამატებითი ინფორმაცია ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ 1983 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 30, 31 (ინგლ.).
-