მუსიკის ადგილი თანამედროვე თაყვანისმცემლობაში
მღერა ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. ჩვენს მღერას შეუძლია სიამოვნება მოგვანიჭოს ჩვენ და ჩვენს შემოქმედს. მისი საშუალებით შეგვიძლია ნათლად გამოვხატოთ ემოციები — მწუხარებაცა და სიხარულიც. უფრო მეტიც, შეგვიძლია გამოვთქვათ სიყვარული, თაყვანისცემა და ქება სიმღერის დამფუძნებლის, იეჰოვას, მიმართ.
მუსიკასთან დაკავშირებული დაახლოებით სამასი ბიბლიური მითითებიდან უმეტესი იეჰოვას თაყვანისცემას ეხება. მღერა დაკავშირებულია აგრეთვე სიხარულთან — არა მხოლოდ მათ სიხარულთან, ვინც მღერიან, არამედ იეჰოვას სიხარულთანაც. ფსალმუნმომღერალი წერდა: „უგალობონ მას. რადგან ისურვებს [„შეჰხარის“, აქ] უფალი თავის ხალხს“ (ფსალმუნი 149:3, 4).
მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია მღერა თანამედროვე თაყვანისმცემლობაში? როგორ შეუძლია დღეს იეჰოვას ხალხს, ასიამოვნოს ის მღერით? რა ადგილი უნდა ჰქონდეს მუსიკას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება თაყვანისმცემლობაში მუსიკის ისტორიის გამოკვლევა.
თაყვანისმცემლობაში მუსიკის ისტორიული ადგილი
მუსიკაზე პირველი ბიბლიური მითითება არაა მოყვანილი უშუალოდ იეჰოვას თაყვანისცემასთან დაკავშირებით. დაბადების 4:21-ში იუბალს მიეწერება ისეთი რამ, რაც შეიძლება პირველი მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონება ან, შესაძლოა, მუსიკალური პროფესიის რამე სახეობის შემოღება იყოს. როგორც არ უნდა იყოს, მუსიკა იეჰოვას თაყვანისცემის ნაწილი იყო ადამიანების შექმნამდეც კი. ბიბლიის ზოგი თარგმანი ანგელოზებს აღწერს, როგორც მომღერლებს. მაგალითად, იობის 38:7 ლაპარაკობს ანგელოზების გალობასა და ‘ყიჟინზე’. ამიტომ ბიბლიური საფუძველი არსებობს, რათა გვჯეროდეს, რომ იეჰოვას თაყვანისცემაში მღერა გამოიყენებოდა დიდი ხნით ადრე მანამდე, ვიდრე ასპარეზზე ადამიანი გამოვიდოდა.
ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ებრაული მუსიკა მხოლოდ მელოდია იყო ჰარმონიის მხარდაჭერის გარეშე. მაგრამ ქნარზე, ბიბლიაში ხშირად მოხსენიებულ ინსტრუმენტზე, შეიძლებოდა ერთდროულად ერთზე მეტი ნოტის დაკვრა. ქნარის დამკვრელებს ყურადღება უნდა მიექციათ ჰარმონიისთვის, რომლის წარმოქმნაც ინსტრუმენტზე ტონების შეწყობით შეიძლებოდა. მათი მუსიკა, უეჭველია, საკმაოდ მაღალი დონის უფრო იყო, ვიდრე უბრალო. და, ებრაული წერილების პოეტურობიდან და პროზაულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ებრაული მუსიკა მაღალი დონის იყო. რასაკვირველია, მუსიკალური ნაწარმოებებისთვის მათ ბევრად უფრო მაღალი შთაგონება ჰქონდათ, ვიდრე მეზობელ ერებს.
ძველი დროის ტაძარში არსებული ორგანიზება ითვალისწინებდა თაყვანისცემისას ისტრუმენტალური და ვოკალური მუსიკის შემცველ რთულ ღონისძიებებს (მეორე ნეშტთა 29:27, 28). იქ იყვნენ ‘ლოტბარები’, ‘მცოდნეები’, ‘მოსწავლეები’ და „მგალობელთა ლოტბარნი“ (პირველი ნეშტთა 15:21; 25:7, 8; ნეემია 12:46). მათი მაღალი დონის მუსიკალური ოსტატობის კომენტირებისას ისტორიკოსი კურტ ზაქსი წერდა: „იერუსალიმის ტაძრის მომღერალთა გუნდები და ორკესტრები მუსიკალური განათლების, ხელოვნებისა და შემეცნების მაღალ დონეზე მეტყველებს. . . თუმცა არ ვიცით, როგორ ჟღერდა ეს ძველი მუსიკა, ჩვენ მისი ძლიერი გავლენის, მაღალი ხარისხისა და ოსტატური შესრულების საკმაო მტკიცებები გვაქვს“ (The Rise of Music in the Ancient World: East and West, 1943 წელი, გვერდები 48, 101, 102). „ქებათა ქება სოლომონისა“ ებრაული ნაწარმოებების შემოქმედებითი ძალისა და ხარისხიანობის მაგალითია. ეს არის სიმღერით გადმოცემული მოთხრობა, რომელიც ოპერის ლიბრეტოს ანუ ტექსტის მსგავსია. ებრაულ ტექსტში ამ სიმღერას ეწოდება „სიმღერათა სიმღერა“, ანუ ფრიად საუკეთესო სიმღერა. ძველი დროის ებრაელებისთვის მღერა თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო. და მათ მიერ იეჰოვას ქებისას ის გარკვეული ემოციების გამოხატვის საშუალებას იძლეოდა.
პირველი საუკუნის ქრისტიანების მღერა
მუსიკა ადრინდელი ქრისტიანებისთვისაც თაყვანისმცემლობის რეგულარულ ნაწილად რჩებოდა. გარდა იმისა, რომ ზეშთაგონებული ფსალმუნები ჰქონდათ, ისინი, როგორც ჩანს, თვითონაც თხზავდნენ თაყვანისმცემლობისთვის მუსიკასა და ლირიკას, რაც პრეცედენტად იქცა თანამედროვე დროის ქრისტიანული სიმღერების შექმნისთვის (ეფესელთა 5:19). ვალდო სელდენ პრატის წიგნი „მუსიკის ისტორია“ (The History of Music) ხსნის: „მღერა საჯარო და პირადი თაყვანისმცემლობისას ადრინდელი ქრისტიანებისთვის თავისთავად ცხად რამეს წარმოადგენდა. იუდეველი პროზელიტებისთვის ეს სინაგოგის ჩვეულებების გაგრძელება იყო. . . ებრაული ფსალმუნების გარდა. . . ახალი სარწმუნოება ყოველთვის უწყობდა ხელს ახალი ჰიმნების შექმნას, პირველ ხანებში, როგორც ჩანს, რაფსოდიებისa სახით“.
რამდენადაც მღერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, როცა იესომ უფლის სერობა შემოიღო, მან და მოციქულებმა, ალბათ, ალილუია იმღერეს (მათე 26:26–30). ეს იყო იეჰოვას განმადიდებელი სიმღერები, ჩაწერილი ფსალმუნებში, რომლებსაც პასექის ზეიმობასთან დაკავშირებით მღეროდნენ (ფსალმუნები 112—117).
ცრუ თაყვანისმცემლობის გავლენა
ეგრეთ წოდებული შუა საუკუნეებისთვის რელიგიური მუსიკა სამგლოვიარო მონოტონურ მღერად იქცა. დაახლოებით ახ. წ. 200 წელს კლემენტ ალექსანდრიელმა თქვა: „ჩვენ გვჭირდება ერთი ინსტრუმენტი: წყნარი განმადიდებელი ხმა და არა ქნარები ან დაირები, ფლეიტები ან ბუკები“. დაიდო შეზღუდვები და საეკლესიო მუსიკა ვოკალით შემოიფარგლა. ეს სტილი ცნობილი გახდა, როგორც მონოტონური ან უბრალო ლიტურგიული მღერა. „კონსტანტინოპოლის კრებიდან ორმოც წელიწადზე ნაკლები ხნის შემდეგ ლაოდიკიის საეკლესიო კრებამ (ჩვ. წ. 367 წელი) აკრძალა ლიტურგიის დროს ინსტრუმენტებისა და მრევლის თანამონაწილეობა. მართლმადიდებლური მუსიკა სრულიად ვოკალური იყო“, — ამბობს წიგნი — „ჩვენი მუსიკალური მემკვიდრეობა“ (Our Musical Heritage) (კურსივი ჩვენია). ამ შეზღუდვებს არ ჰქონია საფუძველი ადრინდელ ქრისტიანობაში.
შუა საუკუნეების განმავლობაში ბიბლია უბრალო ხალხისთვის მიუწვდომელი წიგნი იყო. ქრისტიანებს, რომლებიც ბედავდნენ, ჰქონოდათ ან ეკითხათ ბიბლია, დევნიდნენ და ხოცავდნენ კიდეც. ამგვარად, გასაკვირი არაა, რომ ამ ბნელ პერიოდში ღვთის განმადიდებელი მღერა მნიშვნელოვნად დაიკარგა. ბოლოს და ბოლოს, თუ უბრალო ხალხისთვის საღვთო წერილი არ იყო ხელმისაწვდომი, როგორ ეცოდინებოდათ მათ, რომ მთლიანი ბიბლიის ერთი მეათედი ნაწილი სიმღერას წარმოადგენს? ვინ ამცნობდა მათ, რომ ღმერთმა თავის თაყვანისმცემლებს უბრძანა, ‘უგალობონ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში’? (ფსალმუნი 149:1).
მუსიკის დაბრუნება სათანადო ადგილზე თაყვანისმცემლობაში
იეჰოვას ორგანიზაციამ ბევრი რამ გააკეთა, რათა მუსიკა და მღერა თაყვანისმცემლობაში კანონიერ ადგილზე აღედგინა. მაგალითად, „სიონის საგუშაგო კოშკის“ (ინგლ.) 1896 წლის 1-ლი თებერვლის გამოცემა მხოლოდ სიმღერებისგან შედგებოდა. მისი სახელწოდება იყო „სიონის ალიონის სასიხარულო სიმღერები“.
კრების შეხვედრები 1938 წელს უმეტესწილად მღერის გარეშე ტარდებოდა. მაგრამ მალე მოციქულთა მაგალითისა და მითითების მიყოლის სიბრძნემ გაიმარჯვა. ათას ცხრაას ორმოცდაოთხი წლის საოლქო კონგრესზე ფ. უ. ფრენცმა წარმოთქვა სიტყვა „სამეფო მსახურების სიმღერა“. მან აჩვენა, რომ იეჰოვას განმადიდებელ სიმღერებს ღვთის ზეციური ქმნილებები ადამიანის შექმნამდე დიდი ხნით ადრე აღავლენდნენ, და თქვა: „ღვთისთვის მისაღები და სასიამოვნოა, რომ მისი მიწიერი მსახურები მღერიან“. თაყვანისმცემლობაში მღერის შესახებ დამამტკიცებელი საბუთის მოყვანის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ყოველკვირეულ სამსახურებრივ შეხვედრებზე გამოსაყენებლად გამოიცა „სამეფო მსახურების სიმღერების წიგნი“ (ინგლ.)b. შემდეგ 1944 წლის დეკემბრის „ინფორმატორში“ (ახლა „ჩვენი სამეფო მსახურება“) გამოქვეყნდა, რომ სხვა შეხვედრებიც დაიწყებოდა და დამთავრდებოდა სიმღერებით. მღერა კვლავ იეჰოვას თაყვანისცემის ნაწილი გახდა.
‘იეჰოვასთვის ჩვენს გულებში მღერა’
გულწრფელი მღერის ფასეულობა აჩვენეს ჩვენმა აღმოსავლეთ ევროპელმა და აფრიკელმა ძმებმა, რომლებიც წლების მანძილზე განიცდიდნენ გაჭირვებასა და დევნას. ლოტარ ვაგნერმა შვიდი წელი სამარტოო ტუსაღობაში გაატარა. როგორ გაძლო მან? „რამდენიმე კვირის განმავლობაში ვცდილობდი, გონება სამეფო სიმღერებით შემევსო. როცა ზუსტად არ ვიცოდი ტექსტი, უბრალოდ, ვთხზავდი ერთ-ორ სტროფს. . . გამამხნევებელი და აღმშენებლური აზრების რა სიმდიდრეს შეიცავს ჩვენი სამეფო სიმღერები!“ („იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“ 1974 წელი, გვერდები 226–228 [ინგლ.]).
ერთგული პოზიციის გამო სამარტოო ტუსაღობაში ხუთი წლის განმავლობაში მყოფმა ჰაროლდ კინგმა ნუგეში იეჰოვას განმადიდებელი სიმღერების შეთხზვასა და მღერაში ჰპოვა. მის რამდენიმე ნაწარმოებს იეჰოვას მოწმეები ამჟამად თავიანთ თაყვანისმცემლობაში იყენებენ. მღერასთან დაკავშირებული სიხარული გამაძლიერებელია. მაგრამ მაინცდამაინც დევნა არაა საჭირო, რომ ღვთისთვის განმადიდებელი მღერის ფასეულობაში დავრწმუნდეთ.
იეჰოვას ხალხიდან ყველას შეუძლია სიმღერაში სიხარულის პოვნა. იმის მიუხედავადაც კი, რომ შეიძლება რაღაც დაბრკოლებები გვაქვს სიტყვიერ გამოთქმაში, სიმღერაში შესაძლებელია იეჰოვასადმი ჩვენი გრძნობების თავისუფლად გამოხატვა. პავლე მოციქულმა გვიჩვენა, როგორ შეგვიძლია განმადიდებელ მღერაში სიხარულის პოვნა, როცა ქრისტიანებს მოუწოდებდა, მუდამ ‘ელაპარაკათ ერთმანეთთან ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, ემღერათ და ეფსალმუნათ უფლისთვის გულებში’ (ეფესელთა 5:19). როცა ჩვენი გულები სულიერით ივსება, ძლიერ გამოხატვას სიმღერაში ვპოულობთ. ამგვარად, გაუმჯობესებული მღერის გასაღები გულის სწორ განწყობილებაშია.
იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის ქონა ხელს უწყობს მხიარულ სულისკვეთებას და აღგვძრავს, რომ ვილაპარაკოთ, ვიმღეროთ და ხმამაღლა განვადიდოთ იეჰოვა (ფსალმუნი 145:2, 5). ჩვენ გულწრფელად ვმღერით იმაზე, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. და, თუ მოგვწონს სიმღერა ან სიმღერის სული, უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ნამდვილი გრძნობით ვიმღერებთ.
საჭირო არაა ხმამაღლა მღერა იმისთვის, რომ გრძნობით იმღერო. ხმამაღალი მღერა აუცილებლად კარგი მღერის ეკვივალენტს არ წარმოადგენს; არც მაშინ არის კარგი, როცა შეუძლებელია მღერის გაგება. ბუნებრივი რეზონანსის მქონე ზოგი ხმა გამოირჩევა იმის მიუხედავადაც კი, რომ მღერა შეიძლება წყნარი იყოს. ერთ-ერთი სირთულე ერთად კარგად მღერისთვის ჯგუფთან შეწყობის სწავლაა. ჰარმონიაში მღერი თუ უნისონში, შენს მახლობლად მდგომთა შესაფერისი შენი ხმა ხელს უწყობს სასიამოვნო და შეწყობილ სიმღერას. ქრისტიანული თავდაჭერილობა და მომსმენი ყური პიროვნებას ეხმარება, გააწონასწოროს ენთუზიაზმით მღერა და, მიუხედავად ამისა, არ ჩაიხშოს ვინმეს ხმით. მაგრამ მათ, ვინც ოსტატურად მღერის ან ვისაც არაჩვეულებრივად კარგი ხმა აქვს, არ უნდა მოაშლევინონ ხმამაღალი მღერა. ლამაზ ხმას შეუძლია დიდად შეუწყოს ხელი კრების მიერ იეჰოვას განმადიდებელ მღერას.
ჩვენს შეხვედრებზე მღერა აგრეთვე ხელს უწყობს სათანადო გარემოცვას მელოდიათა ჰარმონიული ნაწილების მღერისთვის. ისინი, ვისაც შეუძლიათ თანახმიანი მუსიკის შესრულება სმენით ან სიმღერების წიგნიდან ნოტების წაკითხვით, მოწოდებულნი არიან, ხმა შეუწყონ მღერას და სილამაზე შემატონ მუსიკასc.
ზოგი შეიძლება ამბობს: „მე ვერ ვმღერი მელოდიას“ ან „საშინელი ხმა მაქვს; მაღალ ნოტებზე მიწყდება“. ამიტომ მღერის დროს ისინი გაუბედავნი არიან, თვით სამეფო დარბაზშიც კი. ფაქტია, რომ არც ერთი ხმა, რომელიც იეჰოვას საქებრად არის აღვლენილი, მისი თვალსაზრისით, არ არის „საშინელი“. ისევე, როგორც პიროვნების სალაპარაკო ხმა შეიძლება გაუმჯობესდეს ვარჯიშითა და თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მოცემული სასარგებლო რჩევებით, ასევე შეიძლება გაუმჯობესდეს მისი მღერა. ზოგმა ხმა გაიუმჯობესა ყოველდღიური სამუშაოების შესრულების დროს უბრალო ღიღინით. ღიღინი ხელს უწყობს ინტონაციის გამოსწორებას. და ხელსაყრელ დროს, როცა მარტო ვართ ან ვმუშაობთ იქ, სადაც სხვებს არ შევაწუხებდით, სამეფოს მელოდიების მღერა ხმისთვის შესანიშნავ გავარჯიშებასა და პიროვნების გონების გამამხიარულებელ და დაძაბულობის მომხსნელ საშუალებას წარმოადგენს.
ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე მხარი დავუჭიროთ შეკრებების დროს სამეფოს რამდენიმე სიმღერის მღერას. ასეთი მღერა, რომელსაც თან ახლავს ინსტრუმენტები, როგორიცაა: გიტარა ან ფორტეპიანო, ან საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფორტეპიანოს ჩანაწერები, ჩვენს შეკრებებზე სულიერ ატმოსფეროს წარმოქმნის. ის აგრეთვე დახმარებას უწევს სიმღერების სწავლასა და კრების შეხვედრებზე მათ კარგად შესრულებას.
კრებების დასახმარებლად — შეიგრძნონ მღერის სული შეხვედრებზე — საზოგადოებამ ისინი მუსიკალური აკომპანიმენტის ჩანაწერით უზრუნველყო. მათი დაკვრის დროს ხმის გამაძლიერებელ სისტემაზე პასუხისმგებელ პიროვნებას უნდა ესმოდეს ხმის ძალა. თუ მუსიკა საკმაოდ ხმამაღალი არ არის, კრებას შეიძლება მოერიდოს ხმამაღლა მღერა. როცა ხმის გამაძლიერებელი სისტემის მარეგულირებელი ძმა კრებასთან ერთად მღერის, ის შეძლებს განსაზღვროს, წამყვანია თუ არა მუსიკა.
უმღერეთ იეჰოვას
მღერა საშუალებას გვაძლევს, შემოქმედისადმი ჩვენი გრძნობები გამოვხატოთ (ფსალმუნი 149:1, 3). ეს მხოლოდ ემოციური აგზნება კი არ არის, არამედ ქების ზომიერი, აზრიანი და სიხარულით აღსავსე გამოხატვა. კრებასთან ერთად მთელი გულით მღერას შეუძლია გონებისა და გულის სათანადო განწყობილება შეგვიქმნას პროგრამისთვის, რომელიც მას მოჰყვება, და შეუძლია აღგვძრას, უფრო მეტად მივიღოთ მონაწილეობა იეჰოვას თაყვანისცემაში. თუმცა მღერას ემოციური გავლენა აქვს, სიტყვებს შეუძლია აგრეთვე ჩვენი განსწავლა. უნისონსა და ჰარმონიაში საკუთარი თავის ამგვარი გამოვლენით ჩვენ მორჩილად და მოკრძალებულად ვამზადებთ ჩვენს გულებს, ისე რომ შეგვიძლია ვისწავლოთ ერთად, როგორც შეკრებილმა ხალხმა (შეადარე ფსალმუნი 9:38).
მღერა ყოველთვის იეჰოვას თაყვანისცემის ნაწილი იქნება. ამიტომ პერსპექტივა გვაქვს, მარადიულად გავიზიაროთ ფსალმუნმომღერლის გრძნობები: „ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ“ (ფსალმუნი 145:2).
[სქოლიოები]
a რაფსოდია არის მუსიკალური ნაწარმოები, მრავალ ქვეყანაში თავისუფალი სულით ცნობილი. ხშირად რაფსოდიები ხოტბას ასხამს გმირულ სიუჟეტებს ან პერსონაჟებს.
b პირველი კორინთელთა 14:15 გვიჩვენებს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანების თაყვანისცემაში მღერა სისტემატური თავისებურება იყო.
c მათთვის, ვისაც მრავალხმიანი მუსიკის შესრულება სიამოვნებს, დღეს არსებული სიმღერების წიგნი „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“ რამდენიმე ოთხხმიან სიმღერას შეიცავს. მაგრამ ბევრი სიმღერა ინტერპრეტირებული იქნა საფორტეპიანო აკომპანემენტისთვის და ისეთი მუსიკალური სტილი მიეცა, რომ დაცული ყოფილიყო მელოდიის საერთაშორისო საწყისები. ხმების იმპროვიზებამ ისეთი სიმღერებისთვის, რომლებშიც ოთხი ხმა არაა მოცემული, შეიძლება ბევრი შემატოს ჩვენს მღერას შეხვედრებზე.
[ჩარჩო 27 გვერდზე]
რამდენიმე რჩევა უკეთესი მღერისთვის
1. მღერის დროს მაღლა გეჭიროს სიმღერების წიგნი. ეს დაგეხმარება, უფრო თავისუფლად ისუნთქო.
2. თითოეული ფრაზის დასაწყისში ღრმად ჩაისუნთქე.
3. თავიდან პირის თავისუფალზე ოდნავ მეტი გახსნა ადვილად გაზრდის ხმის სიძლიერესა და რეზონანსს.
4. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილე იმ სიმღერის სულზე, რომელსაც მღერი.