„საგამოძიებო განკითხვა“ — ბიბლიაზე დაფუძნებული სწავლებაა?
შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მყოფი დაახლოებით 50 000 ადამიანისთვის 1844 წლის 22 ოქტომბერი დიდი მოლოდინის დღე იყო. მათმა სულიერმა წინამძღოლმა უილიამ მილერმა თქვა, რომ იესო ქრისტე ზუსტად იმ დღეს უნდა დაბრუნებულიყო. როგორც მაშინ უწოდებდნენ, „მილერიტები“ თავიანთი შეხვედრის ადგილებზე დაბინდებამდე ელოდებოდნენ ამას. გათენდა მეორე დღე, მაგრამ უფალი არ ჩანდა. ისინი გულგატეხილები დაბრუნდნენ შინ და მას შემდეგ იმ დღეს „უდიდესი იმედგაცრუების“ დღე უწოდეს.
მაგრამ იმედგაცრუება მალე იმედმა შეცვალა. ახალგაზრდა ქალმა, სახელად ელენ ჰარმონმა, „მილერიტების“ პატარა ჯგუფი დაარწმუნა იმაში, თითქოს ღმერთმა ხილვაში გამოუცხადა, რომ მათ მიერ დროის გამოთვლა სწორი იყო. მას სწამდა, რომ იმ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა — ქრისტე შევიდა „ზეციერი საწმიდარის წმიდათა წმიდაში“.
ათ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ ადვენტისტმა მქადაგებელმა ჯეიმზ უაიტმა (რომელმაც ელენ ჰარმონი შეირთო) შემოიღო ერთი გამოთქმა 1844 წლის ოქტომბრიდან ქრისტეს საქმიანობის არსის აღსაწერად. ერთ-ერთ გამოცემაში უაიტმა თქვა, რომ იესომ დაიწყო „საგამოძიებო განკითხვა“ („Review and Herald“, 1857 წლის 29 იანვარი). და დღემდე ეს ძირითადი მრწამსია დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც საკუთარ თავს მეშვიდე დღის ადვენტისტებს უწოდებენ.
მაგრამ მეშვიდე დღის ადვენტისტების (მდა) ეკლესიაში ზოგ დამსახურებულ სწავლულს აფიქრებს, წარმოადგენს თუ არა „საგამოძიებო განკითხვა“ ბიბლიაზე დაფუძნებულ სწავლებას. რატომ შეიცვალეს აზრი ამ სწავლებაზე? მეშვიდე დღის ადვენტისტი რომ ყოფილიყავით, ეს საკითხი თქვენც დაგაფიქრებდათ. პირველ ყოვლისა კი, რას ნიშნავს „საგამოძიებო განკითხვა“?
რას ნიშნავს?
დანიელის 8:14 არის სწავლების მხარდამჭერი ძირითადი მუხლი. მასში ნათქვამია: „მიპასუხა: ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი“. რადგან ამ მუხლში ჩნდება გამოთქმა „ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი“, მრავალი ადვენტისტი ამას ლევიანნის მე-16 თავს უკავშირებს. იქ აღწერილია საწმიდარის განწმენდა იუდეველი მღვდელმთავრის მიერ გამოსყიდვის დღეს. აგრეთვე ისინი დანიელის სიტყვებს უკავშირებენ ებრაელთა მე-9 თავს, სადაც იესო უდიდეს ზეციერ მღვდელმთავრადაა აღწერილი. მდა-ს სწავლული ამბობს, რომ ეს მსჯელობა „დამამტკიცებელი მუხლების მოყვანის“ მეთოდზეა დაფუძნებული. პიროვნება ნახულობს «საწმიდარის მსგავს გარკვეულ სიტყვას [„მეფე ჯეიმზის თარგმანის“ (King James Version)] დან. 8:14-ში, იმავე სიტყვას ლევ. მე-16 თავსა და ებრ. მე-7, მე-8, მე-9 თავებში» და ასკვნის, „რომ ისინი ერთსა და იმავეზე ლაპარაკობენ“.
ადვენტისტები ასე მსჯელობენ: ძველი ისრაელის მღვდლები ტაძრის წმინდა ადგილად წოდებულ განყოფილებაში ასრულებდნენ ცოდვების მისატევებელ ყოველდღიურ სამსახურს. გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი ცოდვის ჩამოსაშორებლად ყოველწლიურ სამსახურს ასრულებდა წმიდათა წმიდაში (ტაძრის შიდა ოთახში). ისინი ასკვნიან, რომ ზეცაში ქრისტეს მღვდელმსახურება ორი ფაზისგან შედგება. პირველი დაიწყო მისი ამაღლებისთანავე პირველ საუკუნეში და დამთავრდა 1844 წელს ცოდვების მიტევებით. მეორე ანუ „განკითხვის დაწყების ჟამი“ დაიწყო 1844 წლის 22 ოქტომბერს, დღესაც გრძელდება და ცოდვების ჩამოშორებით დასრულდება. როგორ ხდება ეს?
ადვენტისტები ამბობენ, რომ 1844 წლიდან იესო იძიებს ყველა იმ ადამიანის (ჯერ მკვდრების, მერე კი ცოცხლების) წარსულ ცხოვრებას, რომლებიც თავს მორწმუნეებად აცხადებენ, რათა მან დაადგინოს, იმსახურებენ თუ არა მარადიულ სიცოცხლეს. ეს შემოწმებაა „საგამოძიებო განკითხვა“. ადამიანების ამგვარად განკითხვის შემდეგ, ვინც გაუძლებს შემოწმებას, მისი ცოდვები ამოიშლება წიგნებიდან, სადაც წარსულის ცნობები ინახება. მაგრამ, როგორც ამას ელენ უაიტი განმარტავდა, ვინც ვერ გაუძლებს, ‘მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან ამოშლიან’. მაშასადამე, „ყველას ბედი ან სიცოცხლისთვის, ან სიკვდილისთვის გადაწყდება“. მაშინ ზეციერი საწმიდარი გასუფთავდება და დანიელის 8:14-იც შესრულდება. მაშასადამე, ამას ასწავლიან მეშვიდე დღის ადვენტისტები. მაგრამ მდა-ს პუბლიკაცია აღიარებს: «ტერმინი „საგამოძიებო განკითხვა“ ბიბლიაში არ გვხვდება» (Adventist Review).
არარსებული ლინგვისტიკური კავშირი
ეს სწავლება ზოგ ადვენტისტში წუხილს იწვევს. ერთი დამკვირვებელი ამბობს: „ისტორია ცხადყოფს, რომ ერთგული წინამძღოლები ჩვენი რიგებიდან სულიერ ტანჯვას განიცდიდნენ, როცა ფიქრობდნენ ჩვენს ტრადიციულ სწავლებაზე საგამოძიებო განკითხვის შესახებ“. ის დასძენს, რომ გასულ წლებში ეს ტანჯვა ეჭვებში გადაიზარდა, რადგან სწავლულებმა „ეჭვის ქვეშ დააყენეს ის მრავალი ძირითადი საყრდენი, რომელზეც, ჩვეულებრივ, საწმიდარის განმარტება იყო დაფუძნებული“. ახლა გამოვიკვლიოთ ორი მათგანი.
პირველი საყრდენი: დანიელის მე-8 თავი დაკავშირებულია ლევიანნის მე-16 თავთან. ამ წინაპირობას ორი მნიშვნელოვანი სიძნელე ასუსტებს — ენა და კონტექსტი. ჯერ ენა განვიხილოთ. ადვენტისტებს სწამთ, რომ დანიელის მე-8 თავში მოცემული გამოთქმის — ‘განიწმიდება საწმიდარი’ — პირველსახე არის ლევიანნის მე-16 თავში მოცემული გამოთქმა — ‘გაასუფთავებს [ანუ განწმენდს] საწმიდარს’. ეს ანალოგი მისაღები ჩანდა, სანამ მთარგმნელებმა არ შეიტყვეს, რომ სიტყვა ‘განიწმიდოს’ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ იყო არასწორი თარგმანი ებრაული ზმნის „ცა·დჰაქ΄“-ის (ნიშნავს „მართალ ვინმედ, რამედ ყოფნას“) ერთ-ერთი ფორმისა, რომელიც გამოიყენება დანიელის 8:14-ში. ღვთისმეტყველების პროფესორი ანტონი ა. ჰოკემა შენიშნავს: «სამწუხაროა, რომ ეს სიტყვა ითარგმნა როგორც ‘განიწმიდება’, რადგან ებრაული ზმნა, რომელიც, ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც განწმენდილი [„ტა·ჰერ΄“], აქ საერთოდ არ გამოიყენება»a. ის გამოიყენება ლევიანნის მე-16 თავში, სადაც „მეფე ჯეიმზის თარგმანს“ გადმოაქვს სიტყვა „ტა·ჰერ΄“-ის ფორმა როგორც „განწმინდოს“ და „იყოთ სუფთანი“ [სსგ-ში: „გაასუფთავებს“, „გაეწმიდავებინეთ“ და „განწმედილები“] (ლევიანნი 16:19, 30). აქედან გამომდინარე, დ-რი ჰოკემა სწორად ასკვნის: «დანიელს რომ ნდომებოდა იმ განწმენდის მოხსენიება, რომელიც გამოსყიდვის დღეს ხდებოდა, ის გამოიყენებდა „ტაჰეერ“-ს [ტა·ჰერ΄] „ცადაქ“-ის [ცა·დჰაქ΄] ნაცვლად». მაგრამ „ცა·დჰაქ΄“-ი არ გვხვდება „ლევიანნის“ წიგნში და არც „ტა·ჰერ΄“-ი — დანიელის წიგნში. ლინგვისტიკური კავშირი არ არსებობს.
რას ცხადყოფს კონტექსტი?
ახლა განვიხილოთ კონტექსტი. ადვენტისტებს სწამთ, რომ დანიელის 8:14 არის „კონტექსტში მყოფი კუნძული“, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს წინა მუხლებთან. მაგრამ თუ გექმნებათ ასეთი აზრი, როცა დანიელის 8:9–14-ს კითხულობთ დართულ ჩარჩოში, სახელწოდებით „დანიელის 8:14 კონტექსტში“? მე-9 მუხლი ადგენს აგრესორს, მომცრო რქას. 10–12 მუხლები ცხადყოფს, რომ ეს აგრესორი თავს დაესხმის საწმიდარს. მე-13 მუხლში დასმულია კითხვა: ‘როდემდე გაგრძელდება ეს თავდასხმა?’ და მე-14 მუხლი პასუხობს: „ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი“. ნათელია, მე-13 მუხლში წამოჭრილია კითხვა, რომლის პასუხიც მოცემულია მე-14 მუხლში. ღვთისმეტყველი დეზმონდ ფორდი ამბობს: «დანიელის 8:14-ის დაშორება ამ შეძახილისგან [„როდემდე?“ მე-13 მუხლი] ნიშნავს მუხლის განმარტებითი საყრდენის უქონლობას»b.
რატომ აშორებენ ადვენტისტები მე-14 მუხლს კონტექსტიდან? შემაცბუნებელ დასკვნებს რომ აარიდონ თავი. მე-14 მუხლში მოხსენიებული საწმიდარის გაუწმინდურებას კონტექსტი მომცრო რქის მოღვაწეობას მიაწერს. მაგრამ „საგამოძიებო განკითხვის“ სწავლება საწმიდარის გაუწმინდურებას ქრისტეს მოღვაწეობას მიაკუთვნებს. ისინი ამბობენ, რომ მან მორწმუნეების ცოდვები ზეციერ საწმიდარში გადაიტანა. მაშ, რა ხდება, თუ ადვენტისტები სწავლებასაც აღიარებენ და კონტექსტსაც? დ-რი რაიმონდ ფ. კოტრელი, მეშვიდე დღის ადვენტისტი და ერთ-ერთი პუბლიკაციის (SDA Bible Commentary) რედაქტორის ყოფილი მოადგილე, წერს: „საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ მდა-ს განმარტება დანიელის 8:14-ს კონტექსტში განიხილავს, იმის აღიარება იქნებოდა, რომ მომცრო რქა არის ქრისტე“. დ-რი კოტრელი გულწრფელად აღიარებს: „ჩვენ ვერ ვათანხმებთ კონტექსტს ადვენტისტურ განმარტებასთან“. მაშასადამე, „საგამოძიებო განკითხვასთან“ დაკავშირებით ადვენტისტთა ეკლესიას მოუწია არჩევნის გაკეთება — ეცნო ან სწავლება, ან დანიელის 8:14-ის კონტექსტი. სამწუხაროდ, მან პირველი აღიარა, მეორე კი უარყო. გასაკვირი არ არის, ამბობს დ-რი კოტრელი, რომ ბიბლიის გათვითცნობიერებული მკვლევარები ბრალს სდებენ ადვენტისტებს იმის გამო, რომ ისინი „კითხულობენ საღვთო წერილიდან“ იმას, რაც არ „არის საღვთო წერილში“!
დ-რმა კოტრელმა საშაბათო სკოლებისთვის 1967 წელს მოამზადა გაკვეთილი დანიელის წიგნთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ადვენტისტთა ყველა ეკლესიას გაეგზავნა. ის ასწავლიდა, რომ დანიელის 8:14 კავშირშია თავის კონტექსტთან და ‘განწმენდა’ არ ეხება მორწმუნეებს. აღსანიშნავია, რომ ეს გაკვეთილი საერთოდ არ მოიხსენიებდა „საგამოძიებო განკითხვას“.
რამდენიმე აღსანიშნავი პასუხი
რამდენად კარგად იცის ადვენტისტმა, რომ ეს საყრდენი ძალიან სუსტია „საგამოძიებო განკითხვის“ სწავლების მხარდასაჭერად? დ-მა კოტრელმა ჰკითხა 27 წამყვან ადვენტისტ ღვთისმეტყველს: „რა ლინგვისტიკური ან კონტექსტური საფუძვლის მოყვანა შეგიძლიათ, რომ დააკავშიროთ დანიელის მე-8 თავი ლევიანნის მე-16 თავთან?“ რა იყო მათი პასუხი?
„ოცდაშვიდივემ დაადასტურა, რომ არავითარი ლინგვისტიკური თუ კონტექსტური საფუძველი არ არსებობს დან. 8:14-ის გამოყენებისთვის გამოსყიდვის დღის პირველსახედ და საგამოძიებო განკითხვისთვის სასწავლებლად“. ის შეეკითხა მათ: „სხვა რომელიმე საფუძველი თუ გაქვთ ამ დაკავშირებისთვის?“ ადვენტისტი სწავლულების უმრავლესობამ თქვა, რომ არ ჰქონდათ, ხუთმა უპასუხა, რომ იმიტომ აკავშირებდნენ, ვინაიდან ელენ უაიტმა დააკავშირა, და ორმა თქვა, რომ სწავლებას თარგმანში მომხდარ „ბედნიერ შემთხვევაზე“ აფუძნებს. ღვთისმეტყველი ფორდი შენიშნავს: „ჩვენი რჩეული სწავლულების მიერ შემოთავაზებული ასეთი დასკვნები, სინამდვილეში, იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი ტრადიციული სწავლება დან. 8:14-თან დაკავშირებით უმწეოა“.
„ებრაელთა მიმართ“ წერილი თუ შველის რამეს?
საყრდენი მეორე: დანიელის 8:14 დაკავშირებულია ებრაელთა მე-9 თავთან. „ყველა ჩვენი ადრეული ნაშრომი დან. 8:14-ის ახსნისას უმთავრესად ებრ. მე-9 თავს იყენებს“, — ამბობს ღვთისმეტყველი ფორდი. ეს დაკავშირება წარმოიშვა „დიდი იმედგაცრუების“ შემდეგ 1844 წელს. ხელმძღვანელობის ძიებისას მილერიტმა ჰაირამ ედსონმა თავისი ბიბლია ისე დააგდო მაგიდაზე, რომ გადაშლილიყო. შედეგი? ებრაელთა მე-8 და მე-9 თავები გადაიშალა. ფორდი ამბობს: „რა შეიძლება ადვენტისტების მტკიცებისთვის ამაზე უფრო შესაფერისი და სიმბოლური ყოფილიყო, ვიდრე ის, რომ ამ თავებშია მოცემული 1844 წლისა და დან. 8:14-ის ამომხსნელი გასაღები!“
«ეს განაცხადი გადამწყვეტია მეშვიდე დღის ადვენტისტებისთვის — ამატებს დ-რი ფორდი თავის წიგნში „დანიელის 8:14, გამოსყიდვის დღე და საგამოძიებო განკითხვა“ — მხოლოდ ებრ. მე-9 თავში. . . შეიძლება მოიპოვებოდეს საწმიდარის სწავლების მნიშვნელობის დაწვრილებითი განმარტება. . . რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის». მართალია, რომ ებრაელთა მე-9 თავი ის თავია „ახალ აღთქმაში“, რომელიც ხსნის ლევიანნის მე-16 თავის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას. მაგრამ ადვენტისტები აგრეთვე ამბობენ, რომ დანიელის 8:14-იც ის მუხლია „ძველ აღთქმაში“, რომელიც ამას აკეთებს. თუ ორივე განაცხადი სწორია, მაშინ ებრაელთა მე-9 თავსა და დანიელის მე-8 თავს შორისაც უნდა არსებობდეს კავშირი.
დეზმონდ ფორდი ამბობს: „გარკვეული საკითხები მაშინვე იკვეთება, როცა კითხულობ ებრ. მე-9 თავს. მასში გადაკვრითაც კი არ მოიხსენიება დანიელის წიგნი და, რასაკვირველია, არც დან. 8:14. . . ეს თავი მთლიანად ეხება ლევ. 16-ს“. ის აღნიშნავს: «საწმიდარის შესახებ ჩვენი სწავლება არ გვხვდება „ახალი აღთქმის“ ამ ერთადერთ წიგნშიც, რომელიც განიხილავს საწმიდარში მსახურების მნიშვნელობას. ამას აღიარებენ ცნობილი ადვენტისტი მწერლები მთელ მსოფლიოში». ასე რომ, მეორე საყრდენიც ძალიან სუსტია საეჭვო სწავლების მხარდასაჭერად.
მაგრამ ეს დასკვნა ახალი არ არის. დ-რი კოტრელი ამბობს, რომ მრავალი წლის მანძილზე „ეკლესიის ბიბლიის სწავლულებისთვის კარგად არის ცნობილი პრობლემები, რომლებსაც აწყდება დანიელის 8:14-ისა და ებრაელთა მე-9 თავის ჩვენს მიერ ტრადიციული ახსნა“. დაახლოებით 80 წლის წინ მეშვიდე დღის გავლენიანი ადვენტისტი ე. ჯ. ვაგონერი წერდა: «ადვენტისტური სწავლება საწმიდართან დაკავშირებით მისი „საგამოძიებო განკითხვით“. . . ფაქტობრივად, გამოსყიდვის უარყოფაა» (Confession of Faith). 30 წელზე მეტი ხნის წინ ეს პრობლემები წარუდგინეს გენერალურ კონფერენციას, მდა-ს ეკლესიის ხელმძღვანელობას.
პრობლემები და ჩიხი
გენერალურმა კონფერენციამ დანიშნა „კომიტეტი დანიელის წიგნში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით“. მას უნდა მოემზადებინა მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყდეს სიძნელეები დანიელის 8:14-თან დაკავშირებით. კომიტეტის 14 წევრი ამ საკითხს ხუთი წლის განმავლობაში იკვლევდა, მაგრამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა. 1980 წელს კომიტეტის წევრმა კოტრელმა თქვა, თუ რას ფიქრობს კომიტეტის წევრების უმრავლესობა: ადვენტისტების მიერ დანიელის 8:14-ის ახსნა შეიძლება „დამაკმაყოფილებლად იქნას დადგენილი“ რიგი „ვარაუდებით“ და პრობლემები „უნდა დაივიწყონ“. მან დასძინა: «გახსოვდეთ, რომ კომიტეტის სახელწოდება იყო „კომიტეტი დანიელის წიგნში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით“ და უმრავლესობამ შემოგვთავაზა პრობლემების დავიწყება და მათ შესახებ არაფრის თქმა». ეს კი იმის ტოლფასი იყო, რომ აღიარეს შემდეგი: „ჩვენ არ გვაქვს პასუხები“. ამიტომ უმცირესობამ უარი თქვა უმრავლესობის თვალსაზრისის მხარდაჭერაზე და არავითარი ოფიციალური მოხსენებაც არ ყოფილა. სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები გადაუჭრელი დარჩა.
ამ გამოუვალ მდგომარეობასთან დაკავშირებით დ-რი კოტრელი ამბობს: „დანიელის 8:14 ისევ საკამათოდ რჩება, რადგან დღემდე არ გვსურდა იმ ფაქტისთვის შეგვეხედა თვალებში, რომ ტექსტების ახსნასთან დაკავშირებით ნამდვილი პრობლემები არსებობს. ეს საკამათო საკითხი მანამდე არ მოგვშორდება, სანამ ვამბობთ, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს, სანამ პირადად თუ კოლექტიურად ისევ ჯიუტად ვეჭიდებით ხავსს წინასწარ შექმნილი აზრების წყლებში“ (ჟურნალს „Spectrum“ გამოსცემს ადვენტისტთა ფორუმის ასოციაცია).
დ-რი კოტრელი მოუწოდებს ადვენტისტებს, „ყურადღებით გადახედონ ამ ძირითად ვარაუდებს და ბიბლიური ტექსტის განმარტების პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ადვენტიზმისთვის ბიბლიიდან ამ მნიშვნელოვანი ადგილის ახსნა“. ჩვენც მოვუწოდებთ ადვენტისტებს „საგამოძიებო განკითხვის“ სწავლების შემოწმებისკენ, რათა ნახონ, ბიბლიაზეა თუ არა მტკიცედ დაფუძნებული მისი საყრდენები თუ ტრადიციის არამდგრად საფუძვლებზე დგასc. მოციქული პავლე სიბრძნით შეგვაგონებდა: „ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ“ (1 თესალონიკელთა 5:21).
[სქოლიოები]
a ერთი ნაშრომი განსაზღვრავს, რომ „ცადაქ“ (ანუ „ცა·დჰაქ΄“) ნიშნავს „მართალ ვინმედ, რამედ ყოფნას, გამართლებულ ვინმედ, რამედ ყოფნას“ და „ტაჰეერ“ (ანუ „ტა·ჰერ΄“) კი — „ნათელ, კაშკაშა და მბზინავ ვინმედ, რამედ ყოფნას; სპეტაკ, სუფთა, განწმენდილ ვინმედ, რამედ ყოფნას; ყოველი სიბინძურისგან ან უწმინდურებისგან სუფთად ყოფნას“ (Wilson’s Old Testament Word Studies).
b დ-რი ფორდი რელიგიის პროფესორი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ კოლეჯში (Pacific Union College), რომელსაც ეკლესია აფინანსებდა. 1980 წელს მდა-ს ხელმძღვანელობამ მას ექვსთვიანი შვებულება მისცა, რომ გამოეკვლია ეს სწავლება, მაგრამ უარყო მისი აღმოჩენები. მან ეს აღმოჩენები გამოაქვეყნა წიგნში „დანიელის 8:14, გამოსყიდვის დღე და საგამოძიებო განკითხვა“ (Daniel 8:14, the Day of Atonement, and the Investigative Judgment).
c დანიელის მე-8 თავის ლოგიკური ახსნისთვის იხილე 188—219 გვერდები წიგნში „შესრულდეს ნება შენი დედამიწაზე“ (ინგლ.), გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[ჩარჩო 27 გვერდზე]
დანიელის 8:14 კონტექსტში
დანიელის 8:9. „ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით. 10. იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა ისინი. 11. იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. 12. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა.
13. გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ამბობდა: როდემდე გასტანსო ეს ხილვა მუდმივი მსხვერპლისა და გატიალების ცოდვის შესახებ, ანდა საწმიდარი და მხედრობა როდის იქნებაო დათრგუნული? 14. მიპასუხა: ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი [‘წმინდა ადგილი, უეჭველად, მიყვანილი იქნება თავის სამართლიან მდგომარეობამდე’, აქ]“ („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).