-
რას გრძნობს დეპრესიაში მყოფი ადამიანი?გამოიღვიძეთ! — 2009 | ივლისი
-
-
რას გრძნობს დეპრესიაში მყოფი ადამიანი?
„ერთ დილას გავიღვიძე, საწოლზე წამოვჯექი და გავიფიქრე, დღეს ხომ არ მოვკვდები-მეთქი. მაშინ 12 წლისა ვიყავი“, — იხსენებს ჯეიმზი.a იგი ღრმა დეპრესიით იტანჯებოდა. „ყოველდღე მიწევდა ამ საშინელ დაავადებასთან ბრძოლა“, — ამბობს ჯეიმზი ოცდაათი წლის შემდეგ. ის თავს ისე უღირსად გრძნობდა, რომ თავისი ბავშვობის სურათებიც კი დახია. „ვფიქრობდი, რომ გახსენების ღირსიც არ ვიყავი“.
თითოეულ ჩვენგანს დროდადრო სევდა შემოგვაწვება ხოლმე, ამიტომ შეიძლება ვფიქრობთ, რომ გვესმის, რას განიცდის დეპრესიაში მყოფი ადამიანი. მაგრამ, სინამდვილეში რას გრძნობენ ისინი, ვისაც ღრმა დეპრესია აქვთ?
ვერაგი მპყრობელი
ხანმოკლე უგუნებობისგან განსხვავებით, ღრმა დეპრესია არის ემოციური მოშლილობა, რომელიც ხშირად ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიური საქმეების კეთებაში.
მაგალითად, ალვაროს 40 წელი შიში, შფოთი, ნაღველი და დარდი იპყრობდა. „გარშემომყოფთა აზრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. თუკი რამე კარგად არ გამოვიდოდა, ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი“, — ამბობს ის. ალვარო დეპრესიას შემდეგნაირად აღწერს: „ამ დროს გრძნობ ძლიერ ტკივილს, მაგრამ რა გტკივა, არ იცი, გეშინია, მაგრამ რისი, არ იცი. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ამაზე საუბრის სურვილი საერთოდ არ გაქვს“. ალვარომ გარკვეულწილად შვება იგრძნო, როდესაც გაიგო, რატომ გრძნობდა თავს ასე. ის დასძენს: „როცა გავიგე, რომ იგივე პრობლემა სხვებსაც აქვთ, თავი უკეთესად ვიგრძენი“.
49 წლის ბრაზილიელ მარიას დეპრესიის შედეგად უძილობა, ტკივილი, გაღიზიანება და მუდმივად სევდიანი განწყობა დასჩემდა. როცა მარიამ თავისი დიაგნოზი გაიგო, შედარებით დამშვიდდა, რადგან მის დაავადებას, როგორც იქნა, სახელი დაერქვა. მარია ამბობს: „მაგრამ ცოტა ხანში თავი უფრო ცუდად ვიგრძენი, რადგან ბევრმა არ იცის, რა დაავადებაა დეპრესია, ამიტომ თავს უხერხულად ვგრძნობდი“.
უმიზეზოდ გულდამძიმებული
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დეპრესიის გამომწვევი აშკარა მიზეზები არსებობს, ხშირად ის მოულოდნელად იჭრება ადამიანის ცხოვრებაში. „უცაბედად შენი ცხოვრება შავი ღრუბლებით მოქუფრულ ცას ემსგავსება. არავინ დაგღუპვია, თითქოს ცუდიც არაფერი მომხდარა, მაგრამ დათრგუნული და ძალაგამოცლილი ხარ. ფიქრობ, რომ ვერაფერი გაფანტავს ამ ღრუბლებს. სასოწარკვეთილი ხარ და არ იცი, რატომ“, — ასე აღწერს თავის გრძნობებს სამხრეთ აფრიკელი რიჩარდი.
არ უნდა შეგრცხვეს, თუ სხვები გაიგებენ, რომ დეპრესია გაქვს. თუმცა, როცა ბრაზილიელ ანას დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს, თავს სწორედ ასე გრძნობდა. „რვა წელი გავიდა და დღემდე მრცხვენია ჩემი დაავადების გამო“, — აღიარებს ის. მას ძალიან უჭირს ემოციურ ტკივილთან ბრძოლა. „ზოგჯერ ეს ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ფიზიკურ ტკივილში გადადის. ყველა კუნთი მტკივა“. ასეთ დროს საწოლიდან ადგომაც კი შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ ანა შეუჩერებლივ ტიროდა გულამოსკვნილი. „არაქათის გამოცლამდე ვტიროდი, ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ძარღვებში სისხლი მეყინებოდა“, — გვიამბობს იგი.
ბიბლიაც საუბრობს იმაზე, რომ ადამიანებმა შეიძლება თავი უსაზღვროდ დათრგუნულად იგრძნონ. მაგალითად, პავლე მოციქული წუხდა ისეთ ადამიანზე, რომელიც შეიძლება ‘მეტისმეტ ნაღველს შთაენთქა’ (2 კორინთელები 2:7). დეპრესიაში მყოფი ზოგი ადამიანი შეიძლება სიკვდილსაც კი ნატრობდეს. ბევრი ისე გრძნობს თავს, როგორც წინასწარმეტყველი იონა. ერთხელ მან ასეთი სიტყვები თქვა: „სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“ (იონა 4:3).
რა დაეხმარება დეპრესიაში მყოფ ადამიანს თავის დაავადებასთან ბრძოლაში?
[სქოლიო]
a ამ სტატიათა სერიაში სახელები შეცვლილია.
[ჩანართი 3 გვერდზე]
„უცაბედად შენი ცხოვრება შავი ღრუბლებით მოქუფრულ ცას ემსგავსება“
-
-
როგორ შეიძლება განიკურნო დეპრესიისგან?გამოიღვიძეთ! — 2009 | ივლისი
-
-
როგორ შეიძლება განიკურნო დეპრესიისგან?
„მე და ჩემმა ქმარმა შევარჩიეთ ჩემთვის შესაფერისი მკურნალობის მეთოდი, შევიცვალეთ ცხოვრების წესი და ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ნორმალური ცხოვრებით მეცხოვრა. როგორც იქნა, მივაგენით ჩემთვის საუკეთესო მედიკამენტს და ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. მაგრამ მაშინ, როცა არაფერი მშველოდა, მეუღლისა და მეგობრების სიყვარული მაძლევდა ძალას, რომ ბრძოლა გამეგრძელებინა“, — ამბობს რუთი, რომელიც მრავალი წელი დეპრესიით იტანჯებოდა.
რუთის შემთხვევიდან დავინახეთ, რომ დეპრესიაში მყოფს მხარში ამოდგომა სჭირდება და შესაძლოა მედიკამენტოზური დახმარებაც დასჭირდეს. თუ პაციენტი მკურნალობას უგულებელყოფს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. თითქმის ორი ათასი წლის წინათ იესო ქრისტემაც თქვა, რომ ექიმის დახმარება ზოგჯერ აუცილებელია: „ექიმი . . . ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მარკოზი 2:17). ფაქტია, რომ ექიმებს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ დეპრესიაში მყოფთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად.a
რის გაკეთება შეგიძლიათ?
დეპრესიის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ის, თუ რომელს აირჩევ, დამოკიდებულია დაავადების სიმპტომებსა და სიმძიმეზე (იხილეთ მე-5 გვერდზე მოცემული ჩარჩო „რა და რა სახის დეპრესია არსებობს?“). ზოგმა შეიძლება დახმარება ოჯახის ექიმისგან მიიღოს, ზოგს კი შეიძლება სხვა სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს. ექიმმა შეიძლება ანტიდეპრესანტები გამოუწეროს პაციენტს ან სხვა რამ ურჩიოს. ზოგზე კარგად იმოქმედა მცენარეებზე დამზადებულმა მედიკამენტებმა, სპეციალურმა დიეტამ თუ ვარჯიშებმა.
რაზე ღირს დაფიქრება?
1. კეთილმოსურნე მეგობრებმა, რომლებიც მედიცინაში კარგად არ ერკვევიან, შეიძლება მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი შემოგთავაზონ. შეიძლება ისინი დაჟინებით გირჩევენ, იმკურნალო მცენარეებზე დამზადებული მედიკამენტებით, ექიმის მიერ გამოწერილი წამლებით ან საერთოდ არ იმკურნალო.
გაითვალისწინეთ: დარწმუნდით, რომ ნებისმიერი რჩევა, რომლის გათვალისწინებასაც აპირებთ, სანდო წყაროდან მომდინარეობს. საბოლოოდ თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი.
2. პესიმისტური განწყობის გამო პაციენტმა შეიძლება მკურნალობის კურსი შეწყვიტოს. ის შეიძლება ფიქრობს, რომ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება ან მკურნალობას უსიამოვნო გვერდითი მოვლენები ახლავს თან.
გაითვალისწინეთ: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22). თუ ექიმსა და პაციენტს შორის კარგი თანამშრომლობა იქნება, დიდი ალბათობაა, რომ მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებს. გულახდილად აუხსენი შენს ექიმს, რა გაწუხებს და აღუწერე დაავადების სიმპტომები. ჰკითხე მას, საჭირო ხომ არ არის მკურნალობაში რაიმე ცვლილების შეტანა ან განაგრძე მის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის მიყოლა, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევ.
3. ზედმეტად თავდაჯერებულმა პაციენტმა შეიძლება შეწყვიტოს მედიკამენტების მიღება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რადგან თავს უკეთ გრძნობს. მას შეიძლება დაავიწყდა კიდეც, რა მდგომარეობაში იყო მკურნალობის დაწყებამდე.
გაითვალისწინეთ: ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის კურსის მოულოდნელად შეწყვეტას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს და სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.
ბიბლია სამედიცინო წიგნი არ არის, თუმცა მისი ავტორი, იეჰოვა ღმერთი, ჩვენი შემოქმედია. მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, თუ რა ნუგეშსა და რჩევას აძლევს ღვთის სიტყვა დეპრესიაში მყოფთ და მათ ახლობლებს.
[სქოლიო]
a „გამოიღვიძეთ!“-ი რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე ფორმას. პაციენტმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევს.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
რა და რა სახის დეპრესია არსებობს?
მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს, ჯერ უნდა დადგინდეს, რა სახის დეპრესია აქვს პაციენტს.
◼ ღრმა დეპრესია ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება, თუ პაციენტი არ მკურნალობს. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება.
◼ ბიპოლარული დარღვევა აგრეთვე ცნობილია, როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს არამდგრადი ემოციური მდგომარეობა — დაწყებული პერიოდული ჰიპერაქტიურობიდან (მანიაკალური სინდრომი) უაღრესად დათრგუნული (დეპრესიული) მდგომარეობით დამთავრებული (იხილეთ სტატია „ემოციური მოშლილობით გატანჯული“ ამ ჟურნალის 2004 წლის 8 იანვრის ნომერში [რუს.]).
◼ დისთიმია ღრმა დეპრესიასთან შედარებით მსუბუქი ფორმით ვლინდება, თუმცა ჩვეული რიტმით ცხოვრება მაინც შეუძლებელია. ზოგი პაციენტი პერიოდულად ღრმა დეპრესიაშიც ვარდება.
◼ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს ქალებს აღენიშნება უგუნებობა (იხილეთ სტატია „მშობიარობის შემდგომი დეპრესია“ ამ ჟურნალის 2003 წლის 8 ივნისის ნომერში [რუს.]).
◼ სეზონურ დეპრესიას იწვევს შემოდგომასა და ზამთარში მზის უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ გაზაფხულსა და ზაფხულში თავისთავად გაივლის.
-
-
მიიღეთ დახმარება „ნუგეშის მამისგან“გამოიღვიძეთ! — 2009 | ივლისი
-
-
მიიღეთ დახმარება „ნუგეშის მამისგან“
მეფე დავითი ძალიან იტანჯებოდა და „მშფოთვარე ფიქრები“ აწუხებდა. მაგრამ მას არასდროს შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ შემოქმედს კარგად ესმის ადამიანების. იგი წერდა: „იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ. შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები. შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს. ჯერ სიტყვაც არ არის ჩემს ენაზე, რომ შენ უკვე იცი ყველაფერი, იეჰოვა“ (ფსალმუნი 139:1, 2, 4, 23).
ჩვენც უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ შემოქმედს ესმის ჩვენი. მან იცის, როგორ თრგუნავს დეპრესია ჩვენს არასრულყოფილ გონებასა და სხეულს. მისთვის აგრეთვე ცნობილია, რა იწვევს დეპრესიას და როგორ შეიძლება დღევანდელ პირობებში მისი საუკეთესოდ დაძლევა. გარდა ამისა, შემოქმედი გვპირდება, რომ მალე დეპრესიით აღარავინ დაიტანჯება. ვერავინ დაგვეხმარება იმაზე უკეთ, ვიდრე „ჩაგრულების ნუგეშისმცემელი ღმერთი“ (2 კორინთელები 7:6).
თუმცა დეპრესიაში მყოფს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, როგორ ეხმარება ღმერთი მათ, ვისაც უარყოფითი ემოციები ეძალება.
◼ არის იეჰოვა დეპრესიაში მყოფთა გვერდით?
ღმერთი ახლოს არის თავის მსახურებთან, რომლებიც დეპრესიაში არიან. ის თითქოს მკვიდრობს ‘დაჩაგრულებთან და თავმდაბლებთან, რათა გამოაცოცხლოს თავმდაბალთა სულები და გამოაცოცხლოს დაჩაგრულთა გულები’ (ესაია 57:15). რა მანუგეშებელია, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).
◼ როგორ ანუგეშებს ღმერთი მათ, ვინც დეპრესიაშია?
ღვთის თაყვანისმცემლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ „ლოცვების მომსმენს“, რომელიც დაეხმარება, დასძლიონ უარყოფითი ემოციები (ფსალმუნი 65:2). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გული გადმოვუღვაროთ იეჰოვას: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).
◼ ხომ არ ფიქრობთ, რომ ღირსი არ ხართ, ღმერთმა თქვენი ლოცვები მოისმინოს?
ვინც დეპრესიაშია, შეიძლება დაასკვნას, რომ ღმერთს ვერანაირად ვერ ასიამოვნებს. მაგრამ ჩვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ მგრძნობიარენი ვართ და „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:14). მაშინაც კი, თუ „ჩვენი გული გვდებს მსჯავრს“, ჩვენ შეგვიძლია გულდაჯერებული ვიყოთ, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:19, 20). თქვენ შეგიძლიათ ლოცვის დროს გამოიყენოთ ისეთი სიტყვები, როგორიც მაგალითად, ფსალმუნის 9:9, 10; 10:12, 14, 17-სა და 25:17-შია ჩაწერილი.
◼ იმდენად სასოწარკვეთილი ხომ არ ხართ, რომ გიჭირთ თქვენი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა?
როდესაც უარყოფითი გრძნობები მოგიზღვავდებათ და გაგიჭირდებათ სიტყვებით გადმოსცეთ თქვენი ტკივილი, გულს ნუ გაიტეხთ! მიმართეთ „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას“, რომელსაც ძალიან კარგად ესმის თქვენი გრძნობები და იცის, რა გჭირდებათ (2 კორინთელები 1:3). ამ სტატიათა სერიაში მოხსენიებული მარია ამბობს: „დროდადრო იმდენად დაბნეული ვარ, რომ არ ვიცი, რაზე ვილოცო. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს ესმის ჩემი და მეხმარება“.
◼ როგორ პასუხობს ღმერთი ჩვენს ლოცვებს?
ბიბლია არ ამბობს, რომ ღმერთი დღეს ყველა ჩვენს პრობლემას გადაჭრის. მაგრამ ის გვაძლევს ძალას, რომ ავიტანოთ ყველაფერი, მათ შორის დეპრესია (ფილიპელები 4:13). მარტინა აღიარებს: „პირველ ხანებში იეჰოვას ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მალე განვეკურნე დეპრესიისგან, რადგან ვფიქრობდი, რომ მეტის ატანა აღარ შემეძლო. დღეს კი იმითაც ვგრძნობ შვებას, რომ ღმერთს ყოველდღე ვთხოვ ძალას“.
დეპრესიაში მყოფთათვის სულიერი სიძლიერის წყარო ბიბლიაა. სარა, რომელიც 35 წელი დეპრესიით იტანჯებოდა, თავად დარწმუნდა, რომ ბიბლიის ყოველდღიურად კითხვას მართლაც დიდი ძალა აქვს. ის ამბობს: „ძალიან მადლიერი ვარ ექიმების, რომლებმაც დახმარება აღმომიჩინეს, მაგრამ ყველაზე მეტად ღვთის სიტყვა დამეხმარა. ბიბლიის რეგულარული კითხვა ჩვევად გავიხადე“.
დეპრესია სამუდამოდ მიეცემა დავიწყებას!
დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ქრისტემ ღვთის ძალით განკურნა სხვადასხვა დაავადებით გატანჯული ადამიანები. მას დიდი სურვილი ჰქონდა, მძიმე ავადმყოფებს შვება ეგრძნოთ. იესომ საკუთარ თავზე გამოსცადა, რას შეიძლება გრძნობდეს გატანჯული ადამიანი. წამებით სიკვდილის წინა ღამეს „ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო“ (ებრაელები 5:7). ამიტომ, იესოს „შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“ ანუ თავის მიმდევრებს, რომლებიც შინაგან ტკივილს განიცდიან (ებრაელები 2:18; 1 იოანე 2:1, 2).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, აღარ იარსებებს დეპრესიის ხელშემწყობი პირობები. ღმერთი გვპირდება: „ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ. იხარეთ და მარადიულად იმხიარულეთ იმით, რასაც ვქმნი“ (ესაია 65:17, 18). „ახალი ცა“ ანუ ღვთის სამეფო ყველა პრობლემას გადაჭრის. „ახალი დედამიწა“, მართალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება, ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად აბსოლუტურად ჯანმრთელი იქნება. ყველა დაავადება სამუდამოდ მოისპობა!
[ჩანართი 9 გვერდზე]
«იეჰოვა, ყველაზე ღრმა ორმოდან მოვუხმე შენს სახელს. ისმინე ჩემი ხმა, ყურს ნუ მომარიდებ, როცა შვებას, შველას გთხოვ! შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმობდი, და მითხარი: „ნუ გეშინია!“» (გოდება 3:55—57).
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
„ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“
ბარბარა დეპრესიით იტანჯება, მას ხშირად უღირსობის გრძნობა ეუფლება. როცა მისი მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება, ის და მისი ქმარი თავიანთი ოჯახის მეგობარს ჟერარს ურეკავენ, რომელიც უხუცესად მსახურობს კრებაში. ის ყოველთვის მოთმინებით უსმენს ბარბარას, რომელიც გულამოსკვნილი ქვითინებს და ერთსა და იმავეს გაუთავებლად იმეორებს.
ჟერარი მას ყურადღებით უსმენს, არ განსჯის, არ ეკამათება და არ კიცხავს (იაკობი 1:19). ბიბლიაში მოცემული რჩევის დახმარებით მან ისწავლა, ‘ენუგეშებინა დამწუხრებული სულები’ (1 თესალონიკელები 5:14). იგი მოთმინებით არწმუნებს ბარბარას, რომ ის ძალიან ძვირფასია იეჰოვა ღმერთისთვის, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. ჟერარი მას უკითხავს ხოლმე ერთ ან ორ მანუგეშებელ მუხლს ბიბლიიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლები მანამდეც არაერთხელ წაუკითხავს მისთვის. სანამ ყურმილს დაკიდებს, ჟერარი მასთან და მის მეუღლესთან ერთად ლოცულობს, რაც ორივეს ძალიან ანუგეშებს (იაკობი 5:14, 15).
ჟერარმა იცის, რომ არ არის კვალიფიცირებული ექიმი და არასდროს იღებს საკუთარ თავზე ბარბარას ექიმების პასუხისმგებლობას. თუმცა მისი წყალობით ბარბარა ისეთ დახმარებასაც იღებს, რასაც ცოტა ექიმი თუ შესთავაზებდა. ის ბიბლიური მუხლებითა და ლოცვით ანუგეშებს ბარბარას.
„ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“
შეგიძლიათ უთხრათ: „მინდა იცოდე, რომ ვფიქრობ შენზე. ვიცი, რომ თავს ყოველთვის კარგად არ გრძნობ. ამ ბოლო დროს როგორ ხარ?“
გახსოვდეთ: ელაპარაკეთ გულწრფელად და თანაგრძნობით მოუსმინე მაშინაც კი, როცა დეპრესიაში მყოფი იმას ამბობს, რაც უკვე არაერთხელ აქვს ნათქვამი.
შეგიძლიათ უთხრათ: „აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც შენი ჯანმრთელობის მიუხედავად აკეთებ (ან მაოცებს შენი ქრისტიანული თვისებები). შეიძლება მეტის გაკეთების სურვილი გაქვს, მაგრამ იეჰოვა და ჩვენ ვაფასებთ იმას, რასაც აკეთებ და ძალიან გვიყვარხარ“.
გახსოვდეთ: იყავით თანამგრძნობი და კეთილი.
შეგიძლიათ უთხრათ: „ამას წინათ გამამხნევებელი მუხლი ვნახე ბიბლიაში“, ან „როცა ჩემს საყვარელ მუხლს ვკითხულობ, სულ შენ მახსენდები“. შემდეგ წაუკითხეთ ეს მუხლი ან ზეპირად უთხარით.
გახსოვდეთ: ნუ დაარიგებთ ჭკუას.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
ბიბლიიდან მიღებული ნუგეში
ლორინა მხნევდება იეჰოვას იმ დანაპირებით, რომელიც ჩაწერილია ესაიას 41:10-ში: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“.
ალვარო ამბობს, რომ ხშირად ანუგეშებს ფსალმუნის 34:4, 6-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა, ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა. მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა, ყველა გასაჭირიდან დაიხსნა იგი“.
ნაოიას ყოველთვის ამხნევებს ფსალმუნის 40:1, 2, რომელშიც წერია: „იეჰოვაზე ვამყარებდი იმედს; მან ყური მომაპყრო და მომისმინა, როცა შველა ვთხოვე . . . და ნაბიჯები განმიმტკიცა“.
ფსალმუნის 147:3 არწმუნებს ნაოკოს, რომ იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“.
იესოს სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია ლუკას 12:6, 7-ში, ეხმარება ელიზას, მიენდოს იეჰოვას: „განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“.
სხვა ბიბლიური მუხლები:
ფსალმუნი 39:12: „ისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა, და ყური მომაპყარი, როცა შველას გთხოვ. როცა ცრემლებს ვღვრი, ნუ დადუმდები“.
2 კორინთელები 7:6: ღმერთი ‘ჩაგრულების ნუგეშისმცემელია’.
1 პეტრე 5:7: „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“.
-