საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება საგონებელში გაგდებთ
    გამოიღვიძეთ! — 2001 | თებერვალი 8
    • როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება საგონებელში გაგდებთ

      „თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ურო ჩამარტყეს“ (ჯონი, რომელსაც შეატყობინეს, რომ პროგრესირებადი დაავადება აქვს).

      „შემეშინდა“ (ბეთი, რომელმაც გაიგო, თუ რამდენად სერიოზული ავადმყოფობა სჭირს).

      იმის გაგება, რომ ქრონიკული და დამაუძლურებელი სენი გჭირთ ან ის, რომ უბედური შემთხვევის შედეგად სამუდამოდ ინვალიდად იქცევით, ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მოვლენას წარმოადგენს. არა აქვს მნიშვნელობა, თქვენი ავადმყოფობის შესახებ ექიმის მყუდრო კაბინეტში გაიგეთ თუ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მოგიწიათ მწარე სინამდვილისთვის თვალის გასწორება, ალბათ, არ გსურდათ ამ ამბის დაჯერება. ცხადია, პროგრესირებადი სენის გამო დანაღვლიანებული ხართ და ამ დროს ძლიერი განცდები გეუფლებათ. საეჭვოა, ცხოვრებაში წინასწარ შეემზადებინეთ რამეს იმისთვის, რომ ამ განცდებისთვის თავი გაგერთვათ.

      ინფორმაციის მისაღებად, რომელიც შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის, „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტები გაესაუბრნენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით უმკლავდებიან ქრონიკულ დამაუძლურებელ დაავადებას. მათ სთხოვეს, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე ეპასუხათ ასეთ კითხვებზე: რა გრძნობები დაგეუფლათ? რამ გადაგატანინათ კრიზისული მდგომარეობა და რამ დაგიბრუნათ წონასწორობა? რა გააკეთეთ იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრებისთვის კვლავ გაგეწიათ გარკვეული კონტროლი? ამ გამოკითხვების შედეგად პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია და იმ მკვლევარების აღმოჩენები, რომლებიც შეისწავლიან იმას, თუ რა გავლენას ახდენს ხანგრძლივი დაავადება ადამიანზე, წარმოდგენილია მათ დასახმარებლად, ვინც ამჟამად ჯანმრთელობის გაუარესებას განიცდისa.

      [სქოლიოები]

      a მაშინ როცა სტატიების ეს სერია ძირითადად დაავადებულებისთვის ან ინვალიდებისთვის არის განკუთვნილი, სტატიების სერია, სახელწოდებით „ქრონიკული დაავადება — როგორ გაუმკლავდეს ოჯახი“ (8 ივნისი, 2000) შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც ძირითადად ავადმყოფების მომვლელებს ეხებოდა.

  • გრძნობების მორევში
    გამოიღვიძეთ! — 2001 | თებერვალი 8
    • გრძნობების მორევში

      „მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ უკურნებელი სენი მჭირდა, — იხსენებს ერთი ხანში შესული მამაკაცი, — ვცდილობდი, შიში განმედევნა, მაგრამ გაურკვევლობის გრძნობამ გამთანგა“. მისი სიტყვები ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ სერიოზული დაავადება არა მხოლოდ ფიზიკურად სტანჯავს ადამიანს, არამედ ემოციურადაც. მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან ასეთ დარტყმებს. მრავალი მათგანი დაგარწმუნებდათ იმაში, რომ ქრონიკულ დაავადებასთან წარმატებით გამკლავების რამდენიმე საშუალება არსებობს. მაგრამ სანამ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ, მოდი ჯერ კარგად გავეცნოთ იმ გრძნობებს, რომლებიც შეიძლება თავდაპირველად გაგიჩნდეთ.

      დაუჯერებლობა, გაგონილის უარყოფა, ნაღვლიანობა

      თქვენი გრძნობები შეიძლება საგრძნობლად განსხვავდებოდეს სხვა ადამიანების გრძნობებისგან. და მაინც, მედიკოსები და თავად ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ დაავადებულებს ხშირად მსგავსი განცდები ეუფლებათ. თავდაპირველი ელდისა და დაუჯერებლობის შემდეგ შეიძლება გაგონილი უარყოთ: „შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს“, „აქ რაღაც შეცდომაა“, „შეიძლება ანალიზები აერიათ“. ერთმა ქალმა გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა. ის შემდეგნაირად აღწერს თავის რეაქციას გაგონილზე: „ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს თავზე საბანი გადავიფარე, და ვიმედოვნებდი, რომ, როდესაც თავს ამოვყოფდი, ყველაფერი ჩავლილი იქნებოდა“.

      მაგრამ, როდესაც რეალობას თვალს უსწორებთ, გაგონილის უარყოფა გზას უთმობს გულდამძიმებულობის გამომხატველ ნაღვლიანობას, რომელიც საავდრო ღრუბელივით მოქუფრულა თქვენს თავზე და თითქოს გარდაუვალი უბედურების მოახლოებას მოასწავებს. „რამდენ ხანს ვიცოცხლებ?“, „მთელი დარჩენილი სიცოცხლე ტკივილებისგან უნდა ვიტანჯო?“ — ამ და ამის მსგავსმა კითხვებმა შეიძლება მოსვენება დაგიკარგოთ. შეიძლება იმ დროში დაბრუნებას ნატრობდეთ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდით დიაგნოზი, მაგრამ ამის გაკეთება არ ძალგიძთ. ცოტა ხანში შეიძლება სხვა მტკივნეული და ძლიერი გრძნობების მორევშიც აღმოჩნდეთ. რა გრძნობებია ეს?

      გაურკვევლობა, წუხილი, შიში

      სერიოზულ დაავადებას თქვენს ცხოვრებაში გაურკვევლობა და წუხილი შემოაქვს. „ჩემი მდგომარეობა ისეთია, რომ არ ვიცი, რას ველოდო. ეს კი დროდადრო სიცოცხლეს მიმწარებს, — ამბობს პარკინსონის დაავადების მქონე მამაკაცი, — ყოველდღე იმაზე უნდა ვიფიქრო, ეს დღე რას მომიტანს“. შესაძლოა, თქვენი დაავადებაც გაშინებთ. თუკი ის მოულოდნელად დაგატყდათ თავს, შეიძლება შიშმა შეგიპყროთ. იმ შემთხვევაში, თუკი წლების განმავლობაში რაღაც გაწუხებდათ და იმ დროისთვის არასწორი დიაგნოზი დაუსვამთ, შემდეგ კი თქვენი დაავადების სწორი დიაგნოზი გაიგეთ, შიშმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიჩქმალული იყო, შეიძლება მთელი სიძლიერით იჩინოს თავი. თავდაპირველად შეიძლება შვებაც კი იგრძნოთ იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანები დაიჯერებენ, რომ ნამდვილად ავად ხართ და არაფერს აზვიადებთ. მაგრამ შვების გრძნობამ შეიძლება ცოტა ხანში გაიაროს და შიშმა მოგიცვათ, როდესაც მიხვდებით, თუ რას უნდა ელოდოთ დიაგნოზიდან გამომდინარე.

      შეიძლება იმის შიშიც გაგიჩნდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაზე კონტროლს დაკარგავთ. თუკი დამოუკიდებლობას აფასებთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში შეიძლება გულს გიღრღნიდეთ ის აზრი, რომ უფრო და უფრო დამოკიდებული გახდებით სხვებზე. შესაძლოა, შიშობთ, რომ ავადმყოფობა თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდება და ყოველ ნაბიჯს გიკარნახებთ.

      გულისწყრომა, სირცხვილი, მარტოობის გრძნობა

      იმის ცოდნას, რომ თქვენს ცხოვრებაზე თანდათანობით კარგავთ კონტროლს, გულისწყრომის გამოწვევაც შეუძლია. „რაღა მე უნდა დამმართნოდა ეს? რით დავიმსახურე ეს?“ — შეიძლება დაგებადოთ კითხვები. თქვენი ჯანმრთელობის შერყევა უსამართლოდ და უაზროდ გეჩვენებათ. სირცხვილის გრძნობამ და სასოწარკვეთილებამაც შეიძლება მოგიცვათ. ერთი დამბლადაცემული ადამიანი იხსენებს: „ძალიან მრცხვენოდა, რომ ყველაფერი რაღაც არასასიამოვნო შემთხვევის გამო დამემართა!“.

      ძალაუნებურად, შეიძლება ხალხისგანაც გაირიყოთ. ავადმყოფობის გამო კარჩაკეტილობას ადვილად მოსდევს საზოგადოებისგან იზოლირება. თუკი დაავადების გამო სახლში ხართ ჩაკეტილი, შეიძლება თავად ვეღარ შეძლოთ ძველი მეგობრების მონახულება, მაგრამ უწინდელზე მეტად გსურდეთ ადამიანებთან კონტაქტი. თავდაპირველი ხშირი მონახულებებისა და სატელეფონო ზარების შემდეგ შეიძლება უფრო ნაკლებად შეგეხმიანონ.

      რადგანაც გულს გტკენთ ის, რომ მეგობრები თანდათანობით გტოვებენ, ამ მტკივნეული მოვლენის გამო შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოთ. თავისთავად ცხადია და გასაგებიცაა, რომ სხვებთან შეხვედრამდე შეიძლება განმარტოება გესაჭიროებოდეთ, ამისათვის კი გარკვეული დროის გამონახვაა საჭირო. მაგრამ, თუკი ამის გამო უფრო და უფრო გაირიყებით სხვებისგან, შეიძლება საზოგადოებისგან იზოლირებიდან (როდესაც სხვები არ მოდიან თქვენ სანახავად) ემოციურ იზოლირებაში (როდესაც თქვენ არ გსურთ ვინმეს ნახვა) აღმოჩნდეთ. ორივე შემთხვევაში შეიძლება მარტოობის ძლიერ გრძნობასთან მოგიწიოთ ბრძოლაa. დროდადრო შეიძლება იმასაც კი ფიქრობდეთ, გადაიტანთ თუ არა ხვალინდელ დღეს.

      ისწავლეთ სხვებისგან

      მაგრამ თქვენი მდგომარეობა უიმედო არ არის. თუკი ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესებამ საგონებელში ჩაგაგდოთ, არსებობს პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა გადადგმითაც შეიძლება გარკვეულწილად შეინარჩუნოთ კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე.

      მართალია, სტატიების ეს სერია ვერ გადაწყვეტს ქრონიკული დაავადებით გამოწვეულ თქვენს პრობლემას, როგორიც უნდა იყოს ის, მაგრამ აქ მოცემული ინფორმაცია შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი მდგომარეობის ატანასა და მასთან გამკლავებაში. სიმსივნით დაავადებულმა ერთმა ქალმა თავისი აზრები და გრძნობები შემდეგნაირად შეაფასა: „გაგონილის უარყოფის შემდეგ ძლიერმა გულისწყრომამ მომიცვა, შემდეგ კი დავიწყე იმის გამორკვევა, ჯერ კიდევ რის ძალა შემწევდა“. თქვენც შეგიძლიათ გაერკვიოთ თქვენს შესაძლებლობებში და ამისათვის მიმართოთ იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი რამ განუცდია. შეგიძლიათ გაიგოთ მათგან, თუ როგორ გამოიყენოთ ის ძალა, რაც გაქვთ.

      [სქოლიო]

      a ცხადია, ბევრი ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის ამ სხვადასხვა გრძნობას.

      [ჩანართი 5 გვერდზე]

      „რაღა მე უნდა დამმართნოდა ეს? რით დავიმსახურე ეს?“ — შეიძლება დაგებადოთ კითხვები.

  • როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?
    გამოიღვიძეთ! — 2001 | თებერვალი 8
    • როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?

      დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ის გრძნობები, რომელთა მოზღვავებასაც, შესაძლოა, განიცდით, საფუძვლიანია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დაავადება ან სისუსტე შეიძლება ფაქტს წარმოადგენდეს, გონება წინააღმდეგობას უწევს იმ ცვლილებებს, რომლებიც ავადმყოფობამ განაპირობა. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს თქვენ და თქვენი დაავადება ბრძოლაში ხართ ჩართული — ეს არის პაექრობა თქვენს წარსულსა და მომავალს შორის. ამჟამად შეიძლება ჩანდეს, რომ უპირატესობა თქვენი დაავადების მხარესაა. მაგრამ სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. როგორ?

      „როდესაც დაავადება ადამიანს ბევრ რამეს აკარგვინებს, — შენიშნავს დ-რ კიტი სტაინი, — ავადმყოფისთვის ეს თითქმის სიკვდილის ტოლფასია“. ამიტომაც, როდესაც თქვენთვის ისეთ ძვირფას რამეს კარგავთ, როგორიცაა ჯანმრთელობა, ბუნებრივია, რომ საკუთარ თავს ტირილისა და დამწუხრების უფლება მისცეთ, როგორც საყვარელი ადამიანის დაკარგვისას მოიქცეოდით. ფაქტობრივად, თქვენ მხოლოდ ჯანმრთელობას როდი კარგავთ. როგორც ერთი ქალი ამბობს: „სამსახურისთვის უნდა დამენებებინა თავი. . . უნდა დამეთმო დამოუკიდებლობა, რომელიც ყოველთვის მქონდა“. მიუხედავად ამისა, თქვენს დანაკარგს თვალი გაუსწორეთ. „დიახ, უნდა გამოიტიროთ ის, რაც დაკარგეთ, — დასძენს დ-რ სტაინი, რომელსაც თავად გაფანტული სკლეროზი აქვს, — მაგრამ იმაზეც უნდა იფიქროთ და გაიგოთ, ჯერ კიდევ რის გაკეთება შეგიძლიათ“. მართლაც, გრძნობების თავდაპირველი მოზღვავების შემდეგ დაინახავთ, რომ თქვენს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი „რესურსები“ ჯერ კიდევ ხელუხლებელია. უპირველეს ყოვლისა, თქვენ შეგიძლიათ ახალ მდგომარეობას შეეწყოთ.

      მეზღვაურს არ ძალუძს ქარიშხლის შეჩერება, მაგრამ ნავის აფრების რეგულირებით შეუძლია გაუმკლავდეს მას. მსგავსად ამისა, შესაძლოა, არ ძალგიძთ თქვენს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოჭრილი დაავადების გაკონტროლება, მაგრამ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მას თქვენი „აფრების“ ანუ თქვენი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ძალების ახალ ვითარებასთან შეწყობით. რა დაეხმარა ქრონიკულად დაავადებულ სხვა ადამიანებს ამის გაკეთებაში?

      გაერკვიეთ თქვენს დაავადებაში

      დიაგნოზის გაგებით გამოწვეული პირველი ელდის შემდეგ ბევრი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მწარე სინამდვილის ცოდნა გაურკვევლობით გამოწვეულ შიშზე უკეთესია. მაშინ როცა შიშისგან პარალიზებული ხდებით, ცოდნა იმისა, თუ რა გემართებათ, შეიძლება დაგეხმაროთ მისაღები ზომების განსაზღვრაში — ამას კი ხშირად თავისთავად დადებითი შედეგები მოაქვს. „ნახეთ, რამდენად უკეთ იგრძნობთ თავს, როცა თქვენს მდგომარეობასთან გასამკლავებელ გეგმას შეიმუშავებთ, — აღნიშნავს სტანფორდის უნივერსიტეტის დ-რი დევიდ შპიგელი, — თუკი პრაქტიკულად რაიმე ზომების მიღებამდე დიდი ხნით ადრე თქვენს სამომავლო მოქმედებებს დაგეგმავთ, ამით დისკომფორტის გრძნობას შეიმცირებთ“.

      შესაძლოა, გრძნობთ, რომ თქვენი მდგომარეობის შესახებ მეტის გაგება გესაჭიროებათ. როგორც ბიბლიურ იგავშია ნათქვამი, „მცოდნე კაცი [„ძალებს განიმტკიცებს“, აქ]“ (იგავნი 24:5). „გამოიტანეთ წიგნები ბიბლიოთეკიდან. რაც შეიძლება მეტი გაიგეთ თქვენი დაავადების შესახებ“, — გვირჩევს ლოგინად ჩავარდნილი ერთი ავადმყოფი. როდესაც იგებთ თქვენთვის ხელმისაწვდომი სამკურნალო მეთოდებისა და თქვენს მდგომარეობასთან გასამკლავებელი საშუალებების შესახებ, შეიძლება დაინახოთ, რომ თქვენი მდგომარეობა არც ისე უიმედოა, როგორც შიშობდით. შეიძლება გარკვეული საფუძველიც კი გაგიჩნდეთ ოპტიმიზმისთვის.

      მაგრამ თქვენი საბოლოო მიზანი არ არის ის, რომ შეძლებისდაგვარად გაერკვიოთ თქვენს დაავადებაში. დ-რ შპიგელი განმარტავს: „თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თავისი წვლილი შეაქვს დაავადებასთან შეგუების, მასში გათვითცნობიერებისა და მისი რეალურად დანახვის მნიშვნელოვან პროცესში“. იმის აღიარება, რომ მართალია, თქვენი ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ არ დასრულებულა, მტკივნეული პროცესია, რომელიც ხშირად ნელა მიმდინარეობს. მაგრამ ნაბიჯის გადადგმა — თქვენს დაავადებაში შეძლებისდაგვარად გარკვევიდან ემოციურად მასთან შეგუებამდე — შეგიძლიათ. როგორ?

      მოიპოვეთ და შეინარჩუნეთ წონასწორობა

      შესაძლოა, დაავადებასთან შესაგუებლად თქვენი შეხედულების შეცვლა იყოს საჭირო. ბოლოს და ბოლოს, იმ აზრთან შეგუება, რომ ავად ხართ, დამარცხებას არ ნიშნავს, ისევე როგორც მეზღვაურისთვის არაა დამარცხების ნიშანი იმ ფაქტის აღიარება, რომ ქარიშხალში მოხვდა. პირიქით, ქარიშხლისთვის თვალის გასწორება მას მოქმედებისკენ აღძრავს. მსგავსად ამისა, თქვენს დაავადებასთან შეგუება დამარცხებას არ ნიშნავს. როგორც ერთმა ქრონიკულად დაავადებულმა ქალმა შენიშნა, ეს არის „წინსვლა ახალი მიმართულებით“.

      მაშინაც კი, თუ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები შემცირდა, საკუთარ თავს უნდა შეახსენოთ, რომ ხშირად ეს თქვენს გონებრივ, ემოციურ და სულიერ თვისებებზე საერთოდ არ ახდენს გავლენას. მაგალითად, ისევ გაქვთ თუ არა ინტელექტი, რაიმეს ორგანიზებისა და განსჯის უნარი? შესაძლოა, ჯერაც შეგიძლიათ თბილად გაუღიმოთ ვინმეს, იზრუნოთ სხვებზე და კარგი მსმენელი და ნამდვილი მეგობარი იყოთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯერაც გაქვთ ღვთისადმი რწმენა.

      გარდა ამისა, გახსოვდეთ — მიუხედავად იმისა, რომ ყველა თქვენი გარემოების შეცვლა არ ძალგიძთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ როგორი რეაგირება მოახდინოთ მათზე. ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი, ირენ პოლინი, ამბობს: „თქვენზეა დამოკიდებული, რა საპასუხო ზომებს მიიღებთ თქვენს დაავადებასთან გასამკლავებლად. რა მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდეთ ავადმყოფობის გამო, თქვენ გაქვთ ამის უნარი“. ჰელენი, 70 წლის ქალი, რომელსაც გაფანტული სკლეროზის შორს წასული ფორმა აქვს, ადასტურებს: „არა იმდენად დაავადება, არამედ თქვენი მისადმი დამოკიდებულება წყვეტს იმას, შეინარჩუნებთ თუ არა წონასწორობას“. მამაკაცი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის თავის სენს, ამბობს: „დადებითი განწყობილება კილის მსგავსია, რომელიც ნავს ვერტიკალურ მდგომარეობას უნარჩუნებს“. მართლაც, იგავნის 18:14-ში მსგავსი აზრია გამოთქმული: „კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?“.

      კონტროლის აღდგენა

      როდესაც ემოციური წონასწორობა გიბრუნდებათ, შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „რატომ დამემართა ეს?“, რომელმაც, თავის მხრივ, შეიძლება წამოჭრას კითხვა: „რაკი ეს დამემართა, რის გაკეთება შემიძლია?“. არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიძლება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტოთ. მოდი განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

      შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა, იფიქრეთ იმაზე, რის შეცვლა გესაჭიროებათ და შემდეგ შეეცადეთ შეცვალოთ ის, რის შეცვლაც შეიძლება. „თქვენი დაავადება ცხოვრების გადაფასების შესაძლებლობას გაძლევთ — ეს გამომაფხიზლებელი ნიშანია და არა სამგლოვიარო“, — ამბობს დ-რ შპიგელი. შეეკითხეთ თქვენს თავს: „რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, სანამ ავად გავხდებოდი? როგორ შეიცვალა ეს?“. ასეთი კითხვები დასვით არა იმიტომ, რომ გაიგოთ, რის გაკეთება აღარ შეგიძლიათ, არამედ იმის გასარკვევად, რის გაკეთებაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ. შესაძლოა, ეს გარკვეული საქმეების სხვაგვარად გაკეთებით მოახერხოთ. ავიღოთ, მაგალითად, ადრე მოხსენიებული ჰელენის შემთხვევა.

      ბოლო 25 წლის მანძილზე გაფანტულმა სკლეროზმა მისი კუნთები დაასუსტა. თავდაპირველად ჰელენი გადასაადგილებლად ყავარჯნებს იყენებდა. მოგვიანებით, როდესაც მას მარჯვენა ხელი წაერთვა, მთელი დატვირთვა მარცხენა ხელზე გადავიდა. შემდგომში მარცხენა ხელსაც იგივე დაემართა. გარკვეული დროის შემდეგ, დაახლოებით რვა წლის წინათ, მას სიარულიც აღარ შეეძლო. ახლა მას სხვები ბანენ, აჭმევენ და აცმევენ. ყოველივე ეს ამწუხრებს მას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ამბობს: «ჩემი დევიზია: „იფიქრე იმაზე, რის გაკეთებაც შეგიძლია, და არა იმაზე, რასაც აკეთებდი“». თავისი მეუღლისა და იმ მედდების დახმარებით, რომლებიც სისტემატურად აკითხავენ, და ასევე საკუთარი აღმშენებლობითი აზროვნების წყალობით ის კვლავაც ახერხებს იმ ზოგიერთი საქმის კეთებას, რომელთაც ყოველთვის აკეთებდა. მაგალითად, 11 წლის ასაკიდან მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერების მოსვლის შესახებ ბიბლიური დანაპირების სხვებისთვის გაზიარებას, და დღესაც ჰელენი კვლავ განაგრძობს ამის კეთებას ყოველკვირეულად (მათე 28:19, 20). ის გვიხსნის, თუ როგორ ახერხებს ამას:

      „მედდას ვთხოვ ხოლმე, გაზეთი ისე დაიჭიროს, რომ წაკითხვა შემეძლოს. ერთად ვკითხულობთ ნეკროლოგებს და ვარჩევთ ზოგიერთს. შემდეგ ვეუბნები მედდას, რა აზრებს ჩავრთავდი გარდაცვლილის ნათესავებისთვის განკუთვნილ წერილში, მედდა კი ბეჭდავს წერილს. წერილთან ერთად ვაგზავნი ბროშურას „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“a, რომელშიც ლაპარაკია მანუგეშებელ ბიბლიურ იმედზე აღდგომის შესახებ. ამას მე კვირაობით, შუადღისას ვაკეთებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ კვლავ შემიძლია ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის სხვებისთვის გაზიარება“.

      დაისახეთ გონივრული და რეალური მიზნები. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ცდილობს ჰელენი იმის შეცვლას, რის შეცვლის ძალაც შესწევს, არის ის, რომ საკუთარ თავს გულხელდაკრეფილად ჯდომის უფლებას არ აძლევს და დასახულ მიზნებს აღწევს. ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ მიზნების დასახვით თქვენი გონების თვალი მომავლისკენ იქნება მიმართული, ხოლო მიზნების მიღწევა კმაყოფილების გრძნობას მოგგვრით. ამან შეიძლება საკუთარი თავისადმი რწმენაც დაგიბრუნოთ. მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თქვენ მიერ დასახული მიზანი რაღაც კონკრეტულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, შეიძლება გადაწყვიტოთ: „დღეს ბიბლიიდან ერთ თავს წავიკითხავ“. თქვენთვის რეალური მიზნები დაისახეთ. იმის გამო, რომ თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა ხანგრძლივი დაავადებების მქონე სხვა ადამიანების მდგომარეობისგან განსხვავდება, შესაძლოა, არ შეგეძლოთ იმ მიზნების მიღწევა, რომელთაც სხვები აღწევენ (გალატელთა 6:4).

      „არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მცირედაც უნდა გეჩვენებოდეთ მიზანი, მისი მიღწევა მეტის გაკეთებისკენ აღგძრავთ“, — ამბობს ნიდერლანდებში მცხოვრები ლეკსი. 20 წელზე მეტი ხნის წინათ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 23 წლის ასაკში ის პარალიზებული გახდა. ამის შემდეგ მას ფიზიოთერაპიის უამრავი კურსის ჩატარება მოუწია, რომელთა დროსაც ის მიზნების დასახვისკენ წაახალისეს — მაგალითად, ნეჭა გამოეყენებინა პირის ბანისას. ამის გაკეთება საკმაოდ დამღლელი იყო, მაგრამ მან წარმატებით გადალახა ეს სირთულე. როდესაც დაინახა, რომ ამ მიზანს მიაღწია, დაისახა სხვა — კბილის პასტის ტუბის თავსახურის მოხსნა და დახურვა. მან ეს ამოცანაც გადაჭრა. „თუმცა ეს არ იყო ადვილი, — ამბობს ლეკსი, — დავინახე, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე მეგონა“.

      მართლაც, თავისი მეუღლის, ტინეკეს, მხარდაჭერით ლეკსმა უფრო დიდ მიზნებსაც მიაღწია. მაგალითად, ტინეკესთან ერთად ის ამჟამად ინვალიდის სავარძლით დადის კარდაკარ, რათა სხვებს ბიბლიური ცოდნა გაუზიაროს. ის ყოველკვირეულადაც ინახულებს მძიმე ავადმყოფს, რომელსაც ბიბლიას ასწავლის. ლეკსი ამბობს, რომ სხვებისთვის დახმარება უდიდეს კმაყოფილებას ანიჭებს. როგორც ამას ბიბლია ადასტურებს, „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).

      შეგიძლიათ თუ არა თქვენც დაისახოთ მიზნად სხვების დახმარება? ავადმყოფობამ ან უძლურებამ შეიძლება განსაკუთრებულად თანამგრძნობი გაგხადოთ, რადგანაც თქვენი პრობლემები სხვების სატკივრისადმი უფრო მგრძნობიარეს გხდით.

      შეინარჩუნეთ სხვებთან ურთიერთობა. მედიცინის დარგში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სხვებთან ურთიერთობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგრამ ამის უკუპროცესიც არსებობს. „კავშირი საზოგადოებისგან გარიყვასა და სიკვდილიანობას შორის. . . ისეთივეა, როგორც თამბაქოს წევასა. . . და სიკვდილიანობას შორის“, — ამბობს ერთი მკვლევარი. ის განაგრძობს: „თქვენი ჯანმრთელობისთვის ისევე მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობა, როგორც მწეველისთვის თამბაქოზე უარის თქმა“. არ არის გასაკვირი, რომ — როგორც ის ასკვნის — სხვებთან ურთიერთობის შენარჩუნების უნარი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ (იგავნი 18:1, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წ.).

      მაგრამ, როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, პრობლემა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ ზოგი მეგობარი აღარ გაკითხავთ. თქვენი კეთილდღეობისთვის კი აუცილებელია, რომ თავად თქვენ შეაჩეროთ იზოლირების პროცესი. მაგრამ როგორ? შეგიძლიათ თავად დაპატიჟოთ მეგობრები.

      სასიამოვნო გახადეთ მომსვლელებისთვის თქვენი მონახულებაb. ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენს ავადმყოფობაზე საუბრების შეზღუდვით, რათა მნახველებს არ მოსწყინდეთ ერთი და იმავეს მოსმენა. ერთმა ქრონიკულად დაავადებულმა ქალმა ეს პრობლემა გადაჭრა იმით, რომ მეუღლესთან საუბრისას თავის ავადმყოფობაზე ბევრს აღარ ლაპარაკობდა. „ჩვენ, უბრალოდ, უნდა შევკვეცოთ ეს თემა“, — ამბობს ის. მართლაც, ავადმყოფობა არ უნდა იქცეს თქვენს ძირითად სალაპარაკო თემად და არ უნდა ჩაახშოს ყველაფერი, რის გაზიარებაც შეგიძლიათ სხვებისთვის. ერთმა მნახველმა, რომელიც ლოგინს მიჯაჭვულ მეგობარს ისტორიის, ხელოვნებისა და იეჰოვა ღმერთისადმი მისი რწმენის საფუძვლის შესახებ ესაუბრა, თქვა: „დაავადებას მან თავის თავზე გამარჯვების უფლება არ მისცა. ერთი სიამოვნება იყო მასთან საუბარი“.

      საღი იუმორის გრძნობაც უფრო მოიზიდავს თქვენკენ მეგობრებს და ისინიც სიამოვნებით გამოგივლიან ხოლმე. გარდა ამისა, სიცილი თქვენთვის სასარგებლოა. „იუმორი გვეხმარება ჩვენი თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოქმნილ რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში“, — ამბობს მამაკაცი, რომელსაც პარკინსონის დაავადება აქვს. მართლაც, სიცილმა შეიძლება კარგი მკურნალის როლი შეასრულოს. იგავნის 17:22-ში აღნიშნულია: „მხიარული გული ჯანმრთელობაა“. რამდენიმე წუთით სიცილიც კი გარგებთ. უფრო მეტიც, „სხვა სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით, სიცილი სრულიად უსაფრთხო, არატოქსიკური და სასიამოვნოა, — შენიშნავს მწერალი სიუზენ მილსტრი უელსი, რომელიც თავადაც ქრონიკულად დაავადებულია, — ერთადერთი, რასაც სიცილის დროს ვკარგავთ, ჩვენი ცუდი გუნება-განწყობილებაა“.

      იპოვეთ სტრესის შემამცირებელი საშუალებები. გამოკვლევები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სტრესს დაავადების გამომხატველი ფიზიკური სიმპტომების გაუარესება შეუძლია, მაშინ როცა სტრესის შემცირება ამ სიმპტომებს უფრო ასატანს ხდის. ამიტომაც დროდადრო საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალება მიეცით (ეკლესიასტე 3:1, 4). დაივიწყეთ თქვენი დაავადების შესახებ. თუ გამოკეტილი ხართ სახლში, ემოციური სტრესის შემცირება შეგიძლიათ სცადოთ წყნარი მუსიკის მოსმენით, წიგნის კითხვით, აბაზანის მიღებით, წერილების ან ლექსების წერით, ხატვით, მუსიკალური ინსტრუმენტების დაკვრით, სანდო მეგობართან საუბრით ან რაღაც ამგვარი საქმიანობით. ასეთი მოქმედება ვერ გადაწყვეტს თქვენს პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ, მაგრამ ის დროებით შვებას მოგგვრით.

      თუ სიარული შეგიძლიათ, გაისეირნეთ, წადით საყიდლებზე, იმუშავეთ ბაღში, მართეთ მანქანა ან, თუ შესაძლებელია, სადმე დაისვენეთ. ავადმყოფობის გამო მოგზაურობა შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ წინასწარ კარგი მომზადებითა და გარკვეული საზრიანობით დაბრკოლებების გადალახვა შეიძლება. ადრე მოხსენიებულმა ლეკსმა და ტინეკემ, მაგალითად, საზღვარგარეთ გამგზავრება მოახერხეს. „თავიდან ცოტა ვნერვიულობდით, — ამბობს ლეკსი, — მაგრამ მშვენივრად დავისვენეთ!“. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ის არ უნდა ბატონობდეს თქვენს ცხოვრებაზე.

      გაძლიერდით რწმენის მეშვეობით. ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც სერიოზულ დაავადებებს წარმატებით უმკლავდებიან, ამბობენ, რომ იეჰოვა ღმერთისადმი რწმენა და ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობა მუდმივი ნუგეშისა და ძალის წყაროს წარმოადგენსc. ქვემოთ მოყვანილია მათი ზოგი გამონათქვამი ლოცვის, ბიბლიის შესწავლის, მომავალზე ფიქრისა და სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების ფასეულობის შესახებ.

      ● „ხანდახან მაინც ვვარდები ხოლმე დეპრესიაში. როცა ასე მემართება, იეჰოვას მივმართავ ლოცვით და ის მიძლიერებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ვაკეთო ის, რაც შემიძლია“ (ფსალმუნი 54:23; ლუკა 11:13).

      ● „ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება დიდად მეხმარება სულის სიმშვიდის შენარჩუნებაში“ (ფსალმუნი 62:7; 76:12, 13).

      ● „ბიბლიის შესწავლა შემახსენებს იმას, რომ ნამდვილი სიცოცხლე ჯერ კიდევ წინაა და რომ მარადიულად არ ვიქნები ინვალიდი“ (ესაია 35:5, 6; გამოცხადება 21:3, 4).

      ● „ბიბლიაში აღთქმული მომავლისადმი რწმენა თითოეულ დღესთან გასამკლავებელ ძალას მაძლევს“ (მათე 6:33, 34; რომაელთა 12:12).

      ● „სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრების წყალობით გონების კონცენტრირებას ვახდენ დადებით აზრებზე და არა ჩემს ავადმყოფობაზე“ (ფსალმუნი 25:12; 26:4).

      ● „კრების წევრებთან გამამხნევებელი ურთიერთობა გულს მითბობს“ (საქმეები 28:15).

      ბიბლია გვარწმუნებს: „კეთილია უფალი — ციხე-სიმაგრე გასაჭირში — და ცნობს თავის მოიმედეთ“ (ნაუმი 1:7). იეჰოვასთან მჭიდრო კავშირი და ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობა ნუგეშისა და ძალის წყაროა (რომაელთა 1:11, 12; 2 კორინთელთა 1:3; 4:7).

      მიეცით საკუთარ თავს დრო

      მძიმე დაავადებისთვის ან ინვალიდობისთვის წარმატებით თავის გართმევა ის პროცესია, რომელსაც „დრო სჭირდება და არა მხოლოდ ერთი დღე“, — შენიშნავს სოციალურ სფეროში მომუშავე ქალი, რომელიც ადამიანებს ქრონიკული დაავადებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავებაში ეხმარება. სხვა სპეციალისტის რჩევის თანახმად, საკუთარ თავს დრო უნდა მისცეთ, რადგან სწავლობთ „სრულიად ახალ რამეს — მძიმე ავადმყოფობასთან გამკლავებას“. იცოდეთ, რომ, დადებითი განწყობილების მიუხედავადაც კი, შეიძლება გქონდეთ უსიამოვნო დღეები ან კვირები, როდესაც თქვენი სენის გამო დაღლას იგრძნობთ. მაგრამ დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. ასე მოუვიდა ერთ ქალს, რომელმაც თქვა: „ძალიან გამიხარდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ დღემ ისე ჩაიარა, სიმსივნეზე არ მიფიქრია. . . ცოტა ხნის წინათ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი“.

      მართლაც, რაკი პირველი შიში განვლეთ და ახალი მიზნები დაისახეთ, როგორც მომდევნო სტატიიდან დაინახავთ, შეიძლება გაგაოცოთ იმან, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ თქვენს პრობლემებს.

      [სქოლიოები]

      a გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

      b კარგი იქნებოდა, ეს რჩევები არა მარტო მნახველებთან, არამედ მეუღლესთან, ბავშვებთან ან თქვენს მომვლელთან მიმართებაშიც გამოგეყენებინათ.

      c საინტერესოა, უამრავი სამედიცინო გამოკვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რწმენა აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სასწავლებლის პროფესორმა, დეილ მეთიუზმა თქვა: „დადასტურებულია, რომ რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

      [სურათი 7 გვერდზე]

      თქვენი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის მიღება მასთან შეგუებაში დაგეხმარებათ.

      [სურათი 8 გვერდზე]

      სხვების დახმარებით ჰელენი გამამხნევებელ წერილებს ადგენს.

      [სურათი 8 გვერდზე]

      „ბედნიერი ვარ იმით, რომ სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ვუზიარებ“.

      [სურათები 9 გვერდზე]

      „დავინახე, რომ, პარალიზების მიუხედავად, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიდრე მეგონა“ (ლეკსი).

  • არ შეეპუოთ სისუსტეებს და დაისახეთ მიზნები!
    გამოიღვიძეთ! — 2001 | თებერვალი 8
    • არ შეეპუოთ სისუსტეებს და დაისახეთ მიზნები!

      ნიუ-იორკის აეროპორტ „ლაგვარდიას“ მახლობლად მდებარე სახლში ცხოვრობენ უილიამ (ბილ) მაინერზი და მისი ცოლი როუზი. სამოცდაათ წელს გადაცილებული თავაზიანი დიასახლისი, ხალისიანად იღებს სტუმარს. მყუდრო სასტუმრო ოთახს აშკარად ეტყობა მხიარული დიასახლისის ხელი. შესასვლელში განლაგებულ მშვენიერ თაიგულებსა და კედლებზე ჩამოკიდებულ ფერად ნახატებში სიხარულისა და სიცოცხლისადმი სიყვარული გამოიხატება.

      სასტუმრო ოთახიდან ნათელ ოთახში გავდივართ, სადაც ვხვდებით ბილს. ეს 77 წლის მამაკაცი ლოგინში წევს და ზურგით ლეიბზეა მიყრდნობილი. მნახველის დანახვისას კეთილი თვალები უბრწყინდება და სასიამოვნოდ იღიმის. ის სიამოვნებით ადგებოდა, ჩამოგართმევდათ ხელს და გადაგეხვეოდათ, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია. თუ მის მარცხენა ხელს არ ჩავთვლით, ბილი კისრიდან ფეხის ტერფამდე პარალიზებულია.

      ჯანმრთელობა ბილს 26 წლიდან გაუუარესდა. ამასთან დაკავშირებით ვკითხეთ, თუ რა ეხმარებოდა ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ამ მდგომარეობასთან გამკლავებაში. ბილმა და როუზმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. „ჩვენ ავადმყოფს არავის ვიცნობთ“, — ამბობს როუზი და გულიანად იცინის. ბილს თვალები სიამოვნებისგან უციმციმებს; მას ეცინება და თანხმობის ნიშნად თავს აქნევს. „აქ არავინაა ავად“, — ამბობს ის ხორხისმიერი ხმით და ენის ბორძიკით. როუზმა და ბილმა განაგრძეს ხუმრობა და ცოტა ხანში ოთახი მათი სიცილით აივსო. აშკარაა, რომ, 1945 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ბილისა და როუზის ურთიერთსიყვარული დღესაც ცოცხალია. ბილს კვლავ დავუსვით კითხვა: „გულწრფელად რომ თქვათ, რა სირთულეებს წააწყდით? რა დაგეხმარათ მათთან გამკლავებასა და სიცოცხლეზე ოპტიმისტური შეხედულების შენარჩუნებაში?“. თხოვნის შემდეგ ბილი დავიყოლიეთ თავისი ისტორიის მოყოლაზე. ქვემოთ მოცემული მასალა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს, ბილსა და მის მეუღლეს შორის გამართული საუბრების საფუძველზეა მომზადებული.

      პრობლემები იწყება

      1949 წლის ოქტომბერში — როუზზე დაქორწინებიდან სამი წლისა და ქალიშვილის, ვიკის, შეძენიდან სამი თვის შემდეგ — ბილმა გაიგო, რომ ერთ-ერთ მბგერ იოგზე სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა. ეს სიმსივნე ამოკვეთეს. რამდენიმე თვის შემდეგ ექიმმა ბილს სხვა უსიამოვნო ამბავი შეატყობინა — მეტასტაზები მთელ ხორხს მოსდებოდა. „მითხრეს, რომ, ლარინგექტომიას თუ არ გავიკეთებდი — ანუ ხორხს მთლიანად თუ არ ამომკვეთდნენ — მხოლოდ ორ წელიწადს ვიცოცხლებდი“.

      ბილსა და როუზს გააგებინეს, თუ რა შედეგებს მოიტანდა ეს ოპერაცია. ხორხი, ანუ ხმის წარმომქმნელი აპარატი იწყება ენის ფესვიდან და სასულეს შესავალთან მთავრდება. ხორხის შიგნით ორი მბგერი იოგია. როდესაც ფილტვებიდან ამონასუნთქი ჰაერი იოგების გავლით გადის, ისინი ირხევა და წარმოიქმნება მეტყველებისთვის საჭირო ბგერები. ხორხის ამოკვეთის შემთხვევაში სასულეს წვერს ყელში გამოყვანილ მუდმივ ხვრელს უკავშირებენ. ოპერაციის შემდეგ ავადმყოფი ამ ხვრელის მეშვეობით სუნთქავს — მაგრამ ხმას კარგავს.

      „როცა ეს ახსნა მოვისმინე, გავბრაზდი“, — ამბობს ბილი, — პატარა გოგონა გვყავდა, მე კარგი სამუშაო მქონდა, ცხოვრებისგან ბევრს მოველოდით, ახლა კი ყველაფერი წყალში იყრებოდა“. მაგრამ იმ მიზეზის გამო, რომ ლარინგექტომია მის სიცოცხლეს იხსნიდა, ბილი ოპერაციაზე დათანხმდა. „ოპერაციის შემდეგ, — ყვება ბილი, — ყლაპვა არ შემეძლო. ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი; დავმუნჯდი“. როდესაც როუზმა მოინახულა ბილი, ის მხოლოდ ბლოკნოტში ჩაწერილი სიტყვებით ესაუბრებოდა. ეს ძალიან მძიმე დრო იყო. ამ სირთულის დასაძლევად მათ ახალი მიზნები უნდა დაესახათ.

      უტყვი და უმუშევარი

      ლარინგექტომიის შემდეგ ბილი არა მხოლოდ დამუნჯდა, სამუშაოც დაკარგა. ის მექანიკურ საამქროში მუშაობდა, მაგრამ ამჟამად, იმის გამო, რომ მხოლოდ ყელში გაკეთებული ხვრელით სუნთქავდა, მტვერს, რაიმე მკვეთრსა და ძლიერ სუნს მისი ფილტვების დაზიანება შეეძლო. მას ახალი სამუშაო უნდა ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი არ შეეძლო, მესაათეების სკოლაში ჩაეწერა. „ეს ჩემს ძველ სამუშაოს წააგავდა, — ამბობს ბილი, — რაღაც მექანიზმის ნაწილების აწყობა მეხერხებოდა; საათების აწყობის დროსაც ხომ ნაწილებს ერთმანეთთან აერთებ. უბრალოდ, ისინი 25 კილოგრამს აღარ იწონიან!“. ამ სკოლის დამთავრებისთანავე ბილმა იპოვა სამსახური, სადაც მესაათედ დაიწყო მუშაობა. ერთი მიზანი მიღწეული იყო.

      ამასობაში, ბილმა დაიწყო სწავლა კლასში, სადაც საყლაპავი მილის მეშვეობით მეტყველებას ასწავლიდნენ. ასეთი მეტყველების დროს ბგერა წარმოიქმნება არა მბგერი იოგებით, არამედ საყლაპავ მილში წარმოქმნილი ვიბრაციებით, ეს ის მილია, რომლითაც საჭმელი ყელიდან კუჭამდე აღწევს. თავიდან ჰაერის ჩაყლაპვასა და საყლაპავ მილში ჩაშვებას სწავლობენ, შემდეგ მის უკან ამოშვებას განსაზღვრული სახით. ამოსვლისას ჰაერი საყლაპავი მილის კედლების რხევას იწვევს, რაც ხორხისმიერ ბგერებს წარმოშობს. პირისა და ტუჩების მეშვეობით ადამიანი ამ ბგერებს სიტყვის სახით გამოთქვამს.

      «ადრე, მხოლოდ მაშინ ვუშვებდი ჰაერს, როცა კარგად გეახლებოდით, — ღიმილით ამბობს ბილი, — მაგრამ მერე იძულებული გავხდი, ეს განუწყვეტლივ მეკეთებინა. თავიდან, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი სიტყვის წარმოთქმას ვახერხებდი, მაგალითად: [ჰაერის შეშვება, ჩაყლაპვა, ამოშვება] „როგორა [ჰაერის შეშვება, ჩაყლაპვა, ამოშვება] ხარ?“. ეს არ იყო ადვილი. შემდეგ, ჩემმა მასწავლებელმა მირჩია, ზარდანჩოსგან დამზადებული ლუდისმაგვარი სასმელი დამელია დიდი რაოდენობით, რადგან ეს შუშხუნა სასმელი ჰაერს ამომაშვებინებდა. ასე რომ, როგორც კი როუზი ვიკის სასეირნოდ გაიყვანდა ხოლმე, ვსვამდი და ვუშვებდი ჰაერს, ვსვამდი და ვუშვებდი ჰაერს. ამ საქმეს ბევრი ძალ-ღონე შევალიე!».

      მიუხედავად იმისა, რომ ყველა იმ პაციენტიდან, ვისაც ლარინგექტომიას უკეთებენ, 60 პროცენტი ვერ ეუფლება საყლაპავი მილის მეშვეობით მეტყველებას, ბილმა ეს შეძლო. ვიკი, რომელიც იმ დროისთვის დაახლოებით ორი წლის იყო, თავისდაუნებურად სტიმულს აძლევდა თავის მამას. ბილი იხსენებს: «ვიკი დამელაპარაკებოდა ხოლმე, მერე შემომხედავდა და პასუხს ელოდა. მაგრამ ერთი სიტყვის თქმასაც ვერ ვახერხებდი. ის კიდევ მელაპარაკებოდა და მელაპარაკებოდა, მაგრამ ისევ უპასუხოდ რჩებოდა. გაღიზიანებული ვიკი დედას მიუბრუნდებოდა ხოლმე და ეუბნებოდა: „უთხარი რა მამას, დამელაპარაკოს!“. მისი სიტყვები გულს მტკენდა და მტკიცედ გადავწყვიტე, კვლავ ავლაპარაკებულიყავი». ვიკის, როუზისა და სხვების გულის გასახარად ბილმა ესეც შეძლო. კიდევ ერთი მიზანი იქნა მიღწეული.

      ახალი დარტყმა

      1951 წლის დასასრულისთვის ბილი და როუზი ახალი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. ექიმები შიშობდნენ, რომ სიმსივნეს კვლავ არ ეჩინა თავი, და ბილს ურჩიეს, სხივური თერაპიისთვის მიემართა. ბილი დათანხმდა. მკურნალობის დასასრულს ის იმედითა და ხალისით უყურებდა სიცოცხლეს. მაშინ არ იცოდა, რომ მის ჯანმრთელობას ახალი დარტყმა ელოდა!

      გავიდა დაახლოებით ერთი წელი. ერთ დღეს ბილს თითები გაუშეშდა. მერე მან კიბეზე ასვლა ვერ შეძლო; ცოტა ხნის შემდეგ სიარულის დროს წაიქცა და ფეხზე ვეღარ წამოდგა. ანალიზებმა უჩვენა, რომ დასხივებამ (რომელიც იმ დროს ისე ზუსტად არ კეთდებოდა, როგორც დღეს) ზურგის ტვინი დაუზიანა. ბილს უთხრეს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდებოდა. ერთმა ექიმმა ისიც კი უთხრა, რომ მისი გადარჩენის შანსი „ნულს უდრიდა“. ბილსა და როუზს თავზარი დაეცათ.

      მიუხედავად ამისა, ბილი არ შეეპუა ამ ახალ დარტყმას და ფიზიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად ექვსი თვით საავადმყოფოში დაწვა. მართალია, მკურნალობამ მისი ფიზიკური მდგომარეობა ვერ შეცვალა, მაგრამ საავადმყოფოში ყოფნამ მის ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოახდინა — ცვლილება, რომელმაც იეჰოვა გააცნო. როგორ მოხდა ეს?

      გაიგო პრობლემების გამომწვევი მიზეზი და გაძლიერდა

      ამ ექვსი თვის მანძილზე ბილი ებრაელთა საავადმყოფოში 19 პარალიზებულ მამაკაცთან ერთად ერთ ოთახში იწვა — ისინი ყველა ორთოდოქსი იუდეველები იყვნენ. ყოველ შუადღეს ეს მამაკაცები ბიბლიის შესახებ მსჯელობდნენ. ბილი, რომელიც რეგულარულად დადიოდა ბაპტისტთა ეკლესიაში, მხოლოდ უსმენდა მათ. მაგრამ საავადმყოფოდან გაწერის დროისთვის მოსმენილიდან მან ის დასკვნა გამოიტანა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი მხოლოდ ერთი პიროვნებაა და რომ მოძღვრება სამების შესახებ ბიბლიას ეწინააღმდეგება. შედეგად ამას მოჰყვა ის, რომ ბილი აღარასოდეს წასულა თავის ეკლესიაში. მიუხედავად ამისა გრძნობდა, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად სულიერი ხელმძღვანელობა ესაჭიროებოდა. „ღმერთს დახმარებას ვთხოვდი, — ამბობს ბილი, — და ჩემს ლოცვებზე პასუხიც მივიღე“.

      1953 წლის ერთ შაბათ დღეს ბილსა და როუზს შეუარა როი დუგლასმა, ხნიერმა მამაკაცმა, რომელიც ერთ დროს მათ მეზობლად ცხოვრობდა და იცოდა, რომ ბილი სავალალო მდგომარეობაში იყო. როიმ, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ბილს ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, ბილი კი დასთანხმდა. ბიბლიასა და წიგნში „დაე მართალი იყოს ღმერთი“a წაკითხულმა მასალამ ბილს თვალები აუხილა. მან როუზსაც გაუზიარა ნასწავლი და შესწავლას ისიც შეუერთდა. როუზი იხსენებს: „ეკლესიაში გვეუბნებოდნენ, რომ დაავადება ღვთის სასჯელი იყო, მაგრამ ბიბლიის შესწავლიდან გავიგეთ, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. გულს მოგვეშვა“. ბილი დასძენს: „ბიბლიიდან გავიგეთ, თუ რა იყო საერთოდ პრობლემების, მათ შორის ჩემი დაავადების, მიზეზი; გავიგეთ ისიც, რომ უკეთესი მომავალი გველოდა. ყოველივე ეს ჩემი მდგომარეობის ატანაში დაგვეხმარა“. 1954 წელს ბილმა და როუზმა ახალ მიზანს მიაღწიეს. ისინი მოინათლნენ და იეჰოვას მოწმეები გახდნენ.

      შემდგომი ზომების მიღება

      ამასობაში, ბილი იმდენად პარალიზებული გახდა, რომ სამუშაოს გაგრძელება აღარ შეეძლო. თავი რომ გაეტანათ, ბილმა და როუზმა როლები გაცვალეს: ბილი დარჩა სახლში ვიკისთან, ხოლო როუზმა საათების ამწყობ კომპანიაში დაიწყო მუშაობა — აქ მან 35 წელი იმუშავა!

      «ჩვენს გოგონაზე ზრუნვა უდიდეს სიხარულს მანიჭებდა, — იხსენებს ბილი, — პატარა ვიკისაც სიამოვნებდა მამასთან ყოფნა. ყველას, ვისაც კი შეხვდებოდა, ამაყად ეუბნებოდა: „მე მამიკოს ვუვლი!“. მოგვიანებით, როცა ის სკოლაში წავიდა, საშინაო დავალების შესრულებაში ვეხმარებოდი და ხშირად ერთად ვთამაშობდით. გარდა ამისა, მისთვის ბიბლიური პრინციპების სწავლების შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა».

      სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ბილისა და მისი ოჯახისთვის სიხარულის კიდევ ერთი წყარო იყო. სახლიდან სამეფო დარბაზამდე ბილს ერთი საათის განმავლობაში კოჭლობით უნდა ევლო, მაგრამ მას არ გაუცდენია შეხვედრები. მოგვიანებით, ქალაქის სხვა უბანში გადასვლის შემდეგ, ბილმა და როუზმა პატარა ავტომობილი შეიძინეს და როუზს ოჯახი მანქანით მიყავდა დარბაზამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბილს მხოლოდ მოკლე-მოკლედ შეეძლო ლაპარაკი, ის თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩაეწერა. ბილი იხსენებს: „ვწერდი იმას, რის თქმაც მინდოდა, სხვა ძმა კი კითხულობდა. გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი მოხსენების შინაარსის მიხედვით რჩევას მაძლევდა“.

      კრების სხვა წევრებიც ეხმარებოდნენ ბილს, სამქადაგებლო მსახურებაში რომ რეგულარულად მიეღო მონაწილეობა. მისი შეუპოვრობის შემყურეთ არ გაჰკვირვებიათ ის, რომ მოგვიანებით ბილი სამსახურებრივ თანაშემწედ დაინიშნა კრებაში. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ფეხები სრულიად წაერთვა და დამბლამ უფრო და უფრო დასცა, იძულებული გახდა, თავის ბინაში გამოკეტილიყო, საბოლოოდ კი ლოგინად ჩავარდა. გაუმკლავდებოდა ამ მდგომარეობას?

      სიამოვნების მომგვრელი გატაცება

      „მთელი დღეების განმავლობაში სახლში ყოფნისას ვფიქრობდი, რა მეკეთებინა, — ამბობს ბილი, — პარალიზებამდე ფოტოსურათებს ვიღებდი ხოლმე. გადავწყვიტე, ხატვა მეცადა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არასოდეს არაფერი დამიხატავს. თანაც, ყოველთვის მარჯვენა ხელით უფრო მეხერხებოდა საქმის კეთება, მაგრამ ახლა მარჯვენა ხელი მთლიანად და მარცხენა ხელის ორი თითი პარალიზებული მქონდა. ასე იყო თუ ისე, როუზმა სამხატვრო ხელოვნებისა და ტექნიკისადმი მიძღვნილი წიგნების მთელი დასტა იყიდა. შევისწავლე ისინი და მარცხენა ხელით დავაპირე ხატვა. ჩემი ნახატების უმეტესობა თავის უკანასკნელ ნავსაყუდელს ნაგვის ყუთში პოულობდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხატვა ვისწავლე“.

      ბილისა და როუზის ბინას ამჟამად აკვარელით შესრულებული ნახატების შესანიშნავი კოლექცია ამშვენებს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბილმა თავისსავე მოლოდინს გადააჭარბა და აქაც წარმატებას მიაღწია. „დაახლოებით ხუთი წლის წინათ, — განაგრძობს ბილი, — მარცხენა ხელი ისე ამიკანკალდა, რომ იძულებული გავხდი, ფუნჯი სამუდამოდ გვერდზე გადამედო, მაგრამ მრავალი წლის მანძილზე ამ ჰობიმ უდიდესი კმაყოფილება მომანიჭა“.

      კიდევ ერთი მიზანი

      ბილი მოგვითხრობს: „50 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო პრობლემები შემექმნა. ბიბლიის კითხვა ახლაც მანუგეშებს, — განსაკუთრებით კი „ფსალმუნებისა“ და „იობის“. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ პუბლიკაციებსაც სიამოვნებით ვკითხულობ. აგრეთვე ძალიან ვმხნევდები, როდესაც ჩვენი კრების წევრები და მიმომსვლელი ზედამხედველები მაკითხავენ და აღმშენებლობით შემთხვევებს მიზიარებენ. გარდა ამისა, სამეფო დარბაზთან სატელეფონო კავშირი იმის საშუალებას მაძლევს, რომ შეხვედრების პროგრამა მოვისმინო; კონგრესების პროგრამის ვიდეოჩანაწერებსაც კი ვიღებ ხოლმე.

      მადლიერი ვარ, რომ ასეთი მოსიყვარულე ცოლით ვარ კურთხეული. წლების განმავლობაში ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ჩვენი ქალიშვილიც, რომელიც ამჟამად თავის ოჯახთან ერთად ემსახურება იეჰოვას, უდიდესი სიხარულის წყაროა. განსაკუთრებით ვმადლობ იეჰოვას იმისთვის, რომ მეხმარება, თავის დიდებულ პიროვნებასთან ახლო ურთიერთობა ვიქონიო. დღეს, როდესაც ჩემი სხეული და ხმა უფრო და უფრო სუსტდება, ხშირად ვფიქრობ პავლე მოციქულის სიტყვებზე: „არ ვეცემით სულით; რადგანაც თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, შინაგანი დღითი დღე ახლდება“ (2 კორინთელთა 4:16, სსგ). დიახ, სანამ ცოცხალი ვარ, სულიერად უნდა ვიფხიზლო — ეს არის ჩემი მიზანი“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება