-
სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება!საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 იანვარი
-
-
იესოს უახლოესი მეგობარი ლაზარე მოულოდნელად ავად გახდა და მოკვდა.
როდესაც იესომ ეს ამბავი შეიტყო, თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ლაზარემ დაიძინა და მის გაღვიძებას აპირებდა (იოანე 11:11). მაგრამ მოწაფეებმა ვერ გაიგეს მისი ნათქვამი, ამიტომ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:14).
ლაზარეს დაკრძალვიდან ოთხი დღის შემდეგ იესო ბეთანიაში ჩავიდა. ლაზარეს დამ, მართამ იესოს უთხრა: „აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“ (იოანე 11:17, 21). იესომ მის სანუგეშებლად თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25).
„ლაზარე, გამოდი!“
იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არ იყო ლიტონი სიტყვები, იესო მიუახლოვდა სამარხს და ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ (იოანე 11:43). ლაზარე გაცოცხლდა, რამაც იქ მყოფების განცვიფრება გამოიწვია.
ამ შემთხვევამდე იესომ სულ ცოტა ორი მიცვალებული აღადგინა. პირველი იყო იაიროსის ქალიშვილი. სანამ ქალიშვილს აღადგენდა, იესომ მასზეც თქვა, რომ ეძინა (ლუკა 8:52).
ყურადღება მიაქციეთ, ლაზარესა და იაიროსის ქალიშვილის სიკვდილი იესომ ძილს შეადარა. ეს მართებული შედარებაა. რატომ შეიძლება ამის თქმა? ძილი არის უგრძნობი მდგომარეობა, რაც შეესატყვისება იმ აზრს, რომ სიკვდილის დროს ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილსა და ტანჯვას (ეკლესიასტე 9:5; იხილეთ ჩარჩო „სიკვდილი ღრმა ძილს ჰგავს“). იესოს მოწაფეებს კარგად ესმოდათ, სინამდვილეში რა მდგომარეობაშიც იყვნენ მკვდრები. „იესოს მიმდევრებისთვის სიკვდილი იყო ძილის მდგომარეობა, სამარხი კი მოსასვენებელი ადგილი . . . მათთვის, ვინც რწმენის გამო კვდებოდა“,a — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (Encyclopedia of Religion and Ethics).
მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მკვდრები ძილის მდგომარეობაში არიან და არ იტანჯებიან. ამგვარად, სიკვდილის მდგომარეობა ჩვენთვის არ არის იდუმალებით მოცული და შესაბამისად, არც შიშის მიზეზი გვაქვს.
-
-
სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება!საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 იანვარი
-
-
a „სამარხად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „დასაძინებელ ადგილს“ ნიშნავს.
-