საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რწმენა და ღვთის შიში გამბედაობას გვმატებს
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ოქტომბერი
    • რწმენა და ღვთის შიში გამბედაობას გვმატებს

      „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი . . . შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იესო ნავეს ძე 1:9).

      1, 2. ა) თუ ადამიანური თვალსაზრისით შევხედავთ, რატომ არ ჰქონდათ ისრაელებს გამარჯვების შანსი? ბ) რაში დაარწმუნა იეჰოვამ იესო ნავეს ძე?

      ძველი წელთაღრიცხვით 1473 წელს ისრაელები აღთქმულ მიწაზე შესასვლელად ემზადებოდნენ. მათ წინ სირთულეები ელოდათ. ამიტომ მოსემ ისრაელს შეახსენა: „დღეს კვეთ იორდანეს, რათა შეხვიდე და განდევნო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები ცამდე აწვდილი და გამაგრებული ქალაქებიდან, ხალხი, დიდი და მაღალი, ანაკიმთა ძეები . . . ვისზეც გსმენია, ვინ დაუდგება წინ ანაკის ძეებსო“ (მეორე კანონი 9:1, 2). ეს ბუმბერაზი მეომრები ყველას შიშის ზარს სცემდნენ. გარდა ამისა, ქანაანელებს ჰყავდათ კარგად შეიარაღებული ჯარი ცხენებითა და საომარი ეტლებით, რომლებსაც ბორბლებზე დანები ჰქონდა (მსაჯულები 4:13).

      2 რაც შეეხება ისრაელებს, ისინი ყოფილი მონები იყვნენ და ბოლო 40 წლის მანძილზე უდაბნოში ცხოვრობდნენ. ამიტომ ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანდა, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მიუხედავად ამისა, მოსეს ჰქონდა რწმენა. ის „ხედავდა“, რომ ისრაელებს იეჰოვა მიუძღოდა წინ (ებრაელები 11:27). მოსემ ხალხს უთხრა: „იეჰოვა, შენი ღმერთი შენზე წინ გადავა . . . მოსპობს მათ და შენ წინაშე დაიმორჩილებს“ (მეორე კანონი 9:3; ფსალმუნები 33:16, 17). მოსეს სიკვდილის შემდეგ იეჰოვამ იესო ნავეს ძე დაარწმუნა, რომ მხარს დაუჭერდა: „ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა და შედით მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ. ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან“ (იესო ნავეს ძე 1:2, 5).

      3. რა ეხმარებოდა იესო ნავეს ძეს რწმენისა და გაბედულების გამოვლენაში?

      3 იეჰოვას მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობის მისაღებად იესო ნავეს ძეს უნდა ეკითხა ღვთის სიტყვა, ეფიქრა მასზე და შესაბამისად ეცხოვრა. იეჰოვამ მას უთხრა: „მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად. ხომ გიბრძანე, გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იესო ნავეს ძე 1:8, 9). იესო ნავეს ძე მიჰყვებოდა ღვთის რჩევას, ამიტომ გაბედული, მტკიცე და წარმატებული იყო. მაგრამ მის თანამედროვეთაგან უმეტესობა არ უსმენდა იეჰოვას. შედეგად, მათ არ ჰქონდათ იეჰოვას კურთხევები; საბოლოოდ, ისინი უდაბნოში დაიხოცნენ.

      რწმენის გარეშე ვერ ვიქნებით გაბედულნი

      4, 5. ა) რით განსხვავდებოდა იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის განწყობა დანარჩენი ათი მზვერავის განწყობისგან? ბ) რას გრძნობდა იეჰოვა, როდესაც ისრაელები რწმენას არ ავლენდნენ?

      4 ორმოცი წლით ადრე, როდესაც ისრაელები პირველად მიუახლოვდნენ ქანაანს, მოსემ 12 კაცი გაგზავნა ქვეყნის დასაზვერად. მათგან ათი შეშინებული დაბრუნდა. ისინი ამბობდნენ: „ვინც კი ვნახეთ, ყველანი ბუმბერაზები არიან. ვნახეთ ნეფილიმები, ანაკის ვაჟები, ნეფილიმთა შთამომავლები. კალიები გვეგონა ჩვენი თავი“. თუ არ ჩავთვლით ანაკის ვაჟებს, მართლა ბუმბერაზი იყო ყველა? არა. ნამდვილად წარღვნამდე მცხოვრები ნეფილიმების შთამომავლები იყვნენ ანაკის ვაჟები? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად ამისა, ასეთი გაზვიადების გამო ბანაკი შიშმა მოიცვა. ხალხმა ეგვიპტეში დაბრუნებაც კი მოინდომა, სადაც მონები იყვნენ (რიცხვები 13:31—14:4).

      5 მაგრამ ორ მზვერავს, იესო ნავეს ძესა და ქალებ იეფუნეს ძეს, ძლიერ სურდათ აღთქმულ მიწაზე შესვლა. ისინი ამბობდნენ: „[ქანაანელები] ერთი ლუკმა არიან ჩვენთვის. მათ დაკარგეს თავშესაფარი, ჩვენთან კი იეჰოვაა. ნუ გეშინიათ მათი“ (რიცხვები 14:9). უსაფუძვლო იყო იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის ოპტიმიზმი? არავითარ შემთხვევაში. დანარჩენ ისრაელებთან ერთად მათ საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ დაამდაბლა იეჰოვამ ათი სასჯელის მეშვეობით ძლიერი ეგვიპტე და მათი ღვთაებები. შემდეგ მათ იხილეს, როგორ გაანადგურა იეჰოვამ ფარაონი და მისი ჯარი წითელ ზღვაში (ფსალმუნები 136:15). ცხადია, ათი მზვერავისა და მათ გავლენაში მოქცეული ისრაელების შიშს არავითარი გამართლება არ ჰქონდა. იეჰოვამ თავისი გულისტკივილი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ამდენი ნიშანი მოვახდინე მათ შორის და როდემდე არ უნდა მერწმუნონ?!“ (რიცხვები 14:11).

      6. რა კავშირშია გამბედაობა და რწმენა ერთმანეთთან და როგორ ვლინდება დღეს ეს?

      6 იეჰოვამ გამოაშკარავა პრობლემის მთავარი მიზეზი — შიში რწმენის ნაკლებობამ გამოიწვია. რწმენა და გამბედაობა იმდენად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რომ მოციქულმა იოანემ ქრისტიანული კრების სულიერ ბრძოლასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ჩვენი რწმენით გავიმარჯვეთ და ვძლიეთ ქვეყნიერებას“ (1 იოანე 5:4). დღეს იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის მსგავსი რწმენის შედეგია ის, რომ მთელ მსოფლიოში ექვს მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე — ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ძლიერი თუ სუსტი — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებს. ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერ აჩერებს ამ სულიერ ბრძოლაში ჩაბმულ ძლიერ და გაბედულ ლაშქარს (რომაელები 8:31).

      ნუ დაიხევთ უკან

      7. რას ნიშნავს „უკან დახევა“?

      7 იეჰოვას მსახურები დღეს გაბედულად ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, რადგან ისეთივე განწყობა აქვთ, როგორიც პავლე მოციქულს ჰქონდა. მან დაწერა: „ჩვენ იმათ არ ვგავართ, ვინც უკან იხევს დასაღუპავად, არამედ რწმენა გვაქვს სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“ (ებრაელები 10:39). „უკან დახევა“ არ ნიშნავს შიშის მომენტალურად განცდას. ღვთის ბევრ ერთგულ მსახურს დროდადრო ეუფლება ასეთი გრძნობა (1 სამუელი 21:12; 1 მეფეები 19:1—4). ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, ეს ფრაზა ნიშნავს „გაცლას, ჩამოშორებას“, „ჭეშმარიტებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას“. ეს ლექსიკონი დასძენს, რომ „უკან დახევა“ შეიძლება გამოყენებული იყოს მეტაფორად, რომელიც გულისხმობს „აფრის დაშვებას და სვლის შენელებას“ ღვთის მსახურებასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, მათ, ვისაც ძლიერი რწმენა აქვთ, არც კი ფიქრობენ „სვლის შენელებაზე“, როდესაც სირთულეების წინაშე დგებიან — იქნება ეს დევნა, ავადმყოფობა თუ სხვა განსაცდელი. ნაცვლად ამისა, ისინი წინ მიიწევენ იეჰოვას მსახურებაში. ღვთის მსახურები დარწმუნებულები არიან, რომ იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს და ესმის მათი მდგომარეობა (ფსალმუნები 55:22; 103:14). თქვენც გაქვთ ასეთი რწმენა?

      8, 9. ა) როგორ განუმტკიცა რწმენა იეჰოვამ პირველი საუკუნის ქრისტიანებს? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია განვიმტკიცოთ რწმენა?

      8 ერთხელ მოციქულებმა იგრძნეს, რომ რწმენა აკლდათ. ამიტომ მათ იესოს უთხრეს: „რწმენა განგვიმტკიცე“ (ლუკა 17:5). მათი გულწრფელი თხოვნა შესრულდა. ამ მხრივ განსაკუთრებული იყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული, როდესაც დაპირებისამებრ მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა და, შედეგად, უფრო მეტად ჩაწვდნენ ღვთის სიტყვასა და განზრახვას (იოანე 14:26; საქმეები 2:1—4). მოწაფეებს რწმენა გაუძლიერდათ, მათ განაახლეს ქადაგება და, წინააღმდეგობის მიუხედავად, სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლოსელები 1:23; საქმეები 1:8; 28:22).

      9 იმისათვის, რომ შევძლოთ რწმენის განმტკიცება და მსახურების აქტიურად გაგრძელება, უნდა ვსწავლობდეთ ღვთის სიტყვას, ვფიქრობდეთ მასზე და ლოცვაში ვთხოვდეთ ღმერთს წმინდა სულს. იესო ნავეს ძის, ქალებ იეფუნეს ძისა და პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება რწმენა, თუ ღვთის ჭეშმარიტებას გულსა და გონებაში ჩავიბეჭდავთ. ასეთი რწმენა შეგვმატებს გაბედულებას, რისი დახმარებითაც შევძლებთ მოთმინების გამოვლენას და სულიერ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას (რომაელები 10:17).

      რწმენა უფრო მეტია, ვიდრე მრწამსი

      10. რა არის საჭირო ნამდვილი რწმენისთვის?

      10 როგორც ძველ დროში მცხოვრები უმწიკვლობის დამცველთა მაგალითები გვიჩვენებს, იმისათვის, რომ გვქონდეს გაბედულებისა და მოთმინების გამოსავლენად საჭირო რწმენა, საკმარისი არ არის, გვწამდეს ღმერთი (იაკობი 2:19). აუცილებელია, ახლოს გავეცნოთ იეჰოვას თვისებებს და სრული ნდობა განვივითაროთ მის მიმართ (ფსალმუნები 78:5—8; იგავები 3:5, 6). ასევე უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის კანონებითა და პრინციპებით ცხოვრება ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ესაია 48:17, 18). გარდა ამისა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს ყველა თავის დანაპირებს და ‘დააჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს’ (ებრაელები 11:1, 6; ესაია 55:11).

      11. როგორ აკურთხა იეჰოვამ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე რწმენისა და გაბედულებისთვის?

      11 ასეთ რწმენას განვითარება სჭირდება. ჩვენი რწმენა ძლიერდება, როდესაც ვცხოვრობთ ჭეშმარიტების თანახმად, საკუთარ თავზე განვიცდით ამ გზით სიარულის დადებით შედეგებს, ვხედავთ ჩვენს ლოცვებზე პასუხს და ვგრძნობთ იეჰოვას ხელმძღვანელობას (ფსალმუნები 34:8; 1 იოანე 5:14, 15). იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის რწმენა, უეჭველია, უფრო და უფრო ძლიერდებოდა, როდესაც გრძნობდნენ ღვთის ძლიერ ხელს (იესო ნავეს ძე 23:14). მაგალითად, დაფიქრდით: ღვთის დაპირებისამებრ ისინი გადაურჩნენ უდაბნოში 40-წლიან მძიმე პერიოდს (რიცხვები 14:27—30; 32:11, 12). ღვთის ეს მსახურები აქტიურად მონაწილეობდნენ ქანაანის დაპყრობაში, რაც ექვსი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ისინი ღმერთმა აკურთხა კარგი ჯანმრთელობითა და დღეგრძელი ცხოვრებით და, საბოლოოდ, მათ მიიღეს აღთქმული მემკვიდრეობა. დიახ, იეჰოვა აკურთხებს ყველას, ვინც მას ერთგულად და გაბედულად ემსახურება! (იესო ნავეს ძე 14:6, 9—14; 19:49, 50; 24:29).

      12. რა გაგებით განადიდებს იეჰოვა თავის სიტყვას?

      12 იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის მიმართ გამოვლენილი სიკეთე გვახსენებს ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „შენ განადიდე შენი სიტყვა შენს სახელზე მეტად“ (ფსალმუნები 138:2). იეჰოვას სახელი იძლევა მისი სიტყვის შესრულების გარანტიას. და ეს სიტყვა ანუ დანაპირები „განდიდებულია“ იმ გაგებით, რომ მისი შესრულება ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს (ეფესოელები 3:20). დიახ, იეჰოვა არასდროს გაუცრუებს იმედს მათ, ვინც ‘ნეტარებას ჰპოვებს მასში’ (ფსალმუნები 37:3, 4).

      ადამიანი, რომელმაც „ღმერთს ასიამოვნა“

      13, 14. რატომ საჭიროებდა ენოქი რწმენასა და გამბედაობას?

      13 რწმენისა და გაბედულების შესახებ ბევრს ვისწავლით, თუ დავფიქრდებით ქრისტიანობამდე მცხოვრებ კიდევ ერთ სამაგალითო ადამიანზე — ენოქზე. ჯერ კიდევ მანამ, სანამ წინასწარმეტყველებას დაიწყებდა, ენოქმა, როგორც ჩანს, იცოდა, რომ მისი რწმენა და გამბედაობა გამოიცდებოდა. საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს? იეჰოვას ედემის ბაღში ნათქვამი ჰქონდა, რომ მტრობა, ანუ სიძულვილი, იარსებებდა ღვთის მსახურებსა და სატანა ეშმაკის მსახურებს შორის (დაბადება 3:15). აგრეთვე ენოქმა იცოდა, რომ ასეთი სიძულვილი კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე გამოვლინდა, როდესაც კაენმა მოკლა თავისი ძმა, აბელი. მათმა მამამ, ადამმა, ენოქის დაბადების შემდეგ დაახლოებით 310 წელი იცოცხლა (დაბადება 5:3—18).

      14 ყველაფრის მიუხედავად, ენოქი გაბედულად „დადიოდა ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“ და გმობდა ღვთის წინააღმდეგ ნათქვამ „აღმაშფოთებელ სიტყვებს“ (დაბადება 5:22; იუდა 14, 15). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ასე უშიშრად დაცვამ ენოქს, როგორც ჩანს, ბევრი მტერი გაუჩინა, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. იეჰოვამ დაიცვა თავისი წინასწარმეტყველი ­ტანჯვით სიკვდილისგან. მას შემდეგ, რაც „დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა“, იეჰოვამ ის „გადაიყვანა“ სიცოცხლიდან სიკვდილში შესაძლოა იმ დროს, როცა წინასწარმეტყველურ ხილვას ხედავდა (ებრაელები 11:5, 13; დაბადება 5:24).

      15. რა მაგალითი დაუტოვა ენოქმა იეჰოვას თანამედროვე მსახურებს?

      15 ენოქის მოხსენიების შემდეგ პავლემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რწმენის მნიშვნელოვნებას და თქვა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრაელები 11:6). დიახ, ენოქს რწმენამ შემატა გაბედულება, რათა ევლო ღმერთთან ერთად და უღვთო ადამიანებისთვის ღვთის განაჩენი ეუწყებინა. ენოქმა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ჩვენც მსგავსად ვიქცევით ქვეყნიერებაში, რომელიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და ყოველგვარი ბოროტებით არის სავსე (ფსალმუნები 92:7; მათე 24:14; გამოცხადება 12:17).

      ღვთის შიში გვეხმარება გაბედულების გამოვლენაში

      16, 17. ვინ იყო ობადია და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ის?

      16 გაბედულების გამოვლენაში რწმენის გარდა ღვთისადმი მოწიწებული შიში გვეხმარება. განვიხილოთ ერთი ღვთისმოშიში ადამიანის მაგალითი, რომელიც წინასწარმეტყველ ელიასა და ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს მეფის, ახაბის, მმართველობის დროს ცხოვრობდა. ახაბის მეფობის პერიოდში ბაალის თაყვანისმცემლობა მთელ ჩრდილოეთ სამეფოში გავრცელდა. ბაალის 450 წინასწარმეტყველი და „წმინდა ბოძის“, ფალოსის კულტის, 400 წინასწარმეტყველი ახაბის ცოლის, ‘იზებელის სუფრიდან ჭამდნენ’ (1 მეფეები 16:30—33; 18:19).

      17 იეჰოვას მსახურთა დაუძინებელი მტერი, იზებელი, ცდილობდა, ისრაელიდან აღმოეფხვრა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. მან დახოცა იეჰოვას წინასწარმეტყველები და ელიას მოკვლასაც კი შეეცადა, რომელიც ღვთის მითითებისამებრ, იორდანეს მეორე მხარეს გადავიდა და გაქცევით უშველა თავს (1 მეფეები 17:1—3; 18:13). წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა იმ დროს ჩრდილოეთ სამეფოში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეზე დგომა! ეს გაცილებით ძნელი იქნებოდა მისთვის, ვინც სამეფო კარზე მსახურობდა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ღვთისმოშიში ობადია, ახაბის სასახლის გამგებელი (1 მეფეები 18:3).

      18. რით გამოირჩეოდა ობადია, როგორც იეჰოვას თაყვანისმცემელი?

      18 უდავოა, ობადია ღვთის ფრთხილი და წინდახედული თაყვანისმცემელი იყო. მაგრამ ის კომპრომისზე არ წასულა. 1 მეფეების 18:3-ში ნათქვამია: „ობადია იეჰოვას მოშიში კაცი იყო“. დიახ, ობადია ღვთისადმი შიშით გამოირჩეოდა. ამ ჯანსაღმა შიშმა კი მას გაბედულება მისცა. ეს აშკარა გახდა მალევე მას შემდეგ, რაც იზებელმა იეჰოვას წინასწარმეტყველები დახოცა.

      19. როგორ გამოავლინა ობადიამ გაბედულება?

      19 ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა იზებელმა იეჰოვას წინასწარმეტყველები ამოწყვიტა, ობადიამ ასი წინასწარმეტყველი ორმოცდაათ-ორმოცდაათად გადამალა გამოქვაბულში და პურითა და წყლით ამარაგებდა“ (1 მეფეები 18:4). ფარულად ასი წინასწარმეტყველის საკვებით მომარაგება ძალიან სახიფათო იქნებოდა. ეს ობადიას არა მარტო ახაბისა და იზებელისგან უნდა დაემალა, არამედ 850 ცრუწინასწარმეტყველისგანაც, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ სასახლეს. გარდა ამისა, მეფისა და დედოფლის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად ისრაელში ბევრი სხვა ცრუ თაყვანისმცემელიც არ იტყოდა უარს ობადიას დასმენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კერპთაყვანისმცემლის გარემოცვაში იყო, ობადია გაბედულად ზრუნავდა იეჰოვას წინასწარმეტყველებზე. მართლაც რომ დიდი ძალა აქვს ღვთის შიშს!

      20. როგორ დაეხმარა ობადიას ღვთის შიში და თქვენ როგორ გეხმარებათ მისი მაგალითი?

      20 ობადია ღვთისადმი შიშსა და გაბედულებას ავლენდა, ამიტომ იეჰოვა იცავდა მას მტრებისგან. იგავების 29:25-ში ნათქვამია: „ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება“. ობადია ჩვენნაირი ადამიანი იყო და, ცხადია, მას ექნებოდა დაპატიმრებისა და სიკვდილის შიში (1 მეფეები 18:7—9, 12). მაგრამ ღვთის შიშმა მისცა მას ადამიანის წინაშე ნებისმიერი შიშის დასაძლევად საჭირო გაბედულება. ობადია შესანიშნავი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებსაც იეჰოვას თაყვანისცემა თავისუფლების დაკარგვის ან სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად უჯდებათ (მათე 24:9). დაე ყველამ მოვახმაროთ ძალისხმევა იმას, რომ იეჰოვას „შიშითა და მოკრძალებით“ ვემსახუროთ (ებრაელები 12:28).

      21. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

      21 გაბედულების გამოვლენაში მხოლოდ რწმენა და ღვთის შიში არ გვეხმარება. ამ მხრივ სიყვარულს შეიძლება კიდევ უფრო დიდი ძალა ჰქონდეს. „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“, — დაწერა პავლემ (2 ტიმოთე 1:7). მომდევნო სტატიაში დავინახავთ, თუ როგორ გვეხმარება სიყვარული იმაში, რომ ძნელად ასატან ამ ბოლო დღეებში იეჰოვას გაბედულად ვემსახუროთ (2 ტიმოთე 3:1).

  • სიყვარული გვაძლევს ძალას გამბედაობის გამოსავლენად
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ოქტომბერი
    • სიყვარული გვაძლევს ძალას გამბედაობის გამოსავლენად

      „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“ (2 ტიმოთე 1:7).

      1, 2. ა) რისკენ შეიძლება აღძრას სიყვარულმა ადამიანი? ბ) რით გამოირჩეოდა იესოს მიერ გამოვლენილი გაბედულება?

      ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან აკვალანგებით აღჭურვილი ერთი ახალდაქორწინებული წყვილი წყალქვეშ დაცურავდა. როდესაც წყლის ზედაპირს უახლოვდებოდნენ, მოულოდნელად ქალისკენ მთელი სისწრაფით თეთრი ზვიგენი წამოვიდა. ქმარმა ხელი ჰკრა ცოლს და საკუთარი თავი ჩაუგდო ხახაში ზვიგენს. „მან სიცოცხლე გასწირა ჩემთვის“, — თქვა დაქვრივებულმა ქალმა დაკრძალვაზე.

      2 დიახ, სიყვარულმა შეიძლება ადამიანებს უდიდესი გამბედაობის გამოვლენის ძალა მისცეს. იესო ქრისტემ თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:13). 24 საათიც კი არ იყო გასული ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, როცა იესომ საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის (მათე 20:28). გარდა ამისა, იესოს მიერ მსხვერპლის გაღება არ ყოფილა გაბედულების უცაბედი გამოვლინება. მან წინასწარ იცოდა, რომ დასცინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, უსამართლო განაჩენს გამოუტანდნენ და წამებით მოკლავდნენ. მან მოწაფეებიც კი შეამზადა შემდეგი სიტყვებით: „აი ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს, რომლებიც მასხრად აიგდებენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ და მოკლავენ“ (მარკოზი 10:33, 34).

      3. რამ მისცა იესოს ძალა უდიდესი გაბედულების გამოსავლენად?

      3 რამ მისცა იესოს ძალა ასეთი გაბედულების გამოსავლენად? ამაში მთავარი როლი ითამაშა რწმენამ და ღვთის შიშმა (ებრაელები 5:7; 12:2). მაგრამ ყველაზე მეტად იესოს გაბედულება შემატა ღვთისა და ადამიანების სიყვარულმა (1 იოანე 3:16). თუ რწმენასა და ღვთის შიშთან ერთად ასეთ სიყვარულს განვივითარებთ, ჩვენც შევძლებთ ქრისტეს მსგავსად გაბედულების გამოვლენას (ეფესოელები 5:2). როგორ შეგვიძლია ასეთი სიყვარულის განვითარება? აუცილებელია გვესმოდეს, საიდან იღებს სიყვარული სათავეს.

      „სიყვარული ღვთისგანაა“

      4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული იეჰოვასგან იღებს სათავეს?

      4 იეჰოვა სიყვარულის განსახიერებაა. სიყვარული მისგან იღებს სათავეს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისგანაა. ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და ცოდნას იძენს ღვთის შესახებ. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:7, 8). ამგვარად, ნამდვილი სიყვარულის განვითარებას ადამიანი მხოლოდ ღმერთთან დაახლოებით შეძლებს. ამისათვის საჭიროა საფუძვლიანი ცოდნის მიღება და მორჩილების გამოვლენით ამ ცოდნის შესაბამისად მოქმედება (ფილიპელები 1:9; იაკობი 4:8; 1 იოანე 5:3).

      5, 6. რა დაეხმარა ქრისტეს პირველ მიმდევრებს სიყვარულის განვითარებაში?

      5 იესომ, თავის 11 ერთგულ მოციქულთან ერთად წარმოთქმული უკანასკნელი ლოცვისას, ერთმანეთთან დააკავშირა ღვთის შესახებ ცოდნის მიღება და სიყვარულის განვითარება. მან თქვა: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოანე 17:26). იესო დაეხმარა მოწაფეებს ისეთივე სიყვარულის განვითარებაში, როგორიც მასსა და მამას შორის არსებობდა. მან სიტყვითა თუ საქმით დაანახვა მათ ღვთის სახელის მნიშვნელობა, მისი შესანიშნავი თვისებები. აქედან გამომდინარე, იესოს ჰქონდა საფუძველი შემდეგი სიტყვების სათქმელად: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9, 10; 17:8).

      6 სიყვარული წმინდა სულის ნაყოფია (გალატელები 5:22). როდესაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პირველ ქრისტიანებზე წმინდა სული გადმოვიდა, მათ არა მხოლოდ გაიხსენეს ბევრი რამ, რაც იესოსგან ჰქონდათ ნასწავლი, არამედ უფრო მეტად ჩასწვდნენ წმინდა წერილების მნიშვნელობას. ამან კი, ცხადია, გაუღრმავა მოწაფეებს ღვთისადმი სიყვარული (იოანე 14:26; 15:26). შედეგად, ისინი გაბედულად და გულმოდგინედ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას მიუხედავად იმისა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა (საქმეები 5:28, 29).

      გაბედულებისა და სიყვარულის საქმით გამოვლენა

      7. რის გადატანა უწევდათ პავლეს და ბარნაბას მისიონერული მოგზაურობის დროს?

      7 მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“ (2 ტიმოთე 1:7). პავლემ ეს სიტყვები საკუთარი გამოცდილების საფუძველზე თქვა. განვიხილოთ, რის გადატანა მოუწიათ პავლესა და ბარნაბას მისიონერული მოგზაურობის დროს. მათ იქადაგეს ბევრ ქალაქში, მათ შორის ანტიოქიაში, იკონიონსა და ლისტრაში. ზოგი მორწმუნე ხდებოდა, ზოგი კი დიდ წინააღმდეგობას უწევდა პავლესა და ბარნაბას (საქმეები 13:2, 14, 45, 50; 14:1, 5). ლისტრაში გახელებულმა ბრბომ ჩაქოლა პავლე. მათ იფიქრეს, რომ ის მკვდარი იყო და მიატოვეს. „მაგრამ როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ის წამოდგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს ის და ბარნაბა დერბეში წავიდნენ“ (საქმეები 14:6, 19, 20).

      8. რა ცხადყოფს, რომ პავლეს და ბარნაბას სიყვარული აძლევდა გამბედაობის გამოვლენის ძალას?

      8 შეაშინა პავლე და ბარნაბა სიცოცხლის დაკარგვის საფრთხემ? არა. მას შემდეგ, რაც დერბეში „ბევრი აქციეს მოწაფედ“, ისინი „დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიონსა და ანტიოქიაში“. რა მიზნით? ახალი მორწმუნეების გასამხნევებლად, რათა მათი რწმენა განემტკიცებინათ. პავლე და ბარნაბა ამბობდნენ: „ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს“. აშკარაა, რომ მათ გაბედულებას მატებდა ქრისტეს „ბატკნების“ ძლიერი სიყვარული (საქმეები 14:21—23; იოანე 21:15—17). როდესაც ახალჩამოყალიბებულ კრებებში უხუცესებს ნიშნავდნენ, პავლე და ბარნაბა ლოცვით ანდობდნენ მათ „იეჰოვას, რომელიც ირწმუნეს“.

      9. როგორ უპასუხეს ეფესოელმა უხუცესებმა პავლეს სიყვარულს?

      9 პავლე მზრუნველი და გაბედული ადამიანი იყო. ბევრ თანამორწმუნეს ძალიან უყვარდა ის. გაიხსენეთ პავლეს შეხვედრა ეფესოს კრების უხუცესებთან; ეფესოში მან, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სამი წელი იმსახურა (საქმეები 20:17—31). მას შემდეგ, რაც უხუცესებს მოუწოდა, ემწყემსათ ღვთისგან მინდობილი სამწყსო, პავლემ მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა. შემდეგ „ყველა ატირდა, პავლეს კისერზე ეხვეოდნენ და სიყვარულით კოცნიდნენ. განსაკუთრებით იმ სიტყვებმა დაამწუხრა ყველა, რომ მის სახეს ვეღარ იხილავდნენ“. ამ ძმებს, მართლაც, ძალიან უყვარდათ პავლე! ადგილობრივ უხუცესებს უჭირდათ პავლესთან და ბარნაბასთან განშორება (საქმეები 20:36—21:1).

      10. როგორ ავლენენ იეჰოვას დღევანდელი მსახურები გაბედულებასა და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ?

      10 დღეს, მსგავსად უყვართ მიმომსვლელი ზედამხედველები, კრების უხუცესები და ღვთის სხვა მსახურები იმის გამო, რომ იეჰოვას სამწყსოს საკეთილდღეოდ გაბედულებას ავლენენ. მაგალითად, სამოქალაქო ომის შედეგად გაპარტახებულ ქვეყნებში ან იქ, სადაც სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალულია, მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი მეუღლეები თავისუფლებასა და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, რათა კრებები მოინახულონ. მსგავსად, ბევრი მოწმე წინააღმდეგობას ხვდება მტრულად განწყობილი მმართველებისგან და მათი მხარდამჭერებისგან, რადგან არ ამხელენ თანამორწმუნეთა ვინაობას და იმას, თუ რა გზებით იღებენ სულიერ საზრდოს. ათასობით მოწმე დევნისა და წამების მსხვერპლი გახდა, და ზოგი მოკლეს კიდეც იმის გამო, რომ არ წყვეტდნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას და ქრისტიანულ შეხვედრებზე თანამორწმუნეებთან ურთიერთობას (საქმეები 5:28, 29; ებრაელები 10:24, 25). მოდი მივბაძოთ ასეთი გაბედული და-ძმების რწმენასა და სიყვარულს! (1 თესალონიკელები 1:6).

      ნუ დაუშვებთ, რომ სიყვარული გაგინელდეთ

      11. როგორ ეწევა სატანა სულიერ ბრძოლას იეჰოვას მსახურების წინააღმდეგ და რა მოითხოვება მათი მხრიდან?

      11 მას შემდეგ, რაც დედამიწაზე იქნა ჩამოგდებული, სატანას იერიში მიაქვს იეჰოვას მსახურებზე, რადგან ისინი ‘იცავენ ღვთის მცნებებს და ამოწმებენ იესოს შესახებ’ (გამოცხადება 12:9, 17). ეშმაკის ერთ-ერთი მეთოდი არის დევნა. მაგრამ ხშირად ამ მეთოდს უკუეფექტი აქვს — ეს ღვთის ხალხს უფრო აერთიანებს სიყვარულით და ბევრ მათგანს უფრო გულმოდგინე მსახურებისკენ აღძრავს. სატანის კიდევ ერთი ტაქტიკა ადამიანის არასწორი მიდრეკილებების გამოყენებაა. ამ მხრივ რომ შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა, სხვაგვარი გაბედულებაა საჭირო, რადგან ბრძოლა „ვერაგ და უმართავ“ გულში, ცოდვილი სურვილების წინააღმდეგ, მიმდინარეობს (იერემია 17:9; იაკობი 1:14, 15).

      12. როგორ იყენებს სატანა „ქვეყნიერების სულს“ ღვთისადმი ჩვენი სიყვარულის გასანელებლად?

      12 სატანას აქვს კიდევ ერთი ძლიერი იარაღი — „ქვეყნიერების სული“, რომელიც ღვთის სულის საპირისპიროდ მოქმედებს და ადამიანებს არასწორ მიმართულებას აძლევს (1 კორინთელები 2:12). ქვეყნიერების სული ადამიანს უბიძგებს „თვალთა სურვილისკენ“ — სიხარბისა და მატერიალიზმისკენ (1 იოანე 2:16; 1 ტიმოთე 6:9, 10). მატერიალურ ნივთებსა და ფულში თავისთავად ცუდი არაფერია. მაგრამ, თუ მათი სიყვარული ღვთის სიყვარულის ადგილს დაიკავებს, სატანა შეძლებს ჩვენს დამარცხებას. ქვეყნიერების სულის „ძალაუფლება“ ანუ ძალა იმაშია, რომ ის მიმზიდველია ცოდვილი ბუნებისთვის, მოჩვენებითია, გამუდმებით ცდილობს ჩვენზე გავლენის მოხდენას და, ჰაერის მსგავსად, ყველგან აღწევს. ნუ დაუშვებთ, რომ ქვეყნიერების სულმა მოწამლოს თქვენი გული (ეფესოელები 2:2, 3; იგავები 4:23).

      13. რატომ გვჭირდება გაბედულება ზნეობრივი სისუფთავის შესანარჩუნებლად?

      13 წინ რომ აღვუდგეთ ამ ბოროტი ქვეყნიერების სულს, გაბედულება გვჭირდება ზნეობრივი სისუფთავის შესანარჩუნებლად. მაგალითად, გამბედაობაა საჭირო იმისათვის, რომ უზნეობის ამსახველი გამოსახულებების დანახვისას ავდგეთ და გამოვიდეთ კინოთეატრიდან ან გამოვრთოთ კომპიუტერი თუ ტელევიზორი. გაბედულებას მოითხოვს თანატოლების უარყოფითი ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობის გაწყვეტა. გაბედულება მაშინაც გვჭირდება, როდესაც თანაკლასელების, თანამშრომლების, მეზობლებისა თუ ნათესავების დაცინვის მიუხედავად, ღვთის კანონებსა და პრინციპებს ვიცავთ (1 კორინთელები 15:33; 1 იოანე 5:19).

      14. რის გაკეთება გვმართებს, თუ ქვეყნიერების სული გავლენას ახდენს ჩვენზე?

      14 როგორც დავინახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავიღრმავოთ სიყვარული ღვთისა და სულიერი და-ძმების მიმართ. გამოყავით დრო და დაფიქრდით, ხომ არ მოახდინა ქვეყნიერების სულმა გავლენა თქვენს მიზნებსა და ცხოვრების წესზე. თუ შეამჩნევთ — თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში — ასეთ ტენდენციას, ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას გაბედულება, რათა შეძლოთ საჭირო ცვლილებების მოხდენა. იეჰოვა არ დატოვებს უპასუხოდ ასეთ გულწრფელ ლოცვებს (ფსალმუნები 51:17). ღვთის სული ქვეყნიერების სულზე გაცილებით ძლიერია (1 იოანე 4:4).

      გამბედაობა განსაცდელების დროს

      15, 16. როგორ გვეხმარება სიყვარული განსაცდელების ატანაში? მოიყვანეთ მაგალითი.

      15 სხვა პრობლემები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები ხვდებიან, დაკავშირებულია არასრულყოფილებასთან და ასაკთან, რაც ხშირად ხდება ავადმყოფობის, უძლურების, დეპრესიისა და სხვა მრავალი სირთულის მიზეზი (რომაელები 8:22). ქრისტეს მსგავსად, სიყვარული გვეხმარება ასეთი განსაცდელების ატანაში. დაფიქრდით ზამბიაში მცხოვრებ ნამანგოლუას მაგალითზე. ის ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. ორი წლის ასაკში ნამანგოლუა დაინვალიდდა. ის ამბობს: „ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი გარეგნობა თავზარს სცემდა ხალხს. მაგრამ თანაქრისტიანები დამეხმარნენ, მდგომარეობისთვის სხვა თვალით შემეხედა. შედეგად გადავლახე ეს გრძნობა და მალე მოვინათლე“.

      16 თუმცა, ნამანგოლუას აქვს ინვალიდის სავარძელი, ხშირად უსწორმასწორო გზებზე მუხლებისა და ხელების მეშვეობით გადაადგილება უწევს. მიუხედავად ამისა, წელიწადში, სულ მცირე, ორი თვე მაინც დამხმარე პიონერად მსახურობს. ერთხელ ერთმა მობინადრემ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ნამანგოლუამ უქადაგა. რატომ? მასზე ძალიან იმოქმედა ნამანგოლუას რწმენამ და გამბედაობამ. იეჰოვამ აკურთხა ნამანგოლუა — ხუთი ადამიანი, რომელსაც ბიბლიას ასწავლიდა, მოინათლა და ერთი მათგანი კრების უხუცესად მსახურობს. ის ამბობს: „ხშირად ფეხები საშინლად მტკივა, მაგრამ მსახურებას მაინც ვაგრძელებ“. ეს და ერთ-ერთია იმ უამრავ მოწმეს შორის, რომლებიც უძლურების მიუხედავად, ღვთისა და ადამიანების სიყვარულის წყალობით სულიერ სიმტკიცეს ინარჩუნებენ. იეჰოვას თვალში ასეთი და-ძმები მართლაც ძვირფასნი არიან! (ანგია 2:7).

      17, 18. რა ეხმარება ბევრს ავადმყოფობასთან და სხვა განსაცდელებთან გამკლავებაში? მოიყვანეთ თქვენთვის ნაცნობი მაგალითები.

      17 ქრონიკულ დაავადებასაც შეუძლია ადამიანი გულგატეხილობამდე, დეპრესიამდეც კი მიიყვანოს. ერთი უხუცესი ამბობს: «წიგნის შესწავლის ჯგუფში, რომელსაც მე ვესწრები, ერთ დას დიაბეტი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა აქვს, ერთი სიმსივნით არის დაავადებული, ორ დას — მწვავე ართრიტი აქვს, ერთს კი — კანის ტუბერკულოზი და ფიბრომიალგია. ზოგჯერ მათ გულგატეხილობა ეუფლებათ. მაგრამ მათ შეხვედრები მხოლოდ მაშინ უცდებათ, როცა ძალიან ცუდად გრძნობენ თავს ან საავადმყოფოში წვანან. მათგან ყველა რეგულარულად მონაწილეობს სამქადაგებლო მსახურებაში. ისინი პავლე მოციქულს მახსენებენ, რომელმაც თქვა: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“. გაოცებული ვარ მათი სიყვარულითა და გამბედაობით. ალბათ, მათ თავიანთი მდგომარეობა ეხმარება, კონცენტრირებულნი იყვნენ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია» (2 კორინთელები 12:10).

      18 თუ თქვენც ებრძვით ავადმყოფობას ან სხვა პრობლემას, „განუწყვეტლივ ილოცეთ“ დახმარებისთვის, რათა გულგატეხილობამ არ მოგიცვათ (1 თესალონიკელები 5:14, 17). ცხადია, გექნებათ ისეთი პერიოდები, როცა გულგატეხილობა დაგეუფლებათ, მაგრამ ეცადეთ, მთელი ყურადღება დადებით, სულიერ საკითხებზე გადაიტანოთ, განსაკუთრებით კი სამეფოსთან დაკავშირებულ იმედზე. ერთი და ამბობს: „ჩემი წამალი სამქადაგებლო მსახურებაა“. დადებითი განწყობის შენარჩუნებაში სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება დაგეხმარებათ.

      სიყვარული ეხმარება შემცოდველს იეჰოვასთან დაბრუნებაში

      19, 20. ა) რა დაეხმარება შემცოდველს იეჰოვასთან დასაბრუნებლად საჭირო გაბედულების მოკრებაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      19 ბევრისთვის, რომლებიც სულიერად დასუსტდნენ ან ცოდვა ჩაიდინეს, ადვილი არ არის იეჰოვასთან დაბრუნება. მაგრამ მათ მიეცემათ საჭირო გაბედულება, თუ გულწრფელად მოინანიებენ და კვლავ მთელი გულით ეყვარებათ იეჰოვა. განვიხილოთ შეერთებულ შტატებში მცხოვრები მარიოს მაგალითიa. მან მიატოვა ქრისტიანული კრება, დაიწყო გადამეტებული სმა და ნარკოტიკების გამოყენება. 20 წლის შემდეგ კი ციხეში მოხვდა. მარიო ამბობს: „ჩემს მომავალზე სერიოზულად დავფიქრდი და ბიბლიის კითხვა განვაახლე. დროთა განმავლობაში უფრო მეტად დავაფასე იეჰოვას თვისებები, განსაკუთრებით მისი გულმოწყალება, რომლისთვისაც ხშირად ვლოცულობდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შორს დავიჭირე თავი ძველი მეგობრებისგან, დავიწყე ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და, საბოლოოდ, კვლავ გავხდი კრების წევრი. მართალია, დღემდე ვიმკი ჩემი არასწორი მოქმედებების შედეგებს, მაგრამ ახლა მომავალს იმედით ვუყურებ. სიტყვები არ მყოფნის იეჰოვას თანაგრძნობისა და გულმოწყალებისთვის მადლიერების გამოსახატავად“ (ფსალმუნები 103:9—13; 130:3, 4; გალატელები 6:7, 8).

      20 ცხადია, მათ, ვინც მარიოს მსგავს მდგომარეობაშია, დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იეჰოვასთან დასაბრუნებლად. მაგრამ ბიბლიის კითხვის, მასზე დაფიქრებისა და ლოცვის შედეგად კვლავ გაღვივებული სიყვარული მისცემს მათ საჭირო გაბედულებასა და სიმტკიცეს. მარიოს სამეფოს შესახებ იმედმაც მისცა ძალები. დიახ, სიყვარულთან, რწმენასა და ღვთის შიშთან ერთად იმედიც მოგვცემს ძალებს აზრით აღსავსე ცხოვრების გასაგრძელებლად. მომდევნო სტატიაში დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ ფასდაუდებელ სულიერ ძღვენზე.

      [სქოლიოები]

      a სახელი შეცვლილია.

  • იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი და იყავით გამბედავები
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ოქტომბერი
    • იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი და იყავით გამბედავები

      „იეჰოვაზე დაამყარე იმედი, გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე. იეჰოვაზე დაამყარე იმედი“ (ფსალმუნები 27:14).

      1. რატომ არის მნიშვნელოვანი იმედის ქონა და რას გულისხმობს ბიბლია „იმედში“?

      ნამდვილი იმედი კაშკაშა სინათლეს ჰგავს. მისი დახმარებით ვხედავთ, რა იმალება ჩვენი განსაცდელების უკან და, გაბედულად და სიხარულით ვუსწორებთ თვალს მომავალს. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია თავის მიერ შთაგონებული სიტყვის საშუალებით მოგვცეს უტყუარი იმედი (2 ტიმოთე 3:16). სიტყვები „იმედი“, „დაიმედება“ და „იმედის დამყარება“ 160-ზე მეტჯერ გვხვდება ბიბლიაში და მიუთითებს როგორც მოლოდინის ობიექტზე, ისე რაიმე კარგის მოუთმენლად და რწმენით მოლოდინზეa. ასეთი იმედი უფრო მეტია, ვიდრე არარეალური სურვილი ან რაიმეს განხორციელების შესაძლებლობა.

      2. რა როლს ასრულებდა იმედი იესოს ცხოვრებაში?

      2 განსაცდელების პირისპირ ყოფნისას იესო მომავალ კურთხევებს ხედავდა და იეჰოვაზე ამყარებდა იმედს. „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელები 12:2). ვინაიდან იესოს მთელი ყურადღება იეჰოვას უზენაესობის გამართლებასა და მისი სახელის განწმენდაზე ჰქონდა გადატანილი, რა ფასადაც უნდა დასჯდომოდა, ის ნებისმიერ ვითარებაში ემორჩილებოდა ღმერთს.

      3. რა როლს ასრულებს იმედი ღვთის მსახურთა ცხოვრებაში?

      3 მეფე დავითმა აღნიშნა, თუ რა კავშირია იმედსა და გამბედაობას შორის: „იეჰოვაზე დაამყარე იმედი, გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე. იეჰოვაზე დაამყარე იმედი“ (ფსალმუნები 27:14). თუ გვსურს, გული გავიმაგროთ, არასდროს უნდა დავკარგოთ იმედი და ის ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგას. ამგვარად კი, იესოს მსგავსად, შევძლებთ გაბედულებისა და გულმოდგინების გამოვლენას იმ საქმის შესრულებისას, რომელიც იესომ მოწაფეებს დაავალა (მათე 24:14; 28:19, 20). იმედი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რწმენა და სიყვარული, და ის ღვთის მსახურთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (1 კორინთელები 13:13).

      „უხვობთ იმედში“?

      4. რას ელიან მოუთმენლად ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“?

      4 ღვთის ხალხს შესანიშნავი მომავალი ელის. ცხებული ქრისტიანები მოუთმენლად ელიან ქრისტესთან ერთად ზეცაში მსახურებას. „სხვა ცხვრებს“ კი იმის იმედი აქვთ, რომ ‘გათავისუფლდებიან ხრწნის მონობისგან და მიიღებენ ღვთის [მიწიერ] შვილთა დიდებულ თავისუფლებას’ (იოანე 10:16; რომაელები 8:19—21; ფილიპელები 3:20). ეს „დიდებული თავისუფლება“ ცოდვისა და მისი საშინელი შედეგებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. იეჰოვა — „ყოველი კარგი ძღვენისა და ყოველი სრულყოფილი საბოძვარის“ წყარო — თავის ერთგულ მსახურებს არაფერს მოაკლებს (იაკობი 1:17; ესაია 25:8).

      5. როგორ უნდა „ვიუხვოთ იმედში“?

      5 რამდენად დიდი ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანულ იმედს ჩვენს ცხოვრებაში? რომაელების 15:13-ში ვკითხულობთ: „იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით თქვენი რწმენის მეშვეობით, რათა იუხვოთ იმედში წმინდა სულის ძალით“. იმედი ჰგავს არა სიბნელეში ანთებულ სანთელს, არამედ ამომავალი მზის კაშკაშა სხივებს. იმედი ადამიანს სიმშვიდეს, ბედნიერებას, სიცოცხლის აზრსა და გამბედაობას სძენს. მაშინ ‘ვუხვობთ იმედში’, როცა გვწამს ღვთის სიტყვა და ვიღებთ წმინდა სულს. რომაელების 15:4-ში ნათქვამია: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“. ასე რომ, დაფიქრდი: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იმედი ბიბლიის ყოველდღიური კითხვითა და მისი შესწავლით? ხშირად ვთხოვ იეჰოვას ლოცვაში წმინდა სულს?“ (ლუკა 11:13).

      6. რა არ უნდა დავუშვათ, მტკიცე იმედი რომ შევინარჩუნოთ?

      6 იესოს, ვის ნაკვალევსაც მივყვებით, დიდ ძალებს ჰმატებდა ღვთის სიტყვა. მის მაგალითზე გულდასმით დაფიქრება დაგვეხმარება, ‘არ დავიღალოთ და არ დავკარგოთ სულის სიმხნევე’ (ებრაელები 12:3). ცხადია, თუ ღვთისგან მოცემული იმედი ჩვენთვის ძალას დაკარგავს და ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანთ, მაგალითად მატერიალურ ნივთებზე ან ქვეყნიურ მიზნებზე, სულიერად მოვდუნდებით და თანდათანობით დავკარგავთ სიმტკიცესა და გაბედულებას. ასეთი განწყობის შედეგად შეიძლება ‘ჩვენი რწმენა ხომალდივით დაიმსხვრეს’ (1 ტიმოთე 1:19). ჭეშმარიტი იმედი კი გააძლიერებს ჩვენს რწმენას.

      იმედი აუცილებელია რწმენისთვის

      7. რატომ არის იმედი რწმენის განუყოფელი ნაწილი?

      7 ბიბლიაში ნათქვამია: „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). ამიტომ, იმედი რწმენის მხოლოდ დანამატი როდია. ის რწმენის განუყოფელი ნაწილია. დავფიქრდეთ აბრაამზე. როდესაც იეჰოვამ აბრაამსა და მის ცოლს სარას მემკვიდრე აღუთქვა, ადამიანური თვალსაზრისით, ისინი საკმაოდ ხანდაზმულები იყვნენ იმისათვის, რომ ეს მომხდარიყო (დაბადება 17:15—17). რას ფიქრობდა ამის შესახებ აბრაამი? „მას იმედის საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა“ (რომაელები 4:18). ღვთისგან ბოძებულმა იმედმა აბრაამს მტკიცე საფუძველი მისცა, ერწმუნა, რომ მემკვიდრე ეყოლებოდა. ეს რწმენა კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო უმტკიცებდა იმედს. აბრაამსა და სარას იმისთვისაც კი ეყოთ გამბედაობა, რომ დაეტოვებინათ სახლი და ნათესავები, და დარჩენილი სიცოცხლის წლები კარვებში ეცხოვრათ!

      8. როგორ გვიმტკიცებს იმედს მოთმინება და მორჩილება?

      8 აბრაამს იმედის შენარჩუნებაში ეხმარებოდა იეჰოვასათვის უყოყმანო მორჩილება, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება რთული იყო (დაბადება 22:2, 12). თუ ჩვენც მორჩილებასა და მოთმინებას გამოვავლენთ იეჰოვას მსახურებაში, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ჯილდოს მივიღებთ. პავლე მოციქულმა დაწერა: „მოთმინებას ღვთის მოწონება მოაქვს, ღვთის მოწონებას — იმედი, ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს“ (რომაელები 5:4, 5). პავლემ აგრეთვე თქვა: „გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე სრულად იყოს დარწმუნებული იმედში“ (ებრაელები 6:11). ასეთი დადებითი განწყობა, რაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შედეგია, იმის ძალებს მოგვცემს, რომ ნებისმიერ სირთულეს გაბედულად და სიხარულითაც კი შევხვდეთ.

      „იხარეთ იმედში“

      9. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „იმედში ვიხაროთ“?

      9 ღვთისგან მოცემული იმედი ნებისმიერ რამეს აღემატება, რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს. ფსალმუნების 37:34-ში ვკითხულობთ: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“. დიახ, ჩვენ ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, „ვიხაროთ იმედში“ (რომაელები 12:12). ამისთვის კი ყოველთვის გონებაში უნდა გვქონდეს ჩაბეჭდილი ეს იმედი. გამუდმებით ფიქრობთ ღვთისგან ბოძებულ იმედზე? შეგიძლიათ თავი წარმოიდგინოთ სამოთხეში, სადაც კარგი ჯანმრთელობა გექნებათ, ყოველგვარი საწუხარისგან იქნებით გათავისუფლებულები, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იცხოვრებთ და აზრით აღსავსე, სიამოვნების მომგვრელი საქმიანობით დაკავდებით? ფიქრობთ ხოლმე სამოთხის ამსახველ სურათებზე, რომლებიც ჩვენს პუბლიკაციებში იბეჭდება? ასეთი ფიქრი შეიძლება შევადაროთ ფანჯრის გაწმენდას, საიდანაც საუცხოო ხედი იშლება. თუ მინებს არ გავწმენდთ, მალე ფანჯარა ისე დაიმტვერება, რომ ნათლად ვეღარ დავინახავთ თვალწარმტაც ხედს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. მოდი არასდროს დავუშვათ ასეთი რამ!

      10. როგორ მოქმედებს ჯილდოს მიღების მოლოდინი იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე?

      10 რასაკვირველია, იეჰოვას მსახურებისკენ უპირველესად მისადმი სიყვარული აღგვძრავს (მარკოზი 12:30). მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ მოუთმენლად უნდა ველოდოთ ჯილდოს. იეჰოვას მოელის კიდეც ამას ჩვენგან! ებრაელების 11:6-ში ნათქვამია: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“. რატომ სურს იეჰოვას, ვუყუროთ მას, როგორც ჩვენს დამაჯილდოებელს? ამგვარად ვცხადვყოფთ, რომ კარგად ვიცნობთ ჩვენს ზეციერ მამას, რომელსაც უყვარს თავისი შვილები და გულუხვია მათ მიმართ. წარმოიდგინეთ, როგორი გულგატეხილები და უბედურები ვიქნებოდით, „მომავალი და იმედი“ რომ არ გვქონოდა (იერემია 29:11).

      11. როგორ დაეხმარა ღვთისგან ბოძებული იმედი მოსეს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში?

      11 ამ მხრივ მოსემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ის ერთ-ერთი იყო იმ ერთგულ მსახურთა შორის, რომლებსაც ყოველთვის თვალწინ ედგათ ღვთის მიერ ბოძებული იმედი. მოსეს, როგორც „ფარაონის ასულის ძეს“, ძალაუფლება და სახელი ჰქონდა და ეგვიპტის განძს ფლობდა. ამ ყოველივეს მიანიჭა მან უპირატესობა თუ იეჰოვას მსახურებას? მოსემ გამბედაობა გამოავლინა და ღვთის მსახურება აირჩია. რატომ? მიზეზი ის იყო, რომ „ჯილდოს ხედავდა“ (ებრაელები 11:24—26). დიახ, მოსესთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა იეჰოვასგან ბოძებული იმედი.

      12. რატომ არის ქრისტიანული იმედი შედარებული მუზარადთან?

      12 პავლე მოციქულმა იმედი მუზარადს შეადარა, რადგან იმედი იცავს ჩვენს გონებას და გვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში, პრიორიტეტების სწორად დადგენასა და ერთგულების შენარჩუნებაში (1 თესალონიკელები 5:8). ყოველთვის თან ატარებთ თქვენს „მუზარადს“? თუ ასეა, მოსესა და პავლეს მსგავსად, დაიმედებულნი იქნებით ‘არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს’. ფართოდ გავრცელებული ტენდენციის წინააღმდეგ წასვლა და ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ბუნებრივია, გაბედულებას მოითხოვს. მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად. განა არსებობს უფრო ძვირფასი რამ, ვიდრე „ჭეშმარიტი სიცოცხლე“, რომელიც ელის ყველას, ვისაც უყვარს იეჰოვა და მასზე ამყარებს იმედს (1 ტიმოთე 6:17, 19).

      „არ დაგტოვებ“

      13. რაში არწმუნებს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს?

      13 რაც უფრო ძლიერდება „მშობიარობის ტკივილები“, მით უფრო სერიოზული დაფიქრება მმართებთ ხვალინდელ დღეზე მათ, რომლებიც წუთისოფელზე ამყარებენ იმედს (მათე 24:8). მაგრამ ის, ვინც იეჰოვაზე ამყარებს იმედს, არა აქვს შიშის საფუძველი. ღვთის მსახურები ‘უსაფრთხოდ იცხოვრებენ და უბედურების შიში არ შეაწუხებთ’ (იგავები 1:33). ისინი არ ამყარებენ იმედს ქვეყნიერებაზე და სიხარულით ითვალისწინებენ პავლეს რჩევას: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ » (ებრაელები 13:5).

      14. რატომ არ უნდა წუხდეს მეტისმეტად ქრისტიანი მატერიალურ საჭიროებებზე?

      14 ამ მუხლიდან ჩანს, რომ იეჰოვა აუცილებლად იზრუნებს ჩვენზე. ამაში იესომაც დაგვარწმუნა შემდეგი სიტყვებით: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი [ის, რაც აუცილებელია] შეგემატებათ. მაშ, ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:33, 34). იეჰოვას ესმის, რომ ადვილი არ არის ერთდროულად სამეფოს საქმეში გულმოდგინედ მონაწილეობა და ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნვა. ამიტომ, მოდი ეჭვი არ შევიტანოთ იმაში, რომ იეჰოვას შეუძლია და სურვილიც აქვს, იზრუნოს ჩვენს საჭიროებებზე (მათე 6:25—32; 11:28—30).

      15. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს „სუფთა თვალის“ შენარჩუნება?

      15 თუ ‘სუფთა თვალი’ გვაქვს, ამით ცხადვყოფთ, რომ ვენდობით იეჰოვას (მათე 6:22, 23). „სუფთა თვალი“ გულისხმობს გულწრფელობას, სწორ მოტივებს და სიხარბისა თუ ეგოისტური ამბიციებისგან შორს ყოფნას. თუმცა ამისთვის საჭირო არ არის უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრება ან ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. „სუფთა თვალის“ შესანარჩუნებლად უნდა გვქონდეს „საღი აზროვნება“ და იეჰოვას მსახურებას პირველ ადგილზე უნდა ვაყენებდეთ (2 ტიმოთე 1:7).

      16. რატომ არის საჭირო „სუფთა თვალის“ შესანარჩუნებლად რწმენა და გამბედაობა?

      16 „სუფთა თვალის“ შენარჩუნებისთვის რწმენა და გამბედაობაა საჭირო. მაგალითად, თუ დამსაქმებელი მოითხოვს, რომ სისტემატურად იმუშაო იმ დროს, როცა ქრისტიანული შეხვედრებია დაგეგმილი, გამოავლენთ გამბედაობას სულიერი საკითხებისთვის უპირატესობის მისანიჭებლად? თუ ადამიანს ეჭვი ეპარება იმაში, რომ იეჰოვა დაპირებისამებრ იზრუნებს თავის მსახურებზე, სატანა უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს მასზე. შედეგად, მან შეიძლება ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება შეწყვიტოს. დიახ, რწმენის ნაკლებობის გამო სატანას ჩავუგდებთ თავს ხელში და, იეჰოვას ნაცვლად, ის დაგვიდგენს პრიორიტეტებს. ეს კი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს (2 კორინთელები 13:5).

      „იეჰოვას იმედი გქონდეს“

      17. როგორ არიან კურთხეულნი დღესვე ისინი, რომლებიც იეჰოვას ენდობიან?

      17 ბიბლია არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ისინი, რომლებიც იეჰოვას ენდობიან და მასზე ამყარებენ იმედს, ყოველთვის წარმატებულნი არიან (იგავები 3:5, 6; იერემია 17:7). თუმცა დროდადრო შეიძლება ყველაფრით არ იყვნენ მატერიალურად უზრუნველყოფილნი, ეს მათთვის უმნიშვნელო მსხვერპლია იმ კურთხევებთან შედარებით, რომლებიც მომავალში ელით. ამგვარად ისინი ცხადყოფენ, რომ ‘იეჰოვას იმედი აქვთ’ და დარწმუნებულნი არიან, რომ საბოლოოდ იეჰოვა დააკმაყოფილებს თავის ერთგულ მსახურთა სურვილებს (ფსალმუნები 37:4, 34). ამიტომ ისინი დღესვე არიან ბედნიერები. „მართალს მოლოდინი ახარებს, ბოროტის იმედი კი გაქარწყლდება“ (იგავები 10:28).

      18, 19. ა) რაში გვარწმუნებს იეჰოვა სიყვარულით? ბ) რა არის საჭირო იმისათვის, რომ იეჰოვა ჩვენს ‘მარჯვნივ იყოს’?

      18 როდესაც პატარა ბავშვი მამასთან ერთად ხელჩაკიდებული მიდის, ის თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს ზეციერ მამასთან ერთად სიარულზე. იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ . . . მე დაგეხმარები . . . რადგან მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ესაია 41:10, 13).

      19 მართლაც თბილი გრძნობები გვეუფლება, როცა წარმოვიდგენთ, რომ იეჰოვას თავისი მსახურის ხელი უჭირავს! დავითმა დაწერა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის“ (ფსალმუნები 16:8). რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იეჰოვა ჩვენს ‘მარჯვნივ იყოს’? არსებობს, სულ მცირე, ორი საშუალება. ერთი ის არის, რომ ცხოვრების ყველა სფეროში ღვთის სიტყვით ვიხელმძღვანელოთ, მეორე კი — მთელი ყურადღება იეჰოვას მიერ დაპირებულ ჯილდოზე გადავიტანოთ. ფსალმუნმომღერალმა ასაფმა დაწერა: „მუდამ შენთან ვარ; შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა ხელი. შენი რჩევით წამიძღვები და დიდებამდეც კი მიმიყვან“ (ფსალმუნები 73:23, 24). ღვთის ასეთი დანაპირები ძალებს გვაძლევს, რათა გაბედულად შევხვდეთ ხვალინდელ დღეს.

      „ახლოვდება თქვენი ხსნა“

      20, 21. რა მომავალი ელის მათ, ვინც იეჰოვაზე ამყარებს იმედს?

      20 რაც დრო გადის, მით უფრო მეტად გვჭირდება, რომ იეჰოვა ჩვენს მარჯვნივ იყოს. მალე, ცრუ რელიგიის განადგურების დაწყებით, სატანის ქვეყნიერებას არნახული გასაჭირი დაატყდება თავს (მათე 24:21). ურწმუნო კაცობრიობას შიში მოიცავს. მათგან განსხვავებით, იმ კრიტიკულ პერიოდში იეჰოვას გაბედული მსახურები იმედით გაიხარებენ! იესომ თქვა: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28).

      21 მოდი ვიხაროთ ღვთისგან მოცემული იმედით და არ დავუშვათ, რომ სატანამ თავისი მზაკვრული მეთოდებით შეცდომაში შეგვიყვანოს. ამავე დროს, მოდი ყველაფერი გავაკეთოთ რწმენის, სიყვარულისა და ღვთის შიშის განსავითარებლად. ამგვარად მოვიკრებთ გამბედაობას იმისათვის, რომ ნებისმიერ ვითარებაში დავემორჩილოთ იეჰოვას და წინ აღვუდგეთ ეშმაკს (იაკობი 4:7, 8). მაშ „გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვინც იეჰოვას ელით“ (ფსალმუნები 31:24).

      [სქოლიოები]

      a თუმცა ბერძნულ წერილებში სიტყვა „იმედი“ ხშირად ცხებული ქრისტიანების ზეციურ ჯილდოსთან დაკავშირებით გამოიყენება, ამ სტატიაში „იმედს“ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება