საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნუთუ ეს ღვთის სასჯელია?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
    • ნუთუ ეს ღვთის სასჯელია?

      „ჩემი აზრით, ეს ღვთის სასჯელია, მაგრამ ძალიან ვწუხვარ მათ გამო, ვინც სტიქიური უბედურებების დროს დაზარალდა“, — თქვა ერთმა ცნობილმა იაპონელმა პოლიტიკოსმა მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში მის ქვეყანაში 9-ბალიანი მიწისძვრა და ცუნამი მოხდა.

      2010 წლის იანვარში ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის დროს 220 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მაშინ ერთმა ცნობილმა ტელეევანგელისტმა განაცხადა, რომ ამ უბუდურების მიზეზი ის იყო, რომ „ისინი ეშმაკთან იყვნენ შეკრულნი“ და „ღმერთთან დაბრუნებას“ საჭიროებდნენ.

      „ღმერთს სურს, რომ გამოაღვიძოს ჩვენი გაუხეშებული და უგრძნობი სინდისი“, — განაცხადა კათოლიკე მღვდელმა მაშინ, როცა მანილაში (ფილიპინები) ჭყლეტის დროს 79 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი იუწყებოდა, რომ „სრულწლოვანთა 21 პროცენტს სჯერა, რომ ღმერთი თავის რისხვას ადამიანებზე იმით ანთხევს, რომ მეწყერს, ტაიფუნსა და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს“; მსგავსი უბედურებები კი ხშირად ატყდება თავს ამ ქვეყანას.

      დიდი ხანია ადამიანებს სჯერათ, რომ ღმერთი სტიქიური უბედურებებით სჯის ბოროტებს. 1755 წელს, როცა დაახლოებით 60 000 ადამიანი დაიღუპა მიწისძვრის, ხანძრისა და ცუნამის დროს ლისაბონში (პორტუგალია), კარგად ცნობილმა ფილოსოფოსმა ვოლტერმა ასეთი კითხვა დასვა: „განა უფრო დიდი ბოროტება ხდებოდა ლისაბონში პარიზთან შედარებით, სადაც ხალხი ავხორც განცხრომას ეძლეოდა?“ მილიონებს აინტერესებს, მართლა ღვთისგან მოვლენილი სასჯელია სტიქიური უბედურებები? ბევრ ქვეყანაში ამას მართლაც ღვთის ხელს მიაწერენ.

      აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: სინამდვილეში სჯის ღმერთი ხალხს სტიქიური უბედურებებით? ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურებები იყო თუ არა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი?

      ზოგიერთები ბიბლიურ მონაკვეთებს იშველიებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი ბუნებრივი კატაკლიზმებით სჯის ადამიანებს (დაბადება 7:17—22; 18:20; 19:24, 25; რიცხვები 16:31—35). მაგრამ თუ ამ ბიბლიურ მონაკვეთებს კარგად გამოვიკვლევთ, დავინახავთ, რომ ეს უბედურებები სამი მთავარი მიზეზის გამო ხდებოდა. პირველი, თითოეულ შემთხვევაში წინასწარ აფრთხილებდნენ ხალხს. მეორე, დღევანდელი სტიქიური უბედურებებისგან განსხვავებით, რომელიც კეთილსა და ბოროტს განურჩევლად ანადგურებს, ღვთის რისხვის დროს მხოლოდ გამოუსწორებელი ბოროტები ან ის ადამიანები ნადგურდებოდნენ, რომლებიც არაფრად აგდებდნენ გაფრთხილებებს. მესამე, ღმერთი ყოველთვის ზრუნავდა, რომ უდანაშაულო ხალხი გადარჩენილიყო (დაბადება 7:1, 23; 19:15—17; რიცხვები 16:23—27).

      მართალია, დღეს არაერთმა სტიქიურმა უბედურებამ მილიონების სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ღმერთს მივაწეროთ ეს კატასტროფები. მაშ, ვინ დგას ამ ბუნებრივი კატაკლიზმების მიღმა, რომლებსაც ბოლო არ უჩანს? რა ზომებს უნდა მივმართოთ? დადგება დრო, როცა სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება? ამ კითხვებზე პასუხებს მომდევნო სტატიებში გავიგებთ.

  • რატომ ხდება ამდენი სტიქიური უბედურება?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
    • რატომ ხდება ამდენი სტიქიური უბედურება?

      გაზეთები აჭრელებულია სტიქიური უბედურებების შესახებ ცნობებით. ისტორიას არ ახსოვს, რომ ბუნებრივ კატაკლიზმებს ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს. ბელგიის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრი, რომელიც სტიქიური უბედურებების დროს გავრცელებულ ეპიდემიებს იკვლევს, იუწყება, რომ მხოლოდ 2010 წელს 373 სტიქიური უბედურება მოხდა, რომელმაც, სულ მცირე, 296 000 ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე.

      გასულ ათწლეულებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა სტიქიურ უბედურებათა რიცხვი. მაგალითად, 1975—1999 წლებში დაახლოებით 300 სტიქიური უბედურების შემთხვევა ფიქსირდებოდა ყოველ წელს. მაგრამ 2000—2010 წლებში სტიქიურ უბედურებათა რიცხვი ყოველ წელს საშუალოდ 400-მდე გაიზარდა. ალბათ, თქვენც გიკვირთ, რატომ ხდება დღეს ამდენი სტიქიური უბედურება.

      მართალია, ხშირად ღვთის ხელს მიაწერენ ასეთ უბედურებებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს ღვთის ნებით არ ხდება კატასტროფები, რომლებიც უამრავ ადამიანს უმწარებს სიცოცხლეს. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ჩვენს დროში მოხდებოდა სტიქიური უბედურებები. მაგალითად, მათე 24:7, 8-ში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ: „იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“. რატომ იწინასწარმეტყველა იესომ ამ მოვლენების შესახებ და რა მნიშვნელობა აქვს ამ ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს ჩვენთვის?

      ღვთის ძემ, იესომ ამ სიტყვებით პასუხი გასცა შემდეგ კითხვას: „რა იქნება . . . ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). მან ჩამოთვალა მთელი რიგი მოვლენები, რაც უნდა მომხდარიყო, მათ შორის ზემოხსენებული უბედურებებიც. შემდეგ იესომ მნიშვნელოვანი სიტყვები წარმოთქვა: „როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო“ (ლუკა 21:31). ასე რომ, ნაწინასწარმეტყველებ სტიქიურ უბედურებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ეს მოვლენები იმ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მომასწავებელია, რომელიც მომავალში მოხდება.

      ვინ იწვევს სტიქიურ უბედურებებს?

      ბევრს ჯერ კიდევ აინტერესებს: თუ ღმერთი არ იწვევს სტიქიურ უბედურებებს, მაშ, ვინ ან რა დგას ამ უბედურებების მიღმა? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ გავაანალიზებთ ბიბლიაში ჩაწერილ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: „ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ამ მუხლიდან ჩანს, რომ ღმერთი კი არ დგას ამ უბედურებების მიღმა, არამედ უმეტეს შემთხვევაში მისი მტერი, „ბოროტი“, რომელსაც მეორენაირად ბიბლიაში „ეშმაკი“ ეწოდება (გამოცხადება 12:9, 12).

      ღვთის ეს მტერი, რომელსაც საკუთარი ეგოისტური სურვილები ამოძრავებს, ხალხის სიცოცხლეს არაფრად აგდებს. ვინაიდან მთელი მსოფლიო მის ძალაუფლებაშია, ადამიანებშიც იმავე სულს აღვივებს. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანები იქნებოდნენ „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები“ (2 ტიმოთე 3:1, 2). ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ეშმაკმა შექმნა გლობალური სისტემა, რომელშიც ღვთის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ეშმაკი ადამიანებს უბიძგებს ეგოიზმისა და სიხარბისკენ, რაც კაცობრიობას საშინელ მდგომარეობაში აგდებს.

      რა გაგებით იწვევს სიხარბე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, სტიქიურ უბედურებებს? გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც სტიქიურ უბედურებებს ეხება, ნათქვამია: „ხალხი, ხშირად ვაკე ადგილებზე სახლდება, სადაც დიდია დატბორვის რისკ-ფაქტორი. გარდა ამისა, გარემოს უძნელდება, თავიდან აიცილოს ბუნებრივი კატაკლიზმები, რადგან ჰექტრობით ტყეები იჩეხება და არაერთი ადგილი ჭაობდება. ამას ისიც ემატება, რომ სითბური აირების ზრდა იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას და ზღვის დონის მომატებას . . . ეს ყველაფერი კი ადამიანის ჩარევით ხდება“. მართალია, ბევრი მიიჩნევს, რომ ამას ადამიანები ეკონომიკური აღმავლობისთვის აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეგოიზმი და სიხარბე მართავს, რომელიც მთელ მსოფლიოშია გაბატონებული.

      გარემოს დაბინძურება

      დღეს ბევრი ექსპერტი სწორედ ადამიანებს ადანაშაულებს იმაში, რომ სტიქიური უბედურებები ასეთი გამანადგურებელი სახით ატყდება თავს კაცობრიობას. სინამდვილეში ადამიანები მხარს უჭერენ სისტემას, რომლის მეშვეობითაც ეშმაკი კიდევ უფრო გამანადგურებელს ხდის ამ კატასტროფებს.

      როგორც ვხედავთ, ბევრი ბუნებრივი კატაკლიზმი ადამიანების დაუდევრობის შედეგია. ზოგი სტიქიური უბედურება ისეთი გამანადგურებელი არ იქნებოდა, დასახლებულ პუნქტებში რომ არ მომხდარიყო. მსოფლიოს ბევრ ნაწილში ბუნებრივი კატაკლიზმები იმიტომ იღებს ასეთ მასშტაბურ ხასიათს, რომ ადამიანები უკიდურესად ბოროტ საქმეებს სჩადიან; სხვა მიზეზი ისაა, რომ სოციალურად დაუცველ ხალხს აიძულებენ, მასიურად დასახლდნენ სახიფათო ზონებში. მაგრამ ზოგი დაუდევრობის ან გაფრთხილების უგულებელყოფის გამო კი არ ეწირება სტიქიურ უბედურებებს, არამედ მათზე „დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

      რა მიზეზითაც უნდა იყოს სტიქიური უბედურება გამოწვეული, რა ზომებს უნდა მიმართოთ ამ დროს? ახლა ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ სტიქიური უბედურების დროს.

  • რა ზომები უნდა მივიღოთ სტიქიური უბედურების დროს?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
    • რა ზომები უნდა მივიღოთ სტიქიური უბედურების დროს?

      რა ზომები უნდა მივიღოთ სტიქიური უბედურებების დროს, რომლებიც ასე გახშირდა და სულ უფრო დამანგრეველი გახდა? განვიხილოთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა.

      გაერიდეთ სახიფათო ზონებს.

      ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). ეს ბრძნული რჩევა სტიქიური უბედურებების დროსაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ. როცა ისმენთ გაფრთხილებას, რომ მოსალოდნელია ვულკანის ამოფრქვევა, წყალდიდობა, ქარიშხალი ან ტაიფუნი, ბრძნული იქნება, თუ შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადახვალთ. სიცოცხლე გაცილებით ძვირფასია, ვიდრე სახლი ან ქონება.

      ზოგმა შეიძლება დატოვოს სახიფათო ზონა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს. „სტიქიური უბედურებები გეოგრაფიულად აქტიურ ზონებში ხდება. დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე ადგილი არსებობს, რომლებიც ყველაზე სახიფათო ზონებად ითვლება და მომავალში სწორედ ამ ადგილებში უნდა ველოდოთ დიდი მასშტაბის სტიქიურ უბედურებებს“, — აღნიშნავს ერთი მეცნიერი. მაგალითად, ასეთი ადგილები შეიძლება იყოს სანაპირო ზოლთან და გეოლოგიური რღვევის ხაზთან ახლოს მდებარე დაბლობები. თუ მოერიდებით ასეთ სახიფათო ზონებში ცხოვრებას და საცხოვრებლად შედარებით უსაფრთხო ადგილას გადახვალთ, უკვე ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ სტიქიური უბედურების მსხვერპლი გახდეთ.

      გქონდეთ სამოქმედო გეგმა.

      სიფრთხილის მიუხედავად, შეიძლება მოულოდნელად მაინც დაგატყდეთ თავს სტიქია. თუ სამოქმედო გეგმა გექნებათ, გაცილებით გაგიადვილდებათ სტიქიასთან გამკლავება. სწორედ ამ აზრს უჭერს მხარს იგავების 22:3, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. მომზადებული გაქვთ ჩანთა, რომელშიც მედიკამენტები და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები აწყვია? სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (1-2-3 of Disaster Education) ჩამოთვლილი იყო იმ ნივთების სია, რომლებიც მომზადებული უნდა გქონდეთ. ესენია: პირველადი მოხმარების ნივთები, ერთი ბოთლი წყალი, არამალფუჭებადი საკვები და საჭირო საბუთები. გონივრული იქნება, თუ ოჯახთან ერთად იმსჯელებთ, რა სახის სტიქიური უბედურებები შეიძლება მოხდეს თქვენს მხარეში და როგორ შეიძლება მოიქცეთ თითოეულ შემთხვევაში.

      შეინარჩუნეთ ღმერთთან ახლო ურთიერთობა.

      რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ღმერთთან ურთიერთობა ყოველთვის დაგეხმარებათ. ბიბლიაში ღმერთს ეწოდება „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ ღმერთი „ჩაგრულების ნუგეშისმცემელია“ (2 კორინთელები 1:3, 4; 7:6).

      ღმერთმა კარგად იცის, რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება მის მსახურებს. ის სიყვარულია და თავის მსახურებს მრავალი სახით ანუგეშებს (1 იოანე 4:8). ლოცვებში ღმერთს სასწაულის მოხდენას კი არა, წმინდა სულს ვთხოვთ, რომ გაგვაძლიეროს რთულ ვითარებაში. წმინდა სულის დახმარებით გაგვახსენდება ის ბიბლიური მონაკვეთები, რომლებიც გვანუგეშებს და დაგვამშვიდებს მძიმე წუთებში. იმ დროს თავს ისრაელის მეფე დავითივით ვიგრძნობთ, რომელმაც დაწერა: „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან; შენი ჯოხი და შენი კვერთხი მანუგეშებენ“ (ფსალმუნი 23:4).

      ლოცვებში ღმერთს სასწაულის მოხდენას კი არა, წმინდა სულს ვთხოვთ, რომ გაგვაძლიეროს რთულ ვითარებაში

      დაეხმარეთ თანაქრისტიანებს.

      პირველ საუკუნეში ქრისტიანმა წინასწარმეტყველმა აგაბემ თქვა, რომ „დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყნიერებაზე, რაც კლავდიუსის დროს მოხდა კიდეც“. ეს შიმშილობა იუდეაში მცხოვრებ იესოს ბევრ მოწაფესაც შეეხო. როგორ მოიქცნენ სხვა მოწაფეები, როცა გაიგეს, რომ ისინი შიმშილობდნენ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოწაფეებმა გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა“ (საქმეები 11:28, 29). მათ სიყვარულით აღმოუჩინეს თანაქრისტიანებს დახმარება.

      სტიქიური უბედურების დროს ღვთის მსახურები დღესაც ეხმარებიან ერთმანეთს. ყველამ კარგად იცის, რომ იეჰოვას მოწმეები გაჭირვების დროს მხარში უდგანან ერთმანეთს. მაგალითად, როცა 2010 წლის 27 თებერვალს ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, იეჰოვას მოწმეები მაშინვე გაეშურნენ თანაქრისტიანების დასახმარებლად. კარლა, რომლის სახლიც ცუნამმა მიწასთან გაასწორა, იხსენებს: „ძალიან მანუგეშა და გამამხნევა იმის დანახვამ, რომ [თანაქრისტიანები] მეორე დღესვე ჩამოვიდნენ ჩემ დასახმარებლად სხვა რაიონებიდან. უეჭველია, რომ იეჰოვა ამ მოხალისეების მეშვეობით გვანუგეშებს. დიდი სიყვარული და მზრუნველობა ვიგრძენი“. კარლას პაპა, რომელიც მოწმე არ არის, თვალყურს ადევნებდა მათ. მან თქვა: „ამდენი ხანია ეკლესიაში დავდივარ და ასეთი რამ იქ არასდროს მინახავს“. ნანახმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

      სტიქიური უბედურების დროს ღვთის მსახურები ერთმანეთს ეხმარებიან

      თუ ღვთის მოყვარულებთან გვექნება ურთიერთობა, გაჭირვების დროს დახმარების გარეშე არ დავრჩებით. მაგრამ დადგება ოდესმე ისეთი დრო, როცა სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება? ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე.

  • მალე სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 დეკემბერი
    • მალე სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება!

      „მალე სტიქიური უბედურებები აღარ მოხდება!“ რა რეაქცია გექნებოდათ, ვინმეს რომ თქვენთვის ასეთი სიტყვები ეთქვა? ალბათ, ეტყოდით: „ოცნებას კაცი არ მოუკლავს. სტიქიური უბედურებები ხომ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია!“. ან ალბათ, გაიფიქრებდით: „ვის ატყუებს ახლა ეს?“

      ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ სტიქიური უბედურებები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ჩვენ რეალური იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება. თუმცა ეს ცვლილებები ადამიანის ხელით არ მოხდება. ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს, რა და როგორ ხდება ბუნებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ბუნების ძალების მართვაზე. ისრაელის ბრძენი მეფე სოლომონი კარგად დაკვირვების შემდეგ ასეთ დასკვნამდე მივიდა: „ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს იმ საქმეს, რაც მზის ქვეშ კეთდება. როგორც არ უნდა გაისარჯოს ადამიანი მის ძებნაში, მაინც ვერ ჩასწვდება. თუნდაც თქვას, რომ საკმაოდ ბრძენია და შეუძლია მიხვდეს, მაინც ვერ ჩასწვდება“ (ეკლესიასტე 8:17).

      თუ ადამიანს არ შეუძლია ბუნების ძალების მართვა, მაშ, ვის შესწევს ამის ძალა? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენს შემოქმედს ძალუძს ამ ცვლილების მოხდენა. სწორედ მან შექმნა დედამიწის ეკოსისტემა, მაგალითად, წყლის წრებრუნვა (ეკლესიასტე 1:7). ადამიანებისგან განსხვავებით, ღმერთს უსაზღვრო ძალა აქვს. ეს კარგად იცოდა წინასწარმეტყველმა იერემიამ და ამიტომ თქვა: „ო, უზენაესო უფალო იეჰოვა! შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით შექმენი ცა და დედამიწა. არაფერია შეუძლებელი შენთვის“ (იერემია 32:17). რადგან ღმერთმა შექმნა დედამიწა და ყველაფერი მასზე არსებული, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მან იცის, როგორ მართოს ბუნების ძალები, რათა ადამიანებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ (ფსალმუნი 37:11; 115:16).

      როგორ მოახდენს ღმერთი საჭირო ცვლილებებს? ალბათ, გახსოვთ, რომ ამ სტატიათა სერიის მეორე სტატიაში ვისაუბრეთ უამრავ შემზარავ მოვლენაზე, რაც დღეს დედამიწაზე ხდება. ეს ყველაფერი კი „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანია“. იესომ თქვა: „როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო“ (მათე 24:3; ლუკა 21:31). ღვთის სამეფო, ღვთის ზეციერი მმართველობა, დედამიწაზე დიდ ცვლილებებს მოახდენს და ბუნების ძალებსაც კი გააკონტროლებს. მართალია, იეჰოვა ღმერთს თავად შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ ეს მან თავის ძეს მიანდო. სწორედ იესოზე საუბრობს წინასწარმეტყველი დანიელი: „მას მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“ (დანიელი 7:14).

      იესო ქრისტეს ღმერთმა ძალა მისცა, რომ საჭირო ცვლილებები მოახდინოს, რათა დედამიწა სასიამოვნო საცხოვრებელ ადგილად გადააქციოს. ორი ათასი წლის წინათ დედამიწაზე ყოფნისას იესომ მცირე მასშტაბით აჩვენა, რომ ბუნების ძალების მართვა შეეძლო. ერთხელ, როცა იესო და მისი მოწაფეები გალილეის ზღვაზე ნავში ისხდნენ, „უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა. ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა“. მისი მოწაფეები პანიკაში ჩაცვივდნენ. შეეშინდათ, რომ დაიხოცებოდნენ და იესო სთხოვეს დახმარება. რა გააკეთა იესომ? მან «ქარი შერისხა და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ ქარი ჩადგა და დიდი სიწყნარე ჩამოვარდა». ამან მისი მოწაფეები ძალიან გააოცა. მათ იკითხეს: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“ (მარკოზი 4:37—41).

      მას შემდეგ, რაც იესო ზეცად ამაღლდა, ღმერთმა მას უფრო დიდი ძალაუფლება მისცა. ის დღეს ღვთის სამეფოს მეფეა. იესო არა მარტო ვალდებულია, არამედ იმის ძალაც შესწევს, რომ მოახდინოს საჭირო ცვლილებები, რათა ადამიანებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ დედამიწაზე.

      მაგრამ, როგორც დავინახეთ, დედამიწაზე ბევრი უბედურება ადამიანების გამო ხდება. სწორედ ეგოისტი და ხარბი ადამიანები არიან დამნაშავენი, რომ სტიქიური უბედურებები კიდევ უფრო დამანგრეველი ხდება. რა ზომებს მიიღებს ღვთის სამეფო მათ წინააღმდეგ? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ უფალი იესო „ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“. დიახ, ის მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“ (2 თესალონიკელები 1:7, 8; გამოცხადება 11:18).

      ამის შემდეგ იესო ქრისტე, „მეფეთა მეფე“, სრულიად გააკონტროლებს ბუნების ძალებს (გამოცხადება 19:16). მათ, ვინც მისი სამეფოს ქვეშევრდომები გახდებიან, მეტად აღარ დაატყდებათ თავს უბედურება. იესო თავის ძალას ბუნებრივი მოვლენების დასარეგულირებლად გამოიყენებს, რათა უამინდობამ და სეზონურმა ცვლილებებმა ადამიანი აღარ დააზარალოს. სწორედ მაშინ შესრულდება ის, რასაც იეჰოვა ღმერთი დიდი ხნის წინათ თავის ხალხს დაჰპირდა: „დროულად მოგცემთ წვიმას, მიწა მოგცემთ მოსავალს და მინდვრის ხე — თავის ნაყოფს“ (ლევიანები 26:4). ადამიანები იმის შიშით აღარ ააშენებენ სახლებს, რომ ერთ დღესაც სტიქიური უბედურების გამო ისინი მიწასთან გასწორდება: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“ (ესაია 65:21).

      როგორ უნდა მოიქცეთ?

      უეჭველია, თქვენც არ გტოვებთ გულგრილს ის აზრი, რომ მალე დედამიწაზე მეტად აღარ მოხდება დამანგრეველი სტიქიური უბედურებები. რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენც იცხოვროთ იმ დროს? „ვინც არ იცნობს ღმერთს“ და „ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას“, ვერ იცხოვრებს დედამიწაზე, სადაც სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება. ვისაც იქ ცხოვრება სურს, დღესვე უნდა გაეცნოს ღმერთს და მხარი დაუჭიროს მის მმართველობას. ღმერთი ითხოვს, რომ გავეცნოთ მას და დავემორჩილოთ სასიხარულო ცნობას, რომელიც მან თავისი ძის მეშვეობით გვაუწყა.

      ყველაზე საუკეთესოდ ღვთის გაცნობა ბიბლიის მეშვეობით შეგვიძლია. ბიბლიაში მოცემულია მითითებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ, რომელიც სამეფოს მმართველობის შედეგად იარსებებს. შეგიძლიათ სთხოვოთ იეჰოვას მოწმეებს, დაგეხმარონ ბიბლიის შესწავლაში. ისინი ყოველთვის მზად არიან ამისთვის. ერთ რამეში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თუ გაეცნობით ღმერთს და დაემორჩილებით სასიხარულო ცნობას, თქვენზე გამართლდება იგავების 1:33-ში ჩაწერილი სიტყვები: „ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება