საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად კორუმპირებულია დღევანდელი მსოფლიო?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ოქტომბერი
    • რამდენად კორუმპირებულია დღევანდელი მსოფლიო?

      „ჩვენი ფირმა ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებას ემსახურება. გაწეული სამსახურის ანაზღაურების მისაღებად ხანდახან ორი-სამი თვე გვიწევს ლოდინი. ამას წინათ ამ დაწესებულების ერთი წარმომადგენელი დამიკავშირდა და შემომთავაზა, რომ თუ გარკვეულ თანხას ქრთამის სახით მივცემდით, ჩვენი ფირმა კუთვნილ ანაზღაურებას დროულად მიიღებდა“, — ამბობს ჯონი.a

      გამხდარხართ ოდესმე კორუფციის მსხვერპლი? შესაძლოა მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილხართ, მაგრამ კორუფციის მსხვერპლი მაინც გამხდარხართ.

      ანტიკორუფციული ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, მიერ გამოქვეყნებული 2011 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“b თანახმად, კორუფციის დონე 183 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე 10-ბალიანი სისტემით შეფასდა და აღმოჩნდა, რომ მათგან ნახევარზე მეტი 5 ბალს ქვემოთ მოხვდა [0 (ყველაზე კორუმპირებული) — 10 (ყველაზე არაკორუმპირებული)]. ამავე ორგანიზაციის მიერ 2009 წელს ჩატარებულმა კვლევებმა სავალალო რეალობა გამოააშკარავა: „ნათელია, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა, სრულად აღმოფხვრას კორუფცია“.

      „კორუფცია მინიჭებული უფლებამოსილების საკუთარი მიზნისთვის გამოყენებაა. მისი მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი ხდება, რომელთა სიცოცხლე და ბედნიერება სწორედ უფლებამოსილ პირთა პატიოსნებაზეა დამოკიდებული“, — „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

      ზოგ შემთხვევაში კორუფციის შედეგები შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მაგალითად, ჟურნალი „ტაიმი“ იუწყება, რომ გარკვეულწილად სწორედ „კორუფციასა და გულგრილობას“ მიუძღვის წვლილი იმაში, რომ 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ამდენი ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე ჟურნალი „ტაიმი“ დასძენს: „შენობები არ იყო სათანადოდ დაპროექტებული და არც ექსპლუატაციის უფლების მისაღებად საჭირო შემოწმება ჰქონდა გავლილი, რადგან ეს საკითხები ქრთამით მოგვარდა“.

      შესაძლებელია თუ არა, რომ კორუფციას ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, კორუფციის გამომწვევ მიზეზებზე უნდა ვიმსჯელოთ. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში.

      a სახელი შეცვლილია.

      b «„კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნები რანგირებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება ამა თუ იმ ქვეყნის საჯარო სექტორი» („საერთაშორისო გამჭვირვალობა“).

  • დღემდე რატომ ვერ აღმოიფხვრა კორუფცია?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ოქტომბერი
    • დღემდე რატომ ვერ აღმოიფხვრა კორუფცია?

      „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).

      ზემოთ მოყვანილი სიტყვები საუკეთესოდ აღწერს ადამიანთა მმართველობას. თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ, მმართველები არაერთხელ გამხდარან თავიანთ ქვეშევრდომთა ენით აუწერელი ტანჯვისა და უბედურების მიზეზი. ნებისმიერ ეპოქაში ადამიანებს, რომლებიც ხალხის კეთილდღეობით იყვნენ დაინტერესებული და ცდილობდნენ, სამართლიანი მმართველობის ფორმა შეექმნათ, სიხარბე და მექრთამეობა უკრავდათ ხელ-ფეხს. რატომ ვერ აღმოიფხვრა დღემდე კორუფცია? ამას, ძირითადად, ქვემოთ მოყვანილი სამი მიზეზი უშლის ხელს.

      1. ცოდვა

      ბიბლიაში ნათლადაა ნათქვამი, რომ „ცოდვის ქვეშ“ ვართ (რომაელები 3:9). უკურნებელი სენის მსგავსად, ცოდვა ჩვენში „მკვიდრობს“. ათასწლეულებია, ცოდვა „მეფობს“ ადამიანებზე. მისი „კანონი“ კვლავაც ჩვენშია. სწორედ ცოდვილი მიდრეკილებების გამოა, რომ ბევრი პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს აყენებს და ნებისმიერ ფასად ცდილობს ქონების მოხვეჭასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას (რომაელები 5:21; 7:17, 20, 23, 25).

      2. ბოროტი ქვეყნიერება

      დღევანდელ ქვეყნიერებაში სიხარბე და ეგოიზმი ჩვეულებრივი რამ არის. ასეთ გარემოში ზოგისთვის ადვილი არ არის, იყოს განსხვავებული. ადამიანებს ამბიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძლიერ სურვილს აღუძრავს. გარდა ამისა, მათ სულ უფრო და უფრო მეტი ფულისა და ქონების მოხვეჭის სურვილი უჩნდებათ. სამწუხაროდ, ამ მიზანს რომ მიაღწიონ, ისინი უპატიოსნოდ იქცევიან. იმის მაგივრად, რომ ასეთ ზეგავლენას წინ აღუდგნენ, ისინი „უმრავლესობას ბოროტებაში“ ჰყვებიან (გამოსვლა 23:2).

      3. სატანა ეშმაკი

      სატანას, მეამბოხე სულიერ ქმნილებას, „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9). მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, როცა ადამიანებს თავის ნებაზე ატარებს. მან შეიძლება მზაკვრულად გამოიყენოს ადამიანებში ჩადებული მოთხოვნილება, იცხოვრონ კომფორტულად და უზრუნველად, და უპატიოსნობისკენ უბიძგოს.

      ნიშნავს ეს იმას, რომ მარიონეტებივით ვართ სატანის ხელში და წინააღმდეგობის გაწევა არ შეგვიძლია? ამაზე პასუხს შემდეგი სტატია გაგვცემს.

  • შესაძლებელია პატიოსნების შენარჩუნება კორუმპირებულ მსოფლიოში?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ოქტომბერი
    • შესაძლებელია პატიოსნების შენარჩუნება კორუმპირებულ მსოფლიოში?

      „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).

      მართალია, ცოდვილი ბუნება, ქვეყნიერება და სატანა ეშმაკი ჩვენზე დიდ ზეწოლას ახდენს, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა მაინც შეგვიძლია. ამაში ღმერთთან დაახლოება და დროში ნაცადი ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება დაგვეხმარება. განვიხილოთ ორი მაგალითი.

      ბიბლიური პრინციპი: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“ (რომაელები 12:2).

      რეალური შემთხვევა: გილიერმო წარმატებული ბრაზილიელი ბიზნესმენია. ის აღიარებს, რომ არ არის ადვილი, იყო პატიოსანი. „ბიზნესმენი შეიძლება ადვილად გაეხვიოს უპატიოსნო საქმეში, რადგან იძულებულია, დაემორჩილოს კომპანიის ხელმძღვანელობას ან გაუძლოს კონკურენციას. — ამბობს იგი. — ბევრი ჩვეულებრივ რამედ მიიჩნევს ქრთამის მიცემასა თუ აღებას. როცა ახალ ბიზნესს იწყებ და დიდია ფულის დაკარგვის ალბათობა, ადვილი არ არის პატიოსნების შენარჩუნება“.

      მიუხედავად ამისა, გილიერმომ შეძლო, დარჩენილიყო პატიოსანი. ის ამბობს: „მაშინაც კი, თუ ბიზნესის წამოწყება გიხდება გარემოში, სადაც არაფერზე იხევენ უკან, პატიოსნების შენარჩუნება მაინც შესაძლებელია. აუცილებელია გქონდეს მტკიცე ზნეობრივი ფასეულობები. ბიბლია დამეხმარა, დამეფასებინა პატიოსნება. პატიოსან ადამიანს სუფთა სინდისი და ღირსების გრძნობა აქვს და შინაგან სიმშვიდეს გრძნობს. ასეთი ადამიანი გარშემომყოფებზე დადებითად მოქმედებს“.

      ბიბლიური პრინციპი: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმოთე 6:9, 10).

      რეალური შემთხვევა: ანდრე იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც სხვადასხვა ფირმებს ემსახურება და უსაფრთხოების სისტემებს აყენებს. მათი მომსახურებით ერთ-ერთი დიდი საფეხბურთო კლუბი სარგებლობს. ერთხელ, მატჩის შემდეგ, ანდრე ამ კლუბის ადმინისტრაციულ ოფისში მივიდა და შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა. ბუღალტერია ჯერ კიდევ სალაროებიდან შემოსული გაყიდული ბილეთების თანხას ითვლიდა. რადგანაც უკვე გვიანი იყო, მენეჯერმა ნაჩქარევად გაუსწორა ანგარიში ყველას, მათ შორის ანდრეს.

      იგი ყვება: „შინ დაბრუნებისას შევნიშნე, რომ მენეჯერს თანხა გადმოეყოლებინა. იგი ვერასდროს შეიტყობდა, ვის მისცა ზედმეტი თანხა. მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ამ საწყალ კაცს საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა ამ თანხის დაფარვა. ამიტომ, გადავწყვიტე, უკან დამებრუნებინა ფული. ამ კაცამდე რომ მიმეღწია, ფეხბურთის გულშემატკივართა რიგები უნდა გამერღვია. მენეჯერი განცვიფრდა. მისთვის არავის არასდროს დაებრუნებინა ფული.

      ასეთმა პატიოსნებამ მენეჯერი ჩემ მიმართ პატივისცემით განაწყო და მის თვალში ნდობა მოვიპოვე. მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა, მაგრამ ამ საფეხბურთო კლუბს ძველი კონტრაქტორებიდან მეღა შემოვრჩი. ბედნიერი ვარ, რომ ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრებამ კარგი რეპუტაცია შემიქმნა“.

      ღვთის დახმარებით მართლაც შეგვიძლია წინ აღვუდგეთ კორუმპირებული ქვეყნიერების გავლენას! მაგრამ დღევანდელ საზოგადოებაში ცალკეული ადამიანები ვერ შეძლებენ კორუფციის ამოძირკვას. მიზეზი იმდენად სერიოზულია, რომ არასრულყოფილი ადამიანები საკუთარი ძალით ვერასდროს გადაჭრიან ამ პრობლემას. ნიშნავს ეს იმას, რომ კორუფცია არასდროს აღმოიფხვრება? ამ სერიის ბოლო სტატია ამ კითხვაზე ბიბლიიდან გაგვცემს პასუხს.

  • კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება!
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ოქტომბერი
    • კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება!

      „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი . . . დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმუნი 37:34)

      თქვენც სხვებივით ხომ არ შიშობთ, რომ კორუფცია ყოველთვის იარსებებს და არასდროს აღმოიფხვრება? თუ ასეა, თქვენი შიში ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. ისტორიის მანძილზე ადამიანებმა მმართველობის ყველანაირი ფორმა მოსინჯეს, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ ამოძირკვა კორუფცია. შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხალხი ერთმანეთს პატიოსნად მოექცევა?

      საბედნიეროდ, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ასეთი დღე მართლაც დადგება. ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მალე ზომებს მიიღებს კორუფციის წინააღმდეგ, რომელსაც ასე ღრმად აქვს ფესვი გადგმული მთელ მსოფლიოში. როგორ მიაღწევს ის ამას? თავისი სამეფოს, ზეციერი ხელისუფლების, მეშვეობით ღმერთი სრულიად გარდაქმნის მსოფლიოს. ეს სწორედ ის სამეფოა, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, რომ ელოცათ. იესო ამ ლოცვაში, რომელიც „უფლის ლოცვის“ ან „მამაო ჩვენოს“ სახელითაა ცნობილი, ამბობს: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება . . . დედამიწაზე“ (მათე 6:10).

      ამ სამეფოს მმართველის, იესო ქრისტეს, შესახებ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს“ (ფსალმუნი 72:12—14). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესოს ებრალება ყველა, ვინც კორუფციის მსხვერპლი გახდა. ის იმოქმედებს ჩაგრულთა დასახსნელად! განა არ გვანუგეშებს ამის ცოდნა?!

      ღვთის სამეფოს თანამგრძნობი და ძლევამოსილი მეფის მეშვეობით ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვება კორუფცია. როგორ გააკეთებს იგი ამას? ის აღმოფხვრის კორუფციის გამომწვევ სამივე მიზეზს.

      ცოდვა

      დღეს ყველა ვებრძვით ცოდვილ მიდრეკილებებს, რომლებიც ეგოიზმისკენ გვიბიძგებს (რომაელები 7:21—23). საბედნიეროდ, დღესაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სწორად იქცევიან. მათ სწამთ, რომ იესოს მიერ დაღვრილ სისხლს ხსნის ძალა აქვს, რის წყალობითაც ეპატიებათ ცოდვები (1 იოანე 1:7, 9).a იეჰოვამ ასეთი ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარული გამოავლინა, რის შესახებაც იოანეს 3:16-ში ვკითხულობთ: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.

      ერთგულთათვის იეჰოვა მართლაც სასწაულს მოახდენს. ახალ ქვეყნიერებაში ის ცოდვის ყოველგვარ კვალს წაშლის და ნელ-ნელა ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანს, რის შედეგადაც ისინი მის თვალში მართლები გახდებიან (ესაია 26:9; 2 პეტრე 3:13). ცოდვა აღარ იბატონებს ჩვენზე და მეტად აღარ გვიბიძგებს უკანონობისკენ. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ერთგულნი „გათავისუფლდებიან ხრწნის მონობისგან“ (რომაელები 8:20—22).

      ბოროტი ქვეყნიერება

      სამწუხაროდ, დღეს ბევრი განზრახ სჩადის ბოროტებას. ისინი პირადი ინტერესებისთვის იყენებენ უბრალო და ღარიბ ხალხს და სხვებსაც თავის გავლენაში აქცევენ, რომ ისინიც მათსავით უპატიოსნოდ მოიქცნენ. ბიბლია ასეთებს აფრთხილებს: „მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები“. თუ ასეთი უკანონობის მოქმედნი მოინანიებენ, ღმერთი ჰპირდება მათ, რომ მრავალ ცოდვას მიუტევებს (ესაია 55:7).

      ვინც არ შეიცვლება, ღმერთს სხვა გზა არ ექნება და მათი განადგურება მოუწევს. ღვთის სამეფოს მეშვეობით ბიბლიური დანაპირები რეალობად იქცევა: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი . . . დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმუნი 37:34).b გამოუსწორებელი ბოროტები მოისპობიან, ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები აღარასოდეს გახდებიან თაღლითობის მსხვერპლი.

      სატანა ეშმაკი

      ყველაზე დიდი ცოდვილი სატანა ეშმაკია. საბედნიეროდ, მალე იეჰოვა შებოჭავს მას და ვეღარ მოახდენს ადამიანებზე გავლენას. ბოლოს კი ღმერთი გაანადგურებს სატანას. ეს საშინელი მტარვალი მეტად ვეღარ მოაქცევს ადამიანებს თავის გავლენაში და მეტად ვეღარ უბიძგებს უპატიოსნობისკენ.

      კორუფცია რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება, აუხდენელი ოცნება არ არის. თქვენ შეიძლება იკითხოთ: ძალუძს ღმერთს ამხელა ცვლილების მოხდენა? თუ ასეა, დღემდე რატომ არ ამოძირკვა კორუფცია? ეს მართლაც საინტერესო კითხვებია, რაზეც ბიბლია დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვცემს.c შეგიძლიათ თავად გამოიკვლიოთ, რას ამბობს ბიბლია ახლო მომავლის შესახებ, როდესაც კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს.

      a დამატებითი ინფორმაცია იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდის შესახებ იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-5 თავში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      b ბიბლიის მიხედვით, იეჰოვა ღვთის პირადი სახელია.

      c მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავები 3, 8,  11.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება