საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დავითი და გოლიათი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • დავითი ქვას სტყორცნის გოლიათს.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 40

      დავითი და გოლიათი

      ერთხელ იეჰოვამ სამუელს უთხრა: წადი იესეს სახლში. მისი ერთ-ერთი ვაჟი გახდება ისრაელის შემდეგი მეფე. სამუელიც წავიდა იესესთან. როცა მისი უფროსი ვაჟი დაინახა, იფიქრა, რომ ის იქნებოდა იეჰოვას არჩეული მეფე. მაგრამ იეჰოვამ უთხრა, რომ ცდებოდა: მე ადამიანის გულს ვხედავ და არა მარტო მის გარეგნობას.

      სამუელი მეფედ სცხებს დავითს.

      იესემ კიდევ ექვსი ვაჟი წარუდგინა სამუელს. მაგრამ სამუელმა თქვა: არც ესენი აურჩევია იეჰოვას. გყავს კიდევ სხვა ვაჟი? მყავს, ყველაზე უმცროსი, დავითი, – მიუგო იესემ, – მაგრამ სახლში არ არის, ცხვარს მწყემსავს მინდორში. როცა დავითი მოვიდა სახლში, იეჰოვამ უთხრა სამუელს: ეს არის ის, ვინც ავირჩიე! სამუელმა დავითს თავზე ზეთი დაასხა, რითაც იგი ისრაელის მომავალ მეფედ აირჩია.

      გოლიათი

      გავიდა დრო. ისრაელები და ფილისტიმელები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებოდნენ. ფილისტიმელებს ჰყავდათ ერთი ბუმბერაზი მეომარი, სახელად გოლიათი. ყოველდღე გამოდიოდა გოლიათი, დასცინოდა ისრაელებს და გაჰყვიროდა: გამოიყვანეთ ვინმე, რომ შემებრძოლოს. თუ დამამარცხებს, თქვენი მონები გავხდებით. თუ მე დავამარცხებ, თქვენ გახდებით ჩვენი მონები.

      იმ დღეებში დავითი ისრაელთა ბანაკში მივიდა და თავის ძმებს, რომლებიც ისრაელთა ჯარში იბრძოდნენ, საჭმელი მიუტანა. მან გაიგონა გოლიათის სიტყვები და თქვა: მე შევებრძოლები გოლიათს. მეფე საულმა უთხრა დავითს: შენ როგორ შეებრძოლები, ჯერ პატარა ბიჭი ხარ. დავითმა უპასუხა: იეჰოვა დამეხმარება.

      საულს უნდოდა, რომ დავითი თავისი ჯავშნით შეემოსა, მაგრამ დავითმა უთხრა: ვერ ვიბრძოლებ ამ ჯავშნით. მან აიღო თავისი შურდული და მდინარეზე ჩავიდა. აარჩია 5 პრიალა ქვა, ჩანთაში ჩაიდო და გოლიათისკენ გაიქცა. გოლიათმა დაუყვირა: მოდი აქ, პატარა ბიჭო! ცის ფრინველებს და გარეულ მხეცებს მივუგდებ შენს თავს საჭმელად. დავითს საერთოდ არ შეშინებია. მან გასძახა გოლიათს: შენ მახვილით და შუბით გამოდიხარ, მე კი – იეჰოვას სახელით. შენ ჩვენ კი არ გვებრძვი, ღმერთს ებრძვი. ყველა დაინახავს, რომ იეჰოვა მახვილსა და შუბზე ძლიერია. ის ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს.

      დავითმა ჩადო ქვა შურდულში და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოიქნია. იეჰოვას დახმარებით მისი ნასროლი ქვა პირდაპირ შუბლში ჩაეჭედა გოლიათს და მიწაზე დაენარცხა მკვდარი. ფილისტიმელებმა გაქცევით უშველეს თავს. შენც ენდობი იეჰოვას დავითივით?

      „ეს ადამიანისთვისაა შეუძლებელი და არა ღვთისთვის. ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკოზი 10:27).

      კითხვები: ვინ აირჩია იეჰოვამ ისრაელის მომდევნო მეფედ? როგორ დაამარცხა დავითმა გოლიათი?

      1 სამუელი 16:1–13; 17:1–54

  • დავითი და საული
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • დავითი გასძახის საულს.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 41

      დავითი და საული

      გოლიათის დამარცხების შემდეგ საულმა დავითი ისრაელთა ჯარის მეთაურად დანიშნა. დავითმა ბევრ ბრძოლაში გაიმარჯვა და ძალიან ცნობილი ადამიანი გახდა. როცა ის ომიდან ბრუნდებოდა ხოლმე, ქალები ცეკვითა და სიმღერით ეგებებოდნენ და ამბობდნენ: საულმა ათასი მოკლა, დავითმა – ათი ათასი! საულს შეშურდა დავითის და მისი მოკვლა გადაწყვიტა.

      დავითი ძალიან კარგად უკრავდა ქნარზე. ერთხელ, როცა ის სასახლეში იყო და საულის თხოვნით ქნარზე უკრავდა, მეფემ შუბი ესროლა. დავითმა აიცდინა და შუბი კედელს შეერჭო. საული ამის მერეც არაერთხელ შეეცადა დავითის მოკვლას. ბოლოს დავითი გაიქცა და უდაბნოს შეაფარა თავი.

      დავითი იღებს მძინარე საულის შუბს.

      საულმა შეკრიბა 3 ათასი კაცი და დავითის მოსაკლავად გაემართა. ის შემთხვევით იმ გამოქვაბულში შევიდა, სადაც დავითი და მისი მებრძოლები იმალებოდნენ. დავითს წასჩურჩულეს თავისმა მებრძოლებმა: საულის მოკვლის კარგი შესაძლებლობა მოგეცა. დავითი ჩუმად მიეპარა საულს და ისე ჩამოაჭრა მოსასხამის ბოლო, რომ მეფემ ვერაფერი გაიგო. მოგვიანებით, დავითმა ძალიან ინანა, რომ უპატივცემულოდ მოექცა იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფეს. მან არ მისცა თავის მებრძოლებს საულის მოკვლის უფლება. შემდეგ, როცა ყველანი გამოვიდნენ გამოქვაბულიდან, დავითმა შორიდან დაუძახა საულს და უთხრა, რომ შეეძლო მოეკლა მეფე, მაგრამ ასე არ მოქცეულა. არც ამის შემდეგ გადაიფიქრებდა საული დავითის მოკვლას?

      არა, საული კვლავ განაგრძობდა დავითის დევნას. ერთხელ ღამით დავითი და მისი დისშვილი აბიშაი საულის კარავში შეიპარნენ. საულსა და მის ხალხს ისე ღრმად ეძინათ, რომ მეფის მცველმა აბნერმაც კი ვერაფერი გაიგო. აბიშაიმ უთხრა დავითს: არ გაუშვა ეს შესაძლებლობა ხელიდან; მომეცი უფლება, მოვკლა საული. დავითმა უპასუხა: იეჰოვა აგებინებს პასუხს საულს. მოდი მისი შუბი და მათარა ავიღოთ და წავიდეთ.

      დავითი ახლომდებარე მთაზე ავიდა, საიდანაც საულის კარავი მოჩანდა და მთიდან შესძახა: აბნერ, რატომ არ დაიცავი მეფე? სად არის საულის მათარა და შუბი? საულმა ხმაზე იცნო დავითი და უპასუხა: შენ შეგეძლო ჩემი მოკვლა, მაგრამ არ მომკალი. ახლა უკვე ვიცი, რომ შენ იქნები ისრაელის შემდეგი მეფე. ამის შემდეგ საული სასახლეში დაბრუნდა. საულის ოჯახის ყველა წევრს არ სძულდა დავითი.

      „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. შურს ნუ იძიებთ, საყვარელნო, დაე ღმერთმა რისხვით მიაგოს ყველას საზღაური“ (რომაელები 12:18, 19).

      კითხვები: რატომ უნდოდა საულს დავითის მოკვლა? რატომ არ მოკლა დავითმა საული?

      1 სამუელი 16:14–23; 18:5–16; 19:9–12; 23:19–29; 24:1–15; 26:1–25

  • მამაცი და ერთგული იონათანი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • იონათანი და მისი საჭურველთმტვირთველი

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 42

      მამაცი და ერთგული იონათანი

      მეფე საულის უფროსი ვაჟი, იონათანი, მამაცი მებრძოლი იყო. დავითმა მასზე თქვა, რომ ის არწივზე სწრაფი და ლომზე ძლიერი იყო. ერთხელ იონათანმა მთაზე ფილისტიმელები შენიშნა და თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: თუ იეჰოვა ნიშანს მოგვცემს, ავიდეთ და შევებრძოლოთ მათ. მოდი დავენახვოთ და თუ დაგვიძახეს, ამოდითო, ესე იგი, იეჰოვა გაგვამარჯვებინებს. მართლაც, ფილისტიმელებმა გადმოსძახეს, ამოდით და შევებრძოლოთო ერთმანეთს. ორივენი ავიდნენ მთაზე და 20 ფილისტიმელი მოკლეს.

      იონათანი თავის ნივთებს აძლევს დავითს.

      იონათანი საულის უფროსი ვაჟი იყო, ამიტომ წესით მის შემდეგ ის უნდა გამეფებულიყო, იეჰოვამ კი მეფედ დავითი აირჩია. იონათანმა ეს იცოდა, მაგრამ არ შურდა მისი. უფრო მეტიც, ის და დავითი კარგი მეგობრები გახდნენ. მათ დაიფიცეს, რომ დაიცავდნენ ერთმანეთს. იონათანმა დავითს მეგობრობის ნიშნად თავისი მოსასხამი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი აჩუქა.

      ერთხელ, როცა დავითი საულს გაურბოდა, იონათანი შეხვდა მას და უთხრა: ნუ გეშინია, გამაგრდი! იეჰოვამ შენ აგირჩია მეფედ, მამაჩემმაც კი იცის ეს. გინდა, შენც გყავდეს იონათანისნაირი მეგობარი?

      იონათანმა მეგობრის გადასარჩენად არაერთხელ ჩაიგდო სიცოცხლე საფრთხეში. მან იცოდა, რომ მამამისს დავითის მოკვლა უნდოდა, ამიტომ ერთხელ მას უთხრა: ნუ შესცოდავ ღმერთს, ნუ მოკლავ დავითს. მას არაფერი დაუშავებია. ამის მოსმენაზე საული ძალიან გაბრაზდა. წლების შემდეგ საული და იონათანი ერთად დაიხოცნენ ბრძოლაში.

      იონათანის სიკვდილის შემდეგ დავითმა გადაწყვიტა, მოეძებნა მისი ვაჟი, მეფიბოშეთი. როცა იპოვა, უთხრა: მამაშენი ჩემი კარგი მეგობარი იყო, ამიტომ მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე მე ვიზრუნებ შენზე. ჩემს სასახლეში იცხოვრებ და ჩემი სუფრიდან შეჭამ პურს. დიახ, დავითს არასოდეს დავიწყებია თავისი მეგობარი იონათანი.

      „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:12, 13).

      კითხვები: როგორ დაამტკიცა იონათანმა, რომ მამაცი იყო? როგორ დაამტკიცა იონათანმა, რომ ერთგული იყო?

      1 სამუელი 14:1–23; 18:1–4; 19:1–6; 20:32–42; 23:16–18; 31:1–7; 2 სამუელი 1:23; 9:1–13

  • მეფე დავითის ცოდვა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
    • წინასწარმეტყველი ნათანი რჩევას აძლევს მეფე დავითს.

      ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 43

      მეფე დავითის ცოდვა

      საულის სიკვდილის შემდეგ დავითი გამეფდა. ის იმ დროს 30 წლის იყო. გამეფებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. ერთ საღამოს სასახლის ბანიდან მეფემ ლამაზი ქალი დაინახა. დავითმა გაარკვია, რომ ის მისი მეომრის, ურიას, ცოლი იყო, რომელსაც ბათ-შება ერქვა. დავითმა ის სასახლეში მოაყვანინა და დაწვა მასთან. ქალი დაორსულდა. დავითს არ უნდოდა, რომ მისი ცოდვა სხვებს გაეგოთ, ამიტომ მან ჯარის მეთაურს შეუთვალა, ურია ბრძოლის წინა ხაზზე დაეყენებინათ და მიეტოვებინათ. მას შემდეგ, რაც ურია ბრძოლაში დაიღუპა, დავითმა ბათ-შება ცოლად შეირთო.

      მეფე დავითი პატიებას სთხოვს ღმერთს.

      იეჰოვამ ყველაფერი დაინახა, რაც დავითმა ჩაიდინა. რას მოიმოქმედებდა ღმერთი? მან დავითს წინასწარმეტყველი ნათანი მიუგზავნა. ნათანმა დავითს უთხრა: ერთ მდიდარ კაცს ბევრი ცხვარი ჰყავდა, ღარიბ კაცს კი – მხოლოდ ერთი ბატკანი, რომელიც ძალიან უყვარდა. მდიდარმა კაცმა იმ ღარიბ კაცს ის ერთადერთი ბატკანი წაართვა. ამ ამბის მოსმენაზე მეფე ძალიან გაბრაზდა და თქვა: სიკვდილის ღირსია ის მდიდარი კაცი! ამის შემდეგ ნათანმა უთხრა მეფეს: შენა ხარ ის კაცი! დავითი დამწუხრდა და აღიარა თავისი დანაშაული. შევცოდე იეჰოვას, – თქვა მან. ამ ცოდვამ დავითსა და მის ოჯახს ბევრი უბედურება მოუტანა. იეჰოვამ დასაჯა დავითი, მაგრამ ცოცხალი დატოვა, რადგან ის გულწრფელი და თავმდაბალი კაცი იყო.

      დავითს სურდა, ტაძარი აეშენებინა იეჰოვასთვის, მაგრამ იეჰოვამ ამ საქმის შესასრულებლად მისი ვაჟი სოლომონი აირჩია. დავითმა ტაძრისთვის საჭირო მასალის შეგროვება დაიწყო. მან თქვა: იეჰოვას ტაძარი დიდებული უნდა იყოს. სოლომონი ჯერ ახალგაზრდაა, ამიტომ მე მოვუმზადებ ყველაფერს, რაც საჭიროა. დავითმა ტაძრის ასაშენებლად ძალიან ბევრი ფული გაიღო; შეარჩია გამოცდილი ხელოსნები; შეაგროვა ოქრო-ვერცხლი; ტვიროსიდან და სიდონიდან კედრის ხის მასალა მოატანინა. სიკვდილამდე მეფემ სოლომონს გეგმაც მისცა, თუ როგორ უნდა აეგო ტაძარი და უთხრა: იეჰოვამ მითხრა, დამეწერა ეს ყველაფერი და შენთვის მომეცა. ღმერთი დაგეხმარება, ნურაფრის შეგეშინდება, გამაგრდი და იმოქმედე!

      მეფე დავითი პატიებას სთხოვს ღმერთს.

      „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც აღიარებს და აღარ ჩაიდენს, შეწყალებული იქნება“ (იგავები 28:13).

      კითხვები: რა ცოდვა ჩაიდინა დავითმა? რა გააკეთა დავითმა თავისი ვაჟის, სოლომონის, დასახმარებლად?

      2 სამუელი 5:3, 4, 10; 7:1–16; 8:1–14; 11:1–12:14; 1 მატიანე 22:1–19; 28:11–21; ფსალმუნი 51:1–19

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება