-
გატეხილი გულები, დამსხვრეული რწმენაგამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
-
-
გატეხილი გულები, დამსხვრეული რწმენა
„ყველგან გვამები ეყარა, გაგვიჭირდა იმ ადგილის პოვნა, სადაც ჩვენი სახლი იდგა“, — თქვა ერთმა შრი-ლანკელმა მამაკაცმა მას შემდეგ, რაც 2004 წლის დეკემბერში ცუნამმა მისი სოფელი მიწასთან გაასწორა. ერთ-ერთ გაზეთში, რომელშიც რელიგიური სტატიები იბეჭდება, სტიქიურ უბედურებებზე საუბრისას რედაქტორმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ კრიჭაშეკრული ლოცულობს.
ბევრი სტიქიურ უბედურებებს ღვთის სასჯელად მიიჩნევს. ერთმა მიმომხილველმა გამანადგურებელი ქარიშხალი „ღვთის მოღერებულ ხელს“ შეადარა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგმა რელიგიურმა წინამძღოლმა ქარიშხალ „კატრინას“ მსგავს მოვლენებს „ცოდვილ ქალაქებზე ღვთის რისხვა“ უწოდა. შრი-ლანკაში აღტყინებულმა ბუდისტებმა ცუნამით გამოწვეულ უბედურებაში ქრისტიანები დაადანაშაულეს, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მათ შორის ურთიერთობა. ინდუსების ერთ-ერთ წინამძღოლს სჯეროდა, რომ ხალხის უზნეობამ ღმერთი შივა განარისხა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუდისტების ერთ-ერთმა წინამძღოლმა სტიქიური უბედურებების შესახებ თქვა: „ჩვენ არ ვიცით, რატომ ხდება ასეთი მოვლენები და არც ის ვიცით, რატომ ვართ აქ, დედამიწაზე“.
როდესაც დანგრეულ სახლებს, გვამებს და გულმოკლულ ადამიანებს ხედავთ, არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ უშვებს ღმერთი ამდენ ტანჯვას? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ღმერთს საამისოდ, ალბათ, საფუძვლიანი მიზეზები აქვს, მაგრამ არ გვიმხელს მათ? ეს საკითხები მომდევნო სტატიებში განიხილება. იმასაც შევეხებით, დასახიჩრებისა და სიკვდილის რისკის შესამცირებლად, რა ზომებს უნდა მიმართონ ადამიანებმა სტიქიურ უბედურებამდე ან მის შემდეგ.
[სურათი 3 გვერდზე]
ბევრმა რელიგიურმა წინამძღოლმა არ იცის, რატომ უშვებს ღმერთი სტიქიურ უბედურებებს
-
-
ღმერთია დამნაშავე?გამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
-
-
ღმერთია დამნაშავე?
„ღმერთი სიყვარულია“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 იოანე 4:8). ის აგრეთვე სამართლიანი და მოწყალეა. „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:4).
როგორც შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს ყველაფერი, რაც ადამიანებს ზიანს მიაყენებდა, და მათ საკეთილდღეოდ იმოქმედოს. გასაკვირი არ არის, რომ მრავალი, ვისთვისაც ცნობილია ეს ფაქტი და იცის, როგორ პიროვნებად წარმოგვიდგენს ბიბლია ღმერთს, სვამს კითხვას: „რატომ უშვებს ღმერთი სტიქიურ უბედურებებს?“a მილიონობით გულწრფელმა ადამიანმა დაინახა, რომ ამ კითხვაზე ყველაზე დამაჯერებლად თავად ღმერთი გვპასუხობს თავის სიტყვაში (2 ტიმოთე 3:16). გთხოვთ, დაფიქრდეთ ქვემოაღნიშნულზე.
მათ არაფრად ჩააგდეს ღვთის სიყვარული
ბიბლია მოგვითხრობს, რომ ღმერთმა პირველ ადამიანებს ყველაფერი მისცა, რაც მათი ბედნიერი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის იყო საჭირო. პირველ წყვილსა და მათ შთამომავლობას ღვთის მითითების თანახმად, უნდა ‘ენაყოფიერათ, ემრავლათ და აევსოთ დედამიწა’. ამ შემთხვევაში მათ შეეძლოთ დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ღმერთი კვლავ იზრუნებდა მათზე (დაბადება 1:28).
სამწუხაროდ, ადამმა და ევამ განზრახ აქციეს ზურგი თავიანთ შემოქმედს და მისგან დამოუკიდებლად ცხოვრება არჩიეს (დაბადება 1:28; 3:1—6). მათი შთამომავლობიდან უმრავლესობაც მათ ნაკვალევს მიჰყვა (დაბადება 6:5, 6, 11, 12). მოკლედ რომ ვთქვათ, კაცობრიობამ არჩია, თავისი თავისა და სახლის — დედამიწის — ბატონ-პატრონი თვითონ გამხდარიყო და უარი ეთქვა ღვთის ყოველგვარ ხელმძღვანელობაზე. ღმერთი სიყვარულია და არ ხელყოფს ადამიანის თავისუფალ ნებას; ის არავის აიძულებს, აღიაროს მისი უზენაესობა მიუხედავად იმისა, რომ კაცის მიერ არჩეულ კურსს შეიძლება საზიანო შედეგი მოჰყვესb.
არჩეული კურსის მიუხედავად, იეჰოვას არ მიუტოვებია ადამიანები. დღემდე „მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:45). უფრო მეტიც, იეჰოვამ ადამიანებს მისცა უნარი, შეესწავლათ დედამიწა, დაკვირვებოდნენ ბუნებაში არსებულ წრებრუნვებს და მიღებული ცოდნის საფუძველზე წინასწარ განესაზღვრათ მოსალოდნელი ამინდის რადიკალური ცვალებადობა და სხვა საშიშროებები, მაგალითად, ვულკანური ამოფრქვევები.
ადამიანებმა ისიც იციან, ყველაზე მეტად დედამიწის რომელ ნაწილში შეიმჩნევა სეისმური რხევები და ამინდის რადიკალური ცვალებადობა. ზოგ ქვეყანაში ამის ცოდნამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მაგალითად, ხალხს ასწავლიან, როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში; აგრეთვე შეიმუშავეს უკეთესი სამშენებლო მეთოდები და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უფრო ოპერატიულად აფრთხილებენ ხალხს. და მაინც, ყოველწლიურად იზრდება სტიქიურ უბედურებათა რიცხვი. ამის მრავალი მიზეზი არსებობს და მათი გამოკვლევა საკმაოდ რთულია.
სახიფათო ზონაში ცხოვრება
სტიქიური უბედურების დამანგრეველ ძალას ყოველთვის ბუნებრივი მოვლენის ძალა კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, თუ რამდენად მჭიდროდ არის დასახლებული სტიქიური უბედურების ზონა. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 160-ზე მეტ ქვეყანაში მოსახლეობის მეოთხედზე მეტი სტიქიური უბედურების იმ ზონაში ცხოვრობს, სადაც დიდია ხალხის დაღუპვის საშიშროება. „რაც უფრო მეტი ხალხია დასახლებული სახიფათო ზონაში, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ბუნებრივი მოვლენა სტიქიურ უბედურებად იქცეს“ — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომელი, მეცნიერი კლაუს ჯეიკობი.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ძალიან სწრაფად და დაუგეგმავად ხდება ურბანიზაცია, ტყეების გაჩეხვა და მიწის ზედაპირის დიდი ნაწილის ბეტონით დაფარვა, რის გამოც ნიადაგი ვერ იწოვს წვიმის წყალს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ტყეების გაჩეხვა და მიწის ზედაპირის დიდი ნაწილის ბეტონით დაფარვა იწვევს ეროზიასა და დიდ წყალდიდობას.
შეიძლება მიწისძვრა დიდ უბედურებად იქცეს ადამიანისავე მიზეზით, რადგან ხალხის დაშავებასა და სიკვდილს სეისმური ტალღები კი არა, შენობების ნგრევა განაპირობებს. სეისმოლოგები არცთუ უსაფუძვლოდ ამბობენ: „მიწისძვრა კი არ ხოცავს ხალხს, არამედ შენობები“.
დახოცილთა რიცხვის ზრდა შეიძლება ხელისუფალთა არაკომპეტენტურობამაც გამოიწვიოს. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქი მიწისძვრამ ბოლო 400 წლის განმავლობაში სამჯერ გაასწორა მიწასთან. ბოლო მიწისძვრის შემდეგ, რომელიც იქ 1967 წელს მოხდა, მოსახლეობის რიცხვი ორჯერ გაიზარდა და ხუთ მილიონს მიაღწია. „მაგრამ სამშენებლო ნორმები და წესები, რომლებიც მოსახლეობას დაიცავდა, ან არ არსებობს, ან უგულებელყოფილია“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“.
იგივე შეიძლება ითქვას ახალ ორლეანზე (ლუიზიანას შტატი, აშშ), რომელიც ისეთ ადგილზე აშენდა, სადაც ხშირია წყალდიდობები. დამბებისა და არაერთი წყალსაქაჩის არსებობის მიუხედავად, უბედურებას, რისი შიშიც ჰქონდათ, საბოლოოდ ვერ გაექცნენ 2005 წელს ქარიშხალ „კატრინას“ ამოვარდნისას. ჟურნალში „იუ-ეს-ეი ტუდეი“ აღნიშნული იყო, რომ ხალხი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაფრთხილებებს ან უგულებელყოფდა, ან მათზე სათანადოდ არ რეაგირებდა.
არც გლობალურ დათბობას აქცევენ დიდ ყურადღებას, რის გამოც მრავალი მეცნიერის აზრით, მოიმატებს ზღვის დონე და უფრო დამანგრეველი გახდება სტიქიური უბედურებები. აშკარაა, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაშიც ღვთის ხელი არ ურევია. ადამიანის მიზეზით შექმნილი ამგვარი მდგომარეობა გვახსენებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას: „კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი — როგორ რეაგირებს ხალხი ბუნების თუ ხელისუფლების გაფრთხილებებზე.
ისწავლეთ გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიური უბედურება შეიძლება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოხდეს. „ყველა ადამიანზე [თითოეულ ჩვენგანზე] დრო და შემთხვევა მოქმედებს“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 9:11-ში. მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბედურების მომასწავებელი რაღაც ნიშანი მაინც არსებობს, იქნება ეს ბუნებრივი მოვლენა თუ ხელისუფლებისგან გაფრთხილება. როდესაც ადამიანებმა იციან, რაზე მიანიშნებს ესა თუ ის მოვლენა, გადარჩენის მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.
2004 წელს, როდესაც ინდონეზიას ცუნამი დაატყდა თავს, სიმალიუს მრავალათასიან კუნძულზე მხოლოდ 7 ადამიანი დაიღუპა. ვინაიდან იცოდნენ, რომ ზღვის უჩვეულო მიქცევა ცუნამის მომასწავებელი იყო, უმრავლესობამ გაქცევით უშველა თავს. ამის მსგავსად, ხალხი, რომელმაც მხედველობაში მიიღო გაფრთხილება, ძლიერ შტორმსა და ვულკანის ამოფრქვევას გადაურჩა. ვინაიდან ბუნება ადამიანებს ზოგჯერ უფრო ადრე აფრთხილებს, ვიდრე ხელისუფლება, გონივრულია, ყურად იღოთ როგორც ერთის, ისე მეორის გაფრთხილება განსაკუთრებით მაშინ, თუ სახიფათო ზონაში ცხოვრობთ.
სამწუხაროდ, როგორც ერთი ვულკანოლოგი ამბობს, „ხალხი იმ დროსაც კი არ რეაგირებს გაფრთხილებაზე, როდესაც საშიშროება აშკარაა“. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა სახიფათო ზონაში არაერთხელ არის ცრუ განგაში ან სტიქიური უბედურება დიდი ხნის განმავლობაში არ ფიქსირდება. ზოგჯერ ხალხს მაშინაც კი არ ეთმობა თავისი ქონება, როდესაც უბედურება გარდაუვალია.
მრავალ რეგიონში ხალხი იმდენად ღარიბია, რომ ვერ შეიცვლის საცხოვრებელს და უსაფრთხო ადგილზე ვერ გადავა. ხოლო სიღარიბე იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავე ღმერთი კი არა, თავად ადამიანები არიან. მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ შეიარაღებაზე, მაგრამ მიზერულს — გაჭირვებულთა დასახმარებლად.
რა მდგომარეობაშიც უნდა იყვნენ, ადამიანთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია გარკვეული დახმარება. როგორ? ღმერთმა თავის სიტყვაში, წმინდა ბიბლიაში, მოგვცა მრავალი შესანიშნავი პრინციპი, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც ადამიანს შეუძლია, გადარჩეს.
სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი პრინციპები
◼ არ გამოსცადოთ ღმერთი. „არ გამოსცადოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ — ნათქვამია კანონის 6:16-ში. ჭეშმარიტ ქრისტიანებს არა აქვთ ცრუ რწმენა და არ ფიქრობენ, რომ ღმერთი ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს მათ ფიზიკური ზიანისგან. ამიტომ, როცა საფრთხის წინაშე დგანან, ისინი ღვთის შთაგონებით დაწერილი რჩევის თანახმად იქცევიან: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3).
◼ სიცოცხლე ქონებაზე მეტად უნდა დააფასოთ. „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). ქონება გარკვეულწილად სასარგებლოა, მაგრამ მკვდრისთვის — სრულიად უსარგებლო. ამიტომ, ვისაც სიცოცხლე უყვარს და ღვთის მსახურებას აფასებს, ქონების გადასარჩენად საფრთხეში არ ჩაიგდებს თავს (ფსალმუნი 115:17).
2004 წელს იაპონელმა ტადაშიმ მიწისძვრის შემდეგ სასწრაფოდ დატოვა სახლი მანამ, სანამ ხელისუფლება მოსახლეობას კონკრეტულ მითითებებს მისცემდა. მისთვის სიცოცხლე უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე სახლი და ქონება. იმავე რეგიონში მცხოვრები აკირა ამბობს: „სტიქიური უბედურებებით მიყენებულ ზარალს მატერიალური დანაკარგი კი არა, ადამიანთა შეხედულება განსაზღვრავს. ჩემთვის ეს უბედურება ცხოვრების გამარტივების კარგი შესაძლებლობა იყო“.
◼ ყურად იღეთ ხელისუფლების გაფრთხილება. ‘დაემორჩილეთ უმაღლეს ხელისუფალთ’ (რომაელები 13:1). გონივრულია, ყურად იღოთ ხელისუფლების მოთხოვნა ევაკუაციის ან უსაფრთხოების გარკვეული ზომების მიღების შესახებ. ტადაშიმ გაითვალისწინა ეს მითითება და დარჩა უსაფრთხო ადგილას, რისი წყალობითაც მიწისძვრის შემდეგ ბიძგების გამეორებისას დაშავებასა და სიკვდილს გადაურჩა.
როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას არ აფრთხილებს მოსალოდნელი უბედურების შესახებ, ხალხმა თავად უნდა მიიღოს მხედველობაში ყველა არსებული ფაქტი და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის და როგორ იმოქმედოს. ზოგ რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დროულ მითითებებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უბედურების შემთხვევაში. თუ თქვენს რეგიონშიც შესაძლებელია მსგავსი მითითებების მიღება, კარგად გაეცანით მათ? განგიხილავთ ისინი ოჯახთან ერთად? (იხილეთ ჩარჩო „გაქვთ ყველაფერი მომზადებული?“) ადგილობრივი ფილიალების ხელმძღვანელობით მსოფლიოს მრავალ კუთხეში იეჰოვას მოწმეთა კრებებმა წინასწარ დაადგინეს, რა სასწრაფო ზომებისთვის უნდა მიემართათ სტიქიური უბედურების საშიშროების წარმოქმნისას ან სტიქიური უბედურების დროს, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.
◼ გამოავლინეთ ქრისტიანული სიყვარული. იესომ თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ“ (იოანე 13:34). ხალხი, რომელიც ქრისტეს მსგავსად თავგანწირულ სიყვარულს ავლენს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სტიქიურ უბედურებამდე თუ სტიქიური უბედურების შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარონ. იეჰოვას მოწმეთა კრების უხუცესები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა კრების თითოეულ წევრს დაუკავშირდნენ იმის გასაგებად, გავიდნენ თუ არა სახიფათო ზონიდან ან გაყვანა ხომ არ ესაჭიროებათ. გარდა ამისა, იგებენ, აქვთ თუ არა კრების წევრებს ყველაფერი, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია, მაგალითად, სუფთა სასმელი წყალი, საკვები, ტანსაცმელი და საჭირო მედიკამენტები. ის მოწმეები, რომელთაც სტიქიური უბედურება არ შეხებიათ, სიამოვნებით იღებენ თავიანთ სახლებში დაზარალებულ თანამორწმუნეებს. ასეთი სიყვარული მართლაც რომ „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14).
მიიღებს სტიქიური უბედურებები უფრო მასშტაბურ სახეს, როგორც ამას ზოგიერთი ვარაუდობს? შეიძლება, მაგრამ მხოლოდ დროებით. რატომ? ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრების ტრაგიკული ხანა მალე დასრულდება. შემდეგ კი იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება სიყვარულით უხელმძღვანელებს მთელ დედამიწას და მის ყველა მკვიდრს, რასაც დიდი კურთხევები მოჰყვება; ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
[სქოლიოები]
a მიწისძვრა, ვულკანური ამოფრქვევა, ამინდის რადიკალური ცვალებადობა ან სხვა მსგავსი მოვლენა თავისთავად არ არის სტიქიური უბედურება. ეს მოვლენები მაშინ იღებს სტიქიური უბედურების სახეს, როდესაც მათ ადამიანთა სიცოცხლე და ქონება ეწირება.
b უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რატომ უშვებს ღმერთი დროებით ტანჯვასა და ბოროტებას, მოცემულია ამ ჟურნალის 2006 წლის ნოემბრის ნომრის სტატიათა სერიაში „რატომ? ამ ურთულეს კითხვაზე პასუხი არსებობს“ და ასევე წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავში (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
[ჩარჩო/სურათი 7 გვერდზე]
გაქვთ ყველაფერი მომზადებული?
ნიუ-იორკ სიტის საგანგებო მდგომარეობათა ბიუროს რჩევით, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ევაკუაციისთვის და საჭირო ნივთები სპეციალურ ჩანთაში უნდა ჰქონდეს ჩალაგებული. ეს ჩანთა უნდა იყოს გამძლე, მოხერხებული, ადვილად სატარებელი, და მასში აუცილებელი საგნები უნდა იდოს. ჩანთაში ჩაალაგეთ:c
◼ წყალგაუმტარ ჩასადებში შენახული მნიშვნელოვანი დოკუმენტები
◼ მანქანისა და სახლის გასაღებების ასლები
◼ საკრედიტო და დებეტური ბარათები და ნაღდი ფული
◼ ბოთლით წყალი და საკვები, რომელიც მალე არ ფუჭდება
◼ ფარანი, რადიო, მობილური ტელეფონი (თუ გაქვთ), დამატებითი ბატარეები
◼ მედიკამენტები, სულ მცირე, ერთი კვირის სამყოფი; ექიმის დანიშნულება, ექიმების სახელები და ტელეფონის ნომრები (დარწმუნდით, რომ წამლები ვადაგასული არ არის. საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ)
◼ პირველი დახმარების ყუთი
◼ გამძლე, კომფორტული ფეხსაცმელი და საწვიმარი
◼ ფურცელი, რომელზეც ეწერება ოჯახის წევრებთან შეხვედრის ადგილი, და თქვენი რეგიონის რუკა
◼ პატარა ბავშვისთვის აუცილებელი ნივთები
[სქოლიო]
c ეს სია შედგენილია ხელისუფლების მოთხოვნების მიხედვით, თუმცა მასში მცირე ცვლილებებია შეტანილი. თქვენ შემთხვევაში ყველა ჩამოთვლილი ნივთის თან ქონა შეიძლება არ იყოს აუცილებელი ან, პირიქით, შესაძლოა რაღაცის დამატება დაგჭირდეთ. მაგალითად, ხანდაზმულებსა და ინვალიდებს განსაკუთრებული მოთხოვნილებები აქვთ; ამიტომ მათ სხვა რამეც დასჭირდებათ.
[საავტორო უფლება დაცულია 4 გვერდზე]
USGS, David A. Johnston, Cascades Volcano Observatory
-
-
მალე სტიქიური უბედურებები აღარ მოხდებაგამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
-
-
მალე სტიქიური უბედურებები აღარ მოხდება
მიწისძვრები, ომები, შიმშილობა და ავადმყოფობა იმ ნიშნის ნაწილია, რომელიც იესოს სიტყვების თანახმად, დღევანდელი „ქვეყნიერების აღსასრულის“ მაჩვენებელი იქნებოდა (მათე 24:3, 7, 8; ლუკა 21:7, 10, 11). ცხადია, ამ მოვლენების გამომწვევი ღმერთი არ არის. უბედურებებში დამნაშავე არც იესოა და არც მისი მამა, იეჰოვა ღმერთი.
მაგრამ ღმერთი იზრუნებს იმის შესრულებაზე, რისი მომასწავებელიც ეს ნაწინასწარმეტყველები მოვლენები იყო, კერძოდ, დედამიწაზე ღვთის სამეფოს ანუ ზეციერი მთავრობის დამყარებაზე, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას; ღმერთი იმაზეც იზრუნებს, რომ გაანადგუროს ყველა, ვინც არ ცნობს მის უზენაესობას (დანიელი 2:44; 7:13, 14). ამის შემდეგ დედამიწა მშვიდობის სავანედ იქცევა და მასზე აღარასდროს მოხდება სტიქიური უბედურებები. სრულად შესრულდება ღვთის დანაპირები: „ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და მყუდრო მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს“ (ესაია 32:18).
უსმინეთ ღმერთს და იცოცხლეთ!
როგორც წინა სტატიაში აღინიშნა, გაფრთხილების გათვალისწინება სიკვდილისგან დაგვიცავს; გაფრთხილება კი განსაკუთრებით მაშინ არის ყურადსაღები, როცა ღმერთი ბიბლიის საშუალებით გვაფრთხილებს. „ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“, — გვპირდება ღმერთი (იგავები 1:33).
იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ მოუსმინონ ღმერთს, ეს კი იმით ვლინდება, რომ რეგულარულად კითხულობენ ღვთისგან შთაგონებულ სიტყვას და მასში მოცემული სწავლებების თანახმად ცხოვრობენ. ისინი იმავეს გაკეთებას გთავაზობენ თქვენც. დიახ, ვინც ემორჩილება იეჰოვას, შიშით არ უყურებს მომავალს და არც იმ უბედურებას უშინდება, რომელიც ბოროტებს დაატყდებათ თავს. ნაცვლად ამისა, სულმოუთქმელად ელიან მარადიულ ცხოვრებას დედამიწაზე სამოთხეში, სადაც „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).
[ჩარჩო 8 გვერდზე]
ნუგეში მგლოვიარეთათვის
ხომ არ წაურთმევია თქვენთვის საყვარელი ადამიანი სტიქიურ უბედურებას ან სხვა ტრაგიკულ შემთხვევას? დაახლოებით 2 000 წლის წინათ იესოს ახლო მეგობარი ლაზარე უდროოდ დაიღუპა. ამ ამბის გაგების შემდეგ იესო ლაზარეს სოფელში, ბეთანიაში წავიდა სიკვდილის „ძილისგან“ მის გასაღვიძებლად (იოანე 11:1—44).
იესომ ეს სასწაული არა მხოლოდ ლაზარესა და მისი ოჯახის სიყვარულით მოიმოქმედა, არამედ იმიტომაც, რომ ხალხი თავის დანაპირების უტყუარობაში დაერწმუნებინა; ამ დანაპირების თანახმად, „ყველანი, ვინც სამარხებში არიან“, მისი მეფობის დროს აღდგებიან (იოანე 5:28, 29). მომავალ სამოთხეში იესო ედემში გამოვლენილი დაუმორჩილებლობის ყოველგვარ კვალს წაშლის (1 იოანე 3:8)a.
[სქოლიო]
a იხილეთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“, სადაც მოცემულია ბიბლიური რჩევები, თუ როგორ მოერიოთ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს, და დაწვრილებით განიხილება აღდგომის შესახებ დანაპირები (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
[ჩარჩო/სურათი 9 გვერდზე]
მიწისძვრამ ჩემი ცხოვრება შეცვალა
1971 წელს ახალგაზდა დედა ოპერის მომღერალი ვიყავი და ვცდილობდი ცნობილი სოპრანო გავმხდარიყავი. 1957 წელს მშობლიური ქალაქიდან, უინიპეგიდან (მანიტობა, კანადა), ჰოლივუდის (კალიფორნია, აშშ) მახლობლად გადავედი საცხოვრებლად, რათა მუსიკისადმი ჩემი პირველი სიყვარულისთვის ფრთები შემესხა.
ცხრა წლის განმავლობაში დედა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ზაფხულობით ყოველ წელს ჩამოდიოდა კანადიდან ჩემ სანახავად. მას ხელიდან არ გაუშვია ჩემთან ბიბლიაზე საუბრის შესაძლებლობა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბედნიერების მისაღწევად და მტკიცე ოჯახის შესანარჩუნებლად ბიბლიაში საუკეთესო რჩევები იყო მოცემული. დედა ძალიან მიყვარდა, პატივს ვცემდი მას და ამიტომ ვუსმენდი. მაგრამ მის დატოვებულ ყველა პუბლიკაციას ვყრიდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრებაში სწორი კურსი მქონდა აღებული.
ერთხელაც, 1971 წლის თებერვალში, სამშაბათ დილით, 6,6 ბალიანი მიწისძვრით გამოწვეულმა გამაყრუებელმა ხმამ და ძლიერმა რყევებმა გამაღვიძა. შეშინებული მაშინვე ბავშვის ოთახში შევვარდი და შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ის საწოლში უვნებელი დავინახე. რყევების შეწყვეტის შემდეგ იატაკზე მინის ნამსხვრევები და კარადიდან გადმოყრილი დამტვრეული ჭურჭლის ნატეხები ეყარა, ეზოში კი ბასეინიდან გადმოღვრილი წყალი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრები არ დაშავებულან, მთელი ღამე აღარ დამეძინა.
ადრე დედა მელაპარაკებოდა „ბოლო დღეების“ შესახებ, რომლისთვისაც „დიდი მიწისძვრები“ იქნებოდა დამახასიათებელი (2 ტიმოთე 3:1; ლუკა 21:7—11). დედა, ჩვეულებისამებრ, იმ ზაფხულსაც ჩამოვიდა, მაგრამ ბიბლიური ლიტერატურა აღარ ჩამოუტანია. ცხრა წლის განმავლობაში უშედეგოდ ქადაგების შემდეგ მან დაასკვნა, რომ ბიბლია არ მაინტერესებდა. მაგრამ ის ძალიან ცდებოდა! ჩამოვიდა თუ არა, კითხვას კითხვაზე ვუსვამდი. სრულიად მოულოდნელად სიმღერა და სახელი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის.
იმავე კვირას ადგილობრივ სამეფო დარბაზში დედასთან ერთად დავესწარი ქრისტიანული კრების შეხვედრას და მას შემდეგ, იშვიათად თუ ვაცდენ შეხვედრებს. დედამ იზრუნა იმაზე, რომ ბიბლია შემესწავლა. 1973 წელს მოვინათლე და ახლა თვეში საშუალოდ 70 საათს ვუთმობ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (მათე 24:14). მიწისძვრამ ღვთისადმი რწმენა კი არ შემირყია, პირიქით, შემძინა (მოგვითხრო კოლინ ესპარზამ).
-