-
მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მეფე დავითისაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 დეკემბერი
-
-
მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მეფე დავითი
სამი ათასი წლის წინ ერთი ცნობილი კაცი ცხოვრობდა. მისი სახელის ხსენებაზე ალბათ მაშინვე ბიბლიური დროის მუსიკა გაგახსენდებათ. ეს კაცი დავითი იყო. სიყმაწვილეში ის ფარას მწემსავდა, შემდეგ კი მეფე გახდა და კარგი ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩეოდა. შეიძლება ითქვას, რომ ძველი დროის მუსიკის შესახებ ძირითად ინფორმაციას მისი ცხოვრების შესახებ ბიბლიური ჩანაწერი გვაწვდის.
დავითისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მუსიკის შესახებ, რომელიც ბიბლიურ დროში სრულდებოდა. მაგალითად, მისი მეშვეობით ვიგებთ, იმ დროს როგორ ინსტრუმენტებს იყენებდნენ, რა სახის სიმღერებს მღეროდნენ და რა როლს ასრულებდა მუსიკა როგორც დავითის, ისე მთელი ისრაელი ერის ცხოვრებაში.
-
-
მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მეფე დავითისაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 დეკემბერი
-
-
გამორჩეული მუსიკოსი
დავითი ყველასგან გამოირჩეოდა იმით, რომ მუსიკასაც წერდა და სიმღერებსაც. ფსალმუნების ნახევარზე მეტი მისი დაწერილია. სიყმაწვილეში ის მწყემსი იყო. ბეთლემში ფარის მწყემსვის დროს ნანახი სცენები მის სხარტ და მახვილ გონებაზე ალბათ წარუშლელ კვალს დატოვებდა. მას დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა ნაკადულების ჩხრიალი და ბატკნების კიკინი, რომელთა ხმაც ალბათ სიმღერის დროს ბანს აძლევდა მას. ამ ლამაზი ხმებით მოხიბლული დავითი ქნარზე უკრავდა და თავისი სიმღერებით ღმერთს განადიდებდა. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა დავითის მიერ 23-ე ფსალმუნისთვის შექმნილი მელოდია!
დავითი იმდენად კარგად უკრავდა ქნარზე, რომ ის მეფე საულთან მიიყვანეს. როცა საული აფორიაქებული იყო და საშინლად იტანჯებოდა ემოციურად, დავითი ქნარზე იწყებდა დაკვრას და მეფეც მშვიდდებოდა. მას ცუდი ფიქრები ტოვებდა და კარგ განწყობაზე დგებოდა (1 სამუელი 16:16).
მუსიკა, რომელიც დავითს ძალიან უყვარდა და დიდ სიხარულს ანიჭებდა, ზოგჯერ მისი პრობლემების მიზეზიც ხდებოდა. ერთ დღეს, როცა დავითი და საული ფილისტიმელებთან ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ, მეფეს სიმღერის ხმა შემოესმა. ქალები მღეროდნენ: „საულმა ათასი მოკლა, დავითმა — ათი ათასი“. ამ სიტყვებმა მეფე ისე განარისხა, რომ „იმ დღიდან ეჭვის თვალით უყურებდა დავითს“ (1 სამუელი 18:7—9).
მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული
დავითმა ღვთის შთაგონებით სხვადასხვაგვარი კომპოზიცია შექმნა. მისი ფსალმუნები შეიცავს დამაფიქრებელ ტექსტებს. მათში მოთხრობილია მწყემსისა და ცხვრის ცხოვრება; გადმოცემულია ღვთის განმადიდებელი სიტყვები და ისრაელის ისტორია; გამოხატულია რთვლის დროს განცდილი სიხარული; აღწერილია სასახლის მიძღვნის დიდებული ცერემონიალი და სამახსოვრო სიმღერა; საუბარია იმედზე, თხოვნასა და ხვეწნა-მუდარაზე (იხილეთ ფსალმუნები 32, 23, 145, 8, 30, 38, 72, 51, 86 და მათი ეპიგრაფები). როცა მეფე საული და მისი ვაჟი იონათანი დაიღუპნენ, დავითმა დაწერა სამგლოვიარო სიმღერა „მშვილდი“, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: „შენს მაღლობებზე დასამარდა შენი მშვენება, ისრაელო!“ ამ სიმღერას ნაღვლიანი ტონი აქვს. დავითი სიტყვებისა თუ მუსიკის მეშვეობით კარგად გამოხატავდა თავის გრძნობებს (2 სამუელი 1:17—19).
დავითს მდიდარი ბუნება ჰქონდა, მას მხიარული, ცოცხალი მუსიკაც უყვარდა, რომელსაც სწრაფი რიტმი ახასიათებდა. როცა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში მიიტანეს, ამ სასიხარულო მოვლენის აღსანიშნავად დავითი ცეკვავდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ჩანს, რომ მუსიკა საკმაოდ რიტმული უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, როგორ იცეკვებდა დავითი! მისმა ცოლმა, მიქალმა ის აბუჩადაც კი აიგდო. მაგრამ მის ასეთ რეაქციას დავითზე არ უმოქმედია. მას უყვარდა იეჰოვა და სიამოვნებდა მუსიკა, რომელმაც აღძრა, ღვთის წინაშე ეცეკვა (2 სამუელი 6:14, 16, 21).
დავითმა არა მხოლოდ სიმღერები დაწერა და მელოდიები შექმნა, არამედ მუსიკალური ინსტრუმენტებიც კი გამოიგონა (2 მატიანე 7:6). ის მართლაც განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული! დავითი იყო ინსტრუმენტების გამომგონებელი, მწერალი, კომპოზიტორი და მომღერალი. მაგრამ მან თავისი უნარი უფრო დიდებული საქმეების გასაკეთებლადაც გამოიყენა.
მგალობელთა და მუსიკოსთა გუნდი ტაძარში
დავითმა ორგანიზება გაუწია იმას, რომ იეჰოვას სახლში მგალობლებსა და მუსიკოსებს ემსახურათ. მან ასაფი, ჰემანი და იედუთუნი (შესაძლოა იგივე ეთანი) 4 000 მგალობლისა და მუსიკოსის ხელმძღვანელებად დანიშნა. აქედან 280 კაცი განსწავლული მგალობელი იყო, რომლებიც გუნდის დანარჩენ წევრებს ასწავლიდნენ. ყოველწლიურ სამ დიდ დღესასწაულზე ყველა მგალობელი და მუსიკოსი იკრიბებოდა. წარმოიდგინეთ, რა შთამბეჭდავი იქნებოდა მათ მიერ შესრულებული საგალობლები! (1 მატიანე 23:5; 25:1, 6, 7).
-