-
სიკვდილის ნესტარისაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 იანვარი
-
-
მთავარი თემა | სიკვდილით მთავრდება ყველაფერი?
სიკვდილის ნესტარი
სიკვდილზე საუბარი იმდენად არასასიამოვნოა, რომ ბევრი თავს არიდებს ამ თემაზე ლაპარაკს. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს სიკვდილით გამოწვეული ტკივილის განცდა. სიკვდილის ნესტარი ძალიან მწარე და მტკივნეულია.
ადამიანს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ შეიძლება სიკვდილმა წაართვას მშობელი, მეუღლე ან შვილი. ტრაგედია შეიძლება მოულოდნელად ან გარკვეული ხნის შემდეგ დატრიალდეს. რაც არ უნდა იყოს, სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს ვერსად გავექცევით და ეს ტკივილი შეიძლება გამანადგურებელიც კი აღმოჩნდეს.
ანტონიო, რომელსაც მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა, ამბობს: „თითქოს ვიღაცამ შენი სახლის კარი ჩაკეტა და გასაღები წაიღო. სახლში ვეღარ შედიხარ, თუნდაც ერთი წუთით. მხოლოდ მოგონებებიღა შემოგრჩა. ეს ახალი რეალობაა. ცდილობ, უარყო ეს რეალობა, რადგან ფიქრობ, რომ უსამართლობაა. მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გზა არა გაქვს“.
დოროთის, რომელიც 47 წლის ასაკში დაქვრივდა, სიკვდილთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაუჩნდა. ის საკვირაო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და ბავშვებს ასწავლიდა, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდებოდა, მაგრამ სინამდვილეში არ იცოდა, რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ. ის ანგლიკანური ეკლესიის წევრი იყო. ერთხელ თავისივე ეკლესიის მსახურს ჰკითხა: „ძალიან მაინტერესებს, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. თქვენ ხომ არ იცით პასუხი?“. „ეს არავინ იცის, — უპასუხა ეკლესიის მსახურმა. — ამას დრო გვიჩვენებს“.
მართლა დროის იმედზე უნდა ვიყოთ? შეუძლებელია იმის გაგება, მთავრდება თუ არა სიკვდილით ყველაფერი?
-
-
ბრძოლა სიკვდილის დასამარცხებლადსაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 იანვარი
-
-
მთავარი თემა | სიკვდილით მთავრდება ყველაფერი?
ბრძოლა სიკვდილის დასამარცხებლად
იმპერატორი ცინ შიხუანდი
მეზღვაური და მკვლევარი ხუან პონსე დე ლეონი
სიკვდილი საშინელი მტერია, რომელსაც მთელი ძალით ვებრძვით. როდესაც საყვარელი ადამიანი გვიკვდება, გვიჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება. ახალგაზრდებისთვის წარმოუდგენელია იმაზე ფიქრი, რომ სიკვდილმა მათაც შეიძლება ხელი დარიოს. ამ ილუზიას ისინი მყარად არიან ჩაჭიდებულნი.
ცოტას თუ კლავდა უკვდავებისკენ სწრაფვის ისეთი დაუცხრომელი სურვილი, როგორც ფარაონებს. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი მათ და მათმა ქვეშევრდომებმა უკვდავების ძიებას შეალიეს. პირამიდების აშენება სწორედ იმაზე მოწმობს, რომ ისინი უკვდავებისკენ ისწრაფოდნენ, თუმცა ამაოდ.
უკვდავებისკენ ჩინელი იმპერატორებიც ილტვოდნენ, ოღონდ სხვა გზით. ისინი სიცოცხლის ელექსირს ეძებდნენ. იმპერატორი ცინ შიხუანდი მოითხოვდა, რომ ალქიმიკოსებს მისთვის მაგიური ელექსირი მოეპოვებინათ, რითაც სიკვდილს დაამარცხებდა. მაგრამ ნაზავების უმეტესობა ვერცხლისწყალს შეიცავდა. სავარაუდოდ, იმპერატორი ერთ-ერთმა ასეთმა ნაზავმა შეიწირა.
მე-16 საუკუნეში ესპანელმა მეზღვაურმა და მკვლევარმა ხუან პონსე დე ლეონმა კარიბის ზღვისკენ აიღო გეზი. როგორც ამბობენ, ის ახალგაზრდობის შადრევანს ეძებდა. ძიების პროცესში მან ფლორიდა (აშშ) აღმოაჩინა. რამდენიმე წლის შემდეგ ის ადგილობრივ ამერიკელებთან შეტაკების დროს დაიღუპა. ვერც მან და ვერც სხვებმა გაახალგაზრდავების წყაროს ვერ მიაგნეს.
ფარაონებსაც, იმპერატორებსაც და მკვლევრებსაც სიკვდილის დამარცხების დაუოკებელი სურვილი კლავდათ. შეიძლება ძიების მათეული მეთოდები არ იყოს ჩვენთვის მისაღები, მაგრამ რომელ ჩვენგანს არ ხიბლავს უკვდავების იდეა? გულის სიღრმეში ყველას გვსურს მარადიულად ვიცოცხლოთ.
შესაძლებელია სიკვდილის დამარცხება?
რატომ ვიბრძვით სიკვდილის წინააღმდეგ? ამის მიზეზს ბიბლია გვიხსნის. მასში ნათქვამია, რომ ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმაa „ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ [ადამიანების] გულებში“ (ეკლესიასტე 3:11). ჩვენ გვსურს, რომ ბუნების სილამაზით მარადიულად დავტკბეთ და არა რაღაც 80 წელი (ფსალმუნი 90:10). ჩვენს გულს მარადიულობა სწადია.
რატომ ჩადო ღმერთმა ჩვენს გულებში მარადიულობა? ნუთუ იმიტომ, რომ გული გაგვტეხოდა? წარმოუდგენელია. პირიქით, ღმერთი გვპირდება, რომ სიკვდილს ბოლოს მოუღებს. ბიბლიაში არაერთხელ არის გამეორებული ის აზრი, რომ ღმერთი აღმოფხვრის სიკვდილს და ადამიანები მარადიულად იცოცხლებენ (იხილეთ ჩარჩო „სიკვდილზე გამარჯვება“).
იესო ქრისტემ გასაგებად თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). როგორც ვხედავთ, სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლა აზრს მოკლებული არ არის. იესო გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ღმერთს ძალუძს სიკვდილის დამარცხება.
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის საკუთარი სახელია.
-
-
სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება!საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 იანვარი
-
-
მთავარი თემა | სიკვდილით მთავრდება ყველაფერი?
სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება!
ბეთანია პატარა სოფელი იყო, რომელიც იერუსალიმიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა (იოანე 11:18). იესოს სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე იქ ტრაგედია დატრიალდა. იესოს უახლოესი მეგობარი ლაზარე მოულოდნელად ავად გახდა და მოკვდა.
როდესაც იესომ ეს ამბავი შეიტყო, თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ლაზარემ დაიძინა და მის გაღვიძებას აპირებდა (იოანე 11:11). მაგრამ მოწაფეებმა ვერ გაიგეს მისი ნათქვამი, ამიტომ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:14).
ლაზარეს დაკრძალვიდან ოთხი დღის შემდეგ იესო ბეთანიაში ჩავიდა. ლაზარეს დამ, მართამ იესოს უთხრა: „აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“ (იოანე 11:17, 21). იესომ მის სანუგეშებლად თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25).
„ლაზარე, გამოდი!“
იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არ იყო ლიტონი სიტყვები, იესო მიუახლოვდა სამარხს და ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ (იოანე 11:43). ლაზარე გაცოცხლდა, რამაც იქ მყოფების განცვიფრება გამოიწვია.
ამ შემთხვევამდე იესომ სულ ცოტა ორი მიცვალებული აღადგინა. პირველი იყო იაიროსის ქალიშვილი. სანამ ქალიშვილს აღადგენდა, იესომ მასზეც თქვა, რომ ეძინა (ლუკა 8:52).
ყურადღება მიაქციეთ, ლაზარესა და იაიროსის ქალიშვილის სიკვდილი იესომ ძილს შეადარა. ეს მართებული შედარებაა. რატომ შეიძლება ამის თქმა? ძილი არის უგრძნობი მდგომარეობა, რაც შეესატყვისება იმ აზრს, რომ სიკვდილის დროს ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილსა და ტანჯვას (ეკლესიასტე 9:5; იხილეთ ჩარჩო „სიკვდილი ღრმა ძილს ჰგავს“). იესოს მოწაფეებს კარგად ესმოდათ, სინამდვილეში რა მდგომარეობაშიც იყვნენ მკვდრები. „იესოს მიმდევრებისთვის სიკვდილი იყო ძილის მდგომარეობა, სამარხი კი მოსასვენებელი ადგილი . . . მათთვის, ვინც რწმენის გამო კვდებოდა“,a — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (Encyclopedia of Religion and Ethics).
მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მკვდრები ძილის მდგომარეობაში არიან და არ იტანჯებიან. ამგვარად, სიკვდილის მდგომარეობა ჩვენთვის არ არის იდუმალებით მოცული და შესაბამისად, არც შიშის მიზეზი გვაქვს.
„თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“
ღამე კარგად გამოძინება ყველას გვსიამოვნებს, მაგრამ სამუდამო ძილს არავინ ისურვებდა. არსებობს რაიმე იმედი, რომ მიცვალებულები, რომლებსაც სამარხებში სძინავთ, ლაზარესა და იაიროსის ქალიშვილის მსგავსად, სიცოცხლეს დაუბრუნდებიან?
სიკვდილის პირას მყოფმა პატრიარქმა იობმა სწორედ ეს კითხვა დასვა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ (იობი 14:14).
ამ კითხვით იობმა უზენაეს ღმერთს მიმართა და პასუხიც თავადვე გასცა: „დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:15). იობი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა სულმოუთქმელად ელოდა იმ დროს, როდესაც თავის ერთგულ მსახურს აღადგენდა. არარეალური მოლოდინი ჰქონდა იობს? ნამდვილად, არა.
იესოს მიერ მკვდრეთით აღდგომის მაგალითები აშკარა მტკიცებაა იმისა, რომ ღმერთმა იესოს სიკვდილზე ძალაუფლება მისცა. ფაქტობრივად, ბიბლია ამბობს, რომ დღეს იესო ფლობს „სიკვდილისა და სამარის გასაღებებს“ (გამოცხადება 1:18). ასე რომ, იესო გახსნის სამარის კარებს, როგორც ეს ლაზარეს შემთხვევაში გააკეთა, როდესაც ბრძანა, რომ სამარხისთვის ლოდი მოეშორებინათ.
ბიბლია არაერთხელ შეგვახსენებს ღვთის დაპირებას, რომ მკვდრები აღდგებიან. ანგელოზმა წინასწარმეტყველი დანიელი დაარწმუნა: „დაისვენებ, მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“ (დანიელი 12:13). იესომ სადუკეველებს, იუდეველთა წინამძღოლებს, რომლებსაც არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა, უთხრა: „ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ღვთის ძალა“ (მათე 22:23, 29). მოციქულმა პავლემ თქვა: „მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).
როდის აღდგებიან მკვდრები?
როდის მოხდება მართლებისა და უმართლოების აღდგომა? ანგელოზმა მართალ დანიელს უთხრა, რომ აღდგებოდა „დღეების ბოლოს“. მართასაც სჯეროდა, რომ თავისი ძმა ლაზარე აღდგებოდა „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:24).
ბიბლიაში „უკანასკნელი დღე“ ქრისტეს მმართველობას უკავშირდება. პავლემ დაწერა: „რადგან მან [ქრისტემ] უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:25, 26). ამიტომ ეს ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძვლიან მიზეზს, რომ ვილოცოთ ღვთის სამეფოს მოსვლასა და დედამიწაზე მისი ნების შესრულებაზე.b
იობმა კარგად იცოდა, რომ მკვდრეთით აღდგომა ღვთის ნებაა. როცა ეს დღე დადგება, სიკვდილი სამუდამოდ გაქრება. და კითხვა — სიკვდილით მთავრდება ყველაფერი? — აღარავის გაუჩნდება.
a „სამარხად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „დასაძინებელ ადგილს“ ნიშნავს.
b ღვთის სამეფოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 8. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.pr2711.com.
-