-
იეჰოვაზე დაამყარეთ იმედისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 სექტემბერი
-
-
რატომ უშვებს ღმერთი უბედურებას?
10, 11. ა) რა დაემართა „მთელ ქმნილებას“ რომაელთა 8:19—22–ის თანახმად? ბ) როგორ შეგვიძლია იმის განსაზღვრა, თუ ვინ დაუმორჩილა ქმნილება ამაოებას?
10 პავლე მოციქულის მიერ რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში ნათელი ეფინება ამ მნიშვნელოვან საკითხს. პავლემ დაწერა: «ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით [„იმედის საფუძველზე“, აქ]. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე» (რომაელთა 8:19—22).
11 ამ მუხლების არსის ჩაწვდომაში დაგვეხმარება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგალითად, ვინ დაუმორჩილა ქმნილება ამაოებას? ზოგიერთის აზრით — სატანამ, ზოგიერთის აზრით კი — ადამმა. მაგრამ შეუძლებელია აქ ერთ–ერთი მათგანი იგულისხმებოდეს. რატომ? ის, ვინც ქმნილებას ამაოებას უმორჩილებს, ამას „იმედის საფუძველზე“ აკეთებს; დიახ, იმედს იძლევა, რომ ღვთის ერთგული ადამიანები ‘გათავისუფლდებიან ხრწნილების მონობისაგან’. ეს არც ადამს და არც სატანას არ შეეძლო. ასეთი იმედის მოცემა მხოლოდ იეჰოვას შეეძლო. აქედან გამომდინარე, ქმნილება მან დაუმორჩილა ამაოებას.
12. რა კითხვა წამოიჭრება „ქმნილებასთან“ დაკავშირებით და როგორ შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?
12 წამოიჭრება მეორე კითხვაც: რა არის ნაგულისხმები ამ მუხლებში მოხსენიებულ „მთელ ქმნილებაში“? ზოგიერთის აზრით, „მთელ ქმნილებაში“ გარე სამყარო, მათ შორის ცხოველთა და მცენარეთა სამყაროც იგულისხმება. მაგრამ განა ცხოველებსა და მცენარეებს აქვთ „ღვთის შვილთა დიდების თავისუფლების“ მიღწევის იმედი? არა (2 პეტრე 2:12). „მთელ ქმნილებაში“ შეიძლება იგულისხმებოდეს მხოლოდ კაცობრიობა. ეს არის ქმნილება, რომელზეც გავლენას ახდენს ცოდვა და სიკვდილი, რაც ედემში ღვთისადმი დაუმორჩილებლობას მოჰყვა, და რომლისთვისაც აუცილებელია იმედი (რომაელთა 5:12).
13. რა მოუტანა კაცობრიობას ედემში ღვთისადმი დაუმორჩილებლობამ?
13 კონკრეტულად რა მოუტანა კაცობრიობას ედემის ბაღში ღვთისადმი დაუმორჩილებლობამ? ურჩობის შედეგს პავლე ერთი სიტყვით გადმოსცემს: ამაოებაa. ერთი ნაშრომის თანახმად, აქ გამოყენებული სიტყვა გამოხატავს „იმ საგნის უსარგებლობას, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ანუ გამოუსადეგარია იმისათვის, რისთვისაც გამიზნული იყო“. ადამიანები მარადიული სიცოცხლისთვის იყვნენ შექმნილნი — ისინი სრულყოფილები უნდა ყოფილიყვნენ და ერთად უნდა მოევლოთ სამოთხისთვის დედამიწაზე. ნაცვლად ამისა, ცხოვრება იქცა ხანმოკლე, პრობლემებით აღსავსე არსებობად, რაც ხშირად იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული. როგორც იობმა თქვა, „ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით“ (იობი 14:1). მართლაც რომ ამაოებაა!
14, 15. ა) რა ამტკიცებს იმას, რომ იეჰოვამ სამართლიანი განაჩენი გამოუტანა კაცობრიობას? ბ) რატომ თქვა პავლე მოციქულმა, რომ ქმნილება თავისი ნებით არ დაემორჩილა ამაოებას?
14 ახლა პასუხი უნდა გავცეთ მნიშვნელოვან კითხვას: რატომ დაუმორჩილა კაცობრიობა „ქვეყნიერების მსაჯულმა“ არსებობას, რომელიც უბედურებებითა და იმედგაცრუებით არის აღსავსე? (დაბადება 18:25). იყო ეს სამართლიანი? პასუხის გასაცემად გავიხსენოთ, რა გააკეთა ადამიანთა პირველმა წყვილმა. ღვთისადმი დაუმორჩილებლობით ისინი შეუერთდნენ სატანას, რომელმაც იერიში მიიტანა იეჰოვას უზენაეს მმართველობაზე. თავიანთი მოქმედებით მათ მხარი დაუჭირეს იმ მოსაზრებას, რომ ადამიანი უკეთესად იცხოვრებდა იეჰოვას გარეშე და ურჩი სულიერი ქმნილების ხელმძღვანელობით შეძლებდა, თვითონვე ყოფილიყო საკუთარი თავის მმართველი. ამ ურჩი ქმნილებებისთვის განაჩენის გამოტანისას, ფაქტობრივად, იეჰოვამ მათ ის მისცა, რასაც ითხოვდნენ — ნება დართო ადამიანებს, ემართათ თავიანთი თავი სატანის ხელმძღვანელობით. ასეთ მდგომარეობაში, რა უნდა ყოფილიყო უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება, ვიდრე კაცობრიობის ამაოებისთვის დაქვემდებარება, ოღონდ იმედის საფუძველზე?
15 ცხადია, ეს არ ყოფილა ქმნილების „ნება“. ჩვენ ცოდვისა და ხრწნილების მონობაში ვიბადებით ისე, რომ არჩევნის საშუალება არ გვეძლევა. მაგრამ იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა, ადამი და ევა მაშინვე არ დასაჯა სიკვდილით და შთამომავლობის ყოლის საშუალება მისცა. მართალია, მათი შთამომავლები ამაოებას — ცოდვასა და სიკვდილს — ვართ დამორჩილებულნი, მაგრამ შესაძლებლობა გვეძლევა, გავაკეთოთ ის, რაც მათ არ გააკეთეს. ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ იეჰოვას და ვირწმუნოთ, რომ მისი მმართველობა სამართლიანი და უნაკლოა, მაშინ როდესაც ადამიანთა მმართველობას მხოლოდ ტკივილი, იმედგაცრუება და ამაოება მოაქვს (იერემია 10:23; გამოცხადება 4:11). სატანის ზეგავლენა მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ამ ყოველივეს ჭეშმარიტებას კაცობრიობის ისტორია ადასტურებს (ეკლესიასტე 8:9).
16. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა არ იწვევს უბედურებებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება? ბ) სიყვარულიდან გამომდინარე, რა იმედს აძლევს იეჰოვა ერთგულ ადამიანებს?
16 როგორც დავინახეთ, იეჰოვას საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა იმისათვის, რომ კაცობრიობა ამაოებისთვის დაემოჩილებინა. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მან გამოიწვია ამაოება და უბედურებები, რომლებსაც დღეს თავს ვერავინ ვარიდებთ? შეგვიძლია ასეთი მაგალითის მოყვანა: მოსამართლეს სამართლიანი განაჩენი გამოაქვს დამნაშავისთვის. სასჯელის მოხდა საკმაოდ მტანჯველია მსჯავრდადებულისთვის, მაგრამ განა ის მართალი იქნება, თუ იტყვის, რომ მისი ტანჯვა მოსამართლემ გამოიწვია? არავითარ შემთხვევაში. უფრო მეტიც, იეჰოვასგან არასდროს არ მოდის ბოროტება. იაკობის 1:13–ში ნათქვამია: „ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ განაჩენი „იმედის საფუძველზე“ გამოიტანა. მან სიყვარულით იზრუნა იმაზე, რომ ადამისა და ევას შთამომავლებმა, რომლებიც მისი ერთგულები რჩებიან, ამაოების ბოლო იხილონ და მიაღწიონ „ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებას“. ერთგული ადამიანები მთელი მარადიულობა გულდამშვიდებულები იქნებიან და არასდროს შეაწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ ქმნილება კვლავაც შეიძლება დაემორჩილოს ამაოებას — მტანჯველ არსებობას. მოსაგვარებელი საკითხისადმი სამართლიანი მიდგომით იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებს თავისი უზენაესი მმართველობის სამართლიანობას (ესაია 25:8).
-