საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • აბრაამი — თავმდაბალი კაცი
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 იანვარი
    • აბრაამი — თავმდაბალი კაცი

      ზაფხულის ცხელი დღე იდგა. აბრაამს კარავში შეეფარებინა თავი. როცა ჰორიზონტზე გაიხედა, სამ მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომლებიც იმ მხარეს სტუმრობდნენ.a აბრაამი მაშინვე შეეგება მათ, შესთავაზა, ცოტა ხნით დაესვენათ და კარავში შეიპატიჟა. მან უთხრა, რომ პურს მოუტანდა, მაგრამ საუკეთესო სუფრა გაუშალა. სუფრაზე მიიტანა ჩვილი ხბოს ხორცი, ახალგამომცხვარი პური, კარაქი და რძე. აბრაამმა მხოლოდ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა კი არ გამოავლინა, არამედ ნამდვილი თავმდაბლობაც (დაბადება 18:1—8).

      რა არის თავმდაბლობა? თავმდაბლობა სიამაყისა და ქედმაღლობის საპირისპირო თვისებაა. თავმდაბალ ადამიანს ესმის, რომ ვინმეს შეიძლება მასზე უკეთ გამოუვიდეს რამე (ფილიპელები 2:3). იგი ყოველთვის მზად არის მოსასმენად, როცა რჩევას აძლევენ, და ცდილობს, სხვების ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს.

      როგორ ავლენდა აბრაამი თავმდაბლობას? აბრაამი სიხარულით ემსახურებოდა სხვებს. როგორც კი მან სამი სტუმარი შეამჩნია, უმალვე დაიწყო მათზე ზრუნვა. მისი მეუღლე სარა მაშინვე შეუდგა სადილის მომზადებას. ყურადღება მიაქციეთ, რომ აბრაამმა თითქმის ყველაფერი თვითონ გააკეთა: ის თავად შეეგება სტუმრებს, თავად შესთავაზა წახემსება, თვითონ გაიქცა ნახირთან, დასაკლავად ხბო აირჩია და თვითონ მოემსახურა სტუმრებს. ნაცვლად იმისა, რომ ეს საქმე თავისი მსახურებისთვის დაევალებინა, ამ თავმდაბალმა კაცმა ყველაფერი თავად გააკეთა. მისთვის დამამცირებელი არ იყო სხვების მომსახურება.

      აბრაამი ითვალისწინებდა მათ რჩევებს, ვინც მას ემორჩილებოდა. ბიბლიაში აბრაამისა და სარას მხოლოდ რამდენიმე მოკლე დიალოგია ჩაწერილი. აქედან ორ მონაკვეთში ვკითხულობთ, რომ აბრაამმა გაითვალისწინა სარას რჩევები (დაბადება 16:2; 21:8—14). ერთ-ერთი შემთხვევის დროს აბრაამი „მეტისმეტად დამწუხრდა“ სარას სიტყვების გამო. მაგრამ, როდესაც იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ სარასთვის დაეჯერებინა, მან თავმდაბლობა გამოავლინა და სარას თხოვნა შეასრულა.

      რა შეგვიძლია ვისწავლოთ? თუ ნამდვილად თავმდაბლები ვართ, ჩვენც სიხარულით მოვემსახურებით სხვებს. სიამოვნებას მოგვანიჭებს, თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სხვებმა კარგად იგრძნონ თავი.

      თავმდაბლობას მაშინაც გამოვავლენთ, თუ გავითვალისწინებთ სხვების რჩევებს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რჩევები ჩვენ არ გვეხება. პირიქით, გონივრულია, თუ მოვუსმენთ მათ (იგავები 15:22). ასეთი სწორი დამოკიდებულება განსაკუთრებით ზედამხედველებს წაადგებათ. „მივხვდი, რომ კარგი ზედამხედველი ის არის, ვისთანაც თავისუფლად გამოთქვამენ აზრებს“, — ამბობს გამოცდილი ზედამხედველი, ჯონი. შემდეგ კი დასძენს: „თავმდაბლობა სჭირდება იმის აღიარებას, რომ მას, ვისი ზედამხედველიც ხართ, თქვენზე უკეთ გამოსდის რაღაცის კეთება. შეუძლებელია, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს, თუნდაც ზედამხედველს, ჰქონდეს კარგი იდეები“.

      თუ მივბაძავთ აბრაამს და გავითვალისწინებთ სხვების რჩევებს, ამავე დროს მოვემსახურებით სხვებს, იეჰოვას კეთილგანწყობას მოვიპოვებთ, რადგან „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტრე 5:5).

      [სქოლიო]

      a ეს სტუმრები ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზები იყვნენ, მაგრამ აბრაამი, როგორც ჩანს, თავიდან ამას ვერ მიხვდა (ებრაელები 13:2).

  • აბრაამი — მოსიყვარულე კაცი
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 იანვარი
    • აბრაამი — მოსიყვარულე კაცი

      აბრაამს მწუხარებისგან გული დამძიმებოდა. მას ხომ საყვარელი მეუღლე გამოეცალა ხელიდან. სანამ სამარხთან საბოლოოდ გამოემშვიდობებოდა სარას, მოხუცებულ აბრაამს წარსულის არაერთი ლამაზი მოგონება წარმოუდგა თვალწინ. გულმოკლული მოხუცი მწარედ ქვითინებდა (დაბადება 23:1, 2). მას არ რცხვენოდა ცრემლების, რადგან სწორედ ეს ცრემლები მეტყველებდა მის დიდ სიყვარულზე.

      რა არის სიყვარული? სიყვარული არის თბილი გრძნობა — განსაკუთრებული სიახლოვე ვინმესთან. მოსიყვარულე ადამიანი თავის სიყვარულს საქმეებით ამტკიცებს მაშინაც კი, თუ ამისთვის მსხვერპლის გაღება უწევს.

      როგორ ავლენდა აბრაამი სიყვარულს? აბრაამი ოჯახის წევრებისადმი დიდ სიყვარულს ავლენდა. ცხადია, მას ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი, მაგრამ არასდროს რჩებოდა მხედველობიდან ოჯახის ემოციური თუ სულიერი მოთხოვნილებები. თავად იეჰოვამაც აღნიშნა, რომ აბრაამი, როგორც ოჯახის თავი, ყოველთვის ზრუნავდა ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე (დაბადება 18:19). ღმერთმა განსაკუთრებული ყურადღება აბრაამის სიყვარულზე გაამახვილა. მასთან საუბრისას იეჰოვამ ხაზი გაუსვა იმას, თუ რა ძლიერ უყვარდა აბრაამს თავისი ვაჟი, ისაკი (დაბადება 22:2).

      აბრაამის სიყვარული მაშინაც კარგად გამოჩნდა, როცა საყვარელი მეუღლე, სარა ხელიდან გამოეცალა. აბრაამი მწარედ ქვითინებდა. მართალია, ის ძლიერი და ვაჟკაცური იყო, მაგრამ თავისი დარდის გამოხატვის არ ერიდებოდა. ის სათნო, მაგრამ, ამავე დროს, მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო.

      აბრაამი ღვთისადმი სიყვარულს ავლენდა. მან თავისი ცხოვრებით ცხადყო, რომ უყვარდა ღმერთი, რაც 1 იოანეს 5:3-ში ჩაწერილ სიტყვებს გვახსენებს: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“. თუ ამ განმარტების მიხედვით ვიმსჯელებთ, აბრაამის მიერ ღვთისადმი გამოვლენილი სიყვარული მართლაც შეუდარებელია.

      როდესაც იეჰოვამ აბრაამს დავალება მისცა, ის უსიტყვოდ დაემორჩილა (დაბადება 12:4; 17:22, 23; 21:12—14; 22:1—3). რაც არ უნდა რთული შესასრულებელი ყოფილიყო დავალება, აბრაამი ემორჩილებოდა ღმერთს. ამას ისე აკეთებდა, თითქოს იცოდა, რატომ სთხოვდა იეჰოვა ამას. აბრაამისთვის მნიშვნელოვანი არ იყო, ყველაფერი დაწვრილებით სცოდნოდა. იგი მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა, რასაც ღმერთი მოისურვებდა. აბრაამი თვლიდა, რომ თითოეული დავალების შესრულებისას იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლეოდა.

      რა შეგვიძლია ვისწავლოთ? ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ აბრაამს და თბილი გრძნობები გამოვავლინოთ სხვების, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრების მიმართ. არ უნდა დავუშვათ, რომ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა საყვარელი ადამიანებისათვის განკუთვნილი დრო წაგვართვას.

      აგრეთვე მთელი გულით უნდა შევიყვაროთ იეჰოვა. ასეთი სიყვარული ცხოვრებაში დიდ სტიმულს მოგვცემს. მაგალითად, სიყვარული აღგვძრავს, შევიცვალოთ დამოკიდებულება, გავისუფთაოთ ბაგე და ისე მოვიქცეთ, როგორც ღმერთს ესიამოვნება (1 პეტრე 1:14—16).

      ცხადია, ყოველთვის ადვილი არ არის იეჰოვას მითითებების მიყოლა. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი, რომელიც დაეხმარა აბრაამს და თავისი მეგობარი უწოდა, ჩვენც დაგვეხმარება (ესაია 41:8). მისი სიტყვა, ბიბლია, გვპირდება: „[ღმერთი] განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“ (1 პეტრე 5:10). მართლაც რომ გულს გვითბობს აბრაამის მეგობრის ასეთი შესანიშნავი დანაპირები!

      [ჩარჩო 11 გვერდზე]

      სისუსტის ნიშანია ტირილი?

      ბევრი მართლაც ასე ფიქრობს. ალბათ, მათ გაუკვირდებათ იმის გაგება, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის ერთგული და ძლიერი მამაკაცებიდან აბრაამი ერთ-ერთია, რომელსაც უბედურების დროს ცრემლების არ შერცხვა. ტირილისგან თავი არც იოსებს, დავითს, პეტრე მოციქულს, ეფესოს კრების უხუცესებს და არც იესოს შეუკავებია (დაბადება 50:1; 2 სამუელი 18:33; ლუკა 22:61, 62; იოანე 11:35; საქმეები 20:36—38). აშკარაა, ბიბლიაში არსად წერია, რომ ტირილი სისუსტის ნიშანია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება