საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა უკანასკნელ ჟამს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • თავი მეჩვიდმეტე

      ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა უკანასკნელ ჟამს

      1. დანიელის მე-7 თავის თანახმად, რა მოვლენები უნდა მომხდარიყო ჩვენს საუკუნეში პატარა უსუსურ ჯგუფთან დაკავშირებით?

      ძლიერი მსოფლიო მპყრობელი მთელი მძვინვარებით თავს ესხმის პატარა უსუსურ ჯგუფს, თუმცა ვერაფერს აკლებს. ისინი ფეხზე დადგომასაც ახერხებენ, მაგრამ არა საკუთარი ძალით, არამედ იეჰოვა ღმერთის წყალობით. დანიელის მე-7 თავში ნაწინასწარმეტყველები ეს მოვლენები XX საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. საინტერესოა, ვისზე შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? დანიელის ამავე თავში ისინი მოხსენიებული არიან „უზენაესის [იეჰოვა ღმერთის] წმიდანებად“, რომლებიც საბოლოოდ მესიანურ სამეფოში ქრისტეს თანამეფეები ხდებიან (დანიელი 7:13, 14, 18, 21, 22, 25—27).

      2. ა) როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის ცხებულ მსახურებს? ბ) როგორი მოქმედება იქნება გონივრული ამ უკანასკნელ ჟამს?

      2 დანიელის მე-11 თავიდან გავიგეთ, რომ ჩრდილოეთის მეფე მაშინ ნადგურდება, როდესაც ამ ღვთის ერთგული ხალხის მშვიდობიან სულიერ სამფლობელოს ესხმის თავს (დანიელი 11:45; შეადარეთ ეზეკიელი 38:18—23). დიახ, იეჰოვა მფარველობს თავის ერთგულ ცხებულებს. ფსალმუნის 104:14, 15-ში ნათქვამია: „ამუნათებდა [იეჰოვა] მათთვის მეფეებს: არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ“. განა გონივრული არ იქნება, რომ ამ ურთულეს დროში „უამრავი ხალხი“, რომლის რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება, რაც შეიძლება მჭიდრო კავშირში იყოს ამ წმიდანებთან? (გამოცხადება 7:9; ზაქარია 8:23). იესო ქრისტეც ურჩევდა ცხვრისმაგვარ ადამიანებს, ეთანამშრომლათ მის ცხებულ სულიერ ძმებთან და მხარი დაეჭირათ მათი საქმიანობისთვის (მათე 25:31—46; გალატელთა 3:29).

      3. ა) რატომ არ არის ადვილი იესოს ცხებული მიმდევრების ამოცნობა და მათთან დაკავშირება? ბ) როგორ დაგვეხმარება ამ მხრივ დანიელის მე-12 თავი?

      3 ღვთის მოწინააღმდეგე სატანა მთელი ძალით ებრძვის ცხებულებს. იარაღად იყენებს ცრუ რელიგიას და მთელ მსოფლიოში ავრცელებს ცრუ ქრისტიანობას, რითაც მრავალი შეჰყავს შეცდომაში. ზოგს იმედი დაკარგული აქვს, რომ შესაძლებელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა (მათე 7:15, 21—23; გამოცხადება 12:9, 17). მათაც კი, რომლებმაც იპოვეს „მცირე სამწყსო“ და დაუკავშირდნენ მას, ბრძოლა უწევთ რწმენის შესანარჩუნებლად, რადგან წუთისოფელი გამუდმებით ცდილობს მათი რწმენის შერყევას (ლუკა 12:32). რა შეიძლება ითქვას თქვენზე? იცით ვინ არიან „უზენაესის წმიდანები“? შეუერთდით მათ? გაქვთ დამამტკიცებელი საბუთები, რომ ისინი ნამდვილად ღვთის რჩეულები არიან? ასეთი საბუთებით რწმენა განგიმტკიცდებათ და რელიგიების სიმრავლის გამო თავგზააბნეული ხალხის დახმარებასაც შეძლებთ. დანიელის მე-12 თავში მოცემული ინფორმაცია სწორ მიმართულებას მოგვცემს, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე.

      დიდი მთავარი მოქმედებას იწყებს

      4. ა) რა ორი განსაკუთრებული რამ არის ნათქვამი მიქაელის შესახებ დანიელის 12:1-ში? ბ) დანიელის წიგნში რა იგულისხმება ხშირად მეფის ‘დადგომაში’?

      4 დანიელის 12:1-ში ვკითხულობთ: «იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი [„დიდი მთავარი, რომელიც მფარველად უდგას შენი ხალხის შვილებს“, აქ]». ამ მუხლში ორი განსაკუთრებული რამ არის ნათქვამი მიქაელის შესახებ. პირველი, რომ ის „უდგას“, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს; და მეორე, რომ ის „აღდგება“, რაშიც იგულისხმება მოვლენა, რომელიც დროის იმ განსაზღვრულ მონაკვეთში მოხდება. ჯერ უნდა გავიგოთ, დროის რომელ მონაკვეთში „დგას“ მიქაელი „[დანიელის] ხალხის მფარველად“. გავიხსენოთ, რომ მიქაელი იესოს, როგორც ზეციერ მმართველს, ეწოდა. სიტყვა „დგას“ ამ შემთხვევაში იმავე მნიშვნელობით არის გამოყენებული, როგორც დანიელის წიგნის სხვა ადგილებში, სადაც ის ხშირად მეფური ძალაუფლების აღებასთან არის დაკავშირებული (დანიელი 11:2—4, 7, 20, 21).

      5, 6. ა) დროის რომელ მონაკვეთში „დგას“ მიქაელი? ბ) როდის და როგორ „აღდგება“ მიქაელი და რა იქნება ამის შედეგი?

      5 როგორც ჩანს, ანგელოზი დროის იმ პერიოდს გულისხმობდა, რომელიც ბიბლიის სხვა ადგილებშიც არის მოხსენიებული. იესომ მას თავისი «მოსვლა [„თანდასწრება“, აქ]» (ბერძნულად „პაროუსია“) უწოდა (მათე 24:37—39). ამ დროს ბიბლიაში „უკანასკნელი დღეები“ და „ბოლო ჟამიც“ ჰქვია (2 ტიმოთე 3:1; დანიელი 12:4, 9). ამ დღეების დაწყებიდან, 1914 წლიდან, მიქაელი ზეციერ მეფედ „დგას“ (შეადარეთ ესაია 11:10; გამოცხადება 12:7—9).

      6 მაგრამ როდის „აღდგება“ მიქაელი? როდესაც ის განსაკუთრებულად ამოქმედდება. ეს კი მომავალში მოხდება. გამოცხადების 19:11—16-ში იესო წინასწარმეტყველურად აღწერილია ძლევამოსილ მესიანურ მეფედ, რომელიც სათავეში უდგას ანგელოზთა ლაშქარს და ანადგურებს ღვთის მტრებს. დანიელის 12:1 შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა“. იესო სისრულეში მოიყვანს იეჰოვას განაჩენს და ბოლოს მოუღებს მთელ ბოროტ სისტემას ნაწინასწარმეტყველები „დიდი გასაჭირის“ განმავლობაში (მათე 24:21; იერემია 25:33; 2 თესალონიკელთა 1:6—8; გამოცხადება 7:14; 16:14, 16).

      7. ა) რა მოელის ყველა მორწმუნე ადამიანს მოახლოებული „დიდი გასაჭირის“ დროს? ბ) რა არის იეჰოვას წიგნი და რატომ არის მნიშვნელოვანი იქ მოხვედრა?

      7 რა მოელით ამ დროს მორწმუნე ადამიანებს? დანიელი განაგრძობს წინასწარმეტყველებას: „იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება“ (შეადარეთ ლუკა 21:34—36). რას ნიშნავს წიგნი? იმას, რომ იეჰოვა ღმერთს ახსოვს მისი ნების შემსრულებელი ყველა ადამიანი (მალაქია 3:16; ებრაელთა 6:10). სიცოცხლის ამ წიგნში ჩაწერილები მთელ მსოფლიოში საუკეთესოდ დაცული ადამიანები არიან, რადგან მათ თვითონ ღმერთი მფარველობს. რაც უნდა შეემთხვეთ ცხოვრებაში, ღმერთს შეუძლია გამოასწოროს მათი მდგომარეობა და გააკეთებს კიდეც ამას. „მძიმე დროის“ დადგომამდე სიკვდილის შემთხვევაშიც კი ისინი იეჰოვას უსაზღვრო მეხსიერებაში რჩებიან. იეჰოვა გაიხსენებს და სიცოცხლეს დაუბრუნებს მათ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში (საქმეები 24:15; გამოცხადება 20:4—6).

      წმიდანების ‘გამოღვიძება’

      8. რა იმედს გვაძლევს დანიელის 12:2?

      8 ნამდვილად მანუგეშებელია მკვდრეთით აღდგომის იმედი. დანიელის 12:2-ში ამის შესახებ ნათქვამია: „მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის“ (შეადარეთ ესაია 26:19). ეს სიტყვები მოგვაგონებს იესოს საოცარ დანაპირებს საყოველთაო აღდგომის შესახებ (იოანე 5:28, 29). რა არაჩვეულებრივი იმედია! წარმოიდგინეთ, საყვარელ გარდაცვლილ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს კვლავ სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემათ. მაგრამ დანიელის წიგნში მოცემული ეს დანაპირები, ძირითადად, სხვაგვარ აღდგომას ეხება, რომელიც უკვე მოხდა. როგორ?

      9. ა) რის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დანიელის 12:2-ში მოცემული წინასწარმეტყველება უკანასკნელ დღეებში უნდა შესრულდეს? ბ) როგორ აღდგომას ეხება დანიელის 12:2-ში მოცემული წინასწარმეტყველება და საიდან ვიცით ეს?

      9 განვიხილოთ კონტექსტი. როგორც ვხედავთ, მე-12 თავის პირველი მუხლი მხოლოდ ამ სისტემის აღსასრულს კი არ ეხება, არამედ მთელ უკანასკნელ დღეებს. ამ თავში ძირითადად არა დედამიწაზე მომავალ სამოთხეში მოსახდენი, არამედ ბოლო ჟამის მოვლენებია აღწერილი. იყო უკვე ამ პერიოდში მკვდრეთით აღდგომა? მოციქული პავლე წერდა, რომ „ქრისტესნი“ უნდა აღმდგარიყვნენ „მისი [ქრისტეს] მოსვლისას“. გარდა ამისა, ის ამბობდა, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის ისინი „უხრწნელად“ აღდგებოდნენ (1 კორინთელთა 15:23, 52). არც ერთი მათგანი არ უნდა აღმდგარიყო „საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის“, რის შესახებაც დანიელის 12:2-შია საუბარი. არის კიდევ სხვაგვარი აღდგომა? აღდგომას ბიბლიაში ზოგჯერ გადატანითი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, „ეზეკიელის“ წიგნში და „გამოცხადებაში“ მოცემულია წინასწარმეტყველებები, რომლებიც სულიერ განახლებას ანუ აღდგომას ეხება (ეზეკიელი 37:1—14; გამოცხადება 11:3, 7, 11).

      10. ა) რა გაგებით იყვნენ აღდგენილი ცხებული ქრისტიანები ბოლო ჟამს? ბ) როგორ გამოიღვიძა „საუკუნო გმობისა და შერცხვენისთვის“ ზოგმა აღმდგარმა ქრისტიანმა?

      10 მოხდა ბოლო ჟამს ღვთის ცხებული მსახურების ამგვარი სულიერი განახლება? დიახ! ისტორიიდან ვგებულობთ, რომ ერთგული ქრისტიანების პატარა ჯგუფი 1918 წელს სასტიკ წინააღმდეგობებს ხვდებოდა, რაც ახშობდა მათს სამქადაგებლო საქმიანობას. 1919 წელს კი სრულიად მოულოდნელად ისინი სულიერად გამოცოცხლდნენ. ეს ფაქტები ზუსტად შეესაბამება დანიელის 12:2-ში ნაწინასწარმეტყველებ აღდგომას. იმ დროიდან მრავალმა „გამოიღვიძა“. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა არ დარჩენილა სულიერად ცოცხალი. გამოღვიძების შემდეგ ზოგმა უარყო მესიანური მეფე, მიატოვა ღვთისადმი მსახურება და თავს დაიტეხა დანიელის 12:2-ში ნაწინასწარმეტყველები „გმობა და შერცხვენა“ (ებრაელთა 6:4—6). მაგრამ ერთგული ცხებულები იყენებდნენ თავიანთ სულიერად განახლებულ მდგომარეობას და მხარს უჭერდნენ მესიანურ მეფეს. როგორც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი, ერთგულებას საბოლოოდ „საუკუნო სიცოცხლე“ მოაქვს მათთვის. წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხებულები დღესაც სულიერად მღვიძარენი არიან, რაც მათი ამოცნობის საშუალებას გვაძლევს.

      ‘ვარსკვლავებივით ნათება’

      11. ვინ არიან „მოძღვრები“ დღეს და რა გაგებით ანათებენ ისინი ვარსკვლავებივით?

      11 დანიელის მე-12 თავის შემდგომი ორი მუხლი უფრო მეტად გვეხმარება „უზენაესის წმიდანების“ ამოცნობაში. მე-3 მუხლში ანგელოზი ეუბნება დანიელს: „მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი — ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე“. ვინ არიან „მოძღვარნი“ დღეს? ფაქტები ადასტურებს, რომ ისინი „უზენაესის წმიდანები“ არიან. ცხებული ქრისტიანების გარდა, ვის ჰქონდა შემეცნება, რომ მიქაელი — დიდი მთავარი — მეფედ „დადგა“ 1914 წელს? ამგვარი ჭეშმარიტებების ქადაგებითა და ქრისტიანული ქცევით ისინი „ანათებენ როგორც მნათობნი“ სულიერ სიბნელეში მყოფ წუთისოფელში (ფილიპელთა 2:15; იოანე 8:12). მათ შესახებ იესო წინასწარმეტყველებდა: „მაშინ მართალნი გაბრწყინდებიან, როგორც მზე, თავიანთი მამის სასუფეველში“ (მათე 13:43).

      12. ა) როგორ ‘მოარჯულებენ’ ცხებულები უკანასკნელ დღეებში? ბ) როგორ ასწავლიან ცხებულები მრავალს სიმართლეს და „გაანათებენ ვარსკვლავებივით“ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში?

      12 დანიელის 12:3-ში ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, რას გააკეთებდნენ ცხებული ქრისტიანები ბოლო ჟამს. ისინი ‘მრავალს მოარჯულებენ’ ანუ დააყენებენ სიმართლის გზაზე. ცხებულები თავიდან ქრისტეს 144 000 თანამემკვიდრის დარჩენილი ნაწილის შევსებას შეუდგნენ (რომაელთა 8:16, 17; გამოცხადება 7:3, 4). როდესაც ეს რიცხვი შეივსო — როგორც ჩანს, 30-იანი წლების მეორე ნახევარში — მათ „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხის“ შეგროვება დაიწყეს (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ეს ჯგუფიც რწმენას ამჟღავნებს იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ, რის საფუძველზეც ისინიც სუფთანი არიან ღვთის თვალში. დღეს მილიონებს ითვლის მათი რიცხვი, რომლებსაც ამ ბოროტი წუთისოფლის განადგურების დროს ღვთისგან გადარჩენის იმედი აქვთ. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდში იესო და მისი 144 000 თანამეფე და მღვდელი გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ადამის ცოდვის ყოველგვარ ნიშანს მოაშორებენ მთელ დედამიწაზე მცხოვრებ მორჩილ ადამიანებს (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 7:13, 14; 20:5, 6). მაშინ ცხებულებიც შეიტანენ თავიანთ წვლილს, რომ მრავალი დააყენონ სიმართლის გზაზე, და ‘ვარსკვლავებივით გაანათებენ’ ზეცაში. აფასებთ ქრისტესა და მისი თანამეფეებისგან შემდგარი დიდებული ზეციერი მთავრობის ქვეშევრდომებად ცხოვრების იმედს? რა დიდი უპირატესობაა „წმიდანებთან“ ერთად ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში მონაწილეობა (მათე 24:14).

      მრავალნი ‘სწავლობენ’

      13. რა გაგებით იყო დანიელის სიტყვები დაბეჭდილი და საიდუმლოდ შენახული?

      13 ანგელოზის ცნობა, რომელიც დანიელის 10:20-დან იწყება, შემდეგი გამამხნევებელი სიტყვებით მთავრდება: „შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა“ (დანიელი 12:4). დანიელის წინასწარმეტყველების უდიდესი ნაწილი მართლაც საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილი იყო ადამიანის გონებისთვის. თვითონ დანიელიც წერდა: „გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი“ (დანიელი 12:8). ამ გაგებით დანიელის წიგნი საუკუნეების განმავლობაში იყო დაბეჭდილი. მაგრამ როგორ დგას საკითხი დღეს?

      14. ა) ვინ და რას ‘სწავლობს’ ჩვენს „უკანასკნელ დღეებში“? ბ) საიდან ჩანს, რომ ‘შემსწავლელები’ იეჰოვასგან არიან კურთხეული?

      14 ჩვენ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ, რომლის შესახებაც დანიელი წერდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დღეს მრავალი სწავლობს ღვთის სიტყვას. რა შედეგით? იეჰოვას კურთხევით ჭეშმარიტი შემეცნება გაიზარდა. ღვთისგან ბოძებული ამ შემეცნების წყალობით, ცხებულებმა გაიგეს, რომ კაცის ძემ 1914 წელს დაიწყო მეფობა, ამოიცნეს დანიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მხეცები და აფრთხილებდნენ ყველას „გატიალების სიბილწის“ შესახებ (დანიელი 11:31). ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ასეთი შემეცნება „უზენაესის წმიდანების“ ამოსაცნობი კიდევ ერთი ნიშანია. მაგრამ დანიელმა სხვა ნიშნების შესახებაც შეიტყო.

      „გაფანტვა“

      15. რა იკითხა ანგელოზმა და ვის გვახსენებს ეს შეკითხვა?

      15 როგორც აღნიშნული იყო, დანიელმა ეს ცნობა ანგელოზისგან „დიდი მდინარის“ — ხიდეკელის ანუ ტიგროსის — პირას მიიღო (დანიელი 10:4). ახლა ის იქ სამ ანგელოზს ხედავს: „მაშინ მე, დანიელმა, ვიხილე: აჰა, ჩემს წინ ორი უცხო დგას, ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო?“ (დანიელი 12:5, 6). ანგელოზისთვის დასმული ეს შეკითხვა კვლავ „უზენაესის წმიდანებს“ გვახსენებს. „ბოლო ჟამის“ დასაწყისში, 1914 წელს, ისინი დიდად იყვნენ დაინტერესებულები, როდის უნდა შესრულებულიყო ღვთის განზრახვები. ანგელოზის პასუხიდან კარგად ჩანს, რომ ეს წინასწარმეტყველება ცხებულებზე უნდა შესრულებულიყო.

      16. რა იწინასწარმეტყველა ანგელოზმა და როგორ დაადასტურა წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება?

      16 დანიელის ცნობა შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო“ (დანიელი 12:7). ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ანგელოზმა დაფიცებისას ორივე ხელი აღაპყრო, შესაძლებელია, ისე, რომ დიდი მდინარის ნაპირებზე მყოფმა ორმა ანგელოზმაც დაინახა ეს. ამით მან განსაკუთრებულად დაადასტურა წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება. მაგრამ როდის უნდა შესრულებულიყო ის? ამ კითხვაზე პასუხის მიღება არც ისე ძნელია, როგორც შეიძლება თავიდან გვეჩვენოს.

      17. ა) რა პარალელებს ვხედავთ დანიელის 7:25-ში, დანიელის 12:7-სა და გამოცხადების 11:3, 7, 9-ში მოცემულ წინასწარმეტყველებებს შორის? ბ) რა ხანგრძლივობის არის სამ-ნახევარი დრო?

      17 ეს წინასწარმეტყველება ზუსტად ემთხვევა ორ სხვა წინასწარმეტყველებას. ერთი მათგანი, რომელიც ამ წიგნის მე-9 თავში განვიხილეთ, დანიელის 7:25-შია მოცემული, მეორე კი — გამოცხადების 11:3, 7, 9-ში. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პარალელებს: თითოეული მათგანი ბოლო ჟამთან არის დაკავშირებული; ორივე ეხება ღვთის წმიდა მსახურებს, რომლებსაც დევნის გამო დროებით ხელი უნდა შეშლოდათ ქადაგებაში; წინასწარმეტყველებებიდან ჩანს, რომ ღვთის მსახურები აღიდგენდნენ ძალას და, დევნის მიუხედავად, განაგრძობდნენ დაწყებულ საქმეს. თითოეულში მოხსენიებულია ერთი და იგივე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც წმიდანებს სირთულეები უნდა შეხვედროდათ. დანიელის ორივე წინასწარმეტყველებაში (7:25-სა და 12:7-ში) ‘დრო, ორი დრო და ნახევარი დროა’ მოხსენიებული. სწავლულების აზრით, აქ სამ-ნახევარი დრო იგულისხმება. გამოცხადებაში ეს პერიოდი 42 თვეს ანუ 1 260 დღეს შეესაბამება (გამოცხადება 11:2, 3). ეს ადასტურებს, რომ დანიელში მოხსენიებული სამ-ნახევარი დრო 360-დღიანი წელიწადებისგან შემდგარ სამ-ნახევარ წელს ნიშნავს. როდის დაიწყო ეს 1 260-დღიანი პერიოდი?

      18. ა) დანიელის 12:7-ის თანახმად, რით უნდა დასრულებულიყო 1 260-დღიანი პერიოდი? ბ) როდის ‘გაიფანტა წმიდანების ძალა’ და როგორ მოხდა ეს? გ) როდის დაიწყო 1 260 დღე და როგორ ‘წინასწარმეტყველებდნენ ძაძებში’ ცხებულები ამ პერიოდში?

      18 წინასწარმეტყველება ადვილი გასაგებია, რადგან 1 260 დღე მაშინ უნდა დამთავრებულიყო, როდესაც „შეწყდებოდა წმიდა ერის ძალის გაფანტვა“. 1918 წლის ზაფხულში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ხელმძღვანელებს, მათ შორის პრეზიდენტ ჯ. რუტერფორდს, ცრუ ბრალდებები წაუყენეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ღვთის წმიდანებმა იხილეს, რომ მათი ძალა მართლაც ‘გაიფანტა’ და მათი საქმიანობა შეჩერდა. თუ 1918 წლის მეორე ნახევრიდან უკან სამ-ნახევარ წელს გადავითვლით, მივალთ 1914 წლის ბოლოსთან. ამ დროს ცხებულების მცირე ჯგუფის დევნა დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კი მათს საქმიანობას უფრო დიდი წინააღმდეგობები შეექმნა. მათ 1915 წლის წლიურ მუხლად აიღეს იესო ქრისტეს მიერ თავისი მოწაფეებისთვის დასმული შეკითხვა: „შეგიძლიათ შესვათ ჩემი სასმისიდან?“ (მათე 20:22, მეფე ჯეიმზის თარგმანი). გამოცხადების 11:3-ში მოცემული წინასწარმეტყველების თანახმად, ეს 1 260-დღიანი პერიოდი ცხებულებისთვის გლოვის ანუ ძაძებში წინასწარმეტყველების დრო იყო. დევნა სასტიკდებოდა. ზოგს აპატიმრებდნენ, ზოგს კი თავს ესხმოდნენ და აწამებდნენ კიდეც. ბევრმა მხნეობა დაკარგა 1916 წელს საზოგადოების პირველი პრეზიდენტის, ჩ. რასელის, სიკვდილის გამო. რა უნდა მოჰყოლოდა ამ რთულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც წმიდანები, როგორც მქადაგებელთა ორგანიზაცია, დახოცილები იყვნენ?

      19. როგორ ჩანს გამოცხადების მე-11 თავიდან, რომ ცხებულები მალე გამოცოცხლდებოდნენ?

      19 გამოცხადების 11:3, 9 და 11 მუხლებში (სსგ) მოცემული წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ მოკლული „ორი მოწმე“ მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის — სამ-ნახევარი დღის — განმავლობაში იქნებოდა მკვდარი, შემდეგ კი გაცოცხლდებოდა. დანიელის მე-12 თავის მიხედვითაც, წმიდანები გამოცოცხლდებოდნენ და განაგრძობდნენ თავიანთ საქმეს.

      ‘განწმედა, გასპეტაკება და გამობრძმედა’

      20. დანიელის 12:10-ის თანახმად, როგორ უნდა კურთხეულიყვნენ ცხებულები მძიმე პერიოდის შემდეგ?

      20 როგორც აღვნიშნეთ, დანიელი იწერდა ამ ყოველივეს, მაგრამ არ ესმოდა მისი მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, მას მაინც უნდოდა გაეგო, გაანადგურებდნენ თუ არა წმიდანებს მდევნელები. ამიტომაც ჰკითხა ანგელოზს, ‘რით დამთავრდებოდა’ ყველაფერი. ანგელოზმა უპასუხა: „წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე. მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან“ (დანიელი 12:8—10). წმიდანებისთვის ნამდვილად არსებობდა იმედი! ისინი კი არ განადგურდებოდნენ, არამედ გასპეტაკდებოდნენ და წმიდად წარსდგებოდნენ იეჰოვას წინაშე (მალაქია 3:1—3). სულიერ საკითხებში გარკვევა მათ ღვთის წინაშე წმიდად დარჩენაში დაეხმარებოდა. მათგან განსხვავებით, მოწინააღმდეგენი უარყოფდნენ ამგვარ შემეცნებას. როდის მოხდებოდა ყოველივე ეს?

      21. ა) რის შემდეგ უნდა დაწყებულიყო დანიელის 12:11-ში ნაწინასწარმეტყველები პერიოდი? ბ) რა იყო „მუდმივი შესაწირავი“ და როდის შეწყდა ის? (იხილეთ 298-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო).

      21 ანგელოზმა უთხრა დანიელს: «მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი [„ათას ორას ოთხმოცდაათი“, ძველი აღთქმის ორტომეული] დღე გავა». ამგვარად, ეს პერიოდი განსაზღვრული მოვლენების შემდეგ დაიწყებოდა. „მუდმივი შესაწირავი“a უნდა შეწყვეტილიყო (დანიელი 12:11). რა შესაწირავს გულისხმობდა ანგელოზი? მას არ ჰქონდა მხედველობაში ტაძარში ცხოველების შეწირვა. ერთ დროს იერუსალიმში არსებული ტაძარიც კი „ანარეკლი“ იყო იეჰოვას იმ „ჭეშმარიტი“ სულიერი ტაძრისა, რომელიც ახ. წ. 29 წელს მის მღვდელმთავრად ქრისტეს ცხებისას ამოქმედდა! ამ სულიერ ტაძარში, რომლითაც ღვთისადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობაა წარმოდგენილი, საჭირო არ არის ცოდვის მუდმივი მსხვერპლის შეწირვა, რადგან ‘ქრისტემ ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა’ (ებრაელთა 9:24—28). მაგრამ ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს მიაქვს შესაწირავი ამ ტაძარში. მოციქული პავლე წერდა: „მისი [ქრისტეს] საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“ (ებრაელთა 13:15). ასე რომ, წინასწარმეტყველების პირველი პირობა — „მუდმივი შესაწირავის“ შეწყვეტა — უკვე არსებობდა 1918 წლის მეორე ნახევრისთვის, როდესაც სამქადაგებლო საქმიანობა შეჩერებული იყო.

      22. რა არის „გატიალების სიბილწე“ და როდის დადგა ის? ბ) როდის დაიწყო და დამთავრდა დანიელის 12:11-ში ნაწინასწარმეტყველები პერიოდი?

      22 რა შეიძლება ითქვას მეორე პირობის — „გატიალების სიბილწის დადგომის“ — შესახებ? როგორც დანიელის 11:31-ის განხილვისას დავინახეთ, სიბილწე პირველად ერთა ლიგა, მოგვიანებით კი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იყო. ისინი სიბილწედ იქცნენ, რადგანაც დედამიწაზე მშვიდობის დამყარების იმედად იქნენ აღიარებული. ამგვარად, მათ ბევრის გულში, ფაქტობრივად, ღვთის სამეფოს ადგილი დაიკავეს! ერთა ლიგა ოფიციალურად 1919 წლის იანვარში შეიქმნა. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის დანიელის 12:11-ში მოცემული წინასწარმეტყველების ორივე პირობა არსებობდა. ამგვარად, 1 290-დღიანი პერიოდი 1919 წლის დამდეგს დაიწყო და 1922 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.

      23. როგორ ხდებოდა ღვთის წმიდანების გასპეტაკება დანიელის მე-12 თავში ნაწინასწარმეტყველები 1 290 დღის განმავლობაში?

      23 დაიწყეს თუ არა ამ დროისთვის წმიდანებმა გასპეტაკება და განწმედა ღვთის თვალში? უეჭველად! 1919 წლის მარტში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი და მისი თანამზრახველები პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით მათ ცრუ ბრალდებებიც მოეხსნათ. გათავისუფლებულებმა დაინახეს, რომ საქმე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, და 1919 წლის სექტემბერში კონგრესი მოაწყვეს. ამ წელს პირველად გამოვიდა „საგუშაგო კოშკის“ თანმხლები ჟურნალი. ეს ჟურნალი, რომელსაც თავიდან „ოქროს ხანა“ ეწოდებოდა (ახლა „გამოიღვიძეთ!“), ყოველთვის მხარს უჭერდა „საგუშაგო კოშკს“ — გაბედულად ამხელდა წუთისოფლის გახრწნილებას და ეხმარებოდა ღვთის ხალხს სიწმინდის შენარჩუნებაში. ნაწინასწარმეტყველები 1 290 დღის ბოლოს წმიდანები მყარად იდგნენ განწმედისა და განახლების გზაზე. 1922 წლის სექტემბერში, ამ დღეების გასვლისთანავე, სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) მათ მნიშვნელოვანი კონგრესი ჩაატარეს. ამ კონგრესმა დიდი ბიძგი მისცა სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას. მაგრამ ჯერ კიდევ საჭირო იყო გაუმჯობესება. ეს კი შემდგომ პერიოდში უნდა მომხდარიყო.

      წმიდანების ნეტარება

      24, 25. ა) რა პერიოდის შესახებ არის ნაწინასწარმეტყველები დანიელის 12:12-ში და, როგორც ჩანს, როდის დაიწყო და დამთავრდა ის? ბ) როგორ სულიერ მდგომარეობაში იყვნენ ცხებულები 1 335-დღიანი პერიოდის დაწყებამდე?

      24 წმიდანებზე წინასწარმეტყველებას იეჰოვას ანგელოზი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: «ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ [„ათას სამას ოცდათხუთმეტ“, ძვო] დღეს!» (დანიელი 12:12). ანგელოზი არ ამბობს, როდის იწყება და მთავრდება ეს პერიოდი. ისტორია ცხადყოფს, რომ ის წინა პერიოდის დამთავრებისთანავე დაიწყო. ამგვარად, ეს პერიოდი 1922 წლის შემოდგომიდან 1926 წლის გვიან გაზაფხულამდე უნდა გაგრძელებულიყო. გრძნობდნენ წმიდანები ნეტარებას ამ პერიოდის ბოლოსთვის? დიახ, სულიერი გაგებით.

      25 ღვთის ზოგი წმიდანი 1922 წლის კონგრესის შემდეგაც კი (ნაჩვენებია 302-ე გვერდზე) მისტიროდა წარსულს. მათი შეხვედრების სასწავლო პროგრამა, ძირითადად, ბიბლიასა და ჩ. რასელის „საღვთო წერილის გამოკვლევაზე“ იყო დაფუძნებული. იმ პერიოდში ბევრი ფიქრობდა, რომ 1925 წელს მკვდრეთით აღდგომა დაიწყებოდა და დედამიწაზე სამოთხე აღდგებოდა. ამიტომაც მათ გონებაში მხოლოდ ეს თარიღი უტრიალებდათ და ისე ემსახურებოდნენ ღმერთს. ზოგი ქედმაღლურად უარს ამბობდა საჯაროდ ქადაგებაზე. წმიდანებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიზეზი ნეტარებისთვის.

      26. როგორ შეიცვალა ცხებულების სულიერი მდგომარეობა 1 335 დღის განმავლობაში?

      26 მაგრამ 1 335-დღიანი პერიოდის დაწყებისას მდგომარეობა შეიცვალა. ყურადღება გამახვილდა სამქადაგებლო საქმიანობაზე, როდესაც რეგულარული ღონისძიებები შემოიღეს, რომ ყველას მიეღო მონაწილეობა მსახურებაში. აგრეთვე დაიგეგმა შეხვედრები „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლისთვის. 1925 წლის 1 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ისტორიული სტატია „ერის დაბადება“, რომელმაც ღვთის ხალხს გააგებინა, რა მოხდა 1914—1919 წლებში. 1925 წლის შემდეგ წმიდანებს ღვთისადმი მსახურებისას აღარ ჰქონდათ გონებაში ერთი კონკრეტული თარიღი. ყურადღება იეჰოვას სახელის განწმენდაზე მახვილდებოდა. ეს უმნიშვნელოვანესი მიზანი საუკეთესოდ გაშუქდა 1926 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „ვინ განადიდებს იეჰოვას?“. 1926 წლის მაისში კონგრესზე გამოიცა წიგნი „ხსნა“ (იხილეთ გვერდი 302). ეს იყო ერთ-ერთი ახალი წიგნი, რომელსაც „საღვთო წერილის გამოკვლევა“ უნდა შეეცვალა. წმიდანებს გული აღარ სწყდებოდათ წარსულზე. მათ მზერა მომავლისკენ და შესასრულებელი საქმეებისკენ ჰქონდათ მტკიცედ მიმართული. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, 1 335 დღის ბოლოსთვის წმიდანები ნეტარებას გრძნობდნენ.

      27. როგორ გვეხმარება დანიელის მე-12 თავის მიმოხილვა იეჰოვას ცხებულების საბოლოო ამოცნობაში?

      27 რა თქმა უნდა, ყველამ ვერ გადაიტანა ეს რთული პერიოდი. ცხადია, ამიტომაც აღნიშნა ღვთის ანგელოზმა, რომ მნიშვნელოვანი იყო ‘ლოდინი’. ვინც გაძლო და არ შეწყვიტა ლოდინი, დიდი კურთხევები მიიღო. ამას კარგად ვხედავთ დანიელის მე-12 თავის მიმოხილვიდან. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ცხებულები გამოცოცხლდნენ ანუ აღდგნენ სულიერად. ღმერთმა თავისი სიტყვის განსაკუთრებული შემეცნებით აკურთხა ისინი. მათ ‘შეისწავლეს’ ის და სულიწმიდის დახმარებით შეძლეს საუკუნეების მანძილზე საიდუმლოებით მოცული წინასწარმეტყველებების ახსნა. იეჰოვამ განწმიდა ცხებულები და მოკაშკაშე ვარსკვლავებივით დააწყებინა სულიერად ნათება. ამის შემდეგ მათ მრავალი დააყენეს სიმართლის გზაზე.

      28, 29. რა უნდა შევინარჩუნოთ „ბოლო ჟამის“ დასასრულს?

      28 ამდენი წინასწარმეტყველური ნიშნის შემდეგ, განა შეიძლება თავის გამართლება და იმის თქმა, რომ შეუძლებელია „უზენაესის წმიდანების“ ამოცნობა და მათთან თანამშრომლობა? შესანიშნავი კურთხევები მოელის უამრავ ხალხს, რომელიც იეჰოვასადმი მსახურებაში უერთდება დარჩენილ ცხებულებს. არ უნდა შევწყვიტოთ ღვთის დანაპირების ლოდინი (აბაკუმი 2:3). ჩვენს დროში მიქაელი, დიდი მთავარი, უკვე ათწლეულებია, რაც ღვთის ხალხის მფარველად დგას. მალე ის ღვთის მიერ ამ წუთისოფლისთვის გამოტანილ სასჯელს აღასრულებს. რა მოგველის ამ დროს ჩვენ?

      29 ამ კითხვაზე პასუხი ღვთისადმი ჩვენს ერთგულებაზეა დამოკიდებული. ამ „ბოლო ჟამს“ უმწიკვლოების შენარჩუნებაში დანიელის მე-12 თავის ბოლო მუხლის გარჩევა დაგვეხმარება. მომდევნო თავი, რომელშიც ეს მუხლია განხილული, დაგვანახვებს, როგორი სახელი დაიმკვიდრა დანიელმა ღვთის წინაშე და რა აღთქმა მიიღო მან.

      [სქოლიო]

      a ბერძნულ სეპტუაგინტაში ნათარგმნია მხოლოდ როგორც „შესაწირავი“.

  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა უკანასკნელ ჟამს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • [ჩარჩო 298 გვერდზე]

      მუდმივი შესაწირავის შეწყვეტა

      დანიელის წიგნში „მუდმივი შესაწირავი“ ხუთჯერ არის მოხსენიებული. ის გულისხმობს ქების მსხვერპლს — „ბაგეთა ნაყოფს“ — რომელსაც რეგულარულად სწირავენ იეჰოვა ღმერთს მისი მსახურები (ებრაელთა 13:15). მისი შეწყვეტის შესახებ წინასწარმეტყველება დანიელის 8:11-ში, 11:31-სა და 12:11-შია მოცემული.

      ორივე მსოფლიო ომის დროს იეჰოვას ხალხს სასტიკად დევნიდნენ „ჩრდილოეთის მეფისა“ და „სამხრეთის მეფის“ სამფლობელოებში (დანიელი 11:14, 15). „მუდმივი შესაწირავი“ შეწყდა პირველი მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში, როდესაც 1918 წლის მეორე ნახევრისთვის სამქადაგებლო საქმე შეჩერდა (დანიელი 12:7). „მუდმივი შესაწირავი“ მეორე მსოფლიო ომის დროსაც შეწყდა 2 300 დღით ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის მიერ (დანიელი 8:11—14; იხილეთ ამ წიგნის მე-10 თავი). ნაცისტურმა „ლაშქარმაც“ შეწყვიტა ის გარკვეული პერიოდით, რომლის ზუსტი ხანგრძლივობაც მოცემული არ არის საღვთო წერილში (დანიელი 11:31; იხილეთ ამ წიგნის მე-15 თავი).

      [ცხრილი⁄სურათები 301 გვერდზე]

      ჩარჩო 301 გვერდზე]

      წინასწარმეტყველური პერიოდები დანიელის წიგნში

      შვიდი შვიდეული (2 520 წელი): ძვ. წ. 607 წლის ოქტომბრიდან

      დანიელი 4:13, 22 ახ. წ. 1914 წლის ოქტომბრამდე

      (მესიანური სამეფოს დამყარება

      იხილეთ ამ წიგნის მე-6 თავი)

      სამ-ნახევარი დრო (1 260 დღე): 1914 წლის დეკემბრიდან 1918 წლის

      დანიელი 7:25; 12:7 ივნისამდე (ცხებული ქრისტიანების

      დევნა იხილეთ ამ წიგნის მე-9 თავი)

      2 300 საღამო და დილა: 1938 წლის 1 ან 15 ივნისიდან 1944

      დანიელი 8:14 წლის 8 ან 22 ოქტომბრამდე („უამრავი

      ხალხის“ გამოჩენა და რიცხობრივი

      ზრდა იხილეთ ამ წიგნის მე-10 თავი)

      70 შვიდეული (490 წელი): ძვ. წ. 455 წლიდან ახ. წ. 36 წლამდე

      დანიელი 9:24—27 (მესიის მოსვლა და მისი დედამიწაზე

      მსახურება. იხილეთ ამ წიგნის მე-11 თავი)

      1 290 დღე: 1919 წლის იანვრიდან

      დანიელის 12:11 1922 წლის სექტემბრამდე

      ცხებული ქრისტიანების გამოღვიძება და

      სულიერი წინსვლა)

      1 335 დღე: 1922 წლის სექტემბრიდან 1926 წლის

      დანიელი 12:12 მაისამდე (ცხებული ქრისტიანების ნეტარება)

      [სურათები 287 გვერდზე]

      საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ხელმძღვანელები უსამართლოდ დააპატიმრეს ატლანტის (ჯორჯია, აშშ) ფედერალურ ციხეში. მარცხნიდან მარჯვნივ (სხედან) ა. მაკმილანი, ჯ. რუტერფორდი, უ. ვან ამბერგი; (დგანან) ჯ. ფიშერი, რ. მარტინი, ჯ. დეჩეკა, ფ. რობისონი და კ. ვუდვორთი.

      [სურათები 299 გვერდზე]

      სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) 1919 წელს (ზემოთ) და 1922 წელს (ქვემოთ) ჩატარდა ისტორიული კონგრესები.

      [მთელი 302 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]

  • იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • თავი მეთვრამეტე

      იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს

      1, 2. ა) რა თვისებაა აუცილებელი მორბენალისთვის მიზნის მისაღწევად? ბ) როგორ შეადარა პავლე მოციქულმა იეჰოვასადმი ერთგულად მსახურებით ცხოვრება „სარბიელს“?

      მორბენალი ფინიშის ხაზს უახლოვდება; ქანცგაწყვეტილია, მაგრამ, მიზნის მისაღწევად, დარჩენილ მანძილზე უკანასკნელ ენერგიას არ ზოგავს. მთელ ძალ-ღონეს იკრებს და ბოლოს ფინიშის ხაზს კვეთს! შვებას გრძნობს, სახეზე კი გამარჯვებულის სიხარული აქვს აღბეჭდილი. მორბენალის მოთმინება ჯილდოვდება.

      2 დანიელის წიგნის მე-12 თავის ბოლოს ღვთის საყვარელ წინასწარმეტყველს თავისი „სარბიელის“ — იეჰოვას მსახურებაში გატარებული ცხოვრების — ფინიშის ხაზთან მიახლოებულს ვხედავთ. პავლე მოციქულმა იეჰოვას ქრისტიანობამდელი პერიოდის მსახურთა მაგალითების მოყვანის შემდეგ თქვა: «ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს — იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად [„სიხარულისთვის“, აქ] დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა» (ებრაელთა 12:1, 2).

      3. ა) რა აღძრავდა დანიელს ‘მოთმინებით გაერბინა სარბიელი’? ბ) რა სამი მხარე იყო აღსანიშნავი იეჰოვას ანგელოზის სიტყვებიდან?

      3 ამ „მოწმეთა ღრუბელში“ დანიელიც იგულისხმებოდა. მას მართლაც ‘მოთმინებით უნდა გაერბინა სარბიელი’, რისკენაც ღვთის ძლიერი სიყვარულით იყო აღძრული. იეჰოვამ დანიელს მრავალი რამ ამცნო მომავალი მსოფლიო მპყრობლების შესახებ, ამჯერად კი ანგელოზის საშუალებით შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ; განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს“ (დანიელი 12:13). იეჰოვას ანგელოზის სიტყვებიდან სამი რამ იყო აღსანიშნავი: 1) დანიელი ‘თავისი ბოლოსკენ’ გასწევდა, 2) ‘განისვენებდა’ და 3) ‘აღდგებოდა’ მომავალში. როგორ დაეხმარება ეს სიტყვები დღევანდელ ქრისტიანებს სიცოცხლის ჯილდოს მოსაპოვებლად სარბიელის ბოლომდე გარბენაში?

      „გასწიე შენი ბოლოსკენ“

      4. რას გულისხმობდა იეჰოვას ანგელოზი, როდესაც დანიელს ეუბნებოდა ‘ბოლოსკენ გაეწია’ და რატომ უნდა ყოფილიყო ეს ძნელი?

      4 რას გულისხმობდა ანგელოზი, როდესაც დანიელს უთხრა: „შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ“? რის ბოლო ჰქონდა მას მხედველობაში? რადგანაც დანიელი 100 წელს იყო მიღწეული, როგორც ჩანს, ანგელოზი მისი სიცოცხლის მოახლოებული ბოლოს შესახებ ელაპარაკებოდაa. ანგელოზი ამხნევებდა დანიელს, სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩენილიყო. ეს კი არც ისე ადვილი იყო. დანიელი მოესწრო ბაბილონის დაცემასა და ებრაელების იუდასა და იერუსალიმში დაბრუნებას, რაც დიდ სიხარულს მოჰგვრიდა ასაკოვან წინასწარმეტყველს. მაგრამ არსად არის ნათქვამი, რომ თვითონაც დაბრუნდა სამშობლოში. იმ დროისთვის ის, ალბათ, უკვე მოხუცებული და დასუსტებული იქნებოდა. შესაძლებელია, ის იეჰოვას ნებითაც დარჩენილიყო ბაბილონში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობია, რას განიცდიდა დანიელი თანამემამულეების იუდაში დაბრუნებისას.

      5. საიდან ჩანს, რომ დანიელმა ბოლომდე მოითმინა?

      5 დანიელს, უეჭველად, ძალას შემატებდა ანგელოზის გამხნევება: „გასწიე შენი ბოლოსკენ“. გავიხსენოთ იესო ქრისტეს მიერ ექვსი საუკუნის შემდეგ ნათქვამი სიტყვები: „ბოლომდის მომთმენი, გადარჩება“ (მათე 24:13, აფ). დანიელმა ნამდვილად ბოლომდე მოითმინა და ბოლომდე ერთგულად გაირბინა სარბიელი სიცოცხლის მოსაპოვებლად. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ის ბიბლიაში მისაბაძ პიროვნებად არის მოხსენიებული (ებრაელთა 11:32, 33). რა დაეხმარა დანიელს, ბოლომდე გამოევლინა მოთმინება? პასუხს მისი ცხოვრების მიმოხილვა გაგვცემს.

      ბოლომდე ღვთის სიტყვის მკვლევარი

      6. საიდან ვიცით, რომ დანიელი ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარი იყო?

      6 ბოლომდე მოთმენა დანიელისთვის ნიშნავდა, რომ არასოდეს მიეტოვებინა ღვთის საოცარი დანაპირებების შესწავლა და მათზე დაფიქრება. როგორც ვიცით, დანიელი გულმოდგინედ იკვლევდა ღვთის სიტყვას. სხვაგვარად საიდან ეცოდინებოდა იეჰოვას მიერ იერემიასთვის გამჟღავნებული წინასწარმეტყველება, რომ ტყვეობა 70 წელიწადს გაგრძელდებოდა? დანიელი თვითონვე წერდა: „წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი“ (დანიელი 9:2; იერემია 25:11, 12). დანიელი, უეჭველად, იკვლევდა საღვთო წერილის იმ დროს არსებულ წიგნებს. მისთვის ნამდვილად დიდი სიამოვნების მომგვრელი იქნებოდა მოსეს, დავითის, სოლომონის, ესაიას, იერემიასა და ეზეკიელის ჩანაწერების კითხვაში გატარებული დრო.

      7. დანიელთან შედარებით, რა უპირატესობით ვსარგებლობთ ღვთის სიტყვის შესწავლასთან დაკავშირებით დღეს მცხოვრები ხალხი?

      7 ღვთის სიტყვის შესწავლა და შეთვისება ჩვენთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მოთმინების გამოსამუშავებლად (რომაელთა 15:4—6; 1 ტიმოთე 4:15). ჩვენ გვაქვს სრული ბიბლია, სადაც აღწერილია, როგორ შესრულდა საუკუნეების შემდეგ დანიელის ზოგი წინასწარმეტყველება. გარდა ამისა, ჩვენ იმ „უკანასკნელ ჟამში“ ვცხოვრობთ, რომლის შესახებაც დანიელის 12:4-შია ნაწინასწარმეტყველები. ჩვენს დროში ცხებულები კურთხეული არიან სულიერი შემეცნებით და ჭეშმარიტების შუქურასავით ანათებენ ბნელით მოცულ წუთისოფელში. ამის შედეგი კი ის არის, რომ ბევრი წინასწარმეტყველება, რომელიც საგონებელში აგდებდა დანიელს, დღეს მრავლისმთქმელია ჩვენთვის. ამიტომაც ყოველდღიურად შევისწავლოთ ღვთის სიტყვა და დავაფასოთ ეს კურთხევები, რაც ბოლომდე მოთმენაში დაგვეხმარება.

      ლოცვაში მდგრადი

      8. რა მაგალითი დაგვიტოვა დანიელმა ლოცვასთან დაკავშირებით?

      8 დანიელს ბოლომდე მოთმენაში ლოცვაც ეხმარებოდა. ის დიდი რწმენითა და ნდობით ყოველდღე გულწრფელად ელაპარაკებოდა იეჰოვა ღმერთს. მან იცოდა, რომ იეჰოვა ‘ლოცვის მომსმენი’ ღმერთი იყო (ფსალმუნი 64:3; შეადარეთ ებრაელთა 11:6). როდესაც დანიელი ისრაელის ურჩობის გამო გულდამძიმებული იყო, მან იეჰოვას გაუზიარა თავისი გრძნობები (დანიელი 9:4—19). მაშინაც კი, როდესაც დარიოსმა გასცა ბრძანება, რომ 30 დღის განმავლობაში მხოლოდ მისთვის მიემართათ თხოვნით, დანიელს არ მიუტოვებია იეჰოვასადმი ლოცვა (დანიელი 6:10). განა თბილი გრძნობები არ გეუფლებათ, როდესაც წარმოიდგენთ ღვთის ერთგულ ხანდაზმულ დანიელს, რომელიც ლომებით სავსე ხაროსაც კი არ შეუშინდა და უარი არ თქვა ლოცვის ძვირფას უპირატესობაზე? არავითარი ეჭვი არსებობს, რომ იეჰოვასადმი ყოველდღიურად ლოცვით დანიელმა ერთგულად ‘გასწია თავისი ბოლოსკენ’.

      9. რატომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ლოცვა დიდი უპირატესობაა?

      9 ლოცვა ძნელი არ არის. შეგვიძლია ვილოცოთ ყოველთვის და ყველგან, როგორც ხმამაღლა, ისე გულში. მაგრამ არასერიოზულად არასდროს უნდა მოვეკიდოთ ამ ძვირფას უპირატესობას. ბიბლია ლოცვას მოთმინებას, სიმტკიცესა და სულიერ სიფხიზლეს უკავშირებს (ლუკა 18:1; რომაელთა 12:12; ეფესელთა 6:18; კოლასელთა 4:2). განა შესანიშნავი არ არის, რომ თავისუფლად შეგვიძლია მივუახლოვდეთ სამყაროს უზენაესს, რომელიც გვისმენს?! გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც ლოცვის პასუხად იეჰოვამ ანგელოზი გაუგზავნა დანიელს. ანგელოზი მაშინ მივიდა, როდესაც დანიელი ჯერ კიდევ ლოცულობდა! (დანიელი 9:20, 21). მართალია დღეს ასეთი რამ აღარ ხდება, მაგრამ იეჰოვა არ შეცვლილა (მალაქია 3:6). ის ისევე მოისმენს ჩვენს ლოცვებს, როგორც დანიელის ლოცვებს ისმენდა. ლოცვის მეშვეობით მივუახლოვდებით იეჰოვას, რაც დანიელივით ბოლომდე მოთმენაში დაგვეხმარება.

      მოთმინება ღვთის სიტყვის სწავლებისას

      10. რატომ იყო ღვთის სიტყვის სწავლება დანიელისთვის მნიშვნელოვანი?

      10 დანიელს სხვა მხრივაც უნდა ‘გაეწია თავისი ბოლოსკენ’. ის სიცოცხლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტების მასწავლებელი. მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იმ რჩეული ერის წარმომადგენელი იყო, რომლის შესახებაც საღვთო წერილში ეწერა: „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე“ (ესაია 43:10). დანიელი ცდილობდა, შეესრულებინა თავისი მოვალეობა. როგორც ჩანს, მის საქმეში ისიც შედიოდა, რომ ესწავლებინა ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელებისთვის. ბიბლიაში დაწვრილებით არ არის აღწერილი, რა დამოკიდებულება ჰქონდა დანიელს თანამემამულეებთან, თუმცა ნათლად არის ნაჩვენები სამ „მეგობართან“ — ხანანიას, მისაელსა და ყაზარიასთან — მისი ურთიერთობა (დანიელი 1:7; 2:13, 17, 18). ახლო მეგობრობა, უეჭველად, თითოეულ მათგანს ეხმარებოდა ბოლომდე მოთმენაში (იგავნი 17:17). დანიელი ღვთისგან განსაკუთრებული უნარით იყო დაჯილდოებული, ამიტომაც ბევრი რამ შეეძლო ესწავლებინა მეგობრებისთვის (დანიელი 1:17). მაგრამ ის არა მარტო მათი მასწავლებელი იყო.

      11. ა) რა მხრივ იყო დანიელის მსახურება განსაკუთრებული? ბ) როგორ ასრულებდა დანიელი თავის შესანიშნავ მოვალეობას?

      11 დანიელს ყველა წინასწარმეტყველზე მეტად უხდებოდა წარმართ დიდებულებთან ქადაგება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არასასიამოვნო ცნობების გადაცემა უწევდა, ის არასდროს ელაპარაკებოდა ამ ხალხს სიძულვილით და დამამცირებლად. მან იცოდა, როგორ ესაუბრა და ყოველთვის პატივისცემით მიმართავდა მათ. დანიელს ჰყავდა მტრები — მაგალითად, შეთქმულების მონაწილე შურიანი სატრაპები — რომლებსაც მისი თავიდან მოშორება უნდოდათ. მაგრამ იყვნენ ისეთი დიდებულებიც, რომლებიც აფასებდნენ მას. რადგან დანიელს იეჰოვასგან უნარი ჰქონდა მიცემული, აეხსნა საიდუმლოები, რომლებიც საგონებელში აგდებდა მეფეებსა და ბრძენკაცებს, ის საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება გახდა (დანიელი 2:47, 48; 5:29). მართალია მოხუცებულობისას იმდენის გაკეთება აღარ შეეძლო, რამდენისაც ახალგაზრდობაში, მაგრამ ნამდვილად ერთგულად მიიწევდა თავისი ბოლოსკენ და ყოველთვის ცდილობდა თავისი საყვარელი ღვთის მოწმე ყოფილიყო.

      12. ა) როგორც ქრისტიანები, რა მხრივ ვართ მასწავლებლები დღეს? ბ) როგორ შეგვიძლია მივყვეთ პავლეს რჩევას ‘სიბრძნით მოვიქცეთ გარეშეებთან’?

      12 ქრისტიანულ კრებაში ჩვენც შეგვიძლია შევიძინოთ მეგობრები, რომლებიც დაგვეხმარებიან ერთგულების ბოლომდე შენარჩუნებაში, ისევე როგორც დანიელი და მისი სამი მეგობარი ეხმარებოდნენ ერთმანეთს. აგრეთვე შეგვიძლია ბევრი რამ ვასწავლოთ ერთმანეთს და ‘ვანუგეშოთ’ თანამორწმუნეები (რომაელთა 1:11, 12). დანიელის მსგავსად, ჩვენც გვევალება ურწმუნოთათვის ქადაგება (მათე 24:14; 28:19, 20). ამიტომაც საჭიროა გავიუმჯობესოთ სწავლების უნარი და იეჰოვას შესახებ ხალხს ‘სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’ (2 ტიმოთე 2:15). ამ მხრივ პავლე მოციქულის რჩევაც დაგვეხმარება: „სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ“ (კოლასელთა 4:5). ასეთი სიბრძნე გულისხმობს გაწონასწორებულ თვალსაზრისს მათ მიმართ, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას. არასოდეს უნდა ვუყუროთ ზემოდან ასეთ ხალხს (1 პეტრე 3:15). ღვთის სიტყვა უნდა ვიქადაგოთ ტაქტიანად და საუკეთესო მეთოდების გამოყენებით, რომ მათ გულებშიც შეაღწიოს ჭეშმარიტებამ. რა სასიხარულოა, როცა ეხმაურებიან ჩვენს ცნობას! ეს სიხარული ნამდვილად გვეხმარება დანიელივით ბოლომდე მოთმენაში.

      „განისვენებ“

      13, 14. რატომ იყო სიკვდილი თავზარდამცემი ბაბილონელებისთვის და რატომ ჰქონდა დანიელს მათგან განსხვავებული თვალსაზრისი?

      13 ანგელოზმა შემდეგ უთხრა დანიელს: „განისვენებ“. რას ნიშნავდა ეს? დანიელმა იცოდა, რომ სიკვდილს ვერსად გაექცეოდა. სიკვდილი ადამის დროიდან მოყოლებული გარდაუვალია ყველასთვის. ბიბლიაში სათანადოდ ეწოდება მას „მტერი“ (1 კორინთელთა 15:26). დანიელს სიკვდილის შესახებ ბაბილონელებისგან სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა. ეს ხალხი, რომელიც 4 000-მდე ღვთაებას სცემდა თაყვანს, სიკვდილს ყველანაირ საშინელებას უკავშირებდა. მათ სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგ უბედური ან მოკლული ადამიანების სულები შურის საძიებლად ხალხზე ნადირობდნენ. გარდა ამისა, ბაბილონელებს სწამდათ საშინელი საიქიო ცხოვრების, სადაც ადამიანებისა და ცხოველების მსგავსი საზარელი ურჩხულები ცხოვრობდნენ.

      14 დანიელს არ სწამდა ასეთი საიქიო ცხოვრება. მის დღეებამდე ასწლეულებით ადრე მეფე სოლომონს ღვთის შთაგონებით ნათქვამი ჰქონდა: „მკვდრებმა . . . არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ფსალმუნმომღერალი კი ადამიანის შესახებ, რომელიც კვდება, წერდა: „ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 145:4). ამიტომაც დანიელმა იცოდა, რომ ანგელოზი მართალს ეუბნებოდა. სიკვდილისას ის განისვენებდა. არავითარი საფიქრალი, სადარდებელი და სატანჯველი არ შეაწუხებდა, და არც ურჩხულებთან მოუწევდა შეხვედრა. იესო ქრისტემაც მსგავსად ახსნა სიკვდილი, როდესაც გარდაცვლილი ლაზარეს შესახებ თქვა: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა“ (იოანე 11:11).

      15. რით შეიძლება სიკვდილის დღე გაჩენის დღეს სჯობდეს?

      15 დანიელს სხვა მიზეზითაც არ ეშინოდა სიკვდილის. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა — გაჩენის დღეს“ (ეკლესიასტე 7:1). რა მხრივ შეიძლება სიკვდილის დღე, გლოვის დრო, გაჩენის სასიხარულო დღეს სჯობდეს? მთავარ როლს „სახელი“ ასრულებს. „ძვირფასი ნელსაცხებელი“ საკმაოდ ძვირი ღირდა. ერთხელ ლაზარეს და მარიამმა იესოს ფეხებზე სცხო სურნელოვანი ნელსაცხებელი, რომელიც მთელი წლის სამყოფი თანხა ღირდა! (იოანე 12:1—7). როგორ შეიძლებოდა სახელი ასე ძვირფასი ყოფილიყო? აქ ლაპარაკია „კარგ სახელზე“. თვითონ სახელი კი არ არის ძვირფასი, არამედ ის, რაც მის მიღმა დგას. დაბადებისას ადამიანს არც არავითარი სახელი აქვს დამკვიდრებული და არც კეთილი საქმეებით თუ პიროვნული თვისებებით არის ცნობილი. მაგრამ სიცოცხლის ბოლოს მის სახელში ეს ყოველივე ჩანს. ამიტომაც ადამიანისთვის ღვთის წინაშე კარგი სახელი ყოველგვარ ქონებაზე ძვირფასია.

      16. ა) როგორ ცდილობდა დანიელი ღმერთთან კარგი სახელის დამკვიდრებას? ბ) რატომ შეეძლო დანიელს სიკვდილამდე გულდამშვიდებული ყოფილიყო, რომ იეჰოვასთან კარგი სახელი ჰქონდა დამკვიდრებული?

      16 ცხოვრების მანძილზე დანიელი ყველაფერს აკეთებდა ღმერთთან კარგი სახელის დასამკვიდრებლად, რაც იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ის ხედავდა დანიელის საქმეებსა და გულს. ასევე იყო მეფე დავითის შემთხვევაშიც, რომელიც წერდა: „უფალო, გამომცადე და შემიცანი. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან“ (ფსალმუნი 138:1, 2). ცხადია, დანიელი არ ყოფილა სრულყოფილი. ის ცოდვილი ადამის შთამომავალი და აგრეთვე ცოდვილი ერის შვილი იყო (რომაელთა 3:23). მაგრამ ის ინანიებდა ცოდვებს და ცდილობდა, სიმართლის გზით ევლო ღვთის წინაშე. ამიტომაც ერთგულ წინასწარმეტყველს სწამდა, რომ იეჰოვა აპატიებდა და აღარასოდეს გაუხსენებდა ცოდვებს (ფსალმუნი 102:10—14; ესაია 1:18). იეჰოვა იმახსოვრებს თავისი ერთგული მსახურების კეთილ საქმეებს (ებრაელთა 6:10). ამიტომაც იეჰოვას ანგელოზმა ორჯერ უწოდა დანიელს „სათნო კაცი“ (დანიელი 10:11, 19). ეს ნიშნავდა, რომ ღმერთს უყვარდა ის. ამიტომ დანიელს შეეძლო სიკვდილამდე გულდამშვიდებული ყოფილიყო, რადგან იცოდა, რომ ღმერთთან კარგი სახელი ჰქონდა დამკვიდრებული.

      17. რატომ არის აუცილებელი, რომ იეჰოვასთან დღესვე მოვიპოვოთ კარგი სახელი?

      17 კარგი იქნება, დავფიქრდეთ შემდეგ საკითხზე: „დავიმკვიდრე კარგი სახელი იეჰოვასთან?“ ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ. ცხოვრებას რეალისტურად რომ შევხედოთ, შესაძლებელია, ნებისმიერმა ჩვენგანმა სრულიად მოულოდნელად დაკარგოს სიცოცხლე (ეკლესიასტე 9:11). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი დღესვე, დაუყოვნებლივ, შეეცადოს ღმერთთან კარგი სახელის მოპოვებას. ამ შემთხვევაში სიკვდილი აღარ იქნება თავზარდამცემი. სიკვდილი მხოლოდ განსვენებაა, რომელიც ძილს ჰგავს. როგორც ძილს, მასაც გამოღვიძება მოსდევს!

      „აღდგები“

      18, 19. ა) რას გულისხმობდა ანგელოზი, როდესაც დანიელს უთხრა, რომ მომავალში ‘აღდგებოდა’? ბ) რატომ არ უნდა ყოფილიყო დანიელისთვის აღდგომის იმედი სიახლე?

      18 დანიელის წიგნი ღვთის საუკეთესო დანაპირებით მთავრდება. იეჰოვას ანგელოზი ეუბნება დანიელს: „აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს“. რას გულისხმობდა ანგელოზი? თუ ‘განსვენება’ სიკვდილს ნიშნავდა, ‘აღდგომაში’ მხოლოდ მკვდრეთით აღდგომა შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმებიb. ზოგი მკვლევარის აზრით, ებრაულ წერილებში არაორაზროვნად პირველად დანიელის მე-12 თავშია მოხსენიებული მკვდრეთით აღდგომა (დანიელი 12:2). მაგრამ ისინი არ არიან მართლები. დანიელისთვის სიახლე არ იყო მკვდრეთით აღდგომის იმედი.

      19 უეჭველად, დანიელს ეცოდინებოდა ესაიას მიერ ორი საუკუნით ადრე დაწერილი სიტყვები: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში დავანებულნო!“ (ესაია 26:19). დიდი ხნის წინათ ელია და ელისე იეჰოვას ძალით აცოცხლებდნენ მკვდრებს (მესამე მეფეთა 17:17—24; მეოთხე მეფეთა 4:32—37). მანამდე ხანამ, სამუელ წინასწარმეტყველის დედამ, იცოდა, რომ იეჰოვას შეეძლო შავეთიდან ანუ სამარიდან აღედგინა მკვდრები (პირველი მეფეთა 2:6). მასზე უფრო ადრე კი ღვთის ერთგულმა იობმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა თავისი იმედი: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე; დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა“ (იობი 14:14, 15).

      20, 21. ა) რომელი აღდგომისას აღდგება დანიელი? ბ) რა თანამიმდევრობით შეიძლება მოხდეს აღდგომა სამოთხეში?

      20 იობის მსგავსად, დანიელიც დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ნატვრად ექნებოდა მომავალში მისი მკვდრეთით აღდგენა. მაგრამ მისთვის მაინც მეტად გამამხნევებელი იქნებოდა ძლიერი სულიერი ქმნილებისგან ამ იმედის განმამტკიცებელი სიტყვების მოსმენა. დიახ, დანიელი აღდგება „მართალთა აღდგომისას“, რაც ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს მოხდება (ლუკა 14:14). რას ნიშნავს ეს მისთვის? ღვთის სიტყვა მრავალ რამეს გვამცნობს ამის შესახებ.

      21 იეჰოვა „ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობის“ (1 კორინთელთა 14:33). ამიტომაც, ცხადია, აღდგომა სამოთხეში მოწესრიგებულად მოხდება. შესაძლებელია, არმაგედონის შემდეგ მის დაწყებამდე გარკვეული დროც გავიდეს (გამოცხადება 16:14, 16). ძველი წუთისოფლის ყოველგვარი კვალი წაიშლება და ყველაფერი მომზადდება მკვდრეთით აღდგენილების დასახვედრად. რაც შეეხება მკვდრების დაბრუნების თანამიმდევრობას, ბიბლიაში ნათქვამია, რომ „თითოეული თავისი წესით“ აღდგება (1 კორინთელთა 15:23). როგორც ჩანს, ‘მართალთა და უკეთურთა აღდგომისას’, პირველად მართლები აღდგებიან (საქმეები 24:15). ამგვარად, ძველი დროის ისეთ ერთგულ მსახურებს, როგორიც დანიელი იყო, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ დედამიწაზე სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში და ღვთის სიტყვა შეასწავლონ მკვდრეთით აღმდგარ „უკეთურებს“ (ფსალმუნი 44:17).

      22. რა კითხვებზე პასუხის მიღებით იქნება დაინტერესებული დანიელი?

      22 სანამ დანიელი თავისი ახალი დავალების შესრულებას შეუდგება, ალბათ, მრავალი შეკითხვა დაებადება. მან ხომ ღვთის მიერ გამჟღავნებული ზოგი წინასწარმეტყველების შესახებ თქვა: „გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი“ (დანიელი 12:8). რა ბედნიერი იქნება დანიელი, როდესაც მისთვის საბოლოოდ ფარდა აეხდება ამ წმინდა საიდუმლოებებს! მას, უეჭველად, მესიის შესახებ ყოველი წვრილმანის გაგების სურვილი ექნება. დიდი ინტერესით მოისმენს, როგორ იცვლებოდნენ მსოფლიო მპყრობელები მისი დროიდან ჩვენს დრომდე; ვინ იყვნენ „უზენაესის წმიდანები“, რომლებმაც, „უკანასკნელ ჟამს“ დევნის მიუხედავად, ბოლომდე მოითმინეს; და როგორ გაანადგურა ყველა სამეფო ღვთის მესიანურმა სამეფომ (დანიელი 2:44; 7:22; 12:4).

      დანიელისა და თქვენი წილი სამოთხეში

      23, 24. ა) რა მხრივ იქნება განსხვავებული ახალი ქვეყნიერება, სადაც დანიელი აღდგება, მისთვის ცნობილი ქვეყნიერებისგან? ბ) ექნება თუ არა დანიელს ადგილი სამოთხეში და საიდან ვიცით ეს?

      23 დანიელი გაეცნობა ახალ გარემოს, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება მისი დროინდელი ქვეყნიერებისგან. გამქრალი იქნება ძველი ქვეყნიერების ომებისა და ჩაგვრის ყოველგვარი კვალი. აღარ იარსებებს მწუხარება, ავადმყოფობა და სიკვდილი (ესაია 25:8; 33:24). ყველას ექნება საზრდო, საცხოვრებელი და სასიამოვნო სამუშაო (ფსალმუნი 71:16; ესაია 65:21, 22). მთელი კაცობრიობა ერთ დიდ ბედნიერ ოჯახად გადაიქცევა.

      24 დანიელისთვის აუცილებლად იქნება ადგილი ახალ ქვეყნიერებაში. „აღდგები შენი წილის მისაღებად“, — უთხრა მას ანგელოზმა. ებრაული სიტყვა, რომელიც აქ „წილად“ არის ნათარგმნი, მიწის ნაკვეთის აღსანიშნავადაც გამოიყენებოდაc. დანიელისთვის ცნობილი იქნებოდა ეზეკიელის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება აღდგენილი ისრაელის მიწის დანაწილების შესახებ (ეზეკიელი 47:13—48:35). რას გვამცნობს ეზეკიელის წინასწარმეტყველება სამოთხესთან დაკავშირებით? ის გვაუწყებს, რომ მიწა სათანადოდ და სამართლიანად იქნება დანაწილებული და ღვთის ხალხიდან ყველას ექნება ადგილი. ცხადია, სამოთხეში დანიელის წილი მხოლოდ მიწის ნაკვეთს არ გულისხმობს. ამაში ისიც იგულისხმება, რომ ის იქ ღვთის განზრახვების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. დანიელი უსათუოდ მიიღებს აღთქმულ ჯილდოს.

      25. ა) რით გიზიდავთ სამოთხეში ცხოვრება? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების საცხოვრებელი სამოთხეა?

      25 რა შეიძლება ითქვას თქვენი წილის შესახებ? თქვენც გეხებათ იგივე აღთქმები. იეჰოვას სურს, რომ მორჩილი ადამიანები ‘აღდგნენ’ თავიანთი წილის მისაღებად და დასახლდნენ სამოთხეში. დაფიქრდით, რას ნიშნავს თვითონ დანიელთან და ბიბლიური დროის ყველა ღვთის ერთგულ მსახურთან შეხვედრა. აღდგება უამრავი ადამიანი, რომლებსაც დასჭირდებათ ღვთის სიტყვის შესწავლა, რომ შეიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა ღმერთი. წარმოიდგინეთ, რომ მონაწილეობთ დედამიწის მრავალფეროვან და მარადიულად მშვენიერ სამოთხედ გადაქცევაში. გარდა ამისა, დაფიქრდით, რას ნიშნავს იყოთ იეჰოვასგან დამოძღვრილი და იცხოვროთ ისე, როგორც მას ჰქონდა კაცობრიობისთვის განზრახული (ესაია 11:9; იოანე 6:45). დიახ, თქვენთვისაც არის ადგილი სამოთხეში. ზოგს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს სიტყვა „სამოთხე“, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავიდან იეჰოვამ ადამიანებს ასეთი ადგილი მისცა საცხოვრებლად (დაბადება 2:7—9). ამგვარად, სამოთხე დედამიწაზე მცხოვრები მილიარდების ბუნებრივი გარემოა. ის მათი საცხოვრებელია. სამოთხის დამკვიდრება სახლში დაბრუნების მსგავსი იქნება.

      26. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას ესმის, რა ძნელია ამ სისტემის აღსასრულის ლოდინი?

      26 განა გულები მადლიერების გრძნობით არ გვევსება ამ ყოველივეზე დაფიქრებისას? განა არ გწადიათ იქ ცხოვრება? ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვას მოწმეები მთელი გულით ელიან ამ სისტემის აღსასრულს! ლოდინი ადვილი არ არის. იეჰოვამ იცის ეს და მოგვიწოდებს ‘დაველოდოთ’, თუნდაც აღსასრულმა ‘დაიგვიანოს’. იეჰოვა აქ ჩვენი თვალსაზრისით დაგვიანებას გულისხმობს, რადგანაც ამავე მუხლში ამბობს, რომ აღსასრული „არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3; შეადარეთ იგავნი 13:12). დიახ, ის ნამდვილად თავის დროზე მოვა.

      27. რა უნდა გააკეთოთ, რომ ღმერთმა მარადიული სიცოცხლით გაკურთხოთ?

      27 რა უნდა გააკეთოთ დღეს, როდესაც აღსასრული ახლოს არის? შეინარჩუნეთ ერთგულება იეჰოვას საყვარელი წინასწარმეტყველი დანიელის მსგავსად; გულდასმით შეისწავლეთ ღვთის სიტყვა; ილოცეთ მხურვალედ; ახლო ურთიერთობა იქონიეთ თანამორწმუნეებთან; მთელი გულით ასწავლეთ ხალხს ჭეშმარიტება; ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელ დღეებში არ მიატოვოთ უზენაესისადმი ერთგულად მსახურება და მისი სიტყვის დაცვა. ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება! გაკურთხოთ უზენაესმა უფალმა იეჰოვამ, რომ მარადიულად ემსახუროთ მას სიხარულით!

      [სქოლიოები]

      a დანიელი ბაბილონის ტყვეობაში ძვ. წ. 617 წელს, სიყმაწვილისას, მოხვდა. ეს ხილვა კი მან კიროსის მეფობის მესამე ანუ ძვ. წ. 536 წელს იხილა (დანიელი 10:1).

      b ერთი ლექსიკონის თანახმად, ებრაული სიტყვა, რომელიც აქ გადმოთარგმნილია „აღდგომით“ ნიშნავს „გაცოცხლებას სიკვდილის შემდეგ“ (The Brown-Driver-Briggs Hebrew and English Lexicon).

      c ეს ებრაული სიტყვა მონათესავეა სიტყვა „კენჭისა“, რადგანაც კენჭებს წილის საყრელად იყენებდნენ. ზოგჯერ ამგვარად ნაწილდებოდა მიწა (რიცხვნი 26:55, 56). ერთი ცნობარის თანახმად, ეს სიტყვა ამ შემთხვევაში „(ღვთის მიერ) ადამიანისთვის გამოყოფილ [წილს]“ აღნიშნავს (A Handbook on the Book of Daniel).

  • იეჰოვა დიდებულ ჯილდოს ჰპირდება დანიელს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • [მთელი 307 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]

      [სურათი 318 გვერდზე]

      ყურად იღებთ თუ არა დანიელივით ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება