საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბავშვს ღარიბი დაარქვეს
    გამოიღვიძეთ! — 1998 | ივნისი 8
    • ბავშვს ღარიბი დაარქვეს

      აფრიკის ერთ პატარა სოფელში მცხოვრები მამაკაცი, სახელად ოკოტი, და მისი მეუღლე მატინა დიდად გაახარა პირველი შვილის, გოგონას, დაბადებამ. ნათესავები და მეგობრები ჩადიოდნენ მათთან სოფელში, რათა საჩუქრები მიეტანათ და იმედი გამოეთქვათ, რომ ბავშვი დიდხანს იცოცხლებდა და ბედნიერი იქნებოდა.

      ცოლ-ქმარი სიღარიბესა და სიდუხჭირეში ცხოვრობდა. მიწის პატარა ნაკვეთს ამუშავებდნენ; მათი სახლი, სადაც მატინამ იმშობიარა, გამხმარი ტალახით იყო აგებული და ნამჯით იყო გადახურული. მათ გადაწყვიტეს, თავდაუზოგავად ემუშავათ, რათა თავიანთი პირმშოსთვის ცხოვრება უფრო გაეადვილებინათ. ამ მიზნის შესახებ რომ ხსომებოდათ, გოგონას აკანი — „მე ღარიბი ვარ“ — დაარქვეს.

      რას უქადის მომავალი აკანს? თუ მისი ცხოვრებაც მრავალი თანამემამულის ცხოვრებას დაემსგავსა, აკანმა შეიძლება ვერასოდეს ისწავლოს წერა-კითხვა. რომ გაიზრდება, სამუშაოს თუ იშოვის, წლიური შემოსავალი, ალბათ, სადღაც 190 დოლარი ექნება. მის ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 42 წელია.

      აკანის მდგომარეობა გამონაკლისი არ არის. დედამიწაზე მცხოვრები თითქმის 6 მილიარდი ადამიანიდან დაახლოებით 1,3 მილიარდს წლიური შემოსავალი 370 დოლარზე ნაკლები აქვს. მდიდარ ქვეყნებში წლიური შემოსავალი ერთ ადამიანზე საშუალოდ 21 598 დოლარია. ღარიბთა მასებს ყოველდღიურად 67 000-მდე მეტი ადამიანი უერთდება, ყოველწლიურად კი — დაახლოებით 25 მილიონი. მათი უმრავლესობა განვითარებად — აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში — ცხოვრობს. მაგრამ მდიდარ ქვეყნებშიც არიან ღარიბები. მსოფლიოში ყოველი 10 ღარიბიდან 7 ქალია.

      ბევრი სიღატაკეს ვერასოდეს აღწევს თავს. უმთავრესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი არ შეუძლიათ — არა აქვთ საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი. სიღატაკის გამო შეიძლება თავისუფლება და ღირსება დაკარგონ, გაუნათლებლები დარჩნენ და დაავადდნენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს: „სიღარიბე ნებისმიერ ასაკში გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, მისი ჩასახვის წუთიდან სიკვდილამდე. ის თავის ყველა მსხვერპლს სასიკვდილო და მტანჯველი სენით აავადებს და ამით უბედურ ყოფაში აგდებს“.

      მაგრამ ნუთუ არ უმჯობესდება ცხოვრების დონე განვითარებად ქვეყნებში? ზოგში უმჯობესდება, მრავალ მათგანში კი — არა. ჟურნალი კაცობრიობის განვითარების შესახებ (Choices) „სახიფათო მითად“ აღწერს წარმოდგენას „ღარიბთა მდგომარეობის გაუმჯობესების“ შესახებ. „ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც, სინამდვილეში, მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას და აგრეთვე სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური უფსკრული გაჩნდა“, — აღნიშნავს ჟურნალი.

      ნუთუ მარადიულად გააწამებს სიღარიბე კაცობრიობას? მომდევნო ორ სტატიაში ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ განიხილავს ამ პრობლემას და გვიჩვენებს გამოსავალს.

  • სიღარიბის ტყვეები
    გამოიღვიძეთ! — 1998 | ივნისი 8
    • შიმშილობა და ცუდი კვება

      აიემბე ზაირში ცხოვრობს. ის ოჯახის 15 წევრს ინახავს. ხანდახან დღეში ერთხელ ახერხებენ ჭამას — იკვებებიან სიმინდის ფაფით, რომელიც კასავას ფოთლებით, მარილითა და შაქრითაა შეზავებული. ზოგჯერ ორი-სამი დღის განმავლობაში საჭმელად არაფერი აქვთ. „სანამ ბავშვები შიმშილისგან ტირილს არ დაიწყებენ, საჭმელს არ ვამზადებ“, — ამბობს აიემბე.

      მათი მდგომარეობა გამონაკლისი არ არის. განვითარებად ქვეყნებში ყოველი მეხუთე ადამიანი ყოველ ღამე მშიერი იძინებს. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი — მათ შორის 200 მილიონი ბავშვი — გამუდმებით მშიერია. ეს ბავშვები ნორმალურები არ იზრდებიან; ხშირად ავადმყოფობენ. სკოლაში მათი აკადემიური მოსწრების დონე დაბალია. როცა იზრდებიან, ამ ყოველივეს მძიმე შედეგები მოაქვს მათთვის. ამგვარად, სიღარიბის გამო, ხშირად, ადამიანები მშივრები რჩებიან, რაც, თავის მხრივ, ისევ სიღარიბეს უწყობს ხელს.

      სიღარიბეს, შიმშილობას და ცუდ კვებას იმდენად ფართო ხასიათი აქვს, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ძალები მათთან გამკლავებაში მარცხს განიცდიან. მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება.

      სუსტი ჯანმრთელობა

      მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სიღარიბე „მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი სენი“ და „სიკვდილის, დაავადებისა და ტანჯვის მთავარი მიზეზია“.

      1996 წელს გამოცემულ წიგნში (An Urbanizing World: Global Report on Human Settlements) აღნიშნული იყო, რომ ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში სულ მცირე 600 მილიონი ადამიანი ისეთ პირობებში ცხოვრობდა — უწყლოდ, სანიტარული პირობებისა და კანალიზაციის გარეშე — რომ მათ ჯანმრთელობას გამუდმებით საფრთხე ემუქრებოდა. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანისთვის სუფთა წყალი მიუწვდომელია. ასობით მილიონ ადამიანს სწორ კვებაზე არ მიუწვდება ხელი. ყველა ამ ფაქტორის გამო ღარიბებს ავადმყოფობის თავიდან აცილება უძნელდებათ.

      ხშირად ღარიბებს არც ის შეუძლიათ, რომ იმკურნალონ. როცა ავად ხდებიან, შეიძლება არც ჰქონდეთ საჭირო პრეპარატის შეძენის ან სამედიცინო მკურნალობის საშუალება. ღარიბები დიდხანს ვერ ცოცხლობენ; თუ იცოცხლებენ, შეიძლება ქრონიკული დაავადებები ჰქონდეთ.

      მალდივის რესპუბლიკაში მცხოვრები ერთი გამყიდველი, საჰიდი, ამბობს: „სიღარიბე ჯანმრთელობას გირყევს, ეს კი მუშაობაში გიშლის ხელს“. უმუშევრობა, რა თქმა უნდა, უფრო გაღარიბებს. ამის შედეგი კი სასტიკი და საზარელი ციკლია, სადაც სიღარიბე და ავადმყოფობა ერთმანეთს ამწვავებს.

      უმუშევრობა და დაბალი ანაზღაურება

      სიღარიბის კიდევ ერთი მიზეზი უმუშევრობაა. მთლიანობაში დაახლოებით 120 მილიონ შრომისუნარიან ადამიანს არა აქვს სამუშაო. ამასთანავე, დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი დილიდან საღამომდე მუშაობაში კაპიკებს იღებს, რათა ძირითადი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.

      კამბოჯელი მძღოლი, რუდინი, ამბობს: „აი, რას ნიშნავს სიღარიბე ჩემთვის: დღეში 18 საათზე მეტს ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ანაზღაურება საკვებზე მაინც არ გვყოფნის მე, ჩემს მეუღლესა და ორ შვილს“.

      გარემოს განადგურება

      სიღარიბესთანაა დაკავშირებული გარემო პირობების გაუარესება. გვიანაში (სამხრეთ ამერიკა) მცხოვრები მკვლევარი, ელზა, ამბობს: „სიღარიბე ანადგურებს ბუნებას — ტყეს, მიწას, ცხოველებს, მდინარეებსა და ტბებს“. აი, კიდევ ერთი ტრაგიკული ციკლი — სიღარიბე ანადგურებს გარემოს, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სიღარიბის მუდმივად არსებობას.

      ძველთაგანვე, ნაკვეთს ამუშავებენ მანამდე, სანამ ნიადაგი არ გამოიფიტება ან სხვა მიზნისთვის არ იქნება გამოყენებული. ძველი დროიდან მოდის ტყის გაჩეხვაც — ტყეების გაკაფვა ხე-ტყისა და შეშის მოპოვების ან მარცვლეულის დათესვის მიზნით. დღეს დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის გამო, ამ ყოველივემ უდიდეს მასშტაბებს მიაღწია.

      სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის თანახმად, გასული 30 წლის განმავლობაში სახნავ-სათესი მიწების დაახლოებით 20 პროცენტი გამოიფიტა, უმთავრესად ნიადაგის გასანოყიერებლად, ფულისა და ტექნიკის უქონლობის გამო. ამავე პერიოდში არასწორად კონსტრუირებული საირიგაციო სისტემებით სარგებლობამ მილიონობით ჰექტარი მიწა უნაყოფოდ აქცია. მილიონობით ჰექტარი ტყე კი ყოველწლიურად ჩანაგდება ადგილის სახნავ-სათესად მომზადებისა და ხე-ტყისა და შეშის მოპოვების მიზნით.

      ამგვარი განადგურება სიღარიბესთან ორგვარადაა დაკავშირებული. ჯერ ერთი, ღარიბები ხშირად იძულებული ხდებიან, საკუთარი ინტერესებისთვის — საკვებისა და საწვავისთვის — უკანონოდ გამოიყენონ ბუნება. როგორ გინდა ელაპარაკო „განუხრელი ზრდისა“ და მომავალი თაობის კეთილდღეობის შესახებ მშიერ და ღარიბ ადამიანს, რომელიც იძულებულია, ზიანი მიაყენოს ბუნებრივ რესურსებს, რათა დღეს გადარჩეს? მეორეც, მდიდრები ხშირად თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ ბუნებრივ რესურსებს, რომლებიც ღარიბებს ეკუთვნის. მაშასადამე, მდიდრებისა თუ ღარიბების მიერ ბუნებრივი რესურსების განადგურება სიღარიბეს ამწვავებს.

      განათლება

      ფილიპინებზე ქალაქის სოციალური პრობლემების სფეროში მომუშავე ალისია ამბობს: „სიღარიბე ის არის, როცა ქალი შვილებს სკოლაში კი არ გზავნის, არამედ ქუჩაში უშვებს სამათხოვროდ, რადგან სხვაგვარად შიმშილით დაიხოცებიან. დედამ იცის, რომ იმას იმეორებს, რამაც თვითონ მახეში გააბა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს“.

      დაახლოებით 500 მილიონი ბავშვისთვის სკოლები არ კმარა. მილიარდი ზრდასრული პიროვნება, ფაქტობრივად, გაუნათლებელია. განათლების გარეშე დამაკმაყოფილებელი სამუშაოს შოვნა ძნელია. ასე რომ, სიღარიბეს მოჰყვება გაუნათლებლობა, გაუნათლებლობას კი — სიღატაკე.

      საცხოვრებლები

      უბინაობა ღარიბ და ზოგჯერ მდიდარ ქვეყნებშიც შეინიშნება. ერთი ცნობის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ნიუ იორკში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობდა უსახლკაროთა თავშესაფარში. ღარიბები ევროპაშიც არიან. ლონდონში 400 000-მდე უსახლკაროა. საფრანგეთში კი ნახევარ მილიონ ადამიანს არ გააჩნია თავშესაფარი.

      უარესი მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებში. საკვების მოპოვების, სამუშაოს შოვნისა და ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ხალხი ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ამიტომ ზოგ ქალაქში მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი ღარიბ უბნებში და ჯურღმულებში ცხოვრობს. ამგვარად, სოფლის სიღარიბე ხელს უწყობს ქალაქის სიღარიბეს.

      მოსახლეობა

      ამ პრობლემებს მოსახლეობის ზრდა ამწვავებს. მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა გასული 45 წლის განმავლობაში ორზე მეტჯერ გაიზარდა. გაეროს ვარაუდით, მოსახლეობის რიცხვი 2000 წლისთვის 6,2 მილიარდს მიაღწევს, 2050 წლისთვის კი — 9,8 მილიარდს. მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მოსახლეობა უსწრაფესი ტემპით იზრდება. 1995 წელს დაახლოებით 90 მილიონი ბავშვი დაიბადა, მათგან 85 მილიონი იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტად ჭირს მათი რჩენა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება