საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა არის „ღვთის დასვენება“?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • არ მიჰბაძოთ მათი „ურჩობის მაგალითს“

      6. რა მაგალითებია გამაფრთხილებელი ჩვენთვის და რის სწავლა შეგვიძლია ამ მაგალითებიდან?

      6 ადამმა და ევამ კარგად იცოდნენ ღვთის განზრახვა, მაგრამ მის შესაბამისად არ მოიქცნენ. ისინი პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებიც დაუმორჩილებლობის გზას დაადგნენ. მას შემდეგ მათ კვალს მილიონობით ადამიანი მიჰყვა. ღვთის რჩეულმა ერმა, ისრაელმაც კი მიჰბაძა მათი ურჩობის მაგალითს. აღსანიშნავია ისიც, რომ პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანები გააფრთხილა, რომ ზოგი მათგანი შეიძლებოდა იმავე მახეში გაბმულიყო, რაშიც ძველ დროს მცხოვრები ისრაელები. მან დაწერა: „მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს“ (ებრ. 4:11). ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლეს სიტყვების თანახმად, ურჩები ღვთის დასვენებაში ვერ შევლენ. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუ ჩვენ ამა თუ იმ სახით ღვთის განზრახვის წინააღმდეგ წავალთ, დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ღვთის დასვენებაში ჩვენი შესვლის საკითხი? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავთ. მაგრამ ჯერ განვიხილოთ ისრაელის ცუდი მაგალითი და მეტი გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ღვთის დასვენებაში შესვლა.

      „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს დასვენებაში“

      7. რა მიზანი ჰქონდა იეჰოვას, როცა ისრაელს ეგვიპტიდან ათავისუფლებდა და რას მოელოდა მათგან?

      7 ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ ისრაელ ერთან დაკავშირებული განზრახვა თავის მსახურ მოსეს განუცხადა: „ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან, გამოვიყვანო იმ მიწიდან [ეგვიპტიდან] და წავიყვანო კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება“ (გამ. 3:8). როგორც მათ წინაპარ აბრაამს დაჰპირდა, იეჰოვას მიერ „ეგვიპტელთა ხელიდან“ ისრაელების დახსნის მიზანი ის იყო, რომ ისინი თავის ხალხად ექცია (დაბ. 22:17). იეჰოვამ ისრაელებს კანონთა კრებული მისცა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდათ (ეს. 48:17, 18). ღმერთმა უთხრა მათ: „თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას [კანონებს], ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის, რადგან ჩემია მთელი დედამიწა“ (გამ. 19:5, 6). ამგვარად, ექნებოდათ თუ არა ისრაელებს ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა, დამოკიდებული იყო იმაზე, მოუსმენდნენ თუ არა ისინი იეჰოვას ხმას.

      8. როგორ იცხოვრებდნენ ისრაელები ღმერთს რომ დამორჩილებოდნენ?

      8 წარმოიდგინეთ, როგორ იცხოვრებდნენ ისრაელები იეჰოვას ხმისთვის რომ მოესმინათ. იეჰოვა აკურთხებდა მათ ყანებს, ვენახებს, ფარასა თუ ნახირს. მათ მტერი ვერაფერს დააკლებდა (წაიკითხეთ 1 მეფეების 10:23—27 ). მესიის მოსვლისას ისრაელი დამოუკიდებელი ერი იქნებოდა და არა რომის უღელქვეშ მყოფი ქვეყანა. ისრაელი მაგალითი იქნებოდა მეზობელი ერებისთვის და ყველას დაუმტკიცებდა, რომ ჭეშმარიტი ღვთისადმი მორჩილებას სულიერი და მატერიალური კურთხევები მოჰყვება.

      9, 10. ა) რატომ იყო არასწორი ისრაელების სურვილი, დაბრუნებულიყვნენ ეგვიპტეში? ბ) როგორ იმოქმედებდა ეგვიპტეში დაბრუნება ისრაელების ღვთისადმი თაყვანისცემაზე?

      9 რა დიდი პატივი ხვდათ წილად ისრაელებს! მათ შეეძლოთ ღვთის განზრახვის შესრულებაში მიეღოთ მონაწილეობა და კურთხევა მოეტანათ არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის (დაბ. 22:18). მაგრამ, მთლიანობაში, ურჩმა მოდგმამ არ გამოავლინა ინტერესი, რომ თეოკრატიული მმართველობის ქვშევერდომობით შეექმნათ სამეფო, რომელიც მაგალითი იქნებოდა სხვა ერებისთვის. ისინი ეგვიპტეში დაბრუნებასაც კი ითხოვდნენ (წაიკითხეთ რიცხვების 14:2—4 ). თუ ისრაელი ეგვიპტეში დაბრუნდებოდა, განა ეს ხელს შეუწყობდა ღვთის განზრახვის შესრულებას, რომ ისრაელის სამეფო სამაგალითო ყოფილიყო? რა თქმა უნდა, არა! თუ ისრაელები კვლავ წარმართ ეგვიპტელებს დაემონებოდნენ, ისინი ვერასდროს დაიცავდნენ მოსეს კანონს და ვერასდროს მიიღებდნენ იეჰოვასგან ცოდვების პატიებას. რამდენად ხორციელები და წინდაუხედავები იყვნენ ისინი! აი, რა უთხრა იეჰოვამ ამ ურჩ ხალხს: „ამიტომაც შევიჯავრე ეს თაობა და ვთქვი, გულით ყოველთვის გზააბნეულნი არიან და არ შეუცვნიათ-მეთქი ჩემი გზები. დავიფიცე ჩემი რისხვისას, ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში“ (ებრ. 3:10, 11; ფსალმ. 95:10, 11).

      10 ეგვიპტეში დაბრუნების სურვილის გამოთქმით ამ თავნება ერმა ცხადყო, რომ ეგვიპტურ პრასს, ხახვსა და ნიორს უფრო აფასებდა, ვიდრე სულიერ კურთხევებს (რიცხ. 11:5). უმადური ესავის მსგავსად, ურჩი ისრაელები მზად იყვნენ, გემრიელ კერძში გაეცვალათ თავიანთი სულიერი მემკვიდრეობა (დაბ. 25:30—32; ებრ. 12:16).

      11. რა გავლენა მოახდინა ისრაელის ორგულობამ ღვთის განზრახვაზე მოსეს დროს?

      11 მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტიდან გამოსულმა ისრაელებმა ორგულობა გამოავლინეს, იეჰოვა მოთმინებით „შრომობდა“ თავისი განზრახვის შესასრულებლად, ოღონდ ამჯერად ყურადღება ისრაელის შემდგომ თაობაზე გადაიტანა. ეს ახალი თაობა უფრო მორჩილი იყო, ვიდრე მათი მამები. იეჰოვას მითითების თანახმად, ისინი შევიდნენ აღთქმულ მიწაზე და მის დაპყრობას შეუდგნენ. იესო ნავეს ძის 24:31-ში ნათქვამია: „ემსახურებოდა ისრაელი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და უხუცესების დროსაც იესო ნავეს ძის შემდეგ, რომლებმაც იცოდნენ, რა საქმეებიც მოიმოქმედა იეჰოვამ ისრაელისთვის“.

      12. საიდან ვიცით, რომ ღვთის დასვენებაში შესვლა დღესაც შესაძლებელია?

      12 მაგრამ, თანდათანობით ეს მორჩილი თაობა გადავიდა და მათ შემდეგ წამოვიდა ახალი თაობა, რომლებიც „არც იეჰოვას იცნობდნენ და არც ის საქმეები იცოდნენ, რაც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა“. შედეგად, „ისრაელის ძეები ბოროტ საქმეებს სჩადიოდნენ იეჰოვას თვალში და ბაალებს ემსახურებოდნენ“ (მსაჯ. 2:10, 11). აღთქმული მიწა მათთვის აღარ იყო დასვენების ადგილი. ურჩობის გამო მათ დაკარგეს ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა. მოციქულმა პავლემ ამ ისრაელებზე დაწერა: „იესო ნავეს ძეს რომ შეეყვანა ისინი [ისრაელები] დასვენებაში, ღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა სხვა დღეზე. ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს“ (ებრ. 4:8, 9). „ღვთის ხალხში“ პავლე ქრისტიანებს გულისხმობდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანებს შეეძლოთ ღვთის დასვენებაში შესვლა? რასაკვირველია, ღვთის დასვენებაში შესვლა შეეძლოთ, როგორც ებრაელ, ისე არაებრაელ ქრისტიანებს!

