ერიდე არასწორი მოტივების მიწერას
ცნობილმა სატელევიზიო ევანგელისტმა გესლიანი ბრალდება წაუყენა თანამქადაგებელს მრუშობის ჩადენისთვის. მაგრამ ერთ წელიწადში ბრალმდებელი ევანგელისტი მეძავთან იქნა გამოჭერილი.
სხვა შემთხვევისას ერთმა გავლენიანმა სახელმწიფომ აგენტები გაგზავნა სამშვიდობო მოლაპარაკებაში საომარი უთანხმოების შესატანად. ამასობაში იმავე ქვეყანამ მალულად გაგზავნა იარაღით მოვაჭრეები უცხო ქვეყნებში მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღის გასაყიდად.
რადგანაც აღმაშფოთებელი პირმოთნეობა ასე საყოველთაო გახდა, განა გასაკვირია, რომ სკეპტიციზმმა ფართო მასშტაბით შეცვალა ნდობა? მრავალისთვის სხვების მოტივების ეჭვის ქვეშ დაყენება ბუნებრივი ხდება.
ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა, უნდა ვიფრთხილოთ, რომ უფლება არ მივცეთ ასეთ განწყობილებას, ზეგავლენა მოახდინოს ერთგულ თანამორწმუნეებთან ჩვენს ურთიერთობაზე. თუმცა იესო ქრისტე მოგვიწოდებდა, მტრებს შორის ვყოფილიყავით „გონიერნი, როგორც გველნი“, მას არ უთქვამს, ეჭვის თვალით გვეყურებინა მისი ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის (მათე 10:16). მაშასადამე, რა საშიშროებებია სხვებისთვის არასწორი მოტივების მიწერაში? განსაკუთრებით რა სფეროებში უნდა ვიფრთხილოთ ამ მიდრეკილებისთვის თავის ასარიდებლად? და როგორ შეგვიძლია თანაქრისტიანებთან ძვირფასი ურთიერთობის დაცვა?
გაკვეთილი წარსულიდან
საფუძვლიანი მიზეზის გარეშე სხვებისთვის არასწორი მოტივების მიწერა მათი გასამართლების ტოლფასია. ეს ისეა, თითქოს ნაადრევი დასკვნა გამოიტანე, რომ მათი სიტყვები და საქციელი მხოლოდ ხერხია რაღაც უპატიოსნოსა და ბოროტის დასამალად. ხშირად ნამდვილი პრობლემა საკითხებზე მცდარ შეხედულებაში იმალება, რაც შეგვიძლია დავინახოთ იესო ნავეს ძის 22-ე თავში მოცემული ბიბლიური შეტყობინებიდან.
ისრაელებმა დაასრულეს აღთქმული მიწის დაპყრობა და ეს-ესაა საგვარეულო ტერიტორიები მიიღეს. რეუბენისა და გადის შტოებმა და მენაშეს ნახევარმა შტომ მდინარე იორდანესთან ააგეს სამსხვერპლო, „დიდი. . . გამოსაჩენად“. სხვა შტოებმა არასწორად იფიქრეს, რომ ეს განდგომილების აქტი იყო. ვარაუდობდნენ, რომ ეს სამი შტო მსხვერპლშეწირვისთვის ამ დიდი ნაგებობის გამოყენებას აპირებდა, იმის ნაცვლად, რომ წასულიყვნენ სილოამში არსებულ საკრებულო კარავში — თაყვანისცემისთვის განკუთვნილ ადგილზე. ბრალმდებელი შტოები მაშინვე გასალაშქრებლად გაემზადნენ (იესო ნავეს ძე 22:10–12).
შესაქებია, რომ ისინი დაუკავშირდნენ თავიანთ ისრაელ ძმებს ოფიციალური დელეგაციის გაგზავნით, რომელსაც სათავეში ფინხასი ედგა. როცა მოისმინეს ბრალდება ორგულობაზე, ამბოხებასა და იეჰოვას წინააღმდეგ განდგომილებაზე, შტოებმა, რომლებიც, როგორც ჩანს, განაწყენდნენ, ახსნეს ამ უზარმაზარი სამსხვერპლოს მიზეზი. სამსხვერპლო მსხვერპლშეწირვისთვის კი არ იყო, არამედ იმისთვის, რომ იეჰოვას თაყვანისცემაში ისრაელთა შტოების ერთიანობის ‘მოწმე ყოფილიყო’ (იესო ნავეს ძე 22:26, 27). დელეგაცია სახლში კმაყოფილი დაბრუნდა, რომ ძმებთან ცუდი არაფერი ნახა. ამგვარად, სამოქალაქო ომი და საზარელი სისხლისღვრა არიდებულ იქნა.
რა გაკვეთილია ჩვენთვის, რომ არასოდეს ვიჩქაროთ სხვებისთვის არასწორი მოტივების მიწერა! ხშირად ის, რაც ზედაპირული დაკვირვებით მართალი ჩანს, უფრო გულდასმითი დაკვირვებით ვლინდება, რომ სრულიად სხვა რამეა. ეს ასეა ქრისტიანთა ცხოვრების მრავალ სფეროში.
ჩვენი შეხედულება უხუცესებზე
თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებისას — ‘მწყემსონ ღვთის ეკლესია’ — დროდადრო უხუცესები ხედავენ, რომ აუცილებელია კრებაში ამა თუ იმ პიროვნებისთვის რჩევის მიცემა (საქმეები 20:28). მაგალითად, როგორ ვრეაგირებთ, როცა უხუცესი ჩვენს შვილებზე გველაპარაკება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ცუდი საზოგადოება ან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან შეუფერებელი საქციელი? ვფიქრობთ, რომ მას ფარული მოტივი აქვს და ვეუბნებით საკუთარ თავს: „მას არასოდეს მოსწონდა ჩვენი ოჯახი“? თუ ასეთ გრძნობებს უფლებას ვაძლევთ, რომ ზეგავლენა იქონიოს ჩვენზე, მოგვიანებით შეიძლება ვინანოთ. ჩვენი ბავშვების სულიერი კეთილდღეობა შეიძლება საფრთხეში იყოს და ჩვენ უნდა დავაფასოთ სასარგებლო ბიბლიური რჩევა (იგავნი 12:15).
როცა კრების უხუცესი რჩევას გვაძლევს, მოდი ნუ დავუწყებთ ძებნას ფარულ მოტივს. პირიქით, მოდი შევეკითხოთ საკუთარ თავს, ხომ არ შეგვიძლია რამე საშუალებით ვისარგებლოთ ბიბლიაზე დაფუძნებული მისი რჩევით. პავლე მოციქული წერდა: „ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“ (ებრაელთა 12:11). ასე რომ, მოდი მადლიერები ვიყოთ და საკითხებზე ობიექტურად ვიფიქროთ. გახსოვდეს, რომ ხშირად უხუცესებისთვისაც ისევე ძნელია რჩევის მიცემა, როგორც ჩვენთვის მისი მიღება.
გრძნობები მშობლებისადმი
ზოგი ახალგაზრდა კითხვის ქვეშ აყენებს მშობლების მოტივებს, როცა მათი მხრიდან გარკვეულ შეზღუდვებს აწყდება. ზოგმა ახალგაზრდამ შეიძლება თქვას: „რატომ ადგენენ ჩემი მშობლები ამდენ წესებს? მათ, როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ სიცოცხლით დავტკბე“. მაგრამ ახალგაზრდებს ასეთი დასკვნის გამოტანის ნაცვლად ესაჭიროებათ, ობიექტურად გააანალიზონ სიტუაცია.
მშობლები წლების მანძილზე ზრუნავდნენ შვილებზე. ეს მოითხოვდა მატერიალურ და სხვა დიდ მსხვერპლს. არსებობს რამე მიზეზი, დავასკვნათ, რომ ახლა მათ გადაწყვიტეს, სიცოცხლე გაუმწარონ თავიანთ მოზარდ შვილებს? უფრო გონივრული არაა, ვიფიქროთ, რომ სიყვარული აღძრავს მშობლებს, დაიცვან შვილები და იზრუნონ მათზე? იგივე სიყვარული არ უკარნახებდა მათ, გარკვეული შეზღუდვები დაედოთ თავიანთ შვილებზე, რომლებიც ახლა ცხოვრების ახალ პრობლემებს აწყდებიან? როგორი სიბოროტე და უმადურება იქნებოდა მოსიყვარულე მშობლებისთვის არასწორი მოტივების მიწერა! (ეფესელთა 6:1–3).
ჩვენი განწყობილება თანაქრისტიანების მიმართ
მრავალს აქვს მიდრეკილება, სწრაფი დასკვნა გამოიტანოს სხვებზე და ვინმეს შეადაროს ისინი. მაგრამ, თუკი ჩვენ თვითონ გვაქვს ასეთი განწყობილება და რამდენადმე ეჭვის თვალით ვუყურებთ გარკვეულ ადამიანებს? შეიძლებოდა წუთისოფელს მოეხდინა ზეგავლენა ამ მხრივ?
მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ჩვენს ერთ-ერთ სულიერ ძმას მშვენიერი სახლი და ძვირადღირებული ავტომანქანა ჰყავს. ავტომატურად უნდა დავასკვნათ, რომ ის მატერიალისტია, რომელიც ცხოვრებაში პირველ ადგილზე არ აყენებს სამეფოს ინტერესებს? ზოგი ქრისტიანისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მშვენიერი ნივთები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ცუდი მოტივები აქვთ ან არ ‘ეძებენ უწინარეს ღვთის სასუფეველს’. ისინი შეიძლება ძალიან იყვნენ დაკავებული სულიერი საქმიანობით და ხელგაშლილად — შესაძლებელია, მოკრძალებულად — იყენებდნენ თავიანთ მატერიალურ ქონებას სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად (მათე 6:1–4, 33).
პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება შედგებოდა ყველანაირი ადამიანისგან — მდიდრებისგან და ღარიბებისგან (საქმეები 17:34; 1 ტიმოთე 2:3, 4; 6:17; იაკობი 2:5). ღმერთი არ აფასებს ადამიანებს მათი ფინანსური მდგომარეობის საფუძველზე და არც ჩვენ უნდა ვაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს გამოცდილი და ერთგული თანამორწმუნეები და ‘არაფერი ვაკეთოთ მიკერძოებით’ (1 ტიმოთე 5:21).
სატანის ძალაუფლებაში მყოფ ამ წუთისოფელში შედარება და ეჭვი სხვადასხვანაირად ვლინდება. მაგალითად, პიროვნებას შეიძლება უყურებდნენ როგორც მძვინვარესა და მატერიალისტს, უბრალოდ, მისი წარსულის გამო. მაგრამ ჩვენ, როგორც ქრისტიანები, არ უნდა გვიმსხვერპლოს ასეთმა განწყობილებამ. იეჰოვას ორგანიზაციაში არავითარი ადგილი არა აქვს ფანატიზმსა და ეჭვს. ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს ესაჭიროება, მიბაძოს იეჰოვა ღმერთს, ვისთანაც „არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა“ (მეორე ნეშტთა 19:7; საქმეები 10:34, 35).
აღძრული იყავი სიყვარულით
საღვთო წერილი პირდაპირ ამბობს, რომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). ასე რომ, გვესაჭიროება, თანამორწმუნეებს ვუყუროთ, როგორც ჩვენთან გაერთიანებულებს მცდელობაში — შეასრულონ იეჰოვასთვის მოსაწონი მსახურება. თუ ეჭვს ან სხვა უარყოფით გრძნობებს ნებას ვრთავთ, რომ ზეგავლენა იქონიოს სულიერ ძმასა და დასთან ჩვენს ურთიერთობაზე, მოდი ვილოცოთ ღვთის დახმარებაზე ასეთ განწყობილებასთან საბრძოლველად, რათა სატანის მსხვერპლი არ გავხდეთ (მათე 6:13). მან დაარწმუნა ევა, რომ იეჰოვას ცუდი მოტივები ჰქონდა, არ აწუხებდა მისი კეთილდღეობა და მალავდა თავისუფლებას, რომელიც მას ნამდვილად ბედნიერს გახდიდა (დაბადება 3:1–5). ჩვენი ძმებისთვის არასწორი მოტივების მიწერა სატანის მიზნებს ემსახურება (2 კორინთელთა 2:11; 1 პეტრე 5:8).
თუ ვხედავთ, რომ სხვებისთვის არასწორი მოტივების მიწერის მიდრეკილება გვაქვს, განვიხილოთ იესო ქრისტეს მაგალითი. იმის მიუხედავადაც კი, რომ ღვთის სრულყოფილი ძე იყო, თავის მოწაფეებში არ ეძებდა ცუდ მოტივებს. ნაცვლად ამისა, იესო კარგს ეძებდა მათში. როცა მისი მოწაფეები გამოჩენილი მდგომარეობისთვის პაექრობდნენ, მას არ უფიქრია, რომ მათ ბინძური მოტივები ჰქონდათ, და ამის გამო არ აურჩევია 12 ახალი მოციქული (მარკოზი 9:34, 35). რადგანაც არასრულყოფილები იყვნენ, მათზე შეიძლება რამდენადმე ზეგავლენა მოეხდინა განდგომილი იუდაიზმის კულტურას, რომელსაც ახასიათებდა სიამაყისა და კლასობრივი განსხვავებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. იესომ იცოდა, რომ მისი მიმდევრების მთავარი აღძვრა იეჰოვას სიყვარული იყო. ასეთი სიყვარულის გამოვლენისა და იესოსთან დარჩენისთვის ისინი დიდად დაჯილდოვდნენ (ლუკა 22:28–30).
ჩვენი ერთგული თანამორწმუნეებისთვის ეჭვის თვალით ყურება იქნებოდა საგნებზე გამრუდებული ლინზებით ყურების მსგავსი. არაფერი გამოჩნდება ისე, როგორც სინამდვილეშია. ამიტომ მოდი სიყვარულის ლინზებით ვიყუროთ. მრავალი მტკიცება არსებობს იმისთვის, რომ ურყევად ერთგულ თანაქრისტიანებს ვუყვარვართ და იმსახურებენ ჩვენს კეთილ პატივისცემას (1 კორინთელთა 13:4–8). ამიტომ, დაე ვაჩვენოთ მათ სიყვარული და ვერიდოთ არასწორი მოტივების მიწერას.
[სურათი 26 გვერდზე]
როგორ უყურებ ღვთის სხვა ერთგულ თაყვანისმცემლებს?
[სურათი 27 გვერდზე]
ნდობა და პატივისცემა იეჰოვას მოწმეებს ერთ ბედნიერ ოჯახად ხდის.