-
მტკიცედ გწამდეთ, რომ სამეფო შეასრულებს იეჰოვას განზრახვას!საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ოქტომბერი
-
-
მტკიცედ გწამდეთ, რომ სამეფო შეასრულებს იეჰოვას განზრახვას!
„რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“ (ებრ. 11:1).
1, 2. რა გვარწმუნებს, რომ ღვთის სამეფო შეასრულებს იეჰოვას განზრახვას ადამიანებთან მიმართებით და რატომ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე).
ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ხშირად ვამბობთ, რომ ღვთის სამეფო ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც ადამიანთა ყველა პრობლემას გადაწყვეტს. სწორედ ამ ბიბლიურ იმედზე ვესაუბრებით სხვებსაც. ეს იმედი ჩვენთვისაც ერთობ მანუგეშებელია. თუმცა ჩნდება კითხვები: რამდენად მტკიცედ გვჯერა, რომ ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა, რომელიც თავის მიზანს გაამართლებს? და, რის საფუძველზე უნდა გვჯეროდეს ამის? (ებრ. 11:1).
2 ღვთის სამეფოს თავად ყოვლისშემძლე ღმერთმა მისცა დასაბამი, რათა განახორციელოს თავისი განზრახვა ადამიანებთან მიმართებით. სამეფო მტკიცე საძირკველს — იეჰოვას უზენაესობას — ემყარება. მას ჰყავს მეფე, თანამმართველები და გააჩნია მმართველობის არეალი. ყოველივე ზემოთქმული კი განსაზღვრულია შეთანხმებების, ერთგვარი იურიდიული კონტრაქტების, საფუძველზე, რომლის ერთ-ერთ მხარეს ყოველთვის ღმერთი ან მისი ძე, იესო ქრისტე, წარმოადგენს. თუ ჩავუღრმავდებით ამ შეთანხმებებს, დავრწმუნდებით, რომ ღვთის ხელისუფლება რეალურია და ის გაამართლებს თავის მიზანს — განახორციელებს ღვთის განზრახვას (წაიკითხეთ ეფესოელების 2:12).
3. რას განვიხილავთ წინამდებარე და მომდევნო სტატიებში?
3 ბიბლია მესიანურ სამეფოსთან დაკავშირებით ექვს ძირითად შეთანხმებას იხსენიებს: 1) აბრაამთან დადებული შეთანხმება, 2) კანონის შეთანხმება, 3) დავითთან დადებული შეთანხმება, 4) შეთანხმება მელქისედეკის წესით მღვდლობაზე, 5) ახალი შეთანხმება და 6) შეთანხმება სამეფოსთვის. წინამდებარე და მომდევნო სტატიებში ვიმსჯელებთ, თუ როგორ უკავშირდება თითოეული ღვთის სამეფოს და როგორ შეაქვთ მათ წვლილი დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის შესრულებაში (იხილეთ ჩარჩო „როგორ მოიყვანს ღმერთი სისრულეში თავის განზრახვას?“).
დაპირება ნათელს ჰფენს ღვთის განზრახვას
4. რა განაცხადა ღმერთმა კაცობრიობასთან დაკავშირებით, როგორც ამას წიგნ „დაბადებაში“ ვკითხულობთ?
4 მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამიანებს საცხოვრებლად ულამაზესი პლანეტა მოუმზადა, კაცობრიობასთან დაკავშირებით სამი რამ განაცხადა: 1) ის თავის ანარეკლად შექმნიდა ადამიანს; 2) ადამიანებს უნდა გაეფართოებინათ დედამიწის საზღვრები და აევსოთ თავიანთი შთამომავლებით და 3) ისინი უნდა დამორჩილებოდნენ ღმერთს — არ უნდა ეჭამათ „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ (დაბ. 1:26, 28; 2:16, 17). პირველი განაცხადი ღმერთმა მოიყვანა სისრულეში და შექმნა ადამიანი, ხოლო უკანასკნელი ორი განაცხადის შესრულება ადამიანზე იყო დამოკიდებული. ღვთის სამივე განაცხადი საერთო მიზანს, მისი განზრახვის შესრულებას, ემსახურებოდა. მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ შეიქმნა შეთანხმებების დადების საჭიროება?
5, 6. ა) როგორ შეეცადა ეშმაკი ღვთის განზრახვის ჩაშლას? ბ) როგორ შეხვდა იეჰოვა სატანის გამოწვევას?
5 სატანა ეშმაკს თავისი მუხთალი ჩანაფიქრი სისრულეში რომ მოეყვანა და ღვთის განზრახვა ჩაეშალა, ჯანყი მოაწყო ედემში. ეშმაკმა ყველაზე სუსტ რგოლზე, ადამიანზე, მიიტანა იერიში, რომლისგანაც ღვთის მორჩილება მოითხოვებოდა. მან აცდუნა პირველი ქალი, ევა, რომელიც არ დაემორჩილა ღვთის მითითებას და „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ აკრძალული ნაყოფი იგემა (დაბ. 3:1—5; გამოცხ. 12:9). ამგვარად ეშმაკმა საკამათო გახადა ღვთის უზენაესობა — ადამიანებზე მმართველობის უფლება. მოგვიანებით სატანამ ისიც კი ეჭვქვეშ დააყენა, ემსახურებოდნენ თუ არა ადამიანები ღმერთს უანგაროდ (იობ. 1:9—11; 2:4, 5).
6 საინტერესოა, იეჰოვა როგორ შეხვდებოდა სატანის გამოწვევას? მას ერთი ხელის მოსმით რომ გაენადგურებინა აჯანყებულები, ამით მათ ამბოხებას წერტილს დაუსვამდა. თუმცა, თუ იგი დაუყოვნებლივ მიუზღავდა საკადრისს მეამბოხეთ, მისი განზრახვა, რომ დედამიწა ადამისა და ევას მორჩილ შთამომავლებს აევსოთ, განუხორციელებელი დარჩებოდა. ბრძენმა შემოქმედმა წარმოთქვა წინასწარმეტყველება; მან ედემში აღთქმა დადო, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი თითოეული სიტყვა უცილობლად შესრულდებოდა (წაიკითხეთ დაბადების 3:15).
7. რაში გვარწმუნებს ედემში დადებული აღთქმა?
7 იეჰოვამ ედემში დადებული აღთქმის საშუალებით განაჩენი გამოუტანა გველსა და მის შთამომავალს — სატანა ეშმაკსა და მის მომხრეთ. ჭეშმარიტმა ღმერთმა ზეციერი ქალის შთამომავალს ეშმაკის განადგურების უფლება მისცა. აქედან გამომდინარე, ედემში დადებული აღთქმა ნათელს ჰფენს არა მარტო იმას, თუ როგორ განადგურდება აჯანყების წამქეზებელი და როგორ მოეღება ბოლო მის მიერ გამოწვეულ სავალალო შედეგებს, არამედ იმასაც გვიხსნის, თუ ვისი ხელით განხორციელდება ეს ყოველივე.
8. ვინ იქნებოდნენ ქალი და მისი შთამომავალი?
8 ვინ უნდა ყოფილიყო ქალის შთამომავალი? ვინაიდან ქალის შთამომავალს თავი უნდა გაეჭეჭყა გველისთვის ანუ ბოლო მოეღო სულიერი ქმნილებისთვის, სატანა ეშმაკისთვის, რა თქმა უნდა, შთამომავალი სულიერი ქმნილება უნდა ყოფილიყო (ებრ. 2:14). აქედან გამომდინარე, ქალიც, რომელიც შთამომავალს შობდა, თვალით უხილავი იქნებოდა. მაშინ, როცა გველის შთამომავლობა მრავლდებოდა, ქალისა და მისი შთამომავლის ვინაობა ედემის ბაღში დადებული აღთქმიდან დაახლოებით 4 000 წლის განმავლობაში საიდუმლოებით მოცული რჩებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იეჰოვამ ადამიანებს რამდენიმე შეთანხმება დაუდო, რითაც ნათელყო, თუ ვინ იქნებოდა შთამომავალი, რომლის მეშვეობითაც იგი აღმოფხვრიდა ზიანს, რომელიც სატანის მიზეზით მიადგა კაცობრიობას.
შეთანხმება ააშკარავებს შთამომავლის ვინაობას
9. რაში მდგომარეობდა აბრაამთან დადებული შეთანხმება და როდის შევიდა ის ძალაში?
9 სატანისთვის განაჩენის გამოტანიდან დაახლოებით 2 000 წლის გასვლის შემდეგ იეჰოვამ პატრიარქ აბრაამს მოუწოდა, დაეტოვებინა შუამდინარეთი, ქალაქი ური და წასულიყო ქანაანში (საქ. 7:2, 3). «იეჰოვამ აბრამს უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, სანათესავო, მამაშენის სახლი და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ და სახელს გაგითქვამ. იყავი კურთხევა ყველასთვის. მე ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებს, და მე დავწყევლი მას, ვინც შენ დაგწყევლის; შენით იკურთხება ყველა ოჯახი დედამიწაზე“» (დაბ. 12:1—3). მართალია, ბიბლიის ამ მონაკვეთში პირველად ვხვდებით აბრაამთან დადებულ შეთანხმებას, მაგრამ იმის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, თუ თავდაპირველად როდის დაუდო იეჰოვამ იგი აბრაამს. ერთი რამ ფაქტია: შეთანხმება ძვ. წ. 1943 წელს შევიდა ძალაში, როცა 75 წლის აბრაამმა ხარანი დატოვა და მდინარე ევფრატი გადაკვეთა.
10. ა) როგორ გამოავლინა აბრაამმა მტკიცე რწმენა ღვთის დაპირებებისადმი? ბ) რა დეტალები გამოააშკარავა იეჰოვამ დროთა განმავლობაში ქალის შთამომავლობასთან დაკავშირებით?
10 იეჰოვამ აბრაამს არაერთხელ გაუმეორა შეთანხმება და იგი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ დეტალს ჰფენდა ნათელს (დაბ. 13:15—17; 17:1—8, 16). როდესაც აბრაამმა მტკიცე რწმენა გამოავლინა ღვთის დაპირებებისადმი, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ მზად იყო, ერთადერთი შვილი შეეწირა მსხვერპლად, ღმერთმა კიდევ ერთხელ გაუმეორა შეთანხმება და ხაზი გაუსვა იმას, რომ მის სიტყვას წყალი არ გაუვიდოდა (წაიკითხეთ დაბადების 22:15—18; ებრაელების 11:17, 18). მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა აბრაამთან დადებული შეთანხმება, იეჰოვამ დროთა განმავლობაში გამოააშკარავა ქალის შთამომავლობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. შთამომავალი მოვიდოდა აბრაამის ხაზიდან, მისი რიცხვი აურაცხელი იქნებოდა, ისინი იტვირთავდნენ მეფის მოვალეობას, გაანადგურებდნენ მტრებს და მრავალთათვის აღმოჩნდებოდნენ კურთხევა.
აბრაამმა ღვთის დაპირებებისადმი ურყევი რწმენა გამოავლინა (იხილეთ მე-10 აბზაცი)
11, 12. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ აბრაამთან დადებული შეთანხმება უფრო ფართო მასშტაბით, სულიერი გაგებითაც უნდა შესრულდეს და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
11 როდესაც აბრაამის შთამომავლები აღთქმულ მიწაზე დასახლდნენ, აბრაამთან დადებული შეთანხმება პირდაპირი გაგებით შესრულდა. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ეს შეთანხმება უფრო ფართო მასშტაბით, სულიერი გაგებითაც უნდა შესრულებულიყო (გალ. 4:22—25). მოციქული პავლე ღვთივშთაგონებით გვიხსნის, რომ შეთანხმების ფართომასშტაბიანი შესრულების დროს აბრაამის შთამომავლის მთავარი ნაწილი იესო ქრისტე იქნებოდა, ხოლო სხვა ნაწილი — 144 000 ცხებული ქრისტიანი (გალ. 3:16, 29; გამოცხ. 5:9, 10; 14:1, 4). ქალი, რომელიც წარმოშობდა შთამომავალს, „ზედა იერუსალიმი“ იქნებოდა ანუ ღვთის ორგანიზაციის ზეციური ნაწილი, რომელშიც ერთგული სულიერი ქმნილებები შევიდოდნენ (გალ. 4:26, 31). აბრაამთან დადებული შეთანხმების თანახმად, ქალის შთამომავალი მთელ კაცობრიობას მოუტანდა კურთხევებს.
12 აბრაამთან დადებული შეთანხმების საფუძველზე ზეციერი სამეფო ნამდვილად დამყარდებოდა და მას დაიმკვიდრებდნენ მეფე და მისი თანამმართველები (ებრ. 6:13—18). როდემდე ექნებოდა ამ შეთანხმებას კანონიერი ძალა? დაბადების 17:7 გვპასუხობს, რომ ეს „მარადიული შეთანხმებაა“, რომელსაც არ დაეკარგებოდა ძალა მანამ, სანამ ქრისტეს სამეფო არ გააცამტვერებდა ღვთის მტრებს და კურთხევებით არ აავსებდა დედამიწაზე მცხოვრებ თითოეულ ოჯახს (1 კორ. 15:23—26). აქედან გამომდინარე, დედამიწის ყოველი მკვიდრი მარადიულად გაიხარებს. მართლაც, აბრაამთან დადებული შეთანხმება ხაზს უსვამს ღვთის სურვილს, რომ დედამიწა მართალი ადამიანებით აავსოს და სისრულეში მოიყვანოს თავდაპირველი განზრახვა (დაბ. 1:28).
შეთანხმების საფუძველზე ღვთის სამეფო მარადიულად იარსებებს
13, 14. რაში გვარწმუნებს დავითთან დადებული შეთანხმება?
13 ედემში დადებული აღთქმისა და აბრაამთან დადებული შეთანხმების საფუძველზე თამამად შეგვიძლია ერთი რამის თქმა: იეჰოვას მმართველობა, რომელიც მესიანური სამეფოს სახით არის წარმოდგენილი, მის სამართლიან პრინციპებს ემყარება (ფსალმ. 89:14). ისმის კითხვა: ყოველთვის უერთგულებს მესიანური სამეფო თავის სამართლიან პრინციპებს და არასოდეს შეიქმნება იმის საჭიროება, რომ წერტილი დაესვას მის მმართველობას? ეს რომ არასდროს მოხდება, ამაში კიდევ ერთი, მოგვიანებით დადებული შეთანხმება გვარწმუნებს.
14 მოდი, მიმოვიხილოთ იგი. ეს იეჰოვას მიერ ძველი ისრაელის მეფე დავითთან დადებული შეთანხმებაა (წაიკითხეთ 2 სამუელის 7:12, 16). იეჰოვამ დავითს ეს შეთანხმება მაშინ დაუდო, როცა იგი იერუსალიმში მეფობდა; ღმერთმა მას აღუთქვა, რომ იგი მესიის წინაპარი გახდებოდა (ლუკ. 1:30—33). ამგვარად იეჰოვამ კიდევ უფრო მეტი ნათელი მოჰფინა იმას, თუ ვის შთამომავლობით ხაზში მოვიდოდა მესია. ღმერთმა დავითს უთხრა, რომ სწორედ მისი შთამომავალი იქნებოდა „კანონით უფლებამოსილი“, რომელიც მესიანური სამეფოს ტახტზე ავიდოდა (ეზეკ. 21:25—27). დავითის მეფობა სწორედ იესოს წყალობით „მარადიულად იქნება დაფუძნებული“. დიახ, დავითის შთამომავალი „მარადიულად იარსებებს . . . მისი ტახტი — როგორც მზე“ (ფსალმ. 89:34—37). ნამდვილად, მესია ყოველთვის სამართლიანად იმმართველებს და მისგან ულევი კურთხევა გველის!
შეთანხმება მელქისედეკის წესით მღვდლობაზე
15—17. რა დამატებით მოვალეობას იტვირთავდა „შთამომავალი“ მელქისედეკის წესით დადებული შეთანხმების საფუძველზე და რატომ?
15 აბრაამთან და დავითთან დადებული შეთანხმებების თანახმად, ქალის შთამომავალს მეფის როლი უნდა ეტვირთა; თუმცა მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ერი კურთხეულიყო. ადამიანებს ასეთი მომავალი იმ შემთხვევაში ელოდათ, თუ ცოდვისგან გათავისუფლდებოდნენ და იეჰოვას დიდი ოჯახის წევრები გახდებოდნენ. ამისთვის კი საჭირო იყო, რომ შთამომავალს მღვდლის მოვალეობაც შეეთავსებინა. ეს რომ შესაძლებელი გამხდარიყო, ბრძენმა შემოქმედმა იზრუნა, რომ დადებულიყო შეთანხმება მელქისედეკის წესით მღვდლობაზე.
16 იეჰოვამ მეფე დავითის მეშვეობით გაგვიმჟღავნა, რომ იგი იესო ქრისტესთან დადებდა შეთანხმებას, რომელიც ორ მიზანს მოემსახურებოდა. პირველი, იესო დაჯდებოდა მამის მარჯვნივ და იბატონებდა თავის მტრებზე და მეორე, იგი იქნებოდა „მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 110:1, 2, 4). რას ნიშნავს მღვდლობა „მელქისედეკის წესით“? დიდი ხნით ადრე, სანამ აბრაამის შთამომავლები აღთქმულ მიწას დაიმკვიდრებდნენ, სალემის მეფე მელქისედეკი „უზენაესი ღვთის მღვდელიც“ იყო (ებრ. 7:1—3). იგი უშუალოდ იეჰოვას მიერ იყო დანიშნული. ებრაულ წერილებში მელქისედეკის შემთხვევა უპრეცედენტოა, ვინაიდან იგი ერთდროულად მეფეც იყო და მღვდელიც. მას არც წინამორბედი ჰყოლია და არც — მემკვიდრე. სწორედ ამიტომ ეწოდება მელქისედეკს „მღვდელი მარადიულად“.
17 იეჰოვამ იესო პირადად მასთან დადებული შეთანხმების საფუძველზე დანიშნა მღვდლად. ამრიგად, იგი იქნებოდა „მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“ (ებრ. 5:4—6). საკუთარ ძესთან დადებული შეთანხმებით, იეჰოვამ დაივალდებულა თავი, რომ მესიანური სამეფოს მეშვეობით სისრულეში მოიყვანდა დედამიწასთან და კაცობრიობასთან დაკავშირებულ თავის თავდაპირველ განზრახვას.
ღვთის სამეფოს საფუძვლად შეთანხმებები უდევს
18, 19. ა) რა გავიგეთ ღვთის სამეფოს შესახებ ამ სტატიაში განხილული შეთანხმებებიდან? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 ზემოთ განხილული შეთანხმებებიდან დავინახეთ, თუ როგორ უკავშირდება თითოეული მათგანი მესიანურ სამეფოს და როგორ ქმნიან ისინი, როგორც ერთგვარი იურიდიული კონტრაქტები, საფუძველს ამ სამეფოს არსებობისთვის. ედემში დადებული აღთქმის საფუძველზე იეჰოვა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქალის შთამომავლის მეშვეობით სისრულეში მოიყვანოს ის, რაც დედამიწისა და ადამიანებისთვის განიზრახა. აბრაამთან დადებული შეთანხმების საფუძველზე კი ცხადი გახდა, თუ ვინ იქნებოდა ქალის შთამომავალი და რა მოვალეობას შეასრულებდა ის.
19 დავითთან დადებულმა შეთანხმებამ კიდევ უფრო მეტი ნათელი მოჰფინა იმას, თუ ვის ხაზში მოვიდოდა შთამომავალი. ამ შეთანხმების საფუძველზე მას ენიჭება უფლება, იმმართველოს დედამიწაზე და ის მარადიული კურთხევებით აავსოს. რაც შეეხება შეთანხმებას მელქისედეკის წესით მღვდლობაზე, ის შთამომავალს ანუ იესოს მღვდლად მსახურების უფლებამოსილებას ანიჭებს. თუმცა მხოლოდ იესო როდი გაასრულყოფილებს კაცობრიობას. ადამიანების გასრულყოფილებაში მონაწილეობას მიიღებენ ცხებული ქრისტიანებიც, რომლებიც მასთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ. მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
-
-
„მღვდლების სამეფოდ“ იქცევითსაგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ოქტომბერი
-
-
„მღვდლების სამეფოდ“ იქცევით
„მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად იქცევით ჩემთვის“ (გამ. 19:6).
1, 2. რისგან სჭირდებოდა დაცვა ქალის შთამომავალს და რატომ?
ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველება უდიდეს როლს თამაშობს იეჰოვას განზრახვის შესრულებაში. ღმერთმა ედემის ბაღში აღთქმა დადო; მან ეშმაკს განუცხადა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის“. ისმის კითხვა: რამდენად გამძაფრდებოდა ეს მტრობა? ღმერთმა ეშმაკს მიმართა: „ის [ქალის შთამომავალი] თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბ. 3:15). მართლაც, გველი არაფერზე დაიხევდა უკან ქალის შთამომავლის გასანადგურებლად.
2 ამიტომ გასაკვირი არაა, თუ რატომ შესთხოვდა ფსალმუნმომღერალი ღმერთს მტრის ხელიდან თავისი რჩეული ერის დახსნას: „აი, ყაყანებენ შენი მტრები და თავი წამოყვეს შენმა მოძულეებმა. შენი ხალხის წინააღმდეგ ცბიერულად თათბირობენ და შენთან შეფარებულთა წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ; ამბობენ: მოდით და აღვგავოთო ეს ერი“ (ფსალმ. 83:2—4). ღმერთს უნდა დაეცვა ქალის შთამომავლობითი ხაზი, რათა ეშმაკს ის არ მოესპო და არ წაებილწა. შთამომავლობითი ხაზის დასაცავად და თავისი განზრახვის შესასრულებლად, ღმერთმა სხვა შეთანხმებებიც დადო.
შეთანხმება, რომელიც იცავს ქალის შთამომავალს
3, 4. ა) როდის შევიდა ძალაში კანონის შეთანხმება და რა აღუთქვა ისრაელმა ღმერთს? ბ) რა მიზნით დაიდო კანონის შეთანხმება?
3 აბრაამის, ისაკისა და იაკობის შთამომავლები გამრავლდნენ, მათმა რიცხვმა მილიონებს მიაღწია და იეჰოვამ ისინი ერად აქცია. ღმერთმა ისრაელ ერს მოსეს მეშვეობით შეთანხმება დაუდო და მისცა კანონი, რომლის დაცვასაც მთელი ერი დაჰპირდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «[მოსემ] აიღო შეთანხმების წიგნი და ხალხის გასაგონად წაიკითხა. მათ თქვეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა, და მორჩილები ვიქნებით“. აიღო მოსემ [შეწირული ხარების] სისხლი, ხალხს შეასხურა და თქვა: „ეს არის სისხლი შეთანხმებისა, იეჰოვამ რომ დაგიდოთ ამ სიტყვების გამო“» (გამ. 24:3—8).
4 კანონის შეთანხმება ძვ. წ. 1513 წელს შევიდა ძალაში; ამ დროს ისრაელები სინას მთასთან იყვნენ დაბანაკებულნი. ამ შეთანხმების საფუძველზე ღმერთმა ისრაელი თავის რჩეულ ერად აქცია. შესაბამისად, იეჰოვა გახდა მათი „მოსამართლე . . . წესების დამდგენი . . . [და] მეფე“ (ეს. 33:22). ისრაელი ერის ისტორია ნათლად გვიჩვენებს, თუ რა შედეგები მოჰყვება ღვთის სამართლიანი ნორმების დაცვასა თუ უგულებელყოფას. აბრაამის შთამომავლობითი ხაზის სიწმინდე რომ არ შებღალულიყო, ისრაელებს კანონის შეთანხმების საფუძველზე ეკრძალებოდათ წარმართებთან დამოყვრება და კერპთაყვანისმცემლობა (გამ. 20:4—6; 34:12—16).
5. ა) რა შესაძლებლობა მიეცა ისრაელ ერს კანონის შეთანხმების საფუძველზე? ბ) რატომ უარყო ღმერთმა ისრაელი?
5 კანონის შეთანხმება მღვდლების დანიშვნასაც ითვალისწინებდა; ეს მომავლის პირველსახე იყო, რაც უფრო დიად მიზანს მოემსახურებოდა (ებრ. 7:11; 10:1). სწორედ ამ შეთანხმების წყალობით, ისრაელ ერს უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, რომ ქცეულიყო „მღვდლების სამეფოდ“; ამისთვის მათ ღვთის კანონების დაცვა მართებდათ (წაიკითხეთ გამოსვლის 19:5, 6). თუმცა, სამწუხაროდ, ისრაელმა ზურგი აქცია იეჰოვას. ნაცვლად იმისა, რომ ერწმუნათ მესია, რომელიც აბრაამის შთამომავლის მთავარი ნაწილი იყო, მათ იგი უარყვეს. შედეგად, ღმერთმაც უარყო ისრაელი.
მართალია, ისრაელებმა ზურგი აქციეს იეჰოვას, მაგრამ კანონი თავის მიზანს მაინც მოემსახურა (იხილეთ მე-3—6 აბზაცები)
6. რა იყო კანონის მიზანი?
6 მართალია, ისრაელი ორგულობის გამო „მღვდლების სამეფოდ“ ვერ იქცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი თავის მიზანს ვერ მოემსახურა. კანონის მიზანი ის იყო, რომ ქალის შთამომავლობითი ხაზი დაეცვა და ხალხს მესიის ამოცნობაში დახმარებოდა. ვინაიდან ღვთის განკაცებულ ძეში ხალხმა მესია ამოიცნო, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი მოემსახურა თავის მიზანს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კანონის დასასრული ქრისტეა“ (რომ. 10:4). თუმცა კითხვა უპასუხოდ დაგვრჩა: ვინ იმსახურებდა სამეფო სამღვდელოებად? ახალი ერი. სწორედ ამ ერის ჩამოყალიბების მიზნით იეჰოვამ კიდევ ერთი შეთანხმება დადო.
იშვა ახალი ერი
7. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ იერემიას პირით?
7 კანონის შეთანხმების გაუქმებამდე დიდი ხნით ადრე იეჰოვამ იერემიას პირით იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელს „ახალ შეთანხმებას“ დაუდებდა (წაიკითხეთ იერემიას 31:31—33). ეს შეთანხმება კანონის შეთანხმებისგან განსხვავებული იქნებოდა, რადგან ცოდვების მისატევებლად საჭირო აღარ იქნებოდა ცხოველური შესაწირავი. ისმის კითხვა: როგორ იქნებოდა შესაძლებელი ცოდვების მიტევება ცხოველური შესაწირავის გარეშე?
8, 9. ა) რას მოემსახურა იესოს დაღვრილი სისხლი? ბ) რა შესაძლებლობა მიეცა მათ, ვისაც იესომ ახალი შეთანხმება დაუდო? (იხილეთ სურათი მე-13 გვერდზე)
8 განვლო საუკუნეებმა. იესო ქრისტემ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს უფლის გახსენების საღამო დააფუძნა. იესომ სასმისი აიღო და თავის 11 ერთგულ მოციქულს უთხრა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკ. 22:20). მათეს სახარება კი იესოს ნათქვამს შემდეგნაირად გადმოგვცემს: «ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად» (მათ. 26:27, 28).
9 ახალი შეთანხმება იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში. მისივე სისხლის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ცოდვების ერთხელ და სამუდამოდ მიტევება. თავად იესოზე ეს შეთანხმება არ ვრცელდება, რადგან ის უცოდველია. იესოს დაღვრილ სისხლს ღმერთი ადამის მოდგმის საკეთილდღეოდ გამოიყენებს. გარდა ამისა, იეჰოვა თავისი ძის დაღვრილი სისხლის საფუძველზე წმინდა სულით სცხებს ერთგულ ადამიანთა განსაზღვრულ რაოდენობას და მათ შვილებად იღებს (წაიკითხეთ რომაელების 8:14—17). რაკიღა ამ ადამიანებს ღმერთი უცოდველებად მიიჩნევს, ამ გაგებით ისინი იესოს, მის უცოდველ ძეს, ჰგვანან. ეს ცხებული ქრისტიანები მომავალში „ქრისტეს თანამემკვიდრენი“ გახდებიან; მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ იმსახურონ „მღვდლების სამეფოდ“. ეს პატივი ერთ დროს კანონით ისრაელ ერს გააჩნდა. „ქრისტეს თანამემკვიდრეებთან“ დაკავშირებით მოციქულმა პეტრემ დაწერა: «თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ» (1 პეტ. 2:9). ახალი შეთანხმება მართლაც შეუფასებელია! მისი წყალობით იესოს მოწაფეებს აბრაამის შთამომავლის სხვა ნაწილად გახდომის შესაძლებლობა მიეცათ.
ახალი შეთანხმება ძალაში შედის
10. როდის შევიდა ძალაში ახალი შეთანხმება და რატომ?
10 როდის შევიდა ძალაში ახალი შეთანხმება? ეს არ მომხდარა იესოს დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელ ღამეს, როდესაც მან ამის შესახებ ისაუბრა. შეთანხმება ძალაში მაშინ შევიდოდა, როდესაც იესო სისხლს დაღვრიდა და გაღებული მსხვერპლის საფასურს იეჰოვას წარუდგენდა ზეცაში. ამასთანავე, წმინდა სული უნდა გადმოსულიყო მათზე, ვინც „იესოს თანამემკვიდრენი“ გახდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ახალი შეთანხმება ძალაში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შევიდა, როდესაც იესოს ერთგული მოწაფეები სულითცხებული ქრისტიანები გახდნენ.
11. როგორ გახდნენ იუდეველი და უცხოტომელი მორწმუნეები ახალი შეთანხმების საფუძველზე სულიერი ისრაელის ნაწილი და რამდენია მათი რიცხვი?
11 მართალია, კანონის შეთანხმება გარკვეულწილად „დრომოჭმული“ იყო, როდესაც იეჰოვამ იერემიას პირით განაცხადა, რომ ისრაელს ახალ შეთანხმებას დაუდებდა, მაგრამ ახალი შეთანხმების ამოქმედებამდე იგი კვლავ ძალაში რჩებოდა (ებრ. 8:13). მას შემდეგ, რაც ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა, იეჰოვასთვის უკვე ერთნი გახდნენ იუდეველებიცა და წინადაუცვეთელი უცხოტომელი მორწმუნეებიც, რომელთა „გულიც წინადაცვეთილი [იყო] სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით“ (რომ. 2:29). ახალი შეთანხმების საფუძველზე ღმერთი მათ კანონებს გონებაში ჩაუდებდა და გულში ჩაუწერდა (ებრ. 8:10). ახალი შეთანხმება 144 000 ცხებულ ქრისტიანთან იქნა დადებული, რომლებიც ახალ ერს, „ღვთის ისრაელს“, ქმნიან (გალ. 6:16; გამოცხ. 14:1, 4).
12. რა პარალელების გავლება შეგვიძლია კანონის შეთანხმებასა და ახალ შეთანხმებას შორის?
12 რა პარალელების გავლება შეგვიძლია კანონის შეთანხმებასა და ახალ შეთანხმებას შორის? კანონის შეთანხმება იეჰოვამ ისრაელ ერთან დადო, ხოლო ახალი შეთანხმება — სულიერ ისრაელთან. კანონის შეთანხმების შუამავალი მოსე იყო, ახალი შეთანხმების შუამავალი კი იესოა. კანონის შეთანხმება ძალაში რომ დარჩენილიყო, ამისათვის მსხვერპლად შეწირული ცხოველების სისხლი იყო საჭირო, ახალი შეთანხმების ასამოქმედებლად კი — იესოს სისხლი. კანონის შეთანხმების თანახმად, ისრაელი ერის წინამძღოლი მოსე იყო, ახალი შეთანხმების თანახმად კი ღვთის ისრაელის წინამძღოლი ქრისტეა, კრების თავი (ეფეს. 1:22).
13, 14. ა) როგორ უკავშირდება ახალი შეთანხმება სამეფოს? ბ) რა იყო საჭირო იმისათვის, რომ სულიერი ისრაელის წევრები ზეცაში იესოს თანამმართველები გამხდარიყვნენ?
13 ახალი შეთანხმება ღვთის სამეფოს უკავშირდება, ვინაიდან ის წარმოშობს წმინდა ერს, რომლის წარმომადგენლებიც ღვთის ზეციერ სამეფოში მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ. ეს ერი ქმნის აბრაამის შთამომავლის სხვა ნაწილს (გალ. 3:29). ამგვარად, ახალი შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს აბრაამთან დადებულ შეთანხმებას.
14 ღვთის სამეფოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ იყო შესასრულებელი. მართალია, სულიერი ისრაელი ახალი შეთანხმების საფუძველზე იშვა, მაგრამ მისი წევრები რომ „ქრისტეს თანამემკვიდრენი“, ზეციერი თანამმართველები და თანამღვდლები გამხდარიყვნენ, კიდევ ერთი შეთანხმება უნდა დადებულიყო.
შეთანხმება, რომლის საფუძველზეც სულიერი ისრაელი ქრისტესთან ერთად იმმართველებს
15. რა შეთანხმება დაუდო იესომ თავის ერთგულ მოციქულებს?
15 მას შემდეგ, რაც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააფუძნა, ერთგულ მოციქულებს შეთანხმება დაუდო, რომელიც ცნობილია როგორც შეთანხმება სამეფოსთვის (წაიკითხეთ ლუკას 22:28—30). ეს შეთანხმება თავის წინამორბედთაგან იმით განსხვავდება, რომ იეჰოვა არ წარმოადგენს ერთ-ერთ მხარეს; იგი უშუალოდ იესოსა და მის ცხებულ მიმდევრებს შორის დაიდო. იესო თავის სიტყვებში, „როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“, შესაძლოა გულისხმობდა იეჰოვას მიერ მასთან დადებულ შეთანხმებას, რომ ის იქნებოდა „მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“ (ებრ. 5:5, 6).
16. რის შესაძლებლობას აძლევს შეთანხმება სამეფოსთვის ცხებულ ქრისტიანებს?
16 განსაცდელში 11 ერთგული მოციქული იესოსთან დარჩა. მოციქულებისთვის შეთანხმება სამეფოსთვის ერთგვარი გარანტი იქნებოდა იმისა, რომ ისინი ზეცაში იესოსთან ერთად დასხდებოდნენ ტახტებზე და იმსახურებდნენ თანამეფეებად და თანამღვდლებად. თუმცა მეფობისა და მღვდლობის პატივი მხოლოდ 11-ს როდი ხვდებოდა წილად. მოციქულ იოანეს ხილვაში განდიდებული იესო გამოეცხადა და უთხრა: „მძლეველს ნებას მივცემ, ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე, როგორც მე გავხდი მძლეველი და მამაჩემთან ერთად დავჯექი მის ტახტზე“ (გამოცხ. 3:21). ასე რომ, შეთანხმება სამეფოსთვის 144 000 ცხებულ ქრისტიანთან დაიდო (გამოცხ. 5:9, 10; 7:4). ამ შეთანხმების საფუძველზე მათ კანონიერი უფლება მიეცათ, რომ იმეფონ იესოსთან ერთად ზეცაში. ეს იმის მსგავსია, რომ დიდგვაროვანი ოჯახის ასული მეფეს მისთხოვდეს, რათა მასთან ერთად გაიზიაროს ტახტი. წმინდა წერილებში ცხებული ქრისტიანები მოხსენიებულნი არიან ქრისტეს „პატარძლად“, „წმინდა ქალწულად“, რომელიც დანიშნულია ქრისტეზე (გამოცხ. 19:7, 8; 21:9; 2 კორ. 11:2).
მტკიცედ გწამდეთ, რომ სამეფო შეასრულებს ღვთის განზრახვას
17, 18. ა) მოკლედ მიმოიხილეთ სამეფოსთან დაკავშირებული 6 შეთანხმება. ბ) რატომ უნდა გვწამდეს მტკიცედ, რომ სამეფო შეასრულებს ღვთის განზრახვას?
17 ამ ორ სტატიაში განხილული შეთანხმებები ნათელს ჰფენს ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან მხარეს (იხილეთ ჩარჩო „როგორ მოიყვანს ღმერთი სისრულეში თავის განზრახვას?“). ეს შეთანხმებები, როგორც ერთგვარი იურიდიული კონტრაქტები, საფუძველს ქმნის ღვთის სამეფოს არსებობისთვის. ასე რომ, ჩვენ უტყუარი მიზეზი გვაქვს, მტკიცედ გვწამდეს, რომ ღმერთი სამეფოს მეშვეობით შეასრულებს თავდაპირველ განზრახვას დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით (გამოცხ. 11:15).
იეჰოვა მესიანური სამეფოს მეშვეობით შეასრულებს თავის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით (იხილეთ მე-15—18 აბზაცები)
18 ისმის კითხვა: ნუთუ ამ ყოველივეს განხილვის შემდეგ კვლავ გვეპარება ეჭვი, რომ ღვთის სამეფო მარადიულ კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას? არამც და არამც. ჩვენ სრული დამაჯერებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იეჰოვა სამეფოს მეშვეობით ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის კაცობრიობის პრობლემებს.
-