რატომ კვდება ადამიანი?
„მდუმარებენ მწვერვალები, მისცემიან რულს. . . დუმან ხენი კენარები, მთა და ბარი დუმს. აღარ ისმის ტყეში ჩქამი, ჩიტიც არა სტვენს. მოითმინე, მოვა ჟამი, მოისვენებ შენც!“ იოჰან ვოლფგანგ გოეთე, გერმანელი პოეტი.
1, 2. ა) რისი სურვილი აქვთ ღვთის მიერ შექმნილ ადამიანებს? ბ) როგორ ცხოვრობდა ადამიანთა პირველი წყვილი?
ღმერთმა ადამიანები მარადიული სიცოცხლის სურვილით შექმნა. მართლაც, ბიბლიაში ნათქვამია, რომ მან „საუკუნენი მისცა გულთა შინა მათთა“ (ეკლესიასტე 3:11, ძვო). მაგრამ ღმერთმა ადამიანებს მარადიულად ცხოვრების არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც მისცა.
2 ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, როგორც გონებით, ისე სხეულით სრულყოფილად იყვნენ შექმნილი (მეორე რჯული 32:4). წარმოიდგინეთ — არავითარი ქრონიკული ავადმყოფობა და ტკივილი, არავითარი პათოლოგიური შიში და წუხილი! უფრო მეტიც, ღმერთმა ისინი მშვენიერ სამოთხეში დაასახლა. ღვთის განზრახვა იყო, რომ ადამიანს მარადიულად ეცხოვრა და მის სრულყოფილ შთამომავლობას თანდათანობით მთელი დედამიწა აევსო (დაბადება 1:31; 2:15). მაშ, რატომ კვდება ადამიანი?
დაუმორჩილებლობას სიკვდილი მოაქვს
3. რაზე იყო დამოკიდებული ადამისა და ევას მარადიული სიცოცხლე?
3 ღმერთმა გააფრთხილა ადამი: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). ასე რომ, მარადიული სიცოცხლე ადამისა და ევასთვის პირობითი იყო; ის ღვთისადმი მორჩილებაზე იყო დამოკიდებული.
4. რატომ დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხეში მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა, როდესაც შესცოდეს?
4 სამწუხაროდ, ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღვთის რჯულს (დაბადება 3:1–6). ამგვარად, ისინი ცოდვილები გახდნენ, რადგანაც „ცოდვა ურჯულოებაა“ (1 იოანე 3:4). შედეგად, ადამმა და ევამ მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა დაკარგეს. რატომ? რადგანაც „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა 6:23). ამგვარად, როდესაც ადამისა და ევასთვის განაჩენი გამოჰქონდა, ღმერთმა თქვა: „მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“. მაშინ მან ჩვენი პირველი მშობლები სამოთხის სახლიდან განდევნა. იმ დღიდან, როდესაც შესცოდეს, ადამსა და ევას სიკვდილი თანდათანობით უახლოვდებოდა და ის გარდაუვალი იყო (დაბადება 3:19, 23, 24).
„სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“
5. როგორ გადავიდა სიკვდილი ყველა ადამიანში?
5 ცოდვა ღრმად ამოიკვეთა ადამისა და ევას გენებში. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო, რომ მათ სრულყოფილი შთამომავლობა ჰყოლოდათ, ისევე როგორც შეუძლებელია, რომ ზადიან ყალიბში ჩამოსხმული საგანი უზადო იყოს (იობი 14:4). მართლაც, თითოეული ადამიანის დაბადება იმის მტკიცებაა, რომ ჩვენმა მშობლებმა სრულყოფილი ჯანმრთელობა და მარადიული სიცოცხლე, როგორც თავიანთთვის, ისე შთამომავლობისთვისაც დაკარგეს. ქრისტიანმა მოციქულმა, პავლემ, დაწერა: „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12; შეადარეთ ფსალმუნი 50:7).
6. რატომ კვდება ადამიანი?
6 დღეს მეცნიერებისთვის უცნობია, თუ რატომ ბერდება და კვდება ადამიანი. ბიბლია კი გვიხსნის, რომ ეს კაცობრიობის პირველი მშობლებისგან შთამომავლობით გადმოცემული ცოდვის შედეგია. მაგრამ რა ხდება სიკვდილის შემდეგ?