      ზოგი ვერ შევიდა ღვთის დასვენებაში

      13, 14. რა კავშირი იყო მოსეს კანონის დაცვასა და ღვთის დასვენებაში შესვლას შორის ა) მოსეს დღეებში? ბ) პირველ საუკუნეში?

      13 პავლემ ებრაელ ქრისტიანებს იმიტომ მისწერა წერილი, რომ ზოგი მათგანი ღვთის განზრახვის შესაბამისად არ მოქმედებდა (წაიკითხეთ ებრაელების 4:1 ). რა გაგებით? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისინი ჯერ კიდევ ცდილობდნენ მოსეს კანონიდან ზოგიერთის დაცვას. დაახლოებით 1 500 წლის განმავლობაში ნებისმიერ ისრაელს, რომელსაც სურდა ღვთის განზრახვის თანახმად ცხოვრება, მოსეს კანონი უნდა დაეცვა. მაგრამ იესოს სიკვდილის შემდეგ მოსეს კანონის დაცვა აუცილებელი აღარ იყო. თუმცა იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც არ აღიარებდნენ ამას და დაჟინებით მოითხოვდნენ მოსეს კანონიდან ზოგის დაცვას.b

      14 პავლემ იმ ქრისტიანებს, რომლებიც მოსეს კანონის დაცვის მომხრენი იყვნენ, აუხსნა, რომ მღვდელმთავარი იესო, ახალი შეთანხმება და სულიერი ტაძარი ბევრად აღმატებული იყო, ვიდრე ის, რასაც ისრაელის მღვდელმთავარი, ისრაელთან დადებული შეთანხმება და ფიზიკური ტაძარი განასახიერებდა (ებრ. 7:26—28; 8:7—10; 9:11, 12). პავლემ მოსეს კანონში მოცემული შაბათის დღის შესახებ კანონის საფუძველზე ახსნა, თუ როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს შევიდნენ იეჰოვას დასვენების დღეში: „ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს. ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან“ (ებრ. 4:8—10). იმ ებრაელ ქრისტიანებს აღარ უნდა ეფიქრათ, რომ იეჰოვას მოწონების დამსახურება მოსეს კანონის დაცვით შეეძლოთ. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ღმერთმა თავისი კეთილგანწყობა გულმოწყალედ გადმოაფრქვია მათზე, ვინც იესო ქრისტესადმი რწმენას ავლენდა.

      15. რატომ არის მორჩილება მნიშვნელოვანი, თუ ღვთის დასვენებაში შესვლას ვაპირებთ?

      15 მოსეს დღეებში რამ შეუშალა ხელი ისრაელებს, შესულიყვნენ აღთქმულ მიწაზე? ურჩობამ. პავლეს დღეებში რამ შეუშალა ხელი ზოგ ქრისტიანს შესულიყო ღვთის დასვენებაში? ისევ ურჩობამ. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ მოსეს კანონმა თავის მიზანს მიაღწია და ახლა იეჰოვას თავისი ხალხი სხვა მიმართულებით მიჰყავდა.

      ღვთის დასვენებაში შესვლა დღეს

      16, 17. ა) რას ნიშნავს ღვთის დასვენებაში შესვლა დღეს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      16 დღეს ქრისტიანებიდან არავინ ფიქრობს, რომ გადარჩენისთვის მოსეს კანონიდან ზოგის დაცვაა საჭირო. ეფესოელებისთვის ღვთის შთაგონებით მიწერილი პავლეს სიტყვები აბსოლუტურად ნათელია: „ამ წყალობით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით და ეს თქვენი დამსახურება კი არ არის, არამედ ღვთის ძღვენია. არა, ეს საქმეების გამო არ მომხდარა, რომ კვეხნის მიზეზი არავის ჰქონდეს“ (ეფეს. 2:8, 9). მაშ, რას ნიშნავს ქრისტიანებისთვის ღვთის დასვენებაში შესვლა? იეჰოვამ მეშვიდე დღე, დასვენების დღე, იმისთვის გამოყო, რომ სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით. თუ მორჩილებას გამოვავლენთ და ღვთის განზრახვის შესაბამისად მოვიქცევით, რომელსაც ღვთის ორგანიზაცია გვიმჟღავნებს, შევძლებთ იეჰოვას დასვენებაში შესვლას.

      17 მეორე მხრივ, თუ გავაუფასურებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს, რომლებსაც ერთგული და გონიერი მონა გვაძლევს, და თვითნებურად ვიმოქმედებთ, ღვთის განზრახვის წინააღმდეგ წავალთ. ეს საფრთხეს შეუქმნის ღმერთთან ჩვენს მშვიდობიან ურთიერთობას. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე სიტუაციას, რომლებმაც შეიძლება ღვთის ხალხზე გავლენა მოახდინოს. ასევე განვიხილავთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ვიყოთ მორჩილი თუ ვიმოქმედოთ თვითნებურად, ცხადყოფს ნამდვილად ვართ თუ არა შესული ღვთის დასვენებაში.

  • შეხვედით ღვთის დასვენებაში?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • შეხვედით ღვთის დასვენებაში?

      „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“ (ებრ. 4:12).

      1. რა არის ერთ-ერთი საშუალება ღვთის დასვენებაში შესასვლელად და რატომ არის ამის თქმა უფრო ადვილი, ვიდრე გაკეთება?

      წინა სტატიიდან დავინახეთ, რომ ღვთის დასვენებაში შესვლა მორჩილების გამოვლენითა და მისი განზრახვის შესაბამისად მოქმედებით შეგვიძლია. მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. როცა ვიგებთ, რომ იეჰოვას არ მოსწონს ის, რის გაკეთებაც ჩვენ გვსიამოვნებს, მაშინვე შეიძლება გაგვიჭირდეს მორჩილების გამოვლენა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაუმჯობესება გვჭირდება, რათა „მზად ვიყოთ მორჩილებისთვის“ (იაკ. 3:17). ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე სიტუაციას, როდესაც შეიძლება გამოიცადოს ჩვენი მზადყოფნა, მოვიქცეთ ღვთის განზრახვის შესაბამისად, ანუ მთელი გულით გამოვავლინოთ მორჩილება.

      2, 3. რა ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ, იეჰოვას თვალში რომ კვლავ „საუნჯედ“ დავრჩეთ?

      2 რამდენად მზადყოფნით იღებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს? წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ ღვთის ნებაა, თავისთან შეკრიბოს „ხალხთა საუნჯე“ (ანგ. 2:7). რასაკვირველია, ჭეშმარიტების გაგებისას უმრავლესობა ჩვენგანი სულაც არ იყო „საუნჯე“. მაგრამ ღვთისა და მისი ძვირფასი ძის სიყვარულმა აღგვძრა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოგვეხდინა ჩვენს აზროვნებასა და ჩვევებში, რათა ყველაფერში ღვთის მოსაწონი ვყოფილიყავით. ბოლოს, ბევრი ლოცვისა და ძალისხმევის შემდეგ დადგა ნანატრი დღე და მოვინათლეთ (წაიკითხეთ კოლოსელების 1:9, 10 ).

      3 მაგრამ არასრულყოფილებასთან ბრძოლა ჩვენი ნათლობით არ დამთავრებულა. ეს ბრძოლა მანამ გაგრძელდება, სანამ არასრულყოფილები ვიქნებით. თუ ფარ-ხმალს არ დავყრით და მთელი ძალით ვეცდებით უფრო ძვირფასნი გავხდეთ ღვთის თვალში, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას.

      როცა რჩევას ვსაჭიროებთ

      4. რომელი სამი სახით შეიძლება მივიღოთ ბიბლიური რჩევა?

      4 სანამ ჩვენს სისუსტეებზე დავიწყებდეთ მუშაობას, ჯერ ის უნდა ვიცოდეთ, რა სისუსტეები გვაქვს. სამეფო დარბაზში წარმოთქმულმა მოხსენებამ, რომელიც გულის გამოკვლევაში გვეხმარება ან ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილმა დამაფიქრებელმა სტატიამ შეიძლება დაგვანახვოს ჩვენში არსებული სერიოზული ნაკლი. თუ მოხსენებიდან გამოგვრჩა ან პუბლიკაციებში ვერ დავინახეთ რჩევა, რომელიც პირადად ჩვენ გვეხებოდა, მაშინ იეჰოვამ შეიძლება თანაქრისტიანი გამოიყენოს, რომ ჩვენი სისუსტე დაგვანახვოს (წაიკითხეთ გალატელების 6:1 ).

      5. ა) რა და რა სახით შეიძლება გამოვხატოთ უარყოფითი რეაქცია, როცა რჩევას გვაძლევენ? ბ) რატომ უნდა განაგრძონ ქრისტიანმა უხუცესებმა ჩვენი დახმარება?

      5 ადვილი არ არის რჩევის მიღება არასრულყოფილი ადამიანისგან, რამდენად ტაქტიანად და სიყვარულით არ უნდა იყოს ის მოცემული. მაგრამ გალატელების 6:1-ში იეჰოვა სულიერად გამოცდილ ძმებს მიუთითებს, რომ ეცადონ რბილად მოგვიდგნენ და გამოგვასწორონ. თუ რჩევას დადებითად გამოვეხმაურებით, იეჰოვას თვალში უფრო ძვირფასები გავხდებით. საოცარია, როცა ვლოცულობთ, თავისუფლად ვაღიარებთ, რომ არასრულყოფილები ვართ, მაგრამ როცა ვიღაცა კონკრეტულ ნაკლოვანებაზე მოგვითითებს, მიდრეკილნი ვართ, თავი ვიმართლოთ, ეს ნაკლი უმნიშვნელოდ ჩავთვალოთ, ეჭვქვეშ დავაყენოთ რჩევის მომცემის მოტივები ან უკმაყოფილება გამოვთქვათ იმის გამო, თუ როგორ მოგვცეს რჩევა (2 მეფ. 5:11). თუ რჩევა განსაკუთრებით ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, მაგალითად, ოჯახის წევრის მოქმედებას, ჩაცმულობას ან ვარცხნილობას, პირად ჰიგიენას ან გართობის სახეობას, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს, მაგრამ იეჰოვას სძულს, შეიძლება ჩვენი რეაქცია, ჩვენდა გასაკვირად, საკმაოდ უარყოფითი იყოს. მაგრამ, როცა დავწყნარდებით, ჩვეულებრივ, ვაღიარებთ, რომ რჩევა მართებული იყო.

      6. როგორ არკვევს ღვთის სიტყვა გულის აზრებსა და ზრახვებს?

      6 ამ სტატიის წამყვანი მუხლი შეგვახსენებს, რომ „ღვთის სიტყვა მოქმედია“. დიახ, მას ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ღვთის სიტყვას ნათლობის შემდეგაც ისევე შეუძლია დაგვეხმაროს, მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები, როგორც ნათლობამდე. ებრაელებისთვის მიწერილ თავის წერილში პავლე აგრეთვე წერს, რომ ღვთის სიტყვა „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რას მოელის ღმერთი ჩვენგან, ამა თუ იმ სიტუაციაზე ჩვენი რეაქცია ცხადყოფს, როგორები ვართ შინაგანად. ხომ არ განსხვავდება ზოგჯერ ის, თუ როგორი ადამიანები ვართ შინაგანად იმისგან, თუ როგორები ვჩანვართ გარეგნულად? (წაიკითხეთ მათეს 23:27, 28 ). დაფიქრდით, თქვენ როგორ მოიქცეოდით ქვემოთ მოყვანილ სიტუაციებში რომ აღმოჩენილიყავით.

      ფეხდაფეხ მიჰყევით იეჰოვას ორგანიზაციას

      7, 8. ა) რატომ უნდოდა ზოგ იუდეველ ქრისტიანს, რომ კვლავაც დაეცვა მოსეს კანონებიდან ზოგიერთი? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი საქმეები ეწინააღმდეგებოდა ღვთის განზრახვას?

      7 მრავალმა ჩვენგანმა ზეპირად იცის იგავების 4:18: „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ღვთის განზრახვებს უკეთ გავიგებთ და, შესაბამისად, უკეთესადაც მოვიქცევით.

      8 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იესოს სიკვდილის შემდეგ ბევრ იუდეველ ქრისტიანს გაუჭირდა მოსეს კანონის მიტოვება (საქ. 21:20). პავლე დახელოვნებულად მსჯელობდა, რომ ქრისტიანები არ უნდა დამორჩილებოდნენ მოსეს კანონს, მაგრამ ზოგიერთი არ იღებდა მის ღვთივშთაგონებულ სიტყვებს (კოლ. 2:13—15). შესაძლოა, ისინი ფიქრობდნენ, რომ კანონიდან ზოგის დაცვით, დევნას აირიდებდნენ. ასე იყო თუ ისე, პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა და გასაგებად უთხრა, რომ ისინი ვერ შევიდოდნენ ღვთის დასვენებაში, თუ მისი განზრახვის თანახმად არ იმოქმედებდნენa (ებრ. 4:1, 2, 6; წაიკითხეთ ებრაელების 4:11 ). იეჰოვას კეთილგანწყობის მისაღებად მათ უნდა ეღიარებინათ, რომ ღმერთს ისინი სხვა მიმართულებით მიჰყავდა.

      9. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როდესაც ზოგიერთი ბიბლიური სწავლების ახსნა იცვლება?

      9 გარკვეულ ბიბლიურ სწავლებებს დღეს უფრო და უფრო მეტი ნათელი ეფინება. ამან კი არ უნდა დაგვაბრკოლოს, პირიქით, უნდა გაგვიღრმავოს ნდობა ერთგული და გონიერი მონის კლასისადმი. „მონის“ წარმომადგენლები უკან არ იხევენ, როდესაც ხედავენ, რომ ამა თუ იმ ბიბლიური სწავლების ახსნა გარკვეულ ცვლილებებს ან შესწორებებს საჭიროებს. მონის კლასს არ აშინებს ამ ცვლილებების გამო მოსალოდნელი კრიტიკა, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის განზრახვის თანახმად მოქმედებაა. თქვენ როგორ რეაგირებთ, როდესაც ზოგიერთი ბიბლიური სწავლების ახსნაში ცვლილებები შედის? (წაიკითხეთ ლუკას 5:39 ).

      10, 11. რის სწავლა შეგვიძლია მათი რეაქციიდან, ვისთვისაც სასიხარულო ცნობის ახალი მეთოდებით ქადაგება სიახლე იყო?

      10 მოდი, დავფიქრდეთ შემდეგ მაგალითზე. მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბიბლიის ზოგი მკვლევარი, რომელიც შესანიშნავი ორატორი იყო, ფიქრობდა, რომ მათ საუკეთესოდ შეეძლოთ ექადაგათ, თუ ხალხის წინაშე კარგად მომზადებული მოხსენებებით გამოვიდოდნენ. მათ სიამოვნებდათ საჯაროდ გამოსვლა და მადლიერი მსმენელებისგან საქებარი სიტყვების მოსმენა. მაგრამ, მოგვიანებით ნათელი გახდა იეჰოვას სურვილი, რომ მის ხალხს სხვადასხვა სახის ქადაგებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მათ შორის კარდაკარ. ზოგიერთმა მომხსენებელმა კატეგორიული უარი თქვა ამ ცვლილებების მიღებაზე. გარეგნულად ისინი სულიერად მოწიფული ადამიანები ჩანდნენ, რომლებიც სრულად ავლენდნენ უფლისადმი ერთგულებას, მაგრამ როცა საქმე ღვთის განზრახვის თანახმად, სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე მიდგა, მაშინ მათი ნამდვილი მიზნები და მოტივები გამოაშკარავდა. რას იგრძნობდა ამ დროს იეჰოვა? მან არ აკურთხა ისინი და მათ ორგანიზაცია დატოვეს (მათ. 10:1—6; საქ. 5:42; 20:20).

      11 ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველასთვის, ვინც ორგანიზაციაში დარჩა, ადვილი იყო საჯაროდ ქადაგება. ბევრისთვის ეს ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით თავიდან. მაგრამ მათ მორჩილება გამოავლინეს. დროთა განმავლობაში მათ დაძლიეს სირთულეები და იეჰოვამაც უხვად აკურთხა ისინი. როგორი რეაქცია გაქვთ, როდესაც მოგიწოდებენ, ისეთი სახის ქადაგებაში მიიღოთ მონაწილეობა, რომელშიც ჯერჯერობით დახელოვნებული არ ხართ? გამოავლენდით მორჩილებას და მოსინჯავდით ასეთი სახის მსახურებას?

      როდესაც საყვარელი ადამიანი ტოვებს იეჰოვას

      12, 13. ა) რატომ გვეუბნება იეჰოვა, მოვიშოროთ „ბოროტი ადამიანები“? ბ) რა გამოცდის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ქრისტიანი მშობლები?

      12 ეჭვგარეშეა, ყველა ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ღვთისმოსაწონი ვერ ვიქნებით, თუ ფიზიკურ, ზნეობრივ და სულიერ სისუფთავეს არ შევინარჩუნებთ (წაიკითხეთ ტიტეს 2:14 ). მაგრამ შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც ღვთის განზრახვის ამ ასპექტის შესაბამისად მოქმედება ქრისტიანისთვის დიდი გამოცდა იყოს. დავუშვათ, სამაგალითო ქრისტიანი წყვილის ვაჟმა ჭეშმარიტება დატოვა. ამ ახალგაზრდამ „დროებითი ცოდვიანი განცხრომა“ ამჯობინა ღმერთთან და თავის ღვთისმოშიშ მშობლებთან ურთიერთობას, ამიტომ ის გაირიცხა (ებრ. 11:25).

      13 მშობლები განადგურებულნი არიან. მათ იციან, რას ამბობს ბიბლია გარიცხულთან ურთიერთობის შესახებ: „აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ“ (1 კორ. 5:11, 13). მათ აგრეთვე კარგად ესმით, რომ ეს მუხლი ეხება იმ ოჯახის წევრსაც, რომელიც მათთან ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობს. მაგრამ მათ ხომ თავიანთი შვილი ძალიან უყვართ! დიდმა სიყვარულმა შეიძლება მშობლებს აფიქრებინოს: „როგორ შევძლებთ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭს, დაუბრუნდეს იეჰოვას, თუ მასთან ურთიერთობა არ გვექნება? განა უფრო მეტის გაკეთებას არ შევძლებთ, თუ მასთან რეგულარული კონტაქტი გვექნება?“b

      14, 15. რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს, როდესაც გარიცხულ შვილთან ურთიერთობაზე ფიქრობენ?

      14 ასეთ მშობლებს მთელი გულით თანავუგრძნობთ. მათ შვილს ჰქონდა არჩევანი, მან კი მშობლებთან და თანაქრისტიანებთან ახლო ურთიერთობას არაქრისტიანული ცხოვრება ამჯობინა. მშობლებს, თავის მხრივ, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ისინი თავს უმწეოდ გრძნობენ.

      15 მაგრამ რას გააკეთებენ მშობლები? დაემორჩილებიან ისინი იეჰოვას ნათელ მითითებას? თუ იტყვიან, რომ შეუძლიათ თავიანთ გარიცხულ შვილთან რეგულარული ურთიერთობა და ამ ურთიერთობას „აუცილებელი ოჯახური საქმიანობით“ გაამართლებენ? ამ დროს მათ არ უნდა დაავიწყდეთ, იფიქრონ იმაზე, როგორ უყურებს იეჰოვა მათ ქმედებას. იეჰოვას უნდა, დაიცვას ორგანიზაციის სისუფთავე და თუ, შესაძლებელია, შემცოდველი მონანიებისკენ აღძრას. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს ღვთის ნების შესაბამისად მოქმედება?

      16, 17. რა შეგვიძლია ვისწავლოთ აარონის მაგალითიდან?

      16 მოსეს ძმა აარონი თავისი ორი ვაჟის გამო რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა იგი, როცა მისმა ორმა ვაჟმა, ნადაბმა და აბიჰუმ, უკანონო ცეცხლი მიიტანეს იეჰოვას წინაშე, იეჰოვამ კი დახოცა ისინი. რა თქმა უნდა, სიკვდილის შემდეგ მათ ვერანაირი ურთიერთობა ვერ ექნებოდათ მშობლებთან, მაგრამ იყო რაღაც, რაც აარონის მდგომარეობას უფრო ამძიმებდა. იეჰოვამ აარონს და მის ერთგულ ვაჟებს უთხრა: „ნუ ივლით მოუვლელი თმით, ნუ შემოიხევთ ტანსაცმელს [გლოვის ნიშნად], რომ არ დაიხოცოთ და არ გაუწყრეს იგი [იეჰოვა] მთელ კრებულს“ (ლევ. 10:1—6). ყველაფერი ნათელია. იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე იმ ოჯახის წევრისადმი, რომელმაც ერთგულება არ შეინარჩუნა.

      17 დღეს იეჰოვა მაშინათვე სიკვდილით არ სჯის მათ, ვინც მის კანონს არღვევს. ის მათ სიყვარულით აძლევს შესაძლებლობას მოინანიონ. მაგრამ, რას იგრძნობდა იეჰოვა, თუ მოუნანიებელი შემცოდველის მშობლები მას გამოცდიდნენ და თავიანთ გარიცხულ შვილთან დაშვებულზე მეტი ურთიერთობა ექნებოდათ?

