-
ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
-
-
ბიბლიის თვალსაზრისი
ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?
მრავალი ადამიანის აზრით, მეცნიერება ეწინააღმდეგება შემოქმედების შესახებ ბიბლიაში მოცემულ ცნობას. მაგრამ, სინამდვილეში, წინააღმდეგობრიობა შეინიშნება მეცნიერთა და ეგრეთ წოდებულ ქრისტიან ფუნდამენტალისტთა შეხედულებებს შორის და არა ბიბლიაში. ზოგიერთი ასეთი ჯგუფი შეცდომით ამტკიცებს, რომ ბიბლიის თანახმად, ფიზიკური ქმნილებები დაახლოებით 10 000 წლის წინ ექვსი 24–საათიანი დღის განმავლობაში შეიქმნა.
მაგრამ, ბიბლიაში არ არის მოცემული მსგავსი განაცხადი. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ასობით წლის მანძილზე გაკეთებული აღმოჩენები ეჭვქვეშ დააყენებდა ბიბლიის სიზუსტეს. წმინდა წერილების გულმოდგინე გამოკვლევა ცხადყოფს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ ფაქტებს. ამიტომ, იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი განსხვავდება „ქრისტიან“ ფუნდამენტალისტთა და კრეაციონისტთა თვალსაზრისისაგან. ეს სტატია დაგვანახვებს, თუ რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში.
როდის იყო „დასაწყისი“?
წიგნი „დაბადება“ უბრალო და გასაგები აზრით იწყება: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). ბიბლეისტები ერთხმად ამბობენ, რომ ამ მუხლში აღწერილი შემოქმედებითი საქმიანობა გამიჯნულია იმ შემოქმედებითი დღეებისგან, რომელთა შესახებაც პირველი თავის მესამე მუხლიდან მოყოლებული გვამცნობს „დაბადება“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აზრია. ბიბლიის შესავალი სიტყვების თანახმად, სამყარო, მათ შორის ჩვენი პლანეტა დედამიწა, შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე განუსაზღვრელი დროით არსებობდა.
გეოლოგების ვარაუდით დედამიწა დაახლოებით 4 მილიარდი წლისაა, ასტრონომების გამოანგარიშებით კი სამყარო შეიძლება 15 მილიარდ წელს ითვლიდეს. ეწინააღმდეგება ეს აღმოჩენები (ან ისინი, რომლებსაც მომავალში გააკეთებენ) დაბადების 1:1–ში ჩაწერილ აზრს? არა. ბიბლია არ აკონკრეტებს ცისა და დედამიწის ზუსტ ასაკს. მეცნიერება არ ეწინააღმდეგება დაბადების 1:1–ს.
რამდენი ხანი გრძელდებოდა შემოქმედებითი დღეები?
რა შეიძლება ითქვას შემოქმედებითი დღეების ხანგრძლივობაზე? პირდაპირი გაგებით 24–საათიანი იყო თითოეული დღე? ზოგიერთის მტკიცებით, ვინაიდან მოგვიანებით მოსემ — რომელმაც „დაბადება“ დაწერა — ექვსი შემოქმედებითი დღის მომდევნო დღე შაბათის ნიმუშად მოიხსენია, თითოეული დღე პირდაპირი გაგებით 24–საათიანი უნდა იყოს (გამოსვლა 20:11). შეიძლება დაბადებაში მოცემული სიტყვებიდან ასეთი დასკვნის გაკეთება? არა.
ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია „დღედ“ შეიძლება სხვადასხვა დროის ხანგრძლივობაზე მიანიშნებდეს და არა მხოლოდ 24–საათიან პერიოდზე. მაგალითად, როდესაც ღვთის შემოქმედებითი საქმის შესახებ თხრობას ასრულებს, მოსე ექვსივე დღეს ერთ დღედ მოიხსენიებს (დაბადება 2:4). გარდა ამისა, პირველ შემოქმედებით დღეს „უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს — ღამე“ (დაბადება 1:5). აქ „დღე“ 24–საათიანი დროის ნაწილს ეწოდა. მართლაც, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ თითოეული შემოქმედებითი დღე 24–საათიანია.
მაშ, რამდენ ხანს გრძელდებოდა შემოქმედებითი დღეები? დაბადების პირველ და მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები ცხადყოფს, რომ ეს დღეები დიდი ხანგრძლივობის იყო.
-
-
ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
-
-
ზოგიერთი ფუნდამენტალისტის განაცხადის საპირისპიროდ, „დაბადებაში“ ნათქვამი არ არის, რომ სამყარო, მათ შორის დედამიწა და ყველა ცოცხალი ქმნილება, შედარებით ახლო წარსულში, დროის მოკლე პერიოდში შეიქმნა. პირიქით, სამყაროს შექმნისა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ დაბადებაში ჩაწერილი ცნობა შეესაბამება ბოლოდროინდელ მეცნიერულ აღმოჩენებს.
-