რატომ აკეთებენ ისინი ამას?
ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში კონგრესებზე იეჰოვას ათასობით მოწმე იყრის თავს. მათ სიამოვნებთ აქ თანამორწმუნეებთან ურთიერთობა და ბიბლიური სწავლების შესანიშნავი პროგრამის მოსმენა. ზოგი დიდ ძალისხმევას ახმარს ამ კონგრესებზე დასწრებას. მაგალითად, გასულ წელს მალავიელმა 60 წელს გადაცილებულმა წყვილმა, თავიანთ შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად, კონგრესზე დასასწრებად ველოსიპედით 80 კილომეტრი გაიარეს. ისინი დილის ექვს საათზე გამოვიდნენ თავიანთი სოფლიდან და კონგრესის ადგილზე 15 საათის მერე ჩავიდნენ.
მოზამბიკში კონგრესზე დასასწრებად მთელი ჯგუფი სამი დღის განმავლობაში ველოსიპედით მგზავრობდა. ერთხელ, როდესაც ისინი ღია ცის ქვეშ ღამის გასათევად შეჩერდნენ, სულ ახლოდან ლომების ღრიალი შემოესმათ. მიუხედავად იმისა, რომ მხეცებს ცეცხლმოკიდებულ შეშას ესროდნენ, ლომებს გარიჟრაჟამდე ფეხი არ მოუცვლიათ. იმავე კონგრესზე მიმავალი კიდევ ერთი მოწმე გზაზე პირისპირ შეეჩეხა ლომს. ის მშვიდად შეჩერდა და ლომის წასვლამდე არ განძრეულა. კონგრესზე ეს მოწმეები ხალისიანად ყვებოდნენ, თუ როგორ ‘დააღწიეს თავი ლომის ხახას’ (2 ტიმოთე 4:17).
იეჰოვას მრავალი მოწმე დიდ ძალისხმევას ახმარს თაყვანისცემის მიზნით კონგრესებზე და ზოგჯერ კრების ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასწრებასაც კი. რატომ? მომდევნო სტატიები დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რატომ არის ერთად შეკრება ასე მნიშვნელოვანი.