საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ნოემბერი
    • ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა

      „არსებობს ნეტა ღმერთი?“, — გენეტიკოს ფრანსის კოლინზის თქმით, კაცობრიობის ისტორიაში არ დასმულა ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ფრანსისს ძლიერი ლოგიკა მოჰყავს და ასე მსჯელობს, რომ თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ამ ცხოვრების იქით აღარაფერი ყოფილა და არ უარსებია უზენაესს, რომელიც გაუკონტროლებდა ადამიანთ ზნეობას.

      მიზეზი, რის გამოც მრავალს ეჭვი შეაქვს ღვთის არსებობაში ის არის, რომ მეცნიერებს არ სწამთ მისი. მაგრამ საზოგადოებაში გავრცელებული ესა თუ ის მოსაზრება ზოგჯერ არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს შემდეგი სტატიიდანაც კარგად გამოჩნდება.

      სამწუხაროდ, მრავალი რელიგია კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ამ სწავლებას თავისი მოძღვრებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება მეცნიერების კარგად დასაბუთებულ გამოკვლევებს. ამის მარტივი მაგალითია ის არაბიბლიური მოსაზრება, რომ თითქოს ღმერთმა ექვს 24-საათიან დღეში შექმნა ფიზიკური სამყარო რამდენიმე ათასი წლის წინათ.

      ასეთი ურთიერთგამომრიცხავი თეორიებისა და ფილოსოფიური მოსაზრებების გამო მრავალმა შეწყვიტა ჭეშმარიტების ძიება ღვთის არსებობის შესახებ. მაგრამ, რა უნდა იყოს იმაზე ღირებული, ვიდრე ის, რომ მიიღო ამომწურავი პასუხი ამ უსერიოზულეს კითხვაზე, თანაც განიცადო ის სიამოვნება, რაც ჭეშმარიტების პოვნას მოაქვს?! რა თქმა უნდა, ღმერთი არავის უნახავს და არც სამყაროსა და სიცოცხლის შექმნას დასწრებია რომელიმე ჩვენგანი. და მაინც, გვწამს თუ არა ღვთის არსებობის, ჩვენს ცხოვრებაზე რწმენა ასე თუ ისე მაინც ახდენს გავლენას.

      ჭეშმარიტ რწმენას მყარი საფუძველი აქვს

      რწმენა გარკვეულწილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. სამუშაოს იმის მოლოდინით ვიწყებთ, რომ თვის ბოლოს ანაზღაურებას მივიღებთ. ვთესავთ იმ იმედით, რომ შემოდგომაზე მოსავალს ავიღებთ. მეგობრებს ვირჩევთ და გვწამს, რომ მოლოდინს გაგვიმართლებენ. იმისიც გვჯერა, რომ არსებობს ფიზიკური კანონები, რომლებითაც იმართება ჩვენი სამყარო. ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული გააზრებული რწმენა. ღმერთთან დაკავშირებითაც ასეა, რწმენა ღვთის არსებობის შესახებ ფაქტებს ეფუძნება.

      ბიბლიაში, კერძოდ, ებრაელების 11:1-ში ასეთი რამ წერია: „რწმენა . . . აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“. „ახალი ინგლისური ბიბლია“ ამ მუხლს ასე თარგმნის: „რწმენა გვაჯერებს იმის არსებობაში, რასაც ვერ ვხედავთ“. მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ, რომ ზღვის ნაპირს მიუყვებით. უეცრად თქვენს ფეხებქვეშ მიწა ირყევა. ხედავთ, რომ წყალი ნაპირს შორდება. ხვდებით, რომ ეს უჩვეულო მოვლენები იმის მომასწავებელია, რომ მალე ნაპირს ცუნამი გადაუვლის. მოცემულ სიტუაციაში მიწისძვრა და წყლის უჩვეულო მიქცევა „აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“, ანუ მოსალოდნელი ცუნამისა. ფაქტებზე დაფუძნებული რწმენა იმისკენ აღგძრავთ, რომ გაიქცეთ და თავი შეაფაროთ მაღალ და უსაფრთხო ადგილს.

