საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გახშირდა სტიქიური უბედურებები?
    გამოიღვიძეთ! — 2005 | აგვისტო 8
    • გახშირდა სტიქიური უბედურებები?

      „არსებობს საშიშროება, რომ კლიმატის ცვალებადობით გამოწვეულ ბუნებრივ კატაკლიზმებს მომავალში უფრო საშინელი შედეგები მოჰყვება. ეს ნიშნავს, რომ ამინდის უფრო სახიფათო მოვლენებსა და უფრო დიდ დანაკარგს უნდა ველოდეთ . . . ამიტომ, უსაფრთხოების წინასწარი ზომების მისაღებად საჭიროა გონიერების გამოვლენა და მკვეთრი ცვლილებისთვის კარგად მომზადება“. „გეოსაკითხები — ყოველწლიური მიმოხილვა: ბუნებრივი კატაკლიზმები, 2003 წელი“.

      ევროპის უმეტეს ნაწილში 2003 წლის ზაფხულში მოსახლეობა სიცხისგან გაითანგა. ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ესპანეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო 30 000 ადამიანი დაიღუპა. ბანგლადეშში, ინდოეთსა და პაკისტანში მუსონების პერიოდში არნახულმა სიცხემ 1 500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაშინ როცა ავსტრალიაში გვალვისა და ძლიერი სიცხის გამო ტყეებში ხანძარი გაჩნდა და სამ მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობის მიწა გადაწვა.

      მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, „2003 წელს ატლანტის ოკეანეში ტროპიკული ციკლონის დროს 16 სახეობის ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა; ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აჭარბებს 1944—1996 წლებში მომხდარი შტორმების საშუალო წლიურ რაოდენობას. ამ პერიოდში წელიწადში საშუალოდ 9,8 შტორმი ფიქსირდებოდა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გრიგალი შესამჩნევად გახშირდა 90-იანი წლების შუა პერიოდიდან“. 2004 წელსაც არაფერი შეცვლილა; კარიბის ზღვის რაიონში და მექსიკის ყურეში ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, რომელმაც ყველაფერი მიწასთან გაასწორა და 2 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

      2003 წელს შრი–ლანკას ტროპიკულმა ციკლონმა გადაუარა, რომელმაც საშინელი წყალდიდობა გამოიწვია და სულ მცირე 250 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2004 წელს დაფიქსირდა ახალი „რეკორდული“ რიცხვი — წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროზე სულ მცირე 23 ტაიფუნი ამოვარდა. აქედან ათმა იაპონიას გადაუარა, რამაც ქვეყანას დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა და 170–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით კი ბანგლადეშში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი დააზარალა. მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, თითქმის სამი მილიონი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, ხოლო 1 300 დაიღუპა.

      2003 წელს რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 21 მაისს ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ალჟირის დედაქალაქში 10 000 ადამიანი დაშავდა, ხოლო 200 000 უსახლკაროდ დარჩა. 26 დეკემბერს დილის 5 საათსა და 26 წუთზე ირანის ქალაქ ბამიდან სამხრეთით რვა კილომეტრში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6,5 ბალის სიძლიერის მიწისძვრამ ქალაქის ნაგებობათა 70 პროცენტი მიწასთან გაასწორა, 40 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 100 000–ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. იმ წელს ეს ყველაზე დამანგრეველი სტიქიური უბედურება იყო. თითქმის მთლიანად განადგურდა 2000 წლის წინ აგებული ბამის ციხესიმაგრე არგ–ი–ბამი — რეგიონის მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ტურისტებს იზიდავდა.

      ზუსტად ერთ წელიწადში კუნძულ სუმატრას (ინდონეზია) დასავლეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდა 9,0 იყო; შედეგად წარმოიქმნა ცუნამი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა — ამდენი მსხვერპლი ისტორიას არ ახსოვს. ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის ტალღებმა 200 000–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბევრი დაშავდა და უსახლკაროდ დარჩა. ძლიერი ტალღების გამო ეპიცენტრიდან დასავლეთით 4 500 კილომეტრით დაშორებულ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზეც კი დაიღუპა ხალხი.

      უფრო მეტი სტიქიური უბედურებაა მოსალოდნელი?

      ნუთუ ეს მოვლენები არ ცხადყოფს, რა გველოდება მომავალში? ბევრი მეცნიერის აზრით, ადამიანების გავლენა ატმოსფეროზე იწვევს კლიმატის ცვალებადობას და ამინდის უფრო სახიფათო მოვლენებს. თუ ეს მოსაზრება ახლოსაა სიმართლესთან, არაფერს კარგს არ უნდა ველოდეთ. მდგომარეობას ისიც აუარესებს, რომ მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც იძულებულები არიან, საშიშ ზონაში იცხოვრონ, რადგან სხვაგან წასასვლელი არა აქვთ.

      სტატისტიკა აჩვენებს, რომ სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის 95 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ამ მხრივ მდიდარ ქვეყნებში სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ამ ქვეყნებს ეკონომიკური ზარალის 75 პროცენტის ანაზღაურება უწევთ. სადაზღვევო კომპანიები შიშობენ, რომ ერთმანეთზე მიყოლებული ბუნებრივი კატაკლიზმების გამო თანხები არ დარჩებათ და ვეღარ შეძლებენ ზარალის ანაზღაურებას.

      მომდევნო სტატიაში განვიხილავთ სტიქიური უბედურებების გამომწვევ ეკოლოგიურ პროცესებს და ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ აუარესებს მდგომარეობას ადამიანთა ჩარევა. აგრეთვე ვიმსჯელებთ იმის თაობაზე, აქვთ თუ არა ადამიანებს საჭირო ცვლილებების მოხდენის ძალა და სურვილი, რათა მომავალი თაობებისთვის დედამიწა უსაფრთხო საცხოვრებლად აქციონ.

      [სურათი 3 გვერდზე]

      საფრანგეთი, 2003 წელი. ევროპაში არნახული სიცხის გამო 30 000 ადამიანი დაიღუპა; ესპანეთში ამ წელს ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა — 44,8°C დაფიქსირდა.

      [საავტორო უფლება]

      Alfred/EPA/Sipa Press

      [სურათები 4, 5 გვერდებზე]

      ირანი, 2003 წელი. ქალაქ ბამში მომხდარმა მიწისძვრამ 40 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ქალები თავიანთ მიცვალებულებს დასტირიან.

      [საავტორო უფლება]

      Background and women: © Tim Dirven/Panos Pictures

  • სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | აგვისტო 8
    • სტიქიური უბედურებები და ადამიანური ფაქტორი

      გამართული და კარგ მდგომარეობაში მყოფი მანქანა უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებაა. მაგრამ გაუმართავი და მოუვლელი მანქანით სიარული საშიშია. გარკვეულწილად, იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს პლანეტაზე — დედამიწაზე.

      მეცნიერთა აზრით, დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანის წყლებში ადამიანის ჩარევით გამოწვეული ცვალებადობა ჩვენს პლანეტას საშიშ ადგილად აქცევს, რადგან ბუნებრივი კატაკლიზმები უფრო ხშირი და უფრო დამანგრეველი ხდება. ამის გამო მომავალი ბნელით არის მოცული. „პლანეტაზე, საიდანაც ვერსად გავიქცევით, ჩვენვე ვატარებთ უდიდეს და უმართავ ექსპერიმენტებს“, — ნათქვამია ჟურნალ „საიენსის“ სარედაქციო სტატიაში, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეხება.

      ამიტომ, უფრო უკეთ რომ გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანთა ჩარევამ ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირესა და სიძლიერეზე, საჭიროა ვიცოდეთ, ძირითადად რა იწვევს მათ. მაგალითად, რის გამო წარმოიქმნება ისეთი ძლიერი შტორმი, როგორიცაა გრიგალი?

      ატმოსფეროში ჰაერის მასების გადაადგილება

      დედამიწის კლიმატი ისეთ მექანიზმს მოგვაგონებს, რომელიც მზისგან მიღებულ ენერგიას გარდაქმნის და ანაწილებს. რამდენადაც მზე ყველაზე მეტად ტროპიკებში აცხუნებს, ტემპერატურის ასეთი ცვალებადობა ჰაერთა მასების არამდგრადობას იწვევსa. დედამიწის დღეღამური ბრუნვის შედეგად მოძრავი ნოტიო ჰაერის მასები წარმოქმნის ძლიერ ქარებს, რომლის ზოგი სახეობა იწვევს დედამიწის ზედაპირის დადაბლებასა და დაძირვის უბნების წარმოქმნას. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება ქარიშხალი გამოიწვიოს.

      თუ თვალყურს ადევნებთ ტროპიკულ გრიგალს, შენიშნავთ, რომ, ჩვეულებრივ, ის ეკვატორიდან ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთისკენ — უფრო ცივი რაიონებისკენ — ინაცვლებს. ამგვარად ეს შტორმები ცხელი ჰაერის მასების გადაადგილებას და შესაბამისად ზომიერი კლიმატის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მაგრამ, როდესაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ოკეანის ზედა ფენებში — ძლიერ გამთბარი ოკეანის არეში — დაახლოებით 27°C–ს აღემატება, ეს შტორმები იმდენად ძლიერდება, რომ ტროპიკულ ციკლონს წარმოქმნის. რეგიონების მიხედვით ამ შტორმებს აგრეთვე გრიგალი ან ტაიფუნი ეწოდება.

      ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიგალით გამოწვეული ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიური უბედურება 1900 წლის 8 სექტემბერს მოხდა ზღვისპირა ქალაქ გალვესტონში (ტეხასის შტატი). გრიგალის ამოვარდნით გამოწვეულმა შტორმმა ამ ქალაქში იმსხვერპლა 6 000–დან 8 000–მდე ადამიანი, ხოლო მის შემოგარენში 4 000–მდე ადამიანი. 3 600 საცხოვრებელი სახლი მიწასთან გასწორდა. ფაქტობრივად, გალვესტონში არც ერთი ნაგებობა არ დარჩენილა დაუზიანებელი.

      როგორც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ, ბოლო წლებში დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი ქარიშხლები დაფიქსირდა. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, გამოიწვია თუ არა ისინი გლობალურმა დათბობამ, რაც ხელს უწყობს ასეთი გრიგალების წარმოსაქმნელად ენერგიის დაგროვებას. მაგრამ ამინდის ცვალებადობა შეიძლება გლობალური დათბობის გამომწვევი მხოლოდ ერთ–ერთი მიზეზი იყოს. სხვა პოტენციური საშიშროებების დანახვა უკვე ახლავეა შესაძლებელი.

      ზღვის დონის მომატება და ტყის ჩეხვა

      ჟურნალ „საიენსის“ სარედაქციო სტატიაში ნათქვამი იყო: „გასული საუკუნის მანძილზე ზღვის დონემ 10–დან 20 სანტიმეტრამდე მოიმატა და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიმატებს“. როგორ უკავშირდება ეს გლობალურ დათბობას? მკვლევარები ყურადღებას აქცევენ ორ სავარაუდო პროცესს. ერთი ის არის, რომ პოლარულ მხარეებში მუდმივი ყინულსაფარი დნება, რის შედეგადაც ოკეანის წყლის მოცულობა იზრდება; მეორე კი თბილი ჰაერის ინტენსიურობაა, როდესაც ოკეანის წყლები თბება და, შესაბამისად, ოკეანეში წყლის დონე იმატებს.

      წყნარი ოკეანის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარე ტუვალოს პატარა კუნძულებზე უკვე შეიმჩნევა ზღვის დონის მატება. ჟურნალ „სმითსონიენის“ თანახმად, ფუნაფუტის კუნძულზე შეგროვებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ზღვის დონე იქ „უკანასკნელი ათი წლის მანძილზე წელიწადში საშუალოდ 5,6 მილიმეტრით იმატებს“.

      დედამიწის ბევრ ნაწილში მოსახლეობის ზრდის შედეგად ქალაქები და დასახლებები მომრავლდა, რის გამოც გარემო პირობები გაუარესდა. ამის შედეგად კი სტიქიური უბედურებები უფრო გახშირდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

      ჰაიტი — ეს არის სახელმწიფო, სადაც სწრაფად იზრდება მოსახლეობა და იჩეხება ტყეები. ახლახან საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცა, რომ, თუმცა ჰაიტიზე ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემებია, არაფერი უქმნის ქვეყანას ისეთ დიდ საშიშროებას, როგორც ტყეების ჩეხვა. ეს საშიშროება ტრაგიკული რეალობა გახდა 2004 წელს, როდესაც კოკისპირულ წვიმებს მეწყერი მოჰყვა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

      აზიაში გამომავალ ჟურნალ „ტაიმში“ ნათქვამია, რომ „გლობალური დათბობა, წყლის დაგუბება, ტყეების ჩეხვა და მცენარეული საფრის მოსპობა“ სამხრეთ აზიაში სტიქიურ უბედურებებს უფრო ამწვავებს. სხვა ყველაფერთან ერთად ტყეების გაჩეხვა იწვევს გვალვას, რაც ნიადაგის სწრაფად გამოშრობას უწყობს ხელს. ბოლო წლებში ინდონეზიასა და ბრაზილიაში გვალვის გამო უფრო ხშირად ჩნდება ხანძარი ტყეებში, რომლებიც ადრე უფრო ტენიანი იყო. მაგრამ მხოლოდ ამინდის ცვლილება არ განაპირობებს სტიქიურ უბედურებებს. ბევრ ქვეყანაში ბუნებრივი კატაკლიზმები დედამიწის ქერქქვეშა ფენებიდან იღებს სათავეს.

      როდესაც მიწა ირყევა

      დედამიწის ქერქი შედგება სხვადასხვა სიდიდის დანალექი ფენებისგან, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ განუწყვეტლივ მოძრაობს. ქანთა მასების გადაადგილება იმდენად ხშირია, რომ ყოველწლიურად მილიონობით მიწისძვრა ხდება. რასაკვირველია, მათგან ბევრი არც კი იგრძნობა.

      ამბობენ, რომ მიწისძვრების 90 პროცენტი გამოწვეულია დედამიწის ქერქის სიცარიელეებში ქანების ჩანგრევით. ამ სიცარიელეებში იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ დიდი სიმძლავრის ძვრები ხდება. როგორც ვარაუდობენ, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა 1556 წელს ჩინეთის სამ პროვინციაში მომხდარ მიწისძვრებს. მათ შედეგად დაახლოებით 830 000 ადამიანი დაიღუპა.

      მიწისძვრებს სხვა უბედურებებიც სდევს თან. მაგალითად, 1755 წლის 1 ნოემბერს მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა პორტუგალიის ქალაქი ლისაბონი, სადაც 275 000 ადამიანი ცხოვრობდა. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. მიწისძვრამ გამოიწვია ხანძარი და ცუნამი — ახლომდებარე ატლანტის ოკეანიდან წამოსულმა 15–მეტრიანმა გიგანტურმა ტალღებმა წალეკა ყველაფერი. მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000–ს მიაღწია.

      მაგრამ ასეთი უბედურებების მასშტაბები გარკვეულწილად ადამიანური ფაქტორითაც არის განპირობებული. უბედურებებს მასშტაბურს ხდის მჭიდროდ დასახლებული საშიში ზონები. „ამჟამად დიდი ქალაქების თითქმის ნახევარი სეისმურ რაიონში მდებარეობს“, — ამბობს მკვლევარი ენდრიუ რობინსონი. მასშტაბების ზრდის მეორე ფაქტორი შენობებია — მათ ასაგებად გამოყენებული სამშენებლო მასალა და შენობის კონსტრუქცია. მართლაც რომ ახლოსაა სიმართლესთან ერთი ძველი გამონათქვამი: „მიწისძვრა კი არ იწვევს სიკვდილიანობას, არამედ ნაგებობა“. მაგრამ რა არჩევნის წინაშე დგანან ისინი, რომლებსაც სიღარიბის გამო არ შეუძლიათ იცხოვრონ ისეთ შენობებში, რომლებიც მიწისძვრებს უძლებს?

      ვულკანი — აღმშენებელი და დამაქცეველი

      „შესაძლოა ამ სიტყვების წაკითხვის მომენტში სულ მცირე 20 ვულკანი იფრქვევა“, — ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სმითსონის ინსტიტუტის ანგარიშში. ზოგადად რომ შევეხოთ ამ საკითხს, ტექტონიკური თეორიის თანახმად, მიწისძვრები და ვულკანის ამოფრქვევები ერთი და იმავე რეგიონებში ხდება: დედამიწის ქერქში არსებულ ხვრელებსა და ნაპრალებში, განსაკუთრებით ოკეანის ფსკერზე გაჩენილ ნაპრალებში, სადაც მანტიიდან დედამიწის ქერქის სიღრმის გავლით ამოდის მაგმა; აგრეთვე ტექტონიკურად აქტიურ ზონებში, სადაც დანალექი ფენები ერთმანეთის პირისპირ განუწყვეტლივ მოძრაობენ.

      ასეთ ზონებში არსებული ვულკანები განსაკუთრებით საშიშია, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ამ ზონებში ხდება მათი ამოფრქვევა; ეს ზონები მჭიდროდ არის დასახლებული. წყნარი ოკეანის ვულკანურ სარტყელზე ასობით ასეთი ვულკანია. გარდა ამისა, არსებობს ეგრეთ წოდებული ტექტონიკური ქანებიდან დაშორებული ცხელი წერტილები. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ჰავაის, აზორის, გალაპაგოსისა და საზოგადოების კუნძულები სწორედ ასეთ ცხელ წერტილებში წარმოიქმნა ვულკანების მოქმედების შედეგად.

      სინამდვილეში ვულკანებს, როგორც აღმშენებლებს, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი პლანეტის ისტორიაში. ერთ–ერთი უნივერსიტეტის ვებგვერდის მტკიცებით, „კონტინენტებისა და ოკეანური აუზების 90 პროცენტი ვულკანური წარმოშობისაა“. მაშ, რატომ არის ზოგი ამოფრქვევა ასე ძლიერი?

      ამოფრქვევა იმით იწყება, რომ დედამიწის ქერქის სიღრმიდან ამოდის გავარვარებული მაგმა. ზოგი ვულკანიდან ლავა ნელა ამოინთხევა, რის გამოც ახლომახლო მცხოვრებ ხალხს იშვიათად უწყობს არასასიამოვნო სიურპრიზს. მაგრამ ზოგი ვულკანის ამოფრქვევა ატომური ბომბის აფეთქებაზე ძლიერია. ამ მხრივ გადამწყვეტ ფაქტორად ითვლება ამოფრქვეული თხევადი ვულკანური მასის შედგენილობა და სიბლანტე, მასში გახსნილი აირებისა და წყლის ორთქლის ნარევის რაოდენობა. როდესაც მაგმა უახლოვდება ზედაპირს, ვულკანურ მასაში გახსნილი აირები და წყლის ორთქლი სწრაფად ფართოვდება და ამოფრქვევისას ისეთი ეფექტი აქვთ, როგორიც გაზიანი სასმელების გახსნას.

      საბედნიეროდ, ხშირად ვულკანები წინასწარ გვაფრთხილებენ ამოფრქვევის შესახებ. ასეთი რამ მოხდა 1902 წელს, როდესაც კარიბის ზღვაში, კუნძულ მარტინიკაზე მდებარე მოქმედი ვულკანი მონტან–პელე ამოფრქვევის შესახებ იტყობინებოდა. იმ დროს ახლომდებარე ქალაქ სენ–პიერში არჩევნები ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეშინებულ ხალხს ჰაერში გაფანტული ფერფლის გამო სუნთქვა უჭირდა, პოლიტიკოსები მოუწოდებნენ მათ, ქალაქში დარჩენილიყვნენ. იმ დღეებში თითქმის ყველა მაღაზია დაკეტილი იყო.

      8 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, უამრავი ხალხი მივიდა კათოლიკურ ეკლესიაში; ისინი ღმერთს სთხოვდნენ, რომ ვულკანის ამოფრქვევისგან დაეცვა ისინი. მაგრამ დილის რვა საათზე ვულკანი მონტან–პელე ამოიფრქვა და ჰაერში გავარვარებული მასის — ფერფლის, ლავის, ქანების ნამსხვრევებისა და ცხელი აირების — ამოტყორცნა დაიწყო. და ამ მასის ტემპერატურა ცელსიუსის სკალის მიხედვით 200–დან 500 გრადუსამდე იყო. ქალაქი მთიდან დაშვებულმა სიკვდილის შავმა ღრუბელმა დაფარა და თითქმის 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩამოდნა ეკლესიის ზარები და დაიწვა ნავსადგურში მდგარი გემები. ეს იყო XX საუკუნის ყველაზე კატასტროფული ვულკანური ამოფრქვევა. რასაკვირველია, ამდენი ადამიანი არ დაიღუპებოდა, თუ ხალხი გამაფრთხილებელ ნიშნებზე თვალს არ დახუჭავდა და უსაფრთხოების წინასწარ ზომებს მიიღებდა.

      კვლავაც ხშირად მოხდება სტიქიური უბედურებები?

      სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებულ 2004 წლის ანგარიშში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივი კატაკლიზმების რიცხვი 60 პროცენტით გაიზარდა. „ეს უკვე დიდი ხნის ტენდენციაა“, — ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გამოიცა კატასტროფული ცუნამის წარმოქმნამდე — ეს სტიქიური უბედურება 26 დეკემბერს მოხდა ინდონეზიის ოკეანეში. უდავოა, რომ, თუ საშიშ ზონებში კიდევ გაიზრდება მოსახლეობა და არ შეწყდება ტყეების ჩეხვა, ოპტიმიზმით ვეღარ შევხედავთ მომავალს.

      გარდა ამისა, ბევრი განვითარებული ქვეყანა დღემდე აგრძელებს სითბური აირებით ატმოსფეროს დაბინძურებას. ჟურნალ „საიენსის“ სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ დღეს არანაირ ზომებს არ იღებენ გამონაბოლქვების შესამცირებლად, რაც „ინფექციის გავრცელების სტადიაში მკურნალობაზე უარის თქმის ტოლფასია: ეს იმის გარანტიაა, რომ მოგვიანებით უფრო მეტი ხარჯის გაწევა გახდება საჭირო“. ამასთან დაკავშირებით კანადის ერთ–ერთ პერიოდულ გამოცემაში სტიქიური უბედურებების შედეგების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ნათქვამი იყო: „სრული დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ კლიმატის ცვლილება ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ეკოლოგიური პრობლემაა, რომელსაც კი ოდესმე წაწყდომია საერთაშორისო საზოგადოება“.

      მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ მივიდა საერთო დასკვნამდე იმასთან დაკავშირებით, მოქმედებს თუ არა ადამიანური ფაქტორი გლობალურ დათბობაზე; და რაც მთავარია, ვერც იმ შეთანხმებამდე მივიდა, თუ როგორ აკონტროლოს ეს პროცესი. მართლაც რომ უტყუარია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა . . . მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23, სსგ). და მაინც, როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, მდგომარეობა უიმედო არ არის. სინამდვილეში ჩვენი დროის უბედურებები, მათ შორის დღევანდელ საზოგადოებაში ამოვარდნილი „ქარიშხალი“, იმაზე მიუთითებს, რომ ხსნა ახლოსაა.

      [სქოლიო]

      a მზის ენერგიის არათანაბარი განაწილება აგრეთვე განაპირობებს ოკეანური დინებების სისტემას, რის შედეგადაც სითბო უფრო ცივ რაიონებში ინაცვლებს.

      [ჩარჩო/სურათი 6 გვერდზე]

      როცა ხორბალთან ერთად ვულკანიც იზრდება

      ათას ცხრაას ორმოცდასამ წელს ერთმა მექსიკელმა მიწათმოქმედმა შენიშნა, რომ ყანაში ხორბალთან ერთად უცნაური რამ იზრდებოდა. გარკვეული ხნის შემდეგ მან მიწაში გაჩენილი ნაპრალები შენიშნა. მეორე დღეს ამ ნაპრალებში პატარა ვულკანი წარმოიქმნა. მომდევნო ხუთი კვირის განმავლობაში ვულკანის კონუსი 150 მეტრი სიმაღლის გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ 360 მეტრს მიაღწია. საბოლოოდ, ვულკანის კონუსი 430 მეტრამდე გაიზარდა და ზღვის დონიდან 2 775 მეტრის სიმაღლეზე აღმართულ მთად გადაიქცა. ამ ვულკანს უწოდეს პარიკუტინი, რომელიც 1952 წელს მოულოდნელად ჩაქრა და მას შემდეგ მიძინებულია.

      [საავტორო უფლება]

      U. S. Geological Survey/Photo by R. E. Wilcox

      [ჩარჩო/სურათი 8 გვერდზე]

      როდესაც ღმერთმა უბედურებისგან იხსნა ერები

      შიმშილობა — ერთ-ერთი სახის უბედურებაა, რომელიც ბუნებრივ კატაკლიზმებს სდევს თან. ძველად პირველი შიმშილობა ძველ ეგვიპტეში იაკობის ვაჟის, იოსების, დროს ჩამოვარდა. ამ შიმშილობამ შვიდ წელს გასტანა და ეგვიპტეს, ქანაანსა და კიდევ სხვა ქვეყნებს შეეხო. მაგრამ ამ უბედურების დროს ხალხი მასიურად არ დახოცილა, რადგან იეჰოვამ მის შესახებ შვიდი წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მან აგრეთვე ნათელი გახადა, რომ შიმშილობის დაწყებამდე შვიდი წელი ეგვიპტეში უხვმოსავლიანი პერიოდი იქნებოდა. ღვთისმოშიშმა იოსებმა, რომელიც ღვთის ხელმძღვანელობით ეგვიპტეში ფარაონის შემდეგ მეორე კაცი გახდა და საკვების განაწილებას ზედამხედველობდა, იმდენად დიდი რაოდენობის მარცვლეული დააგროვა, რომ „შეწყვიტა მისი აღრიცხვა“. ამგვარად, ეგვიპტეს მხოლოდ თავისი მოსახლეობის გამოკვება კი არ შეეძლო, არამედ „ყველა ქვეყნიდან“ ჩამოსული ხალხის, მათ შორის იოსების ოჯახისაც (დაბადება 41:49, 57; 47:11, 12).

      [სურათები 7 გვერდზე]

      ჰაიტი, 2004 წელი. დატბორილ ქუჩებში ბიჭები სასმელ წყალს ეზიდებიან. ტყეების ჩეხვას ძლიერი მეწყერი მოჰყვა.

      [საავტორო უფლებები]

      Background: Sophia Pris/EPA/Sipa Press; inset: Carl Juste/Miami Herald/Sipa Press

      [სურათი 9 გვერდზე]

      ბევრი ქვეყანა დღემდე აგრძელებს სითბური აირებით ატმოსფეროს დაბინძურებას.

      [საავტორო უფლება]

      © Mark Henley/Panos Pictures

  • მალე ბოლო მოეღება ყველა უბედურებას
    გამოიღვიძეთ! — 2005 | აგვისტო 8
    • მალე ბოლო მოეღება ყველა უბედურებას

      „შვილებო და შვილიშვილებო! ისმინეთ! . . . ადრე თუ გვიან, ეს მთა ცეცხლის ალში გაეხვევა. მაგრამ, სანამ ეს მოხდება, გაიგონებთ გრუხუნის, ძლიერი ქუხილისა და მიწის რყევის ხმას. მაშინ მთიდან წამოსულ კვამლს, ცეცხლსა და ელვას დაინახავთ, რასაც თან ახლდება ზანზარისა და გუგუნის ხმა. რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცით . . . თუ ყურად არ იღებთ ამ გაფრთხილებას და თქვენს ქონებას სიცოცხლეზე წინ დააყენებთ, ეს მთა დაგსჯით უგუნურებისა და სიხარბისთვის. ნუ წუხხართ თქვენი ოჯახური კერისა და საცხოვრებლის გამო, უყოყმანოდ უშველეთ თავს გაქცევით“.

      ეს გამაფრთხილებელი სიტყვები ამოტვიფრული იყო მთა ვეზუვის ძირას მდებარე ქალაქ პორტიჩში დადგმულ მემორიალურ დაფაზე. ანდრიუ რობინსონის წიგნიდან მოყვანილი ეს სიტყვები მას შემდეგ ამოტვიფრეს, რაც 1631 წელს ვეზუვიდან ვულკანი ამოიფრქვა. ამ კატასტროფამ 4 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „სწორედ 1631 წელს მომხდარმა ამოფრქვევამ . . . გახადა მთა ვეზუვი საქვეყნოდ ცნობილი“, — აღნიშნა რობინსონმა (Earth Shock). როგორ? ქალაქ პორტიჩში აღდგენითი სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ქალაქები — ჰერკულანეუმი და პომპეი. ეს ორი უძველესი ქალაქი ახ. წ. 79 წელს ვეზუვიდან ვულკანის ამოფრქვევისას დაიმარხა.

      რომაელი პლინიუს უმცროსი, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი პროვინციის მმართველი გახდა, ამ უბედურებას გადაურჩა. მან აღწერა, თუ როგორ ირყეოდა მიწა ვულკანის ამოფრქვევამდე. პლინიუსმა, დედამისმა და სხვებმა თვალი არ დახუჭეს ამ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რის წყალობითაც გადარჩნენ.

      გამაფრთხილებელი ნიშანი ჩვენი დროისთვის

      დღეს სწრაფად ახლოვდება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების აღსასრული. საიდან ვიცით ეს? იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მსოფლიოში მოვლენები, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ახლოსაა ღვთის სასამართლოს დღე. როგორც ვულკანის ამოფრქვევამდე ისმის ქუხილის ხმა და კვამლი და ფერფლი ამოდის, ასევე დღევანდელი სისტემის აღსასრულის წინა პერიოდშიც იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები არაერთი მოვლენისგან შემდგარი ნიშანი სრულდება: ომებმა, მიწისძვრებმა, შიმშილობამ და სხვადასხვა დაავადებამ 1914 წლიდან არნახულ მასშტაბებს მიაღწია (მათე 24:3—8; ლუკა 21:10, 11; გამოცხადება 6:1—8).

      მაგრამ იესოს მიერ მოხსენიებული გამაფრთხილებელი ნიშანი იმედის ჩამნერგავ ცნობასაც შეიცავს. „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ, — თქვა იესომ, — იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ სამეფოს შესახებ ცნობას „სასიხარულო ცნობა“ უწოდა. ეს მართლაც სასიხარულო ცნობაა, რადგან ღვთის სამეფო — ზეციერი სამეფო, რომლის მეფეც იესო ქრისტეა — მოსპობს ყოველივეს, რაც ზიანს აყენებს ადამიანს. ის აგრეთვე ბოლოს მოუღებს სტიქიურ უბედურებებს (ლუკა 4:43; გამოცხადება 21:3, 4).

      დედამიწაზე ყოფნისას იესომ ცხადყო, რომ ძალაუფლება ჰქონდა ბუნების ძალებზე — მან დააცხრო ქარიშხალი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოწაფეების სიცოცხლეს. ამის დანახვაზე შიშით შეპყრობილმა და გაოცებულმა მოწაფეებმა თქვეს: „ეს ვინ არის, რომ ქარიცა და წყალიც მის ბრძანებას ემორჩილება?“ (ლუკა 8:22—25). დღეს იესო უბრალოდ ადამიანი კი არ არის, არამედ ძლევამოსილი სულიერი პიროვნებაა. ამიტომ მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, აკონტროლოს ბუნებრივი ძალები, რათა მისი ქვეშევრდომები არ დაზარალდნენ (ფსალმუნები 2:6—9; გამოცხადება 11:15).

      ზოგისთვის ეს ყველაფერი შეიძლება არარეალური ჩანს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება, ადამიანური დაპირებებისა და წინასწარმეტყველებებისგან განსხვავებით, შესრულდა და კვლავაც სრულდება 1914 წლიდან (ესაია 46:10; 55:10, 11). დიახ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დედამიწაზე აუცილებლად დაისადგურებს მშვიდობა. ჩვენც დავტკბებით მშვიდობით, თუ გულთან ახლოს მივიტანთ ღვთის სიტყვას და ყურად ვიღებთ მის გაფრთხილებას შემზარავ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც უახლოეს მომავალში განვითარდება (მათე 24:42, 44; იოანე 17:3).

      [ჩარჩო/სურათი 11 გვერდზე]

      რა იმედი არსებობს საყვარელი მიცვალებულებისთვის?

      როდესაც სიკვდილი ხელიდან გვაცლის საყვარელ ადამიანს, ძლიერი სევდა გვეუფლება. ბიბლიური ცნობის თანახმად, იესოს თვალებზე ცრემლი მოადგა, როდესაც საყვარელი მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილის შესახებ შეიტყო. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წუთში იესომ გამაოგნებელი სასწაული მოახდინა — მან მკვდრეთით აღადგინა ლაზარე! (იოანე 11:32—44). ეს სასწაული საფუძვლიან მიზეზს აძლევს მთელ კაცობრიობას, ირწმუნოს იესოს ის საოცარი დანაპირები, რომელიც მან ლაზარეს აღდგომამდე წარმოთქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). დაე დედამიწაზე სამოთხეში აღდგომის შესანიშნავმა იმედმა ანუგეშოს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს (საქმეები 24:15).

      [სურათები 10 გვერდზე]

      ყურად იღებთ გაფრთხილებას, რომ დღევანდელი ქვეყნიერება აღსასრულს უახლოვდება?

      [სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]

      USGS, David A. Johnston, Cascades Volcano Observatory

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება