საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jd თ. 8 გვ. 97-110
  • „რას ითხოვს იეჰოვა შენგან?“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „რას ითხოვს იეჰოვა შენგან?“
  • იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რას მოითხოვს იეჰოვა თქვენგან?
  • იყავით მოკრძალებული
  • ისწრაფეთ მაღალი ზნეობისკენ
  • იყავით უბიწონი
  • გიყვარდეთ სიკეთე
  • იარეთ ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად
  • რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • იეჰოვას სახელით ვივლით მარადიულად!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • იეჰოვას მსახურებს ჭეშმარიტი იმედი აქვთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ბიბლიის წიგნი 33 — მიქა
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
იხილეთ მეტი
იცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით
jd თ. 8 გვ. 97-110

თავი მერვე

„რას ითხოვს იეჰოვა შენგან?“

1, 2. როგორ რეაგირებდა იეჰოვა თავისი ხალხის ზნეობრივ დაცემაზე და როგორ გვამხნევებს ეს?

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: გოგონას აფრთხობს კარზე ძლიერი ბრახუნი. ის შიშობს, რომ კართან ვალის დასაბრუნებლად მოსული უპატიოსნო ვაჭარი დგას, რომელმაც ბევრი გააცრუა მატყუარა საწონებით და ბევრს უსამართლოდ გამოსძალა სარგებელი. სასჯელისგან თავის ასარიდებლად ის ქრთამს აძლევს ქალაქის თავკაცებს, რომლებიც ყურს არ უგდებენ ჩაგრულთა ჩივილს. ვიღა დაიცავს საბრალო გოგონას? მამამისმა ახალგაზრდა ქალის გამო მიატოვა ოჯახი, გოგონას და დედამისს კი მონობა არ ასცდებათ.

2 ეს მაგალითი ასახავს თორმეტი წინასწარმეტყველის დროს არსებულ მდგომარეობას, რომელსაც ისინი აშკარად გმობდნენ (ამოსი 5:12; 8:4—6; მიქა 6:10—12; სოფონია 3:3; მალაქია 2:13—16; 3:5). რას იგრძნობდით, იმ დროს რომ გეცხოვრათ? როგორი დამამძიმებელიც არ უნდა იყოს ეს შემთხვევა, მანუგეშებელია იმის ცოდნა, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თავის ხალხს ამ წინასწარმეტყველთა დროს. ამ თორმეტი წიგნიდან დაინახავთ, რომ ღმერთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ღირსეულ თვისებებსა და სწორ აზროვნებას. ღმერთს შეუძლია გაგამხნეოთ, რომ განიმტკიცოთ ზნეობა და აღიძრათ სიკეთის კეთებისა და ღვთის განდიდებისკენ. იეჰოვას სასამართლოს დღე სწრაფად გვიახლოვდება, ამიტომ თუ ყურად ვიღებთ ამ წიგნებში მოცემულ გამამხნევებელ ცნობას, უკეთ გავიგებთ, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან. ჩვენი მსჯელობა მიქას დროს, ძვ. წ. VIII საუკუნეში არსებული მდგომარეობის განხილვით დავიწყოთ.

სურათი 98 გვერდზე

იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება მიკერძოება და უსამართლობა.

რას მოითხოვს იეჰოვა თქვენგან?

3, 4. ა) რა შთამბეჭდავ თხოვნას ვხვდებით მიქას წიგნში? ბ) პირადად თქვენ როგორ გეხებათ მიქას 6:8-ში დასმული კითხვა?

3 მიქას წიგნის კითხვისას, ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ურჩი ისრაელებისთვის წაყენებული ბრალდებების გრძელი ჩამონათვალია. ცხადია, იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩებოდა მასზე მიძღვნილი ხალხის ზნეობრივი დაცემა. არც მათი საქმეები დარჩენია შეუმჩნეველი, ვისაც მან „სიკეთის მოძულენი“ და „ბოროტების მოყვარულნი“ უწოდა (მიქა 3:2; 6:12). გარდა ბრალდებებისა, ამ წიგნში მოცემულია ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მოქმედებისკენ აღმძვრელი მოწოდება. მიქა ყურადღებას ამახვილებს მასზე, ვინც სიმართლის ნორმები დაადგინა, და სვამს ასეთ დამაფიქრებელ კითხვას: „რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“ (მიქა 6:8)

4 ხედავთ, რა თხოვნით მოგმართავთ შემოქმედი? ეს თბილი სიტყვები შეგვახსენებს, რა დადებითი აზროვნება უნდა შევინარჩუნოთ, ნაცვლად იმისა, რომ ფართოდ გავრცელებულმა ბოროტებამ სწორი გზიდან გადაგვახვევინოს. იეჰოვას ესმის, რომ ჩვენ, მის ერთგულ მსახურებს, გვსურს მივბაძოთ მას. ღმერთს ჩვენში ეჭვი არ ეპარება. თქვენ როგორ უპასუხებდით, ვინმეს რომ ეკითხა: „რას მოითხოვს იეჰოვა თქვენგან?“ იცით, თქვენი ცხოვრების რომელ სფეროზე ახდენს ან უნდა ახდენდეს გავლენას ღვთის ზნეობრივი ნორმები? რაც უფრო შეესაბამებით ამ ნორმებს, მით უფრო დაუახლოვდებით ღმერთს და თქვენი ცხოვრებაც მეტ აზრს შეიძენს. მალე მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, ამიტომ თქვენთვის გამამხნევებელი იქნება ეს მოწოდება: „სიმართლით თესეთ თესლი თქვენთვის, სიკეთით მოიმკეთ. დაამუშავეთ სახნავი მიწა, სანამ არის იეჰოვას ძებნის დრო, სანამ მოსულა ის და სიმართლე უსწავლებია თქვენთვის“ (ოსია 10:12). მოდი განვიხილოთ მიქას 6:8-ში მოცემული ძვირფასი რჩევის მთავარი აზრები.

იყავით მოკრძალებული

5. რატომ არის მნიშვნელოვანი, მოკრძალებულად ვიაროთ ღმერთთან ერთად?

5 საყურადღებოა, რომ მიქას სიტყვებისამებრ, იეჰოვა მოითხოვს „მოკრძალებულად სიარულს“ მასთან ერთად. მოკრძალებულობას ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს, რადგან „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2). მოკრძალებულ ადამიანს ესმის, რომ ადამის ცოდვის გამო შესაძლებლობები შეზღუდული აქვს. თავდაპირველად უნდა ვაღიაროთ, რომ ცოდვილები ვიბადებით. ეს დაგვეხმარება, რომ შეგნებულად აღარ შევცოდოთ (რომაელები 7:24, 25).

6. როგორ დაგვეხმარება მოკრძალებულობა იმის გაცნობიერებაში, თუ რა შედეგები მოსდევს ცოდვას?

6 ცოდვის თავიდან ასარიდებლად რატომ არის აუცილებელი მოკრძალებულობა და თავმდაბლობა? მოკრძალებულ ადამიანს ესმის, რამდენად ძლიერია ცოდვა (ფსალმუნები 51:3). ოსია გვიხსნის, რომ ცოდვა შეიძლება მაცდუნებელი იყოს, მაგრამ ცოდვის შედეგი ყოველთვის დამღუპველია. მაგალითად, იეჰოვამ თქვა, რომ „პასუხს მოსთხოვდა“ თავის ურჩ ხალხს. ნუთუ ამ სიტყვების მომსმენ ამაყ ცოდვილებს კიდევ ჰქონდათ ცოდვის შედეგებისგან თავის დაღწევის იმედი? შესაძლოა ზოგი მათგანი ასეც ფიქრობდა, რადგან ცოდვა, ხშირ შემთხვევაში, ატყუებს და იმონებს ცოდვილს. რაც ყველაზე სამწუხაროა, ცოდვა ღვთისგან აშორებს მათ და ისეთ უკიდურეს მდგომარეობაში აგდებს, რომ „თავიანთი საქმეები თავიანთ ღმერთთან დაბრუნების ნებას არ რთავს“. შეგნებული ცოდვა ძირს უთხრის შემცოდველის ზნეობრივ სიმტკიცეს და „სიავის მქნელად“ აქცევს მას. ცოდვის ჩამდენი ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევს. ერთხანს შეიძლება მოუნანიებელი შემცოდველი წარმატებული ჩანდეს, მაგრამ ღვთის მოწონების იმედი ვერ ექნება (ოსია 1:4; 4:11—13; 5:4; 6:8).

7. როგორ ეხმაურება იეჰოვას ხელმძღვანელობას მოკრძალებული ხალხი?

7 მოკრძალებულ ადამიანებს ისიც ესმით, რომ ცოდვის სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად ღვთის ხელმძღვანელობა სჭირდებათ. მიქამ იწინასწარმეტყველა ჩვენს დროზე, რომ უამრავი ხალხი მოინდომებდა იეჰოვას გზების სწავლასა და მისი ბილიკებით სიარულს. ეს თვინიერი ადამიანები ეძებენ კანონს და იეჰოვას სიტყვას. შესაძლოა თქვენც გხვდათ წილად ბედნიერება, მათ შორის იყოთ, ვისაც სურს იეჰოვას სახელით სიარული და ემორჩილება მის მოთხოვნებს. მიქას მსგავსად, თქვენც ალბათ გაინტერესებთ, კიდევ როგორ შეინარჩუნოთ ზნეობრივი სიწმინდე (მიქა 4:1—5; 6:11). ამაში დაგეხმარებათ, მოკრძალებით აკეთოთ ის, რასაც იეჰოვა ითხოვს თქვენგან.

სამაგალითო მოკრძალება და გულწრფელობა

იონამ ისეთი გულწრფელობა და მოკრძალება გამოავლინა, რაც არ ახასიათებდათ იმ მწერლებს, რომლებსაც ბიბლიის წერაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მან გულახდილად დაწერა, რომ არ დაემორჩილა იეჰოვას და ყოველთვის არ იყო მასზე მინდობილი; აღიარა, რომ არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა თავისი დავალებისადმი და სწორად არ რეაგირებდა ნინეველების გადარჩენაზე. მოკრძალების რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის!

ისწრაფეთ მაღალი ზნეობისკენ

8. თქვენ როგორ შეაფასებდით მსოფლიოში არსებულ ზნეობრივ მდგომარეობას?

8 იეჰოვა დიდადაა დაინტერესებული ჩვენი სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობით და ამიტომაცაა, რომ მსოფლიოში გავრცელებული გახრწნილების მიუხედავად, ჩვენგან ზნეობრივ სიწმინდეს მოითხოვს (მალაქია 2:15). ყოველი მხრიდან გვიტევს სექსუალური შინაარსის ინფორმაცია. მრავალი ცუდს ვერაფერს ხედავს პორნოგრაფიული სურათებისა და ფილმების ყურებაში, უზნეო შინაარსის მასალების კითხვასა და სიმღერების მოსმენაში. ზოგი ამცირებს ქალის ღირსებას, რადგან ფიქრობს, რომ მისი ერთადერთი დანიშნულება კაცის სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებაა. სკოლაში ახალგაზრდებისგან ხშირად გაიგონებთ უხამს ხუმრობებსა და ორაზროვან საუბრებს სექსზე. როგორ უნდა დაიცვათ თავი ასეთი გამხრწნელი ზეგავლენისგან?

9. როგორ არღვევდნენ იეჰოვას ნორმებს თორმეტი წინასწარმეტყველის დროს?

9 თორმეტი წინასწარმეტყველი, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ძვირფას რჩევებს გვაძლევს. თუმცა მათ დროს არ ყოფილა კინოთეატრები და ვიდეოთეკები, მაგრამ მაშინ გავრცელებული იყო ფალოსის კულტი, ეგრეთ წოდებული წმინდა მეძაობა და სამარცხვინო გარყვნილება (1 მეფეები 14:24; ესაია 57:3, 4; აბაკუმი 2:15). ამას ადასტურებს წინასწარმეტყველთა სიტყვები: „კაცები მეძავებთან განმარტოვდებიან ხოლმე და ტაძრის მეძავ ქალებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს“ და „მამა-შვილი ერთ ქალთან დადის ჩემი წმინდა სახელის შესაბღალავად“. ნაყოფიერების რიტუალების დროს ზოგიერთები „მეძაობის გასამრჯელოს“ იძლეოდნენa. მრუშობა ფართოდ იყო გავრცელებული. მრავალი მოღალატე მეუღლე „დაჰყვებოდა თავის ვნებიან საყვარლებს“ (ოსია 2:13; 4:2, 13, 14; ამოსი 2:7; მიქა 1:7).

10. ა) ძირითადად რა იწვევს უზნეობას? ბ) როგორ შეიბილწა ძველად ღვთის ხალხი სულიერი გარყვნილებით?

10 ცხადია, რომ უზნეობა ადამიანის აზროვნებისა და შინაგანი აღძვრების შედეგია (მარკოზი 7:20—22). თავის უზნეო ხალხზე იეჰოვამ თქვა, რომ „გარყვნილების სული ახეტიალებდა მათ“ და რომ „ბოროტების მეტს არაფერს აკეთებენ“ (ოსია 4:12; 6:9)b. ზაქარია მოიხსენიებდა „უწმინდურების სულსაც“ (ზაქარია 13:2). ისინი უსირცხვილოები იყვნენ, არაფრად აგდებდნენ და სძულდათ კიდეც იეჰოვას ნორმები და ხელმძღვანელობა. ამიტომ, ადამიანს სწორი აღძვრები რომ ჰქონდეს, საჭიროა მთლიანად შეიცვალოს აზროვნება და გულის მდგომარეობა. ქრისტიანებს ესმით ეს და მადლიერნი არიან იმ დახმარებისთვის, რომელსაც იღებენ უზნეობისა და მისი დამღუპველი შედეგების თავიდან ასარიდებლად.

იყავით უბიწონი

11. რა შედეგები მოაქვს სქესობრივ უზნეობას?

11 ალბათ გინახავთ დაცემული ზნეობის გამო როგორ ინგრევა ოჯახები, როგორ რჩებიან ბავშვები მშობლების მზრუნველობის გარეშე, როგორ ავადდება ხალხი საშინელი სნეულებებით და როგორ მატულობს აბორტების რიცხვი. ისინი, ვინც უარყოფენ შემოქმედის მიერ დადგენილ ზნეობრივ ნორმებს, ვერ გაექცევიან ფიზიკურ თუ ემოციურ ტკივილს. მიქა წერდა: „თავისი უწმინდურების გამო ნადგურდება ის; მტკივნეულია ეს განადგურება“ (მიქა 2:10). ამის ცოდნა უფრო განამტკიცებს ღვთის ხალხს, რომ დაიცვან მაღალი ზნეობრივი ნორმები. ისინი უწმინდური ფიქრებით არ იბილწავენ გულსა და გონებას (მათე 12:34; 15:18).

12. რატომ არის გონივრული სექსზე იეჰოვას თვალსაზრისის გათვალისწინება?

12 დაავადების ან უკანონო ბავშვის გაჩენის შიში არ არის იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქრისტიანები უზნეობას გაურბიან. მათ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის კანონებისადმი სიყვარულის გაღრმავება და ზნეობაზე მისი თვალსაზრისის გაზიარება. ადამიანების შექმნისას იეჰოვამ მათში ჩადო სქესობრივი ურთიერთობის სურვილი, რაც ცოლქმრულ სიყვარულში უნდა გამოვლენილიყო. ადამიანების შექმნისას ეს ღვთის განზრახვაში შედიოდა. როცა სექსი მხოლოდ ქორწინებით შემოიფარგლება, ის თავის მიზანს ემსახურება — აძლიერებს ცოლქმრულ კავშირს და იძლევა გამრავლების საშუალებას. ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი კი დამღუპველია, როგორც ამას თორმეტი წინასწარმეტყველიც ადასტურებს. სქესობრივ გარყვნილებას ღმერთი არ იწონებს. როგორც ძველ დროს იყო უზნეობა დამღუპველი, დღესაც ძვირად დაუჯდებათ ეს უზნეობის ჩამდენთ.

13. როგორ შეგვიძლია თავიდან მოვიშოროთ გარყვნილება და თავი ავარიდოთ ცდუნებას?

13 ოსია ევედრებოდა თანამემამულეებს, თავიდან მოიშორეთო გარყვნილება, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ ზნეობის დასაცავად (ოსია 2:2). ჩვენ შემთხვევაში გონივრული იქნება, მოვერიდოთ ნებისმიერ მაცდუნებელ სიტუაციას. მაგალითად, შეიძლება ხშირად დგებით ცდუნების წინაშე სკოლაში ან სამეზობლოში. სკოლას ან საცხოვრებელს ყოველთვის ვერ შეიცვლით, მაგრამ არსებობს სხვა საშუალებები, რომ თავი შორს დაიჭიროთ მაცდუნებელი სიტუაციებისგან და ამგვარად თავიდან მოიშოროთ გარყვნილება. ნუ დაუმალავთ სხვებს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი, ანუ იეჰოვას მოწმე ხართ. ნათლად და ტაქტიანად აუხსენით სხვებს თქვენი ფასეულობები და მრწამსი. დარწმუნდით, რომ ყველამ იცის თქვენი მტკიცე გადაწყვეტილება, დაიცვათ იეჰოვას მაღალი ნორმები (ამოსი 5:15). პორნოგრაფიასა და საეჭვო გართობაზე უარის თქმა კიდევ ერთი საშუალებაა გარყვნილების თავიდან მოსაშორებლად. ამისთვის შეიძლება საჭირო გახდეს უზნეო შინაარსის ჟურნალების გადაყრა ან მეგობრების შეცვლა და მათთან დაახლოება, ვისაც უყვარს იეჰოვა და მხარს დაგიჭერთ, რომ შეასრულოთ მისი მოთხოვნები (მიქა 7:5). იეჰოვას დახმარებით თავს შეუბილწავად დაიცავთ ქვეყნიერებაში გავრცელებული უზნეობისგან.

სურათი 104 გვერდზე

ჩვენი ქრისტიანული მრწამსის გაცხადება დაგვიცავს.

გიყვარდეთ სიკეთე

14, 15. ა) რას ნიშნავს „სიკეთის სიყვარული“? ბ) როგორ დაგვეხმარება სიკეთის სიყვარული, რომ ბრალდაუდებლები ვიყოთ?

14 მიქას სიტყვების თანახმად, იეჰოვა „სიკეთის სიყვარულს“ ითხოვს ჩვენგან. სიკეთე კარგის კეთებას ნიშნავს და ყოველივე ცუდს გამორიცხავს. სიკეთე მაღალზნეობრიობასაც უკავშირდება. ამიტომ ჩვენგან მოითხოვება, ვიყოთ პატიოსნები და მიუკერძოებლები როგორც პირად საქმეებში, ისე სხვებთან ურთიერთობაში. მე-6 თავში განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანობა და პატიოსნება საქმიან ურთიერთობებში. მაგრამ მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და სიკეთის გამოვლენა მხოლოდ ამ საკითხებში როდი გვმართებს.

15 ის, ვისაც სიკეთე უყვარს და სხვებისთვის მხოლოდ კარგის გაკეთება სურს, ცდილობს ბრალი არაფერში დაედოს. იმ ისრაელებს, რომლებიც არ ასრულებდნენ ვალდებულებას, რომ თავიანთი ქონებით მხარი დაეჭირათ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის, იეჰოვამ უთხრა: „თქვენ მპარავთ“ (მალაქია 3:8). დღეს როგორ შეიძლება, ადამიანმა ღმერთს რამე მოჰპაროს? შესაძლოა, ქრისტიანს ხელი მიუწვდება იმ თანხაზე, რომელიც კრებაში ან სხვაგან სამეფო საქმისათვის არის შეწირული. ვისია ეს ფული? საბოლოო ჯამში, იეჰოვასი, რადგან ის მისი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად იყო შეწირული (2 კორინთელები 9:7). განა შეიძლება, ვინმემ შეწირული ფული „ისესხოს“ პირადი აუცილებლობისთვის ან გამოიყენოს სხვა მიზნისთვის ნებართვის გარეშე? რა თქმა უნდა, არა. ეს იგივეა, რომ ღმერთს მოჰპარო! ეს არც მათდამი იქნებოდა სიკეთისა და სამართლიანობის გამოვლენა, ვინც ღვთის საქმისთვის გაიღო ეს თანხა (იგავები 6:30, 31; ზაქარია 5:3).

16, 17. ა) როგორ ავლენდა ზოგი სიხარბეს ამოსისა და მიქას დროს? ბ) როგორ უყურებს ღმერთი სიხარბეს?

16 სიკეთე ქრისტიანებს სიხარბისგანაც იცავს. ამოსის დროს ხალხის სიხარბეს საზღვარი არ ჰქონდა. გაუმაძღარი მტაცებლებივით ისინი მზად იყვნენ, თანამორწმუნე მართალი კაცი ვერცხლზე გაეყიდათ (ამოსი 2:6). მიქას დროსაც მსგავსი რამ ხდებოდა. მდიდარი იუდეველები ქონებას ართმევდნენ დაუცველ ხალხს და თუ დასჭირდებოდათ, არც ძალადობას მოერიდებოდნენ (მიქა 2:2; 3:10). მოძმეებისთვის მიწის გამოძალვით ეს ხარბი ადამიანები არღვევდნენ იეჰოვას კანონს, მათ შორის მეათე მცნებას და იმ კანონებს, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებული მიწის სამუდამოდ გაყიდვას კრძალავდა (გამოსვლა 20:13, 15, 17; ლევიანები 25:23—28).

17 შესაძლოა დღეს არავის ყიდიან და იმონებენ, როგორც ეს წინასწარმეტყველთა დროს ხდებოდა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ ვინმე ცდილობს სხვების ხარჯზე ნახოს მოგება ან ისინი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს? ქრისტიანი, რომელსაც უყვარს სიკეთე, თანამორწმუნეს არ გამოიყენებს გამორჩენის მიზნით. მას ესმის, რომ ისეთი საქმიანობის წამოწყება ან ფულის საქმეში ჩადება იმ განზრახვით, რომ მთავარი მომხმარებლები თანამორწმუნეები იქნებიან, არც სწორია და არც სიკეთეზე მეტყველებს. ეს სიხარბის მაჩვენებელია. ქრისტიანები კი გაფრთხილებულნი არიან, რომ არ მოინდომონ გამდიდრება თანაქრისტიანების ხარჯზე (ეფესოელები 5:3; კოლოსელები 3:5; იაკობი 4:1—5). სიხარბე შეიძლება გამოვლინდეს ფულის სიყვარულში, ძალაუფლების ან გამორჩენის სურვილში, ჭამა-სმაში, სქესობრივ ურთიერთობებში და სხვა საკითხებში. მიქას სიტყვების თანახმად ეგოისტი და ხარბი ადამიანები ვერ გაძღებიან. ეს სიტყვები დღესაც მართლდება (მიქა 6:14).

სურათი 106 გვერდზე

მრავალი ქრისტიანი სიყვარულით ზრუნავს იმიგრანტების სულიერ მოთხოვნილებებზე.

18, 19. ა) წინასწარმეტყველთა სიტყვების თანახმად როგორ ზრუნავს იეჰოვა ხიზნებზე? ბ) სხვებისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენით როგორ გავიუმჯობესებთ მათთან ურთიერთობას?

18 იეჰოვამ გააფრთხილა თავისი ხალხი: „ნურაფერს გამოსძალავთ ხიზანს“. მალაქიას პირით კი ღმერთმა განაცხადა: „მოვალ თქვენთან, რომ გაგასამართლოთ, . . მათ წინააღმდეგ, . . ვინც არღვევს ხიზნის უფლებებს“ (ზაქარია 7:10; მალაქია 3:5). ხომ არ შეიმჩნევა თქვენს მხარეში იმიგრანტების, სხვა ეროვნების, რასისა და წარმომავლობის ადამიანთა მოზღვავება? შესაძლოა მათ სურთ უსაფრთხოების ან სამუშაოს პოვნა, ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. როგორ უყურებთ მათ, ვინც სხვა ენაზე ლაპარაკობს და თქვენგან განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს? ხომ არ გიჩნდებათ ხოლმე უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ? ასეთი განწყობა სიკეთეს გამორიცხავს.

19 დაფიქრდით, რა დადებით შედეგებს შეგიძლიათ მიაღწიოთ, თუ ადამიანებს დაანახვებთ, რომ ეროვნებისა და წარმომავლობის მიუხედავად, მათ შეუძლიათ მოისმინონ ბიბლიური ჭეშმარიტება. თუ სიკეთეს ვავლენთ მათ მიმართ, არ ვფიქრობთ, რომ ახალჩამოსულები გვართმევენ რამეს, მაგალითად სამეფო დარბაზს. მოციქული პავლე შეახსენებდა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგ იუდეველ ქრისტიანს, რომლებიც გარკვეულწილად უარყოფითად იყვნენ განწყობილი არაიუდეველთა მიმართ, რომ სინამდვილეში არავინ იმსახურებდა გადარჩენას; ეს მხოლოდ ღვთის წყალობით გახდა შესაძლებელი (რომაელები 3:9—12, 23, 24). სიკეთე აღგვძრავს, გავიხაროთ იმით, რომ ღვთის სიყვარულმა ბევრ ადამიანამდე მიაღწია, რომელთაც ადრე არ ჰქონდათ სასიხარულო ცნობის მოსმენის საშუალება (1 ტიმოთე 2:4). იმიგრანტები ან სხვა ეროვნების წარმომადგენლები უფრო დაუცველები არიან, ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვავლინოთ მათ მიმართ მზრუნველობა და სიკეთე, ყოველთვის გულთბილად მივიღოთ ისინი და „საკუთარი თავივით“ შევიყვაროთ (ლევიანები 19:34).

იარეთ ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად

20. ვის მიმართავდა ხელმძღვანელობისთვის ზოგი ისრაელი?

20 მიქას სიტყვების თანახმად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღმერთთან ერთად, ვაღიაროთ ის ჭეშმარიტ ღმერთად და ვეძებოთ მისი ხელმძღვანელობა (იგავები 3:5, 6; ოსია 7:10). გადასახლებიდან დაბრუნებული ზოგი იუდეველი დახმარებისთვის მკითხავებს, მარჩიელებსა და ცრუ ღმერთებს მიმართავდა. ასეთი რამ შესაძლოა გვალვის დროსაც ხდებოდა. სინამდვილეში ისინი ბოროტ სულებს სთხოვდნენ დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა აშკარად გმობდა ამას (მეორე კანონი 18:9—14; მიქა 3:6, 11; 5:12; ანგია 1:10, 11; ზაქარია 10:1, 2). ისინი სულიერ ქმნილებებთან, ჭეშმარიტი ღვთის მტრებთან ამყარებდნენ კავშირს.

21, 22. ა) სპირიტიზმის რა ფორმებია გავრცელებული იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ? ბ) რატომ არა აქვთ იეჰოვას ჭეშმარიტ მსახურებს არანაირი შეხება ოკულტიზმთან?

21 დღეს ბევრს ეპარება ეჭვი წმინდა წერილებში მოხსენიებული ბოროტი სულების არსებობაში და მათ ზოგადად ბოროტებასთან აიგივებენ. მიუხედავად ამისა, ბიბლია გვამცნობს, რომ დემონები ნამდვილად არსებობენ და ასტროლოგიის, ჯადოქრობისა და მაგიის მეშვეობით ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე (საქმეები 16:16—18; 2 პეტრე 2:4; იუდა 6). სპირიტიზმიც ასეთივე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მრავალ კულტურაში მიმართავენ ჯადოქრებს, შამანებს ან ექიმბაშებს, რომლებიც თითქოსდა ზებუნებრივ ძალას ფლობენ. სხვები ხელმძღვანელობენ ჰოროსკოპით, სამკითხაო კარტით ან სპირიტული სეანსებით, ატარებენ თილისმებს, ხშირად ცდილობენ მკვდრების სულებთან დაკავშირებას. მთავრობის ზოგი წარმომადგენელიც კი გადაწყვეტილებების მისაღებად ასტროლოგებს ან მედიუმებს მიმართავს. ყოველივე ეს აშკარად ეწინააღმდეგება მიქას რჩევას, ვიაროთ ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად და მივყვეთ მის ხელმძღვანელობას.

22 იეჰოვას ჭეშმარიტი მსახურები უნდა მოერიდონ ასეთ ქმედებებს. დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი არასოდეს იყენებს მაგიას ან ოკულტიზმს თავისი ნების გასაცხადებლად ან თავისი ძალის საჩვენებლად. ამოსის 3:7 გვარწმუნებს: „იეჰოვა ისე არაფერს გააკეთებს, თუ საიდუმლო არ გაუცხადა თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს“. სპირიტიზმით გართობამაც კი შეიძლება ადამიანი სატანის, დემონების მთავრის, ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს. ის მატყუარაა და ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. სატანა და მისი სასტიკი დამქაშები მზად არიან, ზიანი მიაყენონ ხალხს და მოკლან კიდეც (იობი 1:7—19; 2:7; მარკოზი 5:5). გასაკვირი არაა, რატომ დაგმო მიქამ მკითხაობა და ჯადოქრობა, როცა ღმერთთან ერთად სიარულისკენ მოგვიწოდებდა.

სურათები 109 გვერდზე

ღვთის მსახურები უნდა მოერიდონ ოკულტიზმს.

23. მხოლოდ ვის შეუძლია დააკმაყოფილოს ჩვენი სათხოვარი?

23 ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობები მხოლოდ იეჰოვასა და მისი წმინდა თაყვანისმცემლობიდან მომდინარეობს (იოანე 4:24). „სთხოვეთ იეჰოვას“, — წერდა ზაქარია წინასწარმეტყველი (ზაქარია 10:1). თუ თავს გესხმიან ბოროტი სულიერი ქმნილებები ან ცდუნებების წინაშე გაყენებენ, გახსოვდეთ, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32). ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან ყოველთვის გვახსოვს იეჰოვას დიდი დღე.

24. რით არის თქვენთვის სასარგებლო მიქას 6:8?

24 მიქას 6:8 ბევრ დამაფიქრებელ აზრს შეიცავს. ზნეობრივი სიმტკიცისთვის საჭიროა, გვქონდეს სწორი აღძვრები და ღვთის თვისებები ავირეკლოთ. ოსია გვამხნევებს ჩვენ, „უკანასკნელ დღეებში“ მცხოვრებთ. მან იწინასწარმეტყველა ჩვენს დროზე, რომ ღვთისმოშიში ხალხი იეჰოვას სიკეთეს დაუწყებდა ძებნას (ოსია 3:5). ამოსიც ღვთის იმავე მოწოდებას იზიარებდა: „კარგი ეძებეთ, . . რათა იცოცხლოთ“. ის ასევე მოგვიწოდებდა: „შეიყვარეთ ის, რაც კარგია“ (ამოსი 5:14, 15). თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას მოთხოვნების შესრულება მხნეობას შეგვმატებს.

a ბიბლიის მთარგმნელი ჯოზეფ როდერემი ქანაანელ ხალხებზე, რომლებსაც ისრაელები ბაძავდნენ, მოგვითხრობს: «მათი თაყვანისცემა აშკარა ავხორცობითა და საშინელი სისასტიკით გამოირჩეოდა. თავიანთი ღვთაებებისთვის პატივის მისაგებად ქალები უზნეობას სჩადიოდნენ. მათი წმინდა ადგილები ნამდვილი საროსკიპოები იყო. სასქესო ორგანოებს ყოველგვარი მორიდების გარეშე ამაზრზენი სიმბოლოებით გამოსახავდნენ. ამ ერებში მრავლად იყვნენ „წმინდა“ მეძავი ქალები და კაცები».

b ღვთის ხალხი სულიერი გარყვნილებითაც შეიბილწა. მათ უკანონო კავშირები დაამყარეს წარმართ ერებთან და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ბაალის თაყვანისმცემლობით წაბილწეს.

რას გვასწავლის

  • ის, რომ იეჰოვა თავისი ნორმების თანახმად ცხოვრებას გვთხოვს? (ზაქარია 6:15; მალაქია 3:16, 18)

  • ცოდვაზე და მის დამღუპველ შედეგებზე დაფიქრება? (მალაქია 4:1; რომაელები 6:12—14; 1 კორინთელები 6:18)

  • ღვთის ხალხის ზნეობრივი დაცემა ძველ დროს? (ოსია 8:7; 10:12; 14:9)

რით არის სასარგებლო

  • იეჰოვას თვალსაზრისის გაზიარება უზნეობაზე? (ოსია 3:3; 4:11 )

  • სიხარბესთან და ანგარებასთან დაკავშირებით მოცემული თორმეტი წინასწარმეტყველის რჩევა? (მიქა 7:5—7; ფილიპელები 2:4)

  • სპირიტიზმისა და ოკულტიზმისგან თავის დაცვა? (მიქა 5:12; ნაუმი 3:4; მალაქია 3:5)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება