„ვინ დაბადა ნამის წვეთები?“
მეცხრამეტე საუკუნის ჟურნალისტი ნამის წვეთებს აღწერდა როგორც „ჰაერის მიერ დამუშავებულ დედამიწის თხევად ძვირფასეულობას“. ჩვენმა შემოქმედმა ჰკითხა ძველად მცხოვრებ პატრიარქს, იობს: „ვინ დაბადა ნამის წვეთები?“ (იობი 38:28). ღმერთმა შეახსენა იობს, რომ ეს ძვირფასი ნამი ღვთის მიერ იყო შექმნილი.
რომ აღარაფერი ვთქვათ მის ბზინვარებაზე, ძვირფასი ქვის მსგავს მშვენიერებაზე, ნამი ბიბლიაში კურთხევებთან, ნაყოფიერებასთან, სიუხვესთან და სიცოცხლის შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული (დაბადება 27:28; მეორე რჯული 33:13, 28; ზაქარია 8:12). ისრაელში ცხელი, გვალვიანი სეზონისას „ცვარი ხერმონისა“ იცავდა მცენარეულობას და, აქედან გამომდინარე, ადამიანებსაც. ხერმონის მთის ტყიანი და თოვლიანი მწვერვალები დღემდე წარმოქმნის ღამის ორთქლს, რომელიც უხვ ნამად იქცევა. ფსალმუნმომღერალმა დავითმა ნამით გაგრილება იეჰოვას მსახურ თანამორწმუნეებთან ერთიანობაში ცხოვრებით მიღებულ სიამოვნებას შეადარა (ფსალმუნი 132:3).
წინასწარმეტყველ მოსეს მიერ ისრაელისათვის მიცემული მითითებები ნამის წვეთებივით სათუთი და გამაგრილებელი იყო. ის ამბობდა: „ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე“ (მეორე რჯული 32:2). დღეს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში აცხადებენ სიცოცხლის მომცემ კეთილ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 24:14). ღმერთი განაგრძობს მოწვევას: «„მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). მილიონობით ადამიანი ყველა ერიდან ეხმაურება ღვთის მოწვევას ამ სულიერი გაგრილებისთვის, რასაც მარადიული სიცოცხლის მოცემა შეუძლია.