საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მზად ხარ იეჰოვას დღისთვის?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
    • მზად ხარ იეჰოვას დღისთვის?

      „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე“ (სოფონია 1:14).

      1. როგორ აღწერს საღვთო წერილი იეჰოვას დღეს?

      იეჰოვას ‘დიდი და საშინელი დღე’ მალე დაატყდება ამ ბოროტ სისტემას. საღვთო წერილი აღწერს იეჰოვას დღეს, როგორც ბრძოლისა და სიბნელის, მძვინვარებისა და მწუხარების, ტანჯვის, შფოთისა და აოხრების დღეს. მიუხედავად ამისა, იმ დღეს იქნებიან გადარჩენილები, რადგან „ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება“ (იოველი 3:3–5; ამოსი 5:18–20). დიახ, მაშინ ღმერთი მტრებს გაანადგურებს, ხოლო თავის ხალხს გადაარჩენს.

      2. რატომ უნდა ვგრძნობდეთ გადაუდებლობას იეჰოვას დღესთან დაკავშირებით?

      2 ღვთის წინასწარმეტყველები ხაზს უსვამდნენ იეჰოვას დღის გადაუდებლობას. მაგალითად, სოფონია წერდა: „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე“ (სოფონია 1:14). ეს მოვლენა დღეს უფრო გადაუდებელია, რადგან ღვთის მთავარი შურისმაძიებელი, მეფე იესო ქრისტე, მზად არის ‘წელზე მახვილის შემოსარტყმელად და ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისთვის ეტლზე დასაბრძანებლად’ (ფსალმუნი 44:4, 5). მზად ხარ ამ დღისთვის?

      ისინი დიდ მოლოდინში იყვნენ

      3. რას მოელოდა ზოგი თესალონიკელი ქრისტიანი და რომელი ორი მიზეზის გამო ცდებოდნენ ისინი?

      3 იეჰოვას დღესთან დაკავშირებით მრავალს შეუსრულებელი მოლოდინი ჰქონდა. ზოგი ადრინდელი თესალონიკელი ქრისტიანი ამბობდა: „უკვე დადგაო უფლის დღე“! (2 თესალონიკელთა 2:2). მაგრამ არსებობდა ორი საფუძვლიანი მიზეზი, რომელთა გამოც ის არ იყო დამდგარი. ერთ-ერთი მიზეზის ციტირებით პავლემ თქვა: „როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება“ (1 თესალონიკელთა 5:1–6). ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ ჩვენ პირადად ველოდებით ამ სიტყვების შესრულებას (დანიელი 12:4). თესალონიკელებს აგრეთვე სხვა დამამტკიცებელი საბუთი გამორჩათ იეჰოვას დიდი დღის მოსვლასთან დაკავშირებით, რადგან პავლე ეუბნებოდა: „ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა“ (2 თესალონიკელთა 2:3). როცა პავლე ამ სიტყვებს წერდა (დაახლოებით ახ. წ. 51 წელს) ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან „განდგომილება“ ჯერ სრულად არ იყო განვითარებული. დღეს მას გაფურჩქნულს ვხედავთ ქრისტიანულ სამყაროში. მაგრამ შეუსრულებელი მოლოდინის მიუხედავად, იმ ერთგულმა თესალონიკელმა ცხებულებმა, რომლებიც სიკვდილამდე ღვთის მსახურებაში რჩებოდნენ, საბოლოოდ მიიღეს ზეციერი ჯილდო (გამოცხადება 2:10). ჩვენც დავჯილდოვდებით, თუ იეჰოვას დღის მოლოდინში ერთგულებას დავიცავთ.

      4. ა) რას უკავშირდება იეჰოვას დღე 2 თესალონიკელთა 2:1, 2-ში (აქ)? ბ) რა თვალსაზრისი ჰქონდათ ეგრეთ წოდებულ „ეკლესიის მამებს“ ქრისტეს დაბრუნებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ?

      4 ‘იეჰოვას დიდ დღეს’ ბიბლია „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს თანდასწრებას“ უკავშირებს (2 თესალონიკელთა 2:1, 2, აქ). ეგრეთ წოდებულ „ეკლესიის მამებს“ მრავალგვარი აზრი ჰქონდათ ქრისტეს დაბრუნების, თანდასწრებისა და ათასწლიანი მეფობის შესახებ (გამოცხადება 20:4). ახ. წ. მეორე საუკუნის იერაპოლელი პაპიასი თავის გონებას იმის მოლოდინით კვებავდა, რომ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში დედამიწაზე ზღაპრული ნაყოფიერება იქნებოდა. იუსტინე წამებულს არაერთხელ უთქვამს იესოს თანდასწრების შესახებ და მოელოდა, რომ სამეფოს ადგილსამყოფელად მას აღდგენილი იერუსალიმი ექნებოდა. ლიონელი ირინეოსი ასწავლიდა, რომ რომის იმპერიის განადგურების შემდეგ იესო ხილულად გამოჩნდებოდა, სატანას შეკრავდა და მიწიერ იერუსალიმში იმეფებდა.

      5. რას ამბობს ზოგი სწავლული ქრისტეს „მეორედ მოსვლისა“ და მისი ათასწლიანი მეფობის შესახებ?

      5 ისტორიკოსმა ფილიპ შაფმა აღნიშნა, რომ ახ. წ. 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებამდელი პერიოდის „ყველაზე მწვავე საკითხს“ წარმოადგენდა „რწმენა განდიდებული ქრისტეს შესახებ, რომელიც აღდგენილ წმინდანებთან ერთად ხილულად იმეფებდა დედამიწაზე ათასი წლის განმავლობაში საერთო აღდგომასა და განკითხვამდე“. ჯეიმზ ჰეისტინგზის გამოცემული „ბიბლიის ლექსიკონი“ (A Dictionary of the Bible) აღნიშნავს: „ტერტულიანე, ირინეოსი და იპოლიტესი ჯერაც შეჰყურებენ [იესო ქრისტეს] მოახლოებულ მოსვლას; მაგრამ „ალექსანდრიელი მამების“ ეპოქაში ჩვენ აზროვნების ახალ მიმართულებას ვხედავთ. . . მებრძოლი ეკლესიის პერიოდთან ათასწლიანი პერიოდის შედარებით ავგუსტინემ მეორედ მოსვლა შორეული მომავლისთვის გადადო“.

      იეჰოვას დღე და იესოს თანდასწრება

      6. რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვას დღე ძალიან შორს არის?

      6 საკითხის მრავალგვარი არასწორი გაგება გულგატეხილობას იწვევს, მაგრამ მოდი ნუ ვიფიქრებთ, რომ იეჰოვას დღე ძალიან შორს არის. იესოს უხილავი თანდასწრება, რომელსაც ეს დღე საღვთო წერილის საფუძველზე უკავშირდება, უკვე დაიწყო. „საგუშაგო კოშკსა“ და იეჰოვას მოწმეთა სხვა პუბლიკაციებს ხშირად მოჰყავს ბიბლიური მტკიცებები იმის შესახებ, რომ ქრისტეს თანდასწრება დაიწყო 1914 წელსa. მაშ, აქედან გამომდინარე, რას ამბობდა იესო თავისი თანდასწრების შესახებ?

      7. ა) რომელი დამახასიათებელი მხარეები აქვს იესოს თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშანს? ბ) როგორ შეიძლება გადავრჩეთ?

      7 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესოს თანდასწრება განხილვას დაექვემდებარა. იერუსალიმის ტაძრის განადგურებასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების მოსმენის შემდეგ მისმა მოციქულებმა — პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ — ჰკითხეს: „როდის იქნება ეს და რა იქნება შენი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:1–3, აქ; მარკოზი 13:3, 4). პასუხად იესომ იწინასწარმეტყველა ომებზე, შიმშილზე, მიწისძვრებსა და თავისი თანდასწრებისა და სისტემის აღსასრულის ‘ნიშნის’ სხვა დამახასიათებელ მხარეებზე. მან აგრეთვე თქვა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება.“ (მათე 24:13). ჩვენ გადავრჩებით, თუ ერთგულად მოვითმენთ დღევანდელი სიცოცხლის ბოლომდე ან ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე.

      8. რა უნდა დასრულებულიყო იუდეველთა სისტემის აღსასრულამდე და რა კეთდება ამასთან დაკავშირებით დღეს?

      8 აღსასრულამდე იესოს თანდასწრების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიშანი უნდა შესრულებულიყო. ამასთან დაკავშირებით მან თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). რომაელების მიერ იერუსალიმის განადგურებასა და ახ. წ. 70 წელს იუდეველთა სისტემის აღსასრულამდე პავლეს სავსებით შეეძლო ეთქვა, რომ კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). მაგრამ დღეს იეჰოვას მოწმეები უფრო ფართოდ ასრულებენ სამქადაგებლო საქმიანობას ‘მთელ მსოფლიოში’. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ღმერთი გზას უხსნის დიდ დამოწმებას აღმოსავლეთ ევროპაში. მთელ მსოფლიოში ტიპოგრაფიებისა და სხვა მომსახურების საშუალებით იეჰოვას ორგანიზაცია ‘[„დაუმუშავებელ“, აქ] ადგილშიც’ კი მზადყოფნით ეხმაურება მზარდ მოღვაწეობას (რომაელთა 15:22, 23). გული ხომ არ გიბიძგებს აღსასრულის დადგომამდე დამოწმების საქმიანობაში შეძლებისდაგვარად ყველაფრის გასაკეთებლად? თუ დიახ, ღმერთს შეუძლია, გაგამტკიცოს იმ საქმიანობაში ღირსეული მონაწილეობის მისაღებად, რომელიც წინ გელოდება (ფილიპელთა 4:13; 2 ტიმოთე 4:17).

      9. რა აღნიშნა იესომ მათეს 24:36-ში ჩაწერილის თანახმად?

      9 სამეფოსთან დაკავშირებული ნაწინასწარმეტყველები სამქადაგებლო მსახურება და იესოს თანდასწრების ნიშნის დამახასიათებელი მხარეები სწორედ ახლა სრულდება. აქედან გამომდინარე, ამ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოსაა. მართალია, იესომ თქვა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:4–14, 36). მაგრამ იესოს წინასწარმეტყველებას შეუძლია დაგვეხმაროს, რომ მზად ვიყოთ ‘იმ დღისა და ჟამისთვის’.

      ისინი მზად იყვნენ

      10. საიდან ვიცით, რომ სულიერად ფხიზლად ყოფნა შესაძლებელია?

      10 იეჰოვას დიდი დღის გადასატანად ჩვენ სულიერ სიფხიზლეს უნდა ვინარჩუნებდეთ და მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის (1 კორინთელთა 16:13). ჩვენ ვიცით, რომ გამძლეობა შესაძლებელია, რადგან ღვთისმოშიშმა ოჯახმა გაძლო და გადარჩა ძვ. წ. 2370 წელს მომხდარ წარღვნაში, რომელმაც გაანადგურა ბოროტი ადამიანები. იმ პერიოდთან თავისი თანდასწრების შედარებისას იესომ თქვა: „როგორც იყო ნოეს დღეები, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:37–39, სსგ).

      11. რა გზას მიჰყვებოდა ნოე იმ დღეებში არსებული ძალადობის მიუხედავად?

      11 ჩვენს მსგავსად, ნოე და მისი ოჯახი მოძალადე ქვეყნიერებაში ცხოვრობდნენ. ურჩი ანგელოზი ‘ღვთისშვილები’ ხორცს ისხამდნენ, ცოლებს ირთავდნენ და მათგან წარმოშობდნენ უკიდურესად ცუდი სახელის მქონე ბუმბერაზებს — ჩხუბისთავებს, რომლებმაც, უეჭველად, უფრო გაამძვინვარეს მდგომარეობა (დაბადება 6:1, 2, 4; 1 პეტრე 3:19, 20). მიუხედავად ამისა, რწმენით ‘ნოე ღმერთთან დადიოდა’. „მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში“ — იმ დღეების ბოროტ მოდგმაში (დაბადება 6:9–11). იეჰოვას დღის მოლოდინში ლოცვით ღვთისადმი მინდობის შედეგად ჩვენც შევძლებთ იმავეს გაკეთებას ამ გამძვინვარებულ და ბოროტ ქვეყნიერებაში.

      12. ა) რას აკეთებდა ნოე კიდობნის შენების გარდა? ბ) როგორ რეაგირებდა ხალხი ნოეს ქადაგებაზე და რით დასრულდა ეს შემთხვევა მათთვის?

      12 ნოე ყველგან არის ცნობილი, როგორც კიდობნის მშენებელი წარღვნაში სიცოცხლის გადასარჩენად. ის აგრეთვე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო, მაგრამ მისი თანამედროვეები „არას დაგიდევდნენ“, არაფრად აგდებდნენ ღვთისგან მოცემულ ცნობას. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ და ცხოვრებისეულ საქმეებს აკეთებდნენ, სანამ ყველა წარღვნამ არ წალეკა (2 პეტრე 2:5; დაბადება 6:14). მათ წესიერი საუბრისა და ქცევის შესახებ მოსმენაც არ სურდათ, სწორედ როგორც დღევანდელი ბოროტი თაობა არიდებს ყურს იეჰოვას მოწმეთა ნათქვამს ‘ღვთის წინაშე მონანიებაზე’, ქრისტესადმი რწმენაზე, სამართლიანობასა და „მომავალ განკითხვაზე“ (საქმეები 20:20, 21; 24:24, 25). დღეს არ არსებობს ჩანაწერი ნოეს მიერ ღვთის ცნობის გაცხადების პერიოდში დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობაზე. მაგრამ ერთი რამ ნათელია — ძვ. წ. 2370 წელს დედამიწის მოსახლეობა რადიკალურად შემცირდა! წარღვნამ აღგავა ყველა ბოროტი და მხოლოდ ისინი დაინდო, რომლებიც მზად იყვნენ ღვთის მოქმედებისთვის — ნოე და მისი ოჯახის შვიდი წევრი (დაბადება 7:19–23; 2 პეტრე 3:5, 6).

      13. რომელ სასამართლო დადგენილებას მიენდო სრულიად ნოე და როგორ მოქმედებდა მასთან შეთანხმებით?

      13 ღმერთს წინასწარ არ შეუტყობინებია ნოესთვის წარღვნის ზუსტი დღე და საათი. მაგრამ, როცა ნოე 480 წლის იყო, იეჰოვამ ბრძანა: „არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი“ (დაბადება 6:3). ნოე სრულიად მიენდო ღვთის ამ სასამართლო დადგენილებას. ხუთას წელს გადაცილებულმა მან „შვა სემი, ქამი და იაფეთი“, ხოლო იმ დროის წეს-ჩვეულებები მიგვითითებს, რომ დაქორწინებამდე მისი ვაჟიშვილები 50-დან 60 წლამდე იქნებოდნენ. როცა ნოეს წარღვნაში გადასარჩენად კიდობნის აშენების შესახებ ეთქვა, ვაჟიშვილებსა და მათ ცოლებს, როგორც ჩანს, წვლილი შეჰქონდათ ამ მცდელობაში. კიდობნის აშენების პერიოდი, ალბათ, ნოეს ‘სიმართლის მქადაგებლად’ მსახურებას ემთხვეოდა, რითაც წარღვნამდელი 40—50 წელი იყო დაკავებული (დაბადება 5:32, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; 6:13–22). ყველა ამ წლის განმავლობაში ის და მისი ოჯახი რწმენით მოქმედებდნენ. მოდი ჩვენც გამოვავლინოთ რწმენა, სანამ კეთილ ცნობას ვქადაგებთ და იეჰოვას დღეს ველოდებით (ებრაელთა 11:7).

      14. რა უთხრა იეჰოვამ ნოეს საბოლოოდ და რატომ?

      14 კიდობნის დასრულებისას ნოე, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ წარღვნა მოახლოებული იყო, თუმცა ზუსტად არ იცოდა, როდის მოხდებოდა. საბოლოოდ იეჰოვამ უთხრა: „შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე“ (დაბადება 7:4). ამ განაცხადმა სწორედ საკმარისი დრო მისცა ნოესა და მის ოჯახს, რათა წარღვნის დაწყებამდე ყველა სახეობის ცხოველი შეეყვანათ კიდობანში და თვითონაც შესულიყვნენ. ჩვენ არ გვჭირდება ამ სისტემის განადგურების დაწყების შესახებ დღისა და საათის ცოდნა; ცხოველების გადარჩენა ჩვენი საზრუნავი არ არის, ხოლო მომავალი გადარჩენილები უკვე შედიან სიმბოლურ კიდობანში, ღვთის ხალხის სულიერ სამოთხეში.

      „ფხიზლად იყავით“

      15. ა) როგორ ახსნიდი საკუთარი სიტყვებით იესოს ნათქვამს მათეს 24:40–44-დან? ბ) რა შედეგი აქვს ღვთის შურის საძიებლად იესოს მოსვლის ზუსტი დროის არ ცოდნას?

      15 თანდასწრებასთან დაკავშირებით იესო განმარტავდა: „მაშინ ორნი იქნებიან [იმუშავებენ] ყანაში: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ორნი დაფქვავენ [მარცვალს ფქვილად] დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:40–44; ლუკა 17:34, 35). ღვთის შურის საძიებლად იესოს მოსვლის ზუსტი დროის არ ცოდნა სიფხიზლის შენარჩუნებისკენ გვიბიძგებს და ყოველდღიურად შესაძლებლობას გვაძლევს იმის დასამტკიცებლად, რომ იეჰოვას უანგარო მოტივებით ვემსახურებით.

      16. რა მდგომარეობაში იქნებიან ‘დარჩენილები’ და ‘წარტაცებულები’?

      16 ბოროტებთან ერთად გასანადგურებლად ‘დარჩენილ’ ადამიანებს შორის ისინიც იქნებიან, რომლებიც ერთხელ განათლდნენ, მაგრამ შთანთქმულ იქნენ ცხოვრების ეგოისტური წესით. დაე იმ ‘წარტაცებულებს’ შორის ვიყოთ, რომლებიც იეჰოვასადმი სრულიად თავდადებულები არიან და ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით მოწოდებული სულიერი საზრდოსთვის ნამდვილად მადლიერები (მათე 24:45–47). მოდი ბოლომდე ვემსახუროთ ღმერთს ‘წმინდა გულიდან, კეთილი სინდისისა და უპირფერო რწმენიდან გამომდინარე სიყვარულით’ (1 ტიმოთე 1:5).

      მნიშვნელოვანია წმინდა ქცევა

      17. ა) რა იყო ნაწინასწარმეტყველები მე-2 პეტრეს 3:10-ში? ბ) რომელია ზოგი ქცევა და საქმე, რომლისკენაც მე-2 პეტრეს 3:11 მოგვიწოდებს?

      17 პეტრე მოციქული წერდა: „უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება“ (2 პეტრე 3:10). სიმბოლური ზეცა და დედამიწა ვერ გადაურჩება ღვთის დიდი რისხვის ცეცხლს. ამიტომ პეტრე ამატებს: „თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში“ (2 პეტრე 3:11). ამ წმინდა ქცევასა და საქმეებში შედის ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრება, სხვებისთვის ქველმოქმედება და კეთილი ცნობის ქადაგებაში აზრით აღსავსე მონაწილეობა (მათე 24:14; ებრაელთა 10:24, 25; 13:16).

      18. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ქვეყნიერებისადმი სიყვარული გვივითარდება?

      18 ‘წმიდა ქცევა და ღვთისმოსაობა’ მოითხოვს, რომ ‘შეურყვნელად დავიცვათ თავი წუთისოფლისაგან’ (იაკობი 1:27). მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ ამ ქვეყნიერებისადმი სიყვარულს ვავითარებთ? შესაძლოა უწმინდური გართობების ძებნით ან მუსიკისა თუ სიმღერების მოსმენით, რომლებიც მხარს უჭერს ამ ქვეყნიერების უღვთო სულისკვეთებას ჩვენ ღვთის თვალწინ საკუთარ თავს სახიფათო მდგომარეობაში ვაყენებთ (2 კორინთელთა 6:14–18). თუ საქმე ამაში შედგება, მოდი ლოცვაში ვეძებოთ ღვთის დახმარება, რათა არ გავნადგურდეთ ამ ქვეყნიერებასთან ერთად, არამედ მოწონებულნი წარვდგეთ კაცის ძის წინაშე (ლუკა 21:34–36; 1 იოანე 2:15–17). თუ ღვთისადმი მიძღვნილები ვართ, ჩვენ, უეჭველად, ვისურვებთ, რაც შეიძლება საუკეთესოდ მოვიქცეთ მასთან თბილი დამოკიდებულების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად და ამრიგად მზად ვიყოთ იეჰოვას დიდი და საშინელი დღისთვის.

      19. რატომ შეუძლია სამეფოს ასე მრავალ მაუწყებელს ჰქონდეს იმედი, რომ გადაურჩება ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს?

      19 ღვთისმოშიში ნოე და მისი ოჯახი გადაურჩნენ წარღვნას, რომლითაც ძველი ქვეყნიერება განადგურდა. კეთილსინდისიერმა ადამიანებმა გადაიტანეს ახ. წ. 70 წელს იუდეველთა სისტემის აღსასრული. მაგალითად, იოანე მოციქული დაახლოებით ახ. წ. 96—98 წლებშიც კი აქტიური იყო ღვთისადმი მსახურებაში, როცა „გამოცხადება“, სახარება და სამი ინსპირირებული წერილი დაწერა. როგორც ჩანს, ათასობით იმ ადამიანთაგან, რომლებმაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჭეშმარიტი რწმენა გულით მიიღეს, მრავალი გადაურჩა იუდეველთა სისტემის აღსასრულს (საქმეები 1:15; 2:41, 47; 4:4). დღეს სამეფოს ასე მრავალ მაუწყებელს შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ გადაურჩება თანამედროვე ბოროტი სისტემის აღსასრულს.

      20. რატომ უნდა ვიყოთ ‘სიმართლის გულმოდგინე მქადაგებლები’?

      20 ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად გადარჩენის იმედით, მოდი ‘სიმართლის გულმოდგინე მქადაგებლები’ ვიყოთ. რა დიდებული უპირატესობაა ამ ბოლო დღეებში ღვთისადმი მსახურება! და რა დიდი სიხარულია, წარვმართოთ ადამიანები დღევანდელი ‘კიდობნისკენ’ სულიერი სამოთხისკენ, რომელშიც ღვთის ხალხი ცხოვრობს! დაე მილიონობით ადამიანი, რომლებიც ამ სამოთხეში არიან, დარჩნენ ერთგულნი, სულიერად ფხიზელნი და იეჰოვას დიდი დღისთვის მომზადებულნი. მაგრამ რა დაგვეხმარება თითოეულ ჩვენგანს სიფხიზლის შენარჩუნებაში?

  • ნეტარნი არიან, რომლებიც ფხიზლობენ!
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 მარტი
    • ნეტარნი არიან, რომლებიც ფხიზლობენ!

      „აჰა, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს“ (გამოცხადება 16:15).

      1. რას შეიძლება ველოდოთ იეჰოვას დღის სიახლოვის გათვალისწინებით?

      იეჰოვას დიდი დღე ახლოსაა, ხოლო ეს ომს ნიშნავს! ხილვაში მოციქულმა იოანემ ბაყაყების მსგავსი „ეშმაკის სულები“ იხილა, რომლებიც დედამიწის ყველა ‘მეფესთან’, ანუ მმართველებთან გამოდიოდნენ. რისთვის? „რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის“! იოანემ დაამატა: «შეკრიბა [„მათ შეკრიბეს“, აქ] ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება» (გამოცხადება 16:13–16).

      2. ვინ არის გოგ მაგოგელი და რა მოხდება, როცა თავს დაესხმის იეჰოვას ხალხს?

      2 მალე იეჰოვა აღძრავს ამ სისტემის პოლიტიკურ ნაწილს დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიის, გასანადგურებლად (გამოცხადება 17:1–5, 15–17). შემდეგ გოგ მაგოგელი, ზეციდან დედამიწის მიდამოებში გადმოგდებული სატანა ეშმაკი, ჩაამწკრივებს თავის ურდოებს და ჯიქურ თავს დაესხმის იეჰოვას მშვიდობიან, გარეგნულად თითქოს დაუცველ ხალხს (ეზეკიელი 38:1–12). მაგრამ თავის ხალხს ღმერთი იხსნის. ეს იქნება ‘უფლის დიდი და საშინელი დღის’ მოულოდნელი დაწყების ნიშანი (იოველი 3:4; ეზეკიელი 38:18–20).

      3. როგორ აღწერდი ეზეკიელის 38:21–23-ში ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს?

      3 დიახ, იეჰოვა გაათავისუფლებს თავის ხალხს და გაანადგურებს სატანის სისტემის ყოველგვარ ნაკვალევს, როცა ჰარ-მეგიდონად, ანუ არმაგედონად წოდებულ ქვეყნიერების მდგომარეობას მივაღწევთ. წაიკითხე ეზეკიელის 38:21–23-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები და წარმოიდგინე იქ აღწერილი სურათი. იეჰოვას ძალა აქვს, რომ მოახდინოს წამლეკავი თავსხმა, გამანადგურებელი ქვის სეტყვა, ცეცხლის წვიმა და გამოიწვიოს სასიკვდილო ეპიდემია. გოგ მაგოგელისგან დაბნეულობაში ჩაგდებული ურდოების ერთმანეთთან ბრძოლის დროს ყველგან გაბატონებულია პანიკა. ყოვლისშემძლე ღვთის ყოველი დარჩენილი მტერი სიკვდილით ისჯება, როცა თავისი მსახურების სახსნელად იეჰოვა ზებუნებრივ საშუალებებს იყენებს. სატანის ურწმუნო სისტემისგან აღარაფერი დარჩება, როცა ნაწინასწარმეტყველები „დიდი გასაჭირი“ თავის სარბიელს გაირბენს (მათე 24:21). მაგრამ აგონიაშიც კი ბოროტები გაიგებენ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მათი უბედურებისთვის. ჩვენი გამარჯვებული ღმერთი პირადად ამბობს: „მიხვდებიან, რომ უფალი ვარ“. ეს განსაკუთრებული მოვლენები ჩვენს დღეებში — იესოს თანდასწრების დროს — მოხდება.

      ქურდივით მოსვლა

      4. როგორ მოვა იესო ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად?

      4 დიდებით მოსილმა უფალმა იესო ქრისტემ თქვა: „აჰა, მოვდივარ, როგორც ქურდი“. ქურდის მსგავსად მოსვლა იქნება უეცარი, მოულოდნელი, როცა უმრავლესობას სძინავს. როცა ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად იესო ქურდივით მოვა, ის დაიცავს მათ, ვინც ნამდვილად ფხიზლობს. მან იოანეს უთხრა: „ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი“ (გამოცხადება 16:15). რა არის ამ სიტყვების არსი? და როგორ შეგვიძლია სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება?

      5. რა წესრიგი არსებობდა ტაძარში სამსახურისთვის დედამიწაზე იესოს ყოფნისას?

      5 ჩვეულებრივ, გუშაგს ვერ გააშიშვლებდნენ, გუშაგობაზე თუ არ ჩაეძინებოდა. მაგრამ დედამიწაზე იესოს ყოფნისას და იერუსალიმის ტაძარში მღვდლებისა და ლევიანების დანაყოფების მსახურებისას ასეთი შემთხვევა იერუსალიმის ტაძარში მომხდარა. ძვ. წ. XI საუკუნეში მეფე დავითმა ჩამოაყალიბა 24 დანაყოფიანი ორგანიზაცია ისრაელის ასობით მღვდლისა და მათი ათასობით ლევიანი დამხმარისგან (პირველი ნეშტთა 24:1–18). ათასზე მეტი მომზადებული მსახურისგან შემდგარი თითოეული დანაყოფი ტაძარში მსახურებასთან დაკავშირებული საქმეების თავის რიგს სრული ერთი კვირით, ყველაზე მცირე, წელიწადში ორჯერ ასრულებდა. მაგრამ კარვობის დღესასწაულზე მოვალეობების შესასრულებლად ყველა 24 დანაყოფი ესწრებოდა. დამატებითი დახმარება აგრეთვე პასექის დღესასწაულების დროს იყო საჭირო.

      6. რას იგულისხმებდა იესო, როცა თქვა: „ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს“?

      6 როცა იესომ თქვა: „ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს“, მან შეიძლება იმ დროისთვის ტრადიციულ მოქმედებაზე მიუთითა, რომელიც ტაძარში გუშაგობას შეიცავდა. იუდაური „მიშნა“ იტყობინება: «ტაძარში მღვდლები სამ ადგილზე იცავდნენ გუშაგობას: აბტინას სახლის ოთახში, ცეცხლის ოთახსა და ბუხრის ოთახში; ხოლო ლევიანები ოცდაერთ ადგილზე; ხუთი — ტაძრის მთის ხუთ კარიბჭეში, ოთხი — შიგნით მის ოთხ კუთხეში, ხუთი — ტაძრის ეზოს ხუთ კარიბჭეში, ოთხი — გარე ოთხ კუთხეში, ერთი — შესაწირავების ოთახში, ერთი — ფარდის ოთახში და კიდევ ერთი შენდობის ადგილის უკან [წმიდათა წმიდის უკანა კედლის გარეთ]. ტაძრის მთის მოხელე ყველა გუშაგს შემოუვლიდა ანთებული ჩირაღდნებით, რომლებიც წინ მიჰქონდათ, და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გუშაგი არ დგებოდა სიტყვებით: „ო, ტაძრის მთის მოხელევ, მშვიდობა შენდა!“, რაც ჩაძინებაზე მიუთითებდა, ოფიცერი სცემდა მას კვერთხით და უფლება ჰქონდა, დაეწვა მისი ზედა ტანსაცმელი» (The Mishnah, Middoth [“Measurements”], 1, აბზაცები 1, 2, ჰერბერტ დენბის თარგმანი).

      7. რატომ უნდა ეფხიზლათ მღვდლებსა და ლევიანებს ტაძარში გუშაგობისას?

      7 სამსახურებრივი დანაყოფიდან მრავალი ლევიანი და მღვდელი მთელი ღამე ფხიზლობდა გუშაგობის შესასრულებლად და ტაძრის შიდა ეზოებში უწმინდურის შესვლის აღსაკვეთად. რადგან „ტაძრის მთის მოხელე“, ანუ „ტაძრის მეთაური“ ღამის შემოვლის დროს ყველა 24 სადარაჯოს უვლიდა, თავის ადგილზე მდგომ ყოველ გუშაგს უნდა ეფხიზლა, თუ არ სურდა, რომ მოვალეობის უგულებელყოფაზე დაეჭირათ (საქმეები 4:1).

      8. რა არის ქრისტიანის ფიგურალური სამოსელი?

      8 ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახურნი სულიერ სიფხიზლეს უნდა ინარჩუნებდნენ და თავიანთ ფიგურალურ ზედა სამოსელს უნდა იცავდნენ. ეს იეჰოვას სულიერ ტაძარში სამსახურებლად ჩვენი დანიშნულებების ხილული მტკიცებაა. ამის შესაცნობად ჩვენ გვაქვს ღვთის სულიწმიდა, ანუ მოქმედი ძალა, რათა დაგვეხმაროს ჩვენი მოვალეობებისა და სამეფოს მაუწყებლების შესაფერი უპირატესობების შესასრულებლად. საგუშაგო ადგილებზე ჩაძინება ჩვენ, როგორც ღვთის მსახურებს, იესო ქრისტეს, დიდებული სულიერი ტაძრის მეთაურის მიერ დაჭერის საფრთხეში ჩაგვაყენებდა. ამ დროს სულიერად ჩაძინება ფიგურალურად გაგვაშიშვლებდა და სიმბოლურ სამოსელს დაგვიწვავდა. ამიტომ, როგორ შეგვიძლია სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება?

      როგორ შეგვიძლია სიფხიზლის შენარჩუნება

      9. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ბიბლიის შესწავლა ქრისტიანული პუბლიკაციების დახმარებით?

      9 ქრისტიანული პუბლიკაციების დახმარებით საღვთო წერილის გულმოდგინე შესწავლა აღვივებს სულიერ სიფხიზლეს. ასეთი შესწავლა მოგვამზადებს მსახურებისთვის, დაგვეხმარება მრავალი კრიზისის შესახვედრად და გვიჩვენებს გზას მარადიული ბედნიერებისკენ (იგავნი 8:34, 35; იაკობი 1:5–8). შესწავლა უნდა იყოს საგულდაგულო და პროგრესული (ებრაელთა 5:14–6:3). რეგულარულად მიღებულ კარგ საზრდოს შეუძლია დაგვეხმაროს სიფხიზლისა და მზადყოფნის შენარჩუნებაში. მას შეუძლია აგვარიდოს მოდუნებულობა, რომელიც შესაძლოა ცუდი კვების ნიშანი იყოს. ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს არასაკმარისი სულიერი კვებისა და მოდუნებულობისთვის, რადგან ღმერთი უხვად უზრუნველგვყოფს სულიერი საზრდოთი ცხებული ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით (მათე 24:45–47). პირადი და ოჯახური შესწავლის საშუალებით სულიერი საზრდოს რეგულარული მიღება ერთ-ერთი მეთოდია სიფხიზლისა და ‘რწმენაში სიჯანსაღის’ შესანარჩუნებლად (ტიტე 1:13).

      10. როგორ გვეხმარება ქრისტიანული კრებები და პატარა თუ დიდი კონგრესები სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში?

      10 სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში ქრისტიანული კრებები და პატარა თუ დიდი კონგრესები გვეხმარება. ისინი აღგვძრავს და შესაძლებლობას გვაძლევს ‘ერთმანეთის სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის წასახალისებლად’. განსაკუთრებით იმიტომ უნდა ვიკრიბებოდეთ რეგულარულად, რომ ‘ვატყობთ იმ დღის მოახლოებას’. ის დღე ახლა მართლაც ახლოა. ეს არის «უფლის დღე», როცა ის გაამართლებს თავის უზენაეს ხელისუფლებას. თუ ის დღე ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის — რაც მართლაც ასე უნდა იყოს — ჩვენ არ „მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელთა 10:24, 25; 2 პეტრე 3:10).

      11. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანული მსახურება არსებითად მნიშვნელოვანია სულიერი სიფხიზლისთვის?

      11 ქრისტიანულ მსახურებაში მთელი გულით მონაწილეობის მიღება არსებითად მნიშვნელოვანია სულიერი სიფხიზლისთვის. კეთილი ცნობის რეგულარული და გულმოდგინე ქადაგება სიფხიზლეს გვინარჩუნებს. ჩვენი მსახურება მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს ღვთის სიტყვის, მისი სამეფოსა და განზრახვების შესახებ ადამიანებთან საუბრისთვის. სიამოვნების მომგვრელია კარდაკარ დამოწმება, განმეორებით მონახულებებზე წასვლა და ისეთი პუბლიკაციების საშუალებით ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩატარება, როგორიცაა „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ძველი ეფესოს უხუცესებს შეეძლოთ დაემოწმებინათ, რომ პავლე ასწავლიდა მათ „საჯაროდ თუ სახლებში“ (საქმეები 20:20, 21). რასაკვირველია, იეჰოვას ზოგ მოწმეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს, რომლებიც, გარკვეულწილად, ხელის შემშლელია მსახურებაში, მაგრამ ისინი ნახულობენ საშუალებებს, მოუთხრონ სხვებს იეჰოვასა და მისი მეფობის შესახებ და ასე მოქმედებით დიდ სიხარულს იძენენ (ფსალმუნი 144:10–14).

      12, 13. რომელი მიზეზებით უნდა მოვერიდოთ ჭამა-სმაში გადამეტებულ გატაცებას?

      12 სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება გადამეტებული გატაცებების არიდება. თავისი თანდასწრების მოხსენიებისას იესომ მოუწოდა მოციქულებს: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე“ (ლუკა 21:7, 34, 35). ღორმუცელობა და ლოთობა სრულიად ეწინააღმდეგება ბიბლიის პრინციპებს (მეორე რჯული 21:18–21). იგავნის 23:20, 21-ში ნათქვამია: „ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის; რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს (იგავნი 28:7).

      13 მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადამეტებულ სმა-ჭამას ასეთ დონემდე არ მიუღწევია, მას შეუძლია ძილი მორიოს ადამიანს და ზარმაცი და ღვთის ნების შესრულების უგულებელმყოფელიც კი გახადოს. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება საზრუნავი ოჯახურ ცხოვრებასთან, ჯანმრთელობასა და სხვა მრავალ რამესთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ ჩვენს ცხოვრებაში და ვირწმუნებთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა ყოველივეთი უზრუნველგვყოფს (მათე 6:25–34). სხვაგვარად, ‘ის დღე’ გვეწევა „როგორც მახე“, შესაძლოა, როგორც ფარული ხაფანგი, რომელიც მოულოდნელად დაგვიჭერს ან ისეთი ხაფანგების მსგავსად შეგვიტყუებს, რომლებიც იტყუებს და შემდეგ იპყრობს მიამიტ ცხოველებს. ეს არ მოხდება, თუ შევინარჩუნებთ სიფხიზლეს და სრულად შევიგნებთ, რომ ‘უკანასკნელი ჟამის’ პერიოდში ვცხოვრობთ (დანიელი 12:4).

      14. რატომ უნდა ვიყოთ მუდამ გულწრფელ ლოცვაში?

      14 სულიერი სიფხიზლისთვის კიდევ ერთი დახმარება არის გულწრფელი ლოცვა. თავის დიდებულ წინასწარმეტყველებაში იესო კვლავ მოუწოდებდა: „ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:36). დიახ, მოდი ვილოცოთ, რომ ყოველთვის ვიყოთ იეჰოვას მხარეზე და ვისარგებლოთ მოწონებული მდგომარეობით, როცა იესო, კაცის ძე, მოვა ამ ბოროტი სისტემის გასანადგურებლად. ჩვენს სასიკეთოდ და თანამორწმუნეების სასიკეთოდ, რომლებისთვისაც ვლოცულობთ, ‘ფხიზლად უნდა ვიყოთ ლოცვაში’ (კოლასელთა 4:2; ეფესელთა 6:18–20).

      დრო იწურება

      15. რა სრულდება სიმართლის მქადაგებლებად ჩვენი მსახურებით?

      15 იეჰოვას დიდი დღის მოლოდინში, უეჭველია, მისადმი მსახურებაში ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფრის გაკეთება გვსურს. თუ ამის შესახებ მისადმი გულმოდგინედ ვლოცულობთ, ჩვენთვის შეიძლება „ღვაწლის ფართე კარი“ გაიხსნას (1 კორინთელთა 16:8, 9). ღვთის დანიშნულ დროს იესო შეასრულებს განაჩენს და გამოარჩევს მარადიული სიცოცხლის ღირს უმწიკვლო ‘ცხვრებს’ უღვთო ‘თხებისგან’, რომლებიც საუკუნო განადგურებას იმსახურებენ (იოანე 5:22). თხებისგან ცხვრების გამორჩევა ჩვენი მოვალეობა არ არის. მაგრამ სიმართლის მქადაგებლებად ჩვენი მსახურება შესაძლებლობას სთავაზობს ადამიანებს, აირჩიონ ღვთისადმი მსახურების შემცველი სიცოცხლე და ამრიგად მოიპოვონ სიცოცხლისთვის გამორჩეულთა იმედი, როცა იესო „მოვა. . . თავისი დიდებით“. იმ დროს, როცა ‘საუკუნო სიცოცხლისთვის განწესებულებს [„სწორად განწყობილებს“, აქ]’ ვეძებთ, ამ სისტემისთვის დარჩენილი ხანმოკლე პერიოდი კიდევ უფრო აძლიერებს გულწრფელი მოღვაწეობის აუცილებლობას (მათე 25:31–46; საქმეები 13:48).

      16. რატომ უნდა ვიყოთ სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლები?

      16 ნოეს დროინდელი ქვეყნიერებისთვის დრო ამოიწურა და მალე ის ამ სისტემისთვისაც ამოიწურება. ამიტომ მოდი სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლები ვიყოთ. ჩვენი სამქადაგებლო მსახურება წარმატებით წინ მიიწევს, რადგან ყოველწლიურად ასი ათასობით ადამიანი ინათლება ღვთისადმი მიძღვნის სიმბოლოდ. ისინი იეჰოვას კურთხეული ორგანიზაციის ნაწილი ხდებიან — „ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი“ (ფსალმუნი 99:3). რა დიდი სიხარულია სამეფოს შესახებ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღება, რომელსაც იეჰოვას ‘დიდი და საშინელი დღის დადგომამდე’ იმედი მოაქვს ასე მრავალი ადამიანისთვის!

      17, 18. ა) რა რეაგირებას უნდა ველოდეთ ზოგი ადამიანისგან ქადაგებისას? ბ) რა ეწევა დამცინავებს აუცილებლად?

      17 ნოეს მსგავსად, ჩვენც გვაქვს ღვთის მხარდაჭერა და მფარველობა. დიახ, ადამიანები და ხორცშესხმული ანგელოზები თუ ბუმბერაზები, ალბათ, აგდებულად ეპყრობოდნენ ნოეს ცნობას, მაგრამ ამ ფაქტს არ დაუბრკოლებია ის. დღეს ზოგი დაგვცინის, როცა „უკანასკნელ დღეებში“ ცხოვრების უთვალავ მტკიცებაზე მივუთითებთ (2 ტიმოთე 3:1–5). ასეთი დაცინვით სრულდება ბიბლიის წინასწარმეტყველება ქრისტეს თანდასწრებასთან დაკავშირებით, რადგან პეტრემ დაწერა: „უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან. ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმაო? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული“ (2 პეტრე 1:16; 3:3, 4).

      18 დღევანდელმა დამცინავებმა შეიძლება იფიქრონ: „არაფერი შეცვლილა დასაბამიდან. სიცოცხლე გრძელდება, ადამიანები ჭამენ, სვამენ, ქორწინდებიან და ოჯახებს ქმნიან. თუ იესო უკვე ესწრება, ის ჩემ დროს არ შეასრულებს განაჩენს“. რა ძალიან ცდებიან ისინი! თუ მანამდე სხვა მიზეზებით არ მოკვდებიან, იეჰოვას საშინელი დღე აუცილებლად ისევე ეწევა მათ, როგორც წარღვნით გამოწვეული კატასტროფული განადგურება ეწია ნოეს დროინდელ ბოროტ თაობას (მათე 24:34).

      ყველანაირად შეინარჩუნე სიფხიზლე!

      19. როგორ უნდა ვუყურებდეთ მოწაფეებად ადამიანების მომზადებასთან დაკავშირებულ ჩვენს საქმიანობას?

      19 თუ იეჰოვასადმი მიძღვნილები ვართ, დაე ნურასდროს დაგვაძინებს მცდარი მსჯელობა. ეს სიფხიზლის შენარჩუნების დროა, ღვთის წინასწარმეტყველებისადმი რწმენის გამოვლენისა და ‘ყველა ხალხისგან მოწაფეებად ადამიანების’ მომზადებასთან დაკავშირებული დავალების შესრულების დროა (მათე 28:19, 20). ახლა, როცა ეს სისტემა თავის საბოლოო აღსასრულის წინაშე დგას, შეუძლებელია, რომ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით იეჰოვა ღმერთისადმი მსახურებასა და აღსასრულის მოსვლამდე მთელ მსოფლიოში ‘სასუფევლის შესახებ სახარების’ ქადაგებაზე დიდებული უპირატესობა გვქონდეს (მათე 24:14; მარკოზი 13:10).

      20. რა მაგალითი დაგვიტოვეს ქალებმა და იესო ნავეს ძემ და რას ცხადყოფს მათი მოქმედება ჩვენთვის?

      20 იეჰოვას ხალხიდან ზოგი ემსახურება მას ათწლეულების, შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. და სულ ახალი მიღებულიც რომ გვქონდეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა, დაე ებრაელი მამაკაცის, სახელად ქალების მსგავსნი ვიყოთ, რომელიც ბოლომდე „უფლის ერთგული იყო“ (მეორე რჯული 1:34–36). ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლების შემდეგ ცოტა ხანში ის და იესო ნავეს ძე საკმაოდ მზად იყვნენ აღთქმულ მიწაზე შესასვლელად. მაგრამ უფროსი თაობის ისრაელებს ძირითადად არ ჰქონდათ რწმენა და მათ უდაბნოში მოუწიათ 40 წლის გატარება, სადაც მოკვდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ქალები და იესო ნავეს ძე მათთან ერთად იტანდნენ გაჭირვებას, მაგრამ აღთქმულ მიწაზე საბოლოოდ ეს ორი მამაკაცი შევიდა (რიცხვნი 14:30–34; იესო ნავეს ძე 14:6–15). თუ ბოლომდე ‘იეჰოვას ერთგულნი ვიქნებით’ და სულიერ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ, ჩვენ ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში შესვლით გავიხარებთ.

      21. რას მოვესწრებით, თუ სულიერ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ?

      21 ფაქტები ნათლად ამტკიცებს, რომ ჩვენ აღსასრულის პერიოდში ვცხოვრობთ და რომ იეჰოვას დღე ახლოა. ახლა დაძინებისა და ღვთის ნების შესრულების უგულებელყოფის დრო არ არის. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიქნებით კურთხეულნი, თუ სულიერ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ და იეჰოვას ქრისტიანი მსახურების ამოსაცნობ სამოსელს დავიცავთ. დაე მივიღოთ გადაწყვეტილება — ‘ვიფხიზლოთ, ვიდგეთ რწმენაში და ვაჟკაცურად და ძლიერად ვიყოთ’ (1 კორინთელთა 16:13). დაე თითოეული ჩვენგანი უდრეკი და გაბედული იყოს, როგორც იეჰოვას მსახური. მაშინ ჩვენც ვიქნებით მათ შორის, რომლებიც მზად იქნებიან იეჰოვას დიდი დღის დარტყმისთვის და ერთგულად იმსახურებენ სიფხიზლის დამცველ ბედნიერ ადამიანთა რიგებში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება