ჩემს მაგივრად ჩემს ძაღლს ესმის!
ჩვენი კორესპონდენტისგან ბრიტანეთში
„არ ვიცი, რა მეშველებოდა ჩემი პატარა ძაღლის გარეშე!“ — თქვა დოროთიმ და დიდი სიყვარულით დახედა თეთრ, მოყავისფრო ლაქებიან, ჯეკ რასელ-ტერიერის ჯიშის ძაღლს, რომელიც სკამის ქვეშ ნებიერად გაწოლილიყო. „სულ რამდენიმე თვეა, რაც ტვინკი მყავს, მაგრამ მან უკვე მოასწრო ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების შეტანა“.
დაკვირვების შემდეგ შევამჩნიე, რომ ტვინკის ტანზე მომდგარი ყვითელი ჟილეტი ეცვა, რომელზეც დიდი შავი ასოებით ეწერა: „ძაღლი სმენადაქვეითებულთათვის“. „რა უცნაური ცხოველია, — გავიფიქრე ჩემთვის. — ნეტა, რის გაკეთება შეუძლია?“
ჩვენ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ივლისში იეჰოვას მოწმეთა ლონდონის საერთაშორისო კონგრესზე „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“, რომელსაც 44 000 კაცი ესწრებოდა. დოროთი ხმის გამაძლიერებელთან სულ ახლოს იჯდა, ამიტომ მას შეეძლო პროგრამის მოსმენა. მაშ, ძაღლი რისთვისღა სჭირდებოდა? სადილის დროს დოროთისთან საუბარი წამოვიწყე, მან კი თავისი ისტორია მომიყვა.
ტვინკის როლი
დოროთის სამი წლის ასაკში რევმატიულმა ციებ-ცხელებამ სერიოზულად დაუზიანა ყურთასმენა. ამ ქალს ქმარი 23 წლის წინათ გარდაეცვალა და მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა, მაგრამ, მისივე თქმით, ხანში შესვლასთან ერთად მარტოობა მისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა. „სუსტი ყურთასმენის მქონეები ჩემს ასაკში თავს უმწეოდ გრძნობენ, — თქვა მან. — ახლა 74 წლისა ვარ და ვცხოვრობ საერთო საცხოვრებელში, რომელსაც მობინადრეებზე მზრუნველი ზედამხედველი ჰყავს, მაგრამ როდესაც ზედამხედველი ჩემს მოსანახულებლად მოდის, ზარის ხმა არასოდეს მესმის. ზედამხედველს რამდენჯერმე ეგონა, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი და ოთახში ჩემი ნებართვის გარეშე შემოდიოდა. მისი მოულოდნელი შემოსვლა ძალიან მაშინებდა. ახლა ტვინკი ზარის ხმაზე ჩემსკენ გამორბის, ფეხებზე თათებს მითათუნებს და კარისკენ მივყავარ. მსგავსად ამისა, ჰაერღუმელის ქრონომეტრის გაწკარუნებისას ტვინკი ჩემთან მორბის და ჰაერღუმელთან მივყავარ. ოთახში კვამლის დაგროვებისას ან სახანძრო სიგნალიზაციის ჩართვისას, ძაღლი ცდილობს, ჩემი ყურადღება მიიპყროს, ხოლო შემდეგ იატაკზე წვება, რითაც მოსალოდნელი საშიშროების შესახებ მაფრთხილებს. ყოველთვის, ასეთი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ტვინკს განსაკუთრებულ ჯილდოს, გემრიელ სასუსნავს, ვაძლევ ხოლმე“.
დიდი ოსტატობით გაწვრთნილი ძაღლი
ამ ამბავმა ძალიან დამაინტერესა. „სად შეიძინეთ და ვინ გაწვრთნა თქვენი ძაღლი?“ — ვკითხე მე. დოროთი მომიყვა ბრიტანეთის საქველმოქმედო საზოგადოების შესახებ, რომელიც სუსტი ყურთასმენის მქონეებისთვის ძაღლებს წვრთნის იმ მიზნით, რომ ასეთ ხალხს მეტი დამოუკიდებლობის შესაძლებლობა შეუქმნას და ცხოვრება გაუუმჯობესოს. 1982 წლიდან მოყოლებული, ამ საზოგადოებამ ასობით ძაღლი გაწვრთნა. უკვე გაწვრთნილ ძაღლს თავის ახალ პატრონს ჩუქნიან.
ეს საზოგადოება, ჩვეულებრივ, ბრიტანეთის უპატრონო ძაღლთა ცენტრებიდან გამოყვანილსა და ზოგი მეძაღლისგან შემოწირულ ძაღლებს წვრთნის. წვრთნას დაახლოებით 12 თვე სჭირდება. საფასურს ხშირად სპონსორები — რომელიმე კომპანია ან ცალკეული პირები —თავიანთი მცირეოდენი შესაწირავებით ფარავენ. დოროთიმ მითხრა, რომ ტვინიკიზე თანხა გახდომის კლუბმა გადაიხადა.
თითოეული გასაწვრთნელი ძაღლი, რომლის ასაკიც შვიდი კვირიდან სამ წლამდეა, ისე იწვრთნება, რომ გარკვეულ ბგერებს გამოეხმაუროს. თავიდან ძაღლი გასაწვრთნელად დაახლოებით 2—8 თვის განმავლობაში (რაც ძაღლის ასაკზე და გამოცდილებაზეა დამოკიდებული) საზოგადოების წევრ რომელიმე მოხალისეს მიჰყავს სახლში. გაწვრთნაში შედის ისიც, რომ ძაღლმა სახლში არაფერი დააბინძუროს და გააფუჭოს, მაგრამ მთავარი მიზანია, რომ ძაღლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ყოფნას მიეჩვიოს, აგრეთვე კარგად გაიწვრთნას ყველა ასაკის (ბავშვებისა და ჩვილების ჩათვლით) ხალხთან ურთიერთობაში. ძაღლს ასწავლიან ყველაფერს, რაც შეიძლება მომავალში გამოადგეს.
გარდა ამისა, გავიგე, რომ სხვა ორგანიზაციებიც წვრთნიან ძაღლებს მათ დასახმარებლად, ვისაც ძალიან უჭირს. ძაღლებს, პატრონის ბრძანებების შესრულებასთან ერთად, განსაკუთრებული ნიშნებისა და სხვადასხვა სუნის გარჩევასაც ასწავლიან. ერთ მეძებარ ძაღლს, რომელიც ინვალიდების სავარძელს მიჯაჭვულ ქალს უვლიდა, ასწავლეს ტელეფონის ყურმილის აღება, წერილების მიღება და კონვერტზე მარკის დაკვრა! ერთ ძაღლს კი 120 ბრძანების შესრულება შეუძლია, მათ შორის სუპერმარკეტის თაროებიდან კონსერვის ქილებისა და სხვა რამეების აღება. ინვალიდი პატრონი ძაღლს ლაზერის სხივის გამოყენებით უჩვენებს, რა ნივთები სჭირდება, ძაღლი კი იღებს მათ და პატრონთან მიაქვს.
ბედნიერი მეგობრობა
— ყველას ესმის, რამდენად ძვირფასია თქვენთვის ტვინკი? — ვკითხე მე.
— ერთმა გამყიდველმა არ მოისურვა მაღაზიაში ძაღლის შეშვება, — მიპასუხა დოროთიმ. — ისიც, ჩემი აზრით იმიტომ, რომ დახლებზე საკვები ჰქონდა გამოფენილი, მაგრამ მისი შემთხვევა ნამდვილად გამონაკლისი იყო და მას არ ესმოდა, რა დახმარებას მიწევდა ტვინკი.
ახლა უკვე გავიგე, რა მნიშვნელობა ჰქონდა სახლში გაწვრთნილი ძაღლის ყოლას, მაგრამ კიდევ ერთი კითხვა მაწუხებდა. რაში სჭირდებოდა დოროთის ტვინკი, როცა ამდენ თანაქრისტიანს შორის იმყოფებოდა? „მე ნათქვამს ტუჩების მოძრაობითაც კარგად ვხვდები; საუბრებისას სასმენი აპარატიც მეხმარება, — ამიხსნა დოროთიმ, — მაგრამ, როდესაც სხვები ტვინკის ყვითელ ჟილეტს ხედავენ, მაშინვე ხვდებიან, რომ მე სუსტი ყურთასმენა მაქვს, ლაპარაკისას პირდაპირ მიყურებენ და რაც შეუძლიათ გარკვევით მესაუბრებიან. ასე რომ, ვინმესთვის იმის ახსნა არ მიწევს, რომ კარად არ მესმის. ეს კი ცხოვრებას მიადვილებს“.
კონგრესის პროგრამა მალე უნდა გაგრძელებულიყო, მანამდე კი ტვინკის გასეირნება იყო საჭირო. წასვლამდე დავიხარე და ძაღლს ხელი გადავუსვი. ტვინკიმ გაცისკროვნებული თვალები შემომანათა, შემდეგ დოროთის ახედა და კუდის ქიცინი დაიწყო. რა მორჩილი, ერთგული მეგობარი ჰყავდა დოროთის და რა დიდი ურთიერთგაგება იყო მათ შორის!
[სურათი 21 გვერდზე]
კონგრესებზე ტვინკის დახმარება დოროთისთვის ძალზე ძვირფასია.