      18, 19. რა კურთხევები შეიძლება მიიღონ იმ ქრისტიანებმა, რომლებიც იცავენ იეჰოვას მითითებებს გარიცხულთან ურთიერთობის შესახებ?

      18 მრავალი, ვინც ერთ დროს გარიცხული იყო, დღეს თავისუფლად აღიარებს, რომ მეგობრებისა და ოჯახის წევრების სიმტკიცე დაეხმარა მათ, დაბრუნებოდნენ იეჰოვას. როდესაც უხუცესები ერთ ახალგაზრდა ქალს აღდგენაზე რეკომენდაციას უწევდნენ, თავიანთ წერილში აღნიშნეს, რომ ის ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას დაუბრუნდა „გარკვეულწილად იმის გამო, რომ მისმა ხორციელმა ძმამ მტკიცედ დაიცვა გარიცხულთან ურთიერთობის შესახებ იეჰოვას მითითებები“. ამ ქალმა აღნიშნა, რომ ბიბლიური მითითებებისადმი თავისი ძმის ერთგულება დაეხმარა, იეჰოვასთან დაბრუნების სურვილი გასჩენოდა.

      19 რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? საჭიროა ვებრძოლოთ ჩვენს არასრულყოფილ გულს, რომელიც მიდრეკილია, იმოქმედოს ბიბლიური რჩევის საწინააღმდეგოდ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი ყოველთვის საუკეთესოდ აგვარებს ჩვენს პრობლემებს.

      „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“

      20. რა ორი სახით შეიძლება გავიგოთ ებრაელების 4:12? (იხილეთ სქოლიო)

      20 როდესაც პავლემ დაწერა, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“, ის მხოლოდ ღვთის დაწერილ სიტყვას, ბიბლიას, არ გულისხმობდა.c როგორც კონტექსტიდან ჩანს, ის ღვთის დანაპირებზე საუბრობდა. პავლეს იმის დანახვება სურდა, რომ ღმერთი არასდროს ივიწყებს თავის დანაპირებს. იეჰოვა ამას წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობითაც ადასტურებს: „ჩემი . . . სიტყვა უშედეგოდ არ დამიბრუნდება . . . და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ეს. 55:11). ამგვარად, მოუთმენლობა არ უნდა გამოვავლინოთ, როდესაც მოვლენები ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც გვინდა. იეჰოვა „აქამდე შრომობს“, რათა თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანოს (იოან. 5:17).

      21. როგორ ამხნევებს ებრაელების 4:12 ხანდაზმულებს „უამრავი ხალხიდან“?

      21 ერთგული ხანდაზმულები „უამრავი ხალხიდან“ ათეულობით წელია, რაც იეჰოვას ემსახურებიან (გამოცხ. 7:9). მრავალი მათგანი ფიქრობდა, რომ ახალი ქვეყნიერება მანამ მოვიდოდა, სანამ დაბერდებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი გულს არ იტეხენ (ფსალმ. 92:14). მათ იციან, რომ „ღვთის სიტყვა ცოცხალია“ და იეჰოვა „აქამდე შრომობს“ თავისი დანაპირების შესასრულებლად. ვინაიდან ღვთისთვის თავისი განზრახვა ძალიან მნიშვნელოვანია, გულს ვუხარებთ მას, თუ ამ განზრახვას ჩვენც მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. დასვენების ამ მეშვიდე დღის განმავლობაში იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს თავისი განზრახვის შესრულებაში და მან იცის, რომ თავისი ხალხიც, როგორც ჯგუფი, ამ განზრახვის შესაბამისად მოქმედებას განაგრძობს. რის თქმა შეიძლება თქვენზე? ხართ პირადად თქვენ შესული ღვთის დასვენებაში?

      [სქოლიოები]

      a მრავალი იუდეველი რელიგიური წინამძღოლი ზედმიწევნით იცავდა მოსეს კანონს, მაგრამ როდესაც მესია მოვიდა, მათ ის არ ცნეს. ისინი არ მოიქცნენ ღვთის განზრახვის თანახმად.

      b იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვერდები 207—209.

      c დღეს ღმერთი გველაპარაკება თავისი სიტყვის მეშვეობით, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ამგვარად, ებრაელების 4:12-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები მართებულად შეიძლება ბიბლიასთან მიმართებაშიც გამოვიყენოთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება