საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად რეალურია, რომ ვიყოთ კმაყოფილები?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ნოემბერი
    • რამდენად რეალურია, რომ ვიყოთ კმაყოფილები?

      „კმაყოფილება ღარიბს ამდიდრებს, უკმაყოფილება კი მდიდარს აღარიბებს“ (ბენჯამინ ფრანკლინი).

      ამ ანდაზისა არ იყოს, ბევრი მიხვდა, რომ კმაყოფილებას ფულით ვერ იყიდი. გასაკვირი არ არის, რომ კმაყოფილების მიღწევა ანუ სიამოვნების შინაგანი განცდა, შეუძლებელი ჩანს მსოფლიოში, რომელიც მომხვეჭელობისა და მწვერვალების დაპყრობისკენ გვიბიძგებს და მოგვიწოდებს, სხვებს არ ჩამოვრჩეთ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენზეც ხომ არ ახდენს გავლენას?

      • რეკლამის მწარმოებლებისგან გამუდმებით გვესმის, რომ თუ გვინდა კმაყოფილი ვიყოთ, მათი პროდუქცია უნდა შევიძინოთ.

      • სამსახურებსა თუ სკოლებში არსებული კონკურენცია გვიბიძგებს, საკუთარი თავი სხვებს შევადაროთ.

      • ადამიანები ნაკლებად აფასებენ იმას, რასაც მათთვის აკეთებენ.

      • ჩვენში შურის გრძნობა რომ გამოიწვიონ, მეგობრები ტრაბახობენ იმით, რაც აქვთ.

      • უპასუხოდ რჩება ის უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ეხება.

      ზემოთქმულიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია კმაყოფილების მიღწევა? მოციქულმა პავლემ იცოდა, რაში იყო კმაყოფილების საიდუმლო. ზოგჯერ ის სიუხვეში ცხოვრობდა, ზოგჯერ — სიდუხჭირეში. მეგობრები აფასებდნენ მას, სხვები კი დასცინოდნენ. მიუხედავად ამისა, მან თქვა: „ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო“ (ფილიპელები 4:11, 12, კურსივი ჩვენია).

      კმაყოფილება უცხოა მათთვის, ვისაც არასოდეს უცდია მისი მიღწევა. მაგრამ როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, კმაყოფილების მიღწევას სწავლა სჭირდება. ახლა გიწვევთ, ერთად განვიხილოთ ხუთი ბიბლიური რჩევა, რომელიც კმაყოფილების მიღწევაში დაგვეხმარება.

  • გიყვარდეთ ადამიანები და არა ფული და ქონება
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ნოემბერი
    • რჩევა 1

      გიყვარდეთ ადამიანები და არა ფული და ქონება

      რას გვეუბნება ბიბლია? „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმოთე 6:10).

      ხელის შემშლელი ფაქტორი. რეკლამის მწარმოებლები გვარწმუნებენ, არ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს. მათ სურთ, რაც შეიძლება ბევრი ვიმუშაოთ, რომ უახლესი, უკეთესი და ძვირად ღირებული ნივთები შევიძინოთ. ფული მაცდურია და თავს ადვილად გვაყვარებს. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს, რომ სიმდიდრის მოყვარული კმაყოფილი ვერასოდეს იქნება. მეფე სოლომონმა დაწერა: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:10).

      რა შეგიძლიათ გააკეთოთ? მიჰბაძეთ იესოს და ნივთებზე მეტად ადამიანები შეიყვარეთ. იესო მზად იყო, ადამიანების გულისთვის ყველაფერი გაეღო, თვით სიცოცხლეც კი (იოანე 15:13). მან თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). თუ სხვებს დროს დავუთმობთ და მატერიალურად დავეხმარებით, ისინიც იმავეს გააკეთებენ. „გაეცით და მოგეცემათ“, — თქვა იესომ (ლუკა 6:38). ფულისა და ქონების მოყვარულებმა საკუთარ თავს მრავალი ტკივილი და ტანჯვა მიაყენეს (1 ტიმოთე 6:9, 10). ამის საპირისპიროდ, ნამდვილ კმაყოფილებას ადამიანი მაშინ განიცდის, როცა უყვარს და უყვართ.

      იქნებ გეფიქრათ ცხოვრების გამარტივებაზე. მაგალითად, ხომ არ შეამცირებდით თქვენი ნივთების რაოდენობას ან საყიდლების სიას? თუ ასე მოიქცევით, უფრო მეტი დრო და ენერგია დაგრჩებათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ამ საქმეებში შედის ის, რომ დაეხმაროთ ადამიანებს და ემსახუროთ ღმერთს, რომელმაც ყველაფერი მოგცათ, რაც გაგაჩნიათ (მათე 6:24; საქმეები 17:28).

      [სურათი 4 გვერდზე]

      „გაეცით და მოგეცემათ“

  • იყავით მადლიერნი
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ნოემბერი
    • რჩევა 3

      იყავით მადლიერნი

      რას გვეუბნება ბიბლია? „ყველაფრისთვის მადლობლები იყავით“ (1 თესალონიკელები 5:18).

      ხელის შემშლელი ფაქტორი. ჩვენ ქედმაღალი და უმადური ადამიანების გარემოცვაში ვცხოვრობთ და ადვილი შესაძლებელია, მათნაირები გავხდეთ (2 ტიმოთე 3:1, 2). გარდა ამისა, სულ უფრო და უფრო მეტ საქმეს ვეჭიდებით და ისედაც დაძაბულ ცხოვრებას კიდევ უფრო ვირთულებთ. პრობლემებმა შეიძლება ისე დაგვამძიმოს, ან საკუთარ თავზე ფიქრმა იმდენად მოგვიცვას, რომ დრო აღარ დაგვრჩეს, დავაფასოთ ის, რაც უკვე გვაქვს, ან მადლიერება გამოვხატოთ იმისთვის, რასაც სხვები ჩვენთვის აკეთებენ.

      რა შეგიძლიათ გააკეთოთ? იფიქრეთ იმ კარგზე, რაც უკვე გაქვთ. შეიძლება პრობლემებმა გადაგღალათ. გავიხსენოთ მეფე დავითი. ზოგჯერ ის თავს განადგურებულად გრძნობდა, განსაცდელებისგან მას გული ჰქონდა ჩამკვდარი. მიუხედავად ამისა, ღმერთს ლოცვაში ეუბნებოდა: „ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე. სიამოვნებით ვფიქრობ შენს ნახელავზე“ (ფსალმუნი 143:3—5). განსაცდელების მიუხედავად, დავითი მადლიერი და კმაყოფილი იყო იმით, რაც ჰქონდა.

      იფიქრეთ იმაზე, რაც სხვებს თქვენთვის გაუკეთებიათ და იყავით მადლიერი. ამ მხრივ არაჩვეულებრივი მაგალითი იესომ დაგვიტოვა. მაგალითად, როცა მარიამმა იესოს ძვირად ღირებული ნელსაცხებელი სცხო თავსა და ფეხებზე, ზოგმა თქვა: „ასე უაზროდ რატომ დაიხარჯა ნელსაცხებელი?“.a კრიტიკულად განწყობილები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა ნელსაცხებლის გაყიდვა და ფულის ღარიბებისთვის დარიგება. იესომ მათ უპასუხა: „თავი დაანებეთ. რას ერჩით?“ შემდეგ დაამატა: „მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“ (მარკოზი 14:3—8; იოანე 12:3). იესოს ყურადღება იმაზე არ გაუმახვილებია, რაც მარიამმა არ გააკეთა, არამედ იმაზე გაამახვილა, რაც გააკეთა და ამისთვის მადლიერება გამოხატა.

      ზოგი ოჯახის წევრების, მეგობრების თუ სხვა რამის დაფასებას მაშინ იწყებს, როცა მათ კარგავს. ეს რომ არ მოხდეს, იფიქრეთ იმაზე, რაც ამჟამად გაქვთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ან ქაღალდზე ჩამოწეროთ ის კურთხევები, რისთვისაც მადლიერი ხართ.

      ვინაიდან „ყოველი კარგი ძღვენი“ ღვთისგან მომდინარეობს, კარგი იქნება თუ ლოცვაში ღმერთს მადლობას ვეტყვით (იაკობი 1:17). თუ ყოველთვის ასე მოვიქცევით, მადლიერების გრძნობას არ დავკარგავთ და ვისწავლით, ვიყოთ კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს (ფილიპელები 4:6, 7).

      [სქოლიო]

      a პირველ საუკუნეში სტუმრის თავზე ნელსაცხებლის ცხება სტუმართმოყვარეობის ნიშანი იყო, ხოლო ფეხებზე — თავმდაბლობის.

      [სურათი 6 გვერდზე]

      მადლიერი ხართ იმისათვის, რასაც თქვენთვის აკეთებენ?

  • ბრძნულად აირჩიეთ მეგობრები
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ნოემბერი
    • რჩევა 4

      ბრძნულად აირჩიეთ მეგობრები

      რას გვეუბნება ბიბლია? „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20).

      ხელის შემშლელი ფაქტორი. კმაყოფილები ვიქნებით თუ არა, გარკვეულწილად ჩვენს მეგობრებზეა დამოკიდებული. მათი შეხედულებები და საუბრები გავლენას ახდენს ჩვენზე (1 კორინთელები 15:33).

      გავიხსენოთ ის ბიბლიური მონაკვეთი, როცა ქანაანის მიწის დასაზვერად წასული 12 კაცი უკან დაბრუნდა. უმრავლესობა ‘ცუდს ეუბნებოდა ისრაელის ძეებს დაზვერილ მიწაზე’. ორმა კი დადებითად ილაპარაკა და თქვა: „ძალიან, ძალიან კარგი მიწაა“. მიუხედავად ამისა, 10 მზვერავის უარყოფითი განწყობა სწრაფად გადაედო მთელ ხალხს. „დიდი ხმით მოთქვამდა მთელი კრებული . . . დრტვინავდნენ ისრაელის ძეები“ (რიცხვები 13:30—14:9).

      მსგავსად ამისა, დღეს ბევრი ‘დრტვინავს და თავის ხვედრს უჩივის’ (იუდა 16). რთულია, იყო კმაყოფილი მუდამ უკმაყოფილო მეგობრების გარემოცვაში.

      რა შეგიძლიათ გააკეთოთ? დაუკვირდით, რა თემებზე საუბრობენ მეგობრები თქვენთან. ხშირად ტრაბახობენ თქვენი მეგობრები თავიანთი ქონებით, ან სულ ხომ არ წუწუნებენ, რომ რაღაცა არა აქვთ? თავად როგორი მეგობარი ხართ? ხომ არ გინდათ, რომ თქვენს მეგობრებს შურდეთ თქვენი? თუ იმისკენ მოუწოდებთ, რომ იმით დაკმაყოფილდნენ, რაც აქვთ?

      განვიხილოთ დავითისა და მეფე საულის ვაჟის, იონათანის მაგალითი. დავითი მეფე უნდა გამხდარიყო. ის უდაბნოში იყო გაქცეული და იქ ცხოვრობდა. მეფე საულმა იცოდა, რომ დავითი მისი მეტოქე იყო და მისი მოკვლა განიზრახა. მიუხედავად იმისა, რომ იონათანი წესით და რიგით საულის შემდეგ უნდა გამეფებულიყო, ის დავითის ახლო მეგობარი გახდა. იონათანმა აღიარა, რომ ღმერთმა დავითი აირჩია მომავალ მეფედ და კმაყოფილი იყო იმით, რომ მას მხარში ედგა (1 სამუელი 19:1, 2; 20:30—33; 23:14—18).

      თქვენც ისეთი მეგობრები გჭირდებათ, რომლებიც ცდილობენ, დაკმაყოფილდნენ იმით, რაც აქვთ და რომლებსაც თქვენთვის საუკეთესო სურთ (იგავები 17:17). რასაკვირველია, ასეთი მეგობრები რომ გყავდეთ, თავად უნდა ავლენდეთ მსგავს თვისებებს (ფილიპელები 2:3, 4).

      [სურათი 7 გვერდზე]

      დადებით გავლენას ახდენენ მეგობრები თქვენზე, თუ უარყოფითს?

  • დაიკმაყოფილეთ სულიერი მოთხოვნილებები
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ნოემბერი
    • რჩევა 5

      დაიკმაყოფილეთ სულიერი მოთხოვნილებები

      რას გვეუბნება ბიბლია? „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

      ხელის შემშლელი ფაქტორი. მსოფლიოში ათასობით რელიგია არსებობს, რომელთა უმეტესობა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ურთიერთგამომრიცხავ გზებს ასწავლის. როგორ უნდა გაიგოთ, რომელი რელიგია ასწავლის ჭეშმარიტებას და რომელია ღვთისთვის მოსაწონი? ზოგი ცნობილი მწერალი ირწმუნება, რომ ღვთის რწმენა და მისთვის თავის მიძღვნა უაზრობა და საზიანოც კია. ჟურნალ „მაკლინზში“ ერთი ცნობილი ათეისტის შეხედულებები ასეა შეჯამებული: „ქრისტიანული მრწამსი, რომელიც მეცნიერებისა და ჩვენი აღქმის მიღმა არსებულს ქადაგებს . . . ჩვენს ცხოვრებას აუფასურებს და მიდრეკილს გვხდის ძალადობისკენ“.

      რა შეგიძლიათ გააკეთოთ? გამოიკვლიეთ ღვთის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები (რომაელები 1:20; ებრაელები 3:4). არ დაიჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ აზრი არა აქვს ისეთ კითხვებზე პასუხების ძიებას, როგორიცაა: რატომ ვარსებობთ? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? რატომ ხდება დედამიწაზე ამდენი უბედურება? რას ითხოვს ღმერთი ჩემგან? ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მარადიულ კმაყოფილებას მოგიტანთ.

      მაგრამ ყველას ნათქვამს ბრმად ნუ ენდობით. ღვთის სიტყვა მოგიწოდებთ, გაიაზროთ და დარწმუნდეთ, რა არის ღვთისთვის მოსაწონი (რომაელები 12:1, 2). თქვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის. თუ შეისწავლით ბიბლიას და მის რჩევებს გაითვალისწინებთ, თავიდან აიცილებთ პრობლემებს, წუხილი შეგიმცირდებათ და ცხოვრება უფრო მეტ კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ეს არ არის ფუჭი სიტყვები. მილიონობით სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი ძალიან ბედნიერია, რომ გაიგო ჭეშმარიტება ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. ზოგიერთი მათგანის ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ჟურნალის მე-18—21 გვერდებზე.

      თუ ბიბლიის ბრძნულ რჩევებს გაითვალისწინებთ, ღმერთს უფრო მეტად უერთგულებთ. შეგიძლიათ ბიბლია იეჰოვას მოწმეებთან შეისწავლოთ. შესწავლის დაწყების შემთხვევაში, ალბათ, დაეთანხმებით პავლე მოციქულს, რომელმაც თქვა: „დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“ (1 ტიმოთე 6:6).

      [სურათი 8 გვერდზე]

      დარწმუნდით, რა არის ღვთისთვის მოსაწონი

  • საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებთ
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ნოემბერი
    • რჩევა 2

      საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებთ

      რას გვეუბნება ბიბლია? „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალატელები 6:4).

      ხელის შემშლელი ფაქტორი. შეიძლება საკუთარი თავის სხვებთან შედარება გვახასიათებს. ზოგჯერ თავს მათ ვადარებთ, ვისაც ჩვენზე ნაკლები აქვს, უფრო ხშირად კი მათ, ვინც ჩვენზე ძლიერი, შეძლებული ან ნიჭიერია. საკუთარი თავის სხვებთან შედარება არც ერთ შემთხვევაში არ არის კარგი. ასეთ დროს შეიძლება შეცდომით დავასკვნათ, რომ ადამიანის ღირსება იმით განისაზღვრება, რა აქვს ან რა შეუძლია. ამასთანავე, ჩვენ შეიძლება შურისა და მეტოქეობის სული განგვივითარდეს (ეკლესიასტე 4:4).

      რა შეგიძლიათ გააკეთოთ? თქვენს თავს ღვთის თვალით შეხედეთ, რაც ღირსების გრძნობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. „ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვაa კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7). იეჰოვა სხვებს არ გადარებთ; ის თქვენს გულს, ფიქრებს, გრძნობებსა და მოტივებს ამოწმებს და ამის მიხედვით გაფასებთ (ებრაელები 4:12, 13). მან იცის თქვენი შესაძლებლობები და სურს, რომ ეს თქვენც კარგად იცოდეთ. თუ საკუთარ თავს სხვებს ადარებთ, საბოლოოდ ქედმაღალი ან საკუთარი თავით მუდამ უკმაყოფილო იქნებით. ამიტომ იყავით მოკრძალებული და შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ გამოგივათ (იგავები 11:2).

      რა უნდა გააკეთოთ, რომ ღვთის თვალში დაფასებული იყოთ? წინასწარმეტყველი მიქა ღვთივშთაგონებით წერდა: „მან გითხრა, ადამიანო, რა არის კარგი. რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“ (მიქა 6:8). ამ რჩევას თუ გაითვალისწინებთ, ღმერთი იზრუნებს თქვენზე (1 პეტრე 5:6, 7). ამაზე მეტი კმაყოფილების მიზეზი კი რა უნდა იყოს?!

      [სქოლიო]

      a ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის სახელი.

      [სურათი 5 გვერდზე]

      იეჰოვა იმით გვაფასებს, რაც გულში გვაქვს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება