საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სხვა გამოსავალი არ არსებობს საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ოქტომბერი
    • სხვა გამოსავალი არ არსებობს საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება

      „არაფერია იმაზე უფრო რთული და ამიტომ, უფრო დასაფასებელი, ვიდრე იცოდე, როგორ მიიღო გადაწყვეტილებები“, — აღნიშნა ერთხელ XIX საუკუნის საფრანგეთის იმპერატორმა, ნაპოლეონ ბონაპარტმა. ალბათ, ეთანხმებით ამ ციტატაში გამოთქმულ აზრებს, რადგან ადამიანებს, ჩვეულებრივ, სიამოვნებთ, როდესაც გრძნობენ, რომ თავად არიან საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონნი. ამავე დროს, ისინი ხედავენ, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან რთულია.

      ადვილია თუ რთული, გადაწყვეტილებების მიღება მაინც გვიწევს. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, დილით გავიღვიძებთ თუ არა, უნდა გადავწყვიტოთ, რას ჩავიცვამთ, რას შევჭამთ საუზმეზე და როგორ გავართმევთ თავს ბევრ სხვა საკითხს დღის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილებათა უმეტესობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ, იშვიათად დავიწყებთ გონებაში ამ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გადამოწმებას და არც ძილი დაგვიფრთხება იმაზე ფიქრით, გონივრული იყო თუ არა მათი მიღება.

      მეორე მხრივ, არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მთელ ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დღეს ბევრმა ახალგაზრდამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზას დაადგეს. მათ უნდა მოიფიქრონ, სად და რამდენ ხანს ისწავლიან. ადრე თუ გვიან ახალგაზრდების უმეტესობა არჩევნის წინაშე დგება, დაქორწინდეს თუ დაუქორწინებელი დარჩეს. ისინი, ვინც დაქორწინებას არჩევენ, გადაწყვეტილების მიღებისას ასეთი კითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს: „მაქვს დაქორწინებისთვის შესაფერისი ასაკი და ვარ საკმაოდ მოწიფული ამ ნაბიჯის გადასადგმელად? ცხოვრების როგორ თანამგზავრს ვისურვებდი? ან, რაც უფრო მთავარია, როგორი თანამგზავრი მჭირდება? ძალიან ცოტა გადაწყვეტილება თუ ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ისეთ დიდ გავლენას, როგორც ცხოვრების თანამგზავრის არჩევა.

      სერიოზული ნაბიჯის გადადგმისას, უაღრესად მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩვენი ბედნიერება უმთავრესად ამაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი შეიძლება ფიქრობს, რომ ის საკმაოდ უნარიანია და შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს; ამიტომაც არ იღებს შეთავაზებულ დახმარებას. გონივრულია ეს? მოდი ვნახოთ.

  • როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ოქტომბერი
    • როგორ მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები?

      „მოისმენს ბრძენი და შეიმატებს სწავლას“, — თქვა ძველი ისრაელის ბრძენმა მეფემ. უმეტესობა ჩვენგანმა ამა თუ იმ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ სხვების რჩევას ყური არ ათხოვა (იგავები 1:5).

      სოლომონის ეს სიტყვები მის მიერვე წარმოთქმულ სხვა „სამი ათას იგავთან“ ერთად ჩაიწერა ბიბლიაში (3 მეფეთა 4:32). მოგვიტანს სარგებლობას ამ ბრძნული გამონათქვამების ცოდნა და გამოყენება? დიახ. მათი დახმარებით შესაძლებელია ‘სიბრძნისა და შეგონების გაგება, გონიერი ნათქვამების შეგნება. ჭკუის, სიმართლის, სამართლისა და სიწრფელის შეგონების მიღება’ (იგავები 1:2, 3, სსგ). განვიხილოთ ხუთი ბიბლიური პრინციპი, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.

      მხედველობაში მიიღეთ შედეგები, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოიმკით

      ზოგ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ამიტომ ეცადეთ წინასწარ გაითვალისწინოთ ისინი. ფრთხილად იყავით, რომ თვალი არ აგიხვიოთ მოკლევადიანმა სარგებლობამ და ვერ დაინახოთ ის არასასურველი შედეგები, რომლებიც მიღებულ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოჰყვება. „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“, — გვაფრთხილებს იგავების 22:3 (სსგ).

      კარგი იქნებოდა ფურცელზე ჩამოგეწერათ, რა შედეგები მოჰყვებოდა თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ახლო და შორეულ მომავალში. სამსახურის არჩევისას ახლო მომავლის შედეგი იქნება კარგი ხელფასი და სასიამოვნო სამუშაო. შედარებით შორეული მომავლის გათვალისწინებისას კი მხედველობაში ხომ არ მიიღებდით, პერსპექტიულია თუ არა ეს სამუშაო? ბოლოს და ბოლოს მის გამო სხვაგან გადასვლა და, შესაბამისად, მეგობრებისა და ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება ხომ არ დაგჭირდებათ? შეიძლება არაჯანსაღ გარემოში მოხვდეთ ან სამუშაო თქვენთვის იმდენად უინტერესო აღმოჩნდეს, რომ ძალიან უკმაყოფილო დარჩეთ. კარგად აწონ–დაწონეთ სამსახურის დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ, რას მიანიჭოთ უპირატესობა.

      ნურც იჩქარებთ და არც გააჭიანუროთ

      ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება თავისუფლად შეიძლება არაგონივრული აღმოჩნდეს. იგავების 21:5 (აქ) გვაფრთხილებს: „მუყაითის გეგმებს სარგებლობა მოაქვს, ხოლო მოჩქარე სიდუხჭირისკენ მიემართება“. შეყვარებულმა მოზარდებმა არ უნდა იჩქარონ ოჯახის შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავზე გამოცდიან XVIII საუკუნის ინგლისელი დრამატურგის, უილიამ კონგრივის, სიტყვების ჭეშმარიტებას: „ნაჩქარევად თუ დავქორწინდებით, შემდეგ სანანებლად საკმაო დრო გვექნება“.

      არ უნდა ავჩქარდეთ, არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება უნდა გავაჭიანუროთ. ზოგი გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, რაც შეიძლება ჩქარა უნდა მივიღოთ იგი. გაჭიანურება შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს ან ჩვენ, ან სხვას. გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება შეიძლება უკვე იყოს გადაწყვეტილება და თანაც არაგონივრული.

      რჩევას ნუ უგულებელყოფთ

      არ არსებობს ორი აბსოლუტურად ერთნაირი მდგომარეობა. ამიტომ, შეუძლებელია მსგავსი პრობლემა ორმა ადამიანმა ერთნაირად გადაჭრას. მიუხედავად ამისა, კარგი იქნებოდა მოგესმინათ მათთვის, ვინც ერთ დროს დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორ მდგომარეობაშიც ახლა თქვენ იმყოფებით. ჰკითხეთ, რა შეფასებას მისცემდნენ ისინი ახლა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ დროს მიიღეს. მაგალითად, ამა თუ იმ პროფესიის არჩევისას ან საქმიანობის წამოწყებისას. თავიდან დაეკითხეთ ისეთ ვინმეს, ვინც მსგავს საქმიანობას ეწევა; გაიგეთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს აღნიშნულ საქმეს. ჰკითხეთ, რა სარგებლობა მოუტანა მათ თავიანთმა არჩევანმა და, მეორე მხრივ, რას ისურვებდნენ, რომ უკეთესად ყოფილიყო ან რა პოტენციური საშიშროება იმალება ამ საქმეში.

      „რჩევის გარეშე ჩაიშლება განზრახვანი, — გვაფრთხილებს სოლომონი, — ბევრი მრჩევლისას კი შესრულდება“ (იგავები 15:22). ცხადია, სხვებს რჩევას ვეკითხებით და მათ გამოცდილებას ვიგებთ, მაგრამ კარგად გვესმის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პირადად უნდა მივიღოთ და ამ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობაც ჩვენ დაგვეკისრება (გალატელთა 6:4, 5).

      ყური უგდეთ განსწავლული სინდისის ხმას

      სინდისი დაგვეხმარება იმ ძირითადი პრინციპების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, რის თანახმად ცხოვრებაც ვარჩიეთ. ქრისტიანისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი სინდისი ღვთის აზრების შესაბამისად უნდა გაწვრთნას (რომაელთა 2:14, 15). ღვთის სიტყვა გვეუბნება: „ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი [ღმერთი] და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:6). ცხადია, ამა თუ იმ საკითხში ორი ადამიანი, რომელთაც კარგად განსწავლული სინდისი აქვთ, შეიძლება სრულიად განსხვავებულ დასკვნამდე მივიდეს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც სრულიად განსხვავებული მიიღონ.

      კარგად განსწავლული სინდისი ადამიანს უკარნახებს, რომ ამგვარი თავისუფალი არჩევანი სრულიად გამოირიცხება მაშინ, როდესაც საქმე ისეთ რამეს ეხება, რასაც ღვთის სიტყვა პირდაპირ განსჯის. მაგალითად, სინდისი, რომელიც ბიბლიური პრინციპებით არ არის განსწავლული, შეიძლება წყვილს იმის უფლებას აძლევდეს, რომ დაქორწინებამდე ერთად იცხოვრონ, რათა განსაზღვრონ, ეწყობიან თუ არა ერთმანეთს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს და ამგვარი მოქმედებით ოჯახის დაუფიქრებლად და ნაჩქარევად შექმნისგან იცავენ თავს. მათ, შესაძლოა, სინდისი არ განსჯის, მაგრამ ნებისმიერი, ვინც სექსსა და ქორწინებასთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისს იზიარებს, ამგვარი მცდელობისა და ამორალობის წინააღმდეგი იქნება (1 კორინთელთა 6:18; 7:1, 2; ებრაელთა 13:4).

      როგორ მოქმედებს თქვენი გადაწყვეტილება სხვებზე

      ხშირად თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვებზეც ახდენს გავლენას. ამიტომ, შეგნებულად არასოდეს მიიღოთ არაგონივრული ან ბრიყვული გადაწყვეტილება, რომელიც მეგობრებთან და ნათესავებთან და, რაც ყველაფერზე უარესია, ღმერთთან ურთიერთობაზე იმოქმედებს უარყოფითად. იგავების 10:1–ში ნათქვამია: „ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი შვილი კი დედამისის დარდია“.

      მეორე მხრივ, ზოგჯერ აუცილებელია ისეთი არჩევნის გაკეთება, რომელსაც ახლობლებთან ურთიერთობები ეწირება. ვთქვათ, გადაწყვიტეთ, უარი თქვათ ადრინდელ არაბიბლიურ რელიგიურ შეხედულებებზე; ან არჩიეთ, რადიკალურად შეიცვალოთ, რადგან თქვენი ცხოვრების წესი ღვთის მითითებებს არ შეესაბამება, თქვენ კი ღვთისმოსაწონად ცხოვრება გსურთ. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება არ მოეწონოს ზოგიერთ თქვენს მეგობარსა და ნათესავს, მაგრამ გახსოვდეთ, ნებისმიერი ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილება გონივრულია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება