-
უკანასკნელი პასექისთვის მზადებაიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ოთხშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ, 13 ნისანი დგება. იესო უკვე მეექვსე ღამეს ათევს ბეთანიაში; ის აქ უკანასკნელად რჩება. მომდევნო დღეს პასექისთვის მზადება უნდა დაასრულონ. მათ უნდა იყიდონ კრავი და 14 ნისანის დადგომის შემდეგ დაკლან და მთლიანად შეწვან. საინტერესოა, სად შეიკრიბებიან ისინი პასექის აღსანიშნავად და ვინ მოამზადებს ყველაფერს ამ საღამოსთვის. იესოს ამ დეტალების შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს მოციქულებისთვის. ამიტომ იუდას არ შეუძლია რაიმე აცნობოს უფროს მღვდლებს მათი გეგმების შესახებ.
როგორც ჩანს, ხუთშაბათს, ნაშუადღევის დადგომისთანავე იესო ბეთანიიდან ქალაქში პეტრესა და იოანეს გზავნის: „წადით და მოგვიმზადეთ პასექი, რომ ვჭამოთ“. ისინი ეკითხებიან: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ?“. იესო უხსნის: «ქალაქში რომ შეხვალთ, შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც თიხის ჭურჭლით მიაქვს წყალი. შეჰყევით მას სახლში, სადაც შევა, და უთხარით სახლის პატრონს: „მოძღვარი გეუბნება, სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო-თქო პასექი?“ ის კაცი გაჩვენებთ დიდ ზემოთა ოთახს, გაწყობილს. იქ მოამზადეთ» (ლუკა 22:8—12).
აშკარაა, სახლის პატრონი იესოს მოწაფეა. ის შესაძლოა ელოდება, როდის სთხოვს იესო, რომ პასექი მის სახლში აღნიშნოს. როდესაც ორი მოციქული იერუსალიმში მიდის, ყველაფერი იესოს ნათქვამისამებრ ხდება. ისინი ზრუნავენ, რომ მოამზადონ კრავი და სხვა ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ 13-მა კაცმა ანუ იესომ თავის 12 მოციქულთან ერთად აღნიშნოს პასექი.
-
-
იესო თავმდაბლობის მაგალითს აძლევს მოციქულებსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
პეტრე და იოანე, იესოს მითითებისამებრ უკვე ჩავიდნენ იერუსალიმში, პასექი რომ მოამზადონ. მოგვიანებით იქ იესო და დანარჩენი მოციქულებიც ჩადიან. ნაშუადღევია, დასავლეთით მზე ნელ-ნელა ჩადის და თვალს ეფარება. იესო და მასთან მყოფი მოციქულები ზეთისხილის მთის ფერდობზე ეშვებიან. მკვდრეთით აღდგომამდე იესო დღის სინათლეზე უკანასკნელად გადასცქერის იქაურობას.
ცოტა ხანში იესო თავის მოციქულებთან ერთად ქალაქში შედის და იმ სახლისკენ იღებს გეზს, სადაც პასექი უნდა აღნიშნონ. სახლში მისვლისას ისინი კიბით დიდ ზემოთა ოთახში ადიან, სადაც საპასექო ვახშმისთვის ყველაფერი გამზადებული ხვდებათ.
-