საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას დღე ახლოსაა
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მაისი
    • იეჰოვას დღე ახლოსაა

      „ისმინეთ ეს, უხუცესებო! ყური დაუგდეთ ყველამ, ქვეყნის მკვიდრნო!“ (იოველი 1:2).

      1, 2. რა მდგომარეობა იყო იუდეაში, რის გამოც იეჰოვამ იოველს თავისი შთამბეჭდავი წინასწარმეტყველების წარმოთქმა შთააგონა?

      «ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან». რა შემაძრწუნებელი განცხადებაა! ეს იყო ღვთის ცნობა, რომელიც წინასწარმეტყველმა იოველმა ამცნო ღვთის ხალხს.

      2 იოველის 1:15-ში მოცემული ეს სიტყვები იუდეაში დაახლოებით ძვ. წ. 820 წელს დაიწერა. ქვეყანას მწვანეში ჩაფლული მთები ამკობდა. უხვად იყო ხილი და მარცვლეული. ვრცელ საძოვრებზე ბალახი ბიბინებდა. მაგრამ იყო რაღაც ძალიან ცუდიც. იერუსალიმსა და იუდეაში ბაალის თაყვანისცემა ყვაოდა. ხალხი ამ ცრუ ღვთაების პატივსაცემად გამართულ ღრეობებში იყო ჩაფლული (შეადარეთ მეორე ნეშტთა 21:4–6, 11). ნუთუ იეჰოვა ყოველივე ამის გაგრძელების ნებას დართავდა?

      3. რა გაფრთხილებას იძლეოდა იეჰოვა და რისთვის უნდა მოემზადონ ერები?

      3 იოველის წიგნში მოცემული პასუხი ეჭვის არავითარ საფუძველს არ ტოვებს. იეჰოვა ღმერთი გაამართლებდა თავის უზენაესობას და განწმენდდა თავის წმინდა სახელს. იეჰოვას დიდი დღე ახლოს იყო. ღმერთი ‘იოშაფატის ველზე’ სისრულეში მოიყვანდა ყველა ერისთვის გამოტანილ განაჩენს (იოველი 4:12). დაე მოემზადონ ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას, წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენც უნდა შევხვდეთ იეჰოვას დიდ დღეს. ამიტომ ყურადღებით გამოვიკვლიოთ ჩვენი დღეებისა და წარსულის შესახებ იოველის წინასწარმეტყველური სიტყვები.

      მწერების შემოსევა

      4. რამდენად დიდებული უნდა ყოფილიყო მოვლენები, რომელთა შესახებაც იოველი იძლეოდა გაფრთხილებას?

      4 თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვა ამბობს: „ისმინეთ ეს, უხუცესებო! ყური დაუგდეთ ყველამ, ქვეყნის მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამა-პაპის დროს? უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა კი სხვა თაობას“ (იოველი 1:2, 3). უხუცესები და მთელი ხალხი ისეთ რამეს მოელოდნენ, რაც არც მათ და არც მათი წინაპრების ცხოვრებაში არ მომხდარა. ეს ისეთი უჩვეულო რამ უნდა ყოფილიყო, რომ მის შესახებ მესამე თაობამდე ილაპარაკებდნენ! რა იყო ეს უჩვეულო მოვლენა? ამის გასაგებად წარმოვიდგინოთ, რომ იოველის დღეებში ვცხოვრობთ.

      5, 6. ა) აღწერეთ იოველის მიერ ნაწინასწარმეტყველები უბედურება. ბ) ვისგან მომდინარეობდა ეს უბედურება? 

      5 უსმინეთ! იოველს შორიდან გუგუნი ესმის. ცა შავდება, შიშის მომგვრელი ხმაური იზრდება და წყვდიადი ისადგურებს. შემდეგ კვამლისმაგვარი ღრუბელი თანდათან ქვემოთ წვება. ეს მწერთა მრავალრიცხოვანი ლაშქარია, რომელიც მილიონებს ითვლის. რამხელა განადგურება მოაქვთ მათ! ახლა ყურადღება გაამახვილეთ იოველის 1:4-ზე. ამ შემოსეულ მწერთა შორის მხოლოდ გადამფრენი ფრთიანი კალიები როდი არიან. ო, არა! აქ არიან მშიერ მწერთა, უფრთო კალიათა, ურდოებიც. ხმაური, რომელიც ქარის მიერ მოულოდნელად მოტანილი კალიებისგანაა, ეტლების ხმაურის მსგავსია (იოველი 2:5). გაუმაძღარ მილიონებს მაშინვე შეუძლიათ აყვავებული სამოთხის უდაბნოდ გადაქცევა.

      6 აქვე არიან მუხლუხებიც — პეპლების ან ჩრჩილის მატლის სტადია. მუხლუხების უზარმაზარ ლაშქარს შეუძლია შეფოთლილი მცენარეები ნაკუწ-ნაკუწ, ფოთოლ-ფოთოლ ისე გააშიშვლოს, რომ მათი სიმწვანიდან თითქმის აღარაფერი დარჩეს. მათ მიერ დატოვებული მწვანე საფარის უმეტეს ნაწილს კალიები ანადგურებენ, ხოლო კალიებისგან მორჩენილს სწრაფად მოძრავი ტარაკნები უღებენ ბოლოს. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ იოველის მე-2 თავის მე-11 მუხლში ღმერთი კალიებს ‘თავის მხედრობას’ უწოდებს. დიახ, კალიების მიერ გამოწვეული ეს უბედურება, რომელიც ქვეყანას გააჩანაგებდა და დიდ შიმშილობას ჩამოაგდებდა, ღვთისგან მომდინარეობდა. როდის მოხდებოდა ეს? სწორედ ‘იეჰოვას დღის’ წინ.

      „გაიღვიძეთ, ლოთებო!“

      7. ა) რა მდგომარეობაში იყვნენ იუდეველი რელიგიური წინამძღოლები? ბ) რით ჰგავს ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლთა დღევანდელი მდგომარეობა იუდეველთა რელიგიური წინამძღოლების მდგომარეობას?

      7 „გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!“ — ამ ბრძანებით ბიბლია ჩვენს ყურადღებას აპყრობს უღირს ხალხს, იუდეველთა რელიგიურ წინამძღოლებს (იოველი 1:5). დიახ, იუდეის ამ სულიერ ლოთებს ეთქვათ: „გაიღვიძეთ“, გამოფხიზლდით. მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ძველი ისტორიაა. სწორედ ახლა, იეჰოვას დიდი დღის წინ, ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება, გადატანითი მნიშვნელობით, იმდენად არის ყურძნის წვენით მთვრალი, რომ მის გონებამდე ვერ აღწევს უზენაესისგან მომდინარე ბრძანებები. რა დიდი იქნება მათი გაოცება, როცა სულიერი გაგებით ღვინით დაბინდულ მათ გონებას იეჰოვას დიდი შიშის მომგვრელი დღე გამოაფხიზლებს!

      8, 9. ა) როგორ აღწერს იოველი კალიებსა და მათ მიერ მიყენებულ ზიანს? ბ) ვინ არის დღეს კალიების სახით წარმოდგენილი?

      8 შეხედეთ კალიათა დიდ ლაქშარს! „მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს. გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები. იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, სიყრმის ქმარს რომ დასტირის!“ (იოველი 1:6–8).

      9 ეხება თუ არა ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ იმ კალიის სახით წარმოდგენილ ‘ხალხს’, კალიათა გუნდს, რომელიც იუდეას შეესია? არა, აქ უფრო მეტი რამ არის ჩადებული. როგორც იოველის 1:6-ში, ისე გამოცხადების 9:7-ში კალიების სახით ღვთის ხალხია წარმოდგენილი. თანამედროვე კალიების ლაშქარი სხვა არაფერია, თუ არა იეჰოვას ცხებული კალიებისგან შემდგარი მხედრობა, რომელსაც დღეისათვის იესოს დაახლოებით 5 600 000 ‘სხვა ცხვარი’ შეუერთდა (იოანე 10:16). არ გახარებთ იეჰოვას თაყვანისმცემელთა ამ დიდი ჯგუფის წევრობა?

      10. რა მოჰყვა იუდეაში კალიების შემოსევას?

      10 იოველის 1:9–12-ში აღწერილია, თუ რა მოჰყვა კალიების შემოსევას. მწერების გუნდის ერთიმეორეზე მიყოლებით შემოსევა თითქმის მთლიანად ანადგურებს ქვეყანას. მარცვლის, ღვინისა და ზეთის უქონლობის გამო ორგული მღვდლებისთვის შეუძლებელია თავიანთი დანიშნულების შესრულება. მიწაც კი მოთქვამს კალიების შემოსევის შედეგად მარცვლის გაჩანაგებისა და ხეხილის უნაყოფობის გამო. ვაზი განადგურდა და ბაალის თაყვანისმცემლებს, რომლებიც სულიერ ლოთებში შედიან, აღარა აქვთ დასალევი ღვინო.

      „იგლოვეთ, მღვდლებო!“

      11, 12. ა) ვინ აცხადებს დღეს ღვთის მღვდლობაზე პრეტენზიას? ბ) როგორ მოქმედებს თანამედროვე კალიების შემოსევა ქრისტიანული სამყაროს რელიგიურ წინამძღოლებზე?

      11 მოისმინეთ ღვთის ცნობა ამ თავნება მღვდლების შესახებ. „შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ სამსხვერპლოს მსახურნო!“ (იოველი 1:13). იოველის წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას სამსხვერპლოსთან ლევიანი მღვდლები მსახურობდნენ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას საბოლოო შესრულებაზე? დღეს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ხალხს თავს ისე აჩვენებს, თითქოს ღვთის საკურთხეველთან მსახურების უფლებამოსილება აქვს და, მათი განაცხადის თანახმად, ისინი ღვთის მსახურები, მისი ‘მღვდლები’ არიან. მაგრამ რა ხდება დღეს, როცა ღვთის თანამედროვე კალიები წინ მიიწევენ?

      12 ქრისტიანული სამყაროს ‘მღვდლებს’ ააფთრებს იეჰოვას ხალხის საქმიანობის დანახვა და ღვთის სამსჯავროს შესახებ მათი გაფრთხილების მოსმენა. ისინი სიმწრისგან მკერდში მჯიღებს იცემენ რადგან სამეფოს შესახებ ცნობა მათთვის განადგურებას ნიშნავს. ისინი მოთქვამენ, რადგან ფარიდან ცხვრები ეფანტებათ. საძოვრების გაჩანაგებისა და, ამის შედეგად, თავიანთი შემოსავლის წყაროს დაკარგვის გამო, დაე მთელი ღამეები ჯვალოში ატარონ და იტირონ. მალე ისინი სამსახურსაც დაკარგავენ! ფაქტობრივად, ღმერთი მათ ეუბნება, მთელი ღამეები მოთქმაში გაატარონ, ვინაიდან ახლოსაა მათი აღსასრული.

      13. გამოეხმაურება თუ არა დადებითად ღვთის გაფრთხილებას ქრისტიანული სამყარო, როგორც კლასი?

      13 იოველის 1:14-ის (აქ) თანახმად, მათი ერთადერთი იმედია, მოინანიონ და ‘დახმარებისთვის იეჰოვას’ შეღაღადონ. მაგრამ შეიძლება თუ არა მოველოდეთ ქრისტიანული სამყაროს მთელი სამღვდელოების იეჰოვასკენ მობრუნებას? რასაკვირველია, არა! მათი რიგებიდან ზოგმა შეიძლება ყურად იღოს იეჰოვას გაფრთხილება. მაგრამ ამ რელიგიური წინამძღოლებისა და მათი მრევლის, როგორც კლასის, სულიერი შიმშილობა გაგრძელდება. ამოსმა იწინასწარმეტყველა: „აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას“ (ამოსი 8:11). ჩვენ კი რამდენად მადლიერები ვართ იმ საუცხოო სულიერი ნადიმისთვის, რომლითაც ღმერთი ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით სიყვარულით უზრუნველგვყოფს! (მათე 24:45–47).

      14. რის მომასწავებელია კალიების შემოსევა?

      14 კალიების შემოსევა იყო და არის რაღაცის მომასწავებელი. რის? იოველი პირდაპირ გვეუბნება პასუხს: «ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან» (იოველი 1:15). ღვთის კალიების ლაშქრის საყოველთაო შემოსევა აშკარად მიუთითებს, რომ იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე ახლოსაა. ნამდვილად, ყველა გულმართალ ადამიანს სწყურია ანგარიშის გასწორების ეს განსაკუთრებული დღე, როცა ღვთის სამსჯავრო ბოროტების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სისრულეში მოიყვანს და იეჰოვა, როგორც უზენაესი მმართველი, გამარჯვებული გამოვა.

      15. როგორ იქცევიან ქვეყნის განადგურების ხილვისას ღვთის გაფრთხილებისთვის ყურადღების მიმქცევნი?

      15 იოველის 1:16–20-ის თანახმად, ძველ იუდეაში საზრდო გაქრა. ამასთანავე, გაქრა მხიარულებაც. საწყობები დაცარიელდა, ბეღლები დაინგრა. რადგან კალიებმა საძოვრები გააჩანაგეს, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი აქეთ-იქით დაეხეტებოდა, დაიღუპა ცხვრის ფარები. რამხელა უბედურებაა! როგორ იყო იოველი ასეთ გარემოცვაში? მე-19 მუხლის თანახმად, მან თქვა: „შენ შეგღაღადებ, უფალო“. დღესაც მრავალი ეხმაურება ღვთის გაფრთხილებას და რწმენით შეღაღადებს იეჰოვას.

      ‘იეჰოვას დღე მოდის’

      16. რატომ უნდა შეძრწუნებულიყვნენ „ქვეყნის მკვიდრნი“?

      16 მოუსმინეთ ღვთის შემდეგ მითითებას: „ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დაეცით ყიჟინა ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი“ (იოველი 2:1). რატომ უნდა ვიმოქმედოთ ასე? წინასწარმეტყველება იძლევა პასუხს: «რადგან უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე მოდის, ახლოვდება. დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ჯანღიანი! ბინდივით ეფინება მთებს» (იოველი 2:1, 2). იეჰოვას დიდ დღესთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს სიფხიზლის აუცილებლობა.

      17. რა გავლენა იქონია კალიების შემოსევამ იუდეის მიწასა და ხალხზე?

      17 წარმოიდგინეთ, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა წინასწარმეტყველის ხილვა, რომელშიც დაუნდობელი კალიები მართლაც ედემის ბაღის მაგვარ ადგილს გაპარტახებულ ადგილად აქცევენ. მოვისმინოთ, თუ როგორაა კალიათა ლაშქარი აღწერილი: „ცხენების რემას ჰგვანან და მხედრებივით მიჰქრიან; ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული. მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის“ (იოველი 2:4–6). იოველის დღეებში კალიების შემოსევის დროს ბაალის თაყვანისმცემლები უფრო და უფრო იტანჯებოდნენ და სახეები სიბრაზისგან წამოჭარხლებული ჰქონდათ.

      18, 19. რით ჰგავს დღეს ღვთის ხალხის მოქმედება კალიების შემოსევას?

      18 კალიათა მოწესრიგებულ, დაუცხრომელ სვლას ვერაფერი აჩერებდა. ისინი ‘ფალავნებივით დარბოდნენ’ და გალავნებზეც კი ძვრებოდნენ. თუ რომელიმე ‘შუბზე ეცემოდა, სხვები მაინც არ იხევდნენ უკან’ (იოველი 2:7, 8). ღვთის დღევანდელი ლაშქრის, სიმბოლური კალიების, რა ცოცხალი წინასწარმეტყველური აღწერაა! დღესაც იეჰოვას კალიათა ლაშქარი მტკიცედ განაგრძობს წინსვლას. წინააღმდეგობის ვერავითარი ‘გალავანი’ მათ ვერ აბრკოლებს. ისინი მზად არიან უმალ მოკვდნენ, ვიდრე ღვთისადმი უმწიკვლოების შენარჩუნებაში რამე კომპრომისზე წავიდნენ, და ეს გააკეთა ათასობით მოწმემ, რომლებიც ნაცისტური გერმანიის რეჟიმის დროს „ჰაილ ჰიტლერის“ თქმაზე უარის გამო ‘შუბებზე დაეცნენ’.

      19 ღვთის კალიათა თანამედროვე ლაშქარი მთელი ქრისტიანული სამყაროს „ქალაქში“ ასრულებს დამოწმების საქმეს (იოველი 2:9). ისინი ამას მთელი მსოფლიო მასშტაბით აკეთებენ. ისინი ისევ უმკლავდებიან მრავალ დაბრკოლებას, შედიან მილიონობით ოჯახში, მიდიან ხალხთან ქუჩაში, ელაპარაკებიან ტელეფონით და ადამიანებთან ურთიერთობის დასამყარებლად ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, რომ იეჰოვას ცნობა გადასცენ. მართლაც, მათ გაავრცელეს მილიარდობით ბიბლიური პუბლიკაცია და კვლავაც შეუჩერებლივ გაავრცელებენ კიდევ მეტ პუბლიკაციას როგორც საჯაროდ, ისე კარდაკარ დაუცხრომელი მსახურებისას (საქმეები 20:20, 21).

      20. ვისი მხარდაჭერით მოქმედებენ თანამედროვე კალიები და რა შედეგებით?

      20 იოველის 2:10 ცხადყოფს, რომ კალიათა ძალიან დიდი გუნდი მზის, მთვარისა და ვარსკვლავების დამაბნელებელი ღრუბლის მსგავსია (შეადარეთ ესაია 60:8). არსებობს რამე ეჭვი, თუ ვინ დგას ამ საბრძოლო ჯარების უკან? კალიათა გრუხუნზე მეტად გაისმის იოველის 2:11-ის შემდეგი სიტყვები: «უფალმა გამოსცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე, რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის ამსრულებელი, რადგან დიდია უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?» დიახ, იეჰოვა ახლა, თავისი დიდებული დღის წინ, კალიათა მხედრობას აგზავნის.

      „არ აყოვნებს უფალი“

      21. რა შედეგები მოჰყვება ‘იეჰოვას დღის ქურდივით მოსვლას’?

      21 იოველის მსგავსად, მოციქული პეტრეც ლაპარაკობდა იეჰოვას დიდი დღის შესახებ. მან დაწერა: «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება» (2 პეტრე 3:10). სატანა ეშმაკის გავლენით ‘მიწას’ ანუ ღვთისგან ჩამოცილებულ კაცობრიობას ბოროტი სამთავრობო ‘ზეცა’ მართავს (ეფესელთა 6:12; 1 იოანე 5:19, აქ). ეს სიმბოლური ზეცა და მიწა ვერ გადაურჩება იეჰოვას დიდ დღეს ღვთის რისხვის ალს. მათ შეცვლის ‘ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე’ (2 პეტრე 3:13).

      22, 23. ა) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ იეჰოვას მიერ გულმოწყალებით გამოვლენილ მოთმინებაზე? ბ) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ იმ ფაქტზე, რომ ახლოსაა იეჰოვას დღე?

      22 დღეს მრავალი ხელის შემშლელი ფაქტორისა და რწმენის გამოცდის გამო შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს, რომ ახლა არ არის დაყოვნების დრო. მაგრამ სიმბოლური კალიების წინსვლასთან ერთად მრავალი ადამიანი ეხმაურება სამეფოს შესახებ ცნობას. თუმცა ამას ღმერთმა გარკვეული დრო გამოუყო, ჩვენ მისი სულგრძელობა დაყოვნებაში არ უნდა აგვერიოს. „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9).

      23 დღეს, როდესაც მოველით იეჰოვას დიდ დღეს, გულთან ახლოს მივიტანოთ მოციქულის სიტყვები მე-2 პეტრეს 3:11, 12-დან: „თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში, რაკი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან“. ამ ქცევასა და ღვთის მსახურებაში, რასაკვირველია, შედის წუთისოფლის აღსასრულის დადგომამდე სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში მუდმივი და მიზანდასახული მონაწილეობის მიღება, რათა არ ჩამოვრჩეთ იეჰოვას კალიათა ლაშქარს (მარკოზი 13:10).

      24, 25. ა) როგორ რეაგირებთ იეჰოვას კალიათა ლაშქართან ერთად მსახურების შესაძლებლობაზე? ბ) რა მნიშვნელოვან კითხვას სვამს იოველი?

      24 ღვთის კალიათა ლაშქარი იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის დაწყებამდე არ გაჩერდება. ამ შეუკავებელი კალიების ლაშქრის არსებობა იეჰოვას დღის მოახლოების მნიშვნელოვანი მტკიცებაა. ნუთუ არ აღგაფრთოვანებთ იეჰოვას ცხებულ კალიებთან და მათ თანამგზავრებთან ერთად მსახურება იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის წინ მძაფრ საბოლოო იერიშში?

      25 და რა დიდებული იქნება იეჰოვას დღე! ამიტომ გაკვირვებას არ იწვევს კითხვა: „ვინ გაუძლებს მას?“ (იოველი 2:11). ეს და მრავალი სხვა საკითხი განხილული იქნება მომდევნო ორ სტატიაში.

  • ვინ „გადარჩება“?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მაისი
    • ვინ „გადარჩება“?

      «ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება» (საქმეები 2:21).

      1. რატომ იყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული მსოფლიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი?

      ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული მსოფლიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი იყო. რატომ? ამ დღეს დაიბადა ახალი ერი. თავიდან ის არ იყო ძალიან დიდი და შედგებოდა იესოს მხოლოდ 120 მოწაფისგან, რომლებიც იერუსალიმში ზემოთა ოთახში იყვნენ შეკრებილი. მაგრამ დღეს, როცა იმ დროს არსებულ ერთა უმეტესობა დავიწყებას მიეცა, ერი, რომელიც ზემოთა ოთახში დაიბადა, ჯერაც არსებობს. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ის არის ღვთის მიერ ადამიანების წინაშე თავის მოწმედ დანიშნული ერი.

      2. რა სასწაულებრივი მოვლენებით აღინიშნა ახალი ერის დაბადება?

      2 ამ ახალი ერის დაბადებისას მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, რითაც იოველის წინასწარმეტყველური სიტყვები შესრულდა. ამ მოვლენების შესახებ ვკითხულობთ საქმეების 2:2–4-ში: „მოულოდნელად იყო ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ“. ამგვარად, ის 120 ერთგული კაცი და ქალი სულიერ ერად იქცა; ისინი გახდნენ მოციქულ პავლეს მიერ მოგვიანებით ‘ღვთის ისრაელად’ წოდებული ერის პირველი წევრები (გალატელთა 6:16).

      3. იოველის რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

      3 ‘ძლიერი ქარის’ მიზეზის გასაგებად შეკრებილ ხალხს მოციქულმა პეტრემ განუმარტა, რომ იმ დროს შესრულდა იოველის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება. რომელი წინასწარმეტყველება? მოვისმინოთ, თუ რა თქვა მან: «იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე, დიადი და გაცხადებული. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება» (საქმეები 2:17–21). პეტრეს სიტყვები ციტირებულია იოველის 3:1–5-დან და მათი შესრულება იუდეველთა აღსასრულის მოახლოებას ნიშნავდა. «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე, დიადი და გაცხადებული», ორგული ისრაელისთვის ანგარიშის გასწორების დრო, ახლოს იყო. მაგრამ ვინ გადარჩებოდა? და რის მომასწავებელი იყო ეს?

      წინასწარმეტყველების ორი შესრულება

      4, 5. რა რჩევა მისცა პეტრემ თავის მსმენელებს მომავალ მოვლენებთან დაკავშირებით და რატომ დარჩა ძალაში ეს რჩევა მისი დღეების შემდეგაც?

      4 ახ. წ. 33 წლის მომდევნო წლებში ღვთის სულიერი ისრაელი აყვავებას განიცდიდა, მაგრამ ხორციელ ისრაელზე ამას ვერ იტყოდით. ახ. წ. 66 წელს ხორციელ ისრაელსა და რომაელებს შორის საომარი ვითარება იყო. ახ. წ. 70 წელს ისრაელმა თითქმის შეწყვიტა არსებობა და მტრებმა იერუსალიმი და მისი ტაძარი მთლიანად გადაბუგეს. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ შესანიშნავი რჩევა გამოთქვა, სადაც გათვალისწინებული იყო ეს მომავალი ტრაგედია. ის ისევ იოველიდან ციტირებდა, როდესაც თქვა: «ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება». იეჰოვას სახელის მოხმობასთან დაკავშირებით, თითოეულ იუდეველს პირადი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამაში შედიოდა პეტრეს შემდგომი მითითების გათვალისწინებაც: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად“ (საქმეები 2:38). პეტრეს მსმენელებს იესო მესიად უნდა მიეღოთ; ისრაელმა კი, როგორც ერმა, ის უარყო.

      5 იოველის ამ წინასწარმეტყველურმა სიტყვებმა პირველი საუკუნის თვინიერ პიროვნებებზე დიდად იმოქმედა. მაგრამ ეს სიტყვები უფრო დიდად მოქმედებს დღეს, ვინაიდან მე-20 საუკუნის მოვლენები ცხადყოფს, რომ ახლა იოველის წინასწარმეტყველების მეორედ შესრულება ხდება. ვნახოთ, თუ როგორ.

      6. როგორ გამოიკვეთა ნათლად 1914 წლის მოახლოებისას, თუ ვინ იყო ღვთის ისრაელი?

      6 მოციქულების სიკვდილის შემდეგ ღვთის ისრაელი ცრუ ქრისტიანობის ღვარძლმა დაჩრდილა. მაგრამ აღსასრულის განმავლობაში, რომელიც 1914 წელს დაიწყო, კვლავ ნათლად გამოიკვეთა, თუ ვინ იყო სულიერი ისრაელი ერი. ყოველივე ამით შესრულდა იესოს იგავი ხორბლისა და ღვარძლის შესახებ (მათე 13:24–30, 36–43). 1914 წლის მოახლოებასთან ერთად ცხებულმა ქრისტიანებმა ორგული ქრისტიანული სამყაროდან გამოყოფა იწყეს და გაბედულად უარყვეს მათი ცრუ სწავლებები; ამასთანავე, ქადაგებდნენ ‘წარმართთა ჟამის’ დასრულების მოახლოებაზე (ლუკა 21:24). მაგრამ 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა წამოჭრა პრობლემები, რომლებისთვისაც ისინი მზად არ იყვნენ. ინტენსიურმა ზეგავლენამ ისინი მოასუსტა და ზოგი მათგანი კომპრომისზე წავიდა. 1918 წლისთვის მათი სამქადაგებლო საქმიანობა, ფაქტობრივად, შეწყდა.

      7. ა) რა მოხდა 1919 წელს, რაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარ მოვლენას გვახსენებს? ბ) როგორ იმოქმედა 1919 წლიდან იეჰოვას მსახურებზე მისი სულის გადმოფრქვევამ?

      7 მიუხედავად ამისა, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1919 წლიდან იეჰოვამ თავის ხალხზე ისეთი სახით იწყო სულიწმიდის გადმოფრქვევა, რომელიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის მოვლენებს გვახსენებს. რასაკვირველია, 1919 წელს არავინ ალაპარაკებულა სხვადასხვა ენაზე და არც ძლიერი ქარის ხმაური გაუგიათ. 1-ლი კორინთელთა 13:8-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან ვგებულობთ, რომ სასწაულების მოხდენის დრო კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ღვთის სული აშკარად გამოჩნდა 1919 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) კონგრესზე, როცა ერთგული ქრისტიანები გამოცოცხლდნენ და ისევ დაიწყეს სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება. 1922 წელს ისინი კვლავ ეწვივნენ სიდარ-პოინტს, სადაც ისინი გამოაცოცხლა მოწოდებამ: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“. როგორც პირველ საუკუნეში, წუთისოფელი იძულებული იყო, დაენახა ის შედეგი, რომელსაც ღვთის სულის გადმოფრქვევა იწვევდა. თითოეულმა მიძღვნილმა ქრისტიანმა — კაცმა თუ ქალმა, მოხუცმა თუ ახალგაზრდამ — ‘წინასწარმეტყველება’ ანუ ‘ღვთის დიადი საქმეების’ გამოცხადება დაიწყო (საქმეები 2:11). პეტრეს მსგავსად, ისინი თვინიერებს მოუწოდებენ, „იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო“ (საქმეები 2:40). როგორ აკეთებდნენ ამას გულისხმიერი პიროვნებები? იოველის 3:5-ში მოცემული შემდეგი სიტყვების მხედველობაში მიღებით: «ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება».

      8. როგორ მიმდინარეობს ღვთის ისრაელის საქმეები 1919 წლიდან?

      8 იმ ადრინდელი წლებიდან მოყოლებული ღვთის ისრაელის საქმე წინ მიიწევს. ცხებულთა უკანასკნელი წევრებისთვის შუბლებზე ბეჭდის დასმა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს 30-იანი წლებიდან კი არენაზე გამოჩნდა დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე თვინიერ პიროვნებათა დიდი ჯგუფი (გამოცხადება 7:3, 9). თითოეული გრძნობს დაუყოვნებელი მოქმედების საჭიროებას, რადგან იოველის 3:1, 2-ის მეორედ შესრულება ცხადყოფს, რომ ახლოსა ვართ იეჰოვას უფრო დიდ, შიშის მომგვრელ დღესთან, როცა მსოფლიო რელიგიური, პოლიტიკური და კომერციული სისტემები განადგურდება. ჩვენ მტკიცე საფუძველი გვაქვს, ‘მოვუხმოთ იეჰოვას სახელს’ სრული რწმენით, რომ ის გვიხსნის!

      როგორ ვუხმობთ იეჰოვას სახელს

      9. რა შედის იეჰოვას სახელის მოხმობაში?

      9 რა შედის იეჰოვას სახელის მოხმობაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში გვეხმარება იოველის 3:1, 2-ის კონტექსტი. მაგალითად, იეჰოვა არ უსმენს ყველას, ვინც მას უხმობს. სხვა წინასწარმეტყველის, ესაიას, მეშვეობით იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ“. რატომ არ უსმენდა იეჰოვა თავის ხალხს? ის თავად განმარტავს: „ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!“ (ესაია 1:15). იეჰოვა არ მოუსმენს სისხლისმღვრელებსა და გამუდმებით შემცოდველებს. ამიტომ უთხრა პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იუდეველებს, მოენანიებინათ. იოველის 3:1, 2-ის კონტექსტიდან ჩანს, რომ იოველიც ხაზს უსვამს მონანიების საჭიროებას. მაგალითად, იოველის 2:12, 13-ში ვკითხულობთ: „ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი“. 1919 წლიდან ცხებული ქრისტიანები ამ სიტყვების შესაბამისად მოქმედებენ. მათ მოინანიეს შეცოდებები და გადაწყვიტეს, რომ არასოდეს წავიდნენ კომპრომისზე ან არ შეანელონ მოქმედება. ამან ღვთის სულს გზა გაუხსნა, რომ მათზე გადმოსულიყო. ყველამ, ვისაც სურს მოუხმოს იეჰოვას სახელს და შესმენილ იქნეს, უნდა მიბაძოს მოყვანილ მაგალითს.

      10. ა) რა არის გულწრფელი მონანიება? ბ) როგორ რეაგირებს იეჰოვა გულწრფელ მონანიებაზე?

      10 გახსოვდეთ, გულწრფელი მონანიება უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ბოდიშის მოხდა. ისრაელები თავიანთი გრძნობების სიმძაფრის გამოსახატავად სამოსელს შემოიხევდნენ ხოლმე. მაგრამ იეჰოვა ამბობს: „გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი“. გულწრფელი მონანიება გულიდან, ჩვენი შინაგანი სიღრმიდან, მომდინარეობს. ამაში, როგორც ესაიას 55:7-ში ვკითხულობთ, შედის ცუდი საქმეების უარყოფა: „მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა — თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ“. ამაში შედის ცოდვის სიძულვილი, როგორც ამას იესო აკეთებდა (ებრაელთა 1:9). შემდეგ, დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მოგვიტევებს, ვინაიდან ის ‘მოწყალე და შემბრალებელი, სულგრძელი და მრავალმადლიანია’. იეჰოვა მიიღებს ჩვენს თაყვანისცემას, სულიერ შესაწირავსა და საღვრელს. ის მოგვისმენს, როდესაც მოვუხმობთ (იოველი 2:14).

      11. რა ადგილი უნდა ეკავოს ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას?

      11 მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა ისეთი რამ, რაც აგრეთვე უნდა გვახსოვდეს: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე“ (მათე 6:33). თაყვანისცემას არ უნდა შევხედოთ, როგორც სასხვათაშორისო, უმნიშვნელო საქმეს, რომელსაც ჩვენი სინდისის დასამშვიდებლად ვაკეთებთ. ღვთისადმი მსახურება ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს იმსახურებს. ამიტომ, იოველის მეშვეობით იეჰოვა გვეუბნება: „ჩაბერეთ საყვირს სიონზე. . . შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი — სანთიობოდან“ (იოველი 2:15, 16). ბუნებრივია, რომ ახალდაქორწინებულები დიდ ყურადღებას უთმობენ ერთმანეთს და მხოლოდ ერთმანეთს შესციცინებენ თვალებში. მაგრამ მათთვისაც კი იეჰოვასადმი მსახურება პირველ ადგილზე უნდა იყოს. არაფერი უდგას წინ იეჰოვას თაყვანსაცემად, მისი სახელის მოსახმობად შეკრებას.

      12. პოტენციური ზრდის რა შესანიშნავ მაჩვენებლებს ვხედავთ გასულ წელს უფლის საღამოზე დამსწრეთა შესახებ ცნობიდან?

      12 ვიფიქროთ ყოველივე ამაზე და გადავხედოთ იეჰოვას მოწმეთა 1997 სამსახურებრივი წლის ანგარიშის სტატისტიკურ მონაცემებს. გასულ წელს მივაღწიეთ უმაღლეს მაჩვენებელს — სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი 5 599 931-ს შეადგენდა; ეს ხოტბის შემსხმელთა ნამდვილად დიდი ჯგუფია! უფლის საღამოზე დამსწრეთა რიცხვი 14 322 226-ს შეადგენდა, რაც მაუწყებელთა რაოდენობაზე დაახლოებით რვა-ნახევარი მილიონით მეტია. ეს რიცხვი პოტენციური ზრდის შესანიშნავი მაჩვენებელია. ამ რვა-ნახევარი მილიონიდან მრავალი, როგორც დაინტერესებული პიროვნება და მონათლული მშობლების შვილი უკვე სწავლობს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას. მრავალი პირველად ესწრებოდა შეხვედრას. მათი დასწრება შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, გავეცნოთ და დავეხმაროთ შემდგომ წინსვლაში. იყვნენ აგრეთვე პიროვნებები, რომლებიც ყოველწლიურად ესწრებიან უფლის საღამოს და, შესაძლებელია, ზოგ სხვა შეხვედრასაც, მაგრამ არ აკეთებენ შემდგომ წინსვლას. რა თქმა უნდა, ასეთ პიროვნებებს სიხარულით ღებულობენ ჩვენს შეხვედრებზე. მაგრამ მათ მოვუწოდებთ, დაფიქრდნენ წინასწარმეტყველ იოველის სიტყვებზე და აწონ-დაწონონ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვას სახელის მოხმობისას ის მოუსმენს მათ.

      13. რა ვალდებულება გვაკისრია სხვების მიმართ, თუ უკვე ვუხმობთ იეჰოვას სახელს?

      13 იეჰოვას სახელის მოხმობასთან დაკავშირებით მოციქული პავლე, ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მხარეზე. წერილში რომაელთა მიმართ შევნიშნავთ, რომ ის იოველის წინასწარმეტყველურ სიტყვებს ციტირებდა: «ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება». შემდეგ მსჯელობდა: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“ (რომაელთა 10:13, 14). დიახ, მრავლისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუცვნია იეჰოვა, საჭიროა მოუხმონ მის სახელს. ჩვენ, ვინც უკვე ვიცნობთ იეჰოვას, ვალდებულები ვართ, არა მარტო ვუქადაგოთ, არამედ ხელი გავუწოდოთ და დახმარება აღმოვუჩინოთ მათ.

      სულიერი სამოთხე

      14, 15. რა სამოთხისებური კურთხევები აქვს იეჰოვას ხალხს იმის გამო, რომ იეჰოვასთვის მოსაწონი სახით მოუხმობენ მის სახელს?

      14 ამგვარად უყურებენ ამ საკითხს როგორც ცხებულები, ისე სხვა ცხვრები, შედეგად კი იეჰოვა აკურთხებს მათ. „გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს“ (იოველი 2:18). 1919 წელს იეჰოვა გამოესარჩლა თავის ხალხს და დაინდო ისინი, როცა აღადგინა და სულიერ მოქმედებაში მოიყვანა. ეს ნამდვილად სულიერი სამოთხეა, რომელიც წინასწარმეტყველ იოველის შემდეგი სიტყვებითაა აღწერილი: „ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა. ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს. სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად. აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით“ (იოველი 2:21–24).

      15 რა აღმაფრთოვანებელი სურათია! უხვადაა ისრაელების ცხოვრებაში სამი ძირითადი პროდუქტი — ხორბალი, ზეთი და ღვინო — რიცხვმრავალ ფარებთან ერთად. ჩვენს დღეებში ეს წინასწარმეტყველური სიტყვები სულიერი გაგებით სრულდება. იეჰოვა უხვად გვაძლევს საჭირო სულიერ საზრდოს. ნუთუ არ აღგვაფრთოვანებს ღვთისგან ასეთი სიუხვე? ნამდვილად, როგორც მალაქიამ იწინასწარმეტყველა, ღმერთმა ‘გახსნა ცის საქანელნი და გადმოგვიცალა კურთხევა აუწყველად’ (მალაქია 3:10).

      თანამედროვე სისტემის აღსასრული

      16. ა) რა მნიშვნელობა აქვს იეჰოვას სულის გადმოფრქვევას დღეს? ბ) რას გვიქადის მომავალი?

      16 ღვთის ხალხისთვის სწორედ ამ სამოთხის პირობების წინასწარმეტყველების შემდეგ იოველი იეჰოვას სულის გადმოფრქვევაზე წინასწარმეტყველებს. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როდესაც პეტრე ამ წინასწარმეტყველებიდან ციტირებდა, თქვა, რომ ის „უკანასკნელ დღეებში“ სრულდებოდა (საქმეები 2:17). მაშინ ღვთის სულის გადმოფრქვევა იუდეველთა სისტემისთვის უკანასკნელი დღეების დაწყებას ნიშნავდა. მე-20 საუკუნეში ღვთის ისრაელზე ღვთის სულის გადმოფრქვევა კი ნიშნავს, რომ მსოფლიო სისტემის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. რას გვიქადის მომავალი ამასთან დაკავშირებით? იოველის წინასწარმეტყველება გვეუბნება: «გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე, დიდი და საშინელი» (იოველი 3:3, 4).

      17, 18. ა) იეჰოვას რომელი საშინელი დღე დაატყდა თავს იერუსალიმს? ბ) რისკენ გვიბიძგებს იეჰოვას მომავალი საშინელი დღის აუცილებლად დადგომის შესახებ ცოდნა?

      17 ახ. წ. 66 წელს იუდეაში დაიწყო ამ წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულება და ულმობლად მიიწევდა თავისი აპოგეისკენ, ახ. წ. 70 წლისკენ, იეჰოვას საშინელი დღისკენ. რამდენად თავზარდამცემი იქნებოდა მაშინ იმ ხალხს შორის ყოფნა, რომელიც იეჰოვას სახელს არ განადიდებდა! დღესაც წინ არის თავზარდამცემი მოვლენები, როდესაც იეჰოვას ხელით მთელი მსოფლიო სისტემა განადგურდება. და მაინც, გადარჩენა შესაძლებელია. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს» (იოველი 3:5). იეჰოვას მოწმეები ნამდვილად მადლიერები არიან, რომ იციან იეჰოვას სახელი, და სავსებით სჯერათ, რომ, როცა მოუხმობენ, ის დაიცავს მათ.

      18 მაგრამ რა მოხდება, როდესაც იეჰოვას დიადი და გაცხადებული დღე მთელი თავისი მძვინვარებით თავს დაატყდება მთელ ამ წუთისოფელს? ამაზე საუბარი იქნება ბოლო სასწავლო სტატიაში.

  • განგების ველზე განაჩენის სისრულეში მოყვანა
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 მაისი
    • განგების ველზე განაჩენის სისრულეში მოყვანა

      „ხალხებმა. . . მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა“ (იოველი 4:12).

      1. რატომ ხედავს იოველი ‘განგების ველზე’ შეკრებილ ურდოებს?

      „ურდოები აწყდებიან განგების ველს“! — ამ ამაღელვებელ სიტყვებს იოველის 4:14-ში ვკითხულობთ. რატომ იკრიბებიან ეს ურდოები? იოველი იძლევა პასუხს: «ახლოვდება უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე». ეს არის იეჰოვას გამართლების დიადი დღე — იმ მრავალთათვის განაჩენის გამოტანის დღე, რომლებიც უარყოფენ ღვთის მიერ დამყარებულ სამეფოს, სადაც იესო მმართველობს. ბოლოს, გამოცხადების მე-7 თავის თანახმად, ‘ოთხმა ანგელოზმა’ უნდა გაათავისუფლოს „დედამიწის ოთხი ქარი“, რასაც მოჰყვება „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (გამოცხადება 7:1; მათე 24:21).

      2. ა) რატომ ეწოდება იეჰოვას სასამართლო განაჩენის სისრულეში მოყვანის ადგილს ‘იოშაფატის ველი’? ბ) როგორ მოქმედებდა იოშაფატი შემოტევის დროს?

      2 განაჩენის სისრულეში მოყვანის ადგილს იოველის 4:12-ში ‘იოშაფატის ველი’ ეწოდება. ეს სახელი ირეკლავს იმ ფაქტს, რომ იუდეის ისტორიის მშფოთვარე პერიოდის განმავლობაში იეჰოვამ სასამართლო განაჩენი კარგი მეფის, იოშაფატის, სასარგებლოდ აღასრულა, რომლის სახელიც ნიშნავს: „იეჰოვა მოსამართლეა“. იმ დროს მომხდარი ფაქტების განხილვა ჩვენი დროის უახლოეს მომავალში მოსახდენი მოვლენების უკეთესად გაგებაში დაგვეხმარება. ამ ისტორიის პოვნა შეგვიძლია მეორე ნეშტთა მე-20 თავში. ამ თავის პირველ მუხლში ვკითხულობთ: „მოვიდნენ მოაბიანები და ყამონიანები (ყამონელნიც მათთან იყვნენ) იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად“. როგორი იყო იოშაფატის რეაქცია? მან გააკეთა ის, რასაც კრიზისის დროს ყოველთვის აკეთებენ იეჰოვას ერთგული მსახურები. ხელმძღვანელობისთვის მხურვალე ლოცვით მიმართა იეჰოვას: „ჩვენო ღმერთო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მოპყრობილი“ (მეორე ნეშტთა 20:12).

      ლოცვაზე იეჰოვას პასუხი

      3. რა დარიგება მისცა იეჰოვამ იუდეას მეზობელი ერებისგან სასტიკი იერიშის წინ?

      3 მაშინ როცა „მთელი იუდა უფლის წინაშე იდგა, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ვაჟებით“, იეჰოვა გამოეხმაურა მათ (მეორე ნეშტთა 20:13). ლოცვების დიდებულმა მომსმენმა სწორედ ისე გამოიყენა იმ დროს ლევიანი წინასწარმეტყველი იეხაზიელი შეკრებილი ხალხისთვის პასუხის გამოსაცხადებლად, როგორც დღეს იყენებს ‘ერთგულ და გონიერ მონას’ (მათე 24:45). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ასე გეუბნებათ უფალი: ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს. . . ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. . . ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან“ (მეორე ნეშტთა 20:15–17).

      4. როგორ მოქმედება მოითხოვდა იეჰოვა თავისი ხალხისგან, რომელიც მტრის გამოწვევის პირისპირ იდგა?

      4 მეფე იოშაფატისა და მისი ხალხისგან იეჰოვა სასწაულებრივი გათავისუფლების მხოლოდ უმოქმედოდ მოლოდინს როდი მოითხოვდა. მათ საკუთარ თავზე უნდა აეღოთ ინიციატივა, თავი გაერთვათ მტრის გამოწვევისთვის. მეფემ და ‘მთელმა იუდამ, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ვაჟებით’ დიდი რწმენა გამოავლინეს, რადგან დილაადრიან მორჩილად ადგნენ და შემოსეულ ურდოებთან შესახვედრად გაემართნენ. გზაზე მეფე განაგრძობდა თეოკრატიული მითითებების მიცემასა და გამხნევებას და მოუწოდებდა: „დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით, გწამდეთ მისი წინასწარმეტყველებისა და მოგემართებათ ხელი“ (2 ნეშტთა 20:20). იეჰოვასადმი მინდობა! მისი წინასწარმეტყველების მიმართ რწმენა! — ეს იყო წარმატების გასაღები. ასევეა დღესაც; სანამ იეჰოვას ვემსახურებით, ნურასოდეს შეგვეპარება ეჭვი, რომ მისი დახმარებით ჩვენი რწმენა გაიმარჯვებს!

      5. რამდენად აქტიურად განადიდებენ ღმერთს დღეს იეჰოვას მოწმეები?

      5 იოშაფატის დღეებში მცხოვრები ებრაელების მსგავსად, ჩვენც უნდა ‘ვადიდოთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი’. როგორ განვადიდოთ იეჰოვა? სამეფოს შესახებ გულმოდგინე ქადაგებით! როგორც იუდეველებმა „დაიწყეს ყიჟინა და სიმღერა“, ასევე ჩვენც რწმენა საქმეებით უნდა შევავსოთ (2 ნეშტთა 20:21, 22). მოდი ჩვენც გამოვავლინოთ მსგავსი ნამდვილი რწმენა, რადგან იეჰოვა თავისი მტრების წინააღმდეგ სამოქმედოდ ემზადება! თუმცა ეს გზა შეიძლება გრძელი მოგვეჩვენოს, ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე — მოვითმინოთ და რწმენით ისე ვიმოქმედოთ, როგორც ამას დღეს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არახელსაყრელ პირობებში მცხოვრები ჩვენი გამარჯვებული ძმები აკეთებენ. როგორც „იეჰოვას მოწმეთა 1998 წლის წელიწდეული“ (რუს.) იუწყება, ზოგ ქვეყანაში, სადაც სასტიკი დევნები, ძალადობა, შიმშილობა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ღვთის ერთგული მსახურები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ.

      იეჰოვა შველის თავის ხალხს

      6. როგორ გვეხმარება დღეს მტკიცე რწმენა ერთგულების შენარჩუნებაში?

      6 იუდეველების გარშემო მცხოვრები ურწმუნოები ღვთის ხალხის შთანთქმას ცდილობდნენ, მაგრამ იუდეველები სამაგალითო რწმენას ავლენდნენ და იეჰოვას სიმღერით ხოტბას ასხამდნენ. ჩვენც შეგვიძლია დღეს მსგავსი რწმენის გამოვლენა. იეჰოვას სადიდებელი საქმეებით ცხოვრების შევსებით განვამტკიცებთ ჩვენს სულიერ საჭურველს და ადგილს არ მივცემთ სატანას, რომ მზაკვრობით შემოიპაროს ჩვენში (ეფესელთა 6:11). მტკიცე რწმენა ხელს შეგვიწყობს, გავუძლოთ უხამსი გართობების, მატერიალიზმისა და ჩვენ ირგვლივ არსებული მომაკვდავი წუთისოფლისთვის დამახასიათებელი აპათიის ცდუნებას. ეს უდრეკი რწმენა შეგვაძლებინებს, ყოველთვის ურყევი ერთგულებით ვიმსახუროთ ‘ერთგულ და გონიერ მონასთან’, რომელიც რეგულარულად გვკვებავს „დროულად“ მოწოდებული სულიერი საზრდოთი (მათე 24:45).

      7. როგორ რეაგირებენ იეჰოვას მოწმეები მათ წინააღმდეგ სხვადასხვაგვარ გამოსვლებზე?

      7 ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა დაგვიცავს მათეს 24:48–51-ში აღწერილი ‘ბოროტი მონის’ სულის მქონე პიროვნებების სიძულვილით აღსავსე შემოტევისგან. ეს წინასწარმეტყველება საოცარი სახით სრულდება — დღეს მრავალ ქვეყანაში განდგომილები აქტიურად თესავენ სიცრუეს, ეწევიან პროპაგანდას და ზოგი პოლიტიკური ხელმძღვანელის დაჯერებასაც კი ახერხებენ. სადაც საჭიროა, იეჰოვას მოწმეები ეპასუხებიან მათ გამოსვლას და როგორც ფილიპელთა 1:7-შია აღწერილი, ‘იცავენ და [„კანონიერად“, აქ] განამტკიცებენ სახარებას’. მაგალითად, საბერძნეთის შემთხვევაში, 1996 წლის 26 სექტემბერს ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპის სასამართლოს ცხრა მოსამართლემ სტრასბურში ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ «„იეჰოვას მოწმეთა“ რელიგია შედის იმ „ცნობილ რელიგიათა“ ჯგუფში», რომლებსაც აქვთ აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლება, ასევე თავიანთი რწმენის ქადაგების უფლება. რაც შეეხება განდგომილებს, ღვთის მიერ მათთვის გამოტანილი განაჩენი შემდეგია: „იმ მართალი იგავისა არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის“ (2 პეტრე 2:22).

      8. როგორ მოიყვანა სისრულეში იოშაფატის დღეებში იეჰოვამ თავისი ხალხის მოწინააღმდეგეებზე გამოტანილი განაჩენი?

      8 იოშაფატის დღეებში იეჰოვამ სისრულეში მოიყვანა თავისი ხალხისთვის ზიანის მიყენების მსურველებზე გამოტანილი განაჩენი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „უფალმა ალყაში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული ყამონიანები, მოაბიანები და სეყირის მთიელები და გაანადგურა. აღდგნენ ყამონიანებზე, მოაბიანებზე და სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად. როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად“ (მეორე ნეშტთა 20:22, 23). იუდეველებმა ამ ადგილს „კურთხევის ველი“ უწოდეს. დღესაც იეჰოვას მტრებისთვის მის მიერ გამოტანილი სასამართლო განაჩენის შედეგი მისი ხალხისთვის კურთხევა იქნება.

      9, 10. ვინ იმისახურებს იეჰოვასგან მსჯავრს?

      9 ჩვენ შეიძლება ვიკითხოთ, დღეს ვის დაატყდება თავს იეჰოვას მსჯავრი? პასუხის მისაღებად ისევ იოველის წინასწარმეტყველებას დავუბრუნდეთ. იოველის 4:3 ღვთის ხალხის მტრებზე ლაპარაკობს, რომლებმაც „ყმაწვილი მეძავზე გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს და სვამდნენ“. დიახ, ისინი ღვთის მსახურებს ზემოდან დაჰყურებენ და მიაჩნიათ, რომ მათი შვილების ფასი მეძავისთვის გადასახადი ფულის ან ერთი დოქი ღვინის ფასს არ აღემატება. ისინი პასუხს აგებენ ამის გამო.

      10 იეჰოვასგან ასეთივე განაჩენის ღირსები არიან სულიერი მეძავებიც (გამოცხადება 17:3–6). განსაკუთრებით კი დასაგმობი არიან ისინი, რომლებიც პოლიტიკურ ძალებს იეჰოვას მოწმეების დევნისკენ უბიძგებენ და ამით მათ მოღვაწეობას დაბრკოლებას უქმნიან, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ შფოთის შემომტანმა რელიგიურმა წინამძღოლებმა გააკეთეს. იეჰოვა არ მალავს, თავის განზრახვას ასეთი ბოროტების მიმართ (იოველი 4:4–8).

      „განემზადეთ ომისთვის“

      11. როგორ მოუწოდებს იეჰოვა თავის მტრებს ომისკენ?

      11 შემდეგ იეჰოვა თავის ხალხს ამ გამოწვევის ერებისთვის გასაცხადებლად მოუწოდებს: „განემზადეთ ომისთვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი“ (იოველი 4:9). ეს არის განაცხადი უჩვეულო ომის — სამართლიანი ომის შესახებ. იეჰოვას ერთგული მოწმეები, როდესაც რეაგირებენ ცრუ პროპაგანდაზე და ჭეშმარიტებას მოცხებულ სიცრუის ჩირქს სწმენდენ, სულიერ იარაღებზე არიან მინდობილი (2 კორინთელთა 10:4; ეფესელთა 6:17). მალე ღმერთი საომრად გაემზადება „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის“ (გამოცხადება 16:14). ის დედამიწიდან ღვთის უზენაესი ხელისუფლების ყველა მოწინააღმდეგეს მოსპობს. დედამიწაზე მყოფი მისი ხალხი ფიზიკურად არ მიიღებს მასში მონაწილეობას, რადგანაც, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ისინი ‘მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს (ესაია 2:4). ამის საპირისპიროდ, მოწინააღმდეგე ერებს იეჰოვა ეუბნება, პირიქით მოიქცნენ: „სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან — შუბები!“ (იოველი 4:10). ამგვარად, ის მათ მოუწოდებს, მთელი თავიანთი საბრძოლო იარაღი მოქმედებაში მოიყვანონ. მაგრამ ერებს წარმატება არ ექნებათ, რადგან ომიც და გამარჯვებაც იეჰოვასია!

      12, 13. ა) ცივი ომის დამთავრების მიუხედავად, რით ცხადყოფენ ერები, რომ ახლაც მზად არიან ომისთვის? ბ) რისთვის არ არიან მზად ერები?

      12 მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ერებმა გამოაცხადეს, რომ ცივი ომი დამთავრდა. მაგრამ იყო მიღწეული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი მიზანი მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? სულაც არა! რას გვეუბნება სომალისა და ერაყში, ავღანეთსა და ყოფილ იუგოსლავიაში, ლიბერიასა და რუანდაში, ბურუნდისა და ზაირში მომხდარი მოვლენები? იერემიას 6:14-ის თანახმად, ისინი ამბობენ: „მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა“.

      13 თუმცა ზოგან შეწყდა ომები, გაეროს წევრი ერები დღემდე ერთმანეთს ეჯიბრებიან უფრო და უფრო დახვეწილი საბრძოლო იარაღების წარმოების ზრდაში. ზოგი არ ანადგურებს ატომური იარაღის მარაგს. სხვები მასობრივი განადურების ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური იარაღების დამზადებას ავითარებენ. არმაგედონად წოდებულ სიმბოლურ ადგილზე ამ ერების თავმოყრისას იეჰოვა მათ შემდეგი სიტყვებით იწვევს: „უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო! იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით!“ იოველი შემდეგ საკუთარ თხოვნას რთავს: „იქ მიავლინე უფალო, შენი გმირები!“ (იოველი 4:10, 11).

      იეჰოვა იცავს საკუთარ ხალხს

      14. ვინ არიან იეჰოვას გმირები?

      14 ვინ არიან იეჰოვას გმირები? ბიბლია „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ დაახლოებით 280-ჯერ ჭეშმარიტ ღმერთს ლაშქართა იეჰოვას, „ცაბაოთ უფალს“, უწოდებს (მეოთხე მეფეთა 3:14). ეს ლაშქარი ანგელოზების ზეციერი ლაშქარია, რომელიც მზად არის იეჰოვას ბრძანების შესასრულებლად. როდესაც ასურელები ცდილობდნენ ელისეს შეპყრობას, იეჰოვამ ბოლოს ელისეს მსახურს აუხილა თვალები, რათა მას დაენახა, თუ რატომ ვერ გაიმარჯვებდნენ მტრები: „აჰა სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით“ (მეოთხე მეფეთა 6:17). იესომ თქვა, რომ მას შეეძლო თავისი მამისთვის „ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც“ ეთხოვა (მათე 26:53). როდესაც აღწერს არმაგედონში განაჩენის შემსრულებელ იესოს, ცხენზე ამხედრებულს, გამოცხადების წიგნი ამბობს: „ციური ლაშქარი მისდევდა მას თეთრ ცხენებზე, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს, და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს“ (გამოცხადება 19:14, 15). ეს სიმბოლური ღვინის საწნახელი ხატოვნად არის აღწერილი როგორც ‘ღვთის მძვინვარების დიდი საწნახელი’ (გამოცხადება 14:17–20).

      15. როგორ აღწერს იოველი ერების წინააღმდეგ იეჰოვას ომს?

      15 მაშ, როგორ უპასუხა იეჰოვამ იოველის ვედრებას ღვთის გმირების მივლენის შესახებ? ეს თვალსაჩინოდ არის აღწერილი შემდეგი სიტყვებით: «გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა. გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება. ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე განგების ველზე. მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი. იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა» (იოველი 4:12–16).

      16. ვინ იქნება მათ შორის, ვის მიმართაც იეჰოვა სისრულეში მოიყვანს გამოტანილ განაჩენს?

      16 როგორც სარწმუნოა, რომ იოშაფატის სახელი ნიშნავს: „იეჰოვა მოსამართლეა“, ასევე სარწმუნოა, რომ ღმერთი, იეჰოვა, სასამართლო განაჩენის სისრულეში მოყვანისას ბოლომდე დაამტკიცებს თავის უზენაესობას. წინასწარმეტყველებაში ისინი, რომლებიც არაკეთილსასურველ განაჩენს მიიღებენ, აღწერილია როგორც ‘განგების ველზე თავმოყრილი ურდოები’. ნებისმიერი, ვინც ცრუ რელიგიის ქომაგად რჩება, ამ ურდოების შემადგენლობაში იქნება. მათ რიცხვში იქნებიან მეორე ფსალმუნში აღწერილი ხალხები და ერები, ამქვეყნიური მეფეები და წარჩინებულნი, რომლებმაც ‘უფლისადმი შიშით მსახურებას’ ამ წუთისოფლის გარყვნილი სისტემა ამჯობინეს. ისინი არ ‘ეამბორებიან ძეს’ (ფსალმუნი 2:1, 2, 11, 12). ისინი იესოს არ სცნობენ იეჰოვას თანამზრახველ მეფედ. გარდა ამისა, გასანადგურებლად აღნიშნულთა შორის იქნება ყველა, ვისაც დიდებული მეფე ‘თხად’ ჩათვლის (მათე 25:33, 41). როდესაც იეჰოვა დანიშნულ დროს ზეციერი იერუსალიმიდან გასცემს ბრძანებას, მის მიერ ცხებული ცხენზე ამხედრებული მეფეთმეფე სისრულეში მოიყვანს ამ განაჩენს. ცა და მიწა ნამდვილად შეირყევა! მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა „დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს“ (იოველი 4:16).

      17, 18. ვინ გადაიტანს დიდ გასაჭირს და რა პირობებში იცხოვრებენ ისინი?

      17 გამოცხადების 7:9–17 დიდი გასაჭირიდან მოსულებს ‘უამრავ ხალხს’ უწოდებს, რომელიც იესოს სისხლის გამომსყიდველური ძალისადმი რწმენის გამომვლენებისგან შედგება. ისინი დაცული იქნებიან იეჰოვას დღეს, მაშინ როცა, ამის საპირისპიროდ, იოველის წინასწარმეტყველებაში აღწერილი, განგების ველზე თავმოყრილი ურდოები არაკეთილსასურველ განაჩენს მიიღებენ. ღმერთი იოველის მეშვეობით გადარჩენილებს ეუბნება: „მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე [იეჰოვას ზეციერ სამყოფელში] დავანებული“ (იოველი 4:17ა).

      18 შემდეგ წინასწარმეტყველება გვამცნობს, რომ ღვთის ზეციერი სამეფოს სამფლობელო „გახდება. . . საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი“ (იოველი 4:17ბ). ზეცაში და ზეციერი სამეფოს მიწიერ სამფლობელოში აღარ იქნებიან უცხოები, ვინაიდან ყველა წმინდა თაყვანისცემაში იქნება გაერთიანებული.

      19. როგორ არის აღწერილი იოველის მიერ ღვთის ხალხის დღევანდელი ბედნიერება, რომელიც სამოთხეში გამეფებული ბედნიერების მსგავსია?

      19 თუმცა აქ, დედამიწაზე, იეჰოვას ხალხს შორის დღესაც უდიდესი მშვიდობა სუფევს. ისინი 230-ზე მეტ ქვეყანაში და დაახლოებით 300 სხვადასხვა ენაზე გაერთიანებულად აცხადებენ ღვთის სამსჯავროს. მათი კეთილდღეობა შესანიშნავად იწინასწარმეტყველა იოველმა: „იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში“ (იოველი 4:18). დიახ, იეჰოვა განაგრძობს დედამიწაზე მისადმი ხოტბის შემსხმელებზე ბედნიერების მომტანი კურთხევებისა და კეთილდღეობის, ასევე ძვირფასი ჭეშმარიტებების მზარდი ნაკადის გადმოფრქვევას. განგების ველზე იეჰოვას უზენაესობა ბოლომდე გამართლდება და გამოსასყიდიც ხალხს შორის დიდი სიხარული დაისადგურებს, რადგან ღმერთი მარადიულად მათ შორის იქნება (გამოცხადება 21:3, 4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება