იეჰოვას მოწმეთა კიდევ ერთი გამარჯვება საბერძნეთში
ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი წლის ექვს ოქტომბერს ათენის სამომრიგებლო სასამართლოს სამი წარმომადგენელი უსმენდა სასამართლო საქმეს იეჰოვას მოწმეთაგან ორი სრული დროით მსახურის თაობაზე. ბრალდება იყო პროზელიტიზმი, ხოლო სარჩელის აღმძვრელი — პოლიციელი, რომელსაც იეჰოვას მოწმეებმა სახლში მიაკითხეს.
თავმჯდომარე მოსამართლის მიერ დასმულმა კითხვებმა ნათელყო იეჰოვას მოწმეთა საქმიანობით გამოწვეული მისი ღრმა ინტერესი. მაგალითად, ის ეკითხებოდა: „როდის დაიწყეთ ეს სამსახური? როგორ გეპყრობიან ადამიანები ამ წლების განმავლობაში? როგორ ეხმაურებიან თქვენს საქმიანობას? რას ეუბნებით ადამიანებს კართან მისვლისას?“ სასამართლოზე დამსწრეები ყურადღებით უსმენდნენ იეჰოვას მოწმეების შესანიშნავ დამოწმებას.
იეჰოვას მოწმეებისთვის მოულოდნელად სახელმწიფო ბრალმდებელმაც კი მათ სასარგებლოდ გამოთქვა აზრი. „იეჰოვას მოწმეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ არა მხოლოდ თავიანთი ღვთისადმი რწმენა და თაყვანისცემა გამოავლინონ, — აღნიშნა მან დასკვნით სიტყვაში, — არამედ აგრეთვე კარდაკარ, საზოგადოებრივ ბაღებსა და ქუჩებში გაუზიარონ სხვებს თავიანთი რწმენა და, თუ სურთ, გადასახადების გარეშე გაავრცელონ თავიანთი ლიტერატურა“. სახელმწიფო ბრალმდებელმა მოსამართლეებისა და სახელმწიფო საბჭოს მიერ გამოტანილი გამართლების მრავალი გადაწყვეტილება მოიყვანა. მან მიუთითა აგრეთვე სასამართლო პროცესზე „კოკკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ გადაწყვიტაa. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, — აფრთხილებდა სახელმწიფო ბრალმდებელი, — რომ საბერძნეთმა ჯარიმაც კი გადაიხადა ამ საქმეში. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, როცა ასეთი საკითხების გამოძიებაა აუცილებელი. სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი საქმეები საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს სასამართლოში“.
სახელმწიფო ბრალმდებლის სიტყვის შემდეგ იეჰოვას მოწმეების ადვოკატს არცთუ ისე ბევრი დარჩა სათქმელი. მიუხედავად ამისა, მან გამოიყენა ხელსაყრელი შესაძლებლობა, რომ ყურადღება გაემახვილებინა პროზელიტიზმთან დაკავშირებული კანონის არაკონსტიტუციურობაზე და მის შედეგად საერთაშორისო მასშტაბით საბერძნეთის საქმეების გართულებაზე.
თავმჯდომარე მოსამართლემ მხოლოდ გადახედა ორ სხვა მოსამართლეს და ერთხმად გაამართლეს ჩვენი ძმა და და. საათსა და ათ წუთს გაგრძელებული სასამართლო პროცესი, როგორც იეჰოვას სახელის, ასევე, მისი ხალხის გამარჯვება იყო.
ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოს მიერ მოსმენილი „კოკკინაკისის საქმის“ შემდეგ ეს მეოთხე გამართლებაა პროზელიტიზმთან დაკავშირებულ საკითხებში. იეჰოვას მოწმეებს საბერძნეთში უხარიათ, რომ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები ახლა, ფაქტობრივად, არ არსებობს და რომ აქვთ შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გააგრძელონ ეს საქმიანობა.
[სქოლიოები]
a იხილე „საგუშაგო კოშკი“, 1993 წლის 1-ლი სექტემბრის გამოცემა, გვერდები 27–31, (ინგლ.).