-
როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება საგონებელში გაგდებთგამოიღვიძეთ! — 2001 | თებერვალი 8
-
-
როდესაც ჯანმრთელობის გაუარესება საგონებელში გაგდებთ
„თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ურო ჩამარტყეს“ (ჯონი, რომელსაც შეატყობინეს, რომ პროგრესირებადი დაავადება აქვს).
„შემეშინდა“ (ბეთი, რომელმაც გაიგო, თუ რამდენად სერიოზული ავადმყოფობა სჭირს).
იმის გაგება, რომ ქრონიკული და დამაუძლურებელი სენი გჭირთ ან ის, რომ უბედური შემთხვევის შედეგად სამუდამოდ ინვალიდად იქცევით, ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მოვლენას წარმოადგენს. არა აქვს მნიშვნელობა, თქვენი ავადმყოფობის შესახებ ექიმის მყუდრო კაბინეტში გაიგეთ თუ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მოგიწიათ მწარე სინამდვილისთვის თვალის გასწორება, ალბათ, არ გსურდათ ამ ამბის დაჯერება. ცხადია, პროგრესირებადი სენის გამო დანაღვლიანებული ხართ და ამ დროს ძლიერი განცდები გეუფლებათ. საეჭვოა, ცხოვრებაში წინასწარ შეემზადებინეთ რამეს იმისთვის, რომ ამ განცდებისთვის თავი გაგერთვათ.
-
-
გრძნობების მორევშიგამოიღვიძეთ! — 2001 | თებერვალი 8
-
-
გრძნობების მორევში
„მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ უკურნებელი სენი მჭირდა, — იხსენებს ერთი ხანში შესული მამაკაცი, — ვცდილობდი, შიში განმედევნა, მაგრამ გაურკვევლობის გრძნობამ გამთანგა“. მისი სიტყვები ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ სერიოზული დაავადება არა მხოლოდ ფიზიკურად სტანჯავს ადამიანს, არამედ ემოციურადაც. მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებით უმკლავდებიან ასეთ დარტყმებს. მრავალი მათგანი დაგარწმუნებდათ იმაში, რომ ქრონიკულ დაავადებასთან წარმატებით გამკლავების რამდენიმე საშუალება არსებობს. მაგრამ სანამ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ, მოდი ჯერ კარგად გავეცნოთ იმ გრძნობებს, რომლებიც შეიძლება თავდაპირველად გაგიჩნდეთ.
დაუჯერებლობა, გაგონილის უარყოფა, ნაღვლიანობა
თქვენი გრძნობები შეიძლება საგრძნობლად განსხვავდებოდეს სხვა ადამიანების გრძნობებისგან. და მაინც, მედიკოსები და თავად ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ დაავადებულებს ხშირად მსგავსი განცდები ეუფლებათ. თავდაპირველი ელდისა და დაუჯერებლობის შემდეგ შეიძლება გაგონილი უარყოთ: „შეუძლებელია, ეს სიმართლე იყოს“, „აქ რაღაც შეცდომაა“, „შეიძლება ანალიზები აერიათ“. ერთმა ქალმა გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა. ის შემდეგნაირად აღწერს თავის რეაქციას გაგონილზე: „ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს თავზე საბანი გადავიფარე, და ვიმედოვნებდი, რომ, როდესაც თავს ამოვყოფდი, ყველაფერი ჩავლილი იქნებოდა“.
მაგრამ, როდესაც რეალობას თვალს უსწორებთ, გაგონილის უარყოფა გზას უთმობს გულდამძიმებულობის გამომხატველ ნაღვლიანობას, რომელიც საავდრო ღრუბელივით მოქუფრულა თქვენს თავზე და თითქოს გარდაუვალი უბედურების მოახლოებას მოასწავებს. „რამდენ ხანს ვიცოცხლებ?“, „მთელი დარჩენილი სიცოცხლე ტკივილებისგან უნდა ვიტანჯო?“ — ამ და ამის მსგავსმა კითხვებმა შეიძლება მოსვენება დაგიკარგოთ. შეიძლება იმ დროში დაბრუნებას ნატრობდეთ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდით დიაგნოზი, მაგრამ ამის გაკეთება არ ძალგიძთ. ცოტა ხანში შეიძლება სხვა მტკივნეული და ძლიერი გრძნობების მორევშიც აღმოჩნდეთ. რა გრძნობებია ეს?
გაურკვევლობა, წუხილი, შიში
სერიოზულ დაავადებას თქვენს ცხოვრებაში გაურკვევლობა და წუხილი შემოაქვს. „ჩემი მდგომარეობა ისეთია, რომ არ ვიცი, რას ველოდო. ეს კი დროდადრო სიცოცხლეს მიმწარებს, — ამბობს პარკინსონის დაავადების მქონე მამაკაცი, — ყოველდღე იმაზე უნდა ვიფიქრო, ეს დღე რას მომიტანს“. შესაძლოა, თქვენი დაავადებაც გაშინებთ. თუკი ის მოულოდნელად დაგატყდათ თავს, შეიძლება შიშმა შეგიპყროთ. იმ შემთხვევაში, თუკი წლების განმავლობაში რაღაც გაწუხებდათ და იმ დროისთვის არასწორი დიაგნოზი დაუსვამთ, შემდეგ კი თქვენი დაავადების სწორი დიაგნოზი გაიგეთ, შიშმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიჩქმალული იყო, შეიძლება მთელი სიძლიერით იჩინოს თავი. თავდაპირველად შეიძლება შვებაც კი იგრძნოთ იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანები დაიჯერებენ, რომ ნამდვილად ავად ხართ და არაფერს აზვიადებთ. მაგრამ შვების გრძნობამ შეიძლება ცოტა ხანში გაიაროს და შიშმა მოგიცვათ, როდესაც მიხვდებით, თუ რას უნდა ელოდოთ დიაგნოზიდან გამომდინარე.
შეიძლება იმის შიშიც გაგიჩნდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაზე კონტროლს დაკარგავთ. თუკი დამოუკიდებლობას აფასებთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში შეიძლება გულს გიღრღნიდეთ ის აზრი, რომ უფრო და უფრო დამოკიდებული გახდებით სხვებზე. შესაძლოა, შიშობთ, რომ ავადმყოფობა თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდება და ყოველ ნაბიჯს გიკარნახებთ.
გულისწყრომა, სირცხვილი, მარტოობის გრძნობა
იმის ცოდნას, რომ თქვენს ცხოვრებაზე თანდათანობით კარგავთ კონტროლს, გულისწყრომის გამოწვევაც შეუძლია. „რაღა მე უნდა დამმართნოდა ეს? რით დავიმსახურე ეს?“ — შეიძლება დაგებადოთ კითხვები. თქვენი ჯანმრთელობის შერყევა უსამართლოდ და უაზროდ გეჩვენებათ. სირცხვილის გრძნობამ და სასოწარკვეთილებამაც შეიძლება მოგიცვათ. ერთი დამბლადაცემული ადამიანი იხსენებს: „ძალიან მრცხვენოდა, რომ ყველაფერი რაღაც არასასიამოვნო შემთხვევის გამო დამემართა!“.
ძალაუნებურად, შეიძლება ხალხისგანაც გაირიყოთ. ავადმყოფობის გამო კარჩაკეტილობას ადვილად მოსდევს საზოგადოებისგან იზოლირება. თუკი დაავადების გამო სახლში ხართ ჩაკეტილი, შეიძლება თავად ვეღარ შეძლოთ ძველი მეგობრების მონახულება, მაგრამ უწინდელზე მეტად გსურდეთ ადამიანებთან კონტაქტი. თავდაპირველი ხშირი მონახულებებისა და სატელეფონო ზარების შემდეგ შეიძლება უფრო ნაკლებად შეგეხმიანონ.
რადგანაც გულს გტკენთ ის, რომ მეგობრები თანდათანობით გტოვებენ, ამ მტკივნეული მოვლენის გამო შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოთ. თავისთავად ცხადია და გასაგებიცაა, რომ სხვებთან შეხვედრამდე შეიძლება განმარტოება გესაჭიროებოდეთ, ამისათვის კი გარკვეული დროის გამონახვაა საჭირო. მაგრამ, თუკი ამის გამო უფრო და უფრო გაირიყებით სხვებისგან, შეიძლება საზოგადოებისგან იზოლირებიდან (როდესაც სხვები არ მოდიან თქვენ სანახავად) ემოციურ იზოლირებაში (როდესაც თქვენ არ გსურთ ვინმეს ნახვა) აღმოჩნდეთ. ორივე შემთხვევაში შეიძლება მარტოობის ძლიერ გრძნობასთან მოგიწიოთ ბრძოლაa. დროდადრო შეიძლება იმასაც კი ფიქრობდეთ, გადაიტანთ თუ არა ხვალინდელ დღეს.
ისწავლეთ სხვებისგან
მაგრამ თქვენი მდგომარეობა უიმედო არ არის. თუკი ბოლო დროს ჯანმრთელობის გაუარესებამ საგონებელში ჩაგაგდოთ, არსებობს პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა გადადგმითაც შეიძლება გარკვეულწილად შეინარჩუნოთ კონტროლი თქვენს ცხოვრებაზე.
მართალია, სტატიების ეს სერია ვერ გადაწყვეტს ქრონიკული დაავადებით გამოწვეულ თქვენს პრობლემას, როგორიც უნდა იყოს ის, მაგრამ აქ მოცემული ინფორმაცია შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი მდგომარეობის ატანასა და მასთან გამკლავებაში. სიმსივნით დაავადებულმა ერთმა ქალმა თავისი აზრები და გრძნობები შემდეგნაირად შეაფასა: „გაგონილის უარყოფის შემდეგ ძლიერმა გულისწყრომამ მომიცვა, შემდეგ კი დავიწყე იმის გამორკვევა, ჯერ კიდევ რის ძალა შემწევდა“. თქვენც შეგიძლიათ გაერკვიოთ თქვენს შესაძლებლობებში და ამისათვის მიმართოთ იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი რამ განუცდია. შეგიძლიათ გაიგოთ მათგან, თუ როგორ გამოიყენოთ ის ძალა, რაც გაქვთ.
[სქოლიო]
a ცხადია, ბევრი ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის ამ სხვადასხვა გრძნობას.
-
-
როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?გამოიღვიძეთ! — 2001 | თებერვალი 8
-
-
როგორ გავიხაროთ სიცოცხლით ავადმყოფობის დროს?
დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ის გრძნობები, რომელთა მოზღვავებასაც, შესაძლოა, განიცდით, საფუძვლიანია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დაავადება ან სისუსტე შეიძლება ფაქტს წარმოადგენდეს, გონება წინააღმდეგობას უწევს იმ ცვლილებებს, რომლებიც ავადმყოფობამ განაპირობა. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს თქვენ და თქვენი დაავადება ბრძოლაში ხართ ჩართული — ეს არის პაექრობა თქვენს წარსულსა და მომავალს შორის. ამჟამად შეიძლება ჩანდეს, რომ უპირატესობა თქვენი დაავადების მხარესაა. მაგრამ სიტუაციის თქვენ სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. როგორ?
„როდესაც დაავადება ადამიანს ბევრ რამეს აკარგვინებს, — შენიშნავს დ-რ კიტი სტაინი, — ავადმყოფისთვის ეს თითქმის სიკვდილის ტოლფასია“. ამიტომაც, როდესაც თქვენთვის ისეთ ძვირფას რამეს კარგავთ, როგორიცაა ჯანმრთელობა, ბუნებრივია, რომ საკუთარ თავს ტირილისა და დამწუხრების უფლება მისცეთ, როგორც საყვარელი ადამიანის დაკარგვისას მოიქცეოდით. ფაქტობრივად, თქვენ მხოლოდ ჯანმრთელობას როდი კარგავთ. როგორც ერთი ქალი ამბობს: „სამსახურისთვის უნდა დამენებებინა თავი. . . უნდა დამეთმო დამოუკიდებლობა, რომელიც ყოველთვის მქონდა“. მიუხედავად ამისა, თქვენს დანაკარგს თვალი გაუსწორეთ. „დიახ, უნდა გამოიტიროთ ის, რაც დაკარგეთ, — დასძენს დ-რ სტაინი, რომელსაც თავად გაფანტული სკლეროზი აქვს, — მაგრამ იმაზეც უნდა იფიქროთ და გაიგოთ, ჯერ კიდევ რის გაკეთება შეგიძლიათ“. მართლაც, გრძნობების თავდაპირველი მოზღვავების შემდეგ დაინახავთ, რომ თქვენს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი „რესურსები“ ჯერ კიდევ ხელუხლებელია. უპირველეს ყოვლისა, თქვენ შეგიძლიათ ახალ მდგომარეობას შეეწყოთ.
მეზღვაურს არ ძალუძს ქარიშხლის შეჩერება, მაგრამ ნავის აფრების რეგულირებით შეუძლია გაუმკლავდეს მას. მსგავსად ამისა, შესაძლოა, არ ძალგიძთ თქვენს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოჭრილი დაავადების გაკონტროლება, მაგრამ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მას თქვენი „აფრების“ ანუ თქვენი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ძალების ახალ ვითარებასთან შეწყობით. რა დაეხმარა ქრონიკულად დაავადებულ სხვა ადამიანებს ამის გაკეთებაში?
გაერკვიეთ თქვენს დაავადებაში
დიაგნოზის გაგებით გამოწვეული პირველი ელდის შემდეგ ბევრი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მწარე სინამდვილის ცოდნა გაურკვევლობით გამოწვეულ შიშზე უკეთესია. მაშინ როცა შიშისგან პარალიზებული ხდებით, ცოდნა იმისა, თუ რა გემართებათ, შეიძლება დაგეხმაროთ მისაღები ზომების განსაზღვრაში — ამას კი ხშირად თავისთავად დადებითი შედეგები მოაქვს. „ნახეთ, რამდენად უკეთ იგრძნობთ თავს, როცა თქვენს მდგომარეობასთან გასამკლავებელ გეგმას შეიმუშავებთ, — აღნიშნავს სტანფორდის უნივერსიტეტის დ-რი დევიდ შპიგელი, — თუკი პრაქტიკულად რაიმე ზომების მიღებამდე დიდი ხნით ადრე თქვენს სამომავლო მოქმედებებს დაგეგმავთ, ამით დისკომფორტის გრძნობას შეიმცირებთ“.
შესაძლოა, გრძნობთ, რომ თქვენი მდგომარეობის შესახებ მეტის გაგება გესაჭიროებათ. როგორც ბიბლიურ იგავშია ნათქვამი, „მცოდნე კაცი [„ძალებს განიმტკიცებს“, აქ]“ (იგავნი 24:5). „გამოიტანეთ წიგნები ბიბლიოთეკიდან. რაც შეიძლება მეტი გაიგეთ თქვენი დაავადების შესახებ“, — გვირჩევს ლოგინად ჩავარდნილი ერთი ავადმყოფი. როდესაც იგებთ თქვენთვის ხელმისაწვდომი სამკურნალო მეთოდებისა და თქვენს მდგომარეობასთან გასამკლავებელი საშუალებების შესახებ, შეიძლება დაინახოთ, რომ თქვენი მდგომარეობა არც ისე უიმედოა, როგორც შიშობდით. შეიძლება გარკვეული საფუძველიც კი გაგიჩნდეთ ოპტიმიზმისთვის.
მაგრამ თქვენი საბოლოო მიზანი არ არის ის, რომ შეძლებისდაგვარად გაერკვიოთ თქვენს დაავადებაში. დ-რ შპიგელი განმარტავს: „თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თავისი წვლილი შეაქვს დაავადებასთან შეგუების, მასში გათვითცნობიერებისა და მისი რეალურად დანახვის მნიშვნელოვან პროცესში“. იმის აღიარება, რომ მართალია, თქვენი ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ არ დასრულებულა, მტკივნეული პროცესია, რომელიც ხშირად ნელა მიმდინარეობს. მაგრამ ნაბიჯის გადადგმა — თქვენს დაავადებაში შეძლებისდაგვარად გარკვევიდან ემოციურად მასთან შეგუებამდე — შეგიძლიათ. როგორ?
მოიპოვეთ და შეინარჩუნეთ წონასწორობა
შესაძლოა, დაავადებასთან შესაგუებლად თქვენი შეხედულების შეცვლა იყოს საჭირო. ბოლოს და ბოლოს, იმ აზრთან შეგუება, რომ ავად ხართ, დამარცხებას არ ნიშნავს, ისევე როგორც მეზღვაურისთვის არაა დამარცხების ნიშანი იმ ფაქტის აღიარება, რომ ქარიშხალში მოხვდა. პირიქით, ქარიშხლისთვის თვალის გასწორება მას მოქმედებისკენ აღძრავს. მსგავსად ამისა, თქვენს დაავადებასთან შეგუება დამარცხებას არ ნიშნავს. როგორც ერთმა ქრონიკულად დაავადებულმა ქალმა შენიშნა, ეს არის „წინსვლა ახალი მიმართულებით“.
მაშინაც კი, თუ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები შემცირდა, საკუთარ თავს უნდა შეახსენოთ, რომ ხშირად ეს თქვენს გონებრივ, ემოციურ და სულიერ თვისებებზე საერთოდ არ ახდენს გავლენას. მაგალითად, ისევ გაქვთ თუ არა ინტელექტი, რაიმეს ორგანიზებისა და განსჯის უნარი? შესაძლოა, ჯერაც შეგიძლიათ თბილად გაუღიმოთ ვინმეს, იზრუნოთ სხვებზე და კარგი მსმენელი და ნამდვილი მეგობარი იყოთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯერაც გაქვთ ღვთისადმი რწმენა.
გარდა ამისა, გახსოვდეთ — მიუხედავად იმისა, რომ ყველა თქვენი გარემოების შეცვლა არ ძალგიძთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ როგორი რეაგირება მოახდინოთ მათზე. ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი, ირენ პოლინი, ამბობს: „თქვენზეა დამოკიდებული, რა საპასუხო ზომებს მიიღებთ თქვენს დაავადებასთან გასამკლავებლად. რა მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდეთ ავადმყოფობის გამო, თქვენ გაქვთ ამის უნარი“. ჰელენი, 70 წლის ქალი, რომელსაც გაფანტული სკლეროზის შორს წასული ფორმა აქვს, ადასტურებს: „არა იმდენად დაავადება, არამედ თქვენი მისადმი დამოკიდებულება წყვეტს იმას, შეინარჩუნებთ თუ არა წონასწორობას“. მამაკაცი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის თავის სენს, ამბობს: „დადებითი განწყობილება კილის მსგავსია, რომელიც ნავს ვერტიკალურ მდგომარეობას უნარჩუნებს“. მართლაც, იგავნის 18:14-ში მსგავსი აზრია გამოთქმული: „კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?“.
-