-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „დანიელი“საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 სექტემბერი
-
-
რას ვსწავლობთ წიგნის ქრონოლოგიური ნაწილიდან?
ძველი წელთაღრიცხვით 617 წელია. დანიელი და მისი სამი მეგობარი შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო ბაბილონში, სამეფო კარზე იმყოფებიან. სამწლიანი სწავლების განმავლობაში ეს ოთხი ებრაელი ბიჭი ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებს. დაახლოებით რვა წლის შემდეგ მეფე ნაბუქოდონოსორი ხედავს სიზმარს, რომელიც მას საგონებელში აგდებს. დანიელი მეფეს სიზმარს უყვება და შემდეგ მის მნიშვნელობასაც უხსნის. მეფე აღიარებს, რომ იეჰოვა „ღმერთთა ღმერთი, მეფეთა უფალი და საიდუმლოთა განმცხადებელია“ (დანიელი 2:47). მაგრამ, ნაბუქოდონოსორს, როგორც ჩანს, მალევე ავიწყდება ეს. როდესაც დანიელის სამი მეგობარი უარს ამბობს უზარმაზარი კერპის თაყვანისცემაზე, მეფე მათ გავარვარებულ ღუმელში ყრის. ჭეშმარიტი ღმერთი შველის ამ სამ ებრაელს და ნაბუქოდონოსორი იძულებულია, აღიაროს, რომ „არ არსებობს სხვა ღმერთი, რომელსაც მის მსგავსად შეეძლოს ხსნა“ (დანიელი 3:29).
ნაბუქოდონოსორს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიზმარი ესიზმრება. ის ხედავს უზარმაზარ ხეს, რომელსაც ჭრიან და ბორკილებს ადებენ, რომ არ გაიზარდოს. დანიელი უხსნის მეფეს სიზმრის მნიშვნელობას. ეს სიზმარი ნაწილობრივ მაშინ სრულდება, როდესაც ნაბუქოდონოსორი ჭკუიდან იშლება, შემდეგ კი მას კვლავ უბრუნდება შეგნება. ათწლეულების შემდეგ მეფე ბელშაცარი დიდ ნადიმს მართავს თავისი დიდგვაროვნებისთვის და უპატივცემულოდ ეპყრობა იეჰოვას ტაძრიდან წამოღებულ ჭურჭელს. იმავე ღამეს ბელშაცარს კლავენ და სამეფო დარიოს მიდიელის ხელში გადადის (დანიელი 5:30, 31). დარიოსის მეფობის დროს, როცა დანიელი უკვე 90 წელს არის გადაცილებული, მოხუცებულ წინასწარმეტყველს მეფის შურიანი მოხელეები სასიკვდილო მახეს უგებენ. მაგრამ, იეჰოვა ‘იხსნის დანიელს ლომების ტორებიდან’ (დანიელი 6:27).
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „დანიელი“საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 სექტემბერი
-
-
რას გვიმჟღავნებს დანიელის ხილვები?
ძვ. წ. 553 წელს, როდესაც დანიელი პირველ ხილვას ხედავს, ის 70 წელს არის გადაცილებული. დანიელი ხედავს ოთხ უზარმაზარ მხეცს, რომლებითაც წარმოდგენილია მსოფლიო იმპერიები დანიელის დროიდან მოყოლებული ჩვენს დრომდე. ხილვაში ის ხედავს, რომ ზეცაში „ვიღაცას, კაცის ძის მსგავსს“ ეძლევა „მარადიული მმართველობა“ (დანიელი 7:13, 14). ორი წლის შემდეგ დანიელი ხედავს ხილვას, რომელიც ეხება მიდია-სპარსეთს, საბერძნეთსა და „პირქუშ მეფეს“ (დანიელი 8:23).
ძვ. წ. 539 წელია. ბაბილონი ეცემა და დარიოს მიდიელი ქალდეველთა სამეფოს მმართველი ხდება. დანიელი თავისი სამშობლოს აღდგენისთვის იეჰოვას ლოცვით მიმართავს. ის ჯერ კიდევ ლოცულობს, როცა იეჰოვა უგზავნის ანგელოზ გაბრიელს, რომ დანიელმა ‘უკეთ გაიგოს და ჩასწვდეს’ მესიის მოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს (დანიელი 9:20—25). ახლა ძვ. წ. 536—535 წლებთან მივდივართ. ისრაელების მცირე ჯგუფი იერუსალიმში ბრუნდება. მაგრამ მტრები წინააღმდეგობას უქმნიან მათ ტაძრის აღდგენის საქმეში. დანიელს ეს ძალიან აწუხებს. ის მხურვალედ ლოცულობს ამის შესახებ და იეჰოვაც მაღალი წოდების ანგელოზს უგზავნის მას. ანგელოზი ამხნევებს და აძლიერებს დანიელს, შემდეგ კი უმჟღავნებს წინასწარმეტყველებას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების შესახებ, რომლებიც ძალაუფლებისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამ ორი მეფის ორთაბრძოლა იწყება იმ დროიდან, როდესაც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიას მისი ოთხი მხედართმთავარი ინაწილებს, და გრძელდება იმ დრომდე, როცა „აღსდგება მიქაელი, დიდი მთავარი“ (დანიელი 12:1).
-