-
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ღმერთები სამსჯავროზე
10. რა სირთულის წინაშე აყენებს იეჰოვა ერებსა და მათ ღმერთებს?
10 ახლა იეჰოვა ისრაელის გათავისუფლების შესახებ დადებულ აღთქმას საფუძვლად უდებს საყოველთაო სასამართლო პროცესს და ერების ღმერთების განსჯას იწყებს. იეჰოვა ამბობს: „ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს [მათი ღმერთებიდან] მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ [მათმა ღმერთებმა] მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია!“ (ესაია 43:9). იეჰოვა დიდი სირთულის წინაშე აყენებს წუთისოფლის ერებს. ფაქტობრივად, ის მათ ეუბნება: „იწინასწარმეტყველონ თქვენმა ღმერთებმა მომავალი და ამით დაამტკიცონ, რომ ნამდვილად ღმერთები არიან“. ცხადია, მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეუძლია უშეცდომოდ წინასწარმეტყველება, ამიტომაც ეს გამოცდა ყველა თვითმარქვიას ამხელს (ესაია 48:5). მაგრამ ყოვლისშემძლე სხვა კანონიერ პირობასაც უყენებს მათ: ყველამ, ვინც თავს ჭეშმარიტ ღმერთად აცხადებს, მოწმეები უნდა მოიყვანოს, რომლებიც მათ მიერ წინასწარმეტყველების ფაქტებსა და ნაწინასწარმეტყველები მოვლენების შესრულების შესახებ დაამოწმებენ. ბუნებრივია, იეჰოვა არც თვითონ ამბობს უარს ამ პირობის შესრულებაზე.
11. რას ავალებს იეჰოვა თავის მსახურს და რას ამბობს თავის შესახებ?
11 უმწეო ცრუ ღმერთები მოწმეებს ვერ მოიყვანენ. ამიტომაც მოწმეთა ადგილი თავისუფალი რჩება. ახლა კი იეჰოვამ უნდა დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტი ღმერთია. ის თავის ხალხს მიმართავს: «თქვენა ხართ ჩემი მოწმენი... და ჩემი მორჩილნი [„მსახური“, აქ], რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი [„მხსნელი“, აქ]! მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი... და მე ღმერთი ვარ. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის [„უკან ვინ მიაქცევს ჩემს ხელს“, აქ]?» (ესაია 43:10—13).
12, 13. ა) რა უამრავი მტკიცების წარდგენა შეუძლია იეჰოვას ხალხს? ბ) როგორ გახდა ცნობილი იეჰოვას სახელი შედარებით ახლო წარსულში?
12 იეჰოვას მალე სიხარულით ეხმაურება და მოწმის ადგილს იკავებს მრავალი მოწმე. მათი ჩვენება ნათელი და უტყუარია. იესო ნავეს ძის მსგავსად, ისინი ადასტურებენ, რომ ‘არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა იეჰოვას სიტყვებიდან’ (იესო ნავეს ძე 23:14). იეჰოვას ხალხს შესანიშნავად ახსოვს ესაიას, იერემიას, ეზეკიელისა და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც თითქოს ერთხმად წინასწარმეტყველებდნენ იუდას ტყვეობასა და მის სასწაულებრივ დახსნას (იერემია 25:11, 12). იუდას მხსნელის, კიროსის, სახელი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 44:26—45:1).
13 ამდენი მტკიცების შემდეგ ვინ უარყოფს, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია? წარმართული ღვთაებებისგან განსხვავებით, იეჰოვასთვის არავის მიუცია დასაბამი; ის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთიაa. ამიტომაც იეჰოვას სახელით წოდებული ხალხისთვის, უდიდესი უპირატესობაა, მისი სასწაულებრივი საქმეების შესახებ მოუთხროს მომავალ თაობებსა და ყველას, ვისაც მის შესახებ მეტის გაგება სურს (ფსალმუნი 77:5—7). იეჰოვას მოწმეებს დღესაც შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ, მთელ მსოფლიოს აუწყონ იეჰოვას სახელი. XX საუკუნის 20-იან წლებში ბიბლიის მკვლევარები უკეთ გაერკვნენ ღვთის სახელის, იეჰოვას, მნიშვნელობასა და არსში. შემდეგ, 1931 წლის 26 ივლისს, კოლუმბუსში (ოჰაიო) გამართულ კონგრესზე, საზოგადოების პრეზიდენტმა, ჯოზეფ რუტერფორდმა, წარადგინა რეზოლუცია, სახელწოდებით „ახალი სახელი“. კონგრესის დელეგატებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სიტყვებმა: „ჩვენ გვსურს გვიცნობდნენ და ვიწოდებოდეთ იეჰოვას მოწმეებად“. ისინი ერთხმად დაეთანხმნენ რეზოლუციას! მას შემდეგ იეჰოვას სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო.
14. რას ახსენებს იეჰოვა ისრაელებს და რატომ არის ეს შეხსენება დროული?
14 იეჰოვა „თვალისჩინივით“ უფრთხილდება იმ ხალხს, ვინც პატივისცემით ატარებს მის სახელს. ის კვლავაც არწმუნებს ამაში ისრაელებს და ახსენებს, როგორ გამოიყვანა ეგვიპტიდან და როგორ მფარველობდა მათ უდაბნოში (მეორე რჯული 32:10, 12). იმ დროს ისრაელებს არავითარი უცხო ღმერთი არ ჰყოლიათ, რადგან თავიანთი თვალით ჰქონდათ ნანახი ეგვიპტის ყველა ღმერთის დამცირება. დიახ, ეგვიპტის მთელმა პანთეონმა ვერ დაიცვა ეგვიპტე და ხელი ვერ შეუშალა ისრაელის გამოსვლას (გამოსვლა 12:12). აგრეთვე ძლევამოსილი ბაბილონი, სადაც ცრუ ღმერთების 50-მდე ტაძარი მაინც არის აღმართული, ვერ შეაკავებს ყოვლადძლიერის ხელს, როდესაც იეჰოვა თავისი ხალხის გასათავისუფლებლად ამოქმედდება. ნათელია, იეჰოვას გარდა ‘არავინ არის მხსნელი’.
-
-
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
[სურათები 52 გვერდზე]
იეჰოვა ერებისგან მოითხოვს, მოწმეები მოიყვანონ მათმა ღმერთებმა.
1. ბაალი (ბრინჯაოს ქანდაკება) 2. აშთორეთი (თიხის ფიგურები) 3. ეგვიპტური ტრიადა: ჰოროსი, ოსირისი და ისიდა 4. ბერძნების ღვთაებები: ათენა (მარცხნივ) და აფროდიტე
-