საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვაზე სრული მინდობა უსაფრთხოების გრძნობას გვინერგავს
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
    • 1, 2. ა) რა რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა დავითი? ბ) რომელ ფსალმუნებს განვიხილავთ?

      მეფე დავითი გარკვეული პერიოდია, რაც ისრაელს მართავს, მაგრამ ახლა მეტად რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მისმა შვილმა, აბესალომმა განახორციელა თავისი ბოროტი განზრახვა და საკუთარი თავი მეფედ გამოაცხადა. ამიტომ დავითი იძულებულია, დატოვოს იერუსალიმი. მას სანდო მეგობარმაც უღალატა და ახლა მცირერიცხოვან ერთგულ ქვეშევრდომებთან ერთად ფეხშიშველი მოთქმით მიუყვება ზეთისხილის მთას. ამას ისიც ემატება, რომ შიმეი, საულის საგვარეულო სახლიდან, ქვებს ესვრის და წყევლის (2 სამ. 15:30, 31; 16:5—14).

      2 გაანადგურებს დავითს ეს მწუხარება და სირცხვილი? არა, რადგან ის იეჰოვაზეა მინდობილი. ეს ჩანს მე-3 ფსალმუნიდან, რომელიც დავითმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწერა.

  • იეჰოვაზე სრული მინდობა უსაფრთხოების გრძნობას გვინერგავს
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 მაისი
    • როდესაც მრავალი აღსდგება ჩვენ წინააღმდეგ

      3. რა მდგომარეობაში იყო დავითი, როგორც ფსალმუნის 3:1, 2-შია ნაჩვენები?

      3 „ისრაელების გული აბესალომს მიემხროო“, — უთხრა მაცნემ დავითს (2 სამ. 15:13). იმით გაოცებულმა, თუ როგორ მიემხრო აბესალომს ამდენი ადამიანი, დავითმა იკითხა: „იეჰოვა, რატომ მომიმრავლდნენ მტრები? რატომ აღსდგნენ ჩემ წინააღმდეგ? ბევრი ამბობს ჩემს სულზე: არ დაიხსნისო მას ღმერთი“ (ფსალმ. 3:1, 2). მრავალი ისრაელი ფიქრობდა, რომ იეჰოვა არ დაიხსნიდა დავითს აბესალომისა და მისი მომხრეებისგან.

      4, 5. ა) რაში იყო დავითი დარწმუნებული? ბ) რას ნიშნავს გამოთქმა „თავაწეულს მატარებ“?

      4 მაგრამ დავითი თავს მშვიდად გრძნობს, რადგან მთლიანად იეჰოვაზეა მინდობილი. ის წერს: „შენ კი, იეჰოვა, ჩემი ფარი ხარ და ჩემი დიდება; თავაწეულს მატარებ“ (ფსალმ. 3:3). დავითი დარწმუნებულია, რომ იეჰოვა ისევე დაიცავს მას, როგორც ფარი — ჯარისკაცს. მართალია, ხანში შესული მეფე იძულებულია, გაიქცეს, მას თავი დაფარული აქვს და დამცირებისგან თავჩაქინდრული მიდის, მაგრამ უზენაესი შეცვლის დავითის მდგომარეობას და დიდებას მოუტანს მას. იეჰოვა წელში გამართავს თავის ერთგულ მსახურს, თავს ააწევინებს და ძველ დიდებას დაუბრუნებს. დავითი გულდაჯერებით უხმობს ღმერთს და დარწმუნებულია, რომ ის უპასუხებს. პირადად თქვენ, ავლენთ იეჰოვასადმი ასეთივე ნდობას?

      5 სიტყვებით „თავაწეულს მატარებ“, დავითი ცხადყოფს, რომ დახმარებას იეჰოვასგან მოელის. ერთ ნაშრომში ამ გამოთქმასთან დაკავშირებით ნათქვამია: „როდესაც ღმერთი თავაწეულს ატარებს ვინმეს . . . ის მას იმედსა და შინაგან სიმშვიდეს აძლევს“. დავითს, რომელსაც იძულებით დაატოვებინეს ისრაელის სამეფო ტახტი, ჰქონდა გულგატეხილობის მიზეზი. მაგრამ იეჰოვა მას „თავაწეულს ატარებს“, რის შედეგადაც განუახლდება ძალები, დაუბრუნდება შინაგანი სიმშვიდე და ღმერთზე სრულად იქნება მინდობილი.

      იეჰოვა გვიპასუხებს

      6. რატომ აღნიშნა დავითმა, რომ მის ლოცვას იეჰოვამ წმინდა მთიდან უპასუხა?

      6 დავითი, რომელიც იეჰოვაზეა მინდობილი და ეჭვი არ ეპარება, რომ ის უპასუხებს მის ლოცვას, განაგრძობს: „ხმამაღლა დავუძახებ იეჰოვას და თავისი წმინდა მთიდან მიპასუხებს“ (ფსალმ. 3:4). დავითის ბრძანების თანახმად, შეთანხმების კიდობანი, რომელიც იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო, სიონის მთაზე წაიღეს (წაიკითხეთ 2 სამუელის 15:23—25 ). ამიტომ დავითი მართებულად აღნიშნავს, რომ მის ლოცვას იეჰოვამ წმინდა მთიდან უპასუხა.

      7. რატომ არ ეშინოდა დავითს?

      7 დავითი დარწმუნებულია, რომ ღმერთი მის ლოცვას უპასუხოდ არ დატოვებს, და ამიტომ არ ეშინია. ის წერს: „დავწვები დასაძინებლად და გავიღვიძებ, რადგან თავად იეჰოვა მიდგას მხარში“ (ფსალმ. 3:5). ღამითაც კი, როდესაც მოულოდნელი თავდასხმის ალბათობა ძალიან დიდია, დავითს არ ეშინია, დასაძინებლად დაწვეს. მას ეჭვი არ ეპარება, რომ გაიღვიძებს, რადგან გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ ღმერთი აუცილებლად ამოუდგება მხარში. ჩვენც შეგვიძლია ასევე მტკიცედ ვიყოთ დარწმუნებული, თუ „იეჰოვას გზებს“ მივყვებით და არასდროს განვუდგებით მას (წაიკითხეთ 2 სამუელის 2:21, 22 ).

      8. როგორ ჩანს ფსალმუნის 27:1—4-დან, რომ დავითი ღმერთს ენდობოდა?

      8 დავითი რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს და სრულად ენდობა ღმერთს, ჩანს მისი სხვა ფსალმუნიდან, რომელშიც ღვთის შთაგონებით შემდეგი სიტყვებია ჩაწერილი: „იეჰოვაა ჩემი სინათლე და ხსნა. ვისი უნდა მეშინოდეს?! იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი. ვინ შემაძრწუნებს?! . . . ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ, არ შეკრთება ჩემი გული . . . ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას, ერთ რამეს ვესწრაფვი, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე, ვიხილო იეჰოვას მშვენიერება და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს“ (ფსალმ. 27:1—4). თუ თქვენც იზიარებთ ფსალმუნმომღერლის გრძნობებს და მდგომარეობა ნებას გრთავთ, იეჰოვას სხვა ერთგულ თაყვანისმცემლებთან ერთად რეგულარულად დაესწრებით შეხვედრებს (ებრ. 10:23—25).

      9, 10. ფსალმუნის 3:6, 7-ში ჩაწერილი სიტყვების მიუხედავად, რატომ შეიძლება ითქვას, რომ დავითი არ ფიქრობდა შურისძიებაზე?

      9 დავითს აბესალომმა უღალატა და მრავალმა უორგულა, მაგრამ ის წერს: „არ შევუშინდები ათი ათას კაცს, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან. აღსდექ, იეჰოვა! მიხსენი, ჩემო ღმერთო! შემოჰკარი ყბებში ჩემს მტრებს და კბილები ჩაუმტვრიე ბოროტებს!“ (ფსალმ. 3:6, 7).

      10 დავითი შურისძიებაზე არ ფიქრობს. თუ საჭიროა მის მტრებს „ყბებში შემოჰკრან“, ამას თავად ღმერთი გააკეთებს. მეფე დავითმა საკუთარი ხელით გადაწერა კანონი და იცის, რომ ამ კანონში იეჰოვა ამბობს: „ჩემია შურისძიებაც და საზღაურის მიგებაც“ (კან. 17:14, 15, 18; 32:35). ასევე ღმერთზეა დამოკიდებული „ბოროტებისთვის კბილების ჩამტვრევა“. „კბილების ჩამტვრევა“ ნიშნავს ძალის გამოცლას, რათა ზიანი ვერავის მიაყენონ. იეჰოვამ იცის, ვინ არის ბოროტი, რადგან ის გულებს ხედავს (1 სამ. 16:7). რამდენად მადლიერნი ვართ იმისათვის, რომ ღმერთი გვაძლევს რწმენას და ძალას, მტკიცედ აღვუდგეთ წინ მთავარ ბოროტ არსებას, სატანას, რომელიც მბრდღვინავი, მაგრამ უკბილო ლომივით მალე უფსკრულში იქნება ჩაგდებული! (1 პეტ. 5:8, 9; გამოცხ. 20:1, 2, 7—10).

      „ხსნა იეჰოვასგანაა“

      11. რატომ უნდა ვილოცოთ თანამორწმუნეებისთვის?

      11 დავითს ესმის, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია მოუტანოს ხსნა, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება. მაგრამ ფსალმუნმომღერალი მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს. ის იეჰოვას რჩეულ ხალხზე ფიქრობს. დავითი ღვთის შთაგონებით ჩაწერილ ფსალმუნს შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „ხსნა იეჰოვასგანაა. შენგან არის კურთხეული შენი ხალხი“ (ფსალმ. 3:8). მართალია, დავითს საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ის იეჰოვას ხალხზე ფიქრობდა და დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი აკურთხებდა მათ. განა ჩვენც არ უნდა ვფიქრობდეთ თანამორწმუნეებზე? ყოველთვის გვახსოვდეს ისინი ჩვენს ლოცვებში; ვთხოვოთ იეჰოვას, მისცეს მათ თავისი წმინდა სული, რათა მისმა ერთგულმა მსახურებმა გამბედაობა მოიკრიბონ და გულდაჯერებით შეძლონ სასიხარულო ცნობის ქადაგება (ეფეს. 6:17—20).

      12, 13. რა მოუვიდა აბესალომს და როგორი რეაქცია ჰქონდა დავითს?

      12 აბესალომმა სიცოცხლე სამარცხვინოდ დაასრულა, რაც გამაფრთხილებელი მაგალითია ყველასთვის, ვინც სხვების, განსაკუთრებით კი ღვთის ცხებულების, მიმართ ბოროტად მოქმედებს (წაიკითხეთ იგავების 3:31—35 ). ბრძოლაში აბესალომის მომხრეები დამარცხდნენ. თავად აბესალომი კი, როცა ჯორზე ამხედრებული გარბოდა, დიდი ხის ქვედა ტოტებში თმით გაიხლართა და ცასა და მიწას შორის გამოეკიდა ცოცხალი, მაგრამ უმწეო. ამ დროს მივიდა იოაბი, სამი ისარი ჩასცა გულში და მოკლა (2 სამ. 18:6—17).

      13 გაუხარდა დავითს იმის გაგება, თუ რა დაემართა თავის შვილს? არა, პირიქით. ის წინ და უკან დადიოდა, ტიროდა და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო, აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“ (2 სამ. 18:24—33). უსაზღვრო მწუხარებით შეპყრობილი დავითი გონს მხოლოდ იოაბის სიტყვებმა მოიყვანა. რა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე აბესალომმა, რომელიც ამბიციამ საკუთარი მამის, იეჰოვას ცხებული მეფის, წინააღმდეგ წაიყვანა. შედეგად კი თავს უბედურება დაიტეხა (2 სამ. 19:1—8; იგავ. 12:21; 24:21, 22).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება