საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მელოდეთ“
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
    • „მელოდეთ“

      „მელოდეთ მე, ამბობს უფალი“ (სოფონია 3:8).

      1. რის შესახებ აფრთხილებდა წინასწარმეტყველი სოფონია და რატომ არის საინტერესო ეს დღეს მცხოვრები ადამიანებისთვის?

      „ახლოს არის უფლის დიდი დღე“. ამ გაფრთხილებას ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნის შუა წლებში წარმოთქვამდა წინასწარმეტყველი სოფონია (სოფონია 1:14). ეს წინასწარმეტყველება შესრულდა 40–50 წლის შემდეგ, როცა იეჰოვას განაჩენების შესრულების დღე თავს დაატყდა იერუსალიმსა და იმ ერებს, რომლებიც დაუფარავად უგულებელყოფდნენ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას იმით, რომ ცუდად ეპყრობოდნენ მის ხალხს. რატომ არის საინტერესო ეს ამბავი XX საუკუნის დასასრულს მცხოვრებთათვის? ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა იეჰოვას საბოლოო „დიდი დღე“ სწრაფად ახლოვდება. სოფონიას დროს მომხდარის მსგავსად, იეჰოვას „ანთებული რისხვა“ სადაცაა გადაბუგავს იერუსალიმის თანამედროვე ეკვივალენტს, ქრისტიანულ სამყაროს და ყველა ერს, რომლებიც ცუდად ეპყრობიან იეჰოვას ხალხს და არ ემორჩილებიან მის უზენაეს ხელისუფლებას (სოფონია 1:4; 2:4, 8, 12, 13; 3:8, აქ; 2 პეტრე 3:12, 13).

      სოფონია — გაბედული მოწმე

      2, 3. ა) რა ვიცით სოფონიას შესახებ და რა მიუთითებს, რომ ის იეჰოვას გაბედული მოწმე იყო? ბ) რომელი ფაქტები გვაძლევს საშუალებას, დავადგინოთ სოფონიას წინასწარმეტყველების დრო და ადგილი?

      2 ცოტაა ცნობილი წინასწარმეტყველის, სოფონიას შესახებ, რომლის სახელიც (ებრაულად ცეფჰან·იაჰʹ) ნიშნავს „იეჰოვა იფარავს (განძივით ინახავს)“. მაგრამ სხვა წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, თავისი გვარტომობა სოფონიამ მეოთხე თაობის, ‘ხიზკიას’ ჩათვლით აღწერა (სოფონია 1:1; შეადარე ესაია 1:1; იერემია 1:1; ეზეკიელი 1:3). რადგან ეს ძალიან უჩვეულოა, კომენტატორების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მისი პაპის პაპა იყო ერთგული მეფე ხიზკია. თუ მეფე იყო, მაშინ სოფონია მეფური წარმოშობის ყოფილა და ეს წონას შეჰმატებდა იუდას მთავრებისთვის გამოტანილ სასტიკ განაჩენს და უჩვენებდა, რომ ის იეჰოვას გაბედული მოწმე და წინასწარმეტყველი იყო. ფაქტი, რომ მან საფუძვლიანად იცოდა იერუსალიმის ტოპოგრაფია და სამეფო კარზე მიმდინარე საქმეები, ნიშნავს, რომ იეჰოვას განაჩენებს ის შესაძლოა თვით დედაქალაქში აცხადებდა (იხილე სოფონია 1:8–11, აქ, სქოლიოები).

      3 ყურადღების ღირსია ფაქტი, რომ თავის კრიტიკაში, იუდას საერო ‘მთავრებისა’ (აზნაურების, ანუ ტომების მეთაურების) და ‘უფლისწულების’ წინააღმდეგ ღვთიური განაჩენების გამოცხადებისას, სოფონიას არასდროს უხსენიებია მეფეa (სოფონია 1:8; 3:3). ეს საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდა მეფე იოშიაჰუმ უკვე გამოავლინა მისწრაფება წმინდა თაყვანისმცემლობისადმი, თუმცა არსებული მდგომარეობით გამოწვეული უკმაყოფილება, რომელიც სოფონიამ გამოთქვა, ნათელყოფს, რომ მეფეს ჯერ არ ჰქონდა დაწყებული რელიგიური რეფორმები. აქედან გამომდინარეობს აზრი, რომ სოფონია იუდაში იოშიაჰუს მეფობის დასაწყისში წინასწარმეტყველებდა, რომელიც მმართველობდა ძველი წელთაღრიცხვით 659–629 წლების განმავლობაში. ეჭვგარეშეა, სოფონიას აქტიურმა წინასწარმეტყველებამ უფრო ღრმად ჩაახედა ახალგაზრდა იოშიაჰუ იმ დროს იუდაში გაბატონებულ კერპთაყვანისმცემლობაში, ძალმომრეობასა და გახრწნილობაში და მოგვიანებით აღძრა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ზომების მისაღებად (მეორე ნეშტთა 34:1–3).

      იეჰოვას რისხვის ანთების მიზეზები

      4. რომელი სიტყვებით გამოთქვა იეჰოვამ თავისი რისხვა იუდასა და იერუსალიმზე?

      4 იეჰოვას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, განრისხებულიყო იუდასა და მისი დედაქალაქის, იერუსალიმის წინამძღოლებსა და მკვიდრებზე. თავისი წინასწარმეტყველი სოფონიას მეშვეობით მან გამოაცხადა: „ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს; მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ [ეფიცებიან, აქ] და თავიანთ მეფეს [მალქამს, აქ] იფიცავენ“ (სოფონია 1:4, 5).

      5, 6. ა) როგორი რელიგიური მდგომარეობა იყო იუდაში სოფონიას დროს? ბ) რა მდგომარეობაში იყვნენ იუდას საერო წინამძღოლები და მათი ხელქვეითები?

      5 იუდას ჩირქი მოეცხო ბაალისადმი თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ნაყოფიერების გამომხატველი გადაგვარებული რიტუალების გამო, აგრეთვე დემონური ასტროლოგიისა და წარმართული ღმერთისადმი, მალქამისადმი თაყვანისმცემლობის გამო. თუ მალქამი და მოლოქი ერთი და იგივეა, როგორც ზოგიერთი მიიჩნევს, მაშინ იუდას ცრუ თაყვანისმცემლობა ბავშვების შეწირვის საძაგელ რიტუალს შეიცავდა. ასეთი რელიგიური ჩვეულებები სიბილწე იყო იეჰოვას თვალში (მესამე მეფეთა 11:5, 7; 14:23, 24; მეოთხე მეფეთა 17:16, 17). იუდეველებმა ღმერთის უძლიერესი რისხვა გამოიწვიეს, რადგან კერპთაყვანისმცემლებად ყოფნისას ისინი ჯერ კიდევ იეჰოვას სახელს იფიცავდნენ. ის ვეღარ მოითმენდა ასეთ რელიგიურ უწმინდურობას და გაანადგურებდა კერპთაყვანისმცემელ და განდგომილ მღვდლებს.

      6 გარდა ამისა, იუდას საერო წინამძღოლები მოღალატეები იყვნენ. მისი მთავრები მტაცებელი ‘მბრდღვინავი ლომებივით’ იყვნენ და მსაჯულები გაუმაძღარ ‘მგლებს’ ჰგავდნენ (სოფონია 3:3). მათი ხელქვეითები დადანაშაულებულნი იყვნენ ‘თავიანთი უფლის სახლის [ბატონების სახლების, აქ] მძლავრობითა და სიცრუით ავსებაში’ (სოფონია 1:9). მატერიალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული. სიმდიდრის მოსახვეჭად მრავალი სარგებლობდა ასეთი მდგომარეობით (სოფონია 1:13).

      ეჭვები იეჰოვას დღის შესახებ

      7. ‘უფლის დიდი დღის’ დადგომამდე რამდენი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდა სოფონია და რა სულიერ მდგომარეობაში იყო მრავალი იუდეველი?

      7 როგორც უკვე შევნიშნეთ, სოფონიას დროს გაბატონებული დამღუპველი რელიგიური მდგომარეობა მიუთითებს, რომ მოწმედ და წინასწარმეტყველად სოფონია მსახურობდა ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 648 წელს, სანამ მეფე იოშიაჰუ კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა (მეორე ნეშტთა 34:4, 5). ამრიგად, როგორც ჩანს, იუდას სამეფოზე ‘უფლის დიდი დღის’ დატყდომამდე, სოფონია, სულ მცირე, 40 წლით ადრე წინასწარმეტყველებდა. ამ შუალედში მრავალი იუდეველი ეჭვებით იკვებებოდა და უფლისადმი მსახურებისგან ‘განდგომის’ გზას მიჰყვებოდა, რის გამოც გულგრილები ხდებოდნენ. სოფონია ლაპარაკობდა მათ შესახებ, რომლებიც „აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ“ მას (სოფონია 1:6). ნათელია, რომ იუდაში ზოგიერთები გულგრილები იყვნენ და არ იწუხებდნენ თავს ღმერთზე ფიქრით.

      8, 9. ა) რატომ შეამოწმებდა იეჰოვა ‘მათ, რომლებიც საკუთარ ნალექზე ილექებოდნენ’? ბ) როგორ მიაპყრობდა იეჰოვა ყურადღებას იუდას მოსახლეობასა და მათ საერო და რელიგიურ წინამძღოლებს?

      8 იეჰოვამ აცნობა ხალხს თავისი განზრახვა, რათა შეემოწმებინა ისინი, რომლებსაც მის ხალხად მოჰქონდათ თავი. მათ შორის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მისი თაყვანისმცემლები იყვნენ, ის მოძებნიდა ისეთებს, რომლებიც გულში ეჭვობდნენ ღმერთის უნარსა და განზრახვაზე, ჩარეულიყო ადამიანთა საქმეებში. მან გამოაცხადა: „მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ [მათ, რომლებიც საკუთარ ნალექზე ილექებიან, აქ], გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო“ (სოფონია 1:12). გამოთქმა „საკუთარ ნალექზე ილექებიან“ (მითითება ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით) მიუთითებს მათზე, რომლებიც კასრის ძირზე დალექილი ნალექის მსგავსად ჯდებიან და არ სურთ, რომ ადამიანთა საქმეებში ღვთიური მოახლოებული ჩარევის შესახებ რომელიმე განცხადებამ შეაწუხოს ისინი.

      9 იეჰოვა მთელ ყურადღებას მიაპყრობდა იუდასა და იერუსალიმის მოსახლეობას და მღვდლებს, რომლებმაც მის თაყვანისმცემლობაში კერპთაყვანისმცემლობა შეურიეს. თუ ისინი ფიქრობდნენ, რომ ღამის წყვდიადი და იერუსალიმის კედლები დაიფარავდათ, ის ლამპრებით მოძებნიდა მათ, რომელთა კაშკაშა სინათლეც შეაღწევდა სულიერი სიბნელის ყველა კუთხეში, სადაც არ უნდა დამალულიყვნენ. ის დაარღვევდა რელიგიისადმი მათ გულგრილობას, პირველად, განაჩენის შესახებ შიშის მომგვრელი ცნობებით, შემდეგ კი ამ განაჩენების შესრულებით.

      „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“

      10. როგორ აღწერა სოფონიამ „იეჰოვას დიდი დღე“?

      10 იეჰოვამ შთააგონა სოფონია, გამოეცხადებინა: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე. მწარეა ხმა უფლის დღისა“ (სოფონია 1:14, აქ). მართლაც მწარე დღეები ელოდა ყველას — მღვდლებს, მთავრებსა და ხალხს — რომლებმაც არ გაითვალისწინეს გაფრთხილება და წმინდა თაყვანისმცემლობისკენ მობრუნება. განაჩენის შესრულების დღის აღწერისას წინასწარმეტყველება აგრძელებს: „რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ“ (სოფონია 1:15, 16).

      11, 12. ა) რომელი სამსჯავრო ცნობა იყო გამოცხადებული იერუსალიმის წინააღმდეგ? ბ) დაიცავდა თუ არა იუდეველებს მატერიალური კეთილდღეობა?

      11 სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში ბაბილონის ჯარები შეიჭრებოდნენ იუდაში. იერუსალიმი ვერ გაექცეოდა ამას. მისი დასახლებული და სავაჭრო უბნები აოხრდებოდა. „გაისმება იმ დღეს, ამბობს უფალი, გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი მთაგორებიდან. ივალალეთ, ხეობის [მახთეშის (იერუსალიმის ნაწილი), აქ, სქოლიო] მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი“ (სოფონია 1:10, 11).

      12 იმის გამო, რომ არ სწამდათ იეჰოვას დღის მოახლოება, მრავალი იუდეველი ღრმად ჩაითრია შემოსავლიანმა სასპეკულაციო საქმეებმა. მაგრამ ერთგული წინასწარმეტყველის, სოფონიას, მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მათი სიმდიდრე ‘განიავდებოდა [გაძარცული იქნებოდა, აქ] და მათი სახლები გაუკაცურდებოდა’. ისინი ვერ დალევდნენ ღვინოს, რომელსაც თვითონ დააყენებდნენ და ‘ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნიდა მათ უფლის რისხვის დღეს’ (სოფონია 1:13, 18).

      სხვა გასამართლებული ერები

      13. რომელი სამსჯავრო ცნობა წარმოთქვა სოფონიამ მოაბის, ყამონელებისა და ასურეთის წინააღმდეგ?

      13 წინასწარმეტყველის, სოფონიას, მეშვეობით იეჰოვამ გამოთქვა თავისი რისხვა აგრეთვე ერების მიმართ, რომლებიც ცუდად ეპყრობოდნენ მის ხალხს. მან განაცხადა: „მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან. ამიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე. . . გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს [ასურეთს] და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით“ (სოფონია 2:8, 9, 13).

      14. რა ცხადყოფს, რომ უცხო ერები ‘გაუდიდგულდნენ’ ისრაელებსა და მათ ღმერთს, იეჰოვას?

      14 მოაბელები და ყამონელები ისრაელის დიდი ხნის მტრები იყვნენ (შეადარე მსაჯულნი 3:12–14). ლუვრის მუზეუმში (საფრანგეთი) მდებარე მეშას ქვის წარწერა მოაბის მეფის, მეშას, კვეხნას შეიცავს. ისრაელების რამდენიმე ქალაქის დაპყრობა მან სიამაყით დაუკავშირა თავისი ღმერთის, ქამოშის, დახმარებას (მეოთხე მეფეთა 1:1). სოფონიას თანამედროვე, იერემია ლაპარაკობდა ყამონელების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ღმერთის, მალქამის, სახელით დაიპყრეს ისრაელში გადის ტომის მიწები (იერემია 49:1). ხოლო სოფონიას დრომდე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე ასურეთის მეფემ, შალმანესერ V, ალყა შემოარტყა და ხელში ჩაიგდო სამარია (მეოთხე მეფეთა 17:1–6). ცოტა მოგვიანებით, მეფე სანხერიბი თავს დაესხა იუდას, დაიპყრო მრავალი გამაგრებული ქალაქი და იერუსალიმსაც კი ემუქრებოდა (ესაია 36:1, 2). ასურეთის მეფის წარმომადგენელი მართლაც გაუდიდგულდა იეჰოვას, როცა იერუსალიმის ჩაბარებას მოითხოვდა (ესაია 36:4–20).

      15. როგორ დაამცირებდა იეჰოვა იმ ერების ღმერთებს, რომლებიც მის ხალხს გაუდიდგულდნენ?

      15 მოაბის, ყამონელებისა და ასურეთის ჩათვლით, 82-ე ფსალმუნი მოიხსენიებს ქვეყნებს, რომლებიც გაუდიდგულდნენ ისრაელს და იკვეხნიდნენ: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“ (ფსალმუნი 82:5). წინასწარმეტყველი სოფონია გაბედულად აუწყებდა, რომ ძალთა უფალი, იეჰოვა დაამცირებდა ყველა ამ ქედმაღალ ერსა და მათ ღმერთებს. „ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული“ (სოფონია 2:10, 11).

      „მელოდეთ“

      16. ა) ვისთვის იყო იეჰოვას დღის მოახლოება სიხარულის წყარო და რატომ? ბ) როგორი გამამხნევებელი მოწოდება იყო წარმოთქმული ერთგული დარჩენილი ნაწილის მიმართ?

      16 იმ დროს, როცა იუდასა და იერუსალიმის წინამძღოლებსა და მრავალ მკვიდრს შორის გაბატონებული იყო სულიერი ძილი, სკეპტიციზმი, კერპთაყვანისმცემლობა, გარყვნილობა და მატერიალიზმი, როგორც ჩანს, ზოგიერთი ერთგული იუდეველი უსმენდა სოფონიას წარმოთქმულ გამაფრთხილებელ წინასწარმეტყველებებს. მათ ამწუხრებდათ იუდას მთავრების, მსაჯულებისა და მღვდლების საზიზღარი წეს-ჩვეულებები. ის, რასაც სოფონია აცხადებდა, ამ ერთგული პიროვნებებისთვის ნუგეშის წყაროს წარმოადგენდა. ტანჯვის ნაცვლად, იეჰოვას დღის მოახლოება მათში სიხარულს იწვევდა, რადგან ეს დღე ბოლოს მოუღებდა ასეთ საძაგელ ჩვევებს. ადამიანების ეს ერთგული დარჩენილი ნაწილი მიჰყვებოდა იეჰოვას წარმოთქმულ გამამხნევებელ მოწოდებას: „ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა [მსჯავრი, აქ], მთელი ჩემი წყრომა [ანთებული რისხვა, აქ]“ (სოფონია 3:8).

      17. როდის და როგორ დაიწყო სოფონიას წარმოთქმული ცნობების შესრულება ერების წინააღმდეგ?

      17 ეს არ იყო მოულოდნელი მათთვის, ვინც ყური დაუგდო ამ გაფრთხილებას. მრავალი მოესწრო სოფონიას წინასწარმეტყველების შესრულებას. ძველი წელთაღრიცხვით 632 წელს ბაბილონელების, მიდიელებისა და ჩრდილოეთიდან წამოსული, შესაძლოა, სკვითების ურდოებისგან შემდგარმა კოალიციამ დაიპყრო და გაანადგურა ნინევე. ისტორიკოსი უილ დიურანტი მოგვითხრობს: „ნაბოპოლასარის ხელმძღვანელობით ბაბილონელების ჯარი შეუერთდა მიდიელების ჯარს საიაქსერიზის მეთაურობით და სკვითების ურდოებს კავკასიიდან და საოცრად იოლად და სწრაფად დაიპყრეს ჩრდილო ციხე-სიმაგრე. . . ერთი დარტყმით ასურეთი გაქრა ისტორიიდან“. ზუსტად ამის შესახებ წინასწარმეტყველებდა სოფონია (სოფონია 2:13–15).

      18. ა) როგორ შესრულდა იერუსალიმზე გამოტანილი ღვთიური სამსჯავრო განაჩენი და რატომ? ბ) როგორ შესრულდა სოფონიას წინასწარმეტყველება მოაბსა და ყამონელებზე?

      18 აგრეთვე, მრავალი იუდეველი, რომლებიც იეჰოვას ელოდნენ, მოესწრნენ იუდასა და იერუსალიმისთვის გამოტანილი განაჩენის შესრულებას. იერუსალიმთან დაკავშირებით სოფონიამ იწინასწარმეტყველა: „ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! არაფერს ისმენს, არ შეიგონებს, უფალს არ ესავს, თავის ღმერთს არ ეკარება“ (სოფონია 3:1, 2). თავისი ორგულობის გამო, იერუსალიმი ორჯერ იყო გარშემორტყმული ბაბილონელებით, რომლებმაც საბოლოოდ, ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს, დაიპყრეს და გაანადგურეს ის (მეორე ნეშტთა 36:5, 6, 11–21). ხოლო მოაბსა და ყამონელებთან დაკავშირებით, ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის თანახმად, იერუსალიმის დაცემიდან მეხუთე წელს ბაბილონელებმა დაიპყრეს ისინი. ამის შედეგად, წინასწარმეტყველების თანახმად მათ შეწყვიტეს არსებობა.

      19, 20. ა) როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ ისინი, რომლებიც მას ელოდებოდნენ? ბ) რატომ გვეხება ეს საკითხები ჩვენ და რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

      19 იუდეველებისა და არაიუდეველებისთვის, რომლებიც იეჰოვას მოლოდინში იყვნენ, სოფონიას წინასწარმეტყველების ამ და სხვა დეტალების შესრულება რწმენის გამაძლიერებელი შემთხვევა იყო. იუდასა და იერუსალიმზე დატეხილ განადგურებაში გადარჩენილთა შორის იყვნენ იერემია, ეთიოპელი ყებედ-მელექი და იონადაბის სახლი, რექაბიანები (იერემია 35:18, 19; 39:11, 12, 16–18). გადასახლებული ერთგული იუდეველები და მათი შთამომავლები, რომლებიც კვლავ ელოდნენ იეჰოვას, გახდნენ იმ ბედნიერი დარჩენილი ნაწილის წევრები, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს გათავისუფლებული იყო ბაბილონიდან და წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად იუდაში დაბრუნდა (პირველი ეზრა 2:1; სოფონია 3:14, 15, 20).

      20 რას ნიშნავს ყოველივე ეს ჩვენი დროისთვის? სოფონიას დროს არსებული მდგომარეობა მრავალ საკითხში შეესაბამება საძაგელ საქმეებს, რომლებიც დღეს ქრისტიანულ სამყაროში ხდება. გარდა ამისა, იმ დროინდელი იუდეველების მრავალგვარი აზროვნება ჰგავს დღეს მცხოვრები ადამიანების აზროვნებას, როგორიც ზოგჯერ იეჰოვას ხალხსაც კი შეიძლება ჰქონდეს. ზუსტად ეს საკითხები გაირჩევა მომდევნო სტატიაში.

  • „ნუმც ჩამოყრი ხელებს“
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
    • „ნუმც ჩამოყრი ხელებს“

      „ნუმც მოგეღება მკლავი! [ნუმც ჩამოყრი ხელებს, აქ] უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის“ (სოფონია 3:16, 17).

      1. რა განაცხადა ბიბლიის მცოდნემ სოფონიას წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით?

      სოფონიას წინასწარმეტყველება ძველი წელთაღრიცხვით VII–VI საუკუნეებში თავისი პირველი შესრულების პერიოდზე ბევრად უფრო შორს მიუთითებს. სოფონიას წიგნის შესახებ თავის კომენტარში პროფესორი კ. ფ. კეილი წერდა: „სოფონიას წინასწარმეტყველება. . . არა მხოლოდ იწყება მთელ მსოფლიოზე საყოველთაო სამსჯავრო განაჩენის გაცხადებით, რომლის გამოც ეს სამსჯავრო დაატყდება იუდას მისი ცოდვებისთვის და სხვა ერებისგან შემდგარ ქვეყნიერებას, რომელიც იეჰოვას ხალხისადმი მტრულად არის განწყობილი; არამედ ამ წინასწარმეტყველების განხილვა გრძელდება იეჰოვას დიდი და საშინელი დღის განმავლობაში“.

      2. რა საერთოა სოფონიას დროს არსებულ პირობებსა და დღევანდელი ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობას შორის?

      2 დღეს იეჰოვას სასამართლო გადაწყვეტილებაში შედის ერების შეკრება, რომ სოფონიას დროინდელ განადგურებაზე უფრო დიდი მასშტაბით გაანადგუროს ისინი (სოფონია 3:8). ღმერთის თვალში განსაკუთრებით ის ერები იმსახურებენ მსჯავრდადებას, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებენ. იერუსალიმის მსგავსად, რომელსაც იეჰოვასადმი ორგულობა საშინელ ფასად დაუჯდა, თავისი აღვირახსნილობისთვის ქრისტიანულმა სამყარომაც ღმერთის წინაშე უნდა აგოს პასუხი. სოფონიას დროს იუდასა და იერუსალიმის წინააღმდეგ წარმოთქმული ღვთიური განაჩენი უფრო მეტად ეხება ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებსა და სექტებს. ღმერთის შეურაცხმყოფელი დოქტრინებით, რომელთაგან ბევრს კერპთაყვანისმცემლური დასაბამი აქვს, მათ წმინდა თაყვანისმცემლობაც შელახეს. ომის თანამედროვე სამსხვერპლოზე მათ მსხვერპლად შესწირეს მილიონობით ჯანმრთელი შვილი. ამასთანავე, სიმბოლური იერუსალიმის მკვიდრებმა შემოიღეს ეგრეთ წოდებულ ქრისტიანობაში ასტროლოგია, სპირიტული წეს-ჩვეულებები და დაცემული სექსუალური უზნეობა, რაც გონებაში ბაალისადმი თაყვანისმცემლობის სურათს აღძრავს (სოფონია 1:4, 5).

      3. რა შეიძლება ითქვას დღევანდელი მრავალი საერო ლიდერისა და პოლიტიკური ხელისუფლებების შესახებ და რას წინასწარმეტყველებდა სოფონია?

      3 ქრისტიანული სამყაროს მრავალ პოლიტიკურ წინამძღოლს უყვარს ეკლესიაში გამოჩენა. მაგრამ იუდას ‘მთავრების’ მსგავსად, მრავალი მათგანი, როგორც ‘მბდღვინავი ლომები’ და გაუმაძღარი ‘მგლები’, ექსპლუატაციას უწევს ხალხს (სოფონია 3:1–3). ხოლო ისინი, რომლებიც ასეთ პოლიტიკურ პიროვნებებს ემლიქვნელებიან, ‘თავიანთი უფლის სახლს [ბატონების სახლებს, აქ] მძლავრობითა და სიცრუით ავსებენ’ (სოფონია 1:9). ფართოდ არის გავრცელებული მექრთამეობა და გახრწნილობა. ხოლო ქრისტიანული და არაქრისტიანული სამყაროს ქვეყნებში პოლიტიკური ხელისუფლებების მზარდი რიცხვი ‘უდიდგულდება’ ძალთა უფლის, იეჰოვას ხალხს — მის მოწმეებს, რადგან ეპყრობიან მათ, როგორც საძაგელ „სექტას“ (სოფონია 2:8; საქმე 24:5, 14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ყველა ასეთ პოლიტიკურ წინამძღოლსა და მათ მიმდევრებთან დაკავშირებით სოფონია წინასწარმეტყველებდა: „ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს“ (სოფონია 1:18).

      ‘უფლის რისხვის დღეს დამალულები’

      4. რა გვიჩვენებს, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც გადაურჩებიან იეჰოვას დიდ დღეს, მაგრამ რა უნდა გააკეთონ?

      4 ძველი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნის იუდას მცხოვრებლებისგან ყველა არ იყო განადგურებული. მსგავსად ამისა, იქნებიან პიროვნებები, რომლებიც გადაურჩებიან იეჰოვას დიდ დღეს. თავისი წინასწარმეტყველის, სოფონიას მეშვეობით ასეთ პიროვნებებს იეჰოვამ ამცნო: „ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“ (სოფონია 2:2, 3).

      5. ამ აღსასრულის დროს პირველად ვინ გაითვალისწინა სოფონიას წარმოთქმული გაფრთხილება და რაში იყენებს მათ იეჰოვა?

      5 ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროს, პირველად წინასწარმეტყველური მოწვევა გაითვალისწინეს სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილის წევრებმა, ცხებულმა ქრისტიანებმა (რომაელთა 2:28, 29; 9:6; გალატელთა 6:16). რადგან სამართლიანობასა და თავმდაბლობას ეძებდნენ და იეჰოვას სასამართლო გადაწყვეტილებებისადმი პატივისცემას ავლენდნენ, ისინი გათავისუფლებული იყვნენ დიდი ბაბილონისგან, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელისგან და 1919 წელს მათდამი ღმერთის კეთილგანწყობილება აღდგენილი იყო. იმ დროიდან, ხოლო განსაკუთრებით 1922 წლიდან, ეს ერთგული დარჩენილი ნაწილი უშიშრად აცხადებს იეჰოვას სამსჯავრო განაჩენებს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების, სექტებისა და სახელმწიფოების წინააღმდეგ.

      6. ა) რას წინასწარმეტყველებდა სოფონია ერთგული დარჩენილი ნაწილის შესახებ? ბ) როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება?

      6 ამ ერთგული დარჩენილი ნაწილის შესახებ სოფონიამ იწინასწარმეტყველა: „დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან [თავს შეაფარებენ, აქ] უფლის სახელს. აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ ეყოლებათ შემაწუხებელი“ (სოფონია 3:12, 13). ეს ცხებული ქრისტიანები ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდნენ იეჰოვას სახელს, მაგრამ განსაკუთრებით ისინი აკეთებენ ამას 1931 წლიდან, როცა მიიღეს სახელი „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10–12, აქ). რადგან იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ისინი პატივისცემით ეპყრობიან ღმერთის სახელს, რომელიც მათთვის თავშესაფარია (იგავნი 18:10). იეჰოვა უხვად აძლევს მათ სულიერ საზრდოს და ისინი უშიშრად ცხოვრობენ სულიერ სამოთხეში (სოფონია 3:16, 17).

      ‘სახელი და დიდება ყველა ხალხში’

      7, 8. ა) რომელი შემდგომი წინასწარმეტყველება სრულდება სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილზე? ბ) რა აღიარა მილიონობით ადამიანმა და რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?

      7 იეჰოვას სახელისა და მისი სიტყვის სამართლიანი პრინციპებისადმი ღრმა სიყვარული, რომელიც დარჩენილმა ნაწილმა გამოავლინა, არ დარჩა შეუმჩნეველი. გულწრფელმა ადამიანებმა დაინახეს განსხვავება დარჩენილი ნაწილის ქცევასა და ქვეყნიერების პოლიტიკური და რელიგიური ხელმძღვანელების გახრწნილობასა და პირმოთნეობას შორის. იეჰოვამ აკურთხა „[სულიერი] ისრაელის ნატამალი“. მან თავისი სახელის ტარების ღირსად ჩათვალა ისინი და ხელი შეუწყო დედამიწის ხალხებს შორის კარგი სახელის მოპოვებაში. ეს შეესაბამება სოფონიას წინასწარმეტყველებას: „იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე მოგიყრით თავს, მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი“ (სოფონია 3:20).

      8 დაწყებული 1935 წლიდან, პირდაპირი გაგებით მილიონობით ადამიანმა აღიარა, რომ იეჰოვამ აკურთხა დარჩენილი ნაწილი. ისინი სიხარულით მიჰყვებიან ამ სულიერ იუდეველებს, ანუ ისრაელებს და ამბობენ: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ცხებულ დარჩენილ ნაწილში ეს ‘სხვა ცხვრები’ ხედავენ ქრისტეს „მთელ. . . [მიწიერ] საბადებელზე“ დაყენებულ ‘ერთგულ და გონიერ მონას’. ისინი მადლიერებით იღებენ სულიერ საზრდოს, რომელსაც მონის კლასი „დროულად“ ამზადებს (იოანე 10:16; მათე 24:45–47).

      9. რომელ „ენაზე“ სწავლობს ლაპარაკს მილიონობით ადამიანი და რომელ დიდებულ საქმიანობას ასრულებენ სხვა ცხვრები ცხებულ დარჩენილ ნაწილთან „მხარდამხარ“?

      9 დარჩენილ ნაწილთან ერთად სხვა ცხვრებისგან შემდგარი ეს მილიონები სწავლობენ „სუფთა ენასთან“ შეთანხმებულ ცხოვრებასა და ლაპარაკსa. სოფონიას მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს [მივცემ სუფთა ენას, აქ], რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად [მხარდამხარ, აქ] ემსახურონ“ (სოფონია 3:9). დიახ, სხვა ცხვრები ‘მცირე სამწყსოს’ ცხებულ წევრებთან ერთად, მხარდამხარ ემსახურებიან იეჰოვას და ასრულებენ გადაუდებელ სამქადაგებლო საქმიანობას, ‘ქადაგებენ სახარებას სასუფეველზე [კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ, აქ] ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად’ (ლუკა 12:32; მათე 24:14).

      ‘უფლის დღე მოვა’

      10. რაში იყო ყოველთვის დარწმუნებული ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და რის ხილვას მოესწრებიან, როგორც კლასი?

      10 ცხებულთა დარჩენილ ნაწილს ყოველთვის ახსოვს მოციქული პეტრეს ინსპირირებული განცხადება: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა“ (2 პეტრე 3:9, 10). ერთგული მონის კლასის წევრები ოდნავაც არ ეჭვობენ, რომ იეჰოვას დღე ჩვენს დროში მოვა. ეს დიდი დღე დაიწყება ღმერთის გამოტანილი განაჩენების შესრულებით, რომლებიც მან გამოუტანა ქრისტიანულ სამყაროს — სიმბოლურ იერუსალიმს და დიდი ბაბილონის დანარჩენ ნაწილს (სოფონია 1:2–4; გამოცხადება 17:1, 5; 19:1, 2).

      11, 12. ა) სოფონიას წინასწარმეტყველების რომელი სხვა ნაწყვეტი სრულდება დარჩენილ ნაწილზე? ბ) როგორ გაითვალისწინა ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა მოწოდება: „ნუმც ჩამოყრი ხელებს“?

      11 ერთგული დარჩენილი ნაწილი ხარობს, რომ 1919 წელს გათავისუფლებული იქნა დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელის სულიერი მონობისგან. მათ საკუთარ თავზე განიცადეს სოფონიას წინასწარმეტყველების შესრულება: „გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ. იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღება მკლავი! [ნუმც ჩამოყრი ხელებს, აქ] უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი [ძლიერი პიროვნება, აქ], რომელიც გიხსნის“ (სოფონია 3:14–17).

      12 ცხებულთა დარჩენილ ნაწილს მტკიცედ სწამს და მრავალჯერ დარწმუნებულა, რომ იეჰოვა მათ შორისაა, და უშიშრად აგრძელებს ღმერთის დავალების შესრულებას. ისინი ქადაგებენ კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ და აცხადებენ იეჰოვას სამსჯავროს ქრისტიანული სამყაროს, დიდი ბაბილონის დანარჩენი ნაწილისა და სატანის მთელი ბოროტი სისტემის წინააღმდეგ. ყველანაირი სირთულეების მიუხედავად, 1919 წლიდან ათწლეულების განმავლობაში, ისინი ემორჩილებიან ღმერთის ბრძანებას: ‘ნუ გეშინია, სიონო! ნუმც ჩამოყრი ხელებს’ მათ არ ჩამოუყრიათ ხელები მილიარდობით ტრაქტატების, ჟურნალებისა და წიგნების გავრცელებისას, რომლებიც იუწყებიან იეჰოვას სამეფოს. ისინი წარმოადგენენ რწმენის განმამტკიცებელ მაგალითს სხვა ცხვრებისთვის, რომლებიც 1935 წლიდან იკრიბებიან მათ გვერდით.

      „ნუმც ჩამოყრი ხელებს“

      13, 14. ა) რატომ იხევდა უკან იეჰოვასადმი მსახურებისგან ზოგიერთი იუდეველი და რით მჟღავნდებოდა ეს? ბ) ჩვენი მხრიდან რომელი მოქმედება იქნებოდა უგუნური და რომელ საქმიანობაში არ უნდა დავუშვათ, რომ ჩამოვყაროთ ხელები?

      13 როგორ შეგვიძლია იეჰოვას დიდი დღის ‘მოლოდინში’ სოფონიას წინასწარმეტყველებიდან სარგებლობის მიღება? პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა შევეცადოთ არ გავხდეთ სოფონიას დროის იუდეველების მსგავსი, რომლებიც უკან იხევდნენ და არ მიჰყვებოდნენ იეჰოვას, რადგან ეჭვობდნენ, რომ იეჰოვას დღე ახლოს იყო. ასეთი იუდეველები მაინცდამაინც საჯაროდ არ გამოთქვამდნენ თავიანთ ეჭვებს, მაგრამ თავიანთი მოქმედებებით ისინი ცხადყოფდნენ, რომ სინამდვილეში მათ არ სწამდათ, რომ იეჰოვას დღე მოახლოვდა. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას მოლოდინში ყოფილიყვნენ, მთელი ყურადღება სიმდიდრის დაგროვებაზე გადაიტანეს (სოფონია 1:12, 13; 3:8).

      14 დღეს არ არის იმის დრო, რომ ეჭვებმა ფესვი გაიდგას ჩვენს გულებში. დიდი უგუნურება იქნებოდა, თუ ჩვენს გონებაში ან გულში გადავდებდით იეჰოვას დღის მოახლოებას (2 პეტრე 3:1–4, 10). უნდა შევეცადოთ, არ დავიხიოთ უკან იეჰოვას გზიდან ან არ ‘ჩამოვყაროთ ხელები’ მისადმი მსახურებაში. ეს კი ნიშნავს, რომ არ უნდა ‘ვიზარმაცოთ’ ‘სახარების [კეთილი ცნობის, აქ]’ ქადაგებაში (იგავნი 10:4; მარკოზი 13:10).

      გულგრილობა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ

      15. რამ შეიძლება გამოიწვიოს იეჰოვასადმი მსახურებაში ხელების ჩამოყრა და როგორ იწინასწარმეტყველა სოფონიამ ამ პრობლემის შესახებ?

      15 მეორე მხრივ, ჩვენ თავს უნდა ვიცავდეთ გულგრილობის დამასუსტებელი გავლენისგან. დასავლეთის მრავალ ქვეყანაში სულიერი საკითხების შესახებ უზრუნველობამ შეიძლება გული აუცრუოს კეთილი ცნობის ზოგიერთ მაუწყებელს. ასეთი გულგრილობა სოფონიას დროსაც არსებობდა. თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ გამოაცხადა: „მსჯავრს დავდებ. . . [მათ], გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო“ (სოფონია 1:12). თავის ნაშრომში ბიბლიის ამ ნაწყვეტის შესახებ ა. ბ. დევიდსონმა განაცხადა, რომ აქ ყურადღება მახვილდება მათზე, რომლებიც „მოიცვა გულგრილობამ ან უფრო მეტად უნდობლობამ, რომ უმაღლესი ძალა საერთოდ ჩაერევა ადამიანთა საქმეებში“ (Cambridge Bible for Schools and Colleges).

      16. როგორ არის განწყობილი ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრავალი წევრი, მაგრამ როგორ გვამხნევებს იეჰოვა?

      16 დღეს გულგრილობა დედამიწის მრავალ მხარეშია გაბატონებული, განსაკუთრებით კი უფრო მდიდარ ქვეყნებში. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების წევრებსაც კი უბრალოდ არ სწამთ, რომ იეჰოვა ღმერთი ჩვენს დროში ჩაერევა ადამიანთა საქმეებში. სკეპტიკური ღიმილით ან მოკლე პასუხით: „არ მაინტერესებს!“, ისინი ხელის გაქნევით იშორებენ ჩვენს ძალისხმევას, გადავცეთ კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ. ასეთი პირობების დროს დამოწმებაში შეუდრეკელობა შეიძლება ნამდვილი გამოცდა იყოს. ამით იცდება ჩვენი გამძლეობა. მაგრამ სოფონიას წინასწარმეტყველების საშუალებით იეჰოვა აძლიერებს თავის ერთგულ ხალხს, როცა ამბობს: „ნუმც მოგეღება მკლავი! [ნუმც ჩამოყრი ხელებს, აქ] უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი [ძლიერი პიროვნება, აქ], რომელიც გიხსნის; სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო“ (სოფონია 3:16, 17).

      17. რომელ შესანიშნავ მაგალითს უნდა მიჰყვნენ ისინი, ვინც სხვა ცხვრებს შორის ახლები არიან და როგორ?

      17 იეჰოვას ხალხის დღევანდელი ისტორია უჩვენებს, რომ ამ უკანასკნელ დღეებში დარჩენილმა ნაწილმა და ასევე სხვა ცხვრებისგან უფროსი თაობის ადამიანებმა შეასრულეს უზარმაზარი საქმიანობა შეკრებასთან დაკავშირებით. ყველა ეს ერთგული ქრისტიანი ათწლეულების მანძილზე ავლენდა მოთმინებას. ისინი არ რთავდნენ ნებას, რომ გულგრილობას, რომელსაც ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლების უმრავლესობა ავლენდა, აეცრუებინა მათი გულები. ამიტომ, დაე, ისინი, ვინც სხვა ცხვრებს შორის ახლები არიან, არ დადარდიანდნენ სულიერი საკითხებისადმი გულგრილობის გამო, რომელიც დღეს ასე გაბატონებულია მრავალ ქვეყანაში. დაე, არ ‘ჩამოყარონ ხელები’, ანუ არ დასუსტდნენ. დაე, ყოველი შესაძლებლობა გამოიყენონ ჟურნალების, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, და სხვა შესანიშნავი პუბლიკაციების შესათავაზებლად, რომლებიც სპეციალურად ცხვრისმაგვარი ადამიანების დასახმარებლად არის განკუთვნილი, რომ შეისწავლონ ჭეშმარიტება იეჰოვას დღისა და იმ კურთხევების შესახებ, რომლებიც მას მოჰყვება.

      დიდი დღის მოლოდინში — წინ!

      18, 19. ა) რა გამხნევებას ვპოვებთ ჩვენს განსამტკიცებლად მათეს 24:13-სა და ესაიას 35:3, 4-ში? ბ) როგორ ვიქნებით კურთხეულნი, თუ იეჰოვასადმი მსახურებაში გაერთიანებულად ვივლით წინ?

      18 იესომ გამოაცხადა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13). ამიტომ, არავითარი „ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები“, სანამ იეჰოვას დიდ დღეს ველოდებით! (ესაია 35:3, 4). იეჰოვას შესახებ სოფონიას წინასწარმეტყველება დამამშვიდებლად იუწყება: „ის გიხსნის, როგორც ძლიერი პიროვნება“ (სოფონია 3:17, აქ). დიახ, იეჰოვა იხსნის ‘უამრავ ხალხს’ ‘დიდი გასაჭირის’ უკანასკნელ ფაზაში, როცა უბრძანებს თავის ძეს, ჭურჭელივით დაამსხვრიოს სახელმწიფოები, რომლებიც ისევ ‘უდიდგულდებიან’ მის ხალხს (გამოცხადება 7:9, 14; სოფონია 2:10, 11; ფსალმუნი 2:7–9).

      19 დაე, იეჰოვას დღის მოახლოების დროს მისადმი „მხარდამხარ“ მსახურებისას გაბედულად მივიწევდეთ წინ! (სოფონია 3:9, აქ). თუ ასე ვიმოქმედებთ, ჩვენ და ურიცხვ ადამიანსაც მოგვეცემა საშუალება ‘დავიმალოთ უფლის რისხვის დღეს’ და ვიხილოთ მისი წმინდა სახელის განწმენდა (სოფონია 2:3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება