-
ბუნებაში გამჟღავნებული ღვთის სიბრძნესაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მაისი
-
-
ბუნებაში გამჟღავნებული ღვთის სიბრძნე
„ჩვენ უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე ცხოველებს; უფრო მეტად გვაბრძენებს, ვიდრე ფრინველებს“ (იობი 35:11).
ფრინველები საოცარი უნარით არიან დაჯილდოებულნი. ჰაერში ისინი ისეთ მანევრებს ასრულებენ, რომ ავიაკონსტრუქტორები აღტაცებაში მოდიან. ზოგი სახეობის ფრინველი ათასობით კილომეტრს ფრენს ოკეანის თავზე და მიუხედავად იმისა, რომ წყლის მეტს ვერაფერს ხედავს, შეუცდომლად აღწევს დანიშნულების ადგილამდე.
კიდევ ერთი გამორჩეული უნარი, რითაც ფრინველები არიან დაჯილდოებულნი და რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათი შემოქმედის სიბრძნეზე, არის ის, რომ ფრინველებს გალობითა და სტვენით შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა. განვიხილოთ ზოგი მაგალითი.
ფრინველების „საუბარი“
ზოგი სახეობის ფრინველი ურთიერთობას გამოჩეკვამდეც კი იწყებს. მაგალითად, დედალი მწყერი დებს რვა კვერცხს — თითო კვერცხს დღეში. თითო კვერცხის განვითარებას ერთი და იგივე დრო რომ სჭირდებოდეს, მაშინ ბარტყები ერთმანეთის მიყოლებით რვა დღის განმავლობაში გამოიჩეკებოდნენ. ასეთ შემთხვევაში დედალი მწყერი ძალიან რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდებოდა — მას მოუწევდა ერთი კვირის ბარტყებზე ზრუნვა და ამავე დროს იმ ერთ კვერცხზე ჯდომა, რომლიდანაც ბოლო ბარტყი უნდა გამოჩეკილიყო. სინამდვილეში ყველაფერი ასე ხდება: რვავე ბარტყი ერთ დღეში, ექვსი საათის განმავლობაში იჩეკება. რა განაპირობებს ამას? როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ამის მიზეზი ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ ნაჭუჭში მყოფი ჩვილი ბარტყები ერთმანეთს „ესაუბრებიან“ და რაღაცნაირად „თანხმდებიან“ იმაზე, რომ თითქმის ერთდროულად გამოიჩეკონ.
როცა ფრინველები ზრდასრულობის ასაკს აღწევენ, ჩვეულებრივ მამალი იწყებს გალობას. ის განსაკუთრებით შეწყვილების პერიოდში გალობს, როდესაც თავის ტერიტორიას საზღვრავს და მდედრს თავს აწონებს. ფრინველთა ათასობით სახეობიდან თითოეულს, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ენა აქვს, რაც ეხმარება მდედრს, თავისი მეწყვილის ხმა ამოიცნოს.
ფრინველები ძირითადად დილით ადრე და მზის ჩასვლის დროს გალობენ და ამას თავისი მიზეზიც აქვს. ამ დროს ქარი ნაკლებად ქრის და ბუნებაც ჩაწყნარებულია. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფრინველების გალობა ოცჯერ უკეთ ისმის დილით და საღამოთი, ვიდრე შუადღისით.
მართალია, უმეტესად მამრები გალობენ, მაგრამ მამრებიც და მდედრებიც გამოსცემენ ისეთ ხმებს, რითაც ერთმანეთს სხვადასხვა რამეზე მიანიშნებენ. მაგალითად, ნიბლიების „რეპერტუარში“ ცხრა სახის გალობა შედის. როდესაც ერთი ნიბლია ხედავს, რომ მეორეს საფრთხე ემუქრება, იმისდა მიხედვით, თუ საიდან მოდის ეს საფრთხე — ციდან თუ მიწიდან — ის შესაბამისად სხვადასხვანაირ ხმებს გამოსცემს მის გასაფრთხილებლად.
აღმატებული ძღვენი
ფრინველების ინსტინქტური სიბრძნე მართლაც გასაოცარია. მაგრამ, რაც შეეხება ადამიანების ურთიერთობის უნარს, ის გაცილებით შთამბეჭდავია. ღმერთმა ისე შექმნა ადამიანები, რომ ისინი ‘უფრო მეტად ბრძენები არიან, ვიდრე ფრინველები’, — ნათქვამია იობის 35:11-ში. მხოლოდ ადამიანს შეუძლია რთული, აბსტრაქტული აზრებისა და იდეების გადმოცემა მბგერ იოგებში წარმოქმნილი ბგერებითა და ჟესტების გამოყენებით.
სხვა ნებისმიერი ქმნილებისგან განსხვავებით ბავშვებს, როგორც ჩანს, თანდაყოლილი უნარი აქვთ იმისა, რომ ისწავლონ რთული ენები. ერთ ინტერნეტ-ჟურნალში ნათქვამია: „ბავშვები მაშინაც კი სწავლობენ ენას, როცა მშობლები უშუალოდ მათ არ ელაპარაკებიან; ყრუ ბავშვები უფრო მეტსაც ახერხებენ — ისინი საკუთარი ჟესტების ენასაც კი იგონებენ, თუ მათ სახლში არავინ იცის ეს ენა“ („American Scientist“).
-
-
ბუნებაში გამჟღავნებული ღვთის სიბრძნესაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 მაისი
-
-
როგორ მოქმედებს ეს თქვენზე?
როგორ მოქმედებს თქვენზე ჩიტების სასიამოვნო გალობა ან იმის მოსმენა, თუ როგორ ცდილობს ბავშვი პირველი სიტყვების წარმოთქმას? ხედავთ ღვთის სიბრძნეს მის შემოქმედებაში?
როცა ფსალმუნმომღერალი დავითი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ იყო შექმნილი, ის აღძრული იყო ღვთისთვის ეთქვა: „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმეები და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა“ (ფსალმუნი 139:14). თუ დაფიქრდებით ღვთის სიბრძნეზე, რომელიც მის შემოქმედებაში გამოსჭვივის, და ამ ყოველივესთვის მადლიერებას გამოავლენთ, თქვენ უდავოდ გაგიძლიერდებათ რწმენა იმის მიმართ, რომ ღმერთს შეუძლია საუკეთესო ხელმძღვანელობა გაგიწიოთ.
-