-
ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწაიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 1
ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა
იეჰოვა ღმერთი ჩვენი შემოქმედია. მისი შექმნილია ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ. მაგრამ ყველაზე ადრე მან ძალიან, ძალიან ბევრი ანგელოზი შექმნა. იცი, ვინ არიან ანგელოზები? ისინი იეჰოვას მსახურები არიან და ღმერთს ჰგვანან. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ღმერთს და ვერც ანგელოზებს. სულ პირველი ანგელოზი, რომელიც იეჰოვამ შექმნა, მისი დამხმარე გახდა. ღმერთმა ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა ყველაფერი მისი დახმარებით შექმნა. ამ პლანეტებიდან ერთ-ერთი დედამიწაა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ. დედამიწა ჩვენი ლამაზი სახლია.
იეჰოვამ მოამზადა დედამიწა, რომ მასზე ცხოველებსა და ადამიანებს ეცხოვრათ. მან ისე გააკეთა, რომ მზის სინათლე დედამიწამდე მოსულიყო. ამის მერე შექმნა მთები, ოკეანეები და მდინარეები.
იცი, რა მოხდა შემდეგ? იეჰოვამ თქვა: შევქმნი ბალახს, მცენარეებსა და ხეებს. მართლაც, დედამიწაზე უამრავი სახეობის ხეხილმა, ბოსტნეულმა და ყვავილმა დაიწყო ამოსვლა. შემდეგ იეჰოვამ შექმნა ცხოველები, ფრინველები, თევზები, მწერები და ქვეწარმავლები. მისი შექმნილია პატარა კურდღელიც და უზარმაზარი სპილოც. შენ რომელი ცხოველი გიყვარს ყველაზე ძალიან?
ამის მერე იეჰოვამ პირველ ანგელოზს უთხრა: შევქმნათ ადამიანი. ადამიანი ცხოველისგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო. მას უნდა შესძლებოდა საუბარი, სიცილი, ლოცვა და რაღაცების გამოგონება. მათ უნდა მოევლოთ ცხოველებისთვის და მთელი დედამიწისთვის. იცი, ვინ იყო პირველი ადამიანი? ამას შემდეგი მოთხრობიდან გავიგებთ.
„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1).
-
-
ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალიიმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
-
-
ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 2
ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი
იეჰოვამ გააშენა ბაღი ერთ ადგილზე, რომელსაც ედემი ეწოდებოდა. ბაღი სავსე იყო ყვავილებით, ხეებითა და ცხოველებით. შემდეგ ღმერთმა პირველი კაცი, ადამი, შექმნა მიწის მტვრისაგან. იეჰოვამ მას ბაღის მოვლა-პატრონობა და ცხოველებისთვის სახელების დარქმევა დაავალა.
ღმერთმა ადამს უთხრა, რომ ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეეძლო, გარდა ერთისა. მან გააფრთხილა ის, რომ თუ შეჭამდა აკრძალული ხის ნაყოფს, მოკვდებოდა.
მოგვიანებით იეჰოვამ გადაწყვიტა, კაცისთვის დამხმარე შეექმნა. მან ადამი ღრმად დააძინა, მძინარეს ნეკნი გამოუღო და ამ ნეკნისგან ცოლი შეუქმნა. ამან იმდენად გაახარა ადამი, რომ აღფრთოვანებულმა წამოიძახა: „აი, ესაა ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. ადამმა ქალს ევა დაარქვა. ასე შექმნა ღმერთმა პირველი ოჯახი.
იეჰოვამ ადამსა და ევას უთხრა, გაეჩინათ შვილები და აევსოთ დედამიწა. ღმერთს სურდა, რომ მათ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაექციათ – ისეთივე ლამაზ ბაღად, როგორიც ედემის ბაღი იყო. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. გაინტერესებს, რა მოხდა? ამას მომდევნო მოთხრობიდან გავიგებთ.
„შემოქმედმა დასაწყისში კაცი და ქალი შექმნა“ (მათე 19:4).
-