      ღვთის შესახებ რწმენასაც მტკიცე საფუძველი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება ღმერთი თქვენთვის „უხილავი სინამდვილე“. მაინცდამაინც მეცნიერი უნდა იყო, რომ გამოიკვლიო ეს ფაქტები? ნობელის პრემიის ლაურეატი ვლადიმირ პრელოგი აცხადებს, რომ „თავად ნობელის პრემიის ლაურეატებიც კი არ არიან სხვებზე კომპეტენტურები ისეთ საკითხებში, როგორიცაა ღმერთი, რელიგია და საიქიო ცხოვრება“.

      გულწრფელობამ და ჭეშმარიტების წყურვილმა იმისკენ უნდა გიბიძგოთ, რომ წინასწარ შექმნილი აზრები გვერდზე გადადოთ და ისე გამოიკვლიოთ ღვთის არსებობის დამამტკიცებელი ფაქტები. დაე, ამ ფაქტებმა სწორი მიმართულებით წაგიყვანოთ. მაგრამ საკითხავია, არსებობს კი ასეთი ფაქტები?

      [სურათი 3 გვერდზე]

      მთესველს სჯერა, რომ თესლი გაღივდება და გაიზრდება

  • ფაქტების პირისპირ
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ნოემბერი
    • ფაქტების პირისპირ

      წარმოიდგინეთ, რომ უკაცრიელ კუნძულზე მოხვდით. ზღვის ნაპირთან ერთი დიდი ქვა შენიშნეთ, რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა „ჯონი 1800“. იფიქრებდით, რომ რაკიღა კუნძული უკაცრიელია, წარწერა ქარისა და წყლისგან გამოწვეული ეროზიის შედეგად გაჩნდა? არავითარ შემთხვევაში! ალბათ, დაასკვნიდით, რომ ეს ვიღაცის ნამოქმედარია და მართალიც იქნებოდით. რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასოები და ციფრები მკაფიოდაა ამოკვეთილი ქვაზე. მერე კი იმიტომ, რომ ეს წარწერა გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს და მიგანიშნებთ, რომ მას ავტორი ჰყავდა.

      ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმაციას სხვადასხვა სახით ვიღებთ, იქნება ეს სიტყვებით, ანბანის ასოებით, დიაგრამებით, ბრაილის შრიფტით, მუსიკის ნოტებით, ჟესტებით, რადიოსიგნალებით თუ კომპიუტერული პროგრამებით, რომლებშიც შედის ორციფრიანი კოდები და გამოიყენება ნულები და ერთიანები. ინფორმაცია შეიძლება ნებისმიერი სახით იქნეს გადმოცემული ჩვენამდე, სინათლის ტალღებითა და რადიოტალღებით დაწყებული, ფურცლითა და მელნით დამთავრებული. ადამიანი ამა თუ იმ ინფორმაციის არსებობას რომელიმე გონიერ არსებას მიაწერს, თუმცა რატომღაც ეს ასე არ ხდება, როცა საქმე იმ ინფორმაციას ეხება, რომელიც უჯრედშია მოთავსებული. ევოლუციონისტებს თუ დავუჯერებთ, ეს ინფორმაცია სრულიად შემთხვევით მოხვდა იქ. მაგრამ, რამდენად სწორია ეს მოსაზრება? მოდი, ფაქტები მიმოვიხილოთ.

      შესაძლებელია, ურთულესი ინფორმაცია თავისით დაიწეროს?

      თქვენს ორგანიზმში არსებული ყველა ცოცხალი უჯრედის ბირთვში მოთავსებულია საოცარი კოდის მატარებელი მოლეკულა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, შემოკლებით დნმ. ის არის გრძელი, ორსპირალიანი მოლეკულა, რომელიც ხვეულ კიბეს წააგავს. თქვენი დნმ ჰგავს რეცეპტს ანუ პროგრამას, რომელიც ახდენს ორგანიზმში არსებული ტრილიონობით უჯრედის ფორმირებას, ზრდას, განვითარებასა და გამრავლებას. დნმ-ის მთავარ შემადგენელ შენაერთს ნუკლეოტიდი ეწოდება. ამ შენაერთების ანუ ფუძეების ოთხი სახეობა არსებობს ა, გ, თ და ც. ისინი ერთმანეთისგან ქიმიური შემადგენლობით განსხვავდებიან.a ანბანის ასოების მსგავსად, ისინიც სხვადასხვა კომბინაციით წყვილდებიან ერთმანეთთან და ქმნიან „წინადადებებს“. ეს „წინადადებები“ ხელს უწყობს რეპლიკაციას (დნმ-ის ასლის შექმნა) და უჯრედში მიმდინარე სხვადასხვა პროცესს.

      ინფორმაციის მთლიან რაოდენობას, რომელიც თქვენს დნმ-შია ჩატვირთული, გენომი ეწოდება. დნმ-ის ასოების ზოგიერთი კომბინაცია ინდივიდუალურია და შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს თქვენი თვალისა და კანის ფერს, ცხვირის ფორმას, და ასე შემდეგ. უფრო გასაგები რომ იყოს, თქვენი გენომი შეიძლება შევადაროთ რეცეპტების წიგნების უზარმაზარ ბიბლიოთეკას, რომელიც თქვენი სხეულის ყველა ნაწილისთვის არის განკუთვნილი, და რომლის საბოლოო პროდუქციასაც თქვენი სხეული წარმოადგენს.

      რამდენი „ნაშრომია“ დაცული ამ „ბიბლიოთეკაში“? დაახლოებით სამი მილიარდი. თითოეული მათგანი წარმოადგენს გრძელ ნუკლეოტიდს (წყვილ-წყვილს). ეს ინფორმაცია ფურცელზე რომ გადმოგვეტანა, 200-ტომიან სატელეფონო ცნობარს გაავსებდა, რომლის თითოეულ ტომშიც 1000-ზე მეტი გვერდი იქნებოდა.

      ამ ფაქტებზე საუბრისას შესაძლოა გახსენდებათ 3 000 წლის წინათ ბიბლიაში ჩაწერილი საოცარი ლოცვა. 139-ე ფსალმუნის მე-16 მუხლში წერია: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ“. მართალია, ამ სიტყვების დამწერი არ იყო მეცნიერი, მაგრამ უბრალო ენით აღწერა ღვთის განსაცვიფრებელი სიბრძნე და ძლევამოსილება. რარიგ განსხვავდება ეს სიტყვები სხვა უძველესი რელიგიური ჩანაწერებისგან, რომლებიც გაჯერებულია მითოლოგიითა და ცრურწმენით!

      ვინ შეადგინა „ბიბლიოთეკა“?

      თუ ჩვენი გონება იმას გვკარნახობს, რომ „ჯონი 1800“ ქვაზე ვიღაცამ ამოტვიფრა, მაშინ დნმ-ში არსებული გაცილებით რთული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია თავისით როგორ ჩაიბეჭდებოდა უჯრედში? ერთი რამ ცხადზე ცხადია: ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დნმ ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი „ნაშრომია“ და არა აქვს მნიშვნელობა, სად მოიპოვება ეს ინფორმაცია და როგორ აღწევს ჩვენამდე. კომპიუტერისა და ინფორმაციის სპეციალისტი, ქიმიკოსი დონალდ ჯონსონი აცხადებს, რომ ყველანაირ ქიმიურ და ფიზიკურ კანონებს ეწინააღმდეგება ის მოსაზრება, რომ თითქოს დნმ-ში ამხელა ინფორმაცია შემთხვევითობის წყალობით ჩაიტვირთა. ლოგიკურია, რაც უფრო რთულია ინფორმაცია, მით უფრო დიდი ინტელექტია საჭირო მის შესაქმნელად. ბავშვს შეეძლო დაეწერა „ჯონი 1800“, მაგრამ მხოლოდ ზეადამიანური არსება თუ შეძლებდა სიცოცხლის კოდის შექმნას. ჟურნალ „ბუნებაში“ აღნიშნულია, რომ რაც მეტი აღმოჩენები კეთდება, „მით მეტად ვხვდებით, რა რთულია ბიოლოგიური მრავალფეროვნება.“

      იმის თქმა, რომ თითქოს დნმ-ში ინფორმაცია უმართავი პროცესების მეშვეობით შემთხვევით ჩაიწერა, ეწინააღმდეგება ლოგიკასაც და ყოველგვარ ადამიანურ გამოცდილებასაც.b ამას კი იმ შემთხვევაში დაეთანხმება ადამიანი, თუ ბრმად დაიჯერებს მოცემულ თეორიას.

      ოღონდაც ღმერთი მოეცილებინათ და ევოლუციონისტები ათასნაირ დასკვნებს აკეთებდნენ. მოგვიანებით კი აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ მათი დასკვნები საკმაოდ შორს იდგა რეალობისგან. მაგალითად, ისინი ჩვენი გენომის 98 პროცენტს უსარგებლოდ, „ნაგვად“, მიიჩნევდნენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბიბლიოთეკაში“ არსებული ინფორმაციის 98 პროცენტი უსარგებლო ეგონათ.

      მართლა „ნაგავია“?

      ბიოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ამბოდნენ, რომ დნმ არის რეცეპტი ცილების წარმოსაქმნელად და მეტი არაფერი. გავიდა დრო და გამოკვლევებმა ცხადყო, რომ გენომის მხოლოდ 2 პროცენტი შეიცავს ცილების კოდს. რა დავალება აქვს დანარჩენ 98 პროცენტს? ბრიზბენში (ავსტრალია), კუინზლენდის უნივერსიტეტის პროფესორი მოლეკულური ბიოლოგიის დარგში ჯონ მატიკი ამბობს, რომ დნმ-ის ეს გასაიდუმლოებული ნაწილი „ევოლუციონისტებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს“.

      მეცნიერი, ვინც დნმ-ს პირველად „უსარგებლო“ უწოდა, ევოლუციონისტი სუსუმუ ონო იყო. ის წერდა: «ჩვენს გენომში არსებული „უსარგებლო“ დნმ-ის უმეტესი ნაწილი ევოლუციის ანუ ბუნების წარუმატებელი ექსპერიმენტების შედეგად მიღებული უსარგებლო ნარჩენებია. დედამიწა სავსეა ფლორისა და ფაუნის გადაშენებული ჯიშებით და რა გასაკვირია, ჩვენი გენომიც რომ სავსე იყოს გადაშენებული გენებით».

      რა გავლენას ახდენს „უსარგებლო“ დნმ-ის ცნება გენეტიკის შესწავლის პროცესზე? მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერი ვოიცეხ მაკალოვსკი ამბობს, რომ ასეთი შეხედულების გამო „წამყვანი მკვლევარები უარს ამბობენ არაკოდირებული [უსარგებლო] დნმ-ის შესწავლაზე“; გამონაკლისს წარმოადგენს მეცნიერების მცირე ჯგუფი, რომლებიც «განაგრძობენ ამ არაპოპულარული უბნების კვლევას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაცინვის ობიექტები გახდნენ. მათი წყალობით „უსარგებლო“ დნმ-ზე შეხედულება . . . 1990-იანი წლების დასაწყისიდან ნელ-ნელა შეიცვალა». ვოიცეხ მაკალოვსკის თქმით, იმას, რასაც ერთ დროს უსარგებლოდ მიიჩნევდნენ, დღეს „გენომის საგანძურს“ უწოდებენ.

      მატიკის აზრით, „უსარგებლო“ დნმ-ის თეორია არის „ფაქტების ნაჩქარევი შეფასების“ ტიპური მაგალითი. „ამ მოსაზრების სრული მარცხი მოლეკულური ბიოლოგიის ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად ჩაითვალოს“. აშკარაა, რომ მეცნიერების მოსაზრებები ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს და არა საზოგადოებაში მიღებულ მოსაზრებებს. ვნახოთ, რა აჩვენა უკანასკნელმა გამოკვლევებმა „უსარგებლო“ დნმ-ის როლთან დაკავშირებით.

      რას აკეთებს „უსარგებლო“ დნმ?

      ავტომობილების მწარმოებელი ქარხანა ნაწილების დასამზადებლად იყენებს სხვადასხვა მექანიზმს. ეს ნაწილები შეიძლება შევადაროთ უჯრედში არსებულ პროტეინებს. ქარხანაში საჭიროა მოწყობილობების და სისტემების არსებობა, რომლებიც ეტაპობრივად ააწყობს ამ ნაწილებს; ასევე საჭიროა მოწყობილობები, რომლებიც ამწყობი კონვეიერის მუშაობას დაარეგულირებს და გააკონტროლებს. დაახლოებით ასეთი რამ ხდება უჯრედშიც და მკვლევარების თქმით, სწორედ ამ პროცესებში მონაწილეობს „უსარგებლო“ დნმ. „უსარგებლო“ დნმ-ის დიდი ნაწილი შეიცავს რთულ ორგანულ ნაერთს რნმ-ს (რიბონუკლეინმჟავა), რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უჯრედის განვითარების, ზრდისა და ფუნქციონირების პროცესში.c მათემატიკოს-ბიოლოგი ჯოშუა პლოტკინი ჟურნალ „ბუნებაში“ ასეთ რამეს ამბობს: „ის უბრალო ფაქტიც კი, რომ ეს განსაცვიფრებელი რნმ-ის მოლეკულა არსებობს, იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენი ცოდნა გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებში . . . ძალზე მწირია“.

      ქარხანაში საკომუნიკაციო სისტემაც უნდა იყოს გაყვანილი. ასეა უჯრედის შემთხვევაშიც. ტონი პოსონი, რომელიც ტორონტოს (ონტარიო) უნივერსიტეტში უჯრედის ბიოლოგიის დარგში მოღვაწეობს, გვიხსნის: „უჯრედის შიგნით ინფორმაცია უბრალოდ კარგად გამართული სისტემებით კი არა, რთული და კომპლექსური ქსელების მეშვეობით გადაიცემა“ და გაცილებით „რთულ კომპლექსს“ წარმოადგენს, ვიდრე ადრე ეგონათ. პრინსტონის უნივერსიტეტში მოღვაწე ერთი გენეტიკოსი ამბობს, რომ „ის ბევრი მექანიზმი და პრინციპი, რომელიც აკონტროლებს უჯრედის შიგნით მიმდინარე პროცესებს და უჯრედების ერთობლივ მუშაობას, საიდუმლოებითაა მოცული.“

      უჯრედის შესწავლისას თითოეული ახალი აღმოჩენა წესრიგისა და სირთულის შემდგომი ეტაპით ხასიათდება. მაშ, რაღატომ ემხრობა ბევრი იმ მოსაზრებას, რომ სიცოცხლე და ადამიანისთვის ცნობილი ყველაზე რთული საინფორმაციო სისტემა შემთხვევითი ევოლუციური პროცესების ნაყოფია?

      [სქოლიოები]

      a თითოეული ნუკლეოტიდი შეიცავს ოთხიდან ერთ აზოტოვან ფუძეს: (ა) ადენინს, (გ) გუანინს (თ) თიმინს და (ც) ციტოზინს.

      b ევოლუციის თეორია ასწავლის, რომ სიცოცხლე მუტაციისა და „ბუნებრივი გადარჩევის“ შედეგად გაჩნდა. ამ მოსაზრებას მომდევნო სტატიაში შევეხებით მოკლედ.

      c ახლახან ჩატარებული გამოკვლევები იმაზე მიუთითებს, რომ გრძელი არაკოდირებული რნმ საკმაოდ რთული ნაერთია და აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის განვითარებისთვის. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გრძელი არაკოდირებული რნმ-ის ფუნქციის მოშლა იწვევს სხვადასხვა სახის კიბოს, ფსორიაზს, ალცჰეიმერის და სხვა დაავადებებს. რასაც ერთ დროს მეცნიერები „ნაგვად“ მიიჩნევდნენ, დღეს ის დიაგნოზის დასასმელად და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

      [ჩარჩო 5 გვერდზე]

      რა სიგრძისაა თქვენი დნმ?

      ერთ უჯრედში არსებული დნმ რომ გავჭიმოთ, 2 მეტრზე გაიშლება. თქვენს ორგანიზმში არსებული ტრილიონობით უჯრედის დნმ-ს თუ ერთმანეთს გადააბამთ, მისი სიგრძე თითქმის 670-ჯერ მეტი იქნება დედამიწიდან მზემდე არსებულ მანძილზე. სინათლის სიჩქარით რომ გევლოთ, ამ დისტანციას დაახლოებით 185 საათში დაფარავდით.

  • რომელი მოსაზრებაა გონივრული?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ნოემბერი
    • რომელი მოსაზრებაა გონივრული?

      კაციშვილს არ უნახავს, როგორ იქმნებოდა სიცოცხლე დედამიწაზე. არც ის უნახავს ვინმეს, რომ სიცოცხლის ერთი სახეობა მეორე სახეობად გადაქცეულიყო, მაგალითად, რეპტილია ძუძუმწოვარა გამხდარიყოa. აქედან გამომდინარე, სამყაროს წარმოშობის შესახებ დასკვნები რომ გავაკეთოთ, სანდო ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ. და ნაცვლად იმისა, რომ ფაქტები „ვაიძულოთ“, ჩვენ სასარგებლოდ ილაპარაკონ, ის უნდა ვირწმუნოთ, რასაც ისინი სინამდვილეში ლაპარაკობენ.

      თუმცა ბევრი ათეისტი ფაქტებს ეჭვის თვალით უყურებს, და სამყაროს შექმნის იდეას მატერიალიზმის (ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ამტკიცებს სამყაროს მატერიალურ, ობიექტურ არსებობას ცნობიერების გარეთ და მისგან დამოუკიდებლად) ჭრილში განიხილავს. ევოლუციონისტმა რიჩარდ ლევონტინმა დაწერა: „ჩვენ ვალდებულები ვართ . . . მატერიალიზმს დავუჭიროთ მხარი. მატერიალიზმი ერთადერთი ჭეშმარიტი თეორიაა, ამიტომ ჩვენ ღმერთს ადგილს ვერ დავუტოვებთ“. ასე რომ, მატერიალისტები მაგრად არიან ჩაბღაუჭებულები მათთვის ერთადერთ საყრდენს — ევოლუციას.

      წინასწარშექმნილმა აზრმა რელიგიურ ადამიანებსაც შეიძლება დაუმახინჯოს შეხედულება მეცნიერებაზე. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგი კრეაციონისტი მხარს უჭერს იმ მცდარ შეხედულებას, რომ თითქოს ღმერთმა სამყარო პირდაპირი გაგებით ექვს დღეში შექმნა რამდენიმე ათასი წლის წინათ. ასეთი შეხედულების გამო ისინი ცდილობენ, ფაქტები იძულებით მოარგონ თავიანთ თვალსაზრისს ბიბლიაზე, რომელსაც სიტყვა-სიტყვით იგებენ (იხილეთ მე-9 გვერდზე მოცემული ჩარჩო „რა ხანგრძლივობისაა ერთი დღე?“). ვისაც ასეთი უკიდურესი შეხედულებები აქვს ბიბლიასა და მეცნიერებაზე, თავისი მრწამსის დამამტკიცებელი ფაქტების ძიებისას, ვერასოდეს იღებს დამაკმაყოფილებელ პასუხებს.

      რომელ მოსაზრებას უჭერს მხარს ყველა ფაქტი?

      რთული მოლეკულების წარმოშობასთან დაკავშირებით, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს ქმნიან, ზოგ ევოლუციონისტს შემდეგი რამის სჯერა:

      1. ძირითადი ელემენტები როგორღაც შეერთდა და წარმოიშვა მთავარი მოლეკულები.

      2. შემდეგ ეს მოლეკულები ზუსტი თანმიმდევრობით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და წარმოქმნეს დნმ, რნმ და ცილა იმ უნარით, რომ მათში შენახულიყო ინფორმაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მუშაობისთვის იქნებოდა აუცილებელი.

      3. მოლეკულებმა როგორღაც შექმნეს განსაკუთებული თანმიმდევრობა, რაც საჭირო იყო რეპლიკაციის პროცესისთვის. ამ პროცესის გარეშე არ მოხდებოდა ევოლუციური განვითარება და არც სიცოცხლე წარმოიშობოდა.

      როგორ წარმოიშობოდა სიცოცხლისთვის საჭირო მოლეკულები და როგორ შეიძენდნენ ისინი განსაცვიფრებელ უნარს გონიერი შემოქმედის გარეშე? ევოლუციის თეორიის მკვლევარებს სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებულ კითხვებზე არა აქვთ დამაკმაყოფილებელი პასუხები და ამ თეორიას სათანადოდ ვერ ხსნიან. ფაქტობრივად, ვინც უარყოფს იმ ფაქტს, რომ შემოქმედმა მიზანმიმართულად შექმნა სამყარო, ღვთიურ ძალას უგონო მოლეკულებსა და ბუნებას მიაწერს.

      მაგრამ, რაზე მეტყველებს ფაქტები? ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები უფრო საპირისპიროს ამტკიცებს, ვიდრე იმას, რომ მოლეკულები ვითარდებიან და რთულ სასიცოცხლო ფორმად იქცევიან. დროთა განმავლობაში მწყობრიდან ისეთი რთული მოწყობილობებიც კი გამოდის, რომლებიც ფიზიკური კანონებით იმართება, მაგალითად, მექანიზმები, შენობები და თუნდაც ცოცხალი უჯრედები.b მიუხედავად ამისა, ევოლუციონისტები საპირისპიროს ამტკიცებენ. ერთ წიგნში აღნიშნულია, რომ ევოლუციის განვითარებას იმან შეუწყო ხელი, რომ დედამიწაზე „ხვდება მზიდან წამოსული ენერგიის მასა და შედეგად წარმოიშობა უფრო რთული ორგანიზმები“ (Evolution for Dummies).

      ერთი რამ ცხადია, ენერგია ნამდვილად საჭიროა უწესრიგობის მოსაწესრიგებლად, მაგალითად, აქეთ-იქით მიყრილი აგურების, შეშის ან ლურსმნების ლამაზად დასაწყობად. თუმცა, თუ ფრთხილად არ ვიქნებით და იმაზე მეტ ენერგიას დავხარჯავთ, ვიდრე საჭიროა, შეიძლება გაუკონტროლებელმა ძალამ საქმე გაგვიფუჭოს. ასეა მზის ენერგიის შემთხვევაშიც. მზის ენერგიამ და ბუნებრივმა მოვლენებმა შეიძლება დააჩქაროს შენობების დაზიანება.c ევოლუციის მომხრეები ბოლომდე ვერ ხსნიან ენერგიის უკონტროლო მოქმედების შედეგად როგორ იქმნება რთული ორგანიზმები.

      მეორე მხრივ, როდესაც სიცოცხლისა და სამყაროს შექმნაში გონიერი შემოქმედის ხელს ვხედავთ, რომელიც, ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, „დიდ ძლიერებას“ ფლობს, მარტო ინფორმაციის მატარებელი რთული ცოცხალი ორგანიზმების არსებობას კი არ ვუძებნით ჭეშმარიტ ახსნას, არამედ იმასაც ვიგებთ, როგორ იმართება ყველაფერი გალაქტიკებიდან დაწყებული უმცირესი ატომების ჩათვლითd (ესაია 40:26).

      ამასთანავე, რწმენა იმისა, რომ შემოქმედი არსებობს, სრულად შეესაბამება საზოგადოებაში გავრცელებულ შეხედულებას, რომლის თანახმადაც სამყაროს ჰქონდა დასაწყისი. „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“, — ნათქვამია დაბადების პირველივე თავის პირველივე მუხლში.

      გამუდმებით მიმდინარე ახალ-ახალი აღმოჩენები მატერიალიზმის თეორიის მომხრე ფილოსოფოსებს უძნელებს საკუთარი პოზიციების დაცვას. უფრო მეტიც, ეს ბევრ ათეისტს აღძრავს, გადაამოწმოს საკუთარი შეხედულებები.e ზოგიერთი ათეისტი იმ დასკვნამდეც კი მივიდა, რომ სამყაროში მიმდინარე საოცრებები აშკარა მტკიცებაა ჩვენი შემოქმედის, იეჰოვას, „უხილავი თვისებებისა“ და „მარადიული ძლიერებისა“ (რომაელები 1:20). დაგაინტერესათ ამ საკითხმა? არ არსებობს ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მის ცოდნას უდიდესი წარმატება მოაქვს ადამიანისთვის.f

      [სქოლიოები]

      a მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციონისტ ერნესტ მაირს ღრმად სწამდა ევოლუციის, მან აღიარა, რომ „პალეონტოლოგიური ჩანაწერები არ არის უწყვეტი და ახალ-ახალი სახეობები მოულოდნელად ჩნდებოდა.

      b ამ პროცესს მეცნიერები თერმოდინამიკის მეორე კანონს უწოდებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კანონი მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ წესრიგის უწესრიგობაში გადაზრდა ბუნებრივი მოვლენაა.

      c დნმ-მა შეიძლება სახე იცვალოს მუტაციის შედეგად, რაც რადიაციისა და გარკვეული ქიმიური პრეპარატების ზემოქმედების შედეგად შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ წარმოშობს ახალ სახეობებს (იხილეთ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის 2006 წლის სექტემბრის ნომერში დაბეჭდილი სტატია „ევოლუციური მოძღვრება — არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?“).

      d თუ გსურთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      e შეგიძლიათ ასევე წაიკითხოთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2010 წლის ნოემბრის გამოცემაში დაბეჭდილი სტატია „ათეისტად აღვიზარდე“.

      f დამატებითი ინფორმაცია თემაზე — შემოქმედება ევოლუციის წინააღმდეგ — მოძებნეთ ბროშურებში „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. ეს პუბლიკაციებიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

      [ჩარჩო 8 გვერდზე]

      საით მიდის ადამიანი — განვითარებისკენ თუ გადაგვარებისკენ?

      ზოგი მეცნიერი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ადამიანის დნმ-ის გადაგვარება ანუ არასრულყოფილება, მუდმივი მუტაციის შედეგია. თუ ეს ასეა, მაშინ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვვითარდებით და ვუმჯობესდებით, არარეალური გამოდის. და თუ ადამიანის დნმ ღვთის შექმნილია, რატომღა განიცდის გადაგვარებას? ბიბლია ზუსტად ხსნის იმ საკითხს, რასაც მეცნიერები ვერ ხსნიან. ადამიანის არასრულყოფილება ცოდვის ანუ ღვთისადმი დაუმორჩილებლობის შედეგია. „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“, — ნათქვამია რომაელების 5:12-ში. აქედან გამომდინარე, დნმ-ის გადაგვარება ეწინააღმდეგება ევოლუციის თეორიას, მაგრამ სრულ თანხმობაშია იმასთან, რასაც ბიბლია ამბობს. ნიშნავს ეს იმას, რომ დნმ-ის გადაგვარების პროცესი არ შეწყდება? არა! ღმერთი გვპირდება, რომ ჩაერევა ადამიანების ცხოვრებაში და გამოასწორებს ჩვენი პირველი მშობლების ჩადენილ შეცდომას. დიახ, ჩვენს დნმ-ს ჩვენი შემოქმედი გაასრულყოფილებს და არა ევოლუცია (გამოცხადება 21:3, 4).

      [ჩარჩო 9 გვერდზე]

      რა ხანგრძლივობისაა ერთი „დღე“?

      ბიბლია სიტყვა „დღეში“ დროის სხვადასხვა პერიოდს გულისხმობს. მაგალითად, დაბადების 2:4-ში მთელი შემოქმედებითი პერიოდი, რომელიც ექვს „დღეს“ გრძელდებოდა, მიჩნეულია „იმ დღედ, როდესაც იეჰოვა ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა“. როგორც ჩანს, თითოეული შემოქმედებითი დღე დროის მნიშვნელოვან მონაკვეთს მოიცავდა. საყურადღებოა, რომ ბიბლია ლაპარაკობს პირველი ექვსი „დღის“ თითოეული დღის დასრულების შესახებ, მაგრამ არაფერს ამბობს მეშვიდე დღის დასრულებაზე. რატომ? იმიტომ, რომ მეშვიდე დღე დღემდე გრძელდება (დაბადება 2:3; ებრაელები 4:4—6, 11).

      [სურათი 8 გვერდზე]

      თუ არ უვლიან, ნივთი ნელ-ნელა გაფუჭებას იწყებს

      [სურათი 8, 9 გვერდებზე]

      ღვთის ძალა და კიდევ სხვა თვისებები სამყაროზე დაკვირვებით შეიცნობა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება