შესანიშნავი პერსპექტივა!
„ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“. იოანე 11:26.
1. როგორ გარემოში იქნება აღდგენილი მილიონობით ადამიანი?
მილიონობით ადამიანი უკაცრიელ დედამიწაზე საცხოვრებლად არ იქნება აღდგენილი (საქმეები 24:15). ისინი ულამაზეს გარემოში გამოიღვიძებენ და დაინახავენ, რომ მათთვის სახლები, ტანსაცმელი და უხვი სურსათ-სანოვაგეა მომზადებული. ვინ იზრუნებს ყოველივე ამაზე? ნათელია, რომ ახალ ქვეყნიერებაში ხალხმა უნდა იცხოვროს, ვიდრე დედამიწაზე აღდგომა დაიწყება. მაგრამ ვინ?
2–4. რა შესანიშნავი პერსპექტივა არსებობს „უკანასკნელ დღეებში“ მცხოვრებთათვის?
2 ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება იმაზე მეტყველებს, რომ ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1)a. იეჰოვას განზრახული აქვს, სულ მალე ადამიანთა საქმეებში ჩაერიოს და დედამიწაზე ბოროტება მოსპოს (ფსალმუნი 36:10, 11; იგავნი 2:21, 22). რა მოელით ღვთის ერთგულ მსახურებს მაშინ?
3 იეჰოვა არ გაანადგურებს მართალ ადამიანებს ბოროტებთან ერთად (ფსალმუნი 144:20). მას არასდროს გაუკეთებია ეს და არც მაშინ გააკეთებს, როდესაც დედამიწას ყოველგვარი ბოროტებისგან გაწმენდს (შეადარეთ დაბადება 18:22, 23, 26). მართლაც, ბიბლიის ბოლო წიგნში მოხსენიებულია „დიდი გასაჭირიდან“ გამოსული „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“, (გამოცხადება 7:9–14). დიახ, დიდ გასაჭირში, რომელშიც თანამედროვე ბოროტი ქვეყნიერება განადგურდება, უამრავი ხალხი გადარჩება და ღვთის ახალ ქვეყნიერებას დაიმკვიდრებს. მაშინ ღმერთი მორჩილ კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან იხსნის (გამოცხადება 22:1, 2). ამგვარად, ‘უამრავ ხალხს’ არასდროს მოუწევს სიკვდილი. რა შესანიშნავი პერსპექტივაა!
4 გვაქვს ასეთი საოცარი იმედის საფუძველი? რა თქმა უნდა! იესო ქრისტემ თქვა, რომ დადგება დრო, როდესაც ადამიანები აღარასოდეს მოკვდებიან. თავისი მეგობრის, ლაზარეს, აღდგენამდე იესომ მართას უთხრა: „ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“ (იოანე 11:26).
თქვენც შეგიძლიათ მარადიულად ცხოვრება
5, 6. რა უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრება?
5 გსურთ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრება? ნატრობთ, კვლავ ნახოთ საყვარელი ადამიანები? მაშინ, თქვენ ღვთის ნებისა და განზრახვების შესახებ ზუსტი შემეცნება უნდა შეიძინოთ. ღვთისადმი ლოცვაში იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
6 ღმერთს სურს, „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4). ახლა დროა, გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრება იმ მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებიც ღვთის ნებას ასრულებენ. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ღვთისა და მისი მოთხოვნების შესახებ მეტის გაგებაში. რატომ არ დაუკავშირდებით მათ უახლოეს სამეფო დარბაზში ან მისწერთ უახლოეს მისამართზე, რომელიც მომდევნო გვერდზეა მოცემული?
[სქოლიოები]
a იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გვერდები 98–107, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 31 გვერდზე]
‘უამრავ ხალხს’ არასდროს მოუწევს სიკვდილი.