-
დიაბეტი „ფარული მკვლელი“გამოიღვიძეთ! — 2003 | ივნისი 8
-
-
დიაბეტი „ფარული მკვლელი“
კენი 21 წლის იყო, როდესაც საგონებელში ჩააგდო ერთმა გარემოებამ — მას დაუოკებელი წყურვილი სტანჯავდა. ამას დაერთო მომატებული შარდვაც (თითქმის ყოველ 20 წუთში). მალე კენს კიდურებში სიმძიმის შეგრძნება გაუჩნდა, საერთო სისუსტე დასჩემდა და მხედველობა დაებინდა.
ამ თავსატეხს მაშინ მოეძებნა ახსნა, როცა კენს გრიპის ვირუსი შეეყარა და ექიმს მიაკითხა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას არა მარტო გრიპი, არამედ I ტიპის შაქრიანი დიაბეტიც ჰქონდა. ამ დაავადების მიზეზი ჰორმონალური დარღვევაა, რაც, თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს ორგანიზმში: იგი ვეღარ ითვისებს გარკვეულ მასაზრდოებელ ნივთიერებებს — უმთავრესად კი სისხლში არსებულ შაქარს, რომელსაც გლუკოზა ეწოდება. კენი ექვსი კვირა იწვა საავადმყოფოში, რათა სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებში ჩამდგარიყო.
ეს იყო 50-ზე მეტი წლის წინათ. მართალია, ამ ხნის განმავლობაში დიაბეტის მკურნალობის მეთოდები საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ კენსა და სხვა მრავალ ადამიანს კვლავაც სტანჯავს ეს ავადმყოფობა. როგორც გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, მთელ მსოფლიოში 140 მილიონზე მეტი ადამიანია დიაბეტით დაავადებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით კი, 2025 წლისთვის ეს რიცხვი შესაძლოა გაორმაგდეს. სპეციალისტები შეშფოთებული არიან დიაბეტის გავრცელების მასშტაბებით. „ვშიშობ, ეს მზარდი ციფრები ეპიდემიის დაწყებას არ მოასწავებდეს“, — ამბობს აშშ-ის დიაბეტის ერთ-ერთი ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი რობინ გოლანდი.
ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ავსტრალია. როგორც ავსტრალიაში არსებული დიაბეტის საერთაშორისო ინსტიტუტი იტყობინება, „დიაბეტი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ძნელად განკურნებადი დაავადებაა“.
ინდოეთი. დიაბეტით სულ მცირე 30 მილიონი ადამიანია დაავადებული. „15 წლის წინათ 40 წლამდე ასაკის პაციენტები თითქმის არ გვყავდა, — ამბობს ერთი ექიმი. — დღეს კი ყოველი მეორე ამ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება“.
სინგაპური. დიაბეტი მოსახლეობის (30-დან 69 წლამდე) თითქმის მესამედს აქვს. დაავადება აღმოაჩნდა მრავალ ბავშვსაც, რომელთაგან ზოგი მხოლოდ ათი წლისაა.
შეერთებული შტატები. დიაბეტი 16 მილიონ ადამიანს აწუხებს. ყოველწლიურად დაავადების 800 000 ახალი შემთხვევა ვლინდება. ეს სნეულება მილიონობით სხვა ადამიანსაც სჭირს, მაგრამ მათ ჯერ არ იციან ამის შესახებ.
დიაბეტის მკურნალობას ისიც ართულებს, რომ დიაგნოზის დადგენამდე პაციენტი შეიძლება დიდხანს ცხოვრობდეს ამ სნეულებით და ეჭვი არაფერზე მიჰქონდეს. „რადგან ადრეული კლინიკური სიმპტომები შედარებით იოლ ფორმებში ვლინდება, დიაბეტი ხშირად ფარულად მიმდინარეობს“, — ვკითხულობთ ჟურნალ „ეიშაუიკში“. სწორედ ამიტომ, დიაბეტს ფარული მკვლელი უწოდეს.
იმის გამო, რომ დიაბეტი ასე ფართოდ ვრცელდება და მას სერიოზული გართულებები მოსდევს, მომდევნო სტატიებში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
● რა იწვევს დიაბეტს?
● როგორ შეიძლება ამ დაავადებით ცხოვრება?
[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]
რატომ ეწოდა შაქრიანი დიაბეტი
ტერმინი „დიაბეტი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომელიც „სითხის ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმას“ ნიშნავს. ასეთი სახელწოდება მართლაც რომ ზედგამოჭრილია, და აი, რატომ: დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში სითხე დიდხანს ვერ ჩერდება. პირის ღრუში მოხვედრის შემდეგ ის სწრაფად გადადის შარდსადენში და გარეთ გამოიყოფა. გამოყოფილი შარდი კი შაქარს შეიცავს. დიაბეტს სწორედ ამიტომ უწოდეს „შაქრიანი“. დიაგნოსტიკის უფრო თანამედროვე მეთოდების გამოგონებამდე, ძველად დიაბეტის გამოვლენის ერთ საინტერესო ხერხს მიმართავდნენ: პაციენტის შარდს ჭიანჭველების ბუდესთან ღვრიდნენ. თუ შარდი მწერებს მიიზიდავდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის შაქარს შეიცავდა.
-
-
მკურნალობა და სიძნელეებიგამოიღვიძეთ! — 2003 | ივნისი 8
-
-
მკურნალობა და სიძნელეები
„არ არსებობს დიაბეტი, რომელსაც ზიანი არ მოაქვს. მისი ნებისმიერი გამოვლინება საშიშია“ (ენ დეილი, ამერიკის დიაბეტის საზოგადოება).
„სისხლის ანალიზმა ნორმიდან სერიოზული გადახრა აჩვენა. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ მკურნალობა“. ექიმის სიტყვები დებორასთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. „იმ ღამეს თავს სულ იმით ვინუგეშებდი, იქნებ ლაბორატორიაში დაუშვეს-მეთქი შეცდომა, — ამბობს ის. — ვერ ვიჯერებდი, რომ შეიძლებოდა ავად ვყოფილიყავი“.
სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, დებორაც ფიქრობდა, რომ საკმაოდ ჯანმრთელი იყო და ყურადღებას არ აქცევდა შემაწუხებელ სიმპტომებს. გამუდმებულ წყურვილს იგი ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებით ხსნიდა. მომატებულ შარდვას სითხის ჭარბი რაოდენობით მიღებას მიაწერდა. რაც შეეხება დაღლილობას — განა შეიძლება, რომ დედა, რომელიც მუშაობს კიდეც, არ დაიღალოს?
მაგრამ, ბოლოს სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა ამ სიმპტომის მიზეზი დიაბეტი იყო. დებორას ძალიან გაუჭირდა დასმულ დიაგნოზთან შეგუება. „ჩემი ავადმყოფობის შესახებ არავის ვეუბნებოდი, — ამბობს ის. — ღამით, როცა სახლში ყველას ეძინა, სიბნელეს ვაშტერდებოდი და ვტიროდი“. როდესაც იგებენ, რომ დიაბეტი აქვთ, ბევრს, დებორას მსგავსად, უარყოფითი ემოციები ეძალება. ისინი შეიძლება დეპრესიაში ჩაცვივდნენ ან ცხოვრებაზეც კი გამწარდნენ. „იყო პერიოდი, როცა მუდამ თვალცრემლიანი ვიყავი და ვცდილობდი რეალობას გავქცეოდი“, — იხსენებს კარენი.
ეს ბუნებრივი რეაქციაა ამ მოულოდნელ დარტყმაზე, რომელიც ადამიანს სრულიად უსამართლო ეჩვენება. მაგრამ, სხვების მხარდაჭერით, დიაბეტიან ავადმყოფებს შეუძლიათ ახალ პირობებთან ადაპტაცია. „მდგომარეობასთან შეგუებაში მედდა დამეხმარა, — ამბობს კარენი. — ის მანუგეშებდა, რომ ასეთ სიტუაციაში ტირილი სავსებით ნორმალურია. ტირილმა ემოციურად განმმუხტა და შვება მომგვარა“.
რატომ არის საშიში
დიაბეტს „სიცოცხლის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა“ უწოდეს, რაც სულაც არ არის გაზვიადება. როდესაც ორგანიზმი გლუკოზას ვერ ითვისებს, ეს სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებსაც აჩერებს, რაც, ზოგჯერ, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. „ადამიანები უშუალოდ დიაბეტით კი არ კვდებიან, არამედ იმ გართულებებით, რომლებიც მას მოსდევს, — ამბობს ექიმი ჰარვეი კაცეფი. — ჩვენ საკმაო გამოცდილება გვაქვს გართულებების პროფილაქტიკასა და თავიდან აცილებაში, მაგრამ თუ მათ უკვე იჩინეს თავი, ძალიან გვიჭირს მათთან გამკლავება“a.
არსებობს რაიმე იმედი დიაბეტით დაავადებულთათვის? დიახ, არსებობს — ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათ კარგად ესმით ამ ავადმყოფობის სერიოზულობა და ზედმიწევნით მიჰყვებიან მკურნალობის კურსსb.
დიეტა და ფიზკულტურა
თუმცა I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მთლიანად თავიდან აცილება შეუძლებელია, მეცნიერები გენეტიკურ რისკ-ფაქტორებს სწავლობენ და ორგანიზმში მიმდინარე აუტოიმუნური დარღვევების შესაჩერებელ გზებს ეძებენ (იხილეთ მე-8 გვერდზე მოცემული ჩარჩო „გლუკოზის როლი“). «რაც შეეხება II ტიპის შაქრიან დიაბეტს, ამ მხრივ მდგომარეობა უფრო სახარბიელოა, — ნათქვამია წიგნში „დიაბეტი — როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე“. — ბევრი, ვისაც ამ სნეულებისადმი შთამომავლობითი მიდრეკილება აქვს, სწორად კვებისა და სისტემატური ვარჯიშის — ამ, ერთი შეხედვით, უბრალო მეთოდების — წყალობით არიდებენ თავს რაიმე გართულებას და ფიზიკურ სიჯანსაღესა და ნორმალურ წონას ინარჩუნებენc.
„ამერიკის სამედიცინო საზოგადოების ჟურნალში“ ამას წინათ გამოქვეყნდა მასალა, სადაც ხაზი ესმებოდა ფიზიკური ვარჯიშის აუცილებლობას და მოთხრობილი იყო ერთი ფართო გამოკვლევის შედეგების შესახებ. მკვლევარებმა, რომლებიც ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს სწავლობდნენ, დაადგინეს, რომ «თუნდაც ხანმოკლე ფიზიკური აქტივობა, [უჯრედების მიერ] ინსულინის „შუამავლობით“ გლუკოზის ათვისებას 24 საათით ან უფრო მეტი ხნით ააქტიურებს». ამ ფაქტის გათვალისწინებით ჟურნალში ასეთი დასკვნა იყო გაკეთებული: „სიარული და სხვა უფრო ინტენსიური ფიზიკური აქტივობა ქალებში II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“. სპეციალისტების რჩევით, სასურველია კვირის უმეტეს დღეებში, ან თუნდაც ყოველდღიურად, სულ მცირე 30-წუთიანი ზომიერი ვარჯიში. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ფეხით სიარული, რაც „ალბათ, ვარჯიშის საუკეთესო, ყველაზე უსაფრთხო და იაფი ფორმაა“, — ნათქვამია პუბლიკაციაში „ამერიკის დიაბეტის საზოგადოება — ამომწურავი ინფორმაცია დიაბეტზე“.
აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ დიაბეტიანი ავადმყოფები ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით უნდა ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დიაბეტმა შეიძლება სისხლძარღვები და ნერვები დააზიანოს, რასაც სისხლის მიმოქცევის მოშლა და მგრძნობელობის დაკარგვა მოსდევს. ამიტომ, ავადმყოფმა შეიძლება ვერ შენიშნოს ტერფზე გაჩენილი პატარა ნაკაწრი. დროთა განმავლობაში ნაკაწრში შესაძლოა ინფექცია შეიჭრას და წყლული განვითარდეს — ეს კი სერიოზული გართულებაა, რომელიც, თუ არა დროული ჩარევა, შეიძლება ამპუტაციით დასრულდესd.
და მაინც, სისტემატური ვარჯიში შესანიშნავი იარაღია დიაბეტის „მოსაგერიებლად“. „რაც უფრო მეტად სწავლობენ რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, სპეციალისტები მით უფრო რწმუნდებიან მის სასიკეთო როლში“, — ნათქვამია ამერიკის დიაბეტის საზოგადოების პუბლიკაციაში.
ინსულინოთერაპია
სწორ კვებასა და ფიზკულტურასთან ერთად, დიაბეტიანი ავადმყოფები, ხშირად, ყოველდღიურად საჭიროებენ სისხლში გლუკოზის დონის შემოწმებასა და ინსულინის მრავალჯერად ინიექციებს. II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთაგან, ზოგს სწორი კვებისა და რეგულარული ვარჯიშის წყალობით იმდენად გაუუმჯობესდა მდგომარეობა, რომ, თუ მთლიანად არა, დროებით მაინც შეწყვიტეს ინსულინით მკურნალობაe. კარენმა, რომელსაც I ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს, შენიშნა, რომ ვარჯიში ორგანიზმში შეყვანილი ინსულინის ეფექტს აძლიერებს. ფიზკულტურის წყალობით მან ინსულინის ყოველდღიური დოზის 20 პროცენტით შემცირება შეძლო.
ზოგჯერ ინსულინის ინიექციები, უბრალოდ, აუცილებელია, მაგრამ ამაზე ნამდვილად არ ღირს გულის გატეხვა. „ნუ იფიქრებთ, რომ თუ ინსულინი დაგჭირდათ, თქვენს ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა, — ამბობს მედდა, სახელად მერი-ენი, რომელიც დიაბეტიან ავადმყოფებზე ზრუნავს. — რა სახის დიაბეტიც უნდა გქონდეთ, თუ მონდომებით არეგულირებთ სისხლში შაქრის შემცველობას, ამით მინიმუმამდე დაიყვანთ იმ გართულებებს, რომლებსაც შეიძლება მოგვიანებით ეჩინა თავი“. ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ I ტიპის დიაბეტის მქონე იმ პაციენტებში, რომლებიც სისტემატურად აკონტროლებდნენ სისხლში გლუკოზის დონეს, „საგრძნობლად შემცირდა დიაბეტით გამოწვეული ისეთი გართულებები, როგორიცაა თვალის, თირკმლისა და ნერვული სისტემის დაავადებები“. მაგალითად, თვალის დაავადების (რეტინოპათიის) რისკმა ამ ადამიანებს შორის 76 პროცენტით დაიკლო! გლუკოზის დონის სისტემატურ რეგულირებას II ტიპის დიაბეტიანი ავადმყოფებისთვისაც ასეთივე სასიკეთო შედეგები მოაქვს.
იმისათვის, რომ ინსულინოთერაპია რაც შეიძლება ნაკლებად იწვევდეს დისკომფორტსა და არასასიამოვნო შეგრძნებებს, ინსულინის შესაყვან თანამედროვე შპრიცებსა და შპრიც-კალმებს (ე. წ. ინსულინ-პენი) ძალიან წვრილი ნემსები აქვს. „პირველი ნემსი, როგორც წესი, ყველაზე მტკივნეულია, — ამბობს მერი-ენი, — მაგრამ, როგორც პაციენტების უმრავლესობა ამბობს, მომდევნო ინიექციებს თითქმის ვეღარ გრძნობენ“. არსებობს ინიექციის სხვა მეთოდებიც: ავტომატური შპრიცები, რომელთა დახმარებითაც ნემსი უმტკივნეულოდ შეჰყავთ კანქვეშ; პნევმატიკური უნემსო შპრიცები, რომლებიც ინსულინს იმდენად წვრილ ნაკადად აფრქვევენ, რომ მისი ჭავლი კანის გავლით უშუალოდ ხვდება ორგანიზმში; და ინსულინგადამსხმელი ხელსაწყო, რომელსაც ინსულინი სპეციალური კათეტერის (მას ორი-სამი დღე ტოვებენ კანში) მეშვეობით შეჰყავს სხეულში. ბოლო წლებში პოპულარობა მოიპოვა ჯიბის პეიჯერისოდენა მინი-ტუმბომ. ეს ხელსაწყო იმითაა საინტერესო, რომ შესაძლებელია მისი დაპროგრამება, რის შემდეგაც მას — ორგანიზმის ყოველდღიური საჭიროების მიხედვით — კათეტერის მეშვეობით თანაბარზომიერად შეჰყავს ინსულინი. მინი-ტუმბო ინსულინოთერაპიას მეტ სიზუსტესა და მოხერხებულობას სძენს.
გაიფართოვეთ ცოდნა
ჩვენი მიმოხილვის შემდეგ ისიც უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს დიაბეტის მკურნალობის ისეთი უნივერსალური მეთოდი, რომელიც ყველას მიესადაგება. თერაპიის ამა თუ იმ მეთოდის არჩევისას, სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება თუ ფაქტორი უნდა მივიღოთ მხედველობაში. „თუნდაც მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეთ, მკურნალობას თქვენ უნდა აძლევდეთ გეზსა და მიმართულებას“, — ამბობს მერი-ენი. ჟურნალში „როგორ ვუმკურნალოთ დიაბეტს“ ვკითხულობთ: „პაციენტის მხრიდან სისტემატური თვითგანათლების გარეშე, დიაბეტის კლინიკური მკურნალობა არასრულფასოვნად და არაეთიკურად უნდა მივიჩნიოთ“.
რაც უფრო მეტი ეცოდინებათ თავიანთი დაავადების შესახებ, დიაბეტიან ავადმყოფებს მით უფრო გაუადვილდებათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სიცოცხლის გახანგრძლივების მეტი შანსი ექნებათ. ცოდნის მისაღებად კი მოთმინებაა საჭირო. წიგნი „დიაბეტი — როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე“ განმარტავს: „თუ ყველაფრის ერთბაშად გაგებას შეეცდებით, შეიძლება დაიბნეთ და ეფექტურად ვერ გამოიყენოთ მიღებული ინფორმაცია. გარდა ამისა, თქვენთვის ყველაზე აუცილებელი ინფორმაციის დიდ ნაწილს წიგნებსა და ბროშურებში ვერ იპოვით. მაგალითად, საჭიროა გამოარკვიოთ . . . როგორ გეცვლებათ სისხლში შაქრის დონე სხვადასხვა სიტუაციასა და პირობებში. ამას კი მხოლოდ დრო და საკუთარი გამოცდილება გასწავლით“.
გულმოდგინე დაკვირვებით შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი სტრესულ სიტუაციაზე, რამაც შეიძლება გლუკოზის დონის უეცარი მომატება გამოიწვიოს. «50 წელია, რაც დიაბეტით ვცხოვრობ და უკვე კარგად „ვუგებ“ საკუთარ ორგანიზმს», — ამბობს კენი. საკუთარი ორგანიზმის „გაგებამ“ დიდი სარგებლობა მოუტანა მას — იგი 70-ს გადასცდა, მაგრამ კვლავაც სრული განაკვეთით მუშაობს.
ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
დიაბეტით დაავადებულთათვის ოჯახის წევრებს ფასდაუდებელი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. როგორც ერთ წყაროში იყო ნათქვამი, „კარგი ოჯახური ატმოსფერო, როგორც ჩანს, უმთავრესი ფაქტორია“ დიაბეტიანი ბავშვებისა და მოზარდების დასახმარებლად.
კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრები მეტს გაიგებენ დიაბეტის შესახებ და ავადმყოფთან ერთად რიგ-რიგობით დაესწრებიან ექიმთან დანიშნულ კონსულტაციას. მიღებული ცოდნის წყალობით ისინი უფრო ეფექტურად შეძლებენ დახმარებას; გაუადვილდებათ მნიშვნელოვანი სიმპტომების ამოცნობა და სხვადასხვა სიტუაციაში სწორად რეაგირება. ტედი, რომლის ცოლსაც ოთხი წლის ასაკიდან I ტიპის დიაბეტი აქვს, ამბობს: „ყოველთვის ვხვდები, როცა ბარბარას გლუკოზის დონე მეტისმეტად დაბლა იწევს. ის უცბად ჩუმდება შუა ლაპარაკში. უზომოდ ოფლიანდება და უმიზეზოდ ღიზიანდება. მისი რეაქცია შენელებული ხდება“.
როცა კენის ცოლი, კეტრინი, ხედავს, რომ მის ქმარს სახე უფითრდება, ოფლი ასხამს და გუნება-განწყობილება ეცვლება, იგი მარტივ მათემატიკურ კითხვას უსვამს მას. თუ კენი დაბნეულად პასუხობს, კეტრინისთვის ნათელია, რომ მოცემულ მომენტში მის მეუღლეს არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და დროა, თავად იმოქმედოს. კენი და ბარბარა უზომოდ აფასებენ და მთელი გულით ენდობიან თავიანთ ძვირფას მეუღლეებს, რომლებმაც ასე ბევრი იციან მათი ავადმყოფობის შესახებf.
ოჯახის წევრებს სიყვარულის, სიკეთისა და მოთმინების გამოვლენა მართებთ, რაც ავადმყოფს სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება და შეიძლება დაავადების მსვლელობაზეც კი სასიკეთოდ იმოქმედოს. კარენი ქმარმა ანუგეშა, რომ ის მისთვის ძვირფასი იყო და ძალიან უყვარდა. კარენისთვის ეს ბევრს ნიშნავდა. იგი ამბობს: «ნაიჯელმა ასეთი რამ მითხრა: „სიცოცხლისთვის ადამიანებს საკვები და წყალი სჭირდებათ. შენც საკვები და წყალი გჭირდება — და კიდევ ცოტა ინსულინი“. ამ თბილმა და, ამავე დროს, პრაქტიკულმა სიტყვებმა შვება მაგრძნობინა».
ოჯახის წევრები და მეგობრები გაგებით უნდა მოეკიდონ სხვა გარემოებასაც — სისხლში შაქრის დონის მატება-კლებას შეიძლება გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებები მოჰყვეს. „როდესაც შაქრის დონის ცვლილება ჩემს განწყობილებაზე მოქმედებს, ძალიან ჩუმი ვხდები, სევდა მიპყრობს, ადვილად მიტყდება გული და ვღიზიანდები, — ამბობს ერთი ქალი. — შემდეგ კი იმაზე ვნერვიულობ, ასე ბავშვივით რომ ვიქცეოდი . . . მაგრამ ვიცი, რომ სხვებს ესმით, რა მიზეზითაც მიჩნდება ეს გრძნობები, რომელთა გაკონტროლებასაც მე გულწრფელად ვცდილობ. გარშემომყოფთა გულისხმიერებას შვება მოაქვს ჩემთვის“.
დიახ, დიაბეტთან წარმატებით ბრძოლა შესაძლებელია — განსაკუთრებით მაშინ, თუ ავადმყოფს მეგობრები და ოჯახის წევრები უდგანან მხარში. დიაბეტით დაავადებულებისთვის ბიბლიურ პრინციპებსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ. მოდი ვნახოთ, როგორ.
[სქოლიოები]
a დიაბეტით გამოწვეული გართულებებიდან აღსანიშნავია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, ინსულტი, თირკმლის უკმარისობა, პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგია და ნერვული სისტემის დაზიანება. ქვემო კიდურებისთვის სისხლის მიწოდების შეფერხებამ შეიძლება წყლულების განვითარება გამოიწვიოს და უკიდურესი გართულების შემთხვევაში დაზიანებული კიდურის ამპუტაციაც გახდეს საჭირო. სრულწლოვან ადამიანებში დაბრმავების მიზეზი უმეტესწილად დიაბეტია.
b ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს. თუ ვინმე ეჭვობს, რომ დიაბეტი აქვს, უნდა მიმართოს ექიმს, რომელსაც ამ დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის გამოცდილება აქვს.
c როგორც ჩანს, წელისა და გულმკერდის არეში ცხიმის დაგროვება (სხეულის ფორმა ვაშლს მოგვაგონებს) უფრო დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე გავა-მენჯის არეში ჭარბცხიმიანობა (სხეულის ფორმა მსხალს მოგვაგონებს).
d მწეველები უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან, ვინაიდან თამბაქოს წევა აზიანებს გულსა და სისხლის მიმოქცევის სისტემას, იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, იმ ავადმყოფთა 95 პროცენტი, რომლებსაც დიაბეტური გართულების გამო ამპუტაცია უკეთდებათ, მწეველები არიან.
e ზოგ დიაბეტიანს პერორალური (შიგნით მისაღები) პრეპარატებიც შველის. მათ რიცხვს განეკუთვნება მედიკამენტები, რომლებიც პანკრეასში ინსულინის გამომუშავებას ასტიმულირებს. სხვა ანტიდიაბეტური ტაბლეტები სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს, ზოგი მათგანი კი ინსულინის მიმართ რეზისტენტობას ამცირებს (პერორალური პრეპარატები, ჩვეულებრივ, არ ენიშნებათ მათ, რომლებსაც I ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვთ). დღესდღეობით ინსულინი არ განეკუთვნება დასალევი წამლების რიცხვს. ამის მიზეზი ის არის, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ეს ცილა სისხლში შეწოვამდე იშლება. ინსულინოთერაპია და ანტიდიაბეტური პრეპარატები, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ფიზიკური ვარჯიშისა და სწორი კვების საჭიროებას.
f დიაბეტით დაავადებულებს მედიკოსები ურჩევენ, ყოველთვის თან ატარონ პირადობის მოწმობა და გაიკეთონ ისეთი სამაჯური ან ყელსაბამი, რომელზეც მისი ავადმყოფობის შესახებ იქნება მინიშნებული. კრიტიკულ სიტუაციაში მათ შეიძლება სიცოცხლეც კი შეუნარჩუნონ მფლობელს. მაგალითად, სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობით გამოწვეული მდგომარეობა შეიძლება სხვა კლინიკურ სიმპტომებში ან სიმთვრალეშიც კი შეეშალოთ.
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
ახალგაზრდების დაავადება?
როგორც ნიუ–იორკის მაუნტ–საინაის სამედიცინო სკოლის დეკანი და მთავარი ექიმი–ენდოკრინოლოგი ართურ რუბენშტაინი ამბობს, დიაბეტი „ახალგაზრდების დაავადება ხდება“. მართლაც, დიაბეტის გამოვლინების საშუალო ასაკი უფრო და უფრო კლებულობს. „ათი წლის წინათ სტუდენტებს ვასწავლიდით, რომ 40 წლამდე ასაკის ადამიანებში ამ დაავადებას ვერ შეხვდებოდნენ, — ამბობს ექიმი რობინ გოლანდი II ტიპის შაქრიანი დიაბეტის შესახებ. — ახლა კი ის 10 წლამდე ბავშვებში ვლინდება“.
რატომ მატულობს დიაბეტით ახალგაზრდების დაავადების შემთხვევები? ზოგჯერ ეს შთამომავლობითი მიდრეკილებით არის განპირობებული, მაგრამ გარკვეულ როლს ჭარბი წონა და გარემოს დაბინძურებაც თამაშობს. გასული ოცი წლის განმავლობაში ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვი გაორმაგდა. რა არის მიზეზი? „გასული ოცი წლის მანძილზე კვებისა და ფიზიკური აქტივობისადმი ადამიანთა დამოკიდებულება საკმაოდ შეიცვალა, — ამბობს შეერთებული შტატების დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების თანამშრომელი, ექიმი უილიამ დიცი. — მე იმას ვგულისხმობ, რომ ხალხი სულ უფრო იშვიათად ჭამს შინ მომზადებულ საჭმელს; მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროდ არ თვლიან საუზმობას; გაიზარდა გაზიანი გამაგრილებელი სასმელებისა და არასრულფასოვანი საკვების მოხმარება; სკოლებში შემცირდა ფიზკულტურის გაკვეთილები, ხოლო დიდი დასვენება საერთოდ გააუქმეს“.
დიაბეტის მთლიანად განკურნება შეუძლებელია. ამიტომ, გონივრული იქნებოდა დიაბეტით დაავადებული ერთი ახალგაზრდის რჩევა გაგვეთვალისწინებინა: „თუ გინდათ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, თავი შეიკავეთ არასრულფასოვანი საკვებისაგან“.
[ჩარჩო⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]
გლუკოზის როლი
გლუკოზა ენერგიის წყაროა სხეულის ტრილიონობით უჯრედისთვის. მაგრამ უჯრედებში შესაღწევად მას თავისებური „გასაღები“ — პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი — ინსულინი ესაჭიროება. I ტიპის დიაბეტი ინსულინის აბსოლუტური უკმარისობით ხასიათდება. II ტიპის დიაბეტის დროს კი ეს ჰორმონი არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდებაg. გარდა ამისა, უჯრედები ინსულინს შიგნით შეღწევის საშუალებას არ აძლევს — ამ მდგომარეობას ინსულინის მიმართ რეზისტენტობა ეწოდება. როგორც I, ისე II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში რეზულტატი ერთი და იგივეა: უჯრედები გლუკოზის საჭირო რაოდენობას ვერ იღებს, ხოლო სისხლში შაქრის შემცველობა სახიფათო ზღვარს აღწევს.
I ტიპის დიაბეტის დროს ადამიანის იმუნურ სისტემას მწყობრიდან გამოჰყავს პანკრეასში არსებული ბეტა-უჯრედები, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. მაშასადამე, I ტიპის დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა და მას ზოგჯერ იმუნოგანპირობებულ დიაბეტს უწოდებენ. აუტოიმუნურ რეაქციას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ეს შეიძლება იყოს ვირუსები, ტოქსიკური ნივთიერებები და ზოგიერთი წამალი. როგორც ჩანს, გარკვეულ როლს გენეტიკური ფაქტორიც თამაშობს, ვინაიდან ცნობილია, რომ I ტიპის დიაბეტი ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა და უფრო მეტად ეს დაავადება თეთრკანიან ადამიანებში გვხვდება.
II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში, რომელიც უფრო ხშირად არათეთრკანიან ადამიანებში იჩენს თავს, შთამომავლობითი მიდრეკილება კიდევ უფრო დიდია. ამ ტიპის დიაბეტით, მსოფლიოს სხვა ხალხებთან შედარებით, ყველაზე მეტად ავადდებიან ავსტრალიელი აბორიგენები და ამერიკელი ინდიელები. ამ ორს შორის კი II ტიპის დიაბეტი ყველაზე მეტად ინდიელებშია გავრცელებული. მკვლევარები გენეტიკურ ფაქტორსა და სიმსუქნეს შორის არსებულ კავშირს სწავლობენ. ისინი იმის გარკვევასაც ცდილობენ, თუ როგორ უწყობს ჭარბცხიმიანობა ხელს ინსულინისადმი რეზისტენტობის განვითარებას შთამომავლობითი მიდრეკილების მქონე ადამიანებშიh. I ტიპის დიაბეტისგან განსხვავებით, II ტიპის დიაბეტი უმთავრესად ვლინდება 40 წლის ასაკის შემდეგ.
[სქოლიოები]
g დიაბეტიან ავადმყოფთა 90 პროცენტს II ტიპის დიაბეტი აქვს. მას, ზოგჯერ, ინსულინდამოუკიდებელ ან მოზრდილთა დიაბეტს უწოდებენ, მაგრამ ეს ტერმინები მთლად ზუსტი არ არის, რადგან ინსულინი II ტიპის დიაბეტით დაავადებულთა 40 პროცენტს ესაჭიროება. გარდა ამისა, ბოლო დროს ახალგაზრდების, და თვით ბავშვების, სულ უფრო მზარდ რიცხვს უსვამენ II ტიპის დიაბეტის დიაგნოზს.
h ჭარბცხიმიანობას სიმსუქნედ, ჩვეულებრივ, მაშინ მიიჩნევენ, როცა ადამიანი 20 ან უფრო მეტი პროცენტით აღემატება თავის იდეალურ წონას.
[სურათი]
გლუკოზის მოლეკულა
[საავტორო უფლება]
Courtesy: Pacific Northwest National Laboratory
[ჩარჩო 9 გვერდზე]
პანკრეასის როლი
პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი) ბანანის ზომის ორგანოა, რომელიც კუჭის უკან მდებარეობს. წიგნში „ცხოვრება დიაბეტით — არაოფიციალური ცნობარი“ ვკითხულობთ: „ჯანმრთელი ადამიანის პანკრეასი შეუჩერებლივ და გასაოცარი სიზუსტით არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას — თუ დღის განმავლობაში შაქრის დონე მატულობს ან კლებულობს, იგი ზუსტად იმდენ ინსულინს გამოყოფს, რამდენიც სისხლში წონასწორობის აღსადგენად არის საჭირო“. ინსულინს გამოიმუშავებს პანკრეასში არსებული ბეტა-უჯრედები.
როცა ბეტა-უჯრედები საკმარისი რაოდენობით ვერ გამოყოფს ინსულინს, გლუკოზა სისხლში გროვდება და ჰიპერგლიკემიას იწვევს. ამის საწინააღმდეგო მდგომარეობას, როდესაც სისხლში გლუკოზის სიმცირე შეინიშნება, ჰიპოგლიკემია ეწოდება. სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში პანკრეასთან ერთად ღვიძლიც მონაწილეობს, რომელიც ჭარბ გლუკოზას გლიკოგენად გარდაქმნის და ინახავს. თუ ორგანიზმს გლუკოზა დასჭირდა, პანკრეასის ბრძანებით ღვიძლი გლიკოგენს კვლავ გლუკოზად გარდაქმნის.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
შაქრის როლი
დღეს ფართოდაა გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ თითქოს დიაბეტს ბევრი შაქრის მიღება იწვევს. როგორც სამედიცინო გამოკვლევები ცხადყოფს, შთამომავლობითი მიდრეკილების მქონე ადამიანებში დიაბეტით დაავადების რისკს ზრდის სიმსუქნე — იმისდა მიუხედავად, ეს შაქრის ჭარბი მოხმარებითაა გამოწვეული თუ არა. ასეა თუ ისე, ბევრი შაქრის ჭამა ჯანმრთელობისთვის კარგი მაინც არ არის, რადგან ის მწირია საკვები ნივთიერებებით და ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას.
კიდევ ერთი მცდარი შეხედულება ის არის, რომ თითქოს დიაბეტით დაავადებულებს დაუოკებელი ლტოლვა აქვთ ტკბილეულისადმი. სინამდვილეში კი, ტკბილეულზე მათ ისეთივე მოთხოვნილება აქვთ, როგორც სხვა ადამიანებს. თუ დიაბეტიანი ავადმყოფი სათანადოდ არ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, დროთა განმავლობაში მას შეიძლება გაძლიერებული მადა განუვითარდეს — მაგრამ არა მაინცდამაინც შაქრისადმი ლტოლვა. დიაბეტიანებს შეუძლიათ ტკბილეულის ჭამა, მაგრამ მოხმარებული შაქარი არ უნდა აღემატებოდეს დიეტით გათვალისწინებული ნახშირწყლების რაოდენობას.
ბოლო დროს ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით ფრუქტოზის (შაქარი, რომელსაც ხილ-ბოსტნეული შეიცავს) მოხმარებამ შეიძლება (წონის მიუხედავად) ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას და თვით დიაბეტის გაჩენასაც კი შეუწყოს ხელი.
[დიაგრამები⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]
მარტივად დიაბეტის შესახებ
პანკრეასი
↓ ↓ ↓
ჯანმრთელი ადამიანი I ტიპის დიაბეტი II ტიპის დიაბეტი
ჭამის შემდეგ იმუნურ სისტემას უმრავლეს შემთხვევაში,
სისხლში გლუკოზის მწყობრიდან გამოჰყავს პანკრეასი არასაკმარისი
დონე მატულობს, პანკრეასში არსებული რაოდენობით
რაზეც პანკრეასი ბეტა-უჯრედები, გამოიმუშავებს
ინსულინის საჭირო რომლებიც ინსულინს ინსულინს.
რაოდენობის გამოიმუშავებენ. შედეგად,
გამომუშავებით წყდება ინსულინის
რეაგირებს. გამომუშავება.
↓ ↓ ↓
ინსულინის მოლეკულები ინსულინის დახმარების თუ მემბრანული
კუნთისა და სხვა გარეშე გლუკოზის რეცეპტორები ცუდად
უჯრედების მემბრანულ მოლეკულები ვერ რეაგირებს ინსულინზე,
რეცეპტორებს უერთდება. შედიან უჯრედებში. მაშინ წვრილი არხები,
მათი შეკავშირება რომელთა გავლითაც
მემბრანაში არსებულ გლუკოზა სისხლიდან
წვრილ არხებს უჯრედებში ხვდება,
ააქტიურებს, რაც აღარ აქტიურდება.
გლუკოზის მოლეკულებს
უჯრედში შეღწევის
საშუალებას აძლევს.
↓ ↓ ↓
კუნთის უჯრედები გლუკოზა სისხლში
ითვისებს და ენერგიად გროვდება, აფერხებს
გარდაქმნის გლუკოზას. სასიცოცხლო პროცესებს
სისხლში გლუკოზის და აზიანებს
დონე ნორმის სისხლძარღვების
ფარგლებში დგება. კედლებს.
[დიაგრამა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
უჯრედი
რეცეპტორი
არხი
ინსულინი
ბირთვი
გლუკოზა
[დიაგრამა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სისხლძარღვი
ერითროციტები
გლუკოზა
[საავტორო უფლება]
Man: The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck
[სურათი 7 გვერდზე]
სწორი კვება აუცილებელია დიაბეტით დაავადებულებისთვის.
[სურათები 10 გვერდზე]
დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ სრულფასოვნად ცხოვრება.
-
-
ბიბლია ეხმარება დიაბეტით დაავადებულებსგამოიღვიძეთ! — 2003 | ივნისი 8
-
-
ბიბლია ეხმარება დიაბეტით დაავადებულებს
დიაბეტით დაავადებულთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავშეკავება და დადებითი განწყობა. მაგრამ ამ თვისებების გამოვლენა რომ შეძლონ, მათ მხარში დგომა ესაჭიროებათ. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დიაბეტიან ადამიანს არ უნდა დააძალონ ისეთი რამის ჭამა, რასაც მისთვის ზიანი მოაქვს. ისინი უნდა მოერიდონ მსგავს სიტყვებს: ერთხელ რომ შეჭამო, ამით არაფერი დაშავდება. „ცოლი ძალიან მეხმარება, — ამბობს ჰარი, რომელსაც II ტიპის დიაბეტი აქვს და თან გული აწუხებს. — სახლში ის არასოდეს ინახავს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც არ მეჭმება, მაგრამ ზოგი ვერ ხვდება ამას და არ იცის, ზოგჯერ რა ძნელია თავის შეკავება“.
თუ თქვენ ურთიერთობა გაქვთ დიაბეტიან ადამიანთან, ყოველთვის გახსოვდეთ ორი შესანიშნავი ბიბლიური პრინციპი: „არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“ და „სიყვარული . . . თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 10:24; 13:4, 5).
საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველ ნებისმიერ ადამიანს — იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა დიაბეტი — ჭამაში ზომიერება მართებს. ბიბლია ამ მხრივ კარგ დახმარებას გვიწევს. მასში ნათქვამია, რომ თავშეკავების სწავლა ყველასთვის აუცილებელია. გაქვთ თუ არა მიზნად დასახული ამ თვისების განვითარება? (გალატელთა 5:22, 23). გარდა ამისა, თქვენთვის ნუგეშისა და გამხნევების წყარო იქნება სხვადასხვა ბიბლიური მაგალითი თუ შემთხვევა. ავიღოთ, მაგალითად, მოციქულ პავლეს ცხოვრება. „მას ეკალი ჰქონდა სხეულში, მაგრამ მაინც ერთგულად და მთელი შემართებით ემსახურებოდა ღმერთს, — ამბობს ერთი დიაბეტიანი ავადმყოფი. — გამოდის, რომ მეც შემიძლია იგივე“.
დიახ, პავლე შეეგუა „ეკალს სხეულში“ ანუ ფიზიკურ უძლურებას, რის შეცვლაც შეუძლებელი იყო, და წარმატებით განაგრძო მისიონერული მსახურება (2 კორინთელთა 12:7—9). დასტინი, რომელიც ამჟამად 18 წლისაა, დაბადებიდანვე ბრმაა, ხოლო 12 წლის ასაკიდან დიაბეტი აქვს. მან მოგვწერა: „ვიცი, რომ დღევანდელ მსოფლიოში იდეალური ცხოვრება არავის აქვს. მოუთმენლად ველი ღვთის ახალ ქვეყნიერებას, სადაც დიაბეტი აღარ მექნება. ამ ავადმყოფობას ისე ვუყურებ, როგორც რაღაც დროებითს. მან შეიძლება გაციებასა და გრიპზე დიდხანს გასტანოს, მაგრამ ბოლოს აუცილებლად დასრულდება“.
ამ სიტყვების დაწერისას დასტინს მხედველობაში ჰქონდა ბიბლიაზე დაფუძნებული იმედი, რომლის თანახმადაც, ღვთის სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე, სამოთხეში მცხოვრებ ადამიანებს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ (გამოცხადება 21:3, 4). ღვთის სიტყვა, ბიბლია, გვპირდება, რომ ამ ზეციერი სამეფოს მმართველობისას არავინ იტყვის, „ავადა ვარ“ (ესაია 33:24; მათე 6:9, 10). გსურთ მეტი გაიგოთ ბიბლიაზე დაფუძნებული ამ იმედის შესახებ? თუ დიახ, დაუკავშირდით ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს, ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს მე–5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
[სურათი 12 გვერდზე]
თავშეკავება და დადებითი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.
-