-
ავადმყოფობის საიდუმლოებასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 სექტემბერი
-
-
ავადმყოფობის საიდუმლოება
პატარა ოუმაჯი დიარეით არის დაავადებული. დედამის ჰავას ეშინია, ბავშვს გაუწყლოება არ დაემართოს, რადგან თავის სოფლელ, ერთ-ერთ ბიძაშვილს ახლახან ამ ავადმყოფობით დაეღუპა შვილი. ოუმაჯის ბებიას, ჰავას დედამთილს, ბავშვის ექიმბაშთან წაყვანა უნდა. „ბოროტი სულის ბრალია ბავშვის ავადმყოფობა, — ამბობს ის. — არ უკეთებ თილისმას, რომ დაიცვას და შედეგიც სახეზეა!“
ასე ფიქრობენ ბევრ ქვეყანაში. ასობით მილიონ ადამიანს სწამს, რომ ავადმყოფობის მიზეზი ავი სულები არიან. შეესაბამება ეს ჭეშმარიტებას?
საიდუმლოების საბურველი
პირადად თქვენ შეიძლება არ გწამთ, რომ დაავადებას უხილავი სულები იწვევენ. შეიძლება გიკვირთ კიდევაც, რატომ ფიქრობენ სხვები ასე. მეცნიერულად ხომ დამტკიცებულია, რომ დაავადებების უმეტესობა ვირუსებისა და ბაქტერიებისგანაა გამოწვეული. მაგრამ გაიხსენეთ, რომ კაცობრიობამ ყოველთვის არ იცოდა ამ პაწაწინა პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობის შესახებ. მიკროორგანიზმების დანახვა ადამიანმა პირველად XVII საუკუნეში შეძლო, როდესაც ანტონ ვან ლევენჰუკმა მიკროსკოპი გამოიგონა. ამის შემდეგ კი მხოლოდ XIX საუკუნეში ლუი პასტერის აღმოჩენების წყალობით მეცნიერებმა დაინახეს პათოგენურ მიკროორგანიზმებსა და ავადმყოფობას შორის კავშირი.
რადგანაც კაცობრიობის არსებობის უმეტეს პერიოდში ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები უცნობი იყო, უამრავი ცრურწმენა განვითარდა, მათ შორის ის მოსაზრებაც, რომ ავადმყოფობა ავი სულების მიერ არის გამოწვეული. „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ საუბარია იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ეს შეხედულება. მასში ნათქვამია, რომ ძველად ექიმბაშები ცდილობდნენ, ემკურნალათ სხვადასხვა მცენარის ფესვებით, ფოთლებითა და სხვა საშუალებებით, რაც ხელთ ჰქონდათ. ზოგჯერ ამ წამლების გამოყენება ეფექტური იყო, რის გამოც მკურნალობას ცრურწმენაზე დაფუძნებულ უამრავ რიტუალს ურთავდნენ. ეს კი ნამდვილი წამლის გასაიდუმლოებაში ეხმარებოდათ. ამგვარად, მკურნალებს გარანტია ჰქონდათ, რომ პაციენტი არ მოაკლდებოდათ. ასე გაეხვია მედიცინა საიდუმლოების საბურველში. ხალხს აქეზებდნენ, რომ დახმარებისთვის ზებუნებრივი ძალებისთვის მიემართათ.
ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში მიმართავენ მკურნალობის ამ ტრადიციულ მეთოდებს. ბევრის აზრით, ავადმყოფობა გარდაცვლილი წინაპრების სულებისგან არის გამოწვეული. ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი გვხდის ავად და ეს ავადმყოფობები ჩვენი ცოდვების საზღაურია. მიუხედავად იმისა, რომ განათლებული ადამიანებისთვის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები ნათელი გახდა, შეიძლება მაინც ეშინოდეთ ზებუნებრივი ძალების.
გრძნეულები და ექიმბაშები ამას სათავისოდ იყენებენ. მაშ, რა უნდა გვწამდეს? სულებს უნდა მივმართოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია?
-
-
ეშმაკის ბრალია, ავად რომ ვხდებით?საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 სექტემბერი
-
-
ეშმაკის ბრალია, ავად რომ ვხდებით?
ავადმყოფობას არასდროს უნდა ეარსება. ღმერთმა ისე შეგვქმნა, რომ მარადიულად გვეცოცხლა და, ამასთანავე, ჯანმრთელები ვყოფილიყავით. სულიერმა ქმნილებამ, სატანამ, კაცობრიობას ავადმყოფობა, ტკივილი და სიკვდილი მოუტანა, როდესაც ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, ცოდვა ჩაადენინა (დაბადება 3:1—5, 17—19; რომაელთა 5:12).
ნიშნავს ეს იმას, რომ სულიერი სამყაროა ჩარეული ყოველგვარ ავადმყოფობაში? როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, ბევრი ფიქრობს, რომ ეს ასეა. პატარა ოუმაჯის ბებიასაც ასე სჯეროდა. მაგრამ ნამდვილად უხილავი სულების ბრალი იყო პატარის დიარეით ავადმყოფობა? ტროპიკულ ქვეყნებში ხომ ეს დაავადება ზოგჯერ ბავშვების სიკვდილის მიზეზი ხდება.
სატანის როლი
ბიბლია ზემოხსენებულ კითხვას საკმაოდ ნათლად პასუხობს. პირველი, ის გვიჩვენებს, რომ წინაპართა სულებს, ცოცხლებზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ადამიანებმა სიკვდილის შემდეგ „არაფერი იციან“. მათ არა აქვთ სული, რომელიც სიკვდილის შემდეგ აგრძელებს არსებობას. ისინი მიძინებული არიან სამარეში, სადაც ‘არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ მიჰყვებათ’ (ეკლესიასტე 9:5, 10). შეუძლებელია, ცოცხლების ავადმყოფობის მიზეზი მიცვალებულები იყვნენ!
ბიბლია გვიჩვენებს, რომ ბოროტი სულიერი ქმნილებები არსებობენ. სამყაროში პირველი მეამბოხე, დღეს სატანად ცნობილი, სულიერი ქმნილება იყო. სხვებიც შეუერთდნენ მას აჯანყებაში და ეწოდათ დემონები. შეუძლიათ სატანასა და დემონებს ავადმყოფობების გამოწვევა? დასაშვებია. განკურნებასთან დაკავშირებულ იესოს ზოგიერთ სასწაულში დემონების განდევნაც შედიოდა (ლუკა 9:37—43; 13:10—16). მაგრამ იესოს მიერ განკურნებული დაავადებების უმეტესობა დემონებისგან არ იყო გამოწვეული (მათე 12:15; 14:14; 19:2). როგორც წესი, ავადმყოფობა დღესაც ჩვეულებრივი რამ არის და არა ზებუნებრივი ძალებისგან მომდინარე.
რის თქმა შეგვიძლია გრძნეულებაზე? იგავის 18:10 გვარწმუნებს: „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება“. იაკობის 4:7 ამბობს: „წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“. დიახ, ღმერთს შეუძლია დაიცვას თავისი ერთგულები გრძნეულებისა და სხვა ზებუნებრივი ძალებისგან. იესოს სიტყვებში, „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“, ესეც იგულისხმებოდა (იოანე 8:32).
„რა შეგვიძლია ვთქვათ იობზე? — შეიძლება ვინმემ იკითხოს. — განა ბოროტი სულის ბრალი არ იყო, მისი დაავადება?“ დიახ, ბიბლია ამბობს, რომ იობის ავადმყოფობა სატანისგან იყო გამოწვეული. მაგრამ მისი შემთხვევა განსაკუთრებული იყო. ღმერთი დიდი ხნის მანძილზე იცავდა იობს. მოგვიანებით სატანა შეეკამათა იეჰოვას და მოითხოვა, რომ იობის დაავადება დაეშვა. იმის გამო, რომ ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა, იეჰოვამ ამ ერთ შემთხვევაში ნაწილობრივ შეამცირა თავისი თაყვანისმცემლის დაცვა.
მაგრამ იეჰოვამ სატანას მოქმედების ზღვარი დაუდგინა. როდესაც იობის დაავადების უფლება მისცა, სატანას მხოლოდ მისი ჯანმრთელობის დროებით ხელყოფა შეეძლო და არა მოკვლა (იობი 2:5, 6). საბოლოოდ, იობის ტანჯვა დამთავრდა და იეჰოვამ ის უმწიკვლოებისთვის უხვად დააჯილდოვა (იობი 42:10—17). პრინციპები, რომლებიც იობის უმწიკვლოებამ დაამტკიცა, დიდი ხანია, ბიბლიაში ჩაწერილია და ყველასთვის გასაგებია. მსგავსი სახით გამოცდა აღარ არის საჭირო.
როგორ მოქმედებს სატანა?
თითქმის ყველა შემთხვევაში, სატანასა და ადამიანების ავადმყოფობას შორის მხოლოდ ის კავშირია, რომ მან შეაცდინა პირველი წყვილი, რომლებიც ცოდვილები გახდნენ. მიუხედავად ამისა ის და მისი დემონები ყველა სახის ავადმყოფობასთან პირდაპირ კავშირში არ არიან. სატანა არ წყვეტს ჩვენზე ზემოქმედებას, რომ უგუნური გადაწყვეტილებები მიგვაღებინოს და რწმენა დაგვათმობინოს, რამაც შეიძლება ჩვენს ჯანმრთველობას ზიანი მიაყენოს. მას არც მოუჯადოებია, არც მოუკლავს და არც დაუავადებია ადამი და ევა. სატანამ დაიყოლია ევა, რომ ღვთის მიმართ ურჩობა გამოევლინა, რომლის კვალს ადამიც მიჰყვა. ავადმყოფობა და სიკვდილი კი ყოველივე ამის შედეგი იყო (რომაელთა 5:19).
ორგულ წინასწარმეტყველ ბალაამს მოაბის მეფემ დაავალა, დაეწყევლა მოაბის საზღვრებთან დაბანაკებული ისრაელი ერი, რომელიც შიშის ზარს სცემდა მას. ბალაამმა სცადა ამის შესრულება, მაგრამ ვერაფერს მიაღწია, რადგან ამ ერს იეჰოვა იცავდა. ამის შემდეგ მოაბელებმა სხვა ხერხს მიმართეს — შეეცადნენ ისრაელის ჩათრევას კერპთაყვანისმცემლობასა და უზნეობაში. ასეთი მოქმედებით მათ მიზანს მიაღწიეს და ისრაელმა იეჰოვას მფარველობა დაკარგა (რიცხვნი 22:5, 6, 12, 35; 24:10; 25:1 9; გამოცხადება 2:14).
ჩვენ მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია ამ ძველთაძველი მოვლენიდან. ღმერთი იცავს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს ბოროტი სულიერი ქმნილებების თავდასხმებისგან. მიუხედავად ამისა, სატანა მაინც ცდილობს, რწმენა დაათმობინოს და უზნეობა ჩაადენინოს მათ. ან მბრდღვინავი ლომის მსგავსად ცდილობს, ისინი ისე დააშინოს და ისეთი რამ გააკეთებინოს, რომ ღვთის მფარველობა დააკარგვინოს (1 პეტრე 5:8). სწორედ ამიტომ ამბობს მოციქული პავლე, რომ სატანას „სიკვდილის ხელმწიფება აქვს“ (ებრაელთა 2:14).
ოუმაჯის ბებია ცდილობდა, დაერწმუნებინა ჰავა, რომ ავადმყოფობისგან თავის დასაცავად თილისმები და ავგაროზები გამოეყენებინა. რა მოხდებოდა, თუ ჰავა დაჰყვებოდა მას? ის იეჰოვა ღმერთისადმი რწმენის ნაკლებობას გამოავლენდა და დაკარგავდა ღვთისგან დაცვის მიღების იმედს (გამოსვლა 20:5; მათე 4:10; 1 კორინთელთა 10:21).
სატანა იობის გადაბირებას ცდილობდა. მისთვის საკმარისი არ იყო, რომ ოჯახის წევრები დაუხოცა და ქონება გაუნიავა, ამიტომ დააავადა კიდეც. იობისთვის ცოლიც ცუდი მრჩეველი აღმოჩნდა, როცა უთხრა: „ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ (იობი 2:9). მოგვიანებით ის სამმა „მეგობარმა“ მოინახულა, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ რამე დანაშაული ექნებოდა ჩადენილი და ეს იქნებოდა მისი ავადმყოფობის მიზეზი (იობი 19:1—3). სატანა სარგებლობდა იმით, რომ იობი დასუსტებული იყო; ცდილობდა, გული გაეტეხა მისთვის და იეჰოვას სამართლიანობისადმი რწმენა შეერყია, მაგრამ იობი იეჰოვაზე, როგორც თავის ერთადერთ იმედზე, მინდობილი რჩებოდა (შეადარეთ ფსალმუნი 54:23).
ავადმყოფობისას ჩვენც შეიძლება დეპრესიაში ჩავცვივდეთ. ასეთ დროს სატანა ჩასაფრებულია, რომ სცადოს, ისეთი რამ გაგვაკეთებინოს, რაც რწმენას დაგვათმობინებდა. აქედან გამომდინარე, როდესაც ავად ვხდებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ტანჯვის ძირითადი მიზეზი, მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებაა და არა ზებუნებრივი ძალების გავლენა. გახსოვდეთ, რომ ღვთის ერთგულმა ისაკმა სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე მხედველობა დაკარგა (დაბადება 27:1). ამის მიზეზი ბოროტი სულიერი ქმნილებები კი არა, სიბერე იყო. რახელი რომ მშობიარობას გადაჰყვა, სატანის კი არა, ადამიანის სისუსტის ბრალი იყო (დაბადება 35:17—19). საბოლოოდ, ძველი დროის ყველა ერთგული მსახური მოკვდა, არა ჯადოსა და წყევლის, არამედ მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო.
წარმოდგენამ, რომ ყველა დაავადება უხილავი სულებისგან არის გამოწვეული, შეიძლება საშინელი შიში განგვივითაროს სულიერი ქმნილებების მიმართ. მაშინ, როდესაც ცუდად გავხდებით, შევეცდებით, გული მოვულბოთ დემონებს, ნაცვლად იმისა, რომ თავი შორს დავიჭიროთ მათგან. თუ სატანა შეძლებს მონაწილეობა მიგვაღებინოს სპირიტიზმში, ჩვენი მხრიდან ეს ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, მიმართ ღალატი იქნება (2 კორინთელთა 6:15). ღვთისადმი მოკრძალებული შიში უნდა გვქონდეს და არა მისი მტრის ცრურწმენიდან გამომდინარე შიში (გამოცხადება 14:7).
პატარა ოუმაჯის უკვე აქვს ბოროტი სულიერი ქმნილებებისგან დასაცავი საუკეთესო შესაძლებლობა. მოციქულ პავლეს სიტყვების თანახმად, ღმერთი მას ‘წმიდად’ მიიჩნევს, რადგან მორწმუნე დედა ჰყავს, რომელსაც შეუძლია ილოცოს, რომ ღმერთი თავისი სულიწმიდით იყოს პატარასთან (1 კორინთელთა 7:14). ასეთი ზუსტი შემეცნებით კურთხეულმა ჰავამ შეძლო ბავშვისთვის ეფექტური წამლების შოვნა და არ დაენდო თილისმებს.
ავადმყოფობის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი
ადამიანთა უმეტესობას არ სჯერა სულების. როდესაც ისინი ცუდად ხდებიან, თუ შესაძლებლობა აქვთ, ექიმს მიმართავენ. შესაძლებელია ავადმყოფი ექიმთან წავიდეს, მაგრამ ვერ განიკურნოს. ექიმებს სასწაულების მოხდენა არ შეუძლიათ. ბევრი ცრუმორწმუნე კი ძალიან გვიან მიდის ექიმთან, მაშინ, როცა განკურნება უკვე შეუძლებელია. ისინი პირველად სპირიტიზმთან დაკავშირებულ მკურნალობის მეთოდებს მიმართავენ და როდესაც ეს არ შველით, უკანასკნელ იმედს — ექიმს — აკითხავენ. ბევრი კვდება, როცა შეიძლებოდა ეცოცხლათ.
სხვები უცოდინრობის გამო კვდებიან უდროოდ. ვერ ამჩნევენ სიმპტომებს და არ იციან, რა შეიძლება გააკეთონ ავადმყოფობის ასარიდებლად. ცოდნა ეხმარება ადამიანს ტანჯვის თავიდან აცილებაში. საყურადღებოა, რომ განათლებული დედები ავადმყოფობით უფრო ნაკლებად კარგავენ შვილებს, ვიდრე გაუნათლებლები. დიახ, უცოდინრობა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
დაუდევრობა ავადმყოფობის კიდევ ერთი მიზეზია. მაგალითად, მწერებისგან საკვების დაუცველობის ან დაუბანელი ხელით საკვების მომზადების გამო ბევრი ხდება ავად. აგრეთვე სახიფათოა კოღოებისგან დასაცავი ბადის გარეშე ძილი იქ, სადაც მალარიაა გავრცელებულიa. ჯანმრთველობასთან დაკავშირებით ხშირად ჭეშმარიტია ანდაზა, სიფრთხილეს თავი არა სტკივაო.
არაგონივრული ცხოვრებითაც ავადდებიან მილიონები და უდროოდ კვდებიან. ლოთობამ, უზნეობამ, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებამ და თამბაქოს წევამ ბევრი დაასნეულა. თუ ადამიანი ასეთ არაგონივრულ ცხოვრებას ეწევა და შემდეგ ავადდება, განა ეს იმიტომ ხდება, რომ ვინმემ ჯადო გაუკეთა ან სულები დაესხნენ თავს? რა თქმა უნდა, არა. ის თვითონ არის დამნაშავე თავის ავადმყოფობაში. სულიერი ქმნილებების დადანაშაულება კი იმის უარყოფა იქნებოდა, რომ ადმიანი თვითონ არის პასუხისმგებელი თავის არაგონივრული ცხოვრების წესზე.
რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკონტროლება არ შეგვიძლია. მაგალითად, ყოველთვის ვერ შევძლებთ ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებისა და გარემოს დაბინძურებისგან თავის დაცვას. სწორედ ამას ცხადყოფს ოუმაჯის შემთხვევაც. დედამისმა არ იცოდა, რამ გამოიწვია დიარეა. მისი შვილები სხვა ბავშვების მსგავსად ისე ხშირად არ ავადმყოფობენ, რადგან სახლი და ეზო სუფთად აქვს, საჭმელს დაუბანელი ხელებით არ ამზადებს. მაგრამ დროდადრო ყველა ბავშვი ხდება ავად. დიარეას 25-მდე სხვადასხვა სახის ინფექცია იწვევს. შესაძლებელია ვერასდროს ვერავინ გაიგოს ოუმაჯის ავადმყოფობის ზუსტი მიზეზი.
ავადმყოფობის აღმოფხვრის საშუალება
ავადმყოფობაში ღმერთი არ არის დამნაშავე. „ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“ (იაკობი 1:13). თუ მისი თაყვანისმცემლები ავად ხდებიან, ის მათ სულიერად ამაგრებს. „უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს“ (ფსალმუნი 40:4). დიახ, ღმერთი თანამგრძნობია. მას დახმარება სურს და არა ტკივილის მოყენება.
სინამდვილეში, იესოს სიკვდილი და აღდგენა ის საშუალებაა, რომლითაც იეჰოვა ავადმყოფობას აღმოფხვრის. იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით სამართლიანები გამოსყიდული არიან ცოდვილი მდგომარეობიდან და, საბოლოოდ, შესაძლებლობა ეძლევათ, ჰქონდეთ სრულყოფილი ჯანმრთელობა და მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე (მათე 5:5; იოანე 3:16). იესოს სასწაულები იმ ჭეშმარიტი განკურნების წინასახეობა იყო, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანს. ღმერთი სატანასა და მის დემონებსაც ჩამოგვაშორებს (რომაელთა 16:20). მართლაც, იეჰოვა შესანიშნავ მომავალს ჰპირდება მათ, ვინც მის მიმართ რწმენას ავლენს. ჩვენ მხოლოდ მოთმინება და ამტანობა გვმართებს.
დანაპირების აღსრულებამდე კი ღმერთი ხელმისაწვდომს ხდის პრაქტიკულ სიბრძნესა და სულიერ ხელმძღვანელობას ბიბლიისა და თავისი ერთგული თაყვანისმცემლებისგან შემდგარი მსოფლიო საძმოს საშუალებით. ის გვირჩევს, როგორ მოვერიდოთ მანკიერებებს, რომლებიც ჯანმრთველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. ამასთანავე, გვაკავშირებს ჭეშმარიტ მეგობრებთან, რომლებიც გაჭირვებაში დაგვეხმარებიან.
კიდევ ერთხელ გაიხსენეთ იობი. ექიმბაშთან წასვლა ყველაზე ცუდი რამ იქნებოდა, რისი გაკეთებაც იობს შეეძლო. თუ ასე მოიქცეოდა, ღმერთი აღარ დაიცავდა მას და იობი ვერ მიიღებდა იმ კურთხევებს, რომელიც განსაცდელის გადატანის შემდეგ ელოდებოდა. ღმერთმა არ დაივიწყა იობი და არც ჩვენ დაგვივიწყებს. „იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ“, — ამბობს მოციქული იაკობი (იაკობი 5:11). თუ ბოლომდე ერთგულები დავრჩებით, ღვთის მიერ დანიშნულ დროს ჩვენც მივიღებთ შესანიშნავ კურთხევებს.
რა დაემართა პატარა ოუმაჯის? დედამისს გაახსენდა სტატია, რომელიც გამოქვეყნებული იყო ჟურნალ „საგუშაგო კოშკთან“ ერთად გამომავალ „გამოიღვიძეთში!“, რომელშიც საუბარი იყო შინაგან რეჰიდრატაციულ თერაპიაზეb. მან შეასრულა ყველა მითითება, რომელიც ამ სტატიაში იყო მოცემული, და ბავშვს დასალევი წამალი მოუმზადა. ახლა ეს პაწაწინა გოგონა თავს ჯანმრთელად გრძნობს.
-