ბიბლიის თვალსაზრისი
არასწორია ღვთის სახელის ხსენება?
საუკუნეების განმავლობაში იუდაიზმში ღვთის სახელს, იეჰოვას, იმდენად წმინდად თვლიდნენ, რომ არ შეიძლებოდა მისი ხსენებაa (ფსალმუნი 82:19 [83:19, აქ]). ბევრი ღვთისმეტყველი ამტკიცებდა, რომ დიდებული შემოქმედისადმი ასეთი მეგობრული მიმართვა უპატივცემულობა იყო და რომ ეს არღვევდა კიდეც ათიდან მესამე მცნებას, რომელიც კრძალავდა ‘უფლის სახელის ფუჭად დაფიცვას’ (გამოსვლა 20:7). ახ. წ. III საუკუნეში მიშნაში ნათქვამი იყო, რომ „მას, ვინც ღვთის სახელს წარმოთქვამს, წილი არ ექნება მომავალ ქვეყნიერებაში“ (სინედრიონი 10:1).
საინტერესოა, რომ ბევრმა ქრისტიანმა სწავლულმა ბიბლიის თარგმნისას ამ იუდევლური ტრადიციის სულით იხელმძღვანელა. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი თარგმანის წინასიტყვაობაში ნათქვამია: „ნებისმიერი სახელის გამოყენება ერთადერთი ღვთის აღსანიშნავად, თითქოსდა სხვა ღმერთებიც არსებობდნენ, რომელთაგანაც ჭეშმარიტი ღმერთი უნდა განვასხვაოთ, იუდაიზმში ქრისტიანულ ერამდე შეწყდა; გარდა ამისა, ეს შეუფერებელია საყოველთაოდ აღიარებული ქრისტიანული ეკლესიისთვის“ (The New Oxford Annotated Bible). ამიტომ ამ თარგმანში ღვთის სახელი სიტყვა „უფლით“ იქნა შეცვლილი.
როგორია ღვთის თვალსაზრისი?
მაგრამ ირეკლავს ასეთი მთარგმნელებისა და ღვთისმეტყველების თვალსაზრისი ღვთის აზრს? ღმერთს ხომ არ დაუმალავს კაცობრიობისთვის თავისი სახელი; პირიქით მან გაუმჟღავნა ის მათ. ებრაულ წერილებში, რომლებსაც „ძველ აღთქმას“ უწოდებენ, ღვთის სახელი იეჰოვა 6 800-ზე მეტჯერაა გამოყენებული. ბიბლიური ცნობიდან ჩანს, რომ პირველმა წყვილმა, ადამმა და ევამ იცოდა ღვთის სახელი და იყენებდა მას. პირველი ვაჟი რომ შეეძინა, ევამ თქვა: «კაცი შემეძინა უფლისაგან [„იეჰოვასგან“, აქ]» (დაბადება 4:1).
საუკუნეების შემდეგ, როდესაც ღმერთმა დაავალა მოსეს, ეგვიპტის მონობიდან გამოეყვანა ისრაელი ერი, მოსემ ჰკითხა მას: „კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?“ მოსეს, ალბათ, აინტერესებდა, განუცხადებდა თუ არა ღმერთი თავის რაიმე ახალ სახელს. ღმერთმა უთხრა მას: «ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა [„იეჰოვამ“, აქ], თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე» (გამოსვლა 3:13, 15). ნათელია, ჭეშმარიტი ღმერთი არ ფიქრობდა, რომ მისი სახელის სიწმინდის გამო ხალხს ის არ უნდა ეხსენებინა.
ღვთის ერთგული მოწმეები მის სახელს ყველა თაობაში თავისუფლად და პატივისცემით მოიხსენიებენ. ბოყაზი, ღვთის ერთგული მსახური, თავის მუშებს მინდორში ყოველთვის შემდეგი სიტყვებით ესალმებოდა: «უფალი [„იეჰოვა“, აქ] იყოს თქვენთან!». აცბუნებდა მუშებს ასეთი მისალმება? არა. ბიბლია იტყობინება, რომ ისინი პასუხობდნენ: «უფალმა [„იეჰოვამ“, აქ] გაკურთხოს!» (რუთი 2:4). იმის მაგივრად, რომ ასეთი მისალმება ღვთის შეურაცხყოფად მიეღოთ, ეს თავიანთი ყოველდღიური საქმიანობისას ღვთისთვის დიდებისა და პატივის მიძღვნად მიაჩნდათ. ამავე მიზეზით ასწავლიდა იესო თავის მოციქულებს, ელოცათ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9).
მესამე მცნება
რა შეიძლება ითქვას ათიდან მესამე მცნებაში მოცემულ აკრძალვაზე? გამოსვლის 20:7-ში დამაჯერებლადაა ნათქვამი: „არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი“.
რას ნიშნავს ღვთის სახელის „ფუჭად“ დაფიცვა? იუდეველთა საგამომცემლო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ნაშრომში ახსნილია, რომ ებრაული სიტყვა „ლაშშავ“, რომელიც ნათარგმნია სიტყვით „ფუჭად“, შეიძლება ნიშნავდეს სიტყვებს: „ცრუდ“, „ტყუილად“ ან „ამაოდ“. ამავე ნაშრომში ნათქვამია: „ამ [ებრაული სიტყვის] ორაზროვნების გამო ის შეიძლება ნიშნავდეს სასამართლო პროცესისას მოწინააღმდეგე მხარეების ცრუმოწმეობის, ცრუ ფიცის და ღვთის სახელის ზედმეტად ან არასერიოზულად გამოყენების უკანონობად გამოცხადებას [აკრძალვას]“ (The JPS Torah Commentary).
ამ იუდევლურ განმარტებაში სწორადაა აღნიშნული, რომ ‘უფლის სახელის ფუჭად დაფიცვაში’ ღვთის სახელის არასწორად გამოყენება შედის. მაგრამ სწორი იქნებოდა, თუ ღვთის შესახებ საუბრისას და ზეციერი მამისადმი ლოცვისას მისი სახელის ხსენებას „ზედმეტს ან არასერიოზულს“ დავარქმევდით? იეჰოვამ თავისი თვალსაზრისი ფსალმუნის 90:14-ში გამოხატა, სადაც ნათქვამია: „რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი“.
აქვს მნიშვნელობა ღვთის სახელის ხსენებას?
ევერეტ ფოქსის „მოსეს ხუთწიგნეულის“ თანამედროვე ინგლისურ თარგმანში არ არის დაცული ტრადიცია. ამ თარგმანში ტრადიციული „უფლის“ ნაცვლად ღვთის სახელის წარმოსადგენად მთარგმნელმა გამოიყენა „ჲჰვჰ“, „რომ ეჩვენებინა, როგორი იყო ებრაული ტექსტი“. ფოქსი ხაზგასმით აღნიშნავს: «მკითხველი მაშინვე შეამჩნევს, რომ ამ წიგნში, ბიბლიაში, მოხსენიებული ღვთის პირადი სახელი მოცემულია როგორც „ჲჰვჰ“». ის აღიარებს, რომ ღვთის სახელის დანახვამ შეიძლება „გააღიზიანოს“ მკითხველი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მოსაწონი ნაბიჯი გადადგა და არ დამალა თავის თარგმანში ღვთის სახელი, მან თქვა: «მე ვურჩევდი სხვებს, რომ ტრადიციული სიტყვა „უფალი“ ხმამაღლა კითხვისას გამოეყენებინათ, თუმცა მათ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც მიჩვეულები არიან». მაგრამ არის ეს ყველას პირადი გადასაწყვეტი, ტრადიციის ან ჩვევის საკითხი?
არა. ბიბლია უბრალოდ კი არ მოგვიწოდებს ღვთის სახელის სათანადოდ გამოყენებისკენ, არამედ გვიბრძანებს ამას. ესაიას 12:4ა-ში ლაპარაკია ღვთის ხალხზე, რომლებიც გარკვევით ამბობდნენ: «მადლობდეთ უფალს [„იეჰოვას“, აქ], ახსენებდეთ მის სახელს». გარდა ამისა, იმათ შესახებ, ვისაც ღმერთი განსჯის, ფსალმუნმომღერალი ამბობს: „გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ“ (ფსალმუნი 78:6; იხილეთ აგრეთვე იგავნი 18:10; სოფონია 3:9).
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მესამე მცნების არასწორი გაგების გამო თავს იკავებს იეჰოვას დიდებული სახელის ხსენებისგან, ისინი, ვისაც ნამდვილად უყვარს ღმერთი, მოუხმობენ მის სახელს. დიახ, ყოველი სათანადო შესაძლებლობისას ისინი ‘აცხადებენ მის საქმეებს ხალხებში, ახსენებენ, რომ მაღალია მისი სახელი’ (ესაია 12:4ბ).
[სქოლიო]
a ბიბლიის ებრაულ წერილებში (ძველი აღთქმა) ღვთის სახელი წარმოდგენილია ოთხი ასოთი, რომლების ტრანსლიტერაციაა ჲჰვჰ. თუმცა არ არის ცნობილი, როგორ გამოითქმებოდა ღვთის სახელი, ქართულში გავრცელებულია გამოთქმა „იეჰოვა“.
[სურათები 31 გვერდზე]
„ფსალმუნნის“ ნაწილი მკვდარი ზღვის გრაგნილებიდან. მათში ღვთის სახელი იეჰოვა (ჲჰვჰ) უფრო ძველი ებრაული დამწერლობის ფორმითაა გამოყენებული, ვიდრე მთლიანი ტექსტი.
[საავტორო უფლება]
Courtesy of the Shrine of the Book, Israel Museum, Jerusalem