საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჭეშმარიტი მართლმსაჯულება — როდის და როგორ?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივნისი
    • ჭეშმარიტი მართლმსაჯულება — როდის და როგორ?

      უდანაშაულოს არ უნდა აშინებდეს ჭეშმარიტი მართლმსაჯულება. სინამდვილეში, მოქალაქეებს თითქმის ყველგან აქვთ მადლიერების მიზეზი, თუ მათ ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი სისტემა, რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებას ცდილობს. ამაში შედის კანონთა კრებული, პოლიცია, რომელიც თვალყურს ადევნებს მათ დაცვას, და მართლმსაჯულების აღმსრულებელი სასამართლოები. ჭეშმარიტი ქრისტიანები პატივს სცემენ სასამართლო სისტემას, რომელშიც ცხოვრობენ, რადგან მისდევენ ბიბლიურ მითითებას — ‘დაემორჩილონ უმაღლეს ხელმწიფებას’ (რომაელთა 13:1–7).

      მაგრამ ბევრ ქვეყანაში სასამართლო სისტემები საზიანო და არასასიამოვნო შეცდომებს უშვებსa. დამნაშავის დასჯისა და უდანაშაულოს დაცვის ნაცვლად ზოგჯერ უდანაშაულოები ისჯებიან ისეთი დანაშაულებისთვის, რომლებიც არ ჩაუდენიათ. სხვებმა წლები დაჰყვეს ციხეში, რადგან სერიოზული ეჭვების გამო — იყვნენ თუ არა ისინი დამნაშავეები და არსებობდა თუ არა საფუძველი მათი ნასამართლობისთვის — გათავისუფლებულ იქნენ მხოლოდ მაშინ, როცა მათი პატიმრობის ვადა თითქმის ამოიწურა. აქედან გამომდინარე, მრავალი სვამს კითხვას: იქნება ოდესმე ჭეშმარიტი მართლმსაჯულება ყველასთვის? თუ დიახ, როდის და როგორ? ვის შეგვიძლია ვენდოთ, რომ დაიცავს უდანაშაულოს? და რა იმედი არსებობს უსამართლობის მსხვერპლთათვის?

      მცდარი მართლმსაჯულება

      ამ საუკუნის 80-იან წლებში გერმანია შეესწრო „ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სენსაციურ სასამართლო პროცესს“, როცა დედა სამუდამო პატიმრობაში აიყვანეს თავისი ორი ასულის მკვლელობისთვის. მაგრამ წლების შემდეგ მის წინააღმდეგ არსებული სამხილი გადაამოწმეს და ახალ სასამართლო პროცესზე გაათავისუფლეს. გაზეთი „დი ცაიტი“ (Die Zeit) 1995 წელს იტყობინებოდა, რომ პირველი განაჩენი „შეიძლება სასამართლო შეცდომა აღმოჩენილიყო“. ამ სტატიის დაწერის დროისთვის ზემოხსენებულმა ქალმა ცხრა წელი დაჰყო ციხეში, თუმცა მისი დამნაშავეობა ეჭვქვეშ იყო.

      1974 წლის ნოემბრის ერთ საღამოს ქალაქ ბირმინგემის (ინგლისი) ცენტრი შეაზანზარა ორი ბომბის აფეთქებამ, რამაც 21 ადამიანი იმსხვერპლა. ეს იყო შემთხვევა, რომელიც „ბირმინგემში არავის არასოდეს დაავიწყდება“, — წერდა პარლამენტის წევრი კრის მალენი. მოგვიანებით „ბრიტანეთის ისტორიაში უდიდეს მკვლელობასთან დაკავშირებით დამნაშავედ სცნეს ექვსი უდანაშაულო მამაკაცი“. შემდგომში მათი ნასამართლობა მოხსნილ იქნა — მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც 16 წელი დაჰყვეს ციხეში!

      იურისკონსულტი კენ კრისპინი იტყობინებოდა შემთხვევას, რომელმაც „საზოგადოების ყურადღება მიიზიდა ავსტრალიის იურიდიული ისტორიის მატიანეში შეუდარებელი მეთოდით“. ერთი ოჯახი არზის კლდის მახლობლად ბანაკდებოდა, როცა მათი ბავშვი დაიკარგა და ვეღარ იპოვეს. მკვლელობა დედას დააბრალეს, დამნაშავედ სცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1987 წელს, მას შემდეგ, რაც მან სამ წელიწადზე მეტი დაჰყო ციხეში, გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ მის წინააღმდეგ არსებული სამხილი ვერ ამართლებდა ნასამართლობას. ის სასჯელისგან გაათავისუფლეს.

      1986 წელს მოკლეს სამხრეთ შეერთებულ შტატებში მცხოვრები 18 წლის გოგონა. ბრალი დასდეს შუა ხნის მამაკაცს, დამნაშავედ სცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მან ექვსი წელიწადი გაატარა სიკვდილმისჯილთა შორის, ვიდრე დადგინდებოდა, რომ დანაშაულთან საერთო არაფერი ჰქონია.

      არის ყოველივე ეს სასამართლო შეცდომების იშვიათი მაგალითები? დეივიდ რუდოვსკი (პენსილვანიის იურიდიული სკოლის უნივერსიტეტი) შენიშნავს: „დაახლოებით 25 წელიწადია, რაც სასამართლო სისტემაში ვარ და მრავალი საქმე განმიხილავს. მე ვიტყოდი, რომ მსჯავრდადებულები, რომლებიც, სინამდვილეში, უდანაშაულოები არიან. . . ჩემი ვარაუდით, 5–10%-ს შეადგენენ“. კრისპინი დამაფიქრებელ კითხვას სვამს: „არიან სხვა უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც გულგატეხილები სხედან ციხის საკნებში?“ რანაირად შეიძლება ასეთი ტრაგიკული შეცდომების დაშვება?

  • ჭეშმარიტი მართლმსაჯულება — როდის და როგორ?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 ივნისი
    • ნუგეში საღვთო წერილიდან

      1952 წლის ნოემბერში დერიკ ბენტლიმ და კრისტოფერ კრეგმა საწყობი გატეხეს კროიდონში, ლონდონის მახლობლად. ბენტლი 19 წლის იყო, კრეგი კი — 16-ის. გამოძახებულ იქნა პოლიცია; კრეგმა ერთ-ერთ პოლიციელს ესროლა და მოკლა. მან ცხრა წელი მოიხადა ციხეში, მაშინ როცა მკვლელობისთვის ბენტლი ჩამოახრჩეს 1953 წელს.

      ბენტლის და, აირისი, 40 წელი იბრძოდა, რომ ჩამოერეცხა ძმის სახელს მოცხებული ჩირქი მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც მას არ ჩაუდენია. 1993 წელს ხელისუფლებამ ბოდიში მოუხადა მას სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენისთვის და აღიარა, რომ დერიკ ბენტლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოეხრჩოთ. ამ შემთხვევის შესახებ აირის ბენტლი წიგნში „დაე სამართლიანი იყოს ის“ (Let Him Have Justice) წერდა:

      «სროლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე დერიკი ქუჩაში იეჰოვას მოწმეს შეხვდა. . . და ლეინი ჩვენგან არცთუ ისე შორს ცხოვრობდა „ფეევიუ როუდზე“ და დერიკი მიიპატიჟა ბიბლიური მოთხრობების მოსასმენად. . . კარგი ის იყო, რომ და ლეინს ჰქონდა ბიბლიური მოთხრობების ჩანაწერი, რომელიც მან დერიკს ათხოვა [რადგანაც ის ცუდი მკითხველი იყო]. . . დერიკი ბრუნდებოდა ხოლმე და მიყვებოდა, რასაც მისგან იგებდა, მაგალითად, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა კვლავ დავბრუნდებით».

      აირის ბენტლიმ თავისი ძმა სიკვდილმისჯილთა შორის მოინახულა სიკვდილით დასჯის წინ. როგორ გრძნობდა დერიკი თავს? „ის რასაც და ლეინი ეუბნებოდა ხოლმე, დაეხმარა მას დარჩენილი დღეების გადატანაში“. (კურსივი ჩვენია).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება