საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 10/8 გვ. 18-21
  • „თქვენს გოგონას დიაბეტი აქვს“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „თქვენს გოგონას დიაბეტი აქვს“
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • განსაცდელი საავადმყოფოში
  • ცვლილებების პერიოდი
  • ახლა როგორ ვართ?
  • მკურნალობა და სიძნელეები
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • დიაბეტი — შეგიძლიათ შეამციროთ რისკი?
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • დიაბეტი „ფარული მკვლელი“
    გამოიღვიძეთ! — 2003
  • ბიბლია ეხმარება დიაბეტით დაავადებულებს
    გამოიღვიძეთ! — 2003
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 10/8 გვ. 18-21

„თქვენს გოგონას დიაბეტი აქვს“

შეუძლებელია იმ ტკივილის დავიწყება, რომელიც ექიმის სიტყვების მოსმენის შემდეგ ვიგრძენი. ჩემი გოგონა, სონია, იმ დროს ათი წლის იყო. ბავშვი ერთი შეხედვით ჯანმრთელი, ენერგიით სავსე, ზოგჯერ ზედმეტად ენერგიულიც კი ჩანდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მას საერთოდ არ უავადმყოფია.

ექიმთან მისვლის წინა დღეებში კი ბავშვი საოცრად შეიცვალა; ცუდად გამოიყურებოდა; გამუდმებით სწყუროდა და წამდაუწუმ, ზოგჯერ ყოველ 15 წუთში, საპირფარეშოში დარბოდა. ღამით, სულ მცირე, სამჯერ დგებოდა. თავიდან ამ სიმპტომებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, ვფიქრობდი, ეს მხოლოდ შარდის ბუშტის დაინფიცირების ბრალი იყო, მალე სონია გამოკეთდება-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ დავასკვენი, რომ ინფექციასთან საბრძოლველად რაიმე ანტიბიოტიკის გაკეთება დასჭირდებოდა.

ამიტომაც მივიყვანე ბავშვი ექიმთან. სონიას მდგომარეობის შესახებ ექიმს ჩემი აზრი გავუზიარე. მან შარდის ანალიზის აღება მოგვთხოვა. დავინახე, რომ ჭურჭელი, რომელშიც შარდი გვქონდა აღებული, პატარა, თოვლის ფიფქისმაგვარი ფრაგმენტებით იყო სავსე. ეს მედდამაც შენიშნა. მედპერსონალის ეჭვები სისხლის ანალიზმაც დაადასტურა. ჩემს გოგონას 1-ლი ტიპის დიაბეტი აღმოაჩნდა.

სონიასთვის ნათელი იყო, თუ რას ნიშნავდა ეს. თუმცა მხოლოდ ათი წლის იყო, სკოლაში უკვე გავლილი ჰქონდათ დიაბეტის შესახებ გაკვეთილი. დედა-შვილს სახეზე შიში და სასოწარკვეთილება აღგვებეჭდა. ექიმმა შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით, ბავშვის სასწრაფოდ საავადმყოფოში დაწვენა გვირჩია და მიმართვა მოგვცა პორტლენდის (ორეგონის შტატი, აშშ) ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. სონია საშინლად გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ეს დაავადება დაემართა. მას არ უნდოდა ნემსების გაკეთება და სიცოცხლის შენარჩუნება. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა და განუწყვეტლივ კითხულობდა — რატომ? ყველანაირად ვცდილობდი, მისთვის ჩემი ტკივილი არ მეჩვენებინა, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე. ერთმანეთს ჩახუტებული დედა-შვილი მისაღებში ვისხედით და ქვითინით იეჰოვას დახმარებას ვთხოვდით.

განსაცდელი საავადმყოფოში

ექიმმა ნება დაგვრთო, სახლში შეგვევლო საჭირო ნივთების ასაღებად, მეუღლისთვის, ფილიპისთვის, დასარეკად და ვინმეს მოსაძებნად, ვინც ჩვენს ბიჭს, ოსტინს, სკოლიდან წამოიყვანდა. ერთ საათში მე და ჩემი მეუღლე სონიასთან ერთად საავადმყოფოს რეგისტრატურაში ვიყავით. ბავშვს სისხლში შაქრისა და კეტონების შემცველობის შესამცირებლად მაშინვე წვეთოვანის დაყენებას შეუდგნენa. ეს კი ნამდვილი განსაცდელი აღმოჩნდა. გაუწყლოების გამო ბავშვს სამ კილოზე მეტი ჰქონდა დაკარგული. მისი გალეული ვენების პოვნა ძნელი იყო. ბოლოს, როგორც იქნა მედდა ვენაში შევიდა და დროებით ცოტა დავწყნარდით. შემდეგ ერთი დიდი წიგნი და მრავალი სხვა ქაღალდი მოგვცეს და დაგვავალეს, ყოველივე ეს სონიას გაწერამდე წაგვეკითხა და შეგვესწავლა.

მოდიოდნენ და მოდიოდნენ ექიმები, მედდები და დიეტოლოგები. გვიჩვენებდნენ, როგორ უნდა მოგვემზადებინა და გაგვეკეთებინა სონიასთვის ყოველდღიურად ინსულინის ორი ინიექცია, რაც იმ დღიდან მისთვის აუცილებელი გახდა. გვასწავლეს სისხლის ანალიზის გაკეთება, რაც სისხლში შაქრის შემცველობის დასადგენად დღეში ოთხჯერ უნდა აგვეღო. ძალიან ბევრი ინფორმაცია გვქონდა ასათვისებელი! ჩვენთვის ისიც უნდა ესწავლებინათ, რის ჭამა შეიძლებოდა სონიასთვის და რის არა. ბავშვისთვის არ უნდა მიგვეცა დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვები, მაგრამ ამასთანავე მოზარდი ორგანიზმისთვის ბალანსირებული კვება იყო საჭირო. ამიტომ საჭმელში ნახშირწყლების ზუსტად განსაზღვრული რაოდენობა უნდა ყოფილიყო.

სამ დღეში სონია საავადმყოფოდან გაწერეს. გოგონა ნემსის გაკეთებას მანებებდა, მაგრამ სისხლის ანალიზს თვითონ იკეთებდა. ერთ თვეში უკვე თავად მოისურვა ინსულინის ინიექციების გაკეთებაც და მას შემდეგ სულ თვითონ იკეთებს. საოცარი იყო, მაგრამ სონია შეეგუა თავის ავადმყოფობას და ამ დაავადებით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებაც ისწავლა. მან გაიარა ის სტადია, როდესაც სიკვდილი და სამოთხეში გამოღვიძება სურდა და იმის სურვილი გაუჩნდა, რომ მეტი სცოდნოდა საკუთარი სხეულის, გრძნობებისა და შეზღუდვების შესახებ. აგრეთვე ისწავლა საჭიროების შემთხვევაში თავისი გრძნობების სხვებისთვის გაზიარება.

ცვლილებების პერიოდი

პირველი რამდენიმე თვე ძალიან გაგვიჭირდა. ოჯახის თითოეული წევრი თავის თავში აღძრულ მრავალგვარ გრძნობას უნდა გამკლავებოდა. მე მაქსიმალურად ბევრის გაკეთებას ვცდილობდი და საკუთარი თავი იმ დონემდე მივიყვანე, რომ ხანდახან მინდოდა, სადმე გადავკარგულიყავი. მეტისმეტად მკაცრი გრაფიკის გამო ძალიან ძნელი იყო ყველაფრის მოსწრება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ხელი გვეშლებოდა კრების შეხვედრებზე დასწრებასა და ქადაგებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ სკოლასთან დაკავშირებულ საქმეებსა და დასვენების დღეებზე. მაგრამ მრავალი ლოცვის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ვისწავლეთ, დღეს დღევანდელზე, ხვალ კი ხვალინდელზე ზრუნვა. ამგვარად, შევუდექით ჩვენი ახალი ვალდებულებების შესრულებას.

ვიპოვეთ შესანიშნავი ენდოკრინოლოგი, რომელიც დასახმარებლად ყოველთვის მზად არის; ხშირად მას ელექტრონული ფოსტითაც ვუკავშირდებით ხოლმე. მასთან რეგულარულად მისვლა ჩვენი გეგმის განუყოფელი ნაწილი გახდა. სამ თვეში ერთხელ ბავშვის გასასინჯად მასთან მიყვანა არა მარტო იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დავინახოთ, რამდენად გაუმჯობესდა სონიას მდგომარეობა, არამედ იმაშიც გვარწმუნებს, რომ შვილისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რის ძალაც შეგვწევს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენს ბიჭს რთული პერიოდი დაუდგა, რადგან მთელი ყურადღება მის დაზე იყო გადატანილი. კრების წევრებსა და სკოლის მასწავლებელს ესმოდათ, რა მდგომარეობაშიც იყო ბავშვი და ყოველნაირად ხელს უწყობდნენ, რომ ყოველთვის რაღაც საქმით ყოფილიყო დაკავებული. ამასთანავე, ცდილობდნენ, მისთვის დაენახვებინათ, რომ უნდა შეცვლილიყო. ოსტინმა დიდი დახმარება გაუწია მშობლებს იმაში, რომ მის დას მზრუნველობა არ მოჰკლებოდა. ჩვენ კი, როგორც მშობლები, ზოგჯერ მეტისმეტადაც ვიცავდით სონიას და გაზვიადებული შიშის გრძნობა გვქონდა მისი მდგომარეობის გამო. მივხვდით, რომ შიშის გრძნობის დასაძლევად საჭირო იყო ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის მიღება და იმის გაგება, როგორ მოქმედებს ეს ავადმყოფობა ორგანიზმზე.

ახლა როგორ ვართ?

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იეჰოვას აღთქმებზე და იმ დროზე, როდესაც ავადმყოფობა მხოლოდ შორეულ მოგონებადღა დარჩება (ესაია 33:24). მანამდე კი ჩვენი ოჯახის მიზანია, აქტიურად ვემსახუროთ იეჰოვას და, რაც შეიძლება, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა სხვებთან ღვთის სამეფოს კურთხევებზე საუბარში. აგრეთვე ვცდილობთ, რომ რეგულარულად დავესწროთ კრების შეხვედრებს.

ერთი-ორი წლის წინათ, მეუღლეს ისრაელში დროებითი სამუშაო შესთავაზეს. სონიას მდგომარეობის გამო ამ წინადადებაზე ბევრს ვფიქრობდით და ვლოცულობდით. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ სათანადო მომზადების შემდეგ, რაშიც სონიასთვის შესაფერისი დიეტის შერჩევაც შედიოდა, ისრაელში გამგზავრებას შეიძლება სულიერი კურთხევებიც კი მოჰყოლოდა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში თელ-ავივის ინგლისური კრების წევრები ვიყავით. დავეუფლეთ სრულიად განსხვავებულ გარემოში ქადაგებას, რაც ჩვენი ოჯახისთვის შესანიშნავი იყო.

რამდენიმე სიტყვამ — „თქვენს გოგონას დიაბეტი აქვს“, — ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მაგრამ გულგატეხილობის ნაცვლად, მთელმა ოჯახმა ერთად მოვიფიქრეთ, როგორ გვეზრუნა სონიას ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რამაც ოჯახის წევრები უფრო დაგვაახლოვა. ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში კი იეჰოვა, „ყოველი ნუგეშის ღმერთი“, გვეხმარება (2 კორინთელთა 1:3) (მოგვითხრო სინდი ჰერდმა).

[სქოლიო]

a „ავადმყოფმა თუ არ იმკურნალა, დიაბეტის გამო განუვითარდება კეტოზი, სისხლში ცხიმების დაშლის პროდუქტების დაგროვება; ამას კი თან სდევს აციდოზი (სისხლში მჟავების დაგროვება), რაც გულისრევასა და ღებინებას იწვევს. ნახშირწყლების ცვლის მოშლილობისა და ცხიმების მეტაბოლიზმის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვების შედეგად ავადმყოფი დიაბეტურ კომაში ვარდება“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“).

[ჩარჩო 19 გვერდზე]

რა არის დიაბეტი?

ჩვენი ორგანიზმი საკვებს ენერგიად გარდაქმნის, შემდეგ კი ამ უკანასკნელს ცხოველქმედობისთვის იყენებს. ეს ფუნქცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სუნთქვის ფუნქცია. კუჭ-ნაწლავში საკვები იშლება. დაშლილ ნივთიერებებს შორის ერთ-ერთი ნახშირწყალი გლუკოზაა. წამოქმნილ ნახშირწყალზე კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინის გამოყოფით რეაგირებს, რომლის მეშვეობითაც შაქარი სხეულის უჯრედების შემადგენელი ნაწილი ხდება. იქ კი მათი წვის შედეგად ენერგია გამოთავისუფლდება.

დიაბეტით დაავადებისას ან კუჭქვეშა ჯირკვალი არასაკმარისად გამოყოფს ინსულინს, ან ორგანიზმი არ ითვისებს მას ბოლომდე. შედეგად კი სისხლში არსებული შაქარი სხეულის უჯრედებში ვერ გადადის და მისი მოხმარება არ ხდება. დიაბეტის შესახებ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში აღნიშნული იყო, რომ „ამ დროს სისხლში შაქრის შემცველობა ძალიან მატულობს და შაქარი თირკმლების საშუალებით შარდთან ერთად გამოიყოფა“ (Understanding Insulin Dependent Diabetes). დიაბეტის მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, ხშირი შარდვა და სხვა სიმპტომები აღინიშნება.

[ჩარჩო 19 გვერდზე]

1-ლი ტიპის დიაბეტი

ამ ტიპის დიაბეტი ადრე იუვენალურ დიაბეტად იყო ცნობილი, რადგან, ძირითადად, ამ ტიპის დიაბეტით ბავშვები და მოზარდები ავადმყოფობენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ავადმყოფობით ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს. ცნობილი არ არის, რა იწვევს დიაბეტს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მეცნიერთა აზრით 1-ლი ტიპის დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს:

1) მემკვიდრეობა (გენეტიკური).

2) აუტოიმუნური რეაქცია (ორგანიზმს რომელიმე საკუთარი ქსოვილისადმი ან უჯრედთა ტიპისადმი ალერგია უჩნდება; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კუჭქვეშა ჯირკვლისადმი).

3) გარემო პირობები (ვირუსები ან ქიმიური ნაერთები).

შესაძლებელია, რომ ვირუსულმა ინფექციამ ან სხვა ფაქტორებმა დააზიანოს პანკრეასის კუნძულების უჯრედები (ეს არის უჯრედები, რომლებშიც ინსულინის წარმოქმნა ხდება). რაც უფრო მეტია დაზიანებულ უჯრედთა რაოდენობა, მით უფრო მეტია დიაბეტით დაავადების შესაძლებლობა.

დიაბეტს მრავალი სიმპტომი ახასიათებს:

1) ხშირი შარდვა.

2) ძლიერი წყურვილი.

3) გამუდმებული შიმშილის გრძნობა; ორგანიზმი ისწრაფვის ენერგიის მიღებისკენ, რაც ამ დაავადების დროს ძალიან აკლია.

4) წონაში დაკლება. როდესაც ორგანიზმის უჯრედები შაქარს ვერ ღებულობს, ის ენერგიის მისაღებად ცხიმებსა და ცილებს წვავს, რაც სხეულის წონაში დაკლებას იწვევს.

5) გაღიზიანებულობა. დიაბეტიანი ავადმყოფი ღამით მოსაშარდად ხშირად დგება, ამიტომაც მას ძილი დარღვეული აქვს, რასაც შეიძლება ფსიქიკის შეცვლა მოჰყვეს.

1-ლი ტიპის დიაბეტით დაავადებისას კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინს ძალიან მცირე რაოდენობით ან სულ არ წარმოშობს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ინსულინის ყოველდღიურად მიღება, რაც, ჩვეულებრივ, ინიექციების საშუალებით ხდება (თუ ავადმყოფები ინსულინს პერორალურად მიიღებენ, პრეპარატი კუჭში დაიშლება).

[ჩარჩო 19 გვერდზე]

2-ე ტიპის დიაბეტი

ეს დიაბეტი 1-ლი ტიპის დიაბეტში არ უნდა აგვერიოს. ამ შემთხვევაში ინსულინი საკმარისი რაოდენობით არ გამოიყოფა ან ორგანიზმი სათანადოდ ვერ იყენებს მას. ასეთი ტიპის დიაბეტი უმეტესწილად 40 წელს გადაცილებულებში გვხვდება; ეს დაავადება ძირითადად თანდათანობით ვითარდება. მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორი. მდგომარეობას ხშირად აუარესებს არასწორი კვება ან სიმსუქნე. მკურნალობის მიზნით, ხშირად, განსაკუთრებით კი დაავადების საწყის სტადიებში, შეიძლება ისეთი აბების გამოყენება, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვალში მეტი ინსულინის გამოყოფას უწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აბები ინსულინის შემცველი არ არის.

[ჩარჩო 20 გვერდზე]

რით არის საშიში დიაბეტი

ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის „საწვავი“ სჭირდება. თუ ამ მიზნით მას გლუკოზის გამოყენება არ შეუძლია, მის ნაცვლად ცხიმებსა და ცილებს იყენებს. მაგრამ ცხიმების წვის შედეგად წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებსაც კეტონები ეწოდება. ეს ნივთიერებები ჯერ სისხლში გროვდება, ხოლო შემდეგ შარდთან ერთად გამოიყოფა. დიდი რაოდენობით კეტონების წარმოშობა არღვევს ორგანიზმის ტუტე-მჟავურ წონასწორობას და სისხლში ამ ნივთიერებების დიდი რაოდენობით დაგროვების გამო შეიძლება სერიოზული მდგომარეობა განვითარდეს, რომელსაც კეტოაციდოზი ეწოდება.

დიაბეტიანისთვის სისხლში შაქრის ნორმაზე დაბლა დაცემაც (ჰიპოგლიკემიაც) საშიშია. ავადმყოფმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ არასასიამოვნო სიმპტომებს: საერთო სისუსტეს, ოფლიანობას, დაღლილობას, მუდმივი შიმშილის გრძნობას, ადვილად გაღიზიანებას ან დაბნეულობას, ან აჩქარებულ პულსს, მხედველობის გაუარესებას, თავის ტკივილს, მგრძნობელობის დაქვეითებას ან ტუჩების დაბუჟებას. ზოგჯერ კი შეტევებს ან გულის წასვლასაც კი. სათანადო საკვების სათანადო დროს მიღება ავადმყოფს ხშირად მსგავსი პრობლემების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

ზემოთ მოყვანილი სიმპტომების შემთხვევაში სხვა საკვების მიღებამდე გლუკოზის, მაგალითად, ხილის წვენის ან გლუკოზის ტაბლეტების, მიღება სისხლში შაქრის შემცველობას სათანადო მდგომარეობამდე დააბრუნებდა. უფრო სერიოზულ შემთხვევებში კი გლუკაგონის ინიექციებია საჭირო. გლუკაგონი არის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლში არსებული შაქრის მარაგის გამოთავისუფლებას, ეს კი სისხლში შაქრის შემცველობას ზრდის. დიაბეტიანი ბავშვის მშობლებმა შვილის მდგომარეობა უნდა გააცნონ სკოლის პედკოლექტივს, სკოლაში ბავშვების სამგზავრო ავტობუსის მძღოლს ან ბავშვის მომვლელს.

[ჩარჩო 20 გვერდზე]

სერიოზული გართულებები

დიაბეტიანებს შეიძლება დაავადება გაურთულდეთ. ამ გართულებებში შეიძლება შედიოდეს: გულის შეტევები, დამბლა, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, თირკმლის დაავადებები, ტერფის ან მუხლის პრობლემები და ხშირად დაინფიცირება. მათი მიზეზი სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება და ინფექციის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უუნარობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დიაბეტიანს არ უვითარდება ეს გართულებები.

სისხლში შაქრის შენარჩუნება ნორმალურ დონესთან ახლოს ავადმყოფებს ამ გართულებების საზიანო გავლენის შემცირებაში დაეხმარებოდა. გარდა ამისა, რისკის შესამცირებელ ეფექტურ საშუალებებს წონისა და სისხლის წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება და სიგარეტზე უარის თქმა წარმოადგენს. დიაბეტიანებმა ბევრი უნდა ივარჯიშონ, დაიცვან დიეტა და ზუსტად მიჰყვნენ ექიმის დანიშნულებას.

[სურათი 21 გვერდზე]

ჰერდების ოჯახი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება