-
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
იუდეველები პირველ საუკუნეში
რამდენი იუდეველი ცხოვრობდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველ საუკუნეში? მრავალი მეცნიერი იზიარებს ერთ–ერთ ნაშრომში მოცემულ აზრს, სადაც აღნიშნულია: „რთულია ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, მაგრამ დასაშვებია ვიფიქროთ, რომ ახ. წ. 70 წლისთვის ორ–ნახევარი მილიონი იუდეველი იუდეაში ცხოვრობდა, ხოლო ოთხ მილიონზე მეტი — რომის იმპერიაში იყო მიმოფანტული . . . სავარაუდოა, რომ იუდეველები მთელი იმპერიის დაახლოებით მეათედს შეადგენდნენ, ხოლო იმ ადგილებში, სადაც მათი დიასპორა უფრო მრავალრიცხოვანი იყო, მაგალითად აღმოსავლეთით მდებარე პროვინციებში, მოსახლეობის მეოთხედს ან მეტს შეადგენდნენ“ (Atlas of the Jewish World).
იუდეველები ძირითადად ცხოვრობდნენ აღმოსავლეთში — სირიასა და მცირე აზიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში. შედარებით მცირე ნაწილი კი ევროპაში იყო. პირველი საუკუნის ზოგი ცნობილი იუდეველი ქრისტიანი სამშობლოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობდა. ასეთები იყვნენ: კვიპროსელი ბარნაბა; ჯერ პონტოში, შემდეგ კი რომში მცხოვრები აკვილა და პრისკილა; ალექსანდრიელი აპოლოსი და ტარსოსელი პავლე (საქმეები 4:36; 18:2, 24; 22:3).
უცხოეთში მცხოვრებ იუდეველებს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. მაგალითად, ისინი ყოველწლიურად აგზავნიდნენ გადასახადებს იერუსალიმის ტაძარში და ამგვარად იღებდნენ მონაწილეობას ტაძრის ცხოვრებასა და იქ მიმდინარე თაყვანისმცემლობაში. ამასთან დაკავშირებით სწავლული ჯონ ბარკლეი აღნიშნავს: „არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ამგვარად ფულის შეგროვებას — რასაც მდიდრების მიერ გაღებული დამატებითი შესაწირავიც ემატებოდა — უცხოეთში მცხოვრები ებრაელები მთელი სერიოზულობით ეკიდებოდნენ“.
ათიათასობით იუდეველი პილიგრიმი იერუსალიმში ყოველწლიურად ჩადიოდა დღესასწაულებზე. ამას ცხადყოფს საქმეების 2:9—11–ში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შესახებ ჩაწერილი ცნობა. პილიგრიმები იერუსალიმში ჩადიოდნენ პართიიდან, ელამიდან, მესოპოტამიიდან, კაპადოკიიდან, პონტოდან, აზიიდან, ფრიგიიდან, პამფილიიდან, ეგვიპტიდან, ლიბიიდან, რომიდან, კრეტიდან და არაბეთიდან.
იერუსალიმის ტაძრის ადმინისტრაციას მიმოწერა ჰქონდა უცხოეთში მყოფ ებრაელებთან. ცნობილია, რომ საქმეების 5:34–ში მოხსენიებულმა გამალიელმა, კანონის მასწავლებელმა, წერილები გაგზავნა ბაბილონსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. დაახლოებით ახ. წ. 59 წელს, როდესაც პატიმრობაში მყოფი მოციქული პავლე რომში ჩავიდა, მას „გავლენიანმა იუდეველებმა“ უთხრეს: „ჩვენ არც წერილები მიგვიღია იუდეიდან შენ შესახებ და არც ჩამოსული ძმებიდან უთქვამს რომელიმეს ცუდი შენზე“. აქედან ჩანს, რომ იერუსალიმიდან რომში ხშირად აგზავნიდნენ წერილებსა და ცნობებს (საქმეები 28:17, 21).
უცხოეთში მყოფი იუდეველები ებრაული წერილების ბერძნული თარგმანით, სეპტუაგინტით, სარგებლობდნენ. ერთ ნაშრომში ნათქვამია: «სრულიად დასაშვებია, რომ უცხოეთში მყოფი ებრაელები LXX–ს [სეპტუაგინტას] კითხულობდნენ და ემიგრანტი ებრაელების ბიბლიად ანუ „წმინდა წერილებად“ თვლიდნენ». ბიბლიის ამ თარგმანს ქადაგებისა თუ სწავლების დროს ფართოდ იყენებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანებიც.
-
-
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
იუდეველები აღმოსავლეთში
ახ. წ. პირველი საუკუნის განმავლობაში ეგვიპტეში, და განსაკუთრებით მის დედაქალაქ ალექსანდრიაში, მრავალი იუდეველი ცხოვრობდა. ვაჭრობისა და კულტურის ამ ცენტრში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობდა და მთელ ქალაქში იყო მიმოფანტული სინაგოგები. იუდეველი ფილონ ალექსანდრიელი ამბობდა, რომ იმ დროს ეგვიპტეში, სულ მცირე, ერთი მილიონი ებრაელი ცხოვრობდა. ებრაელების საკმაოდ დიდი დასახლება იყო მახლობლად მდებარე ლიბიაშიც, ქალაქ კირენესა და მის შემოგარენში.
ზოგი გაქრისტიანებული ებრაელი ამ ტერიტორიებიდან იყო. ბიბლიაში მოხსენიებულია „აპოლოსი, წარმოშობით ალექსანდრიელი“, „ზოგიერთი კვიპროსელი და კირენელი“ და „კირენელი ლუციუსი“, რომელიც სირიის ანტიოქიის კრებას ეხმარებოდა (საქმეები 2:10; 11:19, 20; 13:1; 18:24). ბიბლია ამის გარდა არაფერს გვამცნობს პირველ საუკუნეში ეგვიპტესა და მის მახლობლად ქრისტიანობის მსახურების შესახებ; გამონაკლისია მხოლოდ ქრისტიანი მქადაგებლის ფილიპეს შემთხვევა, რომელმაც ეთიოპელ საჭურისს უქადაგა (საქმეები 8:26—39).
სხვა დიდი ცენტრი, სადაც იუდეველები ცხოვრობდნენ, იყო ბაბილონი, რომელშიც იმ დროს პართია, მიდია და ელამი შედიოდა. ერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ „ტიგროსისა და ევფრატის დაბლობზე, სომხეთიდან სპარსეთის ყურემდე, აგრეთვე ჩრდილო–აღმოსავლეთის მიმართულებით კასპიის ზღვამდე და აღმოსავლეთით მიდიამდე — ყველგან სახლობდნენ ებრაელები“. „იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად, ამ ებრაელთა რიცხვი 800 000–ს ან მეტს შეადგენდა. პირველი საუკუნის ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი, მოგვითხრობს, რომ იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე ათობით ათასი ბაბილონელი ებრაელი ჩადიოდა.
მოინათლა ბაბილონელი პილიგრიმებიდან ვინმე ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე? არ ვიცით, მაგრამ მათ შორის, ვინც იმ დღეს მოციქულ პეტრეს უსმენდა, იყვნენ შუამდინარეთელებიც (საქმეები 2:9). ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით ახ. წ. 62—64 წლებში მოციქული პეტრე ბაბილონში იყო. იქ ყოფნისას დაწერა მან თავისი პირველი და, შესაძლოა, მეორე წერილიც (1 პეტრე 5:13). ბაბილონი, სადაც მრავალი ებრაელი ცხოვრობდა, როგორც ჩანს, იყო იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც დანიშნეს პეტრე, იოანე და იაკობი შეხვედრაზე, რომელიც გალატელთა მიმართ მიწერილ წერილშია მოხსენიებული